თანამედროვე მიგრაციული პროცესები

ბოლო 30 წელია საერთაშორისო არენაზე მიმდინარე მწვავე პროცესებმა — პოლიტიკურმა, ეკონომიკურმა, სოციალურმა, უდიდესი გავლენა იქონიეს დემოგრაფიაზე.

ამ უკანასკნელის გაუარესებას ხელს უწყობს მიგრაციული პროცესები, რომლებიც ზემომოყვანილი საკითხების სიმძიმის ანარეკლია და აიძულებს ერთი ქვეყნის მოსახლეობას, ლუკმა-პურის საძიებლად სხვა ქვეყანას მიაკითხოს, მისი აზრით ამ საკითხებში გაცილებით უკეთ მყოფს.

მსოფლიო ისტორიისთვის მიგრაციული პროცესები ახალი არ არის, თუმცა მასობრიობა ახალია. ეს სიახლე მარტო ომს, ბუნებრივ კატაკლიზმებს არ უკავშირდება, თუმცა ომით გამოწვეული თანამედროვე მომთაბარეობაც მხედველობაშია მისაღები — შორს რომ არ წავიდეთ, მარტო სირიის, ერაყის, ლიბანის, ავღანეთის ომებმა რამდენი მილიონი ლტოლვილი მიაყენა განვითარებული ქვეყნების, განსაკუთრებით ევროპა-ამერიკის კარს?!

დაზარალებული ქვეყნების მოსახლეობამ ე.წ. მესამე მსოფლიოს, თავიანთი დამზარალებული ქვეყნები ამოირჩიეს უკეთესი ცხოვრების მოსაპოვებლად, ანუ მათი ისტორიული კოლონიზატორები, რითაც პასუხი გასცეს მზაკვრულ ისტორიას, დაახლოებით ასეთი: თქვენ საუკუნეთა განმავლობაში, ჩვენს ქვეყნებში ძალით შემოსულნი, გვტანჯავდით, გვძარცვავდით და არაფერი გააკეთეთ ჩვენი ყოფის გასაუმჯობესებლად, ახლა მიგვიღეთ, გვაჭამეთ და გვასვით, ვალი დაგვიბრუნეთ, ისტორიული ვალი, რომელმაც თქვენ აგაყვავათ, ჩვენ კი ცხოვრება გაგვიუარესა.

აფრიკის, ახლო აღმოსავლეთის თუ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების მოსახლეობას — კოლონიალიზმის მძიმე პერიოდგამოვლილს აქვს უფლება ამის თქმის.

გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო აფრიკის სახელმწიფოების დეკოლონიზაცია. ამ ქვეყნებმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს, მაგრამ ფიქტიურად, ფაქტიურად — ძველი კოლონიზატორები აშშ-ს იმპერიალიზმმა ჩაანაცვლა — უმსხვილესი კორპორაციების სახით, რომლებმაც გააგრძელეს იგივე, რაც მათმა წინამორბედებმა — ძარცვა.

იაფი მუშახელით აფრიკის სიმდიდრეების მოხვეჭა, რაც ძველმა კოლონიზატორებმა ვერ მოასწრეს, ახლებმა — აშშ-ს კომპანიების სახით, აღასრულეს, რამაც აფრიკელთა ე.წ. დამოუკიდებლობა ღიმილის მომგვრელ ფანტაზიად აქცია.

ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მართლაც გულწრფელად გაუწოდა ხელი აფრიკას, საბჭოთა კავშირი იყო. მრავალი წლის განმავლობაში აშენებდა საბჭოთა კავშირი აფრიკის ქვეყნებში საწარმოებს, საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტებს, სკოლებს, საავადმყოფოებს. აფრიკელებს ასწავლიდა სსრკ-ს უმაღლეს სასწავლებლებში.

სამწუხაროდ, „პერესტროიკის“ დაწყებისთანავე სსრკ, შემდეგ რუსეთმა შეწყვიტა ურთიერთობა აფროკის ქვეყნებთან, მაგრამ აფრიკას არ დავიწყებია სიკეთე, რომელიც საბჭოთა კავშირმა გაუკეთა მას. მარტო ის რად ღირს — მილიარდობით დოლარის ვალი, რომელიც რუსეთმა აფრიკას ჩამოაწერეს.

სიკეთე არ დაიკარგა, მან თავი იჩინა რუსეთის განსაცდელის ჟამს, როდესაც ამერიკა-ევროპამ, ზოგიერთმა სხვამ, რუსეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესეს — ათას ასზე მეტი, უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებისთვის. აფრიკის სახელმწიფოებმა უარი თქვეს მსგავსი გადაწყვეტილების მიღებაზე.

აფრიკის ქვეყნებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის ვიზიტის დროს, მასპინძლებმა გაიხსენეს საბჭოთა დახმარება და მხარდაჭერა აღუთქვეს რუსეთს.

პოლიტიკა, რომელსაც კოლექტიური დასავლეთი მიმართავს ე.წ. მესამე ქვეყნების მიმართ, ისეთ შედეგს იძლევა, რასაც დღეს აქვს ადგილი — უკონტროლო მიგრაციას.

მილიონობით ლტოლვილი მიაწყდა ევროპას, სადაც სახეზეა ეთნოკულტურული ანკლავების შექმნა, ანუ სახელმწიო—სახელმწიფოში.

ვერ შეეთვისენ მიგრანტები ევროპულ „ფასეულობებს“, არადა რახანია იქ ცხოვრობენ, იქ დაიბადნენ, იქ ისწავლეს, მაგრამ ევროპელები ვერადავერ გახდნენ.

მიგრანტები განცალკევებულად ცხოვრობენ, რითაც უარყვეს გერმანიის ყოფილი კანცლერის მერკელის თეორია — მათი სწრაფი ასიმილაციის თაობაზე.

არის გამონაკლისებიც, მაგალითად თურქი მიგრანტების სახით, რომლებიც გასული საუკუნის 60-იანი წლების გერმანულმა სამრეწველო აღმავლობამ ამ ქვეყნის კარს მიაყენა.

გერმანიის ბიზნესს ესაჭიროებოდა მუშახელი და ასეთად თურქი ჩაითვალა. ასედაამრიგად, ის თურქი გერმანიის მოქალაქეა, მათი შვილებიც და შვილიშვილებიც, გერმანული განათლების მქონენი, მაგრამ თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის ფანები.

თითქმის ყველა გერმანულ ქალაქში არის თურქული უბნები — თურქული სამზარეულოთი, თურქული შაურმით, ყავით, სიმღერით. 5 მილიონზე მეტი თურქი ცხოვრობს გერმანიაში, მაგრამ მათი ასიმილირება, გერმანელებად გარდაქმნა ვერ მოხდა.

ევროპისკენ ახალი ლტოლვილობა, აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ბანაკისა და საბჭოთა კავშირის დაშლას მოჰყვა. ბალტიისპირა სამი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ნატოშიც გაწევრდა და ევროკავშირშიც, და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილებისა და მუდმივი ცხოვრების სტატუსიც მიიღო.

შედეგი? — სავალალო. ევროკავშირის მოთხოვნით ბალტიისპირელებმა ხელი აიღეს სოფლის მეურნეობაზე, მრეწველობაზე, ვინაიდან ევროკავშირს არ სჭირდება ბალტიისპირეთის რძე და რძის ნაწარმი, არც სამრეწველო ნაწარმი სჭირდება, ამდენად შეწყდა 3 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის სისხლსავსე ცხოვრება, რასაც საბჭოთა კავშირში ჰქონდა ადგილი.

დასაქმება, დაუსაქმებლობით, უმუშევრობით ჩანაცვლდა, რამაც ათასობით ბალტიისპირელი მიაყენა „ძველი ევროპის“ კარს.

განახევრდა სამივე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მოსახლეობა. ლამისაა მარტო სახელი შემორჩეთ. თუმცა არის ეს გასაკვირი ჩვენთვის  — ასევე დასავლეთისკენ გეზაღებულთათვის?!

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან მიგრაციის მთავარი საბაბი იყო და არის ეკონომიკური სიტუაცია. ამ მხრივ თვალსაჩინოა მოლდოვის „მიღწევები“.

მოლდოველები მიგრაციის მხრივ, დანარჩენთან შედარებით, ხელსაყრელ მდგომარეობაში არიან — მონათესავე და მეზობელი რუმინეთის წყალობით. რუმინეთი, ევროკავშირის უღარიბესი წევრი ქვეყანა, ვერ გახდება მოლდოველთა ოცნების საგანი, მაგრამ დროებით, ტრამპლინისთვის, ანუ სხვაგან გადასახტომად, ცხადია ძველ ევროპაში, სრულიად მისაღებია.

ვერვინ დაადგინა, რამდენი მოლდოველი ცხოვრობს ევროპის ქვეყნებში — არასრული სტატისტიკით, მილიონ ოცი ათასი რეგისტრირებული მოლდოველი. არარეგისტრირებული, არალეგალი — გაცილებით მეტია.

დამოუკიდებლობის მიღების დროს მოლდოვაში 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. არაზუსტი სტატისტიკით, ქვეყნიდან გავიდა მოსახლეობის 34%. გაეროს მონაცემებით, მოლდოვა დეპოპულაციით, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში „მოწინავეა“.

რით არის გამოწვეული მზარდი დეპოპულაცია? ცხადია, ეკონომიკით, მაგრამ მასთან ერთად სხვაცაა — ხალხი ვერ ხედავს ცხოვრების გაუმჯობესების პერსპექტივას, არა მარტო თავისთვის, არამედ შვილებისთვის. მოლდოველმა პოლიტიკოსებმა 30 წლის განმავლობაში გააკეთეს ის, რომ საკუთარ ხალხს შეუქმნეს ღრმა გულაცრუების შეგრძნება. ანალოგიური ვითარება არ არის საქართველოში?!

მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც მუდმივად არის ქცეული, შერწყმული კორუფციასთან, ნეპოტიზმთან, ნათესაურ პრიორიტეტულობასთან, ხალხს, სხვაგან „სამშობლოს“ ძებნას აფიქრებინებს.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ პროდასავლურ პარტიებს აქვთ დავალება მიღებული დასავლეთიდან, ქვეყანაში გაუსაძლისი ცხოვრების პირობების შექმნის და ამით საკუთარი მოსახლოების სამშობლოდან განდევნის. შედეგიც სახეზეა — მოლდოვის მოსახლეობის რაოდენობა 4 მილიონიდან, 2 მილიონამდე დავიდა. განა, ჩვენთვის გასაკვირია ასეთი დეპოპულაცია?!

მოლდოვის დიასპორის გარკვეული ნაწილი ინარჩუნებს ურთიერთობას სამშობლოსთან, რაც გამოიხატება ფულის გამოგზავნით. თუმცა, ის, ვინც მოეწყო დასავლეთში, თან წაიყვანა მოლდოვაში დარჩენილი ოჯახის წევრებიც. განა მსგავსს ადგილი არ აქვს საქართველოში?

დღეს, მოლდოვას ხელმძღვანელობს მაია სანდუ, აშშ-ი განათლებამიღებული, როგორც სააკაშვილი აცხადებს — მისი მეგობარი და პროდასავლური პარტია. მათ ყველაფერი იღონეს მოლდოვის გასაპარტახებლად. ჰქონდათ თუ არა ასეთი გეგმა თავში, ძნელი სათქმელია, მაგრამ მათი მმართველობის შედეგი ღაღადებს ამაზე. და არა მარტო ეს, არამედ ისიც, რასაც ქვემოთ მოგახსენებთ.

სანდუს ყოფილი თანაშემწე, ამჯერად ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი, ალა ნემერენკო მხარდაჭერას უცხადებს ვაზეკტომიის პროპაგანდას — მამაკაცთა სტერილიზაციას, ანუ მათ მიერ გამრავლებაზე უარის თქმას. და ეს ხდება ქვეყანაში, რომელიც გაეროს მონაცემებით კატასტროფულად კარგავს მოსახლეობას, და რომლის მოსახლეობა 2 მილიონს არ აღემატება.

მინისტრის აზრით, ეს არის ნაბიჯი ევროპული ცივილიზაციისკენ. მინისტრმა ისიც განაცხადა, რომ სარეკლამო ვიდეკლიპი დამზადდა გაეროს ფულით — „დაგეგმე შენი ცხოვრება“ პროექტის ჩარჩოებში.

რაც შეეხება მოლდოვის ამ „ნოვატორულ“ პროგრამას — ჩვენთვის სიახლეა და აქ, ჯერ-ჯერობით არ არის, მაგრამ ჯერ-ჯერობით.

მოლდოვა გამონაკლისი კი არა, გაგრძელებაა ევროატლანტიკური სივრცის ახალი იდეოლოგიისა, რომელიც ეფუძნება ლგბტ ფილოსოფიას, ნეოფაშიზმს — უკრაინის სახით, სქესის შეცვლას თინეიჯერებში, ვირუსების გამოგონება-გავრცელებას და სხვა ანტიადამიანურ ქმედებას, რომლის მიზანი მარტივია — შობადობის შემცირება. ადამიანის მოდგმის გამრავლებისთვის წერტილის დასმას.

როგორც ჩანს, აშშ-ს გარკვეული წრეები შეშფოთებული არიან მსოფლიო მოსახლეობის ზრდით. გაეროს მონაცემებით, მომავალ წელს დედამიწის მოსახლეობა 8 მილიარდს მიაღწევს. შეძლებს მსოფლიოს სოფლიოს მეურნეობა ამ რაოდენობის ხალხის გამოკვებას?!

სხვათაშორის, როდესაც მსოფლიოს მოსახლეობამ 4 მილიარდს მიაღწია, მაშინაც შემოჰკრეს განგაშის ზარები, მაგრამ მსოფლიომ აიტანა მაშინდელი „ჭარბი“ მოსახლეობა. აიტანს დღესაც, თუკი მუყაითად იღვაწებს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.

მაგრამ არა, აშშ-ს სხვა გეგმები აქვს — მოსახლეობის შემცირება, როგორც საკუთარის, ისე სხვისი. პროცესი პატარა ქვეყნებით იწყება, შემდეგ საშუალო ზომის ქვეყნებზე გადადის — ერთმანეთზე წაკიდებით და მათ შორის ომის გაჩაღებით. განა, რუსეთ-უკრაინის მაგალითი საკმარისი არ არის?!

ასე რომ, პატივცემულო მკითხველო, დაფირდით, როდესაც ქართული პოლიტიკა ევროატლანტიკურ სამოთხეს გპირდებათ, იმ სამოთხეს, რომელშიც თვით ისინიც აღარ ცხოვრობენ.

დაფიქრდით, როდესაც არჩევნების დროს, არჩევანს აკეთებთ.

დაფიქრდით, როდესაც თქვენს მეზობელ რუსეთზე აუგს გეუბნებიან და მიიღეთ საღი გადაწყვეტილება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

17/08/2022