18.07.2024

„დემოკრატია ლობიოობა არ არის“

წინა სტატიაში აღვნიშნე იმ არცთუ სახარბიელო დამოკიდებულების შესახებ, რასაც ადგილი აქვს რუსეთსა და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის. რუსი და დსთ-ს ექსპერტობა გაუარესებული ურთიერთობების წყაროდ ისტორიას მიიჩნევენ, ანუ 70-წლიან საბჭოურ ცხოვრებას, როდესაც „დიდი ძმის“ ნებისმიერი დავალება — „პატარა ძმებისთვის“ არცთუ მისაღები, ძალაუნებურად სრულდებოდა.

ექსპერტების ახსნა-განმარტებას ობიექტურიც შეიძლება ვუწოდოთ, ისე, როგორც თითიდან გამოწოვილი, სინამდვილიდან შორს მყოფი მოსაზრება.

საბჭოური „ძმობის“ პერიოდი 30 წელია აღარ არსებობს, ისე, როგორც დღევანდელი დამოუკიდებელი, გუშინდელი საბჭოთა რესპუბლიკების მოსკოვის გავლენის ქვეშ ყოფნა, მაგრამ წარსულით უკმაყოფილება ლაიტმოტივად გასდევს ამჯერად დამოუკიდებელ ყოფილ საბჭოელებს.

მიზეზი ამისა ახალი ცხოვრებაა, რომელიც ყოფილმა „პატარა ძმებმა“ ან ვერ ააწყვეს, ან ნაკლებად. დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და მასთან ერთად ეკონომიკურ-სოციალური განვითარება სუსტი სახელმწიფოებრიობის მქონე ქვეყნებისთვის მძიმე გამოცდა გამოდგა.

ზოგმა დამაკმაყოფილებლად ჩააბარა გამოცდა, ზოგმა ვერ ჩააბარა და საკუთარი წარუმატებლობა მოსკოვს გადააბრალა.

როგორც ჯაბა იოსელიანი ამბობდა — „დემოკრატია ლობიოობა არ არისო“ (სხვათა შორის ჯაბას ეს ნათქვამი რუსეთის ერთ-ერთი ტელეარხის პოლიტიკური თოქ-შოუს დროს გაიხსენეს), ასეთ ვითარებასთან გვაქვს საქმე.

რა „ბედნიერებაა“, როდესაც ხელისუფლებას, საკუთარი ხალხის წინაშე თავის გასამართლებელი არგუმენტების მოსაპოვებლად შორს წასვლა არ უწევს და უმალ იშვერს ხელს რუსეთისკენ — აი, ის რომ არ, უკეთ ვიცხოვრებდითო.

საკუთარ უნიათობას მოსკოვს ახოცავენ ყოფილი „პატარა ძმები“. მათ აღარც ერთად ცხოვრების ისტორია ახსოვთ და აღარც დღევანდელობა, რომელიც ძველი ისტორიის მსგავსად, რუსეთის ხელისუფალთა პოლიტიკიდან გამომდინარე, შეღავათიანია.

უმადურობამ დაიპყრო ყოფილი საბჭოთა სივრცე. დსთ-ს წევრი ქვეყნების პოლიტიკოსები, თავს უფლებას აძლევენ, ლანძღვაში გადასული კრიტიკა აგემონ ყოფილ „დიდ ძმას“ — ბეჭდურ და ელექტრონულ მედიაში, საერთაშორისო არენაზე გამართულ სამიტებზე და კონფერენციებზე, რითაც ცდილობენ კოლექტიური დასავლეთის ყურადღების მიპყრობას.

მათთვის მოსკოვის ლანძღვა — საკუთარ ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვის, გრანტებისა და ფინანსური დახმარებების გაჩენის შესაძლებლობაა. ასე ფიქრობენ ისინი. რაღა ისინი, განა ჩვენც ასე არ ვფიქრობთ? მაგრამ ჩვენ, რატომღაც თავს წარმატებულად მივიჩნევთ არა ეკონომიკაში, არა ინოვაციებში, არა ხალხის დასაქმებასა და მისთვის მინიმალური სოციალური პირობების შექმნაში, არამედ დემოკრატიაში.

„დემოკრატიის შუქურა“ — აშშ-ს პრეზიდენტის ბუშის (უმცროსის) საქართველოსთვის გამეტებული,  საქართველოში ვიზიტის დროს გახმოვანებული, დღესაც ძალაშია და ამაყი ქართული პოლიტიკა, რეგიონის მეზობლებზე ზემოდან დამყურე  — აქაოდა თქვენზე მეტი დემოკრატები ვართო, ისეა გაფხორილი, თავს არავის უყადრებს, ახლომახლო არ იყურება, ჰორიზონტს იქით აპყრობს მზერას, სადაც ევრო-ატლანტიკური სივრცე ეგულება — დემოკრატიისა და თავისუფალი ცხოვრების სავანე.

მოჩვენითმა დემოკრატობანას თამაშმა მძლავრად გაიდგა ფესვი საქართველოში. არადა რა დემოკრატიასთან გვაქვს საქმე — ყოველდღიურად ჩანს, უმეტესად არჩევნების დროს, როდესაც ხელისუფალთა მიერ მოქრთამულ-დაშინებული ხალხი იმ არჩევანს აკეთებს, მას რომ არასდროს წაადგება.

ვირეშმაკულმა პოლიტიკამ შეიპყრო ყოფილი საბჭოთა სივრცე, თანაც ისეთმა, რომელმაც ნებისმიერ დროს შეიძლება აანთოს პატარა ლამპარი, დიდ ხანძარში გადასული, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.

ამიერკავკასია უდავოდ ჰგავს მობუყბუყე ვულკანს, რომელმაც ნებისმიერ დროს შეიძლება ამოხეთქოს. ამ პატარა ტერიტორიაზე სამი ჩამქრალი ვულკანია. ორი, 2008 წელს ჩაქრა — რუსეთის ძალისხმევით და თან წაიღო საქართველოს ტერიტორიის 20%, მაგრამ სამუდამოდ ჩაქრა თუ არა, ძნელი სათქმელია, ვინაიდან ვინც ლამპარი, ხანძრად აქცია, ისევ მოითხოვს ახლის გაჩაღებას, რეკომენდაციით — ქართველებო, დადგა დრო დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების. არ გაუშვათ ხელიდან ეს შესაძლებლობა. გახსენით სამხრეთის ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ და ჩვენც თქვენთან გვიგულეთ, — გვეუბნებიან დემოკრატიის მთავარი სავანიდან, ანუ ვაშინგტონიდან საქართველოს „ბედნიერებაზე“ მოდარდე ამერიკელები.

ჯერ-ჯერობით საქართველოს ხელისუფლებაზე ამერიკული რეკომენდაცია არ ჭრის, მაგრამ არვინ იცის ხვალ რა იქნება. მომავალიც ხომ იმათ ხელშია და არა აქაურთა?! ვინ მოთვლის, რამდენი ურჩი ხელისუფლება გაისტუმრა ვაშინგტონმა პოლიტიკურ სანაგვეში?!

მესამე ვულკანი, მოქმედი და სახიფათო, 2020 წლის შემოდგომით ჩაქრა რუსთა ძალისხმევით, მაგრამ დროდადრო თავს გვახსენებს პატარ-პატარა შეტაკებებით სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის.

2020 წლის ხელშეკრულებამ — გაფორმებულმა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის, რუსთა აქტიური მონაწილეობით, შეაჩერა ომი ორ მხარეს შორის, მაგრამ შეაჩერა თუ არა საბოლოოდ, არვინ იცის.

რუსეთი, რომელიც თვით არის ჩართული ომში უკრაინასთან, სომხეთ-აზერბაიჯანის ომში შემრიგებლად გამოდის, რაც გასაკვირი არ არის. რუსეთს, ისტორიულად თბილი ურთიერთობები ჰქონდა და აქვს როგორც სომხეთთან, ისე აზერბაიჯანთან, რაც მის პასუხისმგებლობას აორმაგებს. გარდა ამისა, მას არ სურს ამიერკავკასიაში ხანძრის გაჩენა, რომელიც უდავოდ შეუქმნის პრობლემებს. გარდა ამისა, ამიერკავკასიის ომმა სრულიად თავისუფლად შეიძლება ჩაითრიოს რეგიონის სხვა ქვეყნებიც — ირან-თურქეთის, ისე, როგორც რეგიონიდან შორს მყოფი კოლექტიური დასავლეთის სახით.

ევრო-ატლანტიკურ სივრცეს რახანია სურს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში ჩართვა და „მინსკის“ ჯგუფის მუშაობის რეანიმაცია, რომელშიც რუსეთ-აშშ-საფრანგეთი  თანათავმჯდომარეები არიან.

მცდელობა განსაკუთრებით გააქტიურდა რუსეთ-უკრაინის ომის დროს. მიზეზი მარტივია — რუსეთის ყურადღების გადატანა ამიერკავკასიისკენ. კოლექტიურმა დასავლეთმა წარმატებული ნაბიჯებიც გადადგა რუსეთის მედიატორობისთვის წყლის შესაყენებლად.

ვაშინგტონ-ბრიუსელ-პრაღის შეხვედრები, კონფლიქტში მონაწილე მხარეებთან ამის დასტურია. შემუშავდა ხელშეკრულების პროექტი, დაახლოებით ისეთივე, როგორიც მოსკოვის, ოდნავ განსხვავებული ნიუანსებით. მაგრამ ამ „ოდნავში“ ეშმაკი იმალება და არა მარტო მასში, არამედ თვით სომხეთის დღევანდელ ხელისუფლებაში.

სომხეთში არსებული პოლიტიკური ვითარება სიმშვიდით რომ არ გამოირჩევა, ხელისუფლების ოპოზიციური ძალების მიერ მოწყობილი საპროტესტო მიტინგები და დემონსტრაციები მეტყველებს. ოპოზიცია ვერ ახერხებს ერთიანი ძალით შეკვრას, რათა სერიოზული წინააღმდეგობა გაუწიოს ხელისუფლებას — პროდასავლურს და სოროსის ფონდის მიერ გამოზრდილ პრემიერს და მის გუნდს.

ხელისუფალთა ავტორიტეტზე მომაკვდინებელი დარტყმა უნდა მიეყენებინა აზერბაიჯანთან წაგებულ ომს, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა და მისმა გუნდმა მოახერხეს არათუ ხელისუფლების შენარჩუნება, არამედ განმტკიცებაც.

ფაშინიანს მხარში ამოუდგა სომხური დიასპორა — საფრანგეთ-ამერიკაში მცხოვრები. გარდა ამისა, რუსეთის საწინააღმდეგოდ სომხეთის განწყობის მიზნით თვით ამ ქვეყნების პირველი პირები, პარლამენტარები, დიპლომატები. მათ დაემატა ევროკავშირის ხელმძღვანელობაც შარლ მიშელის სახით.

კოლექტიური დასავლეთის მთავარი მიზანი არა სომხეთ-აზერბაიჯანის ისტორიული კონფლიქტის მოგვარება და მთიანი ყარაბაღის პრობლების გადაჭრაა, არამედ ისე წარმართვა, რომ სომხეთი დაშორდეს რუსეთს.

კოლექტიური დასავლეთი სომხეთ-აზერბაიჯანის პრობლემებს იყენებს რუსეთის საწინააღმდეგოდ და ამ საქმეში მას ვაშინგტონის დიდი იმედი აქვს. რუსეთ-დასავლეთს შორის ფაშინიანი ორმაგ თამაშს თამაშობს, თუმცა მეტი სიმპათიები დასავლეთისკენ აქვს.

სოროსის ფონდის მოწაფისგან მსგავსი თამაში გასაკვირი არ არის. ვაშინგტონის პოლიტიკა ამ ეტაპზე ფარისიველური იქნება შესაფერის ვითარებამდე, რომელიც, ფაშინიანის აზრით, უდავოდ გამოჩნდება და თუ არ გამოჩნდა, თვით გააჩენს ასეთს.

რით არის გამოწვეული ფაშინიანის თითქოს იატაკქვეშური, მალული თამაში, რომელიც ყველასთვის ცნობილია?

უპირველესად იმით, რომ ის მოსკოვს არ მიიჩნევს ისეთად, როგორადაც მისი წინამორბედები მიიჩნევდნენ — ანუ საბჭოური ცხოვრებიდან გამოყოლილ „დიდ ძმად“.

არც სომხეთს და არც ერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას რუსეთის მიმართ არავითარი რიდი (შიშზე ზედმეტია ლაპარაკი), მითუმეტეს მოწიწება არ გააჩნია. რუსეთი მათთვის თანატოლი ქვეყანაა და არა მეტი. რუსეთი მათთვის არც ზესახელმწიფოა და არც ყოვლისშემძლე, რაც უკრაინის ომმაც დაადასტურა. რუსეთს რომ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია სწრაფად დაემთავრებინა, თავის სასარგებლოდ, მაშინ სხვა ვითარება იქნებოდა.

9 თვის შემდეგ, არც არვინ იცის, როდის დამთავრდება სპეცოპერაცია და რა მიზნები ამოძრავებს კრემლს… უკრაინის ფრონტზე შექმნილი გაურკვევლობა აგულიანებს „ოდკბ“-ს წევრ ქვეყნებს, ისე, როგორც დსთ-ს წევრებს.

ოფიციალური შეხვედრების დროს, იცის რა, რომ სუსტი პოზიციები აქვს, ფაშინიანი, რუსეთის მიმართ გამოხატავს ლოიალურობას, სამოკავშირო ურთიერთობებისადმი სრულ მხარდაჭერას, თუმცა არც თვით და არც მისი მთავრობა არაფერს აკეთებს მზარდი რუსოფობიის აღსაკვეთად.

პუტინის ერევანში ჩასვლისას, ქუჩებში გამოსული ხალხის გულთბილი დახვედრა ზღვაში წვეთია იმასთან შედარებით, რასაც სომხურ საზოგადოებაში აქვს ადგილი. გარკვეული ძალების მეცადინეობით და კოლექტიური დასავლეთის ფინანსურ-იდეოლოგიური მხარდაჭერით, დროის მცირე მონაკვეთში სომხეთში ანტირუსულმა განწყობამ დაისადგურა.

ფაშინიანი, რომელიც პუტინს მოკავშირეობაში ეფიცება, პარალელურად ეძებს საბაბს დაადანაშაულოს რუსეთი სამოკავშირო ხელშეკრულების არასრულ შესრულებაში. იმავდროულად ე.წ. ოპოზიცია აღვივებს ანტირუსულ განწყობას საზოგადოებაში, ეუბნება რა მას მოსკოვის მზაკვრობასა და გამყიდველ პოლიტიკაზე. იმაზე, რომ კრემლი აზერბაიჯანთან უკეთეს ურთიერთობებშია, ვიდრე  სომხეთთან.

ანტირუსული პროპაგანდის გაღვივებას ე.წ. ოპოზიცია მანამ შეეცდება, ვიდრე რუსეთი არ გამოვა მწყობრიდან და არ გამოხატავს მკაცრ პროტესტს. მაშინ ფაშინიანი ითამაშებს შეურაცხყოფილის როლს და რუსეთის ნაცვლად დასავლეთზე გადაერთვება — ამჯერად არა იატაკქვეშურად, არამედ ღიად. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ სომხეთი ცდილობს პროვოცირება გაუკეთოს რუსეთთან დაპირისპირებას.

სამი მთავარი საკითხი, რაზეც რუსეთ-სომხეთი ვერ თანმხდება: 2020 წლის 9-10 ნოემბრის ხელშეკრულების მიხედვით, სომხეთმა აიღო ვალდებულება, რომ რუსი მშვიდობისმყოფელთა ზონიდან გაიყვანდა უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს. მან ეს არ შეასრულა; მან ასევე არ შეასრულა დაპირება, რომ აზერბაიჯანისთვის მიეცა შესაძლებლობა ზანგეზურის რაიონით დაკავშირებოდა ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას.

კომუნიკაციების დებლოკირებას მიეძღვნა 2021 წლის 11 იანვრის შეხვედრა პუტინ-ალიევ-ფაშინიანს  შორის. ფაშინიანმა ხელი მოაწერა შეთანხმებას სამმხრივი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ ვიცე-პრემიერების დონეზე. ჯგუფის მიზანი უნდა ყოფილიყო საავტომობილო და სარკინიგზო კომუნიკაციის გახსნა. გარდა ამისა, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის საერთაშორისო გადაზიდვისთვის შესაფერისი ღონისძიებების ნუსხის ჩამოყალიბება — ძველი ინფრასტრუქტურის აღსადგენად და ახლის შესაქმნელად. ამ მხრივ სომხეთს არაფერი გაუკეთებია. არავითარი ნიშანი არ ჩანს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციისთვის.

ცნობილია, რომ ორივე მხარე შეთანხმდა აღიარონ ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობა 1991 წლის დეკემბრის საზღვრებში, მაგრამ სომხეთი ითხოვს აზერბაიჯანის ჯარის სომხეთის სასურველ პოზიციამდე გაყვანას დელიმიტაციის სამუშაობის დაწყებამდე.

შედეგი: ყარაბაღის სეპარატისტული პროექტი დახურული არ არის, კომუნიკაციები არ გახსნილა, საზღვრები დაუდგენელია, რაც იმას ნიშნავს, რომ სომხეთის მხარის წყალობით რუსეთის მცდელობამ შედეგი ვერ მოიტანა.

სომხეთი უკმაყოფილებას გამოთქვამს „ოდკბ“-ს მიმართ; რომ ეს ორგანიზაცია, რომლის წევრიც სომხეთია, ისე არ იქცევა, როგორც სომხეთს სურს. უკმაყოფილება ფართოდ გამოითქმის სომხურ მედიაში. არის მოწოდებებიც სომხეთის „ოდკბ“-დან გასვლის შესახებ.

სომხეთს სურს, რომ „ოდკბ“-მ იომოს სომხეთთან ერთად აზერბაიჯანის წინააღმდეგ. სომხეთს იმედი ჰქონდა, რომ „ოდკბ“ 2020 წლის ომში დაეხმარებოდა მას. განსაკუთრებით მწვავედ დააყენა ეს საკითხი ფაშინიანმა ა.წ. სექტემბრის სამხედრო შეტაკების დროს.

ფაშინიანის აზრით, თუ „ოდკბ“-ს წევრები — მოსკოვი, მინსკი, ასტანა, ბიშკეკი და დუშანბე უარს ამბობენ დაეხმარონ ერევანს ბაქოს წინააღმდეგ ომში, ერევანს ამ ორგანიზაციაში არაფერი ესაქმება.

სომხეთის ხელისუფლება ცდილობს შეამციროს რუსეთთან ურთიერთობა და გააძლიეროს ევრო-ატლანტიკურ სივრცესთან. ამ საქმეში მას მხარს უჭერენ ამერიკა-ევროპაში მცხოვრები სომხები, კოლექტიური დასავლეთი, რომელთა მიზანი მარტივია — დააშორონ ერთმანეთს სომხეთ—რუსეთი; სომხეთი გახადონ ევრო-ატლანტიკური სივრცის ნაწილი;  წერტილი დაუსვან რუსეთის გავლენას სამხრეთ კავკასიაზე.

ერევნის პუტინ-ფაშინიანის მოლაპარაკებებმა, „ოდკბ“-ს სხდომამ აღნიშნული პრობლემები წინ წამოწია. ფაშინიანი იყო შეუვალი თავის პრეტენზიებში „ოდკბ“-ს მიმართ. მან ხელი არ მოაწერა ერთობლივ დოკუმენტს. მოითხოვა მასში შესწორებების შეტანა.

პუტინ-ფაშინიანის მოლაპარაკება გვიან ღამემდე გაგრძელდა, თუმცა, როგორც ჩანს რუსეთისთვის ხელსაყრელი პოზიციის დაფიქსირებას ადგილი არ ჰქონია, ფაშინიანის ორჭოფული პოლიტიკის გამო.

2020 წლის სომხეთ-აზერბაიჯანის ომი, რომელიც ექსპერტთა აზრით, ოფიციალური ერევნის პროვოკაციის შედეგი იყო, ნელა და თანმიმდევრულად აღწევს უმთავრეს მიზანს — ამიერკავკასიიდან რუსეთის განდევნას. ასეთი იყო კოლექტიური დასავლეთის მიზნები, როდესაც ისინი გამუდმებით ჩასჩიჩინებდნენ ფაშინიანს აზერბაიჯანის მიმართულებით პროვოკაციული ნაბიჯების გადადგმას. მათ, ისე, როგორც ფაშინიანს, არ აინტერესებდათ სომხეთი წააგებდა თუ არა ამ ომს.

მათ არც მთიანი ყარაბაღის მომავალი აინტერესებთ, რაც ნათლად გამოიკვეთა ვაშინგტონის მიერ მომზადებულ სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო ხელშეკრულებაში. ანალოგიურია ევროკავშირის პროექტიც.

ფაშინიანი მზადაა წლის ბოლომდე ხელი მოაწეროს ვაშინგტონის პროექტს, რომელიც მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის შემადგენლობაში მოიაზრებს, ყოველგვარი ავტონომიური სტატუსის გარეშე, რაც თავისთავად ახალ ცხელ წერტილს შეუქმნის აზერბაიჯანს. სწორედ მას მოუწევს დაბრუნებული ყარაბაღის სომხობასთან საერთო ენის გამოძებნა. ანუ  მთიანი ყარაბაღი, ამერიკული პროექტით, კარგავს საერთაშორისო არენაზე არსებობის შანსს. ის გადაიქცევა აზერბაიჯანის ერთ-ერთ რეგიონად.

როგორც ჩანს, ფაშინიანს აღარ ანაღვლებს მთიანი ყარაბაღის მომავალი. ის მზადაა დაუმეგობრდეს ისტორიულ მტერს თურქეთს და აზერბაიჯანს.

თავიანთი მხრიდან თურქეთ-აზერბაიჯანი მზად არიან „მეგობრობისთვის“ და თუ ამას ექნა ადგილი, სომხეთში არსებული რუსული სამხედრო ბაზის ფუნქციონირება ვითარებასთან შეუთავსებელი იქნება. ამ შემთხვევაში რუსეთი იძულებული იქნება ჯარი გაიყვანოს სომხეთიდან. ჯარის გაყვანას მოჰყვება ურთიერთობების განელებაც.

ვინ ჩაანაცვლებს რუსეთს?

ყველაზე დიდი შანსი თურქეთს აქვს, რომლის გავლენა აზერბაიჯან-საქართველოზე უკიდეგანოა. დარჩა სომხეთი, რომლის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა მზადაა შეასრულოს აშშ-ს, ევროკავშირის ნებისმიერი დავალება, თუნდაც სომეხი ხალხისთვის მიუღებელი.

ფაშინიანი პირნათლად შეასრულებს ევრო-ატლანტიკურ პროექტს, რისთვისაც ის იმავე ევრო-ატლანტიკურმა სივრცემ სომხეთის სათავეში მიიყვანა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

27/11/2022