გუიმპლენის ღიმილი გვიშველის?

ევრო-ატლანტიკური სახეების მაყურებელს მახსენდება ვიქტორ ჰიუგოს ნაწარმოები „კაცი, რომელიც იცინის“ და მისი მთავარი გმირი გუიმპლენი. არც ნაწარმოების მძიმე ისტორია და არც გუიმპლენის რთული ცხოვრება არ უკავშირდება ჩემს რეტროსპექტივას; რაც უკავშირდება გუიმპლენის მუდამ მომღიმარი სახეა — პირიდან ყურებამდე სოფლის ღობის ნახევრად მონგრეულ და მოღიავებულ ჭიშკარს, რომ მაგონებს.

ევრო-ატლანტიკური სივრცის მცხოვრებთა ლამის თანდაყოლილო თვისებაა ღიმილით გაბადრული სახე — ნებისმიერ დროს, ადგილას, ვითარებაში. საბავშვო სახლებიდან დაწყებული აღმზრდელები, პედაგოგები აღსაზრდელებს ჩასძახიან „სეი ჩიიზ“ (say cheese) — ქართულად, „თქვი ყველი“. ინგლისური სიტყვა „cheese“-ს ნელა წარმოთქმა პირსა და სახეს ღიმილს მატებს.

ასედაამრიგად, სიტყვა „ყველზე“ აღმოცენებულმა ღიმილმა ჯერ ამერიკას, შემდეგ მისი გავლენით ევროპას ღიმილიანი სახეები „აჩუქა“. ღიმილი კი ადამიანის შინაგანი განწყობის, კეთილდღეობის გამომხატველია, თუ ეს ღიმილი ბუნებრივია და არა ტრადიციად ქცეული, ცრუ ღიმილი, ყველზე („cheese“) დამყნობილი.

გასული საუკუნის 80-იანი წლების სახელმწიფო მოღვაწეთა შორის უდავოდ გამოსარჩევი ფიგურაა საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საგარეო საქმეთა მინისტრი შალმა კიკნაძე. და არა იმიტომ, რომ ჩემი მინისტრი იყო — მე, მაშინ საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტოკოლისა და საკონსულო სამსახურის ხელმძღვანელი გახლდით, არამედ იმიტომ, რომ ბატონი შალვა ლიტერატურის, პოეზიის თაყვანისმცემელი და მცოდნე გახლდათ, რაც დიდად უწყობდა მას ხელს უცხოელ სტუმრებთან საუბრის კონსტრუქციულ წარმართვაში.

მაშინ საქართველოში გაცილებით მეტი სტუმარი ჩამოდიოდა, ისე, როგორც მაღალი რანგის დელეგაციები, რომელთა შორის ჭარბობდა ამერიკული — განსაკუთრებით კონგრესმენების, სენატორების.

მაშინ საბჭოთა კავშირი იყო და ინტერესი მის მიმართ განუზომელი. თვით სტუმრები, განსაკუთრებით ამერიკელები, იყვნენ მოკრძალებულები, თავმდაბლები, არა ისეთი გათავხედებულები, როგორც დღეს. ისინი აფასებდნენ საბჭოთა კავშირის ძალას, ისტორიას, ფაშიზმზე გამარჯვებაში შეტანილ აუწერელ წვლილს.

გუშინდელი ამერიკელი სხვა იყო — უფრო მისაღები. დღევანდელი სხვაა — უფრო მიუღებელი. მაშინაც და დღესაც, ძველსა და ახალს ერთმანეთთან თუ რა აკავშირებს — ღიმილია. ჰოდა, ბატონ შალვას ხშირად უყვარდა თქმა ამერიკელებზე — გამოყვანილი ხალხიაო, ანუ ხელოვნური. აი, ისეთი, თბილისის მერმა კალაძემ რომ ავტომანქანების სავალ გზაზე „პლასტმასის“ ბუჩქები და ჯუჯა ხეემი დარგო, მზის სხივზე, ცისფერთან ერთად, ქიმიურად მიღებულ ფერში რომ გადადის.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. ქვეყნის ისტორიაც შეიცვალა, ცხოვრების წესიც, გუშინდელი მოკრძალებული ამერიკელი საქართველოს ხელისუფლებაში სტუმრობისას, ხელისუფლებაზე მეტად შინაურად გრძნობს თავს და არც მალავს, რომ ისაა ჩვენი ქვეყნის ბატონ-პატრონი; ის, ისაა, ვისი ბრძანება ჰაერში უნდა ავიტაცოთ და მიწაზე დაშვებამდე შევასრულოთ. ის, არ გვიყვირის, მჯიღს მაგიდაზე არ გვირტყამს, თუმცა ზოგჯერ ამასაც კადრულობს. ის, გაღიმებული სახით, პირიდან აფრქვევს სიცივეს, ჟრუანტელის მომგვრელს და მასთან ერთად ენით აუწერელი რაოდენობის სიცრუეს.

„გინდ დაიჯერე, გინდ არა“ — ქართული გამოთქმა ვერ გიშველის. უნდა დაიჯერო და არა მარტო, არამედ შენც უნდა გაიმეორო — მეზობლებში, ახლობლებში, მეგობრებში, თუ ამის შესაძლებლობა გაქვს პრესაში.

თუ მკითხველს ჰგონია, რომ პრიმიტიულ რიტუალთან გვაქვს საქმე, ცდება! ამ, ვითომ პრიმიტივიზმის უკან, ობობას ქსელის მსგავსი, ჩახლართული კონსტრუქციაა, რომელიც მთელს კონტინენტებს მოიცავს, იქ მცხოვრებ ხალხებს და ყველას ერთად რაზმავს ერთი ქვეყნის, მბრძანებლობის ქვეშ.

ამერიკელმა ერთ საუკუნეზე მეტია მოქსოვა ეს ქსელი და მის დაშლა-დანგრევას შეეცდება? პირიქით! განმტკიცებისთვის ძალას არ იშურებს, ხშირ შემთხვევაში ადამიანთა მოდგმისთვის მიუღებელ ხერხებსაც იყენებს, შემდეგ გაღიმებული სახით საჯაროდ ამბობს — მე, არაფერ შუაში ვარო. და ჩვენც, სხვებიც ვუდასტურებთ — ამერიკელები არაფერ შუაში არ არიანო.

პატივცემულო მკითხველო, თქვენ იცით რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთი ნაკადი-2“-ს და „ჩრდილოეთის ნაკადის“ ისტორიის შესახებ, იმ ისტორიისა, რომელმაც შეძრა მსოფლიო და საერთაშორისო ახალ ამბვებში 10 დღის განმავლობაში ნომერ პირველ სიუჟეტად აქცია.

ორივე გაზსადენი 4 ადგილას გაიხვრიტა და არსებული გაზი წყალს შეუერთდა. ზარალი,  მარტო დაღვრილი გაზის სახით — 2 მილიარდ დოლარს აჭარბებს. ამ რაოდენობის გაზით, 2 თვის განმავლობაში, თავისუფლად შეიძლებოდა დანიის გათბობა — ასე ამბობენ სპეციალისტები.

ყველასთვის ნათელია, რომ გაზსადენი ააფეთქეს. ტერორისტიც ცნობილია, მაგრამ მას არვინ ასახელებს. ნეტავ, ვინ ააფეთქაო? — ბჭობენ ევროპელები და ამფეთქებლის დასადგენად კომისიას ქმნიან. დანია, შვედეთი, გერმანია გამოიძიებს საქმეს.

გაზსადენის ნაწილობრივ მეპატრონე „გაზპრომს“ უარი უთხრეს საგამოძიებო საქმეში მონაწილეობაზე. კომისიამ ეჭვმიტანილებიდან თავიდანვე გამორიცხა აშშ-ი, რომელმაც ტერაქტისთანავე განაცხადა, რომ არაფერ შუაშია. არადა, სწორედ მას აქვს ტერაქტის განსახორციელებელი ყველა ინსტრუმენტი.

ვაშინგტონში შეითხზა ვერსია, რომ ტერაქტი თვით რუსეთმა მოუწყო თავის თავს. „გინდ დაიჯერეთ, გინდ არა“-ს  აღარ ჯერდებიან, პირდაპირ, ჯიქურ აწვებიან მსოფლიოს — რუსეთმა ააფეთქა და უნდა დაიჯეროთო.

ეს ტერაქტი „ყვავილების თაიგულია“ იმ მეორე ტერაქტთან შედარებით, რომელიც პირველიდან, რამდენიმე დღეში შედგა და რომელმაც ყირიმის ხიდი ააფეთქა. ამ ტერაქტის რუსეთზე გადაბრალების ვერსია ისეთივე ხელოვნური და უსუსურია, როგორიც პირველი ტერაქტის.

ყირიმის ტერაქტის გამოძიება გრძელდება. ჩვენდა სამწუხაროდ, ტერაქტის მარშრუტი ბულგარეთში იწყება, საქართველო—სომხეთში გრძელდება, შემდეგ ჩრდილოეთ ოსეთის გავლით, კრასნოდარის მხარეში გადადის და ყირიმის ხიდზე, აფეთქებით თავდება. არის მსხვერპლიც — 4 ადამიანი, სატვირთო ავტომანქანის მძღოლის ჩათვლით.

წინასწარი გამოძიების მიხედვით, ამ ტერორისტულ აქტში ქართველებიც იღებდნენ მონაწილეობას, რაც გასაკვირი არ არის, ვინაიდან სირიის ომში პანკისელმა ტერორისტებმა ისე „გამოიჩინეს“ თავი, დღემდე რომ არასასიამოვნო ჟრუანტელს იწვევს ყველა შეგნებულ ქართველში, თუმცა ასეთთა რაოდენობა (შეგნებულთა) იმდენად უმნიშვნელოა, რომ ხალხის მენტალიტეტზე გავლენას ვერ ახდენს.

პანკისელთა „გმირობა“, უკრაინის ფრონტზე გამოვლენილმა „გმირობამ“ ჩაანაცვლა — ნეოფაშისტი უკრაინელის გვერდიგვერდ რუსთა წინააღმდეგ ომში.

თითქოს ხელისუფლება ოფიციალურად არ მოუწოდებს ქართველობას უკრაინის ომისკენ, მაგრამ არაფერს აკეთებს საწინააღმდეგოს. პირიქით, იქ დაღუპულებს სამხედრო პატივით კრძალავენ — ისეთით, გმირს რომ შეეფერება.

საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას ძულს რუსეთი, როგორც აგრესორი, ოკუპანტი, ბოროტი ქვეყანა და უყვარს უკრაინა, ანუ გადატრიალებული რუსი, იმიტომ, რომ იმ გადატრიალებულს თავი „კიტრად“ მოაქვს — თავისსავე სისხლსა და ხორცზე უკეთესად, განათლებულად, ევროპელად, თითქოს ევროპელობა ღმერთთან გათანაბრების საშუალება  იყოს.

ქართველთა უდიდესმა უმრავლესობამ არ იცის, რომ უკრაინის სახელმწიფოებრიობა გასული საუკუნის 20-იან წლებში იწყება, უფრო ზუსტად 1922 წელს, როდესაც ლენინის მითითებით შეიქმნა საბჭოთა კავშირი; როდესაც მეფის რუსეთის ტერიტორიაზე დაიწყო სხვადასხვა ხალხთა პროლეტარიატის შეერთება. საბჭოეთში დაბადებულებს კარგად ახსოვთ ლოზუნგი — „პროლეტარებო ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“ და მოხდა მასშტაბური შეერთება, ჯერ რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე, ხოლო შემდეგ მსოფლიოს — მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ.

მაშინ ბოლშევიკი ბელადები ვერაფრით წარმოიდგენდნენ, რომ ღონგამოცლილი კაპიტალიზმი შეძლებდა ომის შემდგომი კომუნისტური ელიტისთვის კაპიტალისტური ბაცილის შეყრას და ისეთ გადაგვარებას, გიგანტი ქვეყნის დაშლას რომ გამოიწვევდა.

საქართველო, დაშლილი საბჭოეთის ნანგრევებიდან ამოწვერილი სუსტი ბალახია, რომელიც მსოფლიო პოლიტიკის ატმოსფერული რყევების შედეგად აქეთ-იქით იზნიქება. ღეროს არამდგრადობა არ აძლევს მას მზისკენ აწვერვის საშუალებას. ამ დამთრგუნავ პროცესს გადამთიელის ძალისხმევაც ემატება, რომელიც დღენიადაგ ჩასჩურჩულებს, რომ ის ევროპელია; რომ მისი ტრადიციული საარსებო ადგილი ევროპაა და არა რუსეთი; რომ რუსეთი მტერია, რომელსაც მუდმივად უნდა ეომოს, მეტადრე ენით, თორემ ნამდვილი ომის თავი საქართველოს სად აქვს?

ასედაამრიგად, გადავიქეცით რუსეთის და გავლილი საბჭოური ცხოვრების უშვერი სიტყვებით მაგინებელ ერად. გადამთიელი მასწავლებლის წყალობით, ჩვენც, ისეთივე ერთუჯრედიანი ევროპელი არსებები გავხდით — გუიმპლენის უაზრო ღიმილით და ტყუილების ტირაჟირებით.

კაჭკაჭებივით ვიმეორებთ ვაშინგტონში შეთხზულ ტყუილს, რომელსაც მათი ემისარი, მისთვის ჩვეული შუბლის ძარღვის გაწყვეტით, დროდადრო ჩაგვძახის — არასდროს გვითქვამს საქართველოს ხელისუფლებისთვის, რუსეთს მეორე ფრონტი გაუხსენითო. სჯერა ვინმეს დეგნანის „ფიცის“?

სჯერათ — სამწუხაროდ, ბევრს, ვინაიდან ასეა საჭირო. რა ჰქვია იმას, როდესაც არ გჯერა, მაგრამ გჯერა? ამ მოვლენას ქართულ-ამერიკული ან პირიქით — ფენომენი ჰქვია.

აშშ-ს ზეწოლა თუნდაც ევროპის „მოკავშირე“ ქვეყნებზე, მეორე ევროპული ქვეყნის საომრად წაქეზება არახალია.

დეგნანს „მალამოსავით“ მოედებოდა გულზე სერბეთის პრეზიდენტის ვუჩიჩის განცხადება აშშ-ს პრეზიდენტ კლინტონთან დაკავშირებით. ვუჩიჩმა გააჟღერა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ორბანის ნათქვამი, რომ კლინტონი აძალებდა ორბანს იუგოსლავიის წინააღმდეგ ომის დაწყებას, რაც მწვანე შუქს აუნთებდა თვით ვაშინგტონს ომის გაჩაღებაში. ორბანმა გაუძლო ამერიკულ ზეწოლას. ჯერ-ჯერობით საქართველოს ხელისუფლებაც უძლებს — ჯერ-ჯერობით.

ზეწოლა მრავალმხრივია, თანაც ისეთი, ვერვინ ივარაუდებს სად გაწყდება ცხოვრებისეული ძაფი. ხალხური ნათქვამია — წყდება იქ, სადაც ვიწროა. ვიწრო ადგილები კი საქართველოს უამრავი აქვს. საკმარისია ერთის გაწყვეტა, რომ ამოქმედდეს დომინოს პრინციპი.

და რა იქნება შემდეგ? იქნება იმაზე უარესი, გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში რომ იყო  — უშუქობა, უგაზობა, უპურობა, უტაქსობა, ქურდობა, ბანდიტობა, შემთხვევითი ტყვიით აივანზე ადამიანის მკვლელობა. იქნება ყველაფერი ის, რაც რის ვაივაგლახით გადავლახეთ, მაგრამ ცხოვრება ვერ ავიწყვეთ. დავჯერდით კომუნისტური წყობის სიკეთით შექმნილის დაშლა-გაყიდვას.

ჩვენს სამეზობლოში საქართველოა გამორჩეული. რითიო? — იკითხავთ. გიპასუხებთ, არა იმით, რითიც ნებისმიერი საღად მოაზროვნე ქვეყანა უნდა გამოირჩეოდეს — სოფლის მეურნეობით, მრეწველობით, მეცნიერებით. არა, მეგობრებო — ელიტარული ქურდობით და პოლიტიკური ლაქლაქით — უაზრო, უსაგნო ლაქლაქით, ხალხმრავალი ქორწილებით და ქელეხებით. ის, რაც „კოვიდ-19“-ს კრიზისულმა პერიოდმა დაგვაკლო, ახლა ვინაზღაურებთ.

როდესაც პატარა ქალაქში ვიღაც ვექილი თავს უფლებას მისცემს ქუდზე კაცს მოუხმოს — ქორწილში და მას ქალაქის მესვეურები არ შეახურებენ, ნათელია რა ევროპელებიც ვართ! 700-კაციანი ქორწილი გამონაკლისი შემთხვევაა თუ მანკიერი ტრადიცია?

და ეს ხდება იმ ქვეყანაში, სადაც გაეროს მონაცემებით 75000 ბავშვი შიმშილობს. რამდენი საჭმელი გადაიყრებოდა იმ ქორწილში?

ნეგატიური მომენტების ჩამოთვლას ტომები არ ეყოფა, მაგრამ უნდა ითქვას, დაიწეროს, გაკრიტიკდეს შინაურიც და გარეულიც, მითუმეტეს შინაური, რომელსაც 30-წლიანმა ე.წ. დამოუკიდებელმა ცხოვრებამ ვერ შეაგნებინა, რომ საქართველო მისი სამშობლოა, რომელიც კვებასაც საჭიროებს; ვერ შეაგნებინა, რომ კვების გარეშე რძე არ ჩადგება ჯიქანში; ვერ შეაგნებინა, რომ სამშობლო უსულო მცნება კი არა, სულიერია, რომელიც უყურადღებობით, ზერელე დამოკიდებულობით ხელში შეიძლება შემოადნეს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

14/10/2022