18.07.2024

8 აგვისტოს გახსენება

8 აგვისტო საქართველოს უახლეს ისტორიაში შევა, როგორც ქვეყნის დაქუცმაცების დღე. საქართველოს, თავისი მრავალსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე, სამწუხაროდ მსგავსი თარიღები უხვად აქვს, თუმცა ყველა მათგანი უკავშირდება გარე აგრესიას, უცხო ქვეყნების შემოსევებს და შედეგად ტერიტორიების ჩამოჭრას.

2008 წლის 8 აგვისტო განსხვავებული თარიღია, ანუ საქართველოს გალაშქრება საკუთარსავე ქვეყანაში, „დაკარგული“ ტერიტორიების დასაბრუნებლად.

14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ, ნაციონალური მოძრაობის სახით, პრეზიდენტ სააკაშვილის განკარგულებით, ცეცხლი გაუხსნა მძინარე ცხინვალს და ტანკები შეაჯირითა საქართველოს კანონმდებლობიდან გასული სამხრეთ ოსეთის დედაქალაქის, ცხინვალის ქუჩებში.

თბილისი შეეცადა ბლიცკრიგის განხორციელებას და ამ მიზნის შესასრულებლად მუსრი გაავლო რუს მშვიდობისმყოფელებს, რომელთა მთავარი მისია ის იყო, რომ წინააღმდეგობა გაეწიათ, არ დაეშვათ ადრე არსებული საბრძოლო დაპირისპირების გამეორება ქართველთა და ოსთა შორის.

რუსი სამშვიდობოების ამოხოცვის ბრძანებაც იმათ გასცეს, ვინც ცხინვალს ცეცხლი დაუშინა. სააკაშვილი, ამ სცენარისთვის ხელისუფლებაში მოსვლის პირველსავე დღიდან ემზადებოდა, რასაც სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერა ჰქონდა.

ცხინვალის ომის დაწყების ისტორიაში, 2008 წლის ვერსიებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს სამი: პირველი — რუსეთი ემზადებოდა საქართველოზე თავდასხმისთვის და სააკაშვილმა დაასწრო.

მეორე — რუსეთმა დაიწყო ომი და სააკაშვილი იძულებული იყო სამშობლო დაეცვა. და მესამე — დასავლეთმა აიძულა სააკაშვილი ომი დაეწყო, რუსეთის რეაქციის გასაგებად.

სამივე ვერსიას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ მე უფრო მესამეს მივანიჭებ პრიორიტეტს, მითუმეტეს, დღეს, როდესაც განვლილი 14 წლის განმავლობაში ნათლად დავინახეთ კოლექტიური დასავლეთის და მისი ლიდერის აშშ-ს მზაკვრული პოლიტიკა სხვა ქვეყნების მიმართ, განსაკუთრებით უკრაინა—რუსეთის.

14 წლის შემდეგ, როდესაც 2008 წლის 8 აგვისტოს გაჩაღებულ ომს ოფიციალურ საერთაშორისო დონეზე გაეცა პასუხი, როდესაც 8 აგვისტოს სპეცკომისიამ, დიპლომატ ტალიავინის ხელმძღვანელობით, გულდასმით გამოიძია ომის დაწყების ისტორია და შესაბამისი დოკუმენტიც გაგვაცნო, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, ისე, როგორც პოლიტიკოსები, მედია, პოლიტოლოგები გაიძახიან, რომ ომი რუსეთმა დაიწყო.

არ ვიცი რას დავაბრალო, ბრიყვული თავდაჯერება, პერმანენტულ ანტირუსულ პროპაგანდას თუ ანტირუსულ პოლიტიკას, რომელსაც კოლექტიური დასავლეთი მიმართავს რუსეთის წინააღმდეგ, ალბათ ორივეს ერთად.

ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, თითქოს რაღაც მრავალათასიან, ფარულ სხდომაზე საქართველოს მოსახლეობა ერთხმად შეთანხმდა ასეთ ტყუილზე — რუსეთი როკის გვირაბით შემოიჭრა საქართველოში, ხოლო საქართველოს არმიამ უპასუხა აგრესიას.

არადა, კვირადღის შუადღემდე ისე ჩანდა, რომ სამხრეთ ოსეთის ბედი გადაწყვეტილი იყო, რის შესახებაც მეტყველებდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტელეარხების საინფორმაციო გადაცემები, სადაც არა მარტო „გრადებით“ ცხინვალის დაბომბვა იყო ნაჩვენები, არამედ ქართული ტანკების შეტევა და სააკაშვილის სატელევიზიო ღამის გამოსვლაც, რომლის დროს ის შეპირდა ოსებს მშვიდობას, თან იმას, რომ ქართული მხარე პროვოკაციას არ აჰყვებოდა.

იმ „ცხელ“ ვითარებაში ევროპის მედიის რეაქცია აგრესიის შესაბამისი იყო, ანუ ქართული აგრესიის, რაც მოგვიანებით კარდინალურად შეიცვალა. სიცრუემ, სიმართლე 2008 წლის 8 აგვისტოს შუადღის შემდეგ  ჩაანაცვლა.

ის, რომ რუსეთის აგრესია ტყუილი იყო, მაშინაც და დღესაც ცნობილია, რაც აისახა კიდევაც ტალიავინის დოკუმენტში და არა მარტო იქ, არამედ გაეროს დასკვნაშიც.

ურწმუნო თომათა გასაგონად — ცხინვალის ომის ისტორიის ამსახველ დოკუმენტს მაშინდელი, ანუ ნაცური ხელისუფლების წარმომადგენლების ხელმოწერებიც „ამშვენებს“ და თვით სააკაშვილის განცხადებაც ჟურნალისტ ვაჟა თავბერიძესთან ინტერვიუს მიცემის დროს გაკეთებული, რომ საომარი მოქმედების დაწყების ბრძანება მან გასცა.

14 წელი გავიდა ცხინვალის ომის დაწყებიდან დღემდე. 14 წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფალნი, პოლიტიკოსები, მედია იხსენებენ ომში დაღუპულებს, განსაკუთრებით მეომრებს და მათ საფლავებს მუხადგვერდში გვირგვინებით ამკობენ.

სამგლოვიარო განწყობა დიდი-დიდი 9 აგვისტომდე გაჰყვებათ. შემდეგ ვითარება ყოველდღიურობის ჩარჩოებში ბრუნდება — გაჯერებულში სოციალური გაუსაძლისი პრობლემებით, უკრაინაში მიმდინარე სპეციალური სამხედრო ოპერაციით, რომლის საომარი აჩრდილი საქართველოს თავზეც ტრიალებს. ახალ ომში ჩართვის წაქეზების სახით, ისეთით, აშშ-ს გადამდგარმა გენერალმა ჰოჯესმა რომ გვითხრა — დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებისთვის დღეს ყველაზე შესაფერისი დროაო: რუსეთი, უკრაინაში არის გართული და სამხრეთით, მეორე ფრონტის გახსნას ჯეროვან პასუხს ვერ გასცემსო.

ანალოგიური „რჩევებით“ ამერიკელი პოლიტიკოსებიც გამოირჩევიან, თუმცა საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი ქვას აგდებს და თავს უშვერს — საქართველოსთვის არც ერთ ამერიკელ პოლიტიკოსს მეორე ფრონტის გახსნა არ ურჩევიაო.

გინდ დაიჯერე, გინდ არასთან გვაქვს საქმე, თან იმასთან, რომ მეტად შეგვაძულონ რუსეთი. მეტად დაგვაპირისპირონ მასთან, რაც ნათლად გამოჩნდა მუხადგვერდის სასაფლაოზე პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს.

მედიის წარმომადგენელი ყმაწვილი გოგო-ბიჭები, 2008 წლის ომზე ზედაპირული წარმოდგენის მქონენი, დასავლური პროპაგანდის მსხვერპლნი, გამომწვევად, გამაღიზიანებლად უსვამდნენ კითხვებს პრემიერს, სადაც კითხვაში პასუხიც ჩანდა.

ჟურნალისტებს სურდათ ღარიბაშვილს კატეგორიულად ეთქვა, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ჟურნალისტებს სურდათ ღარიბაშვილს ეთქვა ის, რაც კარგა ხნის წინათ თქვა ივანიშვილმა — ომი სააკაშვილმა დაიწყო.

„მიხეილ სააკაშვილის უჭკუო პოლიტიკამ და მისმა გაუთვლელმა პროვოკაციულმა ნაბიჯებმა ვერ აღკვეთეს ტრაგიკული ომის შეჩერება. ეს იყო ღალატი სააკაშვილისა და მისი გუნდის. მათ მსხვერპლად აქციეს ჩვენი ქვეყანა, ხალხი, ჩვენი სამხედროები“, — განაცხადა ღარიბაშვილმა, რითაც არ დააკმაყოფილა ჟურნალისტთა სურვილი, არ თქვა, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო. რაც მან თქვა არის ის (ვერ აღკვეთა ტრაგიკული ომის შეჩერება), რომ ომი რუსეთმა დაიწყო და სააკაშვილმა ომის დაწყება ვერ აღკვეთა.

14 წლის გავლის შემდეგ საქართველოს საზოგადოებისთის ბევრ რამეს აეხადა ფარდა, უფრო სწორად უნდა აეხადა, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა. ჩვენ ისევ ვცდილობთ ხელი ავიფაროთ თვალზე, არ ვაღიაროთ 14 წლის წინანდელი ტრაგედია სრულად, სამართლიანად, რასაც თავისთავად უწყობს ხელს ასეთი განცხადებაც: „უპრეცედენტო გმირობა ქართველი მეომრებისა, რომლებიც ღირსეულად იცავდნენ სამშობლოს“ (ღარიბაშვილი).

ის, რომ ჯარისკაცები ღირსეულად იცავდნენ სამშობლოს, სხვაა, მაგრამ თუ სამშობლოს იცავდნენ, მაშინ ეს ნათქვამი ვერ ჯდება „სააკაშვილის ღალატში, რომელმაც თავისი უგუნურობით მსხვერპლად აქცია ქვეყანა“. უგუნურება კი იმაში გამოიხატება, რომ მან დაიწყო ომი. ომის დაწყების ბრძანებას მთავარსარდალი, სააკაშვილი გასცემს, ხოლო ბრძანებას სამხედრო ასრულებს. ღარიბაშვილის ნათქვამი: „ისინი, იცავდნენ სამშობლოს“ არ ასახავს რეალობას. ისინი ასრულებდნენ ბრძანებას, რაშიც უმთავრესი თავდაცვა კი არა, თავდასხმა იყო, ქვეყნის მთლიანობის აღსადგენად.

მასხარა შევა საყდარში, მაგრამ მღვდელი ვერ გახდება, პირიქით — საყდარი გადაიქცევა ცირკად. საქართველოს პოლიტიკა აი იმ მასხარას დაემსგავსა, რომელიც საყდარში შევარდა ომის პერიპეტიების ინტერპრეტაციის მიზნით, მაგრამ მღვდლად ვერ გარდაიქმნა, ტყუილი, სინამდვილედ წარმოაჩინა —  საკუთარი სურვილით, მაგრამ ამასთანავე სხვის საამებლად, აი, იმ სხვის მიერ მიცემული დავალების შესასრულებლად.

14 წლის გავლის შემდეგ საქართველოს პოლიტიკა, განსაკუთრებით ოპოზიცია, გადამთიელის დავალების შემსრულებელი, არ და ვერ ხედავს მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, გარდაქმნებს, რომლებსაც უკვე აქვს ადგილი და რომლებიც უდავოდ შეცვლის მსოფლიოში დღეს არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, ძალთა თანაფარდობას, ერთპოლუსიანობას, მრავალპოლუსიანობით.

მრავალპოლუსიანი მსოფლიოს ერთ-ერთი პოლუსი ჩვენს მეზობელ რუსეთში იქნება. ნუთუ, ძნელია ამის გათვლა?! ძნელია იმათთვის, ვინც პოლიტიკოსობას იბრალებს და არა იმათთვის, ვისთვისაც პოლიტიკა ფულის საშოვნი პროფესია არა არის.

ქართული პოლიტიკა — კოლექტიურ დასავლეთზე უშნოდ ჩამოკიდებული, ვერადავერ ხვდება, რომ „საყვარელი“ დასავლეთი უფსკრულისკენ მიექანება. გონიერებასა და შორსმჭვრეტელობას აქაურ „პოლიტიკოსებს“ ვერ  დავაბრალებთ ობიექტურ მიზეზთა გამო, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ერთ-ერთი რაც საზოგადოებას მოეთხოვება ამ განსაცდელის ჟამს, ისაა — გონებას მოუხმოს და მოუწოდოს ხელისუფალთ საღი აზროვნებისკენ — საკუთარი თავის და ქვეყნის გადასარჩენად.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

13/08/2022