განსაცდელის წინაშე მდგომი ქვეყანა

წინა სტატიაში შევეხე საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კელი დეგნანის მუშაობას მასპინძელ ქვეყანაში, ცხადია არა სიღრმისეულად, არამედ ერთის შეხედვით, რაც თვალში მომხვდა ბოლო თვეების განმავლობაში.

ელჩისა და საქართველოს მმართველი პარტია „ოცნების“ სიტყვიერი დაპირისპირება გრძელდება. ორივენი მკვახე გამოთქმებსაც იყენებენ ერთმანეთის კრიტიკისას, რაც აშკარა მანიშნებელია უკმაყოფილებისა, რომელმაც მოიცვა მხარეთა ტვინები.

დაპირისპირება აღმავლობით ვითარდება და ალბათ კულმინაციასაც მიაღწევს, რისი მოწმენიც უდავოდ გავხდებით — ამ სპექტაკლის მაყურებელი ხალხი.

კელი დეგნანის განცხადებებიდან გამომდინარე ჩანს, რომ მისი ქვეყანა მთლად კმაყოფილი არ არის საქართველოს ხელისუფლების ქცევით. უკმაყოფილების საბაბი მრავალია, თუმცა მათში მთავარი მაინც რუსეთთან ურთიერთობის საკითხებია, უფრო სწორად 2 საკითხი — სანქციების დაწესება და მეორე ფრონტის გახსნა, თორემ „ურთიერთობები“ უფრო ხმამაღლა ნათქვამია, ძალიან დაშორებული რეალობისგან.

როგორც ჩანს, აშშ-ი არ მოელოდა ჩვენი რეგიონიდან პირველი „დემოკრატიული“ ქვეყნის ესოდენ დაუმორჩილებელ პოზიციას. ხუმრობა ხომ არ არის ამერიკელთა მიერ მოწყობილი ექსპერიმენტის —„ვარდების რევოლუციის“ სახელით ცნიბილი, ქვეყნის სიჯიუტე?

„დემოკრატიის შუქურა“ საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლების საამებლად ნათქვამი, აშშ-ს პრეზიდენტის ბუშის მიერ, თავისუფლების მოედანზე გამართული ხალხმრავალი მიტინგის წინაშეც ხუმრობა საქმეა? აი შედეგიც, არცთუ სასიამოვნო ვაშინგტონისთვის. საქართველოს ხელისუფლება, ამჯერად სხვა და არა ის, რაც ბუშის ვიზიტის დროს იყო, წინააღმდეგი არ არის რუსეთის გაკრიტიკების, მაგრამ წინააღმდეგია სანქციების დაწესების, მითუმეტეს მეორე ფრონტის გახსნის.

თუ რატომ, ერთხელ დავწერე, მაგრამ გავიმეორებ იმათთვის, ვინც მაშინდელ ჩემს ნათქვამს არ გაცნობია. ძალიან ბრიყვი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლება, რომ იფიქროს მის მიერ დაწესებული სანქციები რუსეთს რამეს დააკლებს. აი, რაც შეეხება საქართველოს — შავ დღეში ჩააგდებს.

საქართველოს ე.წ. დამოუკიდებლობის 30-წლიან ისტორიაში არც თუ ცოტა იყო და არის ფსევდო-პატრიოტიზმით აღვსილი პოლიტიკოსი, მუდამ მზადყოფნაში მყოფი მტერთან საბრძოლველად — სიტყვიერი ბრძოლა მაქვს მხედველობაში, თორემ ნამდვილის თავი რომ არ აქვს თბილის-სოხუმის და თბილის-ცხინვალის სამხედრო დაპირისპირების დროს გამოჩნდა.

სიტყვა, საქმედ მხოლოდ ერთმა აქცია, ზვიადისტმა ძიძიგურმა, რომელმაც თავისიანებთან ერთად სამტრედიის რკინიგზა გადაკეტა, რითაც ისეთი „მძიმე ეკონომიკური დარტყმა“ მიაყენა რუსეთს, დღემდე რომ წელში ვერ „გამართულა“.

საქართველოს ხელისუფლებამ იცის, რომ ეკონომიკური სანქციების დაწესებას უდავოდ მოჰყვება რუსთა პასუხი — უმძიმესი საქართველოს ეკონომიკისთვის, რაც ხალხს ქუჩაში გამოიყვანს, საქართველოს ისტორიაში პირველი სოციალური დემონსტრაციით. მინიმუმამდე დაეცემა რუსული ტურიზმი, რუსეთიდან გადმოგზავნილი ფულის რაოდენობა, ბიზნესი, რომელიც ასე თუ ისე მიმდინარეობს ორ ქვეყანას შორის; ექსპორტ-იმპორტი და ა.შ.

საქართველოს ხელისუფლება ვეღარ იამაყებდა ტურიზმიდან შემოსული ფულით. წინასწარ უარყოფითი შედეგების გათვლა გაუჭირდებოდა ხელისუფლებას, მითუმეტეს თებერვალში — უკრაინაში, რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასაწყისში, მაგრამ რუსეთთან მწარე გამოცდილების გახსენებამ აიძულა ის გონიერი გადაწყვეტილების მიღებისკენ.

დავუშვათ, საქართველოს ხელისუფლებას შეესრულებინა ვაშინგტონის ბრძანება, რა მოჰყვებოდა მას, გარდა რუსეთის საპასუხო რეაქციისა?!

საქართველო შევიდოდა იმ ქვეყნების ჩამონათვალში, ვინც სანქციები დაუწესა რუსეთს. საქართველოს დემოკრატიულობაზე ილაპარაკებდნენ ე.წ. დემოკრატიული ქვეყნები, შეგვაქებდა უკრაინის ხელისუფლება და … არც არაფერი. ჯიბეგაფხეკილს, დახმარების ხელს არც ვაშინგტონი გამოგვიწვდიდა და არც ე.წ. კოლექტიური დასავლეთი.

დაუმორჩილებლობამ მნიშვნელოვანი ეკონომიკურ-ფინანსური მოგება გვარგუნა — რუსეთის პირდაპირი თუ ირიბი ფაქტორის გათვალისწინებით.

მეორე ფრონტის გახსნას უდავოდ მოჰყვებოდა ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე უარესი შედეგი. იმაზე უარესი, ვიდრე 1992-2008 წლების ომებს. რუსეთის 2008 წლის პასუხი ედემის ბაღად მოგვეჩვენებოდა, ამჟამინდელთან შედარებით. და რას მოიმოქმედებდა აშშ-ი, ნატო, ევროკავშირი? ჯარებს გადმოსხამდა და რუსეთს დაუწყებდა ომს?

იარაღს მოგვცემდა, მაგრამ რუსეთს ომს არ დაუწყებდა. ჩვენ მოგვიწოდებდა იომეთო. განა ამას არ აქვს ადგილი უკრაინაში?! აშშ-ს არ ანაღვლებს უკრაინელთა ხოცვა-ჟლეტვა — 1000 მებრძოლი ყოველდღიურად — უკრაინელი მაღალჩინოსნის არახამიას და სხვათა განცხადებით.

 საქართველოს, ისედაც შევიწროებული ტერიტორიიდან და შეთხელებული მოსახლეობიდან ხომ არაფერი დარჩებოდა? აი, ამ პერსპექტივის, ერთობ შავის, შემყურე საქართველოს პოლიტიკამ და საზოგადოებამ აშშ-ს, ევროკავშირს, ნატოს პარტნიორის სახელი უნდა შეარქვას თუ პირიქით?

ქვეყანა, რომელმაც წინასწარ იცის რით დამთავრდება ზემომოყვანილი 2 საკითხის, უფრო სწორად, 2 დავალების შესრულება — არის თუ არა საღ გონებაზე?

მეორე ფრონტის გახსნა ჩვენ არ გვითხოვიაო, — ბრძანა დეგნანმა. კეთილი, მაგრამ აშშ-ს გენერალმა ჰოჯესმა, რომ დაუფარავად გვითხრა ამერიკული ტელეკომპანიის ეთერით — თუ ტერიტორიების დაბრუნება გინდათ ქართველებო, ახლაა დროო!!! სხვა მაღალჩინოსნებზე არაფერს ვიტყვი.

გაგვინაწყენდა უკრაინის ხელისუფლებაც, რომელიც კრიტიკასაც არ სჯერდება, ლანძღვა-გინებაზე გადადის.

ხელისუფლებას აქაური ოპოზიციაც ლანძღავს დავალების არშესრულების გამო. მას რა ენაღვლება — პასუხისმგებლობას მოკლებულია. საინტერესოა, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო, შეასრულებდა დავალებას? ეს კითხვა ხელისუფლებამ უნდა დაუსვას მას. და თუ ოპოზიცია დადებით პასუხს გასცემს — საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს მისი პოლიტიკაში ყოფნა-არყოფნის საკითხი.

საზოგადოებას მართებს გონიერი ნაბიჯების გადადგმა და არა გადამთიელებისთვის კვერის დაკვრა, ისე, როგორც გადამთიელთა მიერ ფულით წაქეზებული ხალხის ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებში შეყუჟებულთათვის. ერთი ასეთი, ჟურნალისტთან საუბრისას უტუხად ამბობდა — თუ დემოკრატია გინდა, საფასურიც უნდა გადაიხადოო. საფასური კი უკრაინის მხარდასაჭერად მეორე ფრონტის გახსნაა — მისი აზრით.

მისი აზრით, ის, რასაც კოლექტიური დასავლეთი ახვევს საქართველოს — დემოკრატიაა, არადა ვერავითარ დემოკრატიულ ჩარჩოებში ვერ ჩაჯდება რუსული საინფორმაციო ტელეარხების გათიშვა. ამას აკეთებენ სიტყვის თავისუფლების ვითომ თავგადაკლული დამცველები აშშ-ი, ევროკავშირი, სხვები, მათ შორის საქართველოც.

ნაცვლად სწორი, მართალი ინფორმაციისა ხალხს აწვდიან სიცრუის მანქანის მიერ მომზადებულ ტელესიუჟეტებს, სადაც ეშვებიან რუსულ დათვს რქებით „ალამაზებენ“, თან ისეთი ზღაპრებით, ძნელად დასაჯერებელი რომაა.

აშშ-ს დაკვეთით, დირიჟორობით ხდება ყოველივე აღნიშნული — მილიონების ხარჯვით. ევროპის ქვეყნებში ისეთი ანტირუსული კამპანიაა გაჩაღებული, ძნელია უარესის წარმოდგენა. რუსის, თუნდაც ტურისტის დანახვა არვის სურს.

თუ ევროპაში მყოფი რუსი ან ადგილობრივი რაიმე ანტიუკრაინულს იტყვის — სასჯელი არ აცდება. რუსი და რუსეთი უნდა გაქრეს ევროპელთა ლექსიკონიდან — ასე სურთ „დემოკრატიულ“ დასავლეთში.

ავიწროებენ ყველას, ვისაც კავშირი ჰქონდა რუსეთთან. შავ სიაში მოხვდა ავსტრიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ქალბატონი კარინ კნაისელი — პროფესორი, პედაგოგი, წიგნების ავტორი, პროფესიონალი დიპლომატი, ვინაიდან მას ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა რუსეთთან და მის პრეზიდენტ პუტინთან.

პუტინი კნაისელის ქორწილშიც იმყოფებოდა. დაწყებულმა ანტირუსულმა პროპაგანდამ აიძულა კნაისელი გადამდგარიყო, შემდეგ კი ავსტრიელთა მუქარის გამო ქვეყანა დაეტოვებინა. ის, ამჯერად საფრანგეთში ქირაობს საცხოვრებელს, მაგრამ იქაც არ ასვენებენ, ამჯერად ფრანგი მოხელეები, რომლებიც მკაცრად აფრთხილებენ გამქირავებელს გაწყვიტოს კონტრაქტი კნაისელთან.

ინტერვიუს დროს მან აღნიშნა, რომ იძულებულია საფრანგეთი დატოვოს და ლიბანში გადასახლდეს საცხოვრებლად.

პატივცემულმა მკითხველმა უყურადღებოდ არ უნდა დატოვოს ეს ამაზრზენი ფაქტი, რომელსაც ადგილი აქვს ნეიტრალურ, დემოკრატიულ ავსტრიაში.

ავსტრია გამონაკლისი არ არის. გერმანიის ყოფილ კანცლერს, შრიოდერს — პუტინთან დაახლოებულს, არანაკლები პრობლემები აქვს შექმნილი, მაგრამ ფინეთის პრემიერ-მინისტრ სანო მარინს — 36 წლის ქალბატონს, აქებენ და ადიდებენ კოლეგა ევროპელები იმ ვიდეო-მასალის გამოქვეყნების შემდეგ, სადაც პრემიერი, ალკოჰოლმოკიდებული და, როგორც ამბობენ, ნარკოტიკებით გაბრუებული, ტანსაცმლის შემოხევამდე ცეკვავს თავის მეგობრებში.

ცივი ფინელების ნაწილი მიიჩნევს, რომ პრემიერს, მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, მაღალი თანამდებობა არ აძლევს უფლებას თავისი ქარაფშუტობა ხალხს დაანახოს.

ევროპელებს მოსწონთ ასეთი საქციელი. მოსწონთ ის, რომ ნაცვლად მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარებისა, რომელმაც მთელი კოლექტიური დასავლეთის ქვეყნები მოიცვა, ფინეთის პრემიერი, ისე, როგორც ისინი, იოლად უდგებიან საქმეს და თავის გასაკეთებელს პუტინს აბრალიან.

ეკონომიკურმა კრიზისმა ისეთ მწერვალებს მიაღწია, რომ ტანის დაბანა პრობლემად იქცა. ევროპელებს ეუბნებიან ტანი იშვიათად დაიბანონ, რითაც ისინი დაზოგავენ წყალს, ელექტროენერგიას. ევროპელებს მოუწოდებენ გამოიყენონ მრავალჯერადი ტუალეტის ქაღალდი, ანუ ნახმარი უნდა გაირეცხოს.

გერმანიის ეკოლოგიის და გარემოს დაცვის მინისტრმა გადაწყვიტა მსხვილფეხა რქოსანი, პირუტყვის ყოლისთვის ფერმერების ახალი გადასახადით დაბეგრვა. რატომ? — იკითხავთ. მარტივი მიზეზის გამო — ძროხა გამოჰყოფს CO2  (ნახშირორჟანგი) გაზს, რითაც ატმოსფეროს აბინძურებს.

სტატია ვერ დაიტევს იმ სისულელეების ჩამოთვლას, რასაც ევროპელები სჩადიან, მაშინ, როდესაც არაფრად აგდებენ უკრაინის ტელეარხზე გაშვებულ სიუჟეტს, უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე რომ ცეცხლზე შემწვარ ხორცს მიირთმევს, ასეთი კომენტარით — ეს რუსი ჯარისკაცის ხორცია, რომელიც მე მოვკალი და მოგიწოდებთ ყველას მოკლათ რუსი.

რეაქცია არ აქვს ევროპა-ამერიკას უკრაინის სუპერმარკეტებში გამოფენილი გამაგრილებელი სასმელების ეტიკეტებზე — „რუსული სისხლი“; არც იმაზე რეაგირებენ, როდესაც ბავშვები, რუსი ბავშვების სისხლზე დამზადებული ტორტის რეკლამას აკეთებენ.

ნორმალური საზოგადოება შეძრა რუსი ფილოსოფოსის დუგინის ქალიშვილის მკვლელობამ, რომელიც, წინასწარი გამოძიებით, უკრაინის სპეცსამსახურმა განახორციელა. მკვლელობამდე 2 დღით ადრე, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა ერმაკმა განაცხადა, რომ უკრაინელები დახოცავენ ანტიუკრაინულად განწყობილ ყველა რუსს და არა მარტო მათ, არამედ მათ შვილებს, შვილიშვილებს, ახლობლებს.

ყაზახეთში უკრაინის ელჩმა ტერაქტთან დაკავშირებით თქვა — მეტი უნდა დავხოცოთ, ამით ჩვენს შვილებს გავუადვილებთ საქმეს, მათ დასახოცი რუსი არ ეყოლებათო.

დუგინის ქალიშვილის მკვლელობამ დიდი სიხარული და ზეიმი გამოიწვია უკრაინაში. ესეც თქვენი  დამოუკიდებელი და დემოკრატიული უკრაინა. ესეც თქვენი დამოუკიდებელი, დემოკრატიული, ჰუმანურობით აღსავსე ევროპა, ევროპული ფასეულობები ჩვენ რომ შევხარით!

მეგობრებო, ეს ის ევროპა არ არის, თქვენ რომ წიგნებიდან ამოგიკითხავთ. ეს გადაგვარებული ევროპაა, ერთნაირსქესიანთა ქორწინებით, ბავშვებში სქესის შეცვლით, ზელიბერალური სისასტიკით, ლგბტ-ით გამორჩეული.

ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს, რომ ევროკავშირის მიერ მოცემული 12 პუნქტიანი დავალების შესრულება სულაც არ ისახავს საქართველოს არსებობის გაუმჯობესებას. მიზანი არის ევროპის მონად ქცევა, სუვერენიტეტის ფეხქვეშ გათელვა, ცალმხრივ, არასანდო ფალსიფიცირებულ მონაცემებზე დაყრდნობილი ბრძანებების შესრულება.

კოლექტიური დასავლეთის მიზანი ამ 30 წლის განმავლობაში არასდროს ყოფილა საქართველოს უძველეს ტრადიციებზე, წეს-ჩვეულებებზე, მდიდარ ისტორიაზე დაფუძნებული ქვეყნის მშენებლობა.

მიზანი მისი იყო და არის მარტივი — საქართველოს მოსახლეობის სამშობლოდან განდევნა. იაფი, მონური შრომით თავიანთი კეთილდღეობის მოწყობა. თუ 30-წლიან დასავლურ „სიკეთეს“ — ქართველთა თავზე დახვავებულს, ზერელედ შევხედავთ, ჩვენც სხვა ერების ბედს გავიზიარებთ, რომელთა ჭაჭანებაც არ არის და რომელთა სახელებიც მსოლოდ ისტორიას შემორჩა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

24/08/2022