დეგნანები მოდიან და მიდიან, საქართველო რჩება

დიპლომატიურ სამსახურში ჩახედულთათვის უცხო არ უნდა იყოს მასპინძელ ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური სამსახურის მეთაურის, ანუ საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის „თავისებური“ ურთიერთობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან.

ხშირად ეს ურთიერთობები სცდება დიპლომატიის ჩარჩოებს და გადადის მასპინძელთა დამოძღვრაში, ჭკუის სწავლებაში, ბრძანების კილოთი ლაპარაკში.

მსგავს „დიპლომატიურ“ ურთიერთობებს მიმართავს ძლიერი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენელი სუსტ ქვეყანასთან, მაგრამ თავის თანატოლთან დამოკიდებულება შედარებით მოზომილია. ავიღოთ მაგალითად, აშშ-ს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის დამოკიდებულება მასპინძელ — რუსეთში, ჩინეთში, სხვა სუვერენულ ქვეყნებში. აშშ-ს ელჩი თავს უფლებას არ მისცემს ასეთებს ჭკუა ასწავლოს, ვინაიდან იცის, რომ პერსონა ნონ გრატობა, ანუ მასპინძელთათვის მიუღებლობა არ ასცდება, რაც ქვეყნიდან გაძევებას ნიშნავს.

სუვერენულ ქვეყნებში აშშ-ს დიპლომატიური წარმომადგენლობა თუ ცდილობს დაიცვას დიპლომატიური ეტიკეტი — მასპინძელთა საშინაო საქმეებში ჩაურევლობის თვალსაზრისით, ნაკლებად სუვერენულში, ანუ მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში, ხელს ისე აფათურებს, როგორც საკუთარ ბოსტანში.

ხშირ შემთხვევაში ისინი, ანუ აშშ-ს დიპლიმატები თავს ვალდებულადაც თვლიან არათუ ჭკუა ასწავლონ მასპინძლებს, არამედ უბრალოდ უბრძანონ კიდევაც დავალების შესრულება, ჩაერიონ ხელისუფლების ფორმირებაში, დაუნიშნონ მინისტრები, სხვა მაღალი რანგის მოხელეები, მიაღებინონ აშშ-სთვის სასარგებლო კანონები.

მასპინძელთა მხრიდან დაუმორჩილებლობა იწვევს არა მარტო საელჩოში მომუშავე დიპლომატების გაღიზიანებას, არამედ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის, ადმინისტრაციის, რასაც მასპინძელი ქვეყნის ხელისუფალთათვის უდავოდ მოჰყვება უნდობლობა, უკმაყოფილება, ფინანსურეკონომიკური დახმარების შემცირება—შეწყვეტა და თუ „სადამსჯელო“ ნაბიჯები შედეგს არ გამოიღებს, მაშინ ვაშინგტონი გამოიყენებს ხელისუფლების შეცვლის მექანიზმს — საყოველთაო არჩევნებში მმართველი პარტიის დამარცხებით ან „ფერად—ყვავილოვანი“ რევოლუციის გზით, ხელისუფალთა დამხობით.

ზოგი რამ, ზემომოყვანილი, მკითხველისთვის უცხო არ არის, ვინაიდან 30-წლიანმა „დამოუკიდებელმა“ ცხოვრებამ არაერთხელ დაატრიალა ჩვენს თავს, ჩვენი ქვეყნის შეზღუდული სუვერენიტეტიდან გამომდინარე, არასასიამოვნო მოვლენები — ჩვენს საშინაო საქმეებში ამერიკელთა შეუზღუდავი ხელის ფათური. მსგავსს აქვს ადგილი ჩვენზე სუვერენულ ქვეყნებში, მაგალითად ევროკავშირის წევრებშიც.

ისინი ისე ემონებიან აშშ-ს, როგორც გასული საუკუნის სამოციან წლებამდე აფრიკის კონტინენტის ქვეყნები, სხვები, ემონებოდნენ ევროპელ კოლონიზატორებს.

ბატონ—ყმურმა დამოკიდებულებამ, განსაკუთრებით იჩინა თავი ა.წ. 24 თებერვლის შემდეგ, რუსეთის მიერ უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებისთანავე.

აშშ-ა რუსეთს ათასზე მეტი ეკონომიკური სანქცია დაახვავა, თან უბრძანა ევროპას, სხვებს, ისე მოქცეულიყვნენ, როგორც აშშ-ი. და ისინიც, მორჩილი ფინიებივით, ასრულებენ ვაშინგტონის ბრძანებას — საკუთარ კეთილდღეობაზე უარის თქმით.

სხვას ვერაფერს იტყვი, როდესაც გერმანიამდე მიყვანილი გაზის მილი „ჩრდილოეთის ნაკადი—2“-ს ონკანი, ამერიკელთა შიშით გადაკეტილია და გერმანიის, ისე, როგორც ევროპის სხვა ქვეყნების მოსახლეობის სოციალური პირობები — უგაზობიდან გამომდინარე, უკიდურესად გაუარესებულია, ხოლო საწარმოების მუშაობა ზოგან განახევრებული, ზოგან გაჩერებული.

დავუბრუნდეთ ჩვენს მთავარ თემას — დიპლომატიას. მასპინძელ ქვეყანაში აკრედიტებული აშშ-ს ელჩი ყოველდღიურ ანგარიშს აწვდის აშშ-ს სახელმწოფო დეპარტამენტს, გაწეული მუშაობის თაობაზე, მასპინძელ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და ა.შ.

ელჩი თავს მოვალედ თვლის, რომ მის „სამწყემსო“ ქვეყანაში იყოს ისეთი ვითარება, როგორიც დააკმაყოფილებს აშშ-ს. თუ ასეთს არ ექნება ადგილი, არ არის გამორიცხული, რომ ცენტრში ელჩის მუშაობა ნეგატიურად შეფასდეს, რასაც შესაძლოა მოჰყვეს ვადაზე ადრე გაწვევა, სხვაგან გადაყვანა ან რეზერვში ჩასმა.

ასე რომ, როგორც მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლებისთვის, ისე ელჩისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს შეფასებას, გაკეთებულს ცენტრში, ამ შემთხვევაში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში.

დადებითი შეფასების მოსაპოვებლად ირჯება ელჩი და ხშირად არღვევს დიპლომატიაში მიღებულ წესებს, რაც თავისთავად იწვევს გაღიზიანებას მასპინძლებში.

მსგავსს აქვს ადგილი აშშ-ს ელჩის, ქალბატონი დეგნანის საქართველოში მოღვაწეობისას. დეგნანმა არაერთხელ დაარღვია დიპლომატიური პროტოკოლით განსაზღვრული წესები და ისე ჩაერია საქართველოს საშინაო საქმეებში, თითქოს საკუთარი ოჯახი იყოს. გავიმეორებ, ეს ავადმყოფობა მარტო დეგნანს არ სჭირს, ყველა ამერიკელი დიპლომატის ქრონიკული დაავადებაა, რაც განპირობებულია მასპინძელ ქვეყანასთან ბატონ—ყმური დამოკიდებულობით.

კელი დეგნანამდე აშშ-ს დიპლომატებთან, განსაკუთრებით ელჩებთან პირადი კონტაქტების დროს, როდესაც მივუთითებდი საპარლამენტო ან საპრეზიდენტო არჩევნებისას ხელისუფალთა აღვირახსნილობაზე და მოვუწოდებდი, როგორც პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელს ჩარევისკენ, პასუხი იყო მოკლე და კონკრეტული — ჩვენ არ ვერევით თქვენს საშინაო საქმეებში.

მას შემდეგ ბევრ წელს არ ჩაუვლია, მაგრამ ისე შეიცვალა აშშ-ს პოლიტიკა, რომ ელჩი არათუ თავს იკავებს საჯარო განცხადებისგან — საშინაო საქმეებში ჩარევის გამო, არამედ ხმამაღლა აცხადებს ამას — ყოველგვარი დიპლომატიური თავშეკავების გარეშე.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, ისეთი ვითარებაა შექმნილი აშშ-ს  ელჩ დეგნანსა და საქართველოს ხელისუფალთა შორის, უარესს რომ ვერ ინატრებს, როგორც ამერიკის, ისე საქართველოს მტერი.

განსაკუთრებული ნეგატიურობა შეინიშნება ა.წ. 24 თებერვლის შემდეგ, როდესაც ელჩმა ახალი, ანტირუსული დირექტივა მიიღო ვაშინგტონიდან, ასეთი სახის — საქართველო ჩვენი პარტნიორი ქვეყანაა, თანაც ისეთი, რომელიც ყველა ჩვენს მოთხოვნას უყოყმანოდ უნდა ასრულებდეს, ამიტომ ველით მისგან რუსეთის დასანქცირებას და უკრაინის უკიდეგანო მხარდაჭერას, რაც რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას გულისხმობს.

დირექტივის მიღებისთანავე დეგნანმა საქართველოს არაფორმალურ მმართველ ივანიშვილს მიაკითხა — 3-საათიანი ლაპარაკით. სანდო წყაროს ცნობით, მან ზემოაღნიშნული ორი საკითხის შესრულება სთხოვა ივანიშვილს, რომელმაც არაფორმალობის მომიზეზებით  აისხლიტა, რითაც სტუმარს გული დაწყვიტა.

დეგნანმა იუარა — ამ თემებზე არ გვქონია საუბარიო. საინტერესოა, რა თემაზე უნდა ელაპარაკათ დეგნან—ივანიშვილს 3 საათის განმავლობაში?! ისინი, ისეთი ახლობლები არ არიან, ტკბილად ეჭუკჭუკათ აქეთურ-იქითურზე, ბავშვობა და ყრმობა გაეხსენებინათ ან ამინდზე გაემახვილებინათ ყურადღება.

ცეცხლზე ნავთი დაასხა „ოცნებიდან“ „წასულმა“ 4 დეპუტატის განცხადებამ — ეს რა გავიგეთ, რა საოცრებასთან გვაქვს საქმე — აშშ-ი გვაძულებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და მეორე ფრონტის გახსნასო. ცხადია, ასეთი გაშიშვლებით არ იყო აღვსილი კვარტეტის განცხადება, მაგრამ ისეთი მინიშნებები გაკეთდა, რომ ძალაუნებურად მიხვდებოდა ნებისმიერი — რასთან გვაქვს საქმე.

„ოცნებისა“ და დეგნანის პაექრობა პერმანენტულ ფაზაში გადავიდა და კითხვა—პასუხს დაემსგავსა. იტყვის დეგნანი და პასუხს სცემს კვარტეტი; იტყვის კვარტეტი და დეგნანი პასუხობს.

ასე იყო ახლაც, როდესაც დეგნანმა არადიპლომატიური ლექსიკით „შეამკო“ კვარტეტი და შემდეგ მიაყოლა, მაგრამ რა მიაყოლა — წლების განმავლობაში აშშ-ი გვერდში უდგას საქართველოს; ეხმარება მას დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში; 6 მილიარდი დოლარი დაახარჯა მან საქართველოს ამ ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში, … პირადად მე, აქტიურად ვიყავი ჩართული ხელისუფლება—ოპოზიციის შერიგების პროცესში და ა.შ.

დეგნანმა დაგვაყვედრა ყველაფერი, რაც აშშ-ს გაუკეთებია საქართველოსთვის. მან გავრილოვიც გაიხსენა და თქვა, რომ ხელისუფლება—ოპოზიციის დაპირისპირება გავრილოვის ისტორიიდან დაიწყო, რითაც ყოველგვარი თავშეკავების და რაც მთავარია ობიექტურობის გარეშე, გავრილოვის ისტორია რუსეთის მიერ დაგეგმილი ავანტიურისტული პოლიტიკით ახსნა.

მაინც რას გულისხმობს ელჩი? ვითომ რუსეთმა დაგეგმა გავრილოვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომა? თუ ამას გულისხმობს, რა მოჰყვებოდა გავრილოვის ასეთ „საქციელს“? რა, გავრილოვი გამოაცხადებდა საქართველოს რუსეთთან შეერთებას?! და რომც გამოეცხადებინა, მართლაც ასეთს ექნებოდა ადგილი?!

მკითხველს რომ შევახსენო, ვიტყვი, გავრილოვი იმჟამად მართლმადიდებელი ქვეყნების პარლამენტების პრეზიდენტი იყო და ასრულებდა საქართველოს ხელისუფალთა მრავალწლიან თხოვნას მართლმადიდებელი ქვეყნების პარლამენტთა ასამბლეის თბილისში გამართვასთან დაკავშირებით.

სხდომის ჩატარება წესისამებრ პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაიგეგმა, რომელიც დაიქირავა ასამბლეის ორგანიზატორმა ორგანომ. გავრილოვიც, როგორც სხდომის წამყვანი, თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა, რასაც მოჰყვა ოპოზიციის პროტესტი და ოპოზიციის მიერვე შეყრილი ახალგაზრდების პროვოკაციული შეტევა პარლამენტის შენობაზე.

მიზანი იყო მარტივი — ხელისუფლების დამხობა და ოპოზიციის აღზევება. არ გამოუვიდათ!

მრავლობით რიცხვში როდესაც ვწერ „არ გამოუვიდათ“, ვგულისხმობ არა მარტო ოპოზიციას, არამედ აშშ-ს, ამ მარცხიანი ავანტიურის ორგანიზატორსა და სულის ჩამდგმელს, რომელმაც ოპოზიციაც მოამზადა, ლოზუნგებიც დაამზადა და სხვა საორგანიზაციო საკითხებიც მოაგვარა, თუმცა წარუმატებლად.

კელი დეგნანი ცრუობს, როდესაც ხელს რუსეთისკენ იშვერს. რუსეთი არაფერ შუაშია. აშშ-ს გარკვეულმა თუ გაურკვეველმა წრეებმა მოაწყვეს „გავრილოვის ღამე“. არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა გავრილოვისთვის პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომა—არჩაჯდომას. რომ არ ჩამჯდარიყო, მას პარლამენტის შენობაში ყოფნაში დაადანაშაულებდნენ.

დიპლომატიაში ტყუილს არცთუ იშვიათად იყენებენ, მაგრამ ტყუილის მთქმელი სხვა სახელს იძენს თავის უცხოელ კოლეგებში, ანუ უნდობლობას, თუმცა, როგორც ჩანს დეგნანს რეპუტაცია არ ადარდებს და არა მარტო მას, არამედ აშშ-ს დიპლომატიას.

დღევანდელი გადმოსახედიდან ძნელია თქმა იმისა, რომ აშშ-ს ჰყავს განსწავლული, კვალიფიცირებული, პროფესიონალი დიპლომატია. თითო-ოროლას გამოკლებით, ამერიკელი დიპლომატები შემთხვევით იწოდებიან დიპლომატებად, რაც გასაკვირია, მაგრამ  სინამდვილეს შეეფერება.

აშშ-ს პოლიტიკა, განსაკუთრებით საგარეო, დაფუძნებულია სამხედრო ძალაზე. სამხედრო კუნთები აკეთებს დიპლომატიის საქმეს და არა დიპლომატიური ჭკუა—გონება, განსწავლულობა, ტაქტი და რაც მთავარია ოპონენტის პატივისცემა.

ძნელია პოზიტიური თქვა აშშ-ს დიპლომატიაზე, როდესაც სახელმწიფო მდივნის მოადგილედ ვიქტორია ნულანდია, რომელმაც თავი დაგვამახსოვრა აშშ-ს მიერ მოწყობილი 2014 წლის მაიდნის რევოლუციის დროს ფუნთუშების დარიგებით, ანტიდიპლომატიური რიტორიკით.

გავიხსენოთ ბრაისა — სააკაშვილის „მეგობარი“, რომელიც ნავთობის ბიზნესიდან სახელმწიფო დეპარტამენტში გადასკუპდა, შემდეგ აზერბაიჯანში აშშ-ს ელჩის სავარძელში. მისი ხანმოკლე საელჩო კარიერა პერსონა ნონ გრატობით დამთავრდა, ანუ აზერბაიჯანიდან გაძევებით, რაც არა მარტო აშშ-ს დიპლომატიური ჩავარდნის გამომხატველია, არამედ მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლების სიმტკიცის.

აშშ-ს პოლიტიკურ ცხოვრებაში ხშირად აქვს ადგილი ბიზნესმენთა მიერ პრეზიდენტობის კანდიდატისთვის ფინანსური დახმარების გაწევას. კანდიდატის გაპრეზიდენტების შემთხვევაში, დონორი ბიზნესმენი უყურადღებოდ არ რჩება. მას რომელიმე ქვეყანაში ელჩობას ჩუქნიან, ხშირ შემთხვევაში ისეთში, რომლის შესახებაც ახალგადიპლომატებულ ბიზნესმენს არასდროს სმენია.

დიპლომატიური სამსახური, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, დახურული სამსახურია. დიპლომატები არ იძლევიან ინტერვიუებს, თავს არიდებენ საჯარო განცხადებებს. ეს საქმე პრესასთან ურთიერთობის სამსახურს აქვს მინდობილი, რაც სრულიად ოპტიმალური მიგნებაა შექმნილი ვითარებიდან თავისდასაღწევად.

პრესასთან ურთიერთობის სამსახური არის პასუხისმგებელი ისეთი ინფორმაციის გავრცელებაში, რაც აწყობს დიპლომატის ქვეყანას. ასეთი მიდგომა იცავს ქვეყანასა და მის დიპლომატიას ვერბალური თავდასხმებისგან და კრიტიკისგან, მაგრამ აზარმაცებს დანარჩენ დიპლომატებს, ამასთანავე პასუხისმგებლობას უხსნის მათ.

დავუბრუნდეთ ჩვენი წერილის მთავარ „გმირს“ — კელი დეგნანს, რომელმაც დაგვამადლა, რომ აშშ-ა 6 მილიარდი დოლარი მისცა საქართველოს. ერთის შეხედვით ეს მართლაც ასეა, მაგრამ ქაღალდზე. სინამდვილეში ამ თანხის დიდი ნაწილი ისევ მომცემს დაუბრუნდა, ანუ არა სახელმწიფო დეპარტამენტის ბუღალტერიას, არამედ გარკვეული მაღალი მოხელეების ჯიბეებს.

ამის შესახებ არაერთხელ წამიკითხავს ამერიკულ პრესაში. საქართველოში დარჩენილი ფული ხალხს არ ხმარდება. თვით დეგნანმა ბრძანა — ქართული დემოკრატიის აშენებისთვის დავხარჯეთ ფული, ანუ აშშ-ს არასამთავრობო სექტორის აქაური ფილიალების დასაფინანსებლად.

აშშ-ი ის ქვეყანაა, რომელიც ჩვენისთანა უსუსური ქვეყნის „შვილად აყვანისთანავე“ აფინანსებს პოლიტიკოსებს, არასამთავრობო სექტორს, მედიას. საერთო ჯამში ქვეყნის იმ ელიტას, რომელმაც თვით აშშ-ს უნდა შეუქმნას „შვილობილი“ ქვეყნის მოსახლეობის თვალში ღვთაებრივი სახე.

რა გამოდის? — იკითხავთ თქვენ, პატივცემულო მკითხველო — აშშ-ს მიერ მიცემული ფული, თვით აშშ-ს ხმარდება?

დიახაც, რომ ეს ასეა. და ამას აქვს ადგილი თითქმის 30 წლის განმავლობაში.

უმადურობა დიდი ცოდვაა. სამწუხაროდ ამ დაავადებით დღეს არა მარტო თითო-ოროლა ქართველია დაავადებული, არამედ უმრავლესობა, მაგრამ ეს დაავადება მარტო ჩრდილოელი მეზობლის მიმართ გამოიხატება და არა მაგალითად ამერიკა—ევროპისადმი.

არადა თუ ობიექტურად, საქმის ცოდნით ჩავიხედავთ ჩვენს 30-წლიან ისტორიაში, ბევრს აღმოვაჩენთ ისეთს, რაც მთლად პოზიტიურად არ უნდა განგვაწყობდეს ამერიკა—ევროპის მიმართ.

30 წელი საკმაო დროა იმისთვის, რომ მათ ე.წ. დასავლური დემოკრატია კი არ შემოეტენათ ჩვენთვის, არამედ ფაბრიკა—ქარხნები, საწარმოები აეშენებინათ, ხელი შეეწყოთ დასაქმებისთვის, გაეკეთებინათ ის, რისი იმედი ჰქონდა ხალხს, ხელი შეეწყოთ პროფესიონალი პოლიტიკოსების აღზრდაში, კვალიფიცირებული სპეციალისტების ჩამოყალიბებაში და არა ამერიკისადმი ვითომ სიყვარულით შეპყრობილი, დაბალი განათლების მქონე ადამიანთა აღზევებაში.

აი, ისინი გაჰყვირიან დღეს ზიზღიანი კრიტიკით იმ ოთხეულის მიმართ, რომელმაც აუგი სიტყვა თქვა კელი დეგნანსა და აშშ-ზე. „აშშ-ი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია და როგორ შეიძლება მისი კრიტიკა“ — ასე ბღავიან ისინი. კელი დეგნანს, ცხადია მოსწონს მათი მხარდაჭერა, მაგრამ საქართველოს?!

საქართველოს მოსახლეობამ უნდა გაიგოს, რომ დეგნანები მოდიან და მიდიან, საქართველო კი რჩება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

21/08/2022