თუ ასეთი ყოჩაღები იყავით, რატომ ახლა და არა წინა წელს ან იმის წინას?

საქართველოს ხელისუფლების განცხადებამ — პენსიებისა და ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით, რომ კმაყოფილება გამოიწვია საზოგადოებაში, მტკიცება არ სჭირდება. მმართველი პარტია და პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი თვლიან, რომ ბიუჯეტში შესული თანხები იძლევა ხელფასებისა და პენსიების გაზრდის შესაძლებლობას. ხოლო ბიუჯეტის გაზრდას ისინი თავიანთ გონივრულ, მუყაითურ შრომას უკავშირებენ, რაც თავისთავად ბადებს კითხვას — თუ ასეთი ყოჩაღები იყავით, რატომ ახლა და არა წინა წელს ან იმის წინას?

„ქართული ოცნება“ 10 წელია მართავს ქვეყანას, მაგრამ ესოდენ ხელგაშლილობას ვერც თქვენ, პატივცემულო მკითხველო და ვერც სხვა, თუნდაც ხელისუფლების გულშემატკივარი ვერ გაიხსენებს. მაშ რასთან გვაქვს საქმე?

მარტივ რეალობასთან, რომელსაც არც ხელისუფლება და არც ოპოზიცია არ იტყვის.

ოპოზიციის სიმუნჯე გასაგებია — მრავალ მიზეზთა გამო, რომელთა შორის გამოირჩევა მეზობელი ქვეყნისადმი არა მტრული, არამედ ზემტრული დამოკიდებულება. ოპოზიცია, რომელიც თავიდან ბოლომდე კოლექტიური დასავლეთის იდეებისა და სურვილების გამომხატველ-შემსრულებელია, დასავლური დაკვეთის პირნათლად განხორციელებისთვის რუსეთს წყევლა-კრულვას არ მოაკლებს, თუნდაც რუსეთმა ოქროს მთები აუშენოს საქართველოს.

სხვათა შორის, არც ხელისუფლება თაკილობს რუსეთის ლანძღვას და არა მარტო. ის, საერთაშორისო არენაზე არ ერიდება რუსეთის განქიქებას, ამასთანავე რუსეთის საწინააღმდეგო კენჭისყრაში ანტირუსული პოზიციის დაფიქსირების. გაეროს ამასწინანდელი სხდომაც ამის დასტურია.

იმ სხდომამ რუსეთის მიერ წარდგენილი პროექტის — „ფაშიზმის განდიდების“ აღკვეთა, ლამის ჩააგდო და ნაცვლად საყოველთავო მხარდაჭერისა, ძლივს მიაღწია უმრავლესობის მოპოვებას.

არც ერთი და არც მეორე( ხელისუფლება—ოპოზიცია) არ ამბობს იმას, რაც უნდა ითქვას. რომ თქვან, მაშინ საზოგადოებას სხვა შთაბეჭდილება შეექმნება. აი ასეთი — რას ვერჩით რუსეთს, შეხედეთ, თურმე, ფულს, რომელსაც ხელისუფლება გვირიგებს, რუსეთიდან შემოსულა!!!

საზოგადოებაში მსგასი აზრის გაჩენის თავიდან აცილების მიზნით, ხელისუფლება საკუთარ მუყაითობას უკავშირებს ბიუჯეტის უცბათ და უზომოდ გაზრდას — არა რუსეთს, არა  რუს ტურისტებს, არა ა.წ. 24 თებერვალს, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა საჯაროდ გამოაცხადა უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყება, არა უკრაინაში მიმდინარე ომს და რაც მთავარია რუსეთში გამოცხადებულ ნაწილობრივ სამხედრო მობილიზაციას, რომელმაც ომში არწასვლის მსურველი რუსეთის მოქალაქე მოაყენა საქართველოს საზღვარს.

რუსეთში გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის შემდეგ ა.წ. სექტემბრის ბოლოს, ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან, რუსეთის ნომრებიანი ავტომანქანების გრძელი რიგი შეიქმნა. ოფიციალური მონაცემებით — 2,5 ათასი ავტომანქანა, რომელთა საქართველოში შემოშვებას, შესაბამისი შემოწმებით, მრავალი დღე-ღამე მოხმარდა.

ვინ არიან საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეები?

მათ რუსეთში „დეზერტირებად“, ქვეყნის მოღალატეებად აღიქვამენ, მაგრამ საქართველოსთვის აქვს ამას მნიშვნელობა? არც არაფერი. საქართველო-რუსეთს შორის არავითარი ხელშეკრულება არ არის გაფორმებული, რომელიც გვაიძულებდა რუსთა დეპორტაცია.

რუსეთის მოქალაქეები, როგორც ტურისტები შემოვიდნენ საქართველოში. სხვათაშორის შემოსულთა შორის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ქართველებიც არიან, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ რუსეთში. რუს ტურისტებს 90 დღით შეუძლიათ საქართველოში ყოფნა. ტურისტული ვიზის გასაგრძელებლად მათ შეუძლიათ სომხეთში რამდენიმე საათით გასვლა და უკან დაბრუნება. უკან დაბრუნებულს კი იმავე ვადით, ანუ სომხეთში გასვლამდე უგრძელდება საქართველოში ყოფნა.

რახან ხელისუფლებას „ეთაკილება“ ხალხისთვის სიმართლის განდობა,  სინამდვილის დასადგენად ისევ სხვას მივმართოთ, მაგალითად საერთაშორისო სავალუტო ფონდს, რომელიც სისტემატურად უწევს მონიტორინგს საქართველოს საფინანსო სისტემას.

ამ ორგანიზაციის პროგნოზით, საქართველოს ერთიანი ეროვნული პროდუქტი 2022 წელს 10% მიაღწევს. ოქტომბერში ის 8,8% ვარაუდობდა, ხოლო უკრაინაში ომის დაწყებამდე — 5,9%.

დინამიკა მატების დარგში საგრძნობია, რაც გამოწვეულია არა ქვეყნის შიდა ეკონომიკური აქტივობით, არამედ გარე ფაქტორებით, რომლებმაც ჰკრეს ეკონომიკურ წინსვლას ხელი — მობილიზაციის თავიდან არიდების მიზნით საქართველოში შემოსვლას, რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებით გამოწვეული იძულებითი ნაბიჯის გადადგმას და სხვა არაბუნებრივ ფაქტორებს, რომლებმაც რუსი ტურისტების რაოდენობა გაზარდა.

უკრაინის ომმა კოლექტიური დასავლეთის ისეთი პროტესტი გამოიწვია რუსეთის და მისი ხალხის მიმართ, რომ ევროკავშირის სივრცეში რუსი ტურისტი ნონ გრატად აქცია. ესპანეთ, საფრანგეთ, იტალია, საბერძნეთის ზღვის კურორტებს დაჩვეული რუსი ტურისტები საქართველოს, სომხეთს, ყაზახეთს მიაყენა.

ზოგი ჭირი მარგებელიაო — რომ იტყვიან, იმასთან გვაქვს საქმე და არა საქართველოში მოგუგუნე საწარმოებიდან შემოსულ თანხებთან.

მოდით ერთად დავთვალოთ, უფრო სწორად გულდასმით გადავხედოთ ოფიციალურ მონაცემებს, რომლებიც გვეუბნებიან, რომ ა.წ. იანვრიდან, სექტემბრამდე რუსეთიდან გადმორიცხულმა თანხებმა, ტურიზმიდან შემოსულთან ერთად 2,2 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 2,6-ჯერ მეტია წინა წელთან შედარებით და 64%-ით მეტი „კოვიდ-19“-მდე არსებულ მონაცემებთან. შემოსავლის ამ წყაროების წყალობით  2022 წლის ეკონომიკა 12,6% მიაღწევს.

სავალუტო ფონდმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკაში რუსეთის როლი იზრდება და თანაც საგრძნობლად. რა გაეწყობა, საფინანსო-ეკონომიკური კავშირების განვითარებას, შექმნილი პოლიტიკურ-ეკონომიკური ვითარება განსაზღვრავს და კიდევ მრავალი ფაქტორი, რომელთათვის ხელოვნური ბარიერის შექმნა მხოლოდ დროებით შეფერხებას იწვევს და მეტს არაფერს, ვინაიდან ხალხი ამ დროებით ბარიერებს გვერდს უვლის და აღწევს თავის მიზანს. მხედველობაში მაქვს ოპოზიციის წინადადებები, რუსი ტურისტების საქართველოში შემოსვლის შესაკავებლად, სხვა ბარიერები, დაწესებული ხელისუფალთა მხრიდან, ოპოზიციისთვის კოჭის გაგორების მიზნით შემოღებული.

საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეები ყოველგვარი პრობლემების გარეშე ხსნიან ანგარიშებს საქართველოს ბანკებში; დოკუმენტების შევსება რუსულ ენაზე არის შესაძლებელი. თვით რუსთა ინფორმაციით ანგარიშის გახსნას საშუალოდ არაუმეტეს 2-5 დღე სჭირდება.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით ა.წ. თებერვლიდან, აგვისტოს ჩათვლით ანგარიში გახსნეს 45000-ზე მეტმა რუსეთის მოქალაქემ. საშუალოდ, თვიურად რუსეთის მოქალაქეები 6-დან 10000-მდე ანგარიშს ხსნიან.

ცენტრალური ბანკის მონაცემებით, ამჯერად ქართული ბანკების კლიენტად  60000-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე ირიცხება.

იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან საქართველოში გადმორიცხულმა თანხამ 1,1 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, ხოლო რუსთა დაბანდებამ 700 მილიონზე მეტი, რაც 430 მილიონ დოლარით მეტია 2022 წლის თებერვლის მონაცემებამდე არსებულ პერიოდთან შედარებით.

რუსთა საქართველოში შემოსვლამ თავისთავად გამოიწვია ბინებისა და სახლების გაქირავება-ყიდვაზე ფასების მატება. ერთსაძინებლიანი ბინა, რომელიც ადრე 400-500 დოლარად ქირავდებოდა, დღეს 1000-1200 დოლარად ქირავდება. თბილისში არენდის ფასი 74%-ით გაიზარდა — 9 დოლარი კვ. მეტრზე. უძრავი ქონების შესყიდვაზეც ფასები გაზრდილია, საშუალოდ 20%-ით წლიურად. კვადრატული მეტრის ფასი — 964 დოლარია.

რუსეთში გამოცხადებულმა მობილიზაციამ საქართველოს კარს რუსული კომპანიებიც მოაყენა. მათი რაოდენობა ამჯერად 17000-ს შეადგენს. როგორც თვით ეს კომპანიები აცხადებენ, ისინი ხანგრძლივი ვადით გადმოვიდნენ საქართველოში საცხოვრებლად და ბიზნესის საწარმოებლად.

და კიდევ სულ ახლახანს ოფიციალური წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც უცხოეთიდან გადმორიცხული თანხებს ეხება. მარტო ა.წ. ოქტომბერში რუსეთიდან გადმოირიცხა 300 მილიონამდე დოლარი. მეორე ადგილზე იტალიაა — 30 მილიონი დოლარი, შემდეგ აშშ-ი და სხვა ქვეყნები, გაცილებით ნაკლები გადმორიცხვებით.

რაზე მეტყველებს ეს სტატისტიკა?

მიუხედავად, ანტირუსული ყროყინისა, რასაც ყოველდღიურად ვისმენთ პოლიტიკოსთა, ექსპერტთა, საზოგადოების წარმომადგენელთა მხრიდან, რუსეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები გაცილებით მრავალნი არიან, ვიდრე სხვა ქვეყნებში და გაცილებით უკეთ გრძნობენ თავს იქ, ვიდრე სხვაგან. ეკონომიკურად სუსტად მყოფი, ერთ თვეში 300 მილიონს დოლარს ვერ გადმოურიცხავდა საქართველოში დარჩენილი ოჯახის წევრებს, ნათესავებს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, იქნებ აჯობებდა ანტირუსული რიტორიკისთვის წერტილის დასმა?! უკრაინაში, ე.წ. მოხალისეთა ვითომ პატრიოტული სულისკვეთების გამოვლინების მედიაში გაშუქება, განსაკუთრებით ელექტრონულში; უკრაინაში დახოცილ მეომართა გმირებად გამოცხადება და საპატიო ყარაულის თანხლებით დაკრძალვა.

არაერთხელ დავწერე და გავიმეორებ — ისინი რომ აცხადებენ უკრაინაში რუსებს ვებრძვით და ამით საქართველოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს ვიცავთო — ტყუილია! ისინი, იქ ფულისთვის იბრძვიან.

ფულს გაჰყვნენ არა მარტო ქართველები, არამედ პოლონელები, ინგლისელები, ამერიკელები, აზერბაიჯანელები, სხვები. მათი რაოდენობა 7000-სს აჭარბებს. ბრძოლის ველზე გატარებული ერთი დღე — 1000 დოლარია, რაც გაცილებით აღემატება უკრაინის ჯარისკაცების ხელფასს — 14-15 ათას გრივნას, ხოლო ოფიცრების — 60-100000 გრივნას. ელიტარული პოზიცია უკავიათ ნაც-ბატალიონებს „აზოვს“, „აიდარს“, „პრავი სექტორს“, სხვებს. მათ დღე-ღამეში 300 დოლარს უხდიან.

უკრაინაში იბრძვის „ქართული ლეგიონი“, რომელიც 2014 წელს ქართველმა გენერალმა მამუკა მამულაშვილმა დაარსა. როგორც უკრაინელი მათი კოლეგები ამბობენ ლეგიონში თავმოყრილია „შავი“ წარსულის მქონე პირები, სამხედრო და სისხლის სამართლის დამნაშავეები. 2016-18 წლებში „ლეგიონი“, როგორც განცალკევებული ფორმირება, შედიოდა უკრაინის სამხედრო ძალების 54-ე მექანიზირებულ ბრიგადაში, მაგრამ მამულაშვილსა და 54-ე ბრიგადის მეთაურებთან კონფლიქტის შემდეგ, მამულაშვილმა „ლეგიონთან“ ერთად დატოვა ბრიგადა.

სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ „ლეგიონმა“ რუსი სამხედრო ტყვეების მიმართ თავი გამოიჩინა სისასტიკით. აი, რას წერენ ამ „ლეგიონზე“ რუსეთსა და უცხოეთში: „„ქართველი ლეგიონერი“ წმინდა წყლის დაქირავებულია, რომელიც ფულისთვის იბრძვის. მას აფინანსებს უკრაინის არმია და სააკაშვილის ფონდი, გარდა ამისა, უცხოეთში არსებული ფონდები და გრანტები“. ასე რომ, მტკიცება იმისა, ისინი სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის იბრძვიან, სიცრუეა, ისეთი, როგორიც ავღანეთში მებრძოლთა განცხადება, რომ იქ, ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს ტერორიზმისგან იცავდნენ.

სულ ახლახანს ნორვეგიელებმა გამოთქვეს თავიანთი შეშფოთება უკრაინაში ნორვეგიული „ბოევიკების“ გამო. „სამშობლოში დაბრუნებულები უდავოდ ნეგატიურ გავლენას იქონიებენ ქვეყნის პოლიტიკურ ვითარებაზეო“. ისინი ფიქრობენ არცთუ სახარბიელო მომავალზე! ჩვენ?!

დავასრულებ იმით, რითაც დავიწყე — საქართველოს ხელისუფალთა ყოყოჩობით, საბიუჯეტო თანხების გაზრდას რომ უკავშირდება. ხელისუფლებას სხვაგვარი მიდგომა უნდა ჰქონოდა ამ საქმისადმი, მეტადრე სიღრმისეული და არა „ლაითი“ (მჩატე), რაც ხელფასების მატებაში გამოიხატა.

ხელფასების მატება უდავოდ გაზრდის ინფლაციას, პირველი მოთხოვნილების საგნებზე, კვების პროდუქტებზე, მომსახურებაზე ფასებს, რასაც მომატებული ხელფასი ვერ გაწვდება. გასათვალისწინებელია ისიც, თუ რა იქნება სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ — აქ ჩამოსახლებული რუსობა დარჩება თუ სამშობლოში დაბრუნდება?

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

23/11/2022