მრავალმხრივი პოლიტიკის მძიმე შედეგი
ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ყველაზე გამორჩეული რომ ყაზახეთი არის, ეჭვის შეტანა ძნელია, თუმცა, იანვრის მოვლენების შემდეგ, გამორჩეულობა რომ წარსულში მოვიხსენიოთ, ანუ „გამორჩეული იყო“, არ შევცდებით.
მაინც რით იყო ყაზახეთი გამორჩეული დსთ-ში? უპირველესად სტაბილური პოლიტიკური სისტემით, მზარდი ეკონომიკით, მდიდარი წიაღისეულის ექსპლუატაციით, თანამედროვე ცხოვრების დაფუძნებით — ერთობ განსხვავებულით საბჭოურისგან, დასავლური ცხოვრების რითმის გაზიარებით, ყაზახეთისთვის შესანიშნავი სავიზიტო ბარათის შექმნით, რომელიც უპირველესად აისახა ახალი დედაქალაქის არქიტექტურულ იერსახეზე — ულტრათანამედროვესა და კოსმოპოლიტურზე.
მსოფლიოს ვერც ერთი ქვეყანა ვერ დაიკვეხნის თითზე ჩამოსათვლელ წლებში სუპერ-თანამედროვე ქალაქის აშენებას. არა მარტო ასტანას, ამჯერად ნურ-სულტანს ერგო პატივი ყოფილიყო თანამედროვე ყაზახეთის სავიზიტო ბარათი, არამედ ძველ დედაქალაქ ალმა-ატას, სხვა ქალაქებსაც.
ყაზახეთის აღმშენებლობას ჰყავდა ავტორი, მსოფლიოში ცნობილი პოლიტიკოსი, დღეს ერის მამად, „ელბასად“ წოდებული — ნურსულთან ნაზარბაევი, რომელმაც დაუღალავი შრომით, აღმოსავლური სიბრძნით, გამოცდილებით შეძლო ყაზახეთის სახელის საკუთარი საზღვრებიდან შორს გატანა, მსოფლიოს დაინტერესება ცენტრალური აზიის ქვეყნით, რომლის ტერიტორია სიდიდით მეათეა მსოფლიოში, ხოლო ნავთობისა და გაზის საბადოებით მოწინავე.
საქართველოსთვის ყაზახეთი ცნობილია „ყაზტრანსგაზით“, კომპანიით, რომელიც წლების განმავლობაში ოპერირებდა საქართველოში, ეკონომიკური თანამშრომლობიდან გამომდინარე სხვა საკითხებით და რაც მთავარია წლების განმავლობაში ყაზახეთის პრეზიდენტის სახელის მატარებელი ნაზარბაევით.
სიღრმისეული ცოდნა ქვეყნისა ჩვენში, ისე, როგორც სხვაში მოიკოჭლებს. ფასადური ცოდნა კი საშუალებას არ იძლევა ობიექტური სურათის ჩამოყალიბებისთვის. სწორედ არცოდნამ გამოიწვია, როგორც ჩვენში, ისე სხვაში გაოცება ა.წ. იანვრის პირველ დეკადაში განვითარებულმა მოვლენებმა, დღეს უკვე „ფერადი რევოლუციის“ მცდელობად შეფასებულმა.
ქართველთათვის პოლიტიკური სტაბილურობის, ეკონომიკური სიძლიერის მქონე ყაზახეთის “რევოლუცია“ რომ გასაოცარი იყო, უდავოა. მითუმეტეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში ტევა არ არის ამერიკულ-ბრიტანული ნავთობისა და გაზის კომპანიების — იმ ქვეყნების, რომლებიც „ფერადი რევოლუციის“ ავტორობას არვის ანდობენ.
ანგლო-საქსური ელიტა, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან დაწყებული, „ცივი ომის“ თავის სასარგებლოდ წარმართვისა და შესაბამისი შედეგის მიღების შემდეგ, მხრებში გაშლილი, მსოფლიოში უმეტოქეოდ დარჩენილი, საკუთარი პოზიციების განსამტკიცებლად დროს, ენერგიას და ფინანსებს არ იშურებს „ფერადი რევოლუციების“ გზით ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლების შესაცვლელად.
პოლიტიკური ტრანსფორმაციის მათეულ ჩამონათვალში სისტემატურად შეჰყავთ ის ქვეყნებიც, ჩვენ რომ მათთან მჭიდროდ ჩახუტებულად ვთვლით. რით არის გამოწვეული სხვათა გარდაქმნის ესოდენ დაუშრეტელი ლტოლვა? ზოგ ქვეყანას რომ სტრატეგიული პარტნიორობა წყნარი ცხოვრების გარანტია ჰგონია, სწორედ იქ უმტყუნებს მას „დიდი მეგობარი“, ისეთ „ფერადი რევოლუციის“ სილას გააწნის სახეში, უარესს რომ ვერც მტრად შერაცხული ქვეყნიდან იფიქრებდა.
მტრად შერაცხული კი თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვის რუსეთია.
წინა სტატიაში შევეცადე ამ ფენომენის ამოხსნა, ანუ რატომ არის მტრად მონათლული რუსედთი ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში? ვერ გეტყვით, მივაღწიე თუ არა მიზანს, ეს მკითხველმა უნდა განსაჯოს, მაგრამ პრობლემა წამოვწიე, რომელსაც საფუძვლიანი კვლევა სჭირდება.
ამჯერად კი ვიტყვი შემდეგს — საბჭოთა კავშირმა ყველა ყოფილ რესპუბლიკას 70 წლის განმავლობაში გრანდიოზული წინსვლა და აღმავლობა მოუტანა. მარტო ის რად ღირს, ღრმა ფეოდალურ წეს-წყობილებაში განათლებას, კულტურას, ხელოვნებას, სახელმწიფოებრიობას რომ შეიტან და მასთან ერთად მეცნიერებათა აკადემიებს.
ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის, აკადემიკოს აკაევისა არ იყოს, საბჭოთა კავშირი რომ არ ყოფილიყო, ყირგიზეთი, ისე, როგორც ცენტრალური აზიის ყველა ქვეყანა, ავღანეთი იქნებოდა — არა განათლებით, არა წერა-კითხვის ცოდნით, არა მრეწველობით, არა თანამედროვე სოფლის მეურნეობით, მოჭარბებული რელიგიური ფანატიზმით, ქალთა დახურული სახეებით და ა.შ.
რა იქნებოდა? უცხოური კაპიტალის ტრიალი, მეტადრე ამერიკულ-ბრიტანული, წიაღისეული სიმდიდრეების და ადგილობრივი მოსახლეობის უზომო ექსპლუატაცია, დოვლათის ამერიკა-ინგლისში, სხვა ქვეყნებში გადაქაჩვა, ადგილობრივი ბობოლებისთვის მოკრძალებული შემოსავლების მიგდება.
რა იქნებოდა? უფრო სწორად რა არის? გაზულუქებული ელიტა, გაღატაკებული ხალხი.
ერთხელ რუსეთის პრეზიდენტმა, შეაქო რა ნაზარბაევი, თქვა, რომ მან შექმნა ყაზახეთიო. ყაზახებმა იწყინეს, როგორ თუ მან, როდესაც ქვეყანას დიდი ისტორია აქვს. პუტინმა — ჰქონდა, მაგრამ სახელმწიფოებრიობა არ ჰქონიაო. და მართლაც, ვინც ჩახედულია ცენტრალური აზიის ისტორიაში, დაინახავს რუსეთის იმპერიის უდიდეს კვალს ამ რეგიონის გარდაქმნის საქმეში, აღარაფერს ვამბობ საბჭოთა კავშირზე.
უმადურობა დასჩემდა ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას, როგორც მეფის რუსეთის, ისე საბჭოთა კავშირის მიმართ, რაც დასანანია. უმადურობასთან ერთად ყველა ყოფილმა საბჭოთამ წინა პლანზე წამოსწია შიშველი, აგრესიული ნაციონალიზმი.
სწორედ ეს უკანასკნელი გადაიქცა ქვეყნის მშენებლობის უმნიშვნელოვანეს ღერძად. ნაციონალიზმი და რუსეთის გინება — ქვეყნისა, რომელიც ვითომ არ აძლევდა მას ეროვნულ ნიადაგზე განვითარებას.
ყველამ ერთად დაივიწყა მათ დედაქალაქებში არსებული ენათმეცნიერების ინსტიტუტები, ეროვნული კვლევითი ცენტრები, მეცნიერებათა აკადემიები, მშობლიურ ენებზე წარმოებული განათლება — საშუალო და უმაღლესი, მშობლიურ ენებზე გამოცეული სახელმძღვანელოები, წიგნები, ჟურნალ-გაზეთები, რადიო და ტელეგადაცემები და ა.შ.
ყოფილმა საბჭოელებმა, „მონობისგან განთავისუფლებულებმა“, უმალ მიაკითხეს დასავლეთს და მოსკოვის მიერ ნაბოძები დამოუკიდებულება, სუვერენიტეტი, თავისუფლება — ყოველგვარი ბრძოლისა და დაღვრილი სისხლის გარეშე მოპოვებული, უმალ ჩააბარეს მას.
მოძრაობა იყო არა ცალმხრივი, არამედ ორმხრივი. აქედან, იქით; იქიდან — აქეთ, განსაკუთრებით იქიდან აქეთ — „წმინდა ადგილს უპატრონოდ არვინ ტოვებს“ ფილოსოფიიდან გამომდინარე.
აქედან, იქით სვლა, ქვეყნის ლიდერმა ნაზარბაევმა 1994 წლიდან დაიწყო ნავთობმომპოვებელი ბრიტანული კომპანიებისკენ. ტყუილად არ უთქვამს ინგლისის მაშინდელ პრემიერ-მინისტრ მარგარეტ ტეტჩერს — ნაზარბაევი, საბაზრო ეკონომიკაში ჩემი ყველაზე საუკეთესო მოსწავლეაო.
არის თუ არა გასაკვირი ნაზარბაევის არჩევანი, პოლიტიკოსისა, რომელიც საბჭოთა კავშირის პოლიტიკოსებში გამორჩეული იყო და საბჭოთა კავშირის შენარჩუნების ყველაზე თავდადებული მებრძოლი?
ცნობილი ფაქტია, რომ გორბაჩოვი მას საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეობას უპირებდა, ხელისუფლების შენარჩუნების შემთხვევაში. ნაზარბაევი იყო დსთ-ს შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი, სხვა კავშირების, რომლებიც დღეს წარმატებით ფუნქციონირებენ და ამ დროს სვლა დასავლეთისკენ.
„დაობლებულმა“ ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა, რომ საკუთარი თავის გადარჩენისთვის დასავლეთს მიმართეს — არ არის გასაკვირი. ქვეყნის მეთაურისთვის ძნელია უყურო საკუთარ დამშეულ ხალხს. მხედველობაში, პასუხისმგებლობის მქონე ხელმძღვანელი მყავს და არა ქარაფშუტა, მუქთახორა. ნაზარბაევს არ ჰქონდა სხვა გზა. მას ჰქონდა სიმდიდრე — ნავთობი და გაზი, მაგრამ არ ჰქონდა შესაბამისი თანხები საბადოების ექსპლუატაციისთვის, არც განსწავლული კადრები ჰყავდა და არც ნავთობის მოპოვების ტექნიკა გააჩნდა.
იმჟამად, ელცინის რუსეთიც უმძიმეს გასაჭირში იყო — ლამის დაქცევის პირას. გარდა ამისა, ნაზარბაევს არ ხიბლავდა ფუქსავატ, ზედაპირულად მოაზროვნე, პოპულისტ ელცინთან ურთიერთობა. ასედაამრიგად, ნაზარბაევი თავისი ეროვნული სიმდიდრეებით ჩაიხუტა ბრიტანულმა და ამერიკულმა კაპიტალმა, რამაც ყაზახეთიც ფეხზე დააყენა და ნაზარბაევის ოჯახიც.
დასავლეთი, ნაზარბაევის მსგავსი ლიდერებისთვის შესანიშნავ ატმოსფეროს ქმნის — აძლევს მათ დასავლეთთან მჭიდრო ინტეგრაციის შანსს; ხელს უწყობს ახალი „მეგობრების“ მიერ მოპოვებული სიმდიდრეების მათთვის გადაცემას; საკუთარი ქვეყნის ბანკებში მათი პირადი ფინანსების განთავსებას; ბიზნესის გახსნას; უძრავ-მოძრავი ქონების შეძენას და ა.შ.
30-წლიანი მმართველობის დროს ნაზარბაევმა ახალ ცხოვრებას ალღო აუღო — დანიშნა რა თავისი სიძეები (ნაზარბაევს სამი ქალიშვილი ჰყავს) ნავთობისა და გაზის კომპანიების ხელმძღვანელებად. ამასთანავე, რკინის ხელით, დაიწყო ლოზუნგის „ყაზახეთი, ყაზახებისთვის“ ცხოვრებაში გატარება; ყაზახეთში მცხოვრებ სხვა ეროვნებებზე — რუსებზე, ბელორუსებზე, უკრაინელებზე, აბორიგენი მოსახლეობის პრიორიტეტულობის საკითხის წინ წამოწევა. ნაციონალისტებთან მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბება, რომელსაც მოჰყვა არაყაზახი მოსახლეობის შევიწროება, „ენის პატრულის“ შემოღება — ორგანიზაცია, რომელიც უკრძალავდა არაყაზახებს საკუთარ ენაზე ლაპარაკს.
2017 წელს დაიწყო ყაზახური ანბანის კირილიციდან, ლათინურზე გადაყვანა. გარდა ამისა გააქტიურდა არაყაზახი მოსახლეობის ყაზახეთიდან განდევნის პროცესი — 6,5 მილიონმა რუსი ეროვნების მოსახლეობის ნახევარმა დატოვა ყაზახეთი.
განსაკუთრებული აქტიურობა გამოიჩინა ნაზარბაევმა თურქეთთან მჭიდრო თანამშრომლობაში. აქ არა მარტო ეკონომიკური კავშირებია მთავარი, არამედ რელიგიურ-იდეოლოგიური. თურქულენოვანი სამყაროს შექმნის იდეა, რომელსაც სათავეში თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი უდგას და რომელიც ცენტრალურ აზიას თურქულენოვან სახელმწიფოთა ბურჯად მოიაზრებს, არახალია და თითქმის საუკუნოვანი ისტორია აქვს.
ამ იდეის სულისჩამდგმელი დიდი ბრიტანეთის საიდუმლო სამსახურია, რომელიც ამ გზით ცდილობს რუსეთისთვის წყლის შეყენებას. თურქულენოვანი სახელმწიფოების კავშირი არა მარტო ცენტრალური აზიის ქვეუნებს თვლის თავისი გავლენის სფეროდ, არამედ კავკასიას, ბალკანეთს, რუსეთის მუსლიმანურ მხარეებს.
ეს ორგანიზაცია იარაღია ბრიტანელების ხელში, ისე, როგორც ნავთობისა და გაზის ბიზნესი ამერიკელების. სწორედ მათი შთაგონებით დაიწყო ნაზარბაევმა ანტირუსული პროპაგანდის წარმოება — შეფარულად. პარალელურად, მას პრაგმატული ურთიერთობები აკავშირებდა რუსეთთან, თუმცა ეკონომიკური კავშირები არც ისეთი იყო, მჭიდროს რომ შეეფერება.
12 წლის განმავლობაში, პირდაპირი ინვესტიციების შედეგად მიღებულმა შემოსავალმა, რომელიც გაიტანეს ყაზახეთიდან, შეადგინა 206,29 მილიარდი დოლარი. საშუალოდ წლიურად 17,2 მილიარდი. აშშ-ი წავიდა 66,90 მილიარდი, ნიდერლანდებში — 64,51, დიდ ბრიტანეთში — 13, 94, რუსეთში — 8,77, შვეიცარიაში — 5,09.
ყაზახეთიდან 2009-2020 წწ. განმავლობაში ინვესტიციების 70%-დან ამოქაჩული მოგება მოდის აშშ, ნიდერლანდებსა და დიდ ბრიტანეთზე.
ყაზახეთში პირდაპირი ინვესტიციებით რუსეთს მხოლოდ მეექვსე ადგილი უკავია, ყაზახეთს რუსეთში უფრო ნაკლები. ყახაზეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომარტ ტოკაევის განცხადებით, 15 წლის განმავლობაში რუსეთმა ყაზახეთში 16 მილიარდი დოლარის ინვესტიცია განახორციელა, ყაზახეთმა რუსეთში — 4,5 მილიარდის.
ყაზახეთის ეკონომიკაში დასავლური — აშშ, ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთის ინვესტიციების დომინირება არის სერიოზული ბარიერი რუსული ეკონომიკის ყაზახურთან დაახლოების საქმეში. გარდა ამისა, დასავლური კაპიტალის მასშტაბური არსებობა ყაზახურ ეკონომიკაში აფართოებს ანტიყაზახური ოპერაციების განხორციელების შანსს.
დასავლური კაპიტალი, რომ პოლიტიკური დატვირთვის მატარებელია, ეჭვს არ იწვევს და აქედან გამომდინარე, ის რომ მიზნად ისახავს რუსეთის, ყაზახეთის ეკონომიკიდან განდევნას, ამ ორი ქვეყნის ერთმანეთთან დაპირისპირებას და მტრულად განწყობას, უეჭველია.
მაჟილისის სხდომაზე ქვეყნის პრეზიდენტმა ტოკაევმა გააკრიტიკა ქვეყნის ეროვნული კეთილდღეობის ფონდი „სამრუკ-კაზინა“ . ეს ფონდი ნაზარბაევმა 2008 წელს შექმნა სინგაპურში ვიზიტის შემდეგ, სადაც გაეცნო ანალოგიური ფონდის მუშაობას.
სინგაპურული ფონდი პრემიერ-მინისტრმა ლი კუან იუმ შექმნა და ეფუძნება პატიოსან, არაკორუმპირებულ მუშაობას. ყაზახეთში, სადაც 30 წლის განმავლობაში კორუფციისთვის ნაკრძალია შექმნილი, ეს ფონდი ოჯახს ემსახურება და არა სახელმწიფოს.
ფონდი აერთიანებს ეროვნულ კომპანიებს — 10-ზე მეტს, დაწყებული „ყაზახეთის რკინიგზით“, „ყაზფოსტით“, „ყაზახტელეკომით“, „ყაზატომპრომით“ — ენერგეტიკული კომპანიებით დამთავრებული.
ფონდში შემავალი თანხები უნდა ხმარდებოდეს ეროვნულ ეკონომიკას. ფონდის აქტივები დღეს შეადგენს ყაზახეთის ეროვნული პროდუქტის 60%. ისმის კითხვა პრეზიდენტისგან — სად მიდის ფული? იძარცვება და უცხოეთში მიედინება? ფონდი, მხოლოდ შესული თანხის მეოთხედს აძლევდა ეკონომიკას, დანარჩენს მალავდა.
გასული წლის მარტში ფონდის ხელმძღვანელი ესიმოვი გადადგა. ესიმოვი ნაზარბაევის ნათესავი და მის მიერ იყო დანიშნული. ფონდი არის ყაზახეთის გაზგადასამუშავებელი ქარხნის მფლობელი, რომელსაც უნდა ეწარმოებინა ქარხნის მოდერნიზაცია. ნაცვლად ამისა დაიწყეს ქარხნის დანადგარების ჭრა და ჯართად გაყიდვა. გაზის წარმოებამ იკლო. ერთადერთი გამოსავალი, რასაც ქარხნის მეპატრონეებმა მიაგნეს, გაზზე ფასების მომატება იყო, რასაც სხვა ქარხნებიც შეუერთდნენ.
როგორც გაირკვა, ფონდ „სამრუკ-კაზინას“ შემოსავლის დიდი ნაწილი ნაზარბაევის ოჯახში მიედინებოდა.
ნაზარბაევის ოჯახი მჭიდრო კავშირშია ბრიტანეთის უფლისწულ ენდრიუსთან, ბრიტანეთის სამეფო კართან. ნაზარბაევის ქალიშვილებს და სიძეებს, ისე, როგორც შვილიშვილებს ათეული მილიონის გირვანქა სტერლინგის უძრავი ქონება აქვთ შეძენილი დიდ ბრიტანეთში, პირადად უფლისწულ ენდრიუსგან.
ფული, რომელიც ბრიტანულ ბანკებში ინახება მილიონებს შეადგენს, რაც ცნობილია ინგლისის სპეცსამსახურებისთვის, ისე, როგორც ამერიკელებისთვის, რომლებსაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ ნაზარბაევის ოჯახზე ზეწოლის განხორციელება.
ასედაამრიგად, ნაზარბაევმა და მისმა ოჯახმა საკუთარი მომხვეჭელური სულით, თავი ამერიკულ-ბრიტანული სპეცსამსახურების მიერ ჩამოკიდებულ ყულფში გაყვეს — ნებაყოფლობით, დაუფიქრებლად. საკუთარი თავიც გაყვეს და ქვეყნისაც, რამაც ის შედეგი მოიტანა, ალმა-ატასა და სხვა ქალაქებში ტელევიზიით რომ ვიხილეთ.
ნაზარბაევმა მიიყვანა ქვეყნის სათავეში ტოკაევი, მაგრამ, როგორც ჩანს არ მოსწონს მისი რჩეული. 2 წლის წინ მოსწონდა, დღეს აღარ მოსწონს, რაც იმით დამთავრდებოდა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „ელბასი“ ტოკაევს მხარს არ დაუჭერდა.
2024 წლამდე დიდი დროა. გარკვეულმა ძალებმა, უდავოდ ქვეყნის გარედან, მიზანშეწონილად ჩათვალეს ნაკლებად პროდასავლელი ტოკაევის გზიდან ჩამოშორება და რომ არა მისი დროული განგაშის ზარების შემოკვრა, რასაც ყაზახეთში „ოდკბ“-ს ჯარების ოპერატიული შეყვანა მოჰყვა, ცოცხალიც აღარ იქნებოდა.
დაზუსტებით ვინ იდგა არშემდგარი „ფერადი რევოლუციის“ ზურგს უკან, გამოძიება დაადგენს, თუმცა რამდენად სამართლიანად და სწორად არვინ იცის.
ნაზარბაევის მრავალწახნაგოვანმა პოლიტიკამ, რომელიც ყველასთან ურთიერთობას გულისხმობს, უმეტესად დასავლეთთან, მარცხი განიცადა. მანამდე ანალოგიური ბედი ხვდა წილად იანუკოვიჩს, ლუკაშენკოს. იქნება თუ არა ეს სამი, სხვებისთვის მაგალითი, მომავალი გვიჩვენებს.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
19/01/2022