მივიწყებული „უიქენდი“

„უიქენდ“-ი (weekend), ანუ სამუშაო კვირის ბოლოს დასვენების დღეები ე.წ. კოლექტიურ დასავლეთში ენით აუწერელ კეთილდღეობასთან იყო გათანაბრებული და ცოტა თუ შეეცდებოდა ამ ტრადიციის დარღვევას.

კოლექტიური დასავლეთის „ედემისგან“ შორს მყოფს, „ჯუნგლებში“ მცხოვრებს ხომ არასდროს მოუვიდოდა თავში ევრო-ატლანტიკური სივრცის მკვიდრთა შეწუხება „უიქენდის“ დროს?

მკითხველის გათვითცნობიერების მიზნით განვმარტავ ზემომოყვანილი „ედემისა“ და „ჯუნგლების“ მნიშვნელობას ამ კონკრეტულ შემთხვევაში.

მოკლე განცხადებაში, რომელიც ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომისარმა ბორელმა გააკეთა, ამ ორ სიტყვას ისეთი ტვირთი აჰკიდა, დღემდე რომ იმ „ედემში“ მცხოვრებთ უხერხულებას გვრით.

ისინი დაუფარავად აცხადებენ, რომ ემიჯნებიან ამ სიტყვების ავტორს, დაახლოებით ასეთი ტექსტით — ჩვენ კი ვიცით, რომ „ედემის ბაღში“ ვცხოვრობთ, ისიც ვიცით, რომ ჩვენს ირგვლივ „ჯუნგლებია“, რომელიც გაჯუნგლებით გვემუქრება, მაგრამ ამ დაძაბულ ვითარებაში ღირს ესოდენ საჭირბოროტო თემაზე ყურადღების გამახვილება?

კოლეგების განცხადებამ ბორელს ბოდიშის მოხდისკენ უბიძგა და მანაც არ დააყოვნა — საჯაროდ მოიხადა ბოდიში, თან გულში იფიქრა — მე ამ ბოდიშს პირით ვიხდი და არა გულით, რომელიც უდავოდ ედემურად მიძგერს და არა ჯუნგლურად.

ვინც ბორელის განცხადება მოისმინა, და ასეთთა რაოდენობა ცოტაა, ნაკლებ ყურადღებას მიაქცევდა მის მიერ გამოყენებულ სიტყვებს — „ედემსა“ და „ჯუნგლებს“, ვინაიდან ყური აქვთ შეჩვეული ენითაუწერელ ტერმინოლოგიას, წამდაუწუმ რომ კოკისპირულ წვიმასავით იფრქვევა ტელეეკრანებიდან — დედ-მამის, ახლო ნათესავების, შვილების, ახლობლების ხსენებით.

საჯაროდ გამოთქმულმა უწმაწურობამ ისე მიგვაჩვია ამ „ბედნიერებას“, რომ „ედემი“ და „ჯუნგლები“ მართლაც სამოთხედ მოგვეჩვენება, მაგრამ რა კონტექსტში?

ბორელისეულ კონტექსტში შეურაცხყოფაა ყველა იმათი, ვინც „ედემში“ კი არა „ჯუნგლებში“ ცხოვრობს. ბორელმა თქვა, რომ ევროკავშირი ედემია იქ მცხოვრები ხალხებისთვის, რომლებმაც თავიანთი შრომით შექმნეს ეს შესანიშნავი ბაღი. ამ ბაღის მიღმა, მეზობლად კი არის ჯუნგლები, რომელიც ემუქრება ედემის ბაღს.

ბორელის აზრით, არსებობს ცივილიზებული, გალაღებული, ცხოვრებით კმაყოფილი დასავლეთი და არის ცხოვრებით უკმაყოფილო ხალხთა კრებული, ჯუნგლებში, წყვიადში მცხოვრებნი, რომლებსაც სურთ ედემში შეჭრა და იმ საამური ცხოვრების საკუთარ თავზე მორგება.

კაცმა რომ თქვას — რატომაც არა?! ჯუნგლებში მცხოვრებმა მილიარდებმა  ხომ იციან, რომ ედემის ბაღის მკვიდრებმა, საამური ცხოვრება, ჯუნგლების ძარცვა-გლეჯვით მოიწყვეს?! და ამასაც რომ არ ჰქონოდა ან ჰქონდეს ადგილი, ბორელის განცხადება ხომ პირდაპირი მანიშნებელია მდიდართა პრიორიტეტულობისა ღარიბებზე?

ბორელის განცხადება ხომ აპარტეიდის აშკარა გამოვლინებაა? იმ აპარტეიდის, რომელსაც ადგილი ჰქონია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში და ე.წ. ცივილიზებული ევროპა ხმალამოღებული ებრძოდა?!

ბორელის განცხადება ნაციზმის შემცველი რამ არის, უფრო სწორად ნეო-ნაციზმის, რომელმაც კარგა ხანია თავი წამოჰყო ამერიკა—ევროპაში და მათი მეცადინეობით ფართო გავრცელება ჰპოვა უკრაინაში.

როდესაც ბორელი ამბობს, რომ ედემში მცხოვრებმა მაღალმა რასამ, ჯუნგლების გასაკეთილშობილებლად, იქ შესვლა უნდა მოახერხოს, ჯუნგლების შესაკრეჭად, შესალამაზებლად, საკუთარი ცხოვრების წესის თავსმოსახვევად — სხვა არაფერია, თუ არა ძველის გამეორება. მერე რა, რომ იმ ძველმა, სხვათა ცხოვრების წესის შესაცვლელად მილიონობით დაუმორჩილებლის სიცოცხლე შეიწირა, მათ შორის ყველაზე მეტი საბჭოელის — 26 მილიონი … ?!

თუმცა გასაკვირი არაფერია, ვინაიდან ბორელი იმ ქვეყნის შვილია, ფრანკისტული რომ იყო. ფრანკო — ჰიტლერის ურთიერთობები ისტორიის  ნაწილია, ესპანეთის უმრავლესობა რომ თავდახრილი იხსენებს.

მათგან განსხვავებით ბორელი ამაყია, თავმომწონე ესპანელი, დიპლომატი, დიპლომატიის ჩარჩოებიდან რახანია გასული, საერთაშორისო საკითხების, განსაკუთრებით კონფლიქტურის არა ენით, არამედ იარაღით მოგვარების მსურველი.

ბორელის თითოეულ სიტყვაზე შეიძლება შედავება. ამ სიტყვების ერთად თავმოყრამ მძიმე შედეგი გამოიღო, თუმცა ბორელი ასე არ ფიქრობს — ძველი ევროკავშირის ხიბლშია გახვეული, თორემ დღევანდელ ევროკავშირზე ედემობის დაბრალება ისეთივე აბსურდულობაა, როგორც უკრაინის ნეო-ფაშიზმის გაკეთილშობილების მცდელობა.

ევროკავშირი მართლაც იყო კეთილდღეობის ამსახველი ორგანიზაცია მასში შემავალი ევროპის ქვეყნების მცხოვრებთა მიმართ. სოციალური საკითხების წინა პლანზე წამოწევამ და პოზიტიურად გადაწყვეტამ, ევროპელთა ცხოვრების დონე, დანარჩენ ქვეყნებთან შედარებით სამაგალითოდ აქცია.

ევროკავშირის ეკონომიკური წარმატებები ევროპის ხალხთა სოციალური ცხოვრების უმთავრესი მასტიმულირებელი გახდა. მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, მანქანათმშენებლობა, მეცნიერება, ისე, როგორც დანარჩენი დარგები ახალ-ახალ მწვერვალებს ლაშქრავდნენ, უკეთესი მომავლის პერსპექტივის დეკლარირებით.

წარმატებული ცხოვრებით კმაყოფილი, მსუყე არსებობით გაზულუქებული ევროპელი წამითაც არ ფიქრობდა კეთილდღეობის საყრდენზე, საიდანაც აღმოცენდა მისი ბედნიერება, განსაკუთრებით გერმანელის — ევროკავშირის გრძელი მატარებლის თავში მძლავრ ლოკომოტივად ქცეულში.

მაშინ არვინ ფიქრობდა, რომ წარმატებების წყარო ბუნებრივი აირი, ნავთობი, ნავთობპროდუქტები, ენერგეტიკაა. მაშინ არვინ ფიქრობდა, რომ რუსეთიდან მიღებული გაზი — ერთობ იაფი, იმ ყველაფრის ფუნდამენტია, რასაც კეთილდღეობა ჰქვია; რომ გაზი არის ელექტროენერგია, სითბო, სიცივე ზაფხულში, განათებული ქუჩები, მოგუგუნე საწარმოები, დასაქმება, მინიმალური უმუშავრობა, წარმატებული ბიზნესი, პურის ცხობა, კვების პროდუქტების წარმოება, … — ერთი სიტყვით ყველაფერი ის, რის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია.

გაზულუქებული ევროპელი არ ფიქრობდა და ალბათ არც იფიქრებდა ფაქტის წინაშე დადგომამდე. ფაქტი კი 24 თებერვალი იყო — უკრაინაში რუსეთის სამხედრო სპეციალური ოპერაციის დასაწყისი.

კოლექტიურმა დასავლეთმა უმალ დაგმო რუსთა გადაწყვეტილება და თავ-ფეხიანად გადაეშვა საომარ მორევში. 24 თებერვლიდან დაწყებული, უწყვეტი კონვეიერივით მიდის უკრაინისკენ მსუბუქი თუ მძიმე შეიარაღება, ფინანსები, კვების პროდუქტები. კოლექტიური დასავლეთი „ბოევიკებსაც“ უგზავნის უკრაინას რუსეთთან საომრად. შედეგი? 8 თვის თავზე გავერანებული ევროპა, გაღარიბებული ხალხი, გაუარესებული სოციალური ყოფა, ჩაბნელებული ქალაქები, ავტოგასამართ სადგურებზე ავტომანქანების მრავალკილომეტრიანი რიგები, დახურული საწარმოები, უმუშევრობა, მრავალათასიანი მიტინგები და დემონსტრაციები — ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნით.

ვინაიდან საჯარო გამოსვლები დასვენების დღეებში იმართება, ვიღას ახსოვს „უიქენდი“? ახსოვთ, მაგრამ არა ისე, როგორც 24 თებერვლამდე კვირის ბოლოს დასვენებასთან გაიგივებული.

დღეს, სხვანაირად ახსოვთ, განსაკუთრებით ევროპელ ხელისუფალთ. „უიქენდი“ მათთვის კოშმარად არის ქცეული — ქუჩის მრავალათასიანი დემონსტრაციებით, პროტესტებით, კარვებით, პოლიცია—დემონსტრანტების შეტაკებებით, ცრემლსადენი გაზებით, პოლიცია რომ სისტემატურად იყენებს დემონსტრანტების დასაშლელად.

„უიქენდის“ მოახლოება ნიშნავს საპროტესტო მარშებს, პოლიტიკურ და სოციალურ ლოზუნგებს ხელისუფალთა გადადგომის მოთხოვნით. არადა, ჯერ ზამთარი არ შესულა ძალაში. სიცივესთან ერთად მოვა უამრავი პრობლემა სოციალურ ყოფაზე მიჯაჭვული. შეძლებენ ევროპის ქვეყნების მთავრობები ხალხის ელემენტარული მოთხოვნების დაკმაყოფილებას?

რომ ვერ შეძლებენ — ფაქტია.

„უიქენდიდან“, „უიქენდამდე“ გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, ბელგიის, ესპანეთის, სხვა ევროპული სახელმწიფოების ხელისუფლებები, ევროკავშირი, ძნელად გასაგები კომისიები, მუდმივ ჭმუნვაში არიან „უიქენდის“ მარშებთან დაკავშირებით.

კვირა ისე არ ჩაივლის კოპწიად გამოწყობილი ევროპელი მთავრობის მეთაურები — ქალ-კაცები, ერთობ გამოუცდელნი და თავხედნი პოლიტიკასა და ეკონომიკაში, აგრესიულები ისტორიული მტრის რუსეთის მიმართ, მტლაშა-მტლუშით არ ხვდებოდნენ ერთმანეთს ბრიუსელის შტაბ-ბინაში. იკითხავთ — ამდენი ხვევნა-კოცნა მოდაა თუ სიყვარულის გამოვლინება? არც ერთი და არც მეორე. ეს მოჩვენებითი სიყვარულია, ვითომ ერთად დგომის, მტაცებელ ცხოველთა ინსტინქტი, მტრის გამოჩენა რომ აღვივებს მათში.

უყურებ და ფიქრობ, როდისღა მუშაობენ ისინი საკუთარ ქვეყანაში? ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში მორიგეობით, მაგრამ მუდმივად გამართულ კონფერენციებსა და თავყრილობებზე დასწრება, უსაგნო სიტყვების წარმოთქმა მათ მუშაობად მიაჩნიათ. შედეგიც სახეზეა — დაცემული ეკონომიკისა და გაპარტახებული სოციალური ვითარების სახით.

თანამედროვე ევროპელმა პოლიტიკოსებმა შეუძლებელი შეძლეს და დროის მცირე მონაკვეთში — 8 თვეში ისე გადაუარეს წინაპართა მიერ აშენებულ ევროპას, როგორც ქარიშხალმა იაპონიის ფუკუსიმას.

დანგრევას, თუკი ხელისუფალი მოინდომებს, არაფერი უდგას წინ — 8 თვეშიც შეიძლება. ასე გვეგონა მანამ, ვიდრე ინგლისის პრემიერ-მინისტრად ელიზაბეტ ტრასი არ „გაიჩითა“. 8 თვე რა არისო, 44 დღეში მოვუღებ ბოლოს ბრიტანეთის ეკონომიკასო — თქვა და შეასრულა. მთავრობის მეთაურიც ამას ჰქვია, დაპირების შესრულებაც და სხვა მრავლიც.

დიდი ბრიტანეთის ხელოვნურად გამოყვანილმა ხალხმაც ვერ გაუძლო ტრასის ექსპერიმენტს და სასოწარკვეთილმა ისეთი ბღავილი მორთო, გამოთაყვანებული მმართველი კონსერვატიული პარტია გამოაფხიზლა საღათას ძილისგან.

გამოფხიზლებულმა, ტრასი აიძულა გადამდგარიყო. და მერე რა? დანგრეულ ეკონომიკას ეშველება?! თვით ბრიტანელი ეკონომისტების განცხადებით, აღორძინებას მრავალი წელი დასჭირდება. პირადად მე ვისურვებდი ტრასის დარჩენას, რათა მას მსუყე წერტილი დაესვა დღევანდელი ბრიტანული პოლიტიკური სისტემისთვის, რომელიც ფეიკ-ნიუსებისა და რუსოფობიური პროპაგანდის გარდა, არაფერს ქმნის საკუთარი ხალხის კეთილდღეობისთვის.

ევროპის ქვეყნებში წამდაუწუმ იცვლება მთავრობები. მიზეზი — არაკომპეტენტური მმართველობაა. ვინ იქნება ტრასის შემდეგი? ვის აიძულებენ წასვლას? გერმანიის კანცლერ შოლცზე მიგვითითებენ. ისიც ხომ ისეთივე „მჩატე“ პოლიტიკოსია, როგორიც ტრასი?!

შოლცის რეიტინგი აჭარბებს ტრასისას, მაგრამ არც ისე, ავი ხმები რომ არ დაბადოს. შოლცი, ისე, როგორც ტრასი, აძაგებს რუსეთს და აღმერთებს ფაშისტურ უკრაინას. გასაკვირი არაფერია ფაშისტური გერმანიის გრუპენ-ფიურერის შვილიშვილისგან, საერთოდ გერმანელი პოლიტიკოსებისგან, რომლებმაც მიივიწყეს მეორე მსოფლიო ომის პერიპეტიები, წითელი არმიის ძალა და საბჭოეთის მემკვიდრე რუსეთს ქედმაღლურად დაჰყურებენ.

უკრაინელი ფაშისტების დახმარება თანამედროვე გერმანული პოლიტიკის სულიერი მოთხოვნილებაა  და არა მარტო გერმანიის, არამედ სრულიად ევროპის. მაშინაც და დღესაც ევრო-ატლანტიკურ სივრცეს ფაშიზმი, ნაციზმი ადუღაბებს. სიახლე ამაში ისაა, ნაციზმს თავში „ნეო“ რომ დაემატა.

იმჟამინდელი ნაციზმი, გერმანიის დროშის ქვეშ დარაზმული, აღმოსავლეთით მიილტვოდა. ჰიტლერის არმიაში ლამის მთელი ევროპის სახელმწიფოები იყო წარმოდგენილი. დღესაც ასეა, ოდნავი განსხვავებით. მაშინ, გერმანული ნაციზმი აერთიანებდა ანტისაბჭოურ კოალიციას. დღეს, ამერიკამ ჩაანაცვლა გერმანია. ისაა მთავარი იდეოლოგი,  ევროკავშირის ანტირუსულად დამრაზმავი, უკრაინული ნაციზმის ამღორძინებელი და რუსეთის წინააღმდეგ წამქეზებელი.

ამერიკა ისაა, ვინც წარბშეუხრელად თავის დანაშაულს სხვას აჰკიდებს. ამერიკა ისაა, ვინც ძალას არ დაიშურებს მეტოქის ჩასაძირად. ამერიკა ისაა, ვინც ბირთვული იარაღის გამოყენებიდან უკან არ დაიხევს იმის იმედით, რომ გლობალურ კატასტროფას გადაურჩება და მეტოქის გარეშე გააგრძელებს ცხოვრებას.

ამერიკა ისაა, ვინც თავის მოკავშირეებშიც მეტოქეს ხედავს და ცდილობს მათ მოთოკვას, დაშლა-განადგურებას. ფაქტი სახეზეა და მას გერმანია ჰქვია. უგაზოდ დარჩენილ ევროპას ამერიკამ საკუთარი გაზი შესთავაზა — 4-ჯერ ძვირად, ვიდრე რუსული გაზი. და მერე რა? მიხვდა რამეს ევროპა? შოლცის განცხადების მიხედვით — არც არაფერს! ნაცვლად იმისა, რომ ხალხის აღშფოთებაზე გაეცა პასუხი, მან სიამაყით თქვა, რომ ღმერთის წყალობით გერმანიამ თავი დააღწია რუსული გაზისგან.

დაკმაყოფილდა თუ არა უგაზობით შეწუხებული გერმანელთა მოთხოვნა გაზის მიღებასთან დაკავშირებით, განმარტებას არ საჭიროებს. შეამცირებს თუ არა პროტესტანთა გახშირებულ გამოსვლებს შოლცის განცხადება — ძნელი გამოსაცნობი არ არის. რაოდენობა დემონსტრაციებისა მატულობს და მასთან ერთად მთავრობის გადადგომის მოთხოვნაც.

უკრაინის თემა უწინდელივით აქტუალურია. ამერიკელთა ზეწოლით კოლექტიურმა ევროპამ უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაცია საკუთარ ღვიძლ საქმეთ აქცია. რა დევს ამაში? გარდა რუსოფობიისა, საკუთარი ნეო-ფაშიზმიც, მეორე მსოფლიო ომში განცდილი უმძიმესი მარცხი და დიდი ბატონისადმი ყურმოჭრილი მორჩილება, რასაც სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიასთან არავითარი კავშირი არ აქვს.

რაც შეეხება საქართველოს — ჭურში ჩატენილობის გამო, მას არავითარი წარმოდგენა არ აქვს უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე. საქართველოს მოსახლეობამ და პოლიტიკამ არაფერი იცის უკრაინის შესახებ, განსაკუთრებით მისი პოლიტიკის. რაც იცის, ცალმხრივი და ტყუილებით აღსავსეა უკრაინის ტელეარხების წყალობით.

საქართველოს პოლიტიკამ თუ იცის უკრაინაში რა ხდება და ამის შესახებ არ უყვება საქართველოს მოსახლეობას — დანაშაულია.

ჩანს, რომ მოსახლეობამ არ იცის უკრაინული ნეო-ფაშიზმის შესახებ; არ იცის რა სახელმძღვანელოებით ურეცხავენ უკრაინელ ბავშვებს ტვინებს — პირველი კლასიდან დაწყებული; საქართველოს მოსახლეობამ არ იცის, რომ აშშ—კანადაში დაბეჭდილი სახელმძღვანელოები, გერმანული და უკრაინული ფაშიზმის ხოტბაა; არ იცის, რომ უკრაინელ ბავშვებს თავში უტენიან რუსეთისა და რუსის სიძულვილს; არ იცის, რომ ბავშვები, სკოლიდან დაწყებული, რუსეთის ზიზღით იზრდებიან და მზად არიან ისინი დახოცონ.

საქართველოს მოსახლეობამ არ იცის, რომ უკრაინელებს სისტემატურად ჩასჩიჩინებენ, ისინი მსოფლიო ცივილიზაციის შემქმნელნი არიან; რომ ქრისტე უკრაინელია; რომ უკრაინა უძველესი ერია — ყველაზე დიდი ისტორიის მატარებელი. საქართველომ არ იცის, რომ უკრაინელი, ყველა დანარჩენ ერებზე მაღლა დგას და ა.შ.

საქართველოს მოსახლეობამ არ იცის, რომ უკრაინული ნაციზმი სახიფათოა და თუ მან უკრაინის ფრონტზე მიაღწია წარმატებას, შეკავება მისი პრობლემატური გახდება.

ამ სავალალო ფონზე პარლამენტის თავმჯდომარის პაპუაშვილის განცხადება, რომ უკრაინა ომს უგებს რუსეთს, მძიმე შეცდომაა და რატომ? უპირველესად იმიტომ, რომ ბრძოლის მოგება, ომის მოგებას არ ნიშნავს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც არც ასეთს აქვს (ბრძოლის მოგებას) ადგილი.

რუსეთ—უკრაინის ზედაპირული მცოდნისთვისაც ნათელია, რომ გაძვალტყავებული უკრაინა რუსეთს ომს ვერ მოუგებს.

მეორე და მნიშვნელოვანი, პაპუაშვილის ნათქვამმა შეიძლება წაახალისოს ე.წ. „ეროვნული“ აზროვნების მატარებელი ქართველები, ისედაც ამერიკელთა ზეწოლაში მყოფნი, რომ დადგა დრო დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებისა — უკრაინა ხომ ომს უგებს რუსეთს!!!

არის თუ არა მსგავსი განცხადება სახიფათო?! არის და რახან ასეა, მმართველმა პარტიამ შესაბამისი დასკვნები უნდა გააკეთოს.

დღევანდელი უკრაინა უფრო ტერორისტული ორგანიზაციაა, ვიდრე სახელმწიფო. ის თავისი იდეოლიგიით „ისლამურ სახელმწიფოს“ წააგავს — ამერიკელთა მიერ შექმნილს. ასეთისგან, ზოგიერთ ქართველზე სანქციების დაწესება ღიმილის მომგვრელია. ამაოდ ხარობს „ნაციონალური მოძრაობა“, სხვა ოპოზიციონერები უკრაინის ტერორისტული ორგანიზაციის ბოსის,  ზელენსკის მიერ ივანიშვილის ახლობლების დასანქცირებას, ვინაიდან ასეთი უდავოდ არ აღიქმება ქვეყნად.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

23/10/2022