ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში დასავლეთის კულტი ჯერაც ზენიტშია

map of the Armenian Azerbaijani conflict vector illustration

პრობლემები, რომლებიც სომხეთ-აზერბაიჯანის 2020 წლის ომმა შექმნა, ჯერაც მოუგვარებელია. მკითხველს შევახსენებ, რომ მაშინ რუსეთის აქტიური ჩარევის შედეგად, საომარი მოქმედებები შეწყდა, რასაც მოჰყვა მოსკოვის ხელშეკრულება რუსეთ-აზერბაიჯან-სომხეთს შორის და კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის ჩაყენება.

მოსკოვის ხელშეკრულების გაფორმებიდან ორი წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში არაერთ სამხედრო დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რომელმაც ორივე მხარის სამხედრო მოსამსახურეთა სიცოცხლე შეიწირა.

რუსეთის პრეზიდენტის მეცადინეობით, მხარეთა შორის შიგადაშიგ ადგილი აქვს კონსულტაციებს, რომლებიც ძირითადად მოსკოვ-სოჭში იმართება, თუმცა მიზეზთა გამო, საბოლოო შეთანხმებამდე მისვლა, ანუ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმება, ჯერ-ჯერობით მიუღწეველ ამოცანად რჩება.

წინა სტატიაში ხაზგასმით აღვნიშნე სომხეთის პრემიერ-მინისტრისა და მისი ხელისუფლების ორმაგი პოლიტიკური თამაშის შესახებ, რომელმაც შესაძლოა სერიოზული დარტყმა მიაყენოს, როგორც საკუთარი ქვეყნის, ისე მთიანი ყარაბაღის ინტერესებს.

ისიც აღვნიშნე, რომ პრემიერ-მინისტრი ფაშინიანი, სოროსის ფონდის გამოზრდილი პროდასავლელი პოლიტიკოსი, ნაკლებად ფიქრობს ყარაბაღელი სომხების აწმყოსა და მომავალზე, მათ უსაფრთხოებაზე, რომელიც ეჭვქვეშ შეიძლება დადგეს მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის შემადგენლობაში უსტატუსო დაბრუნების შემდეგ (ვაშინგტონის პროექტი).

მთელი რიგი საკითხებისა, რომლებიც კონფლიქტის მხარეთა მოსაგვარებელი იყო, სომხური მხარის განსხვავებული მოსაზრების გამო, ჯერაც შეუსრულებელია. მათ შორის ერთ-ერთი მთავარი — სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაცია.

საზღვრების ახალი დამტკიცების შემდეგ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს დაუბრუნდება  — ყოველგვარი სტატუსის გარეშე. ის, გახდება აზერბაიჯანის ერთ-ერთი რეგიონი, ისეთი, როგორიც დანარჩენი რეგიონები, ანუ მას არ ექნება ავტონომიის სტატუსი. რუსეთის პროექტის მიხედვით, სამშვიდობო ხელშეკრულებიდან მთიანი ყარაბაღის თემა ამოღებულ უნდა იქნას,  ვინაიდან ის საჭიროებს ცალკე განხილვას.

ავტონომიის სტატუსი არ გამორიცხავს საერთაშორისო სარბიელზე საკუთარი პრობლემების გახმოვანებას.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა ერთ-ერთ საჯარო გამოსვლაში განაცხადა, რომ 2020 წლის ომის დასრულების შემდეგ, რომელიც აზერბაიჯანის სასარგებლოდ დამთავრდა, მთიანი ყარაბაღის თემაც ისტორიას ჩაბარდა, ვინაიდან ის შევა აზერბაიჯანის შემადგენლობაში რიგითი რეგიონის სახით.

რაც შეეხება ყარაბაღელ სომხებს, აზერბაიჯანის ხელისუფლება მათთან გამართავს მოლაპარაკებას სამომავლო ურთიერთობების ჩამოყალიბების მიზნით, როგორც საკუთარი ქვეყნის მოსახლეობასთან. ამ შემთხვევაში, მესამე მხარის პროცესში ჩართვა მიუღებელია, ვინაიდან მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის შემადგენელი ნაწილი იქნება და სხვათა ჩართვა, საშინაო საქმეებში ჩარევის უხეშ მცდელობად აღიქმება.

აზერბაიჯანის მიერ მოგებულმა 2020 წლის ომმა, აზერბაიჯანელთა აზრით, წერტილი დაუსვა მთიანი ყარაბაღის ყბადაღებულ თემას, რომელიც გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან იპყრობს ამიერკავკასიის ხალხთა ყურადღებას, ისე, როგორც საბჭოთა ხელმძღვანელების, რომლებმაც ძალა არ დაიშურეს სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო კონფლიქტის შესაჩერებლად, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ყარაბაღის საკითხმა, ისე, როგორც სომხეთის მიერ აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიების თემამ ახლებულად იჩინეს თავი.

კულმინაციამ 2020 წელს მიაღწია  — ახალი ომის სახით, რაც მკითხველისთვის ცნობილია და მასზე ყურადღებას აღარ გავამახვილებ.

არის თუ არა მოსკოვის „სამთა“ ხელშეკრულება იმ ძალის მატარებელი, მწვანე შუქი აუნთოს სამშვიდობო ხელშეკრულებას?

ამ კითხვას ნაწილობრივ პასუხი ფაშინიანმა გასცა, როდესაც ნაცვლად მოსკოვის ხელშეკრულების აღსრულებისა, უკეთესის მოსაპოვებლად დასავლეთში დაიწყო აქტიური მოლაპარაკებები, თუმცა ამ შემთხვევაში მარტო ფაშინიანს არ უნდა მივაწეროთ „პოზიტიური ინიციატივები“, რამეთუ დასავლეთიც მონაწილეობდა ფაშინიანის ახალი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმაში  — უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით, რომ დასავლეთი და შემდეგ ფაშინიანი.

წინანდელ სტატიებში აღვნიშნავდი ფაშინიანის პროდასავლურობას, სოროსელობას, რაც თავისთავად იძლევა ფაშინიანის მიმართ არაცალსახა შეფასების საფუძველს.

ფაშინიანი, კოლექტიური დასავლეთის პროდუქტია. დასავლეთმა ყველაფერი იღონა „საკუთარის“, სომხეთის ხელისუფლებაში მისაყვანად. სომხეთის არსებული ხელისუფლება სოროსელებით არის დაკომპლექტებული, რაც იძლევა შემდეგი დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას: ფაშინიანი ორმაგ თამაშს თამაშობს გარკვეულ ეტაპამდე და როდესაც დაინახავს, რომ დასავლური გავლენა სომხეთის საზოგადოებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე დღეს, ის უმალ ზურგს შეაქცევს ე.წ. სტრატეგიულ პარტნიორ რუსეთს და დასავლეთს ჩაბარდება, ანუ კარდინალურად შეცვლის სომხეთის პოლიტიკურ ვექტორს ჩრდილოეთიდან, დასავლეთზე.

იოლი იქნება თუ არა ესოდენ თვალშისაცემი ცვლილების განხორციელება სომხეთში, რომელიც რუსეთის ისტორიულ მეგობრად მოიაზრება, ძნელი სავარაუდო არ არის.

ფაშინიანისა და მისი ხელისუფლების მხრიდან ანტირუსული პროპაგანდისტული მუშაობა ფართოდაა გაშლილი. სომხური მედია სისტემატურად ავრცელებს რუსეთის ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებებს. ადანაშაულებს რა მას აზერბაიჯანთან მჭიდრო ურთიერთობებში, სომხეთის საზიანოდ.

ანტირუსული პროპაგანდის დირიჟორობას სომხეთში აშშ-ს საელჩო და მასთან ერთად, მისივე დირექტივებით, ევროპის ქვეყნების დიპლომატიური მისიები. ეწევიან, მიზანი ერთია  — რუსეთის განდევნა ამიერკავკასიიდან.

მიზნის მისაღწევად ხდება სომხეთის საზოგადოების პრორუსულობიდან, პროდასავლურ რელსებზე გადაყვანა. დასავლეთის სურვილი მყარი და უცვლელია. ის მეთოდურად მიჰყვება ანტირუსულ გზას, რომელმაც სომხეთი არა მარტო რუსეთის ეკონომიკური გავლენიდან უნდა გამოიყვანოს, არამედ სამხედრო-პოლიტიკურიდან.

სომხეთში აღარ უნდა იყოს რუსული სამხედრო ბაზები. არც მშვიდობისმყოფელები უნდა იყვნენ. რაც შეეხება ამ უკანასკნელებს, ანუ მათ ყოფნა-არყოფნას, ფაშინიანმა ერთ-ერთ ტელეარხზე გამოსვლისას ეჭვქვეშ დააყენა და რატომღაც წინა პლანზე წამოსწია მშვიდობისმყოფელთა მთიან ყარაბაღში ყოფნის ვადები, რამაც გაკვირვება გამოიწვია რუსეთში და რატომ?

2020 წლის ომის შემდეგ, 9 ნოემბერს გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებაში, რომელსაც ფაშინიანის ხელმოწერაც „ამშვენებს“, სამშვიდობო კონტინგენტის მთიან ყარაბაღში ყოფნის ვადები განსაზღვრულია  —  5 წლით, რომელიც ავტომატურად გრძელდება 5 წლით, თუ არც ერთ მხარეს რამე საწინააღმდეგო არ ექნება. განსხვავებული მოსაზრების გაჩენის შემთხვევაში, მხარემ ოფიციალური განცხადება ნახევარი წლით ადრე უნდა გააკეთოს.

მიუხედავად ამისა,  ფაშინიანმა განაცხადა: „თუ რუსეთი გადაწყვეტს სამშვიდობო კონტინგენტის გაყვანას, მან ამის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს უნდა აცნობოს და ისიც უნდა ახსნას, რატომ გაჰყავს კონტინგენტი. ამ შემთხვევაში რუსი სამშვიდოები სხვებმა უნდა ჩაანაცვლონ“.

ექსპერტთა აზრით, ფაშინიანის განცხადება გამოიწვია აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებამ, რომ რუსული სამშვიდობო კონტინგენტის მთიან ყარაბაღში ყოფნა დროებით ხასიათს ატარებს. რაც შეეხება ოფიციალურ განცხადებას ალიევის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. არც სოჭის „სამთა“ შეხვედრაზე დაუსვია მას მსგავსი წინადადება.

ფაშინიანმა ამ ამბავს სხვა ინტერპრეტაცია მოაყოლა, რომ მან სოჭში გამოხატა მზადყოფნა მთიან ყარაბაღში რუსული სამშვიდობო კონტინგენტის ვადის გასაგრძელებლად დოკუმენტის გაფორმებისთვის, მაგრამ მის წინადადებას მხარდაჭერა არ მოჰყვა. თითქოს მან განაცხადა, რომ მზადაა მანდატის 20 წლით ან უვადო გაგრძელებაზე.

2020 წლის 9 ნოემბრის „სამთა“ შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა შესთავაზა ალიევსა და ფაშინიანს მთიან ყარაბაღში რუსული სამშვიდობო კონტინგენტისთვის სტატუსის განსაზღვრის წინადადება, დაუკავშირა რა ეს საკითხი საზღვრების დემარკაციას, ჰუმანიტარული საკითხების მოგვარებას, კულტურის ძეგლების დაცვას, …

პუტინის განცხადებით, სამშვიდობოებს განსაზღვრული უნდა ჰქონდეთ პასუხისმგებლობის ზონები, რაც დღემდე კონფლიქტის მხარეებს არ შეუსრულებიათ. და რახან პასუხისმგებლობის ზონები არ არის განსაზღვრული, ნებისმიერი სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში, ორივე, რუსეთის სამშვიდობოებისკენ იშვერენ ხელს  —  ისინი არ უზრუნველყოფენ გამყოფ ხაზზე მხარეთა დაშორიშორებასო.

აქვე უნდა ითქვას, რომ ამ საკითხის, ისე, როგორც სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების დასავლეთში გადატანის ინიციატორი სწორედ ფაშინიანია, რომელიც დასავლეთში ითხოვდა მთიან ყარაბაღში მცხოვრებ სომეხთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, პარალელური მექანიზმების შექმნას და ამისთვის დამატებითი საერთაშორისო სამშვიდობო კონტინგენტის ჩაყენებას.

ფაშინიანის გეგმის განხორციელებას ხელს უწყობს სახელისუფლებო ექსპერტების ასეთი ხასიათის განცხადებებიც: „უკრაინაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე რუსეთი გაიყვანს სამშვიდობო კონტინგენტს მთიანი ყარაბაღიდან და მას გადაისვრის უკრაინაში. პუტინი და ალიევი ფაშინიანის გარეშე გადაწყვეტენ სამშვიდობო კონტინგენტის საკითხს“.

ზემომოყვანილი განცხადებები გამიზნულია სომხეთის საზოგადოებაში ანტირუსული ისტერიის შესაქმნელად. პარალელურად ამისა დასავლეთში ვრცელდება საფრანგეთის პრეზიდენტის მაკრონის განცხადება: „მოსკოვი რეგიონში თამაშობს ბაქო-ანკარის სასარგებლოდ ერევნის დასასუსტებლად, ვისთანაც ადრე მეგობრული ურთიერთობები ჰქონდა“. სწორედ ასეთ კონტექსტში მოიაზრება ევროკავშირის მისიისა და ეუთოს დამკვირვებლების ჩასვლა სომხეთში და აზერბაიჯანის საზღვართან გამოჩენა.

ფაშინიანის, როგორც სოროსის ფონდის პირმშოსა და პროდასავლელი პოლიტიკოსის დახმარება საფრანგეთში მცხოვრებ სომეხთა მხრიდან, მნიშვნელოვანია. საფრანგეთის სომხობა მიიჩნევს, რომ რუსეთის გავლენას სომხეთზე წერტილი უნდა დაესვას. რუსეთ-სომხეთის ურთიერთობები, სომხურ-დასავლური კავშირებით უნდა ჩანაცვლდეს.

ანალოგიური მოსაზრება აქვს საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონს, რომელიც უკმაყოფილოა რუსეთის დასავლეთ აფრიკაში გამოჩენით, რამეთუ საფრანგეთი ამ რეგიონს საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს. საფრანგეთი სხვა პრეტენზიებსაც უყენებს მოსკოვს, თუმცა ეს ამ სტატიის თემა არ არის.

ფაშინიანმა გამოძებნა საერთო ენა მაკრონთან თუ პირიქით, შედეგი ალიევისთვის დამაფიქრებელია, ვინაიდან სომხეთში საფრანგეთის აქტიურობა პრობლემებს შეუქმნის აზერბაიჯანის უახლოეს სტრატეგიულ პარტნიორს თურქეთს.

პარიზ-ანკარას შორის ურთიერთობებს არ შეიძლება ეწოდოს კონსტრუქციული. ის უფრო კონფრონტაციულია ათას მიზეზთა გამო, რომელთაგან გამოსაყოფია საფრანგეთის მხარდაჭერა თურქეთის მოწინააღმდეგე საბერძნეთისადმი.

აი, ასეთ რთულ პოლიტიკურ თამაშებს ალიევმა სხვაგვარი მიდგომა დაუკავშირა და რუსულ სამშვიდობო კონტინგენტთან მისი პოზიცია ფაშინიანისას დაუახლოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ორივენი რუსული კონტინგენტის ყარაბაღიდან გაყვანის ვადის შემცირების მომხრეები არიან.

ასეთი ნაბიჯით ბაქო ცდილობს ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმებისთვის პოზიციების გამყარებას. შეთანხმების თანახმად, ბაქო უზრუნველყოფს ევროკავშირის გაზით მომარაგებას.

საფრანგეთის, ევროკავშირის, აშშ-ს გააქტიურებას მთიანი ყარაბაღის, საერთოდ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის მიმართ, ანტირუსული სარჩული აქვს. კოლექტიური დასავლეთი მაქსიმალურად ცდილობს რუსეთის ირგვლივ, განსაკუთრებით რუსეთის დასავლეთით, ნახევარმთვარის მსგავსი სარტყელის შექმნას, რომელიც ბალტიისა და შავი ზღვების ქვეყნების ანტირუსულ განწყობას ერთ მუშტად შეკრავს.

ყველა ეს ქვეყანა ნატოს წევრია და თუ არ არის, მაგალითად ფინეთ-შვედეთი, მალე ისინიც ალიანსს შეუერთდებიან.

პერსპექტივაში ნატოს წევრებად უკრაინა-მოლდოვა-საქართველოც მოიაზრებიან, მაგრამ როდის, არც ნატომ იცის და არც ამ სამმა. რაც ამ სამმა იცის, ისაა, რასაც ნატოს გენერალური მდივანი წამდაუწუმ იმეორებს  — ნატოს კარი თქვენთვის ღიაა.

ანალოგიური „ოპტიმისტური“ განცხადება ახლახანს გაკეთდა ნატოს ბუქარესტის შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობას ღებულობდნენ ნატოს და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები.

სტოლტენბერგმა დაწვრილებით ილაპარაკა უკრაინის ნატოში გაწევრებაზე და თქვა, რომ ამჯერად ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. ამჯერად დღის წესრიგში უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის საკითხია, გადარჩენის საკითხია. და თუ ის გადაურჩება რუსულ სამხედრო სპეცოპერაციას, როგორი სახის იქნება ის უკრაინა?

სტოლტენბერგის განმარტებით, გაწევრებაზე ლაპარაკი ნაადრევია. ნატომ სხვა გადაწყვეტილება გააჟღერა — უკრაინის საბრძოლო იარაღით და ტყვია-წამლით მომარაგება, ფინანსური დახმარების გაწევა და ყველა იმ ღონისძიების გატარება, რაც დააჩქარებს უკრაინის რუსეთზე გამარჯვებას.

რაც უფრო ხშირად გაისმის ნატო-ევროკავშირის ფსევდო-პატრიოტული ლოზუნგები, რომ უკრაინამ, რუსეთი უნდა დაამარცხოს — ეჭვს იწვევს და უფრო მეტსაც, ვინაიდან ხალხს უჩენს ყალბი პათოსის შეგრძნებას.

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა, კოლექტიურ დასავლეთთან პოზიტიური ურთიერთობების ჩამოყალიბების მიზნით, წარადგინა ჩამონათვალი საკითხებისა, რომელსაც 2022 წლის დასაწყისში მოჰყვა რუსეთ—აშშ-ს დელეგაციების შეხვედრები. შედეგი შეხვედრებისა იყო ნული, ვინაიდან აშშ-ა ჩათვალა, რომ მხოლოდ ზოგიერთ საკითხზე შეიძლებოდა მოლაპარაკებების დაწყება, დანარჩენზე არა — მიუღებლობის გამო.

მთავარი იმ საკითხებიდან იყო ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება. ერთი წლის გასვლის შემდეგ რა მოჰყვა აშშ-ს სიჯიუტეს?

უკრაინის სამხედრო სპეცოპერაცია, განადგურებული უკრაინა — როგორც სახელმწიფო; 100000 დახოცილი უკრაინელი ჯარისკაცი და 20000 მშვიდობიანი მოსახლეობა (ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით); ევროპის და თვით აშშ-ს ენერგეტიკული კრიზისი; კოლექტიური დასავლეთის მიერ რუსეთისთვის უამრავი რაოდენობის სანქციების დაწესება; რუსეთის გარიყვა დასავლური ცხოვრებისგან და რაც ყველაზე უფრო თვალშისაცემია მხარეთა შორის ბირთვული ომის შესაძლებლობაზე ლაპარაკი.

კოლექტიური დასავლეთის და მისი ლიდერის აშშ-ს დაუფიქრებელმა პოლიტიკამ არა მარტო რუსეთ-ჩინეთი დაუპირისპირა საკუთარ თავს, არამედ მსოფლიოში შექმნა რეალური წარმოდგენა აშშ-ს ყოვლისშემძლეობის არ არსებობაზე, აშშ-ს უსუსურობაზე, რომ აშშ-ი ვეღარ შეძლებს მსოფლიო ჰეგემონობას.

კოლექტიური დასავლეთის წინდაუხედაობამ არსებულ მსოფლიო „წესრიგს“ წყალი შეუყენა და გასაქანი მისცა ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას, სადაც ერთპოლისიანობას, მრავალპოლისიანობა ჩაანაცვლებს.

ახალი სისტემის ჩამოყალიბებას მრავალი წელი და დიდი შრომა დასჭირდება, რაც არც მწვავე დაპირისპირებას გამორიცხავს.

ჩამოთვლილი და ჩამოუთვლელი პრობლემები მწვავე და ფეთქებადია, მაგრამ კოლექტიურ დასავლეთს არ სურს ამის გააზრება, გაანალიზება, მათთვის, შესაბამისი გადაწყვეტილებების შეგებება მსოფლიოს გადასარჩენად. პირიქით, ნაცვლად შერბილებისა, ის ამწვავებს რიტორიკას რუსეთ-ჩინეთის მიმართ, დგამს იმ ნაბიჯებს, რის გამოც 2022 წლის თებერვალში რუსეთმა დაიწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია. ნატოს ბუქარესტის სამიტი ამის დასტურია.

დასასრულს მსურს კიდევ ერთხელ ვუთხრა მკითხველს — საქართველოს ნატოში შესვლის უტოპიურობაზე. განა, უკრაინა ამის მაგალითი არ არის?! სტოლტენბერგის განცხადება, უკრაინის ნატოში გაწევრებასთან დაკავშირებით, ჩვენ არაფერს გვეუბნება?!

სამწუხაროდ, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში დასავლეთის კულტი ჯერაც ზენიტშია. არადა, 30 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მოსკოვმა დამოუკიდებლობა გვიბოძა. 30 წელი საკმაო უნდა ყოფილიყო ყოფილი საბჭოელებისთვის კოლექტიური დასავლეთის გასაცნობად. ვერ გავიცანით, ვინადან გასული საუკუნეების აფრიკული ტომების მსგავსად, თეთრკანიან ევროპელს, მითუმეტეს ამერიკელს ღმერთის მოციქულად აღვიქვამთ, ვეთაყვანებით, მუხლებში უვარდებით, ვინაიდან ის „თეთრია“, ცივილიზებულია, ჩვენზე მეტია და ა.შ.

აი, ამ მონურმა მენტალიტეტმა გააქცია ფაშინიანი საფრანგეთ-ამერიკაში, რათა მათ ნათქვამს მისცეს გასაქანი, ანუ მათ პროექტს — სამშვიდობო ხელშეკრულებას და არა მოსკოვისას. რით დამთავრდება ეს ისტორია და დამთავრდება თუ არა — უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

03/12/2022