სიტყვა, რომლითაც რუსეთმა საბოლოოდ შეაქცია ზურგი დასავლეთს

რუსეთის შემადგენლობაში დონბასის, ხერსონის და ზაპოროჟიეს მიღების ცერემონიალზე, რომელიც კრემლში გაიმართა, პრეზიდენტ პუტინის მიერ წარმოთქმულმა სიტყვამ დიდი სჯა-ბაასი გამოიწვია, როგორც რუსეთში, ისე საზღვარგარეთის ქვეყნებში.

შეფასებები, რომლებიც რუსეთში გაკეთდა — უმეტესად დადებითი, მკვეთრად განსხვავდება უცხოეთში გაკეთებული შეფასებებისგან.

იქაური  შეფასებები ნაკლებად ემოციურია, ჭარბობს დასკვნების გაკეთების მცდელობა, თუმცა იმ პოლიტიკის გამომხატველი, რასაც ადგილი აქვს დასავლეთში.

საგაზეთო სტატიებსა და პოლიტიკოსთა განცხადებებში ჭარბობს ზომაგადასული კრიტიკა, რაც ნაკლებად გასაკვირია. გასაკვირი იქნებოდა ის, რომ დასავლეთს ეღიარებინა შემდეგი — რაც პუტინმა თქვა მართალია. ჩვენმა პოლიტიკამ აიძულა ის მკაცრი პოზიცია დაეკავებინა ჩვენს მიმართ.

მაგრამ ასეთს, დასავლეთისგან არვინ მოელის. მოელის იმას, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა ბაიდენმა ბრძანა — კოლეგა პუტინის ლანძღვა-გინებით ა.წ. 24 თებერვლის შემდეგ, ანუ რუსეთის მიერ უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე, ბაიდენმა იმდენი სალანძღავი სიტყვა „უძღვნა“ პუტინს, ძნელია დაადგინო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების რაოდენობის ტოლი თუ უფრო მეტი.

თანამედროვე პოლიტიკა, უწინდელთან შედარებით, ერთობ დაბალ დონეზე არსებული, მოითხოვს ამას. თუ იკითხავთ — ვინ მოითხოვს, უყოყმანოდ გიპასუხებთ — დაბალი კვალიფიკაციის, გაუნათლებელი, თავხედი პოლიტიკოსების ინფანტილურობა, მზაკვრული აზროვნება.

ბაიდენმა, რომ პუტინს ფაშისტობა დაწამოს, სულაც არ არის გასაკვირი, იმ ფონზე, როდესაც აშშ-ს რესპუბლიკურ პარტიას და მის ლიდერს, ყოფილი პრეზიდენტ ტრამპს ფაშისტად მოიხსენიებს. ამ უკანასკნელმაც ბაიდენისეულ შეფასებას თავში „ნეო“ დაუმატა და არაკეთილი სურვილებით უკან დაუბრუნა.

სიტყვა „ფაშისტი“-ს გამოყენება პოლიტიკოსთა მხრიდან ისე გახშირდა, ვვარაუდობ, ფასს დაკარგავს და ისეთივე გახდება, როგორც სიტყვა „დემოკრატია“ ან „პატრიოტიზმი“.

ორივემ კარგა ხანია დაკარგეს მნიშვნელობა და სალანძღავ სიტყვათა ლექსიკონში რიგითი ადგილი დაიკავეს.

სიტყვა „ფაშისტს“, რომ ჯეროვნად არც ევროპაში აღიქვამენ, ევროკავშირის შეფმა ქალბატონმა ურსულა ფონდერლაიენმაც დაამტკიცა, როდესაც იტალიის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი დღით ადრე მოუწოდა იტალიელებს ხმა არ მიეცათ — ურსულას აზრით, ფაშისტებისთვის.

თუ როგორ დაუჯერა იტალიელმა ამომრჩეველმა ურსულას, ცნობილია. „ფაშისტებმა“ ქალბატონ ჯორჯო მელონის ხელმძღვანელობით გაიმარჯვეს. გამარჯვებულს კი უდავოდ ჩააბრძანებენ პრემიერ-მინისტრის სავარძელში.

იკითხავთ — რატომ არის მელონი და მისი პარტია ფაშისტური? — იმიტომ, პატივმცემულო მკითხველო, რომ ლოზუნგი აქვს „ფაშისტური“ — ღმერთი, ოჯახი, ქვეყანა, ანუ სამშობლო.

მელონის ლოზუნგი რომ ყოფილიყო ლგბტ უპირველეს ყოვლისა ან ერთნაირსქესიანთა ქორწინება, მშობელი ერთი, მშობელი ორი, ურსულა „ფაშისტის“ ტიტულით არ „დააჯილდოებდა“; პირიქით ხოტბას შეასხამდა და ღიმილით შეეგებებოდა ევროკავშირის ზღურბლთან.

სიტყვა „ფაშისტი“-თ ამკობენ ერთმანეთს ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე ორი კანდიდატი — დღევანდელი პრეზიდენტი ბოლსენარო და ყოფილი — ლულა დასილვა. ვერც ერთმა ვერ შეძლო 50%-ზე მეტის დაგროვება, რაც განმეორებით არჩევნებს ნიშნავს, რომელიც ამ თვის ბოლოს გაიმართება.

ყველა „სიკეთესთან“ ერთად თანამედროვე პოლიტიკამ ერთობ „ლაითი“ სახე შეიძინა ქალთა ქვეყნის ხელმძღვანელად წამოწევით. გაჭრა ევროკავშირის მეცადინეობამ —  პოლიტიკაში ქალთა კვოტის გაზრდის თვალსაზრისით. შედეგიც სახეზეა — პოლიტიკაში შემთხვევით მოხვედრილი ქალი ხელმძღვანელების, თანაც პოლიტიკისთვის თინეიჯერული ასაკის მქონეთა სახით.

დიდ ცოდნა-გამოცდილებას ვერ დასწამებთ ფინეთის, ესტონეთის, დანიის, დიდი ბრიტანეთის, სხვა ქვეყნების პრემიერ-მინისტრებს. აღარაფერს ვამბობ ევროკავშირის ხელმძღვანელ ურსულაზე, განათლებით გინეკოლოგზე, რომელიც თავისი სპეციალობიდან უყურებს მსოფლიო პოლიტიკას.

ის ადრე გერმანიის თავდაცვის მინისტრი იყო, ერთობ შეუფერებელი თანამდებობა ქალთა სქესისთვის, თუმცა „მოწინავე“ დასავლელთა ფილოსოფიით, სქესი მხედველობაში არ არის მისაღები. და რომ არა, ურსულას ძველი თანამდებობა, ისევ ქალმა დაიკავა, რომელიც სულ ახლახანს ეწვია უკრაინას და ქ. ოდესაში უკრაინელ კოლეგასთან, ჯერ-ჯერობით მამაკაცთან, გამართა მოლაპარაკება.

პროზაული გადახვევა ძირითადი თემიდან შემთხვევით არ გამიკეთებია, ვინაიდან სწორედ ეს ქაოტური ვითარება გახდა პუტინის სიტყვის მთავარი მამოძრავებელი. პუტინის მხრიდან დასავლეთის კრიტიკას 2007 წლიდან შევეჩვიეთ —  მიუნჰენის სიტყვის სახელით.

მას შემდეგ დროდადრო სხვა გამოსვლებიც იყო —  უაღრესად კრიტიკული, განსაკუთრებით აშშ-სა, მაგრამ ბოლო გამოსვლამ ყველა წინანდელს გადააჭარბა —  პირდაპირობაში, საკადრისი სახელის შერქმევაში, მსოფლიოსთვის დასავლეთის და მისი ფლანგმანის აშშ-ს ნამდვილი სახის წარდგენაში.

პუტინის თითოეული სიტყვა არ ყოფილა ე.წ. სიტყვის მასალა, რომელსაც ორატორები ერთი წინადადებიდან მეორეზე გადასასვლელად იყენებენ. ყველას ჰქონდა სერიოზული დატვირთვა —  უმძიმესი, დასავლეთისთვის.

არც ერთი ქვეყნის ხელმძღვანელს, მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული, ისე არ დაუხასიათებია აშშ-ი და მისი მონა მოკავშირეები, როგორც პუტინს.

პუტინის სიტყვა არ იყო გონგამოცლილი ბაიდენის, ევროპელი მეტიჩრების ტრასის, ფონდერლაიენის, მარინის, კალასის, სხვათა ისტერიული წიკვინის მსგავსი. ის სხვა იყო —  სიღრმისეული, მრავალწლიანი დაკვირვების, კვლევის, განსჯის შედეგი —  კომპაქტურად მოთავსებული 40-45 წუთის ჩარჩოებში.

პუტინის სიტყვა იყო თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის შეფასება, ერთობ ნეგატიური, თან ისეთი, გამოსავალი რომ არ ჩანს. მხატვრულად რომ იტყვიან —  გვირაბის ბოლოს სინათლის არ არსებობამ გამოიწვია პუტინის გამოსვლის სიმკაცრე.

2007 წლიდან ელოდა ის რაღაც წინსვლას დასავლეთ-რუსეთის ურთიერთობებში, მცდელობაც ბევრი ჰქონდა ვითარების შესაცვლელად, მაგრამ ამაოდ. არაფერი გამოვიდა! ლოდინი უნაყოფო გამოდგა, რამაც აფიქრებინა მას ასეთ დასავლეთთან ურთიერთობის არქონა.

პუტინის სიტყვა ნიშნავს დასავლეთისთვის ზურგის შექცევას. დღემდე არსებული ურთიერთობისთვის სხვა ხარისხის მინიჭებას, დასავლეთის მიმართ სიტყვა „პარტნიორის“ ლექსიკონიდან ამოგდებას.

რუსეთს არ სურს ასეთ დასავლეთთან ურთიერთობა —  დასავლეთთან, რომელიც ფეხზე იკიდებს რუსეთის სუვერენიტეტს, მის კულტურას, მის წვლილს მსოფლიოს განვითარების საქმეში, აკნინებს რუსეთის წვლილს გერმანიის ფაშიზმის დამარცხებაში, აღმოსავლეთ ევროპისა და მსოფლიოს, ფაშიზმის უღლისგან განთავისუფლებაში.

პუტინმა ვერ აიტანა კოლექტიური დასავლეთის მიერ ფაშიზმისა და საბჭოური კომუნისტური სისტემის ერთ სიბრტყეზე დაყენება; ვერ აიტანა რუსი ხელოვნების მუშაკების, სპორტსმენების, მეცნიერების შეურაცხყოფა; ვერ აიტანა ლეგენდარული რუსი მწერლების, მხატვრების შეურაცხყოფა; ვერ აიტანა რუსი ხალხისთვის ევროპა-ამერიკის კარის ჩაკეტვა; ვერ აიტანა ბევრი სხვაც, რომელთა ატანა ჩვეულებრივად ითვლება უთავმოყვარო ევროპელთათვის.

ვერ აიტანა და აი შედეგიც — ვერბალურ დონეზე ურთიერთობა გაწყვეტილია. დიპლომატიურ ენაზე ჯერ-ჯერობით არა, მაგრამ ელჩების გამოწვევას აღარაფერი უდევს წინ.

პუტინის სიტყვა კონფრონტაციულია, ანუ მზად მკაცრი დაპირისპირებისთვის, რაც დასავლეთის უგუნური პოლიტიკის შედეგია —  ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების, უკრაინის ნეოფაშიზმის აღზევების, უკრაინის ფაშიზმის იარაღითა და ფინანსებით უზრუნველყოფის, ეკონომიკური სანქციების დაწესების, რუსეთის ყველა პარამეტრით შევიწროების და ა.შ.

პუტინის სიტყვის შემდეგ გააქტიურდა ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაზე ლაპარაკი. კოლექტიური დასავლეთი პუტინს ადანაშაულებს ბირთვულ შანტაჟში და აცხადებს, რომ უკრაინის ფრონტზე წარუმატებლობის შემთხვევაში პუტინი უდავოდ გამოიყენებს ბირთვულ ბომბს.

დასავლეთის დაჟინებული განცხადებები საგანგაშო ვითარების მანიშნებელია, ამასთანავე მზაკვრული გეგმის, რომლის მიხედვით აშშ-ი ბირთვულ ბომბს უკრაინას გადასცემს, რათა მან რუსეთის ჯარის წინააღმდეგ გამოიყენოს — ბირთვული ბომბის გამოყენების აქტი კი რუსეთს გადააბრალოს.

ამიტომ აცხადებს აშშ-ი სისტემატურად ბუტინის ბირთვული მუქარის თაობაზე, თუმცა პუტინს ასეთი არ უთქვამს. მან სხვა გამოსვლაში აღნიშნა — დასავლეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ და თქვა, რომ დასავლეთი უპასუხოდ არ დარჩება.

ზემოთ, სიტყვა „ფაშიზმის“ მნიშვნელობის გაუფასურებას შევეხე, რომლის სისტემატურმა უადგილო გამოყენებამ გამოიწვია მისადმი არასერიოზული, ზედაპირული დამოკიდებულება. ანალოგიურ აღქმას აქვს ადგილი ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების მიმართ, რაც ნიშნავს იმას, რომ აშშ-ს პროპაგანდისტულმა მიზანმა გაჭრა.

საზოგადოება შეაჩვია ბირთვული ბობმის დამანგრევებელ, მაგრამ არა გამანადგურებელ ძალას. ტაქტიკური ბირთვული ბომბის აფეთქება მხოლოდ მცირე ზომის ტერიტორიას დააზიანებს და არა დიდს; რომ მის აფეთქებას მცირე მსხვერპლი მოჰყვება; რომ ბომბის აფეთქების შემდეგ გაგრძელდება ცხოვრება, …

ევროპიდან 12000 კილომეტრზე დაშორებულ ამერიკას შეუძლია ამის თქმა, მაგრამ ევრაზიის კონტინენტზე მდებარე რუსეთს — არა!

პუტინის გამოსვლა — სიტყვებია. პუტინის გამოსვლა მაშინ შეიძენს სიმტკიცეს, როდესაც სიტყვები საქმედ გადაიქცევა. ამისთვის კი საჭიროა რუსეთის ვერტიკალური მმართველობის სისტემისთვის სიმკაცრის ელფერის მიცემა; პრეზიდენტის ყველა ქვემდგომის ერთ მუშტად შეკვრა; საზოგადოების, მათ შორის მედიის პატრიოტულად დარაზმვა; ქვეყნის საბრძოლო რელსებზე გადაყვანა და ა.შ.

სამწუხაროდ, ასეთს არ აქვს ადგილი არც ფრონტის ხაზზე და არც ზურგში. ჯერ-ჯერობით რუსეთს შეგნებული არ აქვს რა მოუტანს მას გამარჯვებას, უფრო სწორად წარმატებას — დასავლეთთან ურთიერთობებში.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ პუტინი ცალკეა, ხალხი, განსაკუთრებით ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწეთა არცთუ უმნიშვნელო ნაწილი ცალკე; ახალგაზრდების ნაწილი ცალკე, პუტინის მოწოდება ცალკე.

თავი იჩინა საშუალო და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში პატრიოტული აღზრდის არარსებობამ. ბოლო 20 წლის ლაღმა ცხოვრებამ, რუსული საზოგადოების ნაწილი პატრიოტული სულისკვეთებისგან დაცლილ მომხმარებლად აქცია.

ეს, ის ფენაა, არასამთავრობო ორგანიზაციებში, სხვადასხვა სახის უცხოურ ინსტიტუტებში, ბიზნესში რომ „ხვანცალებს“ და თავი არა რუსად, არამედ ამერიკელად მოაქვს. ეს, ის ფენაა, რომელიც რუსეთს მეწველ ძროხად მიიჩნევს, მისგან მოითხოვს, მას კი არაფერს უბრუნებს. ეს, ნავალნის, ხოდორკოვსკის, კასპაროვის, მამა-შვილ გუდკოვების, სხვების და სხვების ფენაა —  გადაგვარებული რუსების, რუსეთის დაშლა-დაქუცმაცების მოსურნეთა ფენა.

ასეთთათვის, სამშობლოს დაცვა, პატრიოტიზმი სასაცილო რამაა. ასეთთათვის, სამშობლოს დაცვისგან თავის არიდებაა მთავარი. აღნიშნულს კომისარიატების არაორგანიზებული მუშაობაც ემატება, მობილიზაციის მოთხოვნების საზოგადოებისთვის არადროული გაცნობა.

ნეგატიური მომენტები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა მობილიზაციის მიმდინარეობის დროს, არ არის გასაკვირი, ვინაიდან რუსეთს, დიდი სამამულო ომის შემდეგ მსგავსი არ გაუკეთებია. მაშინ კი ქვეყანაში სულ სხვა ვითარება იყო, რაც დაფიქსირებულია ცნობილი საბჭოთა ისტორიკოსის ზემსკოვის ნაშრომებში. მისი მიხედვით, მობილიზაციის გამოცხადებისთანავე რუსეთის გამწვევ პუნქტებს რეზერვში მყოფთა 99% მიაკითხა. ანალოგიური აქტიურობა იყო უკრაინა-ბელორუსში.

არც ფრონტის წინა ხაზი გამოირჩევა ორგანიზებულობით. ფერხდება მეომართათვის საბრძოლო მასალების დროული მიწოდება, ფრონტის წინა ხაზს ნაკლებად აქვს ზურგი გამაგრებული. მსგავსმა ჩავარდნებმა აიძულეს რუსეთის ჯარი დაეტოვებინა მთელი რიგი ქალაქები და სოფლები. უნდა ვივარაუდოთ დროებით და ცოცხალი ძალის ფრონტზე გადასროლასთან ერთად, მოხდება არა მარტო დაკარგულის დაბრუნება, არამედ შეტევაზე გადასვლა.

პუტინი თავის გამოსვლაში უკრაინისთვის დონბასის და სხვა რეგიონების გადაცემაში ლენინს, ბოლშევიკებს აკრიტიკებს — იმ ეპოქის, სულისკვეთების გაუთვალისწინებლად, რასაც 1922 წელს საბჭოთა კავშირის შექმნის დროს ჰქონდა ადგილი.

მაშინ ბოლშევიკი ბელადები ოცნებობდნენ სოციალიზმის, პროლეტარიატის მთელ მსოფლიოში გამარჯვებაზე. ისინი ვერაფრით იფიქრებდნენ, რომ უკრაინაში თავს იჩენდა ულტრანაციონალიზმი. მკითხველს ემახსოვრება ბოლშევიკთა დევიზი — „პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით!“

რუსეთის იმპერიაში მყოფი უკრაინის პროლეტარიატი არ არსებობდა, ვინაიდან ცენტრალური უკრაინა, ისე, როგორც დასავლეთი, არავითარი მრეწველობით არ გამოირჩეოდა. რუსეთის დასავლეთი კი ფაბრიკა-ქარხნებით, ქვანახშირის მოპოვებით იყო გამორჩეული. ამდენად უკრაინის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის პროლეტარული სახის მიცემისთვის უკრაინას რუსეთის სამხრეთ-დასავლეთის მთელი რიგი ტერიტორიები გადაეცა.

შეიძლება თუ არა ლენინის — მსოფლიო პროლეტარიატის გაერთიანების მეოცნების, ასი წლის შემდეგ დადანაშაულება, უკრაინისთვის მიწების გადაცემაში — სადავო საკითხია. ისე, როგორც პუტინის განცხადება, რომ სტალინმა დააყოვნა გერმანიის აგრესიისთვის პასუხის გაცემა.

როგორც ჩანს, პუტინი თვლის, რომ სტალინს პირველს უნდა დაერტყა, რაც ნაკლებ მსხვერპლს გამოიწვევდა, მსხვერპლს და ნგრევას, რაც საბჭოთა კავშირს გერმანიის თავდასხმამ აგემა ომის დასაწყისში. გავიხსენოთ პუტინის თებერვლის გამოსვლა „ჩვენ პირველები დავარტყამთო“ და ასეც მოხდა. პუტინმა დაასწრო უკრაინის ხელისუფლებას, რომელსაც 2022 წლის მარტში ჰქონდა დაგეგმილი დონბასზე შეტევა.

აქაც, ისე, როგორც წინა მაგალითში, საკამათო ბევრია. წლების განმავლობაში გვესმის მოსაზრება ომის დაწეყების პირველ დღეებთან დაკავშირებით. და ის, რომ სტალინმა, დარწმუნებულმა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის სიმტკიცეში, ვერ წარმოიდგენდა, რომ გერმანია თავს დაესხმებოდა.

საარქივო მასალები გვატყობინებენ, რომ სტალინმა კარგად იცოდა არა მარტო ომის დაწყების დღე, არამედ საათიც. ეს ინფორმაცია მის სამუშაო მაგიდაზე ომის დაწყებამდე კარგა ხნით ადრე დაიდო. ინფორმაციის ავტორები უცხოეთში მომუშავე საბჭოთა მზვერავები იყვნენ, მათ შორის ჩვენთვის ცნობილი რიხარდ ზორგე.

სტალინს არ შეეძლო პირველს დაერტყა მარტივი მიზეზის გამო. პირველი დამრტყმელი აგრესორად აღიქმება. ასეთის მიმართ მხარდაჭერის გამოვლინება, აგრესიის წახალისების ტოლფასია.

სტალინს მოკავშირეები სჭირდებოდა, რომლებიც დაეხმარებოდნენ ფაშიზმთან ბრძოლაში. და ასეც მოხდა — აშშ-ი და დიდი ბრიტანეთი კომუნისტური ქვეყნის მოკავშირეები გახდნენ.

პუტინის შეტევამ უკრაინაზე უარყოფითი იმიჯი შესძინა რუსეთს — აგრესორის, რამაც აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, სხვა ქვეყნების დახმარება „კრავი“ აგრესიის მსხვერპლი უკრაინის მიმართ სავალდებულოდ აქცია.

ისტორიის მაგალითების ზერელე გამოყენება სასურველ შედეგს არ იძლევა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც იმ ისტორიას რუსეთში ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. მარტო რუსეთის დუმაში მყოფი კომპარტიის მნიშვნელოვანი წარმომადგენლობა რად ღირს?! კომპარტია, თავისი წევრებისა და მიმდევრების რაოდენობით, მეორე ადგილს იკავებს ქვეყანაში, რაც გასათვალისწინებელია.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

09/10/2022