რა მოიტანა ჟენევა-ბრიუსელმა?

2022 წლის მძიმე დასაწყისი, არც ჯანმრთელობის დაცვის საქმეში იძლევა ოპტიმისტური განწყობის საშუალებას და არც პოლიტიკაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამით, „ომიკრონით“ დაავადებულთა რაოდენობა ლამის 4 მილიონს აჭარბებს და ისეთი გიგანტური სისწრაფით იპყრობს ნებისმიერი ქვეყნის ადამიანის ორგანიზმს, როგორც რუსული ზებგერითი რაკეტა მიზნამდე მისაღწევ მანძილს.

ისე, როგორც ბოლო ორი წლის განმავლობაში, ვირუსებით დაავადებულთა რაოდენობით, აშშ-ს ბადალი არ ჰყავს. მსოფლიოში ერთი მილიონ, სამასი ათასი, ხუმრობა საქმე არ არის, მაგრამ სხვისთვის ჭკუის სწავლებას და სხვის დაცინვას მიჩვეული, მძიმე მონაცემების მქონე აშშ-ი არ ივიწყებს საკუთარ უხამს ჩვევას და რუსეთს მოუწოდებს შემდეგს — ნაცვლად ყაზახეთში ჯარის გადასხმისა, უმჯობესია ჯანმრთელობისა და განათლების პრობლემებს მიხედეო.

და ამას აცხადებს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი — „ფერად-ყვავილოვანი“ რევოლუციების დედა, თავდავიწყებული რუსუფობი. ნულანდი რომ მარტო რუსთმოძულე იყოს, ერთი ქვეყნის, ერთი ხალხის პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ ის აშშ-ს მიერ მტრად გამოცხადებული ჩინეთის მოძულეცაა, ამასთანავე ყველა იმ ხალხის და ქვეყნის, ვინც დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს; არ იზიარებს ვაშინგტონის დირექტივებს, მის მოთხოვნებს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვაში.

ყველა მათგანმა კარგა ხანია გაიგო, რას ნიშნავს დემოკრატია, ადამიანის უფლებების დაცვა ამერიკულად. ისიც გაიგო, რომ ამ და სხვა ყბადაღებული ლოზუნგებით აშშ-ი, როგორ აწყობს  „ფერად-ყვავილოვან“ რევოლუციებს ყველგან, სადაც მას მოესურვება.

თვალი შევავლოთ „ომიკრონით“ დაავადებულთა ბოლო სტატისტიკას აშშ-ი — მილიონ ნახევარი; რუსეთში, რომელსაც ნულანდი მოუწოდებს მედიცინას მიხედოს — 17000-ი.

რაც შეეხება განათლების სისტემას — ჯერ-ჯერობით არც ერთ რუს პოლიტიკოსს არ უთქვამს, რომ კანადა ან მექსიკა აფრიკის კონტინენტზეა — ისე, როგორც ამჟამინდელ ამერიკელ პოლიტიკოსებს, რომლებიც აცხადებენ, რუსეთში გაზის უკრაინიდან შესვლას, ხოლო ბელორუსის, ოკეანის ნაპირებთან მდებარეობას.

სხვა „მარგალიტებზე“ არაფერს ვამბობ, ისეთზე, როგორიცა აშშ-ს უმაღლესი რანგის პოლიტიკოსების მიერ საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელთათვის ზეპირი დაპირების მიცემა „ნატოს აღმოსავლეთით არგაფართოების“ თაობაზე — ოღონდ თქვენ დათანხმდით ბერლინის კედლის დაშლის, გერმანიის გაერთიენებას და ჩვენი მხრიდან „ერთ დიუმსაც“ არ გადავდგამთ აღმოსავლეთისკენ“.

იყო ასეთი დაპირება ბეიკერის, მამა-ბუშის, გერმანიის კანცლერის კოლის, საგარეო საქმეთა მინისტრის გენშერის, სხვა პოლიტიკოსების მხრიდან, რაც დაფიქსირებულია საბჭოთა მხარესთან მოლაპარაკების პროტოკოლში და რაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, შესაბამისი ვადის გასვლის შემდეგ, 2 წლის წინათ გაასაჯაროა.

კოლექტიური დასავლეთის დაპირება იმდენად გულწრფელად მოეჩვენათ საბჭოთა კავშირის პოლიტიკოსებს, რომ თავში აზრადაც არ მოსვლიათ, დაპირების, დოკუმენტში აღბეჭვდა. გულუბრყვილო საბჭოელებმა მიიჩნიეს, რომ მაღალი რანგის პოლიტიკოსის სიტყვა სალი კლდის სიმტკიცის შემცველია და არა თვალთმაქცობა, ტყუილი — ესოდენ დამახასიათებელი დასავლელი პოლიტიკოსებისთვის.

დოკუმენტი, რომელიც 2 წლის წინათ გამოამზეურა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, ვერ ეღირსებოდა სინათლეს, წინასწარ რომ სცოდნოდათ ამერიკელებს რა კოზირებს მისცემდა ხელში რუსეთს. თუმცა აქვს ამას მნიშვნელობა? ვერ იტყვიან დღევანდელი ამერიკელი პოლიტიკოსები, რომ ასეთი დაპირება არ ყოფილა?

არათუ იტყვიან, დაამტკიცებენ კიდეც, რომ ასეთი არ ყოფილა. თუ თქვენ იცით, რომ იყო, გვიჩვენეთ ხელმოწერილი დოკუმენტიო.

ასეთთან, ხელმოწერილი დოკუმენტის შემთხვევაშიც, ძნელია ლაპარაკი. რა გასაკვირია არ თქვან დოკუმენტი ყალბიაო ან ისე არ მოქცეულიყვნენ, როგორც რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა — დოკუმენტის არსებობის შემთხვევაშიც კი გარანტია მისი შესრულებისა საეჭვოა, რისი დასტურია აშშ-ს საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან გასვლა ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე.

2022 წლის იანვრის პირველი ნახევარი მძიმე გამოდგა, უპირველესად პოლიტიკური თვალსაზრისით. დასტური ამისა ჟენევასა და ბრიუსელში გამართული შეხვედრებია — რუსეთ-აშშ-ს, რუსეთ-ნატოს შორის. შეხვედრები დასრულდა უარყოფითი შედეგით  ყველა იმისთვის, ვისაც მსოფლიო მშვიდობა სურს, ვინც დაძაბულობის განელებაზე და შეიარაღების შემცირებაზე ფიქრობს.

მკითხველს შევახსენებ რით იყო გამოწვეული აღნიშნული შეხვედრები. გასული წლის დეკემბერსა და მიმდინარე წლის დასაწყისში აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების ვიდეო-მოლაპარაკების დროს, პრეზიდენტმა პუტინმა გამოთქვა შეშფოთება რუსეთის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. აშშ-ს პრეზიდენტმა ბაიდენმა სთხოვა პუტინს ორ ქვეყანას შორის უსაფრთხოების საკითხებში არსებული პრობლემების წერილობითი წარდგენა, რასაც მოჰყვა  რუსეთის მხარის მიერ შედგენილი დოკუმენტის გამოქვეყნება, პარალელურად აშშ-ს და ნატოსთვის გადაცემა.

რუსეთის წინადადებების განხილვის შემდეგ, მხარეები შეთანხმდნენ მოლაპარაკებების გამართვაზე. რუსეთის წინადადებები არის კონკრეტული, ლაკონური, ამასთანავე ყოვლისმომცველი და შორსგამიზნული, უპირველესად მშვიდობისთვის, როგორც ევროპის კონტინენტზე, ისე მთელს მსოფლიოში.

რუსული მხარის მიხედვით, თუ აშშ-ი, ნატო გაითვალისწინებენ რუსეთის წინადადებებს ნატოში უკრაინისა და საქართველოს არმიღებასთან დაკავშირებით, 1997 წლამდე არსებულ ვითარებამდე დაბრუნებას, ევროპაში შეიარაღების შემცირებას და სხვა საკითხებს, დაძაბულობა დასავლეთ-აღმოსავლეთს შორის განელდება, ვარაუდი სამხედრო კონფლიქტისა აშშ-რუსეთს, ნატო-რუსეთს შორის გაბათილდება.

რუსეთის მიერ საკუთარი წინადადებების გამოქვეყნებისთანავე, როგორც აშშ-ა, ისე ნატომ, ევროკავშირმა, ეუთომ ქვა ააგდეს და თავი შეუშვირეს. ყველა განცხადება, მათ მიერ გაკეთებული იყო ნეგატიური, რასაც თან ახლდა ენით აუწერელი რუსოფობია. ეს, როგორ გვაკადრა რუსეთმაო! ვინ ჰკითხავს რუსეთს ნატოში უკრაინა-საქართველოს არმიღებასო; რა რუსეთის საქმეა ნატო გაფართოვდება აღმოსავლეთით თუ არაო და ა.შ.

ჟენევისა და ბრიუსელის შეხვედრებამდე აშშ-ს თეთრმა სახლმა, კონგრესმა, სახელმწიფო დეპარტამენტმა — მომავალი მოლაპარაკების საწინააღმდეგო უამრავი მილიტარისტული განცხადება გააკეთეს, წინასწარი უარყოფითი შედეგის შემცველი.

ჟენევამდე გახდა ცნობილი, რომ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერების, უკრაინა-საქართველოს ნატოში არმიღების რუსეთის წინადადებების გაზიარებას აშშ-ს მხრიდან ადგილი არ ექნებოდა.

მოლაპარაკებებამდე გახდა ცნობილი, რომ უშედეგოდ დამთავრდებოდა შეხვედრები. ვარაუდი იმისა, რომ აშშ-ი რუსეთის წინადადებების უმთავრეს საკითხებს — ნატოს აღმოსავლეთით არგაფართოვებას და უკრაინა-საქართველოს ან ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ნატოში არმიღებას, ვაშინგტონი უკუაგდებდა.

ვაშინგტონის ნეგატიური დამოკიდებულება არა მარტო ამ ორი საკითხისადმი, არამედ დანარჩენი წინადადებებისადმი, რუსეთისთვისაც ცნობილი იყო. რუსეთი მოითხოვდა და მოითხოვს ყველა საკითხის დაუყოვნებლივ შესრულებას და არა რომელიმეს, შერჩევით. მოსკოვის განმარტებით, საკითხები ერთმანეთზეა მიბმული და ერთის არ შესრულება, გამოიწვევს სხვათა არშესრულებასაც.

სწრაფად და ახლა! — იყო და არის რუსეთის მოთხოვნა. შედეგი, ასევე სწრაფად და ახლა. უარყოფითი, თუმცა 10 დღის განმავლობაში აშშ-ა წერილობითი პასუხი უნდა გასცეს რუსეთის წინადადებებს.

აშშ-ს უარყოფითმა განცხადებებმა, რასაც ადგილი ჰქონდა ჟენევა-ბრიუსელის კონსულტაციებისას აღტაცება გამოიწვია აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში, უკრაინაში, საქართველოში, სხვაგან და რუს ლიბერალებში. ყველა ისინი თვლიდნენ, რომ რუსეთის წინადადებები უტოპიური იყო — შორს სინამდვილისგან.

განსაკუთრებით ლაღობენ რუსეთის ტელეკომპანიების თოქ-შოუებში მონაწილე ამერიკელი, პოლონელი, უკრაინელი, ჩეხი, ბალტიისპირელი ჟურნალისტები, რუსოფობი რუსი ლიბერალები. „ხომ ვამბობდით, რომ აშშ-ი რუსეთს ჭილაყს ამოარტყამსო“ — აცხადებენ ისინი, „ახლა რაღას იზამს კრემლი“ და ა.შ.

ძნელია დაიჯერო, რომ კრემლმა არ იცოდა მოლაპარაკებების შედეგი, რომელიც გამოუცდელი პოლიტიკოსებისთვისაც წინასწარ ცნობილი იყო. რუს პოლიტიკოსებს ყველაფერი შეიძლება დავწამოთ, მაგრამ გამოუცდელობა?

მაშ, რასთან გვაქვს საქმე? რუსეთმა, როგორც რუსმა მომლაპარაკებებლმა განაცხადეს, მოახერხა დაწვრილებით გაეცნო ამერიკელებისთვის რუსეთის შეშფოთების მიზეზი. რუსეთმა თითქმის 8 საათის განმავლობაში სკამს მიაჯაჭვა აშშ-ს დელეგაცია, რუსეთისთვის საფრთხის შემცველი საკითხების მოსმენისთვის.

ამერიკულმა მხარემ გამოავლინა საკითხების პროფესიონალური ცოდნა, რაც რუსულმა მხარემ დადებითად შეაფასა, თუმცა გამოვლენილი ცოდნა ვერ გასცდა ამერიკის ჩარჩოებს, მის ინტერესებს, ვერ გადაიზარდა მშვიდობის მომტან საყოველთაო მისწრაფებაში. აშშ-ს დელეგაციამ დღევანდელი კვერცხი ამჯობინა, ხვალინდელ ქათამს.

დღევანდელი კვერცხი — აშშ-ს პრიორიტეტული სამხედრო პოზიციების შენარჩუნებაა, როგორც ევროპაში, ისე მსოფლიოში, რაც თავისთავად გულისხმობს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას, აშშ-ს ნომერ პირველი მტრის, რუსეთის ალყაში მოქცევას და არა უკან დახევას.

აშშ-ს, რომელსაც თავში მსოფლიო ჰეგემონიზმი აქვს ჩაბეჭდილი, რუსეთის დაჩოქების სურვილი იპყრობს და არა ხვალინდელი ქათამი, ანუ მსოფლიო მშვიდობა.

ჟენევაში მოხდა ის, რასაც აშშ-ი არ ელოდა — რუსთა მხრიდან მოსმენა იმისა, რომ რუსული წინადადებების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, რუსეთი გადადგამს სამხედრო და სამხედრო-ტექნიკურ ნაბიჯებს, რომ დღევანდელი რუსეთის სამხედრო ძლიერება იძლევა ამის გარანტიას.

მრავალი წლის განმავლობაში ამერიკელები უგულებელყოფდნენ რუსეთის წინადადებებს, ზერელედ პასუხობდნენ რუსთა მიერ დასმულ საკითხებს, როგორც ევროპაში ანტისარაკეტო სისტემების განლაგებასთან მიმართებაში (რუმინეთი, პოლონეთი), ისე ნატოში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების შეყვანასთან დაკავშირებით.

ამჯერად, ისინი იძულებული შეიქნენ მოესმინათ ყოველივე და წერილობითი პასუხიც გაეცათ რუსთა მიერ დასმული საკითხებისთვის.

არის თუ არა ეს წარმატება?

ცხადია, როდესაც აშშ-ი ფეხს არ იცვლის მთავარ საკითხებთან დაკავშირებით, ზოგმა ეს წარმატებად არ ჩათვალოს. ის, რომ ამერიკა თავის პოზიციაზე დარჩა გასაკვირი არ არის, ვინაიდან ასეთ საკითხებზე თანხმობა უცბათ არ ხდება. დრო სჭირდება, სერიოზული განსჯა და ფიქრი. დაფიქრების და სერიოზული განსჯის ინიცირება კი რუსული მხარის ძალისხმევით მოხდა.

ამერიკულმა მხარემ ჟენევაში მოისმინა ის, რამაც რუსული წინადადებების არ გაზიარებისა და არშესრულების შემთხვევაში ორი ბირთვული სახელმწიფო კონფრონტაციამდე შეიძლება მიიყვანოს. ამერიკულმა მხარემ მინიშნებით გაიგო, რომ რუსეთზე არანაკლები მტერი ჩინეთი, რუსეთის მხარეს იხრება, უფრო სწორად დაძაბულობის ესკალაციის შემთხვევაში მოსკოვ-პეკინი ერთ მხარეს იქნებიან, რაც აშშ-ს უაღრესად არასასიამოვნო პერსპექტივაა.

მართალია ჩინეთი ჟენევის მოლაპარაკების მაგიდასთან არ იყო, მაგრამ მისი აჩრდილი ტრიალებდა მოლაპარაკების დროს. აქვე მინდა გაუწყოთ, რომ ჟენევის მოლაპარაკების დამთავრებისთანავე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა სატელეფონო საუბარი გამართა ჩინელ კოლეგასთან, ჩააყენა რა ის მოლაპარაკების დეტალების საქმის კურსში.

რუსეთ-ჩინეთის თანამშრომლობა არის ის სერიოზული გამოწვევა, აშშ-ს რომ აშფოთებს. არანაკლები იქნება სამხედრო-ტექნიკური და სამხედრო, ანუ საომარი პოზიციების განხორციელება, რომელიც პუტინმა ჟენევის მოლაპარაკებამდე გაასაჯაროა — იმ შემთხვევაში, თუ ჟენევა უშედეგოდ დამთავრდებოდა.

ასეც მოხდა — კრემლის განცხადებით, კონსულტაციები ცუდი გამოდგა. ანალოგიური შეფასება გააკეთა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა, რაშიც რუსეთი დაადანაშაულა, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან აშშ-ს ადმინისტრაცია, კონგრესი ერთიანად ლანძღავდა და ლანძღავს რუსეთს უკრაინის მიმართ მოსალოდნელ აგრესიაში.

გაღმით შედავების პოლიტიკა პოპულარულია აშშ-ი, ისე, როგორც მტკიცება იმისა, რომ ნატო მშვიდობისმოყვარე ორგანიზაციაა, რომლის მიზანი აგრესიის შეკავებაა და არა აგრესიის განხორციელება. ამ თემაზე ემოციურად ილაპარაკა ნატოს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა რუსეთთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ. მან თავს უფლება მისცა ეთქვა ისიც, რომ იუგოსლავიის დაშლაში ნატოს წვლილი არ არის. თითქოს მასში შემავალი მხარეები დაერივნენ ერთმანეთს, რამაც აიძულა ნატო ჩართულიყო სამოქალაქო კონფლიქტში.

სტოლტენბერგმა და ამერიკელმა დიპლომატებმა უკმეხად განაცხადეს, რომ ნატოს კარი ღიაა სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყნებისთვის, რომელთა მოსახლეობა წყვეტს ნატოში გაწევრებას. მოდით თვალი გადავავლოთ როგორ ხდება ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მოსახლეობის გადაწყვეტილების მიღება.

აშშ-ი, ნატოს წევრი სახელმწიფოები, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებისთვის შედგენილი გეგმის მიხედვით, უამრავ ფულს ხარჯავენ ამ ქვეყნების ახალგაზრდების ამერიკა-ევროპაში ლექციების კურსის გასავლელად; ამ ქვეყნებში ქმნიან არასამთავრობო ორგანიზაციებს, სხვადასხვა სახის დარგობრივ საზოგადოებებს; სისტემატურად აწარმოებენ ანტირუსულ პროპაგანდას; აიძულებენ ადგილობრივ ხელისუფლებას გადადგას პროდასავლური ნაბიჯები, წინააღმდეგ შემთხვევაში ზემომოყვანილი ნავარჯიშები ახალგაზრდების ფინანსური მხარდაჭერით აწყობენ „ფერად“ რევოლუციებს. ასეთს არა მარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში ჰქონდა ადგილი ბოლო 20 წლის განმავლობაში, არამედ არაბულ ქვეყნებში. გავიხსენოთ საქართველო, უკრაინა, ბელორუსი და ბოლოს ყაზახეთი.

ამერიკელთა გაწვრთნილი ახალგაზრდები ძალისმიერად არა მარტო ხელისუფლებას ამხობენ, არამედ ამერიკა-ნატოს შთაგონებით მოითხოვენ ნატოში შესვლას. ამ ქვეყნებში ამერიკული ორგანიზაციების მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები ყოველთვის ისეთია, ვაშინგტონს რომ აწყობს.

2008 წელს საქართველოში ჩატარდა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის დროს ბიულეტენში მოულოდნელად გაჩნდა მეორე საკითხი — ნატოში გაწევრება. ხალხს, რომელსაც ყურადღება გამახვილებული ჰქონდა პრეზიდენტის არჩევნებზე, ზერელე დამოკიდებულება ჰქონდა მეორე საკითხისადმი. ამდენად ნატოში შესვლის მსურველთა რაოდენობა არასაკმარისი გამოდგა, თუმცა ამერიკელი „დიპლომატის“ ბრაისას განკარგულებით, ნატოში შესვლის პროცენტულმა მაჩვენებელმა 70% გადააჭარბა. ანუ გაყალბდა. იმასაც შეგახსენებთ, რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ბუშმა, სააკაშვილს გამარჯვება წინასწარ მიულოცა — ხმის დათვლის დამთავრებამდე.

განა, თუნდაც ეს მაგალითი საკმარისი არ არის ხალხის „რა სურვილთან“ გვაქვს საქმე?

სხვა მაგალითებსაც მოვიყვან — ნეიტრალური ფინეთისა. აშშ-ი ვერადავერ შეეგუა ფინეთის ნორმალურ დამოკიდებულებას რუსეთთან. მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან მოყოლებული, მას წამითაც არ შეუჩერებია ფინელთა „აღზრდა“ და როგორც იქნა ლამის დადებით შედეგსაც მიაღწია.

ფინელები, რომლებიც (71%) კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ ნატოში შესვლის, მოჭარბებული ანტირუსული პროპაგანდისა და ზეწოლის შედეგად, იცვლიან პოზიციას. გამოკითხვის მიხედვით, ფინელთა 51% არ სურს ნატო, თუმცა ეს პროცენტი გაცილებით ნაკლებია 71%-ზე, და ამერიკელებს აძლევს იმედს, მისი შემცირების და ნატოში შესვლის მსურველთა გაზრდის.

ჟენევა-ბრიუსელში დასრულებული მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-ს დელეგაციის ხელმძღვანელმა შერმანმა განაცხადა, რომ აშშ-ი მზადაა განიხილოს ფინეთშვედეთის ნატოში გაწევრების საკითხი. შერმანმა ეს განცხადება იმ მოლაპარაკების შემდეგ გააკეთა, რომელზეც რუსეთმა მკაცრად მოითხოვა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებისთვის წერტილის დასმა.

ვგონებ, ასეთთან დიპლომატიური მოლაპარაკებით არაფერი მიიღწევა.

ჟენევა—ბრიუსელის მოლაპარაკებების მნიშვნელობა სცილდება ორი ქვეყნის ჩარჩოებს და საერთაშორისოში გადადის, რომელშიც ჩვენც მოვიაზრებით. უდავოდ, კმაყოფილი იქნებიან ის ქართველები, რომლებიც სულ მუდამ წუწუნებენ — საქართველოზე დასავლეთში არ ლაპარაკობენო.

დამშვიდდით! ერთ კვირაში იმდენჯერ ახსენეს საქართველო, არვინ რომ არ მოელოდა, ოღონდ ერთია, რას მოგვიტანს ხსენება ანდა თუნდაც ნატოში შესვლა?

რუსეთის კატეგორიულ პოზიციას თუ მივიღებთ მხედველობაში, კარგს არაფერს, ვინაიდან რუსეთი დიპლომატიური მოლაპარაკების შემდეგ ძალისმიერს, ანუ სამხედროს გამოიყენებს, იმ გეგმისდა მიხედვით, რაც კრემლმა შეიმუშავა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

15/01/2022