ომი, რომელიც ცვლის მსოფლიოს

ერთი წელი და 2 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა სპეციალური სამხედრო ოპერაცია წამოიწყო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის, უკრაინის წინააღმდეგ. სამხედრო ოპერაციის დაწყებისა და მიმდინარეობის თაობაზე არაერთი სტატია გამოქვეყნდა, როგორც რუსეთში, ისე მსოფლიოს ქვეყნებში, განსაკუთრებით ევროპასა და ამერიკაში.

სტატია, მსუბუქად არის ნათქვამი, სინამდვილეში, გამოქვეყნებული მასალების რაოდენობა ტომებს შეადგენს, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან გასული წლის 24 თებერვალს დაწყებული სამხედრო ოპერაცია უფრო ომს წააგავს და არა ოპერაციას. მასშტაბებიც ისეთია, ომის სახელს რომ იმსახურებს.

როდესაც სამხედრო დაპირისპირებაში ყველა სახის, გარდა ბირთვულისა, იარაღის გამოყენებას აქვს ადგილი, როგორღაა ოპერაცია?! ერთი წლისთავზე სრულიად საფუძვლიანად შეიძლება ვუწოდოთ უკრაინის სამხედრო ოპერაციას — ომი! ან უფრო სწორად ომში გადაზრდილი სამხედრო, თანაც სპეციალური ოპერაცია, რომელმაც უკვე გადააკეთა მსოფლიო.

დღევანდელი გადასახედიდან ჩანს, რომ რუსულ მხარეს, პრეზიდენტ პუტინს მხედველობაში ჰქონდათ სამხედრო სპეცოპერაცია, მაგრამ რეალობამ მათ დაანახა, რომ ოპერაციით დასახული ამოცანების შესრულებას ვერ შეძლებდნენ და დაიწყო სპეცოპერაციის გადასვლა ომში, თვით რუსეთისთვის მოულოდნელში, საომარი მოქმედებებისთვის მოუმზადებელში.

დაგეგმილი სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზანი იყო ის, რის შესახებაც რუსი პოლიტიკოსები, ექსპერტები რუსული ტელეარხების ეთერში დაუფარავად აცხადებდნენ — ორი კვირის განმავლობაში უკრაინის ხელისუფალთა და ჯარისკაცთა შეხურება, ყურების აწევა, ძალაუფლების ხელიდან გამოგლეჯა და მოსკოვისთვის ლოიალური ხელისუფლებისა და სამხედროებისთვის გადაცემა.

როგორც ჩანს ასეთ ოპტიმისტურ მოსაზრებას აწვდიდნენ სპეცსამსახურები რუსეთის პრეზიდენტს და მანაც, დარწმუნებულმა უკრაინელთა ლოიალურობაში, გადადგა ნაბიჯი, რომელსაც უნდა მოჰყოლოდა უკრაინის ხელისუფლების მოწინააღმდეგე ძალთა ამბოხი, პრეზიდენტ ზელენსკის ხელისუფლების დამხობა, პროევროპული ხელისუფლების, პრორუსულით შეცვლა, დენაციფიკაციისა და დემილიტარიზაციის განხორციელება.

ხელისუფლების დამხობა ქვეყნის შიგნით არსებული ოპოზიციური ძალების მიერ დიდ თავსატეხს არ წარმოადგენს, მაშინ, როდესაც უცხოური სამხედრო ძალა (ამ შემთხვევაში რუსული) კიევის მისადგომებთანაა, მაგრამ დენაციფიკაცია-დემილიტარიზაცია, მეტადრე დენაციფიკაცია ხანგრძლივი პროცესია და მას არაერთი წელი დასჭირდება. დენაციფიკაცია ადამიანის სულისა და გონების გადაკეთებაა — ხან დაყვავებით, ხან შეგონებით, დარწმუნებით, ხან ძალით, დაშინებით, დასჯით და ა.შ.

ორივე მეთოდი გამოიყენა რუსეთის წინამორბედმა, საბჭოთა კავშირმა დიდ სამამულო ომში გამარჯვების შემდეგ. სამწუხაროდ, ორივემ, დროთა განმავლობაში მარცხი განიცადა. შეხსენებისთვის გეტყვით, რომ მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან დაწყებული, გვიანი 50-იანი წლების ჩათვლით, საბჭოთა კავშირი აწარმოებდა გამოუცხადებელ ომს იმ უკრაინელი ფაშისტების წინააღმდეგ, რომლებმაც მიზნად დაისახეს პარტიზანული ომით საბჭოთა არმიის და მილიციის დამარცხება.

შიდა ომში ათასობით წითელარმიელი და მილიციელი დაიღუპა. არანაკლები თუ არა მეტი უკრაინელი ფაშისტი, ბანდერელი. საბოლოო ჯამში მთავრობამ სძლია ფაშისტებს და ტყვედ ჩავარდნილებს ხანგრძლივი პატიმრობა არგუნეს, ზოგს ციმბირში გადასახლება.

საბჭოთა ბელადის, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, კრემლის „ბრძოლაში“ გამარჯვებულმა ხრუშჩოვმა, კეთილი ნების გამოხატვის მიზნით, შეიწყალა ფაშისტი უკრაინელები და მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვისთვის აქტიური დახმარება გაუწია სახელმწიფო ორგანოებში დასასაქმებლად.

ბანდერელებმა მიიღეს ხელისუფალთა წყალობა, მაგრამ პოზიცია არ შეცვალეს, გონების კუნჭულში შეინარჩუნეს და ხელსაყრელი ვითარების დადგომამდე, შორს მიმავალი მიზნების განხორციელების მიზნით, კომკავშირშიც შეაღწიეს, კომუნისტურ პარტიაშიც და სახელმწიფო დაწესებულებებშიც. ისინი საზოგადოებრივი ცხოვრების აქტიური წევრები გახდნენ. ასეთად ჩათვალეს საკუთარ ნაჭუჭში შემძვრალი ფაშისტები საბჭოთა ხელმძღვანელებმაც.

ისინი ვერაფრით იფიქრებდნენ, რომ მათ მიერ შეწყალებული ფაშისტების შვილები, შვილიშვილები უკრაინის დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე ამ ნაჭუჭიდან გამოძვრებოდნენ და ფართომასშტაბიან ანტირუსულ მოქმედებას წამოიწყებდნე.

დამოუკიდებლობამოპოვებულ უკრაინაში მთელი სიგრძე-სიგანით გაიშალა ანტისაბჭოური, ანტირუსული, პროფაშისტური, ბანდერული პროპაგანდა, რომელშიც აქტიურად ჩაერთო აშშ-ი, იქ და კანადაში, მეორე მსოფლიო ომში დამარცხებული ფაშისტი უკრაინელების მიერ შექმნილი დიასპორა.

საბჭოთა კავშირის მემკვიდრის, რუსეთის, როგორც კონკურენტი ქვეყნის, დასუსტების მიზნით, აშშ-ა მილიონობით დოლარი დახარჯა უკრაინელთა გადასაგვარებლად, მათი ანტირუსად გადასაკეთებლად, ფაშიზმის ასაღორძინებლად, სკოლის პირველი კლასიდან უკრაინელი ბავშვების რუსის წინააღმდეგ სიძულვილით დასამუხტად.

აშშ-კანადაში მილიონობით დაბეჭდილი სკოლის სახელმძღვანელოები უკრაინელებს ასწავლიდნენ ჰიტლერის, გერინგის, ჰიმლერის, ბანდერას, შუხევიჩის, სხვა ფაშისტი დამნაშავეების სიყვარულს, უკრაინელის პრიორიტეტულობას მდაბიო რუსზე, უკრაინის მრავალსაუკუნოვან ისტორიას, ქრისტეს უკრაინელობას და სხვა მოგონილს, რომელსაც წარსული ისტორიის არავითარი ნიშანწყალი არ გააჩნია.

ეს მოკლე ისტორიული წიაღსვლა იმიტომ გავაკეთე, რომ კიდევ ერთხელ მეთქვა რანი იყვნენ და არიან უკუღმართი ფაშისტი უკრაინელები, ქართველებს რომ საკუთარი მამულისთვის მებრძოლ პატრიოტებად მიაჩნიათ. უკრაინის ხელისუფლება, უკრაინის პოლიტიკა, უკრაინის ხალხი ფაშიზმის ბაცილით დაავადებული ანტიჰუმანური ძალაა, რომელიც აღორძინებული ფაშიზმით ემუქრება კაცობრიობას.

ეს არ არის ნაციონალიზმი, რომელსაც მარტივად საკუთარი თავისა და ქვეყნის სიყვარული ჰქვია და მტკიცება იმისა, რომ მე კარგი ვარ, ეს არის ნაციზმი, ანუ მარტივად სხვა რომ ცუდია. მავანი შემედავება — უკრაინელი ხალხი ფაშისტი არ არის! ფაშისტები არიან უკრაინაში, მაგრამ მცირე რაოდენობითო.

გიპასუხებთ. თუ ის მცირე რაოდენობა ბედავს, სჩადის იმ საშინელებებს, რასაც უკრაინაში აქვს ადგილი და ხალხი ამაზე არ რეაგირებს, პირიქით ზოგჯერ მხარს უჭერს, ზოგჯერ ინდიფერენტულად გვერდს აუვლის, თითქოს ის ერთი მუჭა საშინელებას არ სჩადიოდეს და ამას აკეთებს 30 წლის განმავლობაში — ფაშისტების მიერ ჩადენილი დანაშაულის გაზიარებაა. ჩამდენიც და გამზიარებელიც დამნაშავეებია.

გამზიარებლებს, რომ მკაცრი პოზიცია დაეკავებინათ, ოდესის პროფკავშირების შენობაში ცოცხლად დამწვარ ოდესელ პროტესტანტთა მოწამებრივ სიკცდილს აღარ მოჰვებოდა სხვა, უარესი დანაშაულები, რასაც 2014 წლის მაიდნის რევოლუციის შემდეგ ჰქონდა და აქვს ადგილი ე.წ. დემოკრატიულ უკრაინაში.

მაშინ ოდესელებმა იდედლეს, თორემ მთელი ქალაქი, რომ გამოსულიყო, კიევიდან ჩასული ბიჭ-ბუჭა ფაშისტების ემოციების დასაგრილებლად, უკრაინის ახალი, ფაშისტური ხელისუფლება ამდენს ვერ გაბედავდა. გააბედვინეს და რატომ?

იმიტომ, რომ სადღაც გულის კუნჭულში ხალხიც იზიარებდა და იზიარებს ფაშისტურ იდეოლოგიას. და რომ ეს ასე იყო, არ ვიცოდით ჩვენ და არ იცოდა უპირველეს ყოვლისა იმან, ვისაც უნდა სცოდნოდა — რუსეთის ხელისუფლებამ, პრეზიდენტმა. რომ სცოდნოდათ, სამხედრო ოპერაციას კი არ წამოიწყებდნენ, არამედ ფართომასშტაბიან ომს. იმის იმედი კი არ ექნებოდათ, რომ სპეციალურ სამხედრო ოპერაციას, ფაშისტური ხელისუფლების მმართველობით შევიწროებული, თუნდაც რუსული წარმოშობის მილიონობით ადამიანი შეუერთდებოდა.

30-წლიანმა დამოუკიდებლობამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს დასავლეთისადმი ცრუ წარმოდგენა შეუქმნა, მისკენ გადახრა და იმავე დასავლეთის ჩიჩინით ყოფილ უფროს ძმას დააპირისპირა. პროცესს ხელი იმანაც შეუწყო, რომ თვით რუსეთის ხელისუფლებამ პოლიტიკურ ვექტორად დასავლეთი აირჩია.

დასტურად ამისა რუსეთის პრეზიდენტის, ელცინის აშშ-ს კონგრესში გამოსვლაც კმარა, როდესაც გახარებულ ამერიკელ კონგრესმენებს საზარელი საბჭოთა სისტემის განადგურების შესახებ აცნობა. მან თავისი გამოსვლა ასეთი სიტყვებით დაასრულა  — „ღმერთმა დალოცოს ამერიკა“.

ელცინის მმართველობის დროს არ დარჩენილა არც ერთი ქარხანა, ფაბრიკა, სამხედრო-სამრეწველო გიგანტი კომპანიები, გემები და წიაღისეული სიმდიდრეების მოპოვება-გადამუშავების საწარმოები, რომლებიც კაპიკის ფასად უცხოელებისთვის არ მიეყიდათ. რუსეთის ისტორიაში ელცინის მმართველობის პერიოდი შავი ასოებით არის ჩაწერილი.

ქაოსისა და შიმშილის რუსეთი ვერავითარ კონტროლს ვერ გაუწევდა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში არსებულ ვითარებას. შექმნილი მდგომარეობით ისარგებლა დასავლეთმა, განსაკუთრებით აშშ-ა და იაფად მოახერხა, როგორც რუსეთის, ისე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, როგორც სულიერი, ისე მენტალური მსოფმხედველობის თავის სასარგებლოდ განწყობა. მიზანი მაშინაც და დღესაც იყო და არის რუსეთის დაქუცმაცება-დაშლა, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ანტირუსულად აქოჩრა, მათ მიერ პროვოკაციების მოწყობა რუსეთის დასაძაბუნებლად.

უპირველესი აქცენტი დასავლეთმა უკრაინაზე გააკეთა, იხელმძღვანელა რა პოლონური წარმოშობის ამერიკელი მაღალჩინოსანი მოხელის ბჟეზინსკის თეორიით — უკრაინის გარეშე დარჩენილი რუსეთი დაქუცმაცების იოლ სამიზნედ გადაიქცევა.

უკრაინელ პოლიტიკოსებზე ამერიკელთა 30-წლიანმა მენტალურმა წნეხმა გადააგვარა უკრაინელი და რუსეთის ისეთ მტრად აქცია, რომ კერძებისა და უალკოჰოლო სასმელების დამზადების დროსაც ზიზღს ვერ მალავენ. სუპერმარკეტების დახლებზე უხვადაა რუსეთის რუკის ფორმის ნამცხვრები, რომლებსაც მყიდველი ნაჭრებად დაჭრის და შეჭამს ან ლიმონათი, სხვა სასმელი წარწერით — რუსი ბავშვის სისხლით შეზავებული და ამას გულგრილად უყურებს ამერიკელ-ევროპელი, არათუ უყურებს, ახალისებს კიდევაც.

ქართველთა გასაგონად — რა ჰქვია ამას, თუ არა ფაშიზმი, მისი სადისტური თვისებების ხელახალი გამოვლინება. რა ჰქვია უკრაინის თავდაცვის მინისტრის რეზნიკოვის განცხადებას — დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ნეშთი გაიხრწნება და გაამდიდრებს ნიადაგს, რომელზეც მარცვლეული გაიხარებს. რა შეიძლება ვუწოდოთ უკრაინის პრეზიდენტის, ზელენსკის მრჩევლის პოდოლიაკის ანტირუსულ რიტორიკას ანტიჰუმანურს, კაცთმოძულეობაში გადასულს. და რა შეიძლება ვუწოდოთ რადიო „მაესტროს“ კორესპონდენტ ჭითანავას, რომელიც სისტემატურად უთმობს ეთერს პოდოლიაკს, ინგლისში მცხოვრებ ჩეჩენ ტერორისტ ზაკაევს, სხვა რუს თუ უცხოელ ექსტრემისტს, მხოლოდ იმისთვის, რომ რუსეთი და მისი პრეზიდენტი ლანძღონ.

ზემოთ აღვნიშნე და გავიმეორებ — ელცინის რუსეთმა თავისი უბადრუკი, მოღალატური პოლიტიკით არა მარტო უკრაინა ჩამოიშორა, არამედ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიც. უფრო მეტიც, თანხმობა მისცა აშშ-ს, ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებაში, რაც დღევანდელი რუსეთისა და მისი ხელისუფლებისთვის ყოფნა-არყოფნის საკითხად გადაიქცა. რუსეთის ამჟამინდელი ხელისუფლება, პრეზიდენტი უაღესად დიდი პრობლემის წინაშე დგანან — ქვეყნის უსაფრთოების, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის დაკარგვის და სხვა მრავალის, რასაც იწვევს ნატოს რკალში მოქცევა.

დასავლეთის მტკიცებით, ნატო მშვიდობის განმტკიცებისთვის მებრძოლია და არა აგრესიული სამხედრო ბლოკი, თუმცა მისი აგრესიულობა გაცილებით აჭარბებს მშვიდობისმოყვარეობას, რაც არაერთხელ გამოვლინდა ბოლო 30 წლის განმავლობაში.

რუსეთის საზღვრებთან მიახლოებული ნატო, სამხედრო ძალა თავისთავად მიანიშნებს პოლიტიკურ პრესზე, ალყაში მოქცეულის ძალით დაყოლებაზე, მისი ვასალად გადაქცევაზე.

ევროპელი ვასალებისთვის აშშ-ს სამხედრო ბაზების მათ ტერიტორიაზე არსებობა არ ართმევს სუვერენულობას ამ ქვეყნებს, რაც როგორც ჩანს მათთვის მისაღებია, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსახლეობა აშშ-ს ჯარის გაყვანის მოთხოვნით მიტინგს მაინც მოაწყობდა. მაგრამ არა, ისინი მიეჩვივნენ ვასალობას, რაც რუსეთის დღევანდელი ხელისუფლებისთვის მიუღებელია.

ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პროგრამამ აიძულა რუსეთი მკაცრად და კონკრეტულად მოეთხოვა აშშ-ნ მთელი რიგი საკითხების მოგვარება — ევროპასა და მსოფლიოში მშვიდობის დაცვის მიზნით. ეს წინადადებები 2021 წლის დეკემბერს გაიგზავნა თეთრ სახლში. 2022 წლის იანვარში რუსეთ-ამერიკის დელეგაციების შეხვედრებიც გაიმართა, თუმცა ვაშინგტონის ზერელეობით პოზიტიური შედეგი არ დაფიქსირდა.

მაშინ ვერვინ იფიქრებდა, რომ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებაში უკრაინა მოიაზრებოდა. რუსეთის საზღვრებს მოახლოვებულმა ნატომ უკრაინის ტერიტორიის ათვისებაც მოინდომა, რითაც რუსეთის სტრატეგიულ ობიექტებს საფრთხე შეუქმნა. პუტინის წინადადებებმა შედეგი ვერ გამოიღო. დარჩა ერთადერთი გზა — სამხედრო, რაც დაიწყო კიდევაც გასული წლის თებერვალში.

სამხედრო სპეცოპერაციის დაწყებას არც რუსეთში და არც უცხოეთში ცოტა თუ ელოდა. პუტინის გადაწყვეტილებას მოჰყვა მძაფრი კრიტიკა, როგორც რუსეთში — ლიბერალების მხრიდან, ისე დასავლეთში — პოლიტიკოსების და ექსპერტების მხრიდან. გაიხსენეს პუტინის მიერ აშშ-ს პრეზიდენტის ბაიდენისადმი გაგზავნილი წინადადებებიც, დასავლეთისთვის მიუღებელი და ულტიმატუმის ენით ჩამოწერილი.

არადა, ბაიდენმა საკამათო საკითხების ჩამოწერა ისურვა, რაც პუტინმა შეუსრულა. ბაიდენის თხოვნა არავის გახსენია, ცხადია შეგნებულად. კრიტიკოსების მიზანი პუტინის გალანძღვა იყო და დაიწყო, უფრო სწორად გაგრძელდა რუსეთის პრეზიდენტის გაათკეცებული კრიტიკა, რაც დღესაც მიმდინარეობს.

დავუშვათ, პუტინი გათავხედდა და ულტიმატუმის ენით მიმართა ბაიდენს, რა შეიძლება ვუწოდოთ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებას — კრემლის დაბომბვის თაობაზე?!

სიტყვა „ულტიმატუმი“ ამ გადაწყვეტილებას არ შეეფერება. აი, რაც შეეხება სიტყვა „ტერორიზმს“ — უდავოდ. ე.ი. უკრაინამ კრემლზე მიიტანა საჰაერო იერიში უპილოტო საფრენი აპარატებით, რუსეთის პრეზიდენტის სალიკვიდაციოდ?

არა, — ამბობენ დასავლეთში, ასეთი აპარატებით პუტინს ვერ მოკლავდნენო. უბრალოდ რუსეთს გააწნეს სილაო.

ის, რომ რუსეთს სილა გააწნეს და მის პრესტიჟს ლაფი დაასხეს, თანაც ისეთი, რუსეთის ხელისუფლება და უსაფრთხოების სამსახური რომ ვერასდროს ჩამოირეცხავს, ფაქტია, მაგრამ რა დავარქვათ უკრაინელთა თავხედობას?

დასავლეთს, კერძოდ აშშ-ს არ სურს უკრაინის ხელისუფლებისა და პრეზიდენტის ტერორისტებად გამოცხადება. ამიტომ დასავლური მედია უკრაინის დასაცავად იმასაც კადრულობს, რომ საჰაერო თავდასხმა თვით რუსეთმა მოუწყო საკუთარ თავსო. ეს, ისეთი ვერსიაა, როგორიც გაზსადენის აფეთქება იყო, როდესაც ზოგიერთმა დასავლელმა, ამერიკელთა დასაცავად, რუსეთი დაადანაშაულა აფეთქებაში. არადა, ყველამ კარგად იცის, რომ ის ტერორისტული აქტი ამერიკელებმა ჩაიდინეს. იქნებ, კრემლზე თავდასხმაც მათი ნახელავია?! უკრაინა ამ შემთხვევაში შემსრულებელია — აშშ-ს სამხედრო სპეციალისტების მიერ მიცემული დავალების.

რას მოიმოქმედებს რუსეთი? ისევ ჩაყლაპავს ამ შეურაცხყოფას, რითაც მომავალ სხვას მისცემს სტიმულს? კითხვები ჩნდება და პასუხს ითხოვენ, ისე, როგორც უკრაინის ფრონტზე რუსეთის ჯარის სრული ძალით ამოქმედებას და არა თეთრი ხელთათმანებით ომს!

რაც შეეხება აშშ-ს პოზიციას, ობიექტურად წარმოსახა დემოკრატმა სენატორმა რობერტ კენედი უმცროსმა (Robert Francis Kennedy Jr.), აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა. სენატორი კენედი უფრო რუსოფობია, ვიდრე რუსოფილი. მისი შვილი უკრაინაში უკრაინელთა მხარეს იბრძოდა. ასე რომ, სიმპათიები მისი, უკრაინელთა მხარეზეა, მაგრამ სინდისი არ აძლევს მას უფლებას დაადანაშაულოს რუსეთი.

აი, რას ამბობს ის თავის ინტერვიუში (UnHerd): „ზელენსკის შეეძლო კონფლიქტის თავიდან აცილება თუ საჯაროდ, ოპერაციის დაწყებამდე განაცხადებდა, რომ უკრაინა ნატოში არ შევიდოდა.

ჩვენ დავხარჯეთ უკრაინის ომში 113 მილიარდი დოლარი. ერაყის ომი და მისი მომდევნო ომები 8 ტრილიონი დოლარი დაგვიჯდა. ამის შემდეგ გასაკვირია, რომ ამერიკაში საშუალო ფენა აღარ არის? თუ ჩვენ არ აღვადგენთ ჩვენს ეკონომიკას, ეროვნული უსაფრთხოება და დემოკრატია დაიშლება.

ვიყოთ გულწრფელები, ეს ომი აშშ-ს ომია რუსეთის წინააღმდეგ, რათა მან შეიწიროს უკრაინელი ახალგაზრდები, ნეოკონსერვატორთა გეოპოლიტიკური ამბიციებისთვის, პუტინის რეჟიმის შეცვლისთვის, რუსეთის არმიის დასუსტებისთვის, რათა მან არ იომოს არსად.

პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა — მისი მიზანი იყო პუტინის მოშორება. მისმა თავდაცვის მინისტრმა ოსტინმა თქვა — მიზანი ჩვენი რუსეთის არმიის გამოფიტვაა. რას ნიშნავს ეს, თუ არა უკრაინელების მისევას რუსეთის ჯარზე?

300000 უკრაინელი შევწირეთ უკვე. თუ ნახავთ მინსკის შეთანხმებას, დაინახავთ, რომ არის საფუძველი საკითხის საბოლოო მოგვარებისა.

დონბასში 80% ეთნიკური რუსია, რომელსაც სისტემატურად კლავდა უკრაინის ხელისუფლება. მინსკის ხელშეკრულებით, დონბასი ავტონომია იქნებოდა უკრაინის შემადგენლობაში.

ჩვენ აუცილებლად უნდა გამოვიტანოთ ჩვენი სარაკეტო სისტემა  „Aegis“, რომელშიც განლაგებულია „Tomahawk“-ის რაკეტები — ბირთვული რაკეტები რუსეთის საზღვრებთან 70 მილის მანძილზე.

როდესაც რუსებმა კუბაზე განალაგეს ბირთვული რაკეტები, ვაშინგტონიდან 1500 მილით დაშორებული, ჩვენ მზად ვიყავით შევჭრილიყავით რუსეთში. მაგრამ, ნაცვლად ამისა საერთო ენა გამონახეს ბიძაჩემმა და მამაჩემმა საბჭოთა მმართველ ხრუშჩოვთან. ჩვენ გამოვიტანეთ ჩვენი „იუპიტერის“ რაკეტები თურქეთიდან, მათ გაიტანეს რაკეტები კუბადან.

ჩვენ ყური უნდა დაგვეგდო პუტინისთვის. ჩვენ ვალდებულება ავიღეთ რუსეთის და გორბაჩოვის წინაშე, რომ ნატო ერთი დიუმითაც არ გაფართოვდება აღმოსავლეთით. მოვიტყეთ. ნატოში 13 ქვეყანა შევიყვანეთ. ჩავატარეთ ნატოს წვრთნები უკრაინასთან ერთად. ჩვენ მხარი დავუჭირეთ 2014 წლის სახელმწიფო გადატრიალებას უკრაინაში. ჩვენ გვაქვს სტენოგრამა სატელეფონო საუბრებისა, სადაც ნულანდი ქმნის უკრაინის მთავრობას — ანტირუსულად განწყობილს.

ცსს-ს რეორგანიზაცია უნდა განხორციელდეს. იქ პატრიოტი ამერიკელები მუშაობენ, მაგრამ მათ გარდა იქ არიან ბინძური საქმით დაკავებული ამერიკელებიც, რომლებიც კლავენ ადამიანებს, აჩაღებენ ომებს. ცსს იღებდა მონაწილეობას საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო გადატრიალებებში. ჩვენ დავამხეთ ერაყის ხელისუფლება და შევქმენით „ისლამური სახელმწიფო“ — ტერორისტული ორგანიზაცია. ათასობით ლტოლვილი გავრეკეთ ევროპაში, რამაც იქ დესტაბილიზცია გამოიწვია. სადამ ჰუსეინის დამხობა წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს? — მე ამას ასე არ ვთვლი.

ჩვენ გვჭირდება რევოლუცია, რომელიც დაგვიბრუნებს ფასეულობებს, რომელიც წაგვართვეს ბოლო 40 წლის განმავლობაში. დღეს მოსახლეობის 22%-ს სჯერა ხელისუფლების, იმდენივე პროცენტს მედიის. მიზეზი ტყუილსა და პროპაგანდაშია. ყველამ იცის, რომ „კოვიდში“ გვატყუებდნენ. ყველამ იცის, რომ ვიეტნამით გვატყუებდნენ, ისე, როგორც ერაყში — „მასობრივი განადგურების იარაღით“.

ბიძაჩემი თვლიდა, რომ ამერიკა უნდა იყოს ლიდერი, მაგრამ არა ხულიგანი. ხალხმა იცოდა ამ ორს შორის განსხვავება. ამიტომაც მსოფლიოში უყვარდათ ჯონ კენედი ყველაზე მეტად, ვიდრე აშშ-ს ისტორიაში სხვა პრეზიდენტები“.

ვგონებ, კომენტარი ზედმეტია. საბედნიეროდ საღად მოაზროვნე ამერიკელ პოლიტიკოსთა რაოდენობა მცირეა, ტვინნაღრძობ, აგრესორ პოლიტიკოსებთან შედარებით.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

07/05/2023