რუსოფობიის ახალმა ტალღამ მოიცვა საქართველო

საქართველოს ხელისუფლების ოპოზიციური ძალები, რომლებმაც ჯერ-ჯერობით თავი ვერაფრით გამოიჩინეს, გარდა მმართველი პარტია „ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების ლანძღვა-გინებისა, ისევ უბრუნდება მეზობელი რუსეთის თემის გააქტიურებას სხვადასხვა სახის ანტირუსული პროექტების გასაჯაროებით, ფართო საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრით.

მკითხველი შემედავება სიტყვა „უბრუნდებას“ გამოყენებისთვის, ვინაიდან ასეთს არ შეიძლება ადგილი ჰქონდეს, როდესაც ანტირუსული ისტერია 30 წელია ტვინს გვიხვრეტს ყველას.

გეთანხმებით, რუსოფობიას — ღრმად ფესვგადგმულს ჩვენს ცხოვრებაში, რა აქვს „დასაბრუნებელი“? არც არაფერი, მაგრამ ვითარება, რომელიც ამ მხრივ თვალშისაცემია, მიგვანიშნებს არსებულზე გაცილებით მეტ რუსოფობიაზე, რომელშიც უდიდესი წვლილი შეაქვს არა მარტო ნაცურ ოპოზიციას, მის თანამგზავრ პარტიებს, არამედ დასავლელ დამრიგებლებს — ახალი მოვლენებიდან გამომდინარე.

ახალი მოვლენები კი ისაა, ეკონომიკური კრიზისი რომ ჰქვია — გამოწვეული ენერგეტიკული სანქციებით და უკრაინაში მიმდინარე სპეციალური სამხედრო ოპერაციით.

კოლექტიური დასავლეთი ყოველივე აღნიშნულს რუსეთს აბრალებს, თან ისეთი თავდაჯერებით, ძნელია არ აიყოლიოს პოლიტიკაში გათვითცნობიერებულიც, არათუ დილეტანტი, რომელთა რაოდენობა გაცილებით აჭარბებს საერთაშორისო საკითხებში  ჩახედულებს.

მედიური პროპაგანდა, რომელსაც თანამედროვე „სასიყვარულო“ სახელიც მოუძებნეს — „რბილი ძალა“, ისეთი „სირბილისაა“, როგორც მჭედელის მძიმეწონიანი ურო, საზოგადოების თავზე დახეთქებული.

მიკვირს, ზოგიერთები როგორ  ინარჩუნებენ საღ აზრს ამ მედიური პრესის შედეგად? — ზოგიერთები მხოლოდ! დანარჩენნი არათუ გულდასმით უსმენენ მწარე პროპაგანდას, არამედ სჯერათ მისი.

სჯერათ, რომ რუსეთი აგრესორია, ოკუპანტი და ღვთისპირისგან გადავარდნილი ქვეყანა — მუდამ ომისთვის განწყობილი, განსაკუთრებით მეზობელი ქვეყნების მიმართ.

სჯერათ, რომ რუსეთს, მეზობელი ქვეყნების დაპყრობა სურს და მათი დამონება. სჯერათ, რომ უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს რუსი ჯარისკაცები შეგნებულად ხოცავენ მშვიდობიან მოსახლეობას, ბავშვებს, მოხუცებს, ხოლო ქალებს აუპატიურებენ.

სჯერათ, რომ ბუჩა დადგმული სპექტაკლი კი არა, სინამდვილეა.

სჯერათ, რომ რუსეთი ბომბავს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს. მათ არ სჯერათ, რომ ატომურ ელექტროსადგურს რუსი სამხედროები იცავენ. ეს, რომ დაიჯერონ, აუცილებლად გაუჩნდებათ კითხვა — რუსები თავს იბომბავენ?

სჯერათ, რომ „მაგატეს“ დამკვირვებლებს რუსები არ უშვებენ ელექტროსადგურში.

მათ არ სჯერათ, რომ რუსეთი, გაეროს უშიშროების საბჭოს ტრიბუნიდან რახანია მოითხოვს დამკვირვებლების ჩასვლას და მოუწოდებს უშიშროების საბჭოს წევრებს შეაჩერონ უკრაინელები ობიექტის ინტენსიური დაბომბვისგან. ნაცვლად ამისა, ცინიკოსი დასავლეთი რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს დაბომბვა, ანუ მოუწოდებს არ გააკეთოს ის, რასაც არ აკეთებს.

საზოგადოებამ არ იცის, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რუსეთი უმანკო კრავია, ხოლო უკრაინა მგელი. და არ იცის იმიტომ, რომ მედია შებრუნებით ეუბნება. თუ იკითხვათ — რატომ? გპასუხობთ — იმიტომ, რომ მას ოპოზიცია ავალებს ამას, ოპოზიციას კი კოლექტიური დასავლეთი, ქართული პოლიტიკის მიერ „სტრატეგიულ პარტნიორად“ წოდებული.

აი, ის „სტრატეგიული პარტნიორი“ გვიბრძანებს, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას. გავუგზავნოთ კვების პროდუქტები, ჰუმანიტარული ტვირთი; გავუგზავნოთ მოხალისეები რუსთა წინააღმდეგ საომრად. გავხსნათ მეორე ფრონტი, დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად.

დავუწესოთ რუსეთს ეკონომიკური სანქციები.

ქალაქების ქუჩებში გამოვფინოთ უკრაინის დროშები და უკრაინელთა გასამხნევებელი ლოზუნგები. მედიაში სისტემატურად ვილაპარაკოთ, როგორ ამარცხებენ უკრაინელები, მტარვალ რუსებს.

ვიმეორებ, ესოდენ ძლიერი „მსუბუქი ძალის“ გამოყენებით არათუ სუსტი სულისკვეთების და არამტკიცე ქართველთა დაყოლიებას ექნება ადგილი, არამედ მტკიცე და შეუდრეკელთა.

„მსუბუქი ძალის“ სისტემატური გამოყენება აიძულებს ყველას, მათ შორის ქართველსაც ამ ძალის მწარმოებელთა დაკრულ დუდუკზე იცეკვოს. განა, ამას არ აქვს ადგილი „ცივილიზებულ“, „ფასეულობებით“ დახუნძლულ ევროპაში?

განა, „ფასეულობა“ არ არის მრავალჯერადი მოხმარების ტუალეტის ქაღალდის გამოგონება ან კვირაში ერთხელ ტანის გარკვეული ნაწილების დაბანა; ან წყლის ეკონომიის მიზნით — ბოთლში ჩაშარდვა და ბაღში გადაღრვა; ან მოშარდვის შემდეგ უნიტაზის არ ჩარეცხვა — წყლის მომჭირნეობით ხარჯვის მიზნით; ან 40 გრადუსიან სიცხეში კონდიციონერის არ ჩართვა — ელექტროენერგიის დასაზოგად; ზამთრისთვის შეშის მომარაგება, ნაცვლად კართან მიყვანილი გაზის მილის ჩართვისა — პუტინის ჯიბრზე; რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზების არ გაცემა და ამით მილიონობით შემოსავლის დაკარგვა — პუტინის ჯიბრზე.

რაღა ბევრი გავაგრძელო, როცა ყველაფერი ნათელია, მაგრამ არა ყველასთვის, ვინაიდან ეს „ყველა“ ქართულ—უკრაინულ—დასავლური ტყუილი ინფორმაციის მსხვერპლია — მათი გავლენით იმდენად ტვინგარეცხილი, რომ სიკეთეც, მავნებლობა ჰგონია, მაგალითად რუსული ტურიზმი.

სტატისტიკის მიხედვით, ა.წ. იანვარ-ივლისში საქართველოში 2,444,329 ტურისტი იმყოფებოდა, რომელთაგან რუსი ტურისტების რაოდენობა გაცილებით აღემატება მეზობელი ქვეყნებიდან შემოსულ ტურისტებს. მარტო ივლისში რუსი ტურისტების რაოდენობამ 156,737 შეადგინა.

მართალია, ტურისტების რაოდენობამ 67% ჯერ-ჯერობით ვერ გადააჭარბა და ვერ მიაღწია პანდემიამდე არსებულ რაოდენობას, თუმცა პროგრესი სახეზეა, რაც ყველას უნდა ახარებდეს, მათ შორის ოპოზიციას. მაგრამ არა!

დასავლეთს აყოლოლი ოპოზიცია აცხადებს, რომ რუსი ტურისტების რაოდენობის შესაჩერებლად ხელისუფლებამ მექანიზმი უნდა შეიმუშაოს, მაგალითად სავიზო რეჟიმის დაწესებით, ერთთვიანი ყოფნის შემოღებით — შემოვუშვათ ისინი, ვინც ხელს მოაწერს დოკუმენტს — რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია.

ზოგს ჰგონია, რომ ანტირუსული გამოხდომა ტურიზმის სფეროში ქართველი ოპოზიციონერების გამოგონებაა. არა, მეგობრებო, ევროპელთა მიერ გაშლილი ანტირუსული ქმედების განშტოებაა. ევროკავშირის ზოგიერთმა წევრმა ქვეყანამ, მაგალითად ბალტიისპირეთის სამმა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ უარი სტკიცა რუს ტურისტებს შეშვებაზე. მათი ინიციატივით ევროკავშირი განიხილავს რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზის გაცემის საკითხს და სრული შესაძლებელია ნეგატიური გადაწყვეტილებაც მიიღოს.

„პროგრესული“ ქართველობა ხომ არ უნდა ჩამოვრჩეთ „ცივილიზებულ“ ევროპას?! არადა, იყო დრო სააკაშვილის მმართველობისას, როდესაც საქართველომ, ცალმხრივად გააუქმა რუსეთთან სავიზო რეჟიმი და შეეცადა რუსი ტურისტების მოხიბლვას, მაგალითად ყველა რუსისთვის თითო ბოთლი ღვინის ჩუქებით — საზღვრის გადმოკვეთის დროს.

ზოგს დაავიწყდა ბათუმის შადრევანი, რომელიც შიგადაშიგ წყლის გარდა, არაყსაც აფრქვევდა. ამ შადრევანს რეკლამა თვით პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაუკეთა. რას შვებიან სააკაშვილის პარტიელები დღეს? კატეგორიულად მოითხოვენ რუსული ტურიზმის გაუქმებას, რამეთუ მას ქვეყნისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევენ.

ტურიზმი რომ ფულია, მთელმა მსოფლიომ იცის, მაგრამ არა საქართველოს ოპოზიციამ, თუმცა, რომც იცოდეს, ის, ისე უნდა მოიქცეს, როგორც მას ჩასძახებენ დასავლელები.

სერიოზულ შფოთს იწვევს მათში რუსეთთან საქართველოს ეკონომიკური კავშირებიც, თუნდაც ისეთი, ფულის გადმოგზავნა რომ ჰქვია.

მიმდინარე ნახევარი წლის განმავლობაში, უცხოეთში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა, თავიანთ აქაურ ოჯახის წევრებს, ნათესავებს 2,092 მილიარდი დოლარი გადმოუგზავნეს. აქედან პირველი რუსეთია — 850,2 მილიონი; იტალია — 244,2; აშშ-ი — 176,1; საბერძნეთი — 128; ისრაელი — 111,9.

Transparency International-მა, აღნიშნულს რუსული ექსპანსია დაარქვა. მისი გათვლით, საქართველომ რუსეთისგან განვლილი 6 თვის განმავლობაში მიიღო 1,2 მილიარდი დოლარი. ამ თანხაში, გარდა ფულადი გზავნილებისა, შედის ტურიზმის შემოსავალიც და რუსეთში გატანილი პროდუქტების გაყიდვით შემოსული ფულიც. აღნიშნული თანხა 2,5—ჯერ აჭარბებს 2021 წლის ანალოგიურ თანხას.

მაის—ივნისის ჩათვლით საქართველოში დარეგისტრირდა 6400 რუსული კომპანია, რაც გულს უხეთქავს საქართველოს ამერიკელ დამრიგებლებს, რომლებიც დაჟინებით უცხადებენ ქართველ პოლიტიკოსებს, რომ რუსეთი ტანკით კი არა, ბიზნესით და ტურისტებით იპყრობს საქართველოს.

საქართველოს ხელისუფალთა პრაგმატული გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნასა და სანქციების არდაწესებასთან დაკავშირებით მისასალმებელია, მაგრამ სრულიად არასაკმარისი ნორმალური ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აგრძნობინოს დასავლეთს, რომ თუ ზეწოლას არ შეწყვეტს, სხვა ნაბიჯებსაც გადადგამს.

საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური ალღო არ უნდა ღალატობდეს და უნდა იცოდეს, რომ 24 თებერვალმა ბევრი რამ შეცვალა; რომ 24 თებერვალმა მსოფლიოს ერთპოლუსიანობას წერტილი დაუსვა.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეიგნოს, რომ სახელმწიფო, „უკრაინის“ სახელწოდებით ან აღარ იარსებებს, ან თუ იარსებებს, ძალიან პატარა ზომისა, ამდენად თავი არ უნდა მოიტყუოს, როდესაც გაეროში კენჭისყრისას იმ 54 სახელმწიფოს გვერდში დგას, ვინც აშშ-ს დაძალებით მოითხოვს რუსეთის ჯარების უკრაინიდან გაყვანას და მისთვის ტერიტორიების დაბრუნებას.

საქართველოს ხელისუფლებამ და ოპოზიციამ მარტივი არითმეტიკა უნდა იცოდეს, რათა დაინახოს, რომ გაეროს 193 წევრი სახელმწიფოდან მხოლოდ 54 უჭერს მხარს უკრაინიდან რუსეთის ჯარის გაყვანას და მისთვის ტერიტორიების დაბრუნებას, რაც სრული ფიასკოა აშშ-ა და ხელმომწერი ქვეყნებისთვის.

ქართულ—რუსული ურთიერთობების გაუარესებაში დიდი წვლილი შეიტანა 1992-2008 წლების ომებმა. ორივეში ქართული მხარე დამარცხდა, თანაც ისე მწარედ, ხელისუფლებას აღარაფერი დარჩა ხალხისთვის სათქმელი. და მან ჯერ შევარდნაძის, შემდეგ სააკაშვილის მთავრობების სახით, განსაკუთრებით შევარდნაძის, მცირერიცხოვან აფხაზებთან დამარცხება შეურაცხყოფად ჩათვალა, რაც მართლაც ასე უნდა ჩაეთვალა მოსახლეობით და სამხედრო ძალით აფხაზეთზე დიდ საქართველოს და მარცხი რუსეთის არმიას დააბრალა, აქაოდა ის ჩვენზე დიდი და ძლიერია და საქართველო რას გახდებოდაო.

ამ ომების შემდეგ საკმაო დრო გავიდა. ომების პერიპეტიებიც გამომზეურდა და ისიც, ვინც წამოიწყო აგრესია, მაგრამ მთელი თუ არა, ნახევარი საქართველო მაინც გაჰყვირის, რომ რუსეთმაო.

ისედაც მოჭარბებულ რუსოფობიას, ყოველდღიურად ემატება აღნიშნული ომების თემატიკა და რუსეთის დადანაშაულება იმაში, რაშიც ის დამნაშავე არ არის.

ახალი თაობა, რომელმაც არ იცის რამ გამოიწვია ომები და არც იმის სურვილი აქვს სერიოზულად გაეცნოს მაშინდელ მოვლენებს, ცრუ პროპაგანდის მსხვერპლი ხდება, ანუ ანტირუსულის. ახალი ფენა საზოგადოებისა, რომელმაც ხვალ უნდა ააწყოს კავშირურთიერთობები რუსეთთან, უკვე მოწამლულია რუსოფობიით.

ასეთს, უდავოდ გაუჭირდება იმ „მტერთან“ ლაპარაკი, ვინც საქართველოს ტერიტორიას ხარბი თვალი „დაადგა“ და ომით „წაგლიჯა“ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო ძნელი გახდება მომავალი თაობის დაჯერება იმაში, რომ საქართველოს ხელისუფალთა უგუნურმა მოქმედებამ გამოიწვია ყოველივე და არა მეზობელი ქვეყნის მზაკვრობამ.

მამათა დანაშაულია, შვილთა უმეცრობა, თუნდაც ამ ორ განვლილ ომთან დაკავშირებით. მამათა დანაშაულია, შვილთა ანტირუსულად დარაზმვა ცრუ ინფორმაციით, ტყუილით და „მტრის“ მიმართ საომრად განწყობა.

არც ერთ მშობელს არ სურს, რომ შვილი ომის ქარცეცხლში გაეხვიოს, მაგრამ მამათა შეუგნებელი ქმედებით ასეთს ექნება ადგილი. ასეთს ექნება ადგილი, თუ მამა ტყუილს ეტყვის შვილს ომთან დაკავშირებით; ტყუილ ისტორიას დაწერს; ტყუილ გმირობას მოუყვანს მაგალითად შვილს.

მკითხველს ვთხოვ სწორი სახელის გამოძებნას იმათთვის, ვინც საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე იბრძოლა და თავი შესწირა ქვეყნის მთლიანობას.

საქართველომ ყოველგვარი ტერიტორიული დანაკარგით დაიწყო დამოუკიდებელი ცხოვრება და რომ არა შევარდნაძის მოუქნელობა საშინაო საქმეებში, სამოქალაქო ომებს ადგილი არ ექნებოდა.

შევარდნაძემ არაფრად ჩააგდო აფხაზთა მეთაურის არძინბას წერილობითი თხოვნა 1992 წლის მარტში გამოგზავნილი, სადაც ის საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის ახალი სტატუსის განხილვის დაწყებას მოითხოვდა. ნაცვლად, შევარდნაძემ „ჯარი“ მიაყენა აფხაზეთს, თითქოს აფხაზეთი სხვა ქვეყანა ყოფილიყო.

აფხაზეთში არსებული არეულობა საქართველოს შინაგან საქმეთა ძალებს უნდა მოეგვარებინათ და არა ჯარს. რატომღაც ჯარს მიეცა წესრიგის აღდგენის ბრძანება.

ამ არცთუ პატარა ნიუანსმა ხაზი გაუსვა აფხაზეთის სეპარატისტულ განწყობას, მისი თბილისისგან დაშორებას. სამოქალაქო ომს ჰყავს გმირები, მაგრამ არა გმირობის ორდენებით მკერდდამშვენებულები. სახლში მეომარი გმირია თუ წესრიგის დამცველი? იქნებ მკითხველმა გაიაზროს აღნიშნული და თავისი თავისთვის გასცეს მას პასუხს.

ვერ გავიზიარებ საქართველოს ომბუდსმენის ნინო ლომჯარიას ასეთ ნათქვამს: „მაოცებს, ამ ქვეყანაში რატომ უკვირთ ის, რომ ომის შედეგად საქართველოს 300 000 ლტოლვილი ჰყავს და ათასობით დახოცილი რუსულ-ქართული კონფლიქტების შედეგად — საქართველოს მოქალაქეები რომ ნეგატიურად აღიქვამენ ამას, გასაკვირი არ არის“.

გასაკვირი არის ლომჯარიას მოსაზრება, რომელიც სახელმწიფო ტყუილს ეყრდნობა. მოსაზრება, რომ ობიექტურობაზე იყოს დაფუძნებული, მაშინ ხალხის განწყობაც სხვაგვარი იქნებოდა. ახლა კი გვაქვს ის, რაც გვაქვს. ხალხს არ უნდა მეორე ფრონტი, არ უნდა ანტირუსული სანქციები. ხალხს უნდა რუსეთთან ეკონომიკური კავშირების გაგრძელება-გაფართოება, მაგრამ გულის კუნჭულში გულშემატკივრობს  უკრაინას.

საქართველოს საზოგადოება ნეგატიურად აფასებს უკრაინაში რუსეთის სპეცოპერაციას და ოცნებობს რუსეთის დამარცხებაზე, ვინაიდან უკრაინის მტერი რუსეთი, საქართველოს მტერიცაა. უკრაინის ტერიტორიების დამპყრობელი რუსეთი, საქართველოს ტერიტორიების მომტაცებელიცაა, რაც ცრუ ინფორმაციის შედეგია, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში ტენიან ხალხს.

სულ ახლახანს, თბილისში ჩამოსული ქართველი, რომელიც აფხაზეთის ომამდე სოხუმში ცხოვრობდა და ამჟამად მოსკოვში ცხოვრობს, გაღიზიანებული მეუბნებოდა — რუსეთმა უნდა დამიბრუნოს აფხაზეთიო.

ის თვლის, რომ რუსეთმა ჩამოგვაჭრა აფხაზეთი და არა საქართველოს ხელისუფალთა უპასუხისმგებლობამ. მას ჰგონია, რომ აფხაზეთ—სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში ყოფნის შემთხვევაში არავითარ დაპირისპირებას არ ექნებოდა ადგილი.

მას არ ახსოვს პრეზიდენტ სააკაშვილის ხმამაღალი განცხადება — 2008 წლის ცხინვალის ომის შემდეგ გაკეთებული — დაკარგულს, ძალით დავიბრუნებთო, რამაც აიძულა კრემლი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება.

რომ არ ყოფილიყო რუსთა ასეთი გადაწყვეტილება, იქნებოდა ის, რაც ომის დაწყებამდე იყო — პროვოკაციები ადმინისტრაციულ საზღვრებთან, მუდმივი დაპირისპირება, თანაც სისხლიანი.

ქართული პოლიტიკა, მიუხედავად 30-წლიანი ე.წ. დამოუკიდებელი ცხოვრებისა, ჯერაც ვერ გაიზარდა. მან არ იცის რას ნიშნავს სახელმწიფოებრიობა და აქედან გამომდინარე პასუხისმგებლობა. არის ის გონებაჩლუნგი, შეუგნებელი? მხოლოდ ნაწილობრივ.

სენი, ესოდენ არასასიამოვნო, მარტო აქაურთა ბრალი არ არის, იქაურთა ბრალიცაა, ვინაიდან ისინიც ამ სენით არიან დაავადებულნი. და ვინაიდან გონებაჩლუნგობა, შეუგნებლობა გადამდებია, ისე, როგორც ინფექციური დაავადება, ქართული პოლიტიკაც დასნეულდა, თუმცა ამას არ იმჩნევს და ჰგონია, რომ ჯანმრთელია.

ეს, დაახლოებით ისაა, ფსიქიატრულ დაწესებულებაში, ზოგ პაციენტს თავი რომ ნაპოლეონი ჰგონია, ზოგს ალექსანდრე მაკედონელი, ზოგი ლენინობას იჩემებს — ბლანჟემოშვებული და როდესაც ბლანჟეს მოპარსვისკენ მოუწოდებენ, აცხადებს — მოვიპარსავ, მაგრამ იდეებს რა ვუყოო?!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

28/08/2022