საქართველო სხვა პლანეტაზე ცხოვრობს

რვა თვის განმავლობაში ისეთი სიჩქარით შეიცვალა საერთაშორისო ცხოვრება, ჯეროვნად ვერც ჩვენ და ვერც სხვამ, ჩვენი საზღვრების გარეთ მცხოვრებმა, ვერ შევძელით მოვლენათა სიღრმისეული გაანალიზება და შესაბამისი დასკვნების გაკეთება.

უცხოეთში ადგილი აქვს განვლილი პერიოდის შესწავლის მცდელობას, თუმცა ხშირ შემთხვევაში ტენდენციურად, მიკერძოებით. ტენდენციურობას არც ჩვენ ვაკლებთ ხელს, მაგალითები ამისა მრავალია, მაგრამ გაცილებით მეტია მსოფლიოში მიმდინარე პროცესების იგნორირება.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს საქართველო სხვა პლანეტაზე ცხოვრობს, უფრო სერიოზული საქმით არის დაკავებული, ვიდრე დედამიწაზე მცხოვრებნი და ნაკლებად აინტერესებს პლანეტა დედამიწა, იქაური ხალხების თავსატკივარი.

ქართველი ხალხი ჭურშია და ისმენს იმას, რასაც ხელისუფლება, პოლიტიკოსები ჩასძახებენ, მათი სურვილის მიხედვით.

საქართველოს მცხოვრებნი 8 თვის განმავლობაში მოკლებულნი არიან მრავალმხრივ ინფორმაციას. ისინი ისმენენ იმას, რასაც ხელისუფალნი ჩათვლიან მიზანშეწონილად.

ცალმხრივი ინფორმაციის ატმოსფერო არა მარტო საქართველოში სუფევს, არამედ სიტყვის თავისუფლებისა და თავისუფალი ინფორმაციის ისეთ „სავანეთში“, როგორიც ევროპა-ამერიკაა. უფრო მეტიც, იქ, თუ ვინმე გაბედავს და რუსეთის მიმართ დადებითს იტყვის ან საჯაროდ, ელექტრონული მედიით რუსეთსა და დონბასში მიმდინარე მოვლენებს ობიექტურად გააშუქებს, სამუდამოდ დაემშვიდობება მედიას.

ადგილი აქვს ჯარიმების დაკისრებასაც, სხვა სადამსჯელო ქმედებასაც. სადამსჯელო ქმედებათა შესახებ საუბრობენ დონეცკში ჩასული უცხოელი ჟურნალისტები. ისმენ აღნიშნულ სინამდვილეს, მაგრამ ყურებს არ უჯერებ. უნებლიედ სვამ კითხვას — 21-ე საუკუნის მეორე დეკადაში ნუთუ შეიძლება ინფორმაციის ჩახშობა, მრავალმხრივის ნაცვლად მხოლოდ ცალმხრივის გამოყენება?!

შეიძლება, როცა ძლიერნი ამაქვეყნისანნი მოითხოვენ ამას!

შეიძლება, როცა მსოფლიო ჰეგემონად წოდებულს, ჰეგემონიზმის შესანარჩუნებლად ერთადერთი გზა აქვს ამორჩეული — სიცრუის გზა. მას ხშირად საინფორმაციო ომს უწოდებენ.

ყალბი ინფორმაციით ცდილობს აშშ-ი მთელი მსოფლიოს დარწმუნებას, რომ ის მშვიდობის მტრედია, ხოლო რუსეთი აგრესიული, ხახადაბჩენილი დათვი, ჩაყლაპვით რომ ემუქრება ყველას, უპირველესად უკრაინას — დემოკრატიულს, სუვერენულს, თავისუფლების მოყვარე ქვეყანას, ადამიანის უფლებების უბადლო დამცველს.

ეს რომ ასე ყოფილიყო დონბასის მოსახლეობა მხარს არ დაუჭერდა რუსეთში დაბრუნების რეფერენდუმს. რეფერენდუმის შედეგები გვეუბნება იმ უსამართლობაზე, რასაც უკრაინის ხელისუფლება, ძალოსანი სტრუქტურები სჩადიოდნენ დონბასში, ზაპოროჟიეში, ხერსონში მცხოვრები რუსი მოსახლეობის მიმართ.

და არა მარტო მათ მიმართ, არამედ უკრაინის სხვა  ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრებ რუსთა მიმართ, რომლებიც გულისფანცქალით ელიან უკრაინული ფაშიზმისგან განთავისუფლებას.

დონბასსა და ზაპოროჟიე-ხერსონში გამართულ რეფერენდუმს კოლექტიური დასავლეთი  ფალსიფიცირებულს უწოდებს. ასეთივე აზრისაა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მისგან არაფერია გასაკვირი, ვინაიდან პირწავარდნილი დასავლელი და რუსოფობია, მაგრამ პრეზიდენტი ქვეყნის პირველი პირი და უმაღლესი მთავარსარდალია, რაც მას სხვაგვარ აზროვნებას ავალდებულებს.

ზურაბიშვილის მოსაზრება საჯაროდ გაჟღერებული, ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად გაკეთდა? და თუ შეთანხმებულია, ვერ ყოფილა საქართველოს ხელისუფლების, მითუმეტეს ხალხის  საქმე კარგად, ვინაიდან მას ატყუებენ.

ზემოთ აღვნიშნე დასავლეთის მიერ ტყუილების ტირაჟირების თაობაზე, რომელშიც მილიონები იხარჯება, იმისთვის, რომ სიცრუე „შეარგონ“ მოსახლეობას. ის მარტო სიცრუით უნდა კვებო, სხვა ინფორმაცია უნდა გადაუკეტო, არ მისცე სინამდვილის მოსმენა-ყურების საშუალება მარტივი გადაწყვეტილებით — რუსული საინფორმაციო ტელეარხების გამორთვით.

ამერიკელთა ბრძანებით რუსული მედიის მოსმენის საშუალება არც ამერიკელებს და არც ევროპელებს აქვთ. მათ ის პროპაგანდისტული მასალა მიეწოდება, დასავლურ პოლიტელიტას რომ აწყობს.

მისი მიხედვით, უკრაინა და მისი ფაშისტური ხელისუფლება მშვიდობისმოყვარე უმანკო კრავია. ზელენსკი კი გმირი პრეზიდენტი, რომლის მეთაურობით უკრაინა იგებს ომს და სულ მალე აიძულებს რუს ოკუპანტებს გავიდნენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

კოლექტიური დასავლეთის ძალისხმევით კიევს სისტემატურად სტუმრობენ ამერიკელ-ევროპელი მაღალი რანგის პოლიტიკოსები, ცნობილი მსახიობები, რომლებიც გმირ პრეზიდენტ ზელენსკის დითირამბებით ამკობენ, ამხნევებენ, მოუწოდებენ არა მოლაპარაკებისკენ, არამედ ომის გაგრძელებისკენ. და ისიც გამხნევებული, აშშ-ს ადმინისტრაციის მიერ წახალისებული და მხარდაჭერილი, უშვერი სიტყვებით ლანძღავს რუსეთს, მოითხოვს მისთვის სანქციების დაწესებას, ახალი საბრძოლო მძიმე ტექნიკის მიღებას, რუსეთის, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრობიდან გარიცხვას, მთელი მსოფლიოს ამხედრებას რუსეთის წინააღმდეგ.

ამერიკელთა ძალისხმევით მსოფლიოში არ დარჩა ქვეყანა, რომლის პარლამენტის წინაშე ზელენსკის ვიდეო-მიმართვა არ წარედგინათ. ზელენსკის პოლიტიკური პორტრეტის ტირაჟირებამ უდავოდ გამოიღო შედეგი. ცხადია, დასავლეთისთვის დადებითი, მაგრამ ამ კომიკოსისთვის, პოლიტიკური ტაკიმასხარისთვის შეუფერებელი.

დასავლეთს, ზელენსკის დადებით პორტრეტთან ერთად, რომ რეალურიც ეჩვენებინა, მაგალითად სამხრეთ ევროპაში მის სახელზე არსებული ვილის გაქირავების საკითხი, თვეში 50000 ევროდ; მისი მშობლების სახლი ისრაელში; თვით მისი საცხოვრებელი სახლი ლონდონში; საბანკო ანგარიშებზე არსებული მილიარდები და უკრაინის ხელისუფალთა იარაღით ვაჭრობა (ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს), მაშინ უცხოელი კულტურის მუშაკები, ცნობილი მსახიობები არ შეიწუხებდნენ თავს მასთან შეხვედრით ან სატელეფონო საუბრის გამართვით, როგორც ეს გააკეთა ალენ დელონმა.

ზელენსკის მისამართით ქათინაურების გამოხატვა უზნეობად მიმაჩნია, ვინაიდან აშშ-ს ადმინისტრაციისადმი მისმა მონურმა მორჩილებამ 60000 უკრაინელი ნაადრევად გაისტუმრა საიქიოს. ომი გრძელდება და დაღუპულ-დასახიჩრებულთა რაოდენობაც გაიზრდება.

დასავლეთის დირიჟორობით მიმდინარე ანტირუსული ისტერია ახალ-ახალ სახეს იძენს, ერთობ სახიფათოს, საგანგაშოს. კოლექტიური დასავლეთი აშშ-ს მეთაურობით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას აღარ სჯერდება, რითაც დაზავების, ომის შეწყვეტის შანსს არ იძლევა. პირიქით, ომის გამწვავებას, ესკალაციას უწყობს ხელს. ამერიკა-ევროპის 50 ქვეყანაა ჩართული უკრაინის ომში — არა მარტო იარაღის მიწოდებით, უკრაინელი სამხედროების წვრთნით, ფინანსური დახმარებით, არამედ ნატოელი ექსპერტების, „ბოევიკების“ გაგზავნით.

გახშირდა ლაპარაკი ტაქტიკური ბირთვული იარაღის  გამოყენებაზეც, ცხადია უკრაინის საბრძოლო მოქმედების თეატრში. ამერიკელი პოლიტიკოსები, სამხედრო ექსპერტები, რომლებიც შორს არიან მეორე მსოფლიო ომის უბედურებისგან, ხიროსიმა-ნაგასაკში აფეთქებული ბირთვული ბომბების გამანადგურებელი შედეგისგან, თავს უფლებას აძლევენ მსუბუქად განიხილონ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების საკითხი.

თავში ისიც მოსდით, რომ ამ სახის იარაღით დაბომბონ ციმბირის დაუსახლებელი ტერიტორია, რუსეთის დასაშინებლად. რატომ დაუსახლებელი? — იკითხავთ. დიდი რაოდენობის მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად. თუ რა მოჰყვება ამას, მათ არ ანაღვლებთ. რატომღაც ფიქრობენ, რომ ისინი შორს არიან საომარი მოქმედების არეალიდან და რუსული რისხვა მათ არ მიწვდება.

გულუბრყვილობაა და მეტი არაფერი. სწორედ ამაზე თქვა პუტინმა — გიპასუხებთ და ეს ბლეფი არ იქნებაო.

პუტინის ნათქვამი უმალ აიტაცეს ამერიკელებმა, ევროპელებმა — პოლიტიკოსები და ექსპერტები მყავს მხედველობაში და პუტინის პასუხი, განცხადებად წარმოაჩინეს. არადა პუტინმა პასუხი გასცა იმათ, ვინც რუსეთს განადგურებით ემუქრება.

მოპასუხისგან უმალ მოხდა ბირთვული ომის მქადაგებლად გადაკეთება, რასაც უაღრესად ანტირუსული, ანტიპუტინური დასავლური გამოსვლები მოჰყვა, რამაც დაარწმუნა მსოფლიო საზოგადოება პუტინისა და რუსეთის სისხლისმსმელობაში.

ამ მედიურ პროცესს თავისებური მარილი მოაყარა გერმანიის ყოფილი კანცლერის მერკელის განცხადებამ — პუტინის ნათქვამს ყურადღების მიქცევა უნდა და არა ბანზე აგდებაო.

მერკელის ნათქვამი დადებითად არის შესაფასებელი. მაგრამ ეს დადებითიც უარყოფით საბურველში შეახვია კოლექტიურმა დასავლეთმა და ასეთი განმარტება მისცა — გაიგეთ რა თქვა პუტინმა — ტაქტიკურ ბირთვულ ბომბს გამოვიყენებო. რა გაეწყობა, მედია მათია და რასაც უნდა იმას გამოაცხადებენ.

რუსეთზე გადაბრალების პოლიტიკა გრძელდება, თანაც ისეთ საკითხებში, არც რუსეთი და არც მსოფლიო, ევრო-ატლანტიკური სივრცის გამოკლებით, არასდროს იფიქრებდა. მაგალითად, „ჩრდილოეთის ნაკადის“ 2 მილსადენის აფეთქება და ამ დივერსიაში რუსეთის დადანაშაულება.

ნებისმიერი გონიერი ადამიანი ვერასდროს იფიქრებს, რომ რუსეთმა ჩაიდინა დანაშაული და რატომ? მარტივი მიზეზის გამო. თუ რუსეთს სურდა ევროპისთვის გაზის მიწოდებაზე უარის თქმა, უბრალოდ გადაკეტავდა მილსადენს. ამ ორი მილსადენიდან ახალთახალი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ისედაც გადაკეტილი იყო ევროკავშირ—აშშ-ს წყალობით. „ჩრდილოეთის ნაკადი-1“ კი, შექმნილი ტექნიკური მიზეზების გამო, დროებით იყო გაჩერებული.

ტექნიკური მიზეზები კი გერმანიას უკავშირდება და მის კომპანია „სიმენსს“, რომელმაც ვერ უზრუნველყო გარემონტებული ტურბინის რუსეთში ჩატანა. სანქციების გამო „გაზპრომს“ არ შეუძლია ტრანსპორტირების განხორციელება.

გარდა ამისა რუსეთი, რომელმაც დიდი თანხები დახარჯა „ჩრდილოეთი ნაკადი-2“—ს მშენებლობაში, დაინტერესებულია გერმანია-ევროკავშირისთვის გაზის მიწოდებაში, რათა ამოიღოს მშენებლობაში დახარჯული ფული. რუსეთთან ერთად მშენებლობაში მონაწილეობდნენ ევროპული კომპანიებიც, რომლებმაც მნიშვნელოვანი თანხები დააბანდეს პროექტის განხორციელებაში. 17 მილიარდი დოლარი დაჯდა ამ გაზსადენის მშენებლობა.

გაზსადენის მშენებლობის წინააღმდეგი იყო და არის აშშ-ი. დივერსიის განხორციელებისთანავე რუსულმა ტელეკომპანიებმა აჩვენეს აშშ-ს პრეზიდენტის ბაიდენის ა.წ. თებერვლის პრეს-კონფერენცია, რომლის დროს ის ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრას მოჰყვება აშშ-ს მიერ გაზსადენის არსებობისთვის წერტილის დასმა. პოლონეთის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ამჯერად ევროპარლამენტარმა სიკორსკიმ მადლობა გადაუხადა ამერიკას გაზსადენის აფეთქებისთვის. რატომ ამერიკას და არა რუსეთს, რომელმაც ვითომ ააფეთქა თავისივე გაზსადენი?

ამ კითხვას ვერც ერთ ნორმალურ ადამიანს ვერ დაუსვამთ, ვინაიდან სრული აბსურდულობა გამოსჭვივის მისგან, მაგრამ ჩვენ ხომ ტვინნაღრძობ ევრო-ამერიკულ პოლიტიკასთან გვაქვს საქმე, რომელიც მოვლენებს თვითონ ქმნის, საკუთარი სურვილის მიხედვით აფერადებს ხან თეთრად, ხან შავად.

გაზსადენის აფეთქება ორ კურდღელს კლავს — რუსულს და ევროპულს. წყალში გაჟონილმა გაზმა 2 მილიარდი დოლარით აზარალა რუსეთი. ეს საწყის ეტაპზე, მომავლის ზარალს ვინ მოთვლის?! რაც შეეხება ევროკავშირს, მას რუსული გაზის მიღების საბოლოო იმედიც გადაეწურა და მასთან ერთად ცივი ზამთრის პერსპექტივა რეალურად ექცა.

გერმანია — ევროკავშირის ლოკომოტივად წოდებული ქვეყანა, რომელმაც თავი ვერ თუ არ დაადგა „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს ამუშავებას, ისე, როგორც „ჩრდილოეთ ნაკადი-1“-ს გარემონტებული ტურბინის რუსეთში ტრანსპორტირებას, ყველაზე მძიმე დღეში აღმოჩნდება.

 გაზით უზრუნველყოფის თემა და მასთან ერთად ალტერნატივის გამოძებნა წლების განმავლობაში აფიქრებს გერმანიას და ევროკავშირს. ახლო აღმოსავლეთში გაზი არის, მაგრამ არა იმ რაოდენობის, გერმანია-ევროკავშირის მოთხოვნები დააკმაყოფილოს.

პრობლემებია ნავთობისა და ქვანახშირის იმპორტის საქმეშიც რუსეთისთვის სანქციების დაწესების გამო.  შეშაც არასაკმარისია სამოქალაქო სექტორის გასათბობათ. საწარმოების მუშაობაზე ზედმეტია ლაპარაკი.

გაზსადენის აფეთქებით თუ ვინმეა დაინტერესებული — აშშ-ია, ვინაიდან ის შეეცდება უგაზოდ დარჩენილ ევროპას საკუთარი დაჭირხლული გაზი მიაწოდოს — გაცილებით მაღალ ფასებში, ვიდრე რუსული გაზი.  აშშ-ი, რომელიც ევროკავშირს ყოველთვის თვლიდა კონკურენტად, გაიხარებს, ვინაიდან ევროპის, უპირველეს ყოვლისა გერმანიის ეკონომიკა, სამრეწველო პოტენციალი, დაეცემა.

გერმანიის ამჟამინდელი ხელისუფლება, აშკარად ანტირუსულად განწყობილი, დღესაც ვერ ხვდება, რომ გასული წლების ეკონომიკურ წარმატებას იაფ რუსულ გაზს უნდა უმადლოდეს, გაზს, რომელიც საბჭოთა პერიოდიდან მიედინებოდა გერმანიაში — ლამის კაპიკებად. ვერ შეიშნოვეს გერმანელმა პოლიტიკოსებმა ყოველივე, აჰყვნენ ვაშინგტონის ბრძანებას; ვერ დაიცვეს საკუთარი სუვერენიტეტი და მიიღეს ის, რასაც ეკონომიკურ—სოციალური დეგრადაცია ჰქვია.

შეეძლო თუ არა გერმანიას ამერიკასთან შეკამათება? ძნელი სათქმელია. შეეძლო, ძლიერი კანცლერის, მთავრობის ხელში. ასეთები არაერთი ჰყავდა გერმანიას. მათთან შედარებით, დღევანდელი ხელისუფლება, შოლცის ხელმძღვანელობით, ყველაზე უსუსურია ომის შემდგომ გერმანიაში.

გაზსადენის აფეთქებით აშშ-ა რუსეთი მოწყვიტა გერმანიას, ევროპას. ენერგეტიკული კავშირების გაწყვეტა თავისთავად წყვეტს სხვა ეკონომიკურ კავშირებს — არსებულს რუსეთ-გერმანიას შორის. აშშ-ი სხვა მოგებასაც ნახავს — გერმანიის მრეწველობის ამერიკაში გადაქაჩვის სახით. პროცესი დაწყებულია. უმსხვილესი სამრეწველო კომპანიები ამერიკაში გადადიან.

განა, აღნიშნული მაგალითები არასაკმარისია გერმანული მედიის მიერ ამერიკული მზაკვრობის გამომზეურება—კრიტიკისთვის?! გერმანული მედია, ისე, როგორც ევროპული, რუსეთს ადებს ხელს — მან მოაწყო დივერსიაო.

რასთან გვაქვს საქმე? მარტივ ამბავთან, რომელსაც უდავოდ დაამშვენებდა ქართული ანდაზა — ძაღლი, ძაღლის ტყავს არ დახევს.

ყველამ კარგად იცის, ვინ ჩაიდინა სახელმწიფო ტერორი, მაგრამ ყველა ერთხმად ამბობს — საკითხი გამოსაძიებელიაო. და ვინ გამოიძიებს? დანია, შვედეთი, რომელთა ეკონომიკურ წყლებში მოხდა აფეთქება და პლუს გერმანია? სამივე ხომ ვაშინგტონის მონები არიან? ასე რომ, ეს საკითხიც, ისე, როგორც ბევრი სხვაც გამოუძიებელი დარჩება.

ამერიკას შერჩება ჩადენილი ბოროტება და რახან შერჩება — ახალს ჩაიდენს, უფრო უარესს, მაგალითად ასეთს — უკრაინაში ააფეთქებს ტაქტიკურ ბირთვულ ბომბს და რუსეთს დააბრალებს, შემდეგ ამ საბაბით ნატოს ჯარებს შეიყვანს უკრაინის ტერიტორიაზე.

აშშ-ი ტყუილად არ ლაპარაკობს რუსეთის მიერ ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. მსოფლიო საზოგადოებას აჩვევს — რუსეთი ჩაიდენს ამასო. სინამდვილეში თვით გამოიყენებს ბირთვულ იარაღს.

დავუბრუნდეთ სტატიის თავში გამოთქმულ ჩემს მოსაზრებას საქართველოს სხვა პლანეტაზე ყოფნასთან დაკავშირებით და რატომ? როდესაც საერთაშორისო არენაზე ესოდენ შემზარავ ამბვებს აქვს ადგილი, როდესაც ეკონომიკურად დაჩაჩანაკებული ევროკავშირი უწინდებურად იწვევს საქართველოს პოლიტიკოსებში აღტაცებას და გამუდმებით ლაპარაკს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის 12 პუნქტის შესრულების თაობაზე, უდავოდ მანიშნებელია იმისა, რომ არაფერი იცის დღევანდელი ევროპის შესახებ.

პოლიტიკოსებო! თუ თქვენ გინდათ გაპარტახებულ ევროკავშირში შესვლა — შებრძანდით! ქვეყანას თავი დაანებეთ!

როდესად ინტენსიურად არის ლაპარაკი ტაქტიკური ბირთვული ბომბის გამოყენებაზე, თანაც შენს მეზობლად და შენ ომბუდსმენის დანიშვნაზე ლაქლაქებ, უკვე მერამდენე კვირაა, აშშ-ს პრეზიდენტის ბაიდენისა არ იყოს, მძიმე მენტალური ავადმყოფობა გჭირს — განუკურნებელი ალცჰეიმერი. ასეთისგან საქართველო კარგს არაფერს უნდა ელოდეს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

02/10/2022