არ დაიღალეთ ამდენი „უკრაინის“ ბღავილით?

დამერწმუნებით ალბათ — ამდენი „უკრაინა“, აუტანელია. დილიდან დაწყებული მსოფლიოს ელექტრონული  მედია უკრაინაზე ლაპარაკობს — უკრაინას უძღვნიან თავიანთ გამოსვლებს ევროპელი, ამერიკელი, აზიელი, რუსი, დსთ-ელი პოლიტიკოსები, პოლიტოლოგები, ექსპერტები, ჟურნალისტები, მოკლედ ყველა, ვისთვისაც ლაპარაკი, ლაყბობა, დიალოგი თუ მონოლოგი შემოსავლის წყაროდაა ქცეული.

„საწყალ“ უკრაინაზე ლაპარაკი რომ ურუსეთოდ აბსურდია, ყველამ გავიგეთ. საზოგადოება, როგორც აქ, ისე იქ ლამის 20 წელია, განსაკუთრებით 2014 წლიდან, ისმენს ერთიდაიგივე „სიმღერას“— „კრავი“ უკრაინისა და „აგრესორი“, „დამპყრობელი“ რუსეთის შესახებ.

რუსული „აგრესიის“ ბალადას საქართველო 1992 წლიდან ისმენს — აფხაზეთში ჯარით შევარდნის დღიდან, განსაკუთრებით კი 2008 წლის ავანტურიდან — ცხინვალში შევარდნის დღიდან. ორივე „შევარდნა“, შევარდნის ავტორთა — შევარდნაძე-სააკაშვილის კრახით დამთავრდა, მაგრამ უფრო მეტად საქართველოს, რომელიც საკუთარი ტერიტორიის საკმაოდ დიდი ნაწილის, გემრიელის და ტკბილის გარეშე დარჩა და არვინ იცის დაუბრუნდება თუ არა დაკარგული ან დაიბრუნებს თუ არა.

„დაუბრუნდება“ — ნიშნავს ე.წ. სტრატეგიული, დასავლელი პარტნიორების ძალიახმევას, რაც არ ჩანს და არც გამოჩნდება, ვინაიდან ვითომ პარტნიორი დასავლელები არც თავს და არც საკუთარ ხალხს გაწირავენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად, რამეთუ ეს პროცესი რუსეთს უკავშირდება და მასთან შეტაკება არვის სურს.

სიტყვა „დაიბრუნებს“ აღსრულებას საქართველო მაშინ შეძლებს, როდესაც სამხედრო, ეკონომიკური, მორალური, დემოგრაფიული და სხვა თვალსაზრისით რუსეთს გაუტოლდება.

 სჯერა ვინმეს ამ ზღაპრის? ან 2008 წელს, ცხინვალის ომის წინ სჯეროდა ვინმეს, სატელევიზიო ეთერში ქართველი გენერალების ბაქიბუქის — როსტოვამდე ჩასვლასთან დაკავშირებით?

ყველას თუ არა, ზოგს ხომ სჯეროდა? ისე, როგორც დღეს სჯერა დაკარგულის, პარტნიორი დასავლეთის ხელშეწყობით დაბრუნების.

მკითხველმა მაპატიოს, მაგრამ იძულებული ვარ სიტყვა „დეგენერატი“ ვიხმარო იმათ მიმართ, ვინც გაუთავებლად ბღავის ამერიკა-ევროპის დახმარებით, განსაკუთრებით ნატოს, აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის დაბრუნებაზე.

დეგენერატია ყველა უკრაინელი და მათი „ძმა და მეგობარი“ ქართველი, ვინც თვლის, რომ კოლექტიური დასავლეთი ხელიდან გამოგლეჯს ყირიმს რუსეთს და უკრაინას დაუბრუნებს.

მაინც რა პრეტენზიები უნდა ჰქონდეს რუსი ბოლშევიკების მიერ შეკოწიწებული უკრაინის მოსახლეობის ნაწილს ყირიმზე, რუსეთის შემადგენლობაში სისხლით და ოფლით შეყვანილზე, ყირიმის სახანოსთვის ხელიდან გამოგლეჯილზე და ვოლუნტარისტი ხრუშჩოვის პირადი გადაწყვეტილებით უკრაინისთვის გაჩუქებულზე, რუსი ეროვნების ადამიანებით დასახლებულზე?

უკრაინის, როგორც სახელმწიფოს არსებობა, ლენინ-სტალინის პოლიტიკის ნაყოფია. უკრაინის, როგორც საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკისთვის რუსეთის ძირძველი ტერიტორიების გადაცემა, საბჭოთა რესპუბლიკის ჩამოყალიბებისთვის გადადგმული ნაბიჯი იყო, რომელსაც უკრაინის „მრავალსაუკუნოვან“ ისტორიასთან საერთო არაფერი აქვს. ანდა როგორ უნდა ჰქონოდა, როდესაც თვით სახელი „უკრაინა“ ისეთივე ქორფაა, როგორც ვითომ „საუკუნოვანი“ ისტორია. ტერიტორია, რომელიც დღეს უკრაინის სახელს ატარებს, რუსეთის იმპერიისა იყო.

 წინა სტატიაში აღვნიშნე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში გამეფებული რუსოფობიის შესახებ — დასავლეთიდან ჩაწოდებულის, დასავლელთა მიერ წახალისებულის. საბჭოთა კავშირის ნებაყოფლობითი დაშლის დღიდან დაწყებული, კოლექტიური დასავლეთი, ახლა უკვე რუსეთის დასაშლელად მომართული, ახალგამოჩეკილი „დამოუკიდებელი“ ქვეყნების გაბრუებით,  ცდილობს რუსეთის საზღვრებთან ანტირუსული ატმოსფეროს შექმნას, რისთვისაც ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა ჯიბეებიდან ამოღებული მილიარდობით დოლარს ხარჯავს.

მავანი იკითხავს — არ იციან მათ რაში ხარჯავს ფულს მათივე არჩეული ხელისუფლება?

არ იციან, ვინაიდან არვინ ეტყვის ამის შესახებ, განა იმიტომ, რომ მთქმელი არაა, არამედ იმიტომ, რომ ასეთს მედიასთან არ გააკარებენ, ხოლო განსხვავებული სიტყვის მთქმელი, რუსული ტელეკომპანია RT-ს ამერიკული ფილიალი ისეთ წნეხშია მოქცეული მასპინძელი ხელისუფლების მხრიდან, უარესს რომ ვერ იფიქრებდა ვითომ დემოკრატიულ ამერიკა—ევროპაზე.

გიგანტური კაპიტალისტური მედია ძველი ინერციით ებრძვის ასევე კაპიტალისტურ რუსეთს. საბჭოთა კავშირის დროს ანტისაბჭოური პროპაგანდა იდეოლოგიური ბრძოლით გამოირჩეოდა და მას ახსნაც ჰქონდა — კაპიტალიზმის ბრძოლა, სოციალიზმის წინააღმდეგ.

30 წელია აღარ არსებობს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკათა კავშირი. სოციალიზმ-კომუნიზმის ბუდე დაინგრა კაპიტალისტთა ძალისხმევით და კომუნისტურ საზოგადოებაში გაჩენილი მოღალატური ბაცილის ზემოქმედებით.

კომუნისტური წყობა, კაპიტალისტურმა ჩაანაცვლა. გაჩნდნენ რუსი მილიონერები და მილიარდერები, „წარმატებულ“ დასავლეთში გახიზნული ოჯახებით, იქაურ ბანკებში ჩადებული კაპიტალით, იქ შეძენილი უძრავ-მოძრავი ქონებით. მაშ, რაღა უნდა დასავლეთს? სოციალისტურ-კომუნისტური მეტოქე მკვდარია, კომუნისტებიც გაკაპიტალისტებულები, …

ჩვენ რომ გვეუბნებოდნენ იდეოლოგიათა ბრძოლააო, ტყუილი ყოფილა, ნაწილობრივ მაინც. დიახ! იდეოლოგიური ბრძოლაც იყო, მაგრამ მთავარი კაპიტალისტურ-იმპერიალისტური მტაცებლური ბრძოლაა — ერთმანეთის მიწების, წიაღისეულის ხელში ჩაგდების მიზნით. ერთმანეთის დამონების, ხელქვეითად გადაქცევის მიზნით, მეტოქის გზიდან ჩამოშორების, საკუთარი ჰეგემონიზმის განმტკიცების მიზნით.

რით, რა იარაღით ცდილობს იმპერიალისტური სახელმწიფო პრიორიტეტულობის მოპოვებას? ახალ-ახალი იარაღის გამოგონებით; ქვეყნების და ხალხების ერთმანეთთან დატაკებით; მოქრთამვით; პატარა ქვეყნების საღეჭი რეზინებით, პრიალა სათამაშოებით მოხიბლვით; „ფერადი რევოლუციების“ მოწყობით; ეკონომიკური სანქციების დაწესებით; ხალხის გადაგვარებით, გარყვნით — ყველა იმ მეთოდით, რაც შესანიშნავად აქვს ჩამოყალიბებული ამერიკელ დალესს.

ადამიანის მოსახიბლად, გადასაბირებლად, მოსატყუებლად მრავალი ხერხი არსებობს — ფული, ქალი, კაცი, თანამდებობა, კეთილდღეობა, დაშინება და ა.შ. ადამიანი ქმნის სახელმწიფოს — ადამიანები. აი, ასეთმა ადამიანებმა შექმნეს ახალი საქართველო, ახალი უკრაინა, ახალი ყაზახეთი, …

ასეთებს მისცა საშუალება დიდმა და „დემოკრატმა“ ამერიკამ ესწავლა იქ, ფრთები გაეშალა აქ — იქ დაფრთიანებულს, იქაურად მოჭიკჭიკეს.

ასეთთა რიცხვი ასეულებს არ აღემატება, მაგრამ საკმარისია იქაური იდეოლოგიით გაჟღენთილი, იქაური ცხოვრების წესით მოხიბლული ხელისუფლების, ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის შესაქმნელად.

ეს ასეულები, დამრიგებელთა მიერ დაფინანსებული, სხვა ასეულებს, ათასეულებს, მილიონებს იპყრობს, თავიანთ ჭკუაზე, ანუ იმათ ჭკუაზე ატარებს, იმათ იდეოლოგიას ტენის, იმათი ცხოვრებით აცხოვრებს, არ აძლევს სხვა მოსაზრების მოსმენის შანსს, ვინაიდან აპარატურა, ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტის სახით მათ ხელშია მოქცეული, ისე, როგორც ბეჭდვითი მედია, დღენიადაგ რომ გაიძახის რუსეთი აგრესორია, ოკუპანტი, ღვთის პირიდან გადავარდნილი ქვეყანა, უკრაინა-საქართველოს დამაქცევარი, მათთვის ტერიტორიების წამგლეჯი, ახალი აგრესიის განმახორციელებელი, მსოფლიო მშვიდობისთვის წყლის შემყენებელი.

სალანძღავი სიტყვების ლექსიკონის ამოუწურაობასთან გვაქვს საქმე, როდესაც აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, პოლონეთის, ბალტიისპირა ქვეყნების, უკრაინის, საქართველოს, გერმანიის, ჩეხეთის, სხვათა და სხვათა ტვინგარეცხილი პოლიტიკა  და საზოგადოება რუსეთს მოიხსენიებს.

არც ერთი დადებითი, მხოლოდ უარყოფითი. არ დაიღალნენ, არც ისინი და არც ჩვენ? ჩვენ რა დაგვღლის — მათ სამსახურში მყოფთ, ჩვენ ხომ რუსთა ლანძღვაში გვაძლევენ ფულს და ნატო-ევროკავშირში შესვლის დაპირებას?!

იმ წლის შემოდგომიდან დაიწყო დასავლური ზეჭარბი პროპაგანდა უკრაინაში, რუსეთის შეჭრის თაობაზე. ასეთს, წინა თვეებშიც ჰქონდა ადგილი, მაგრამ ამჟამინდელი, ოლიმპიურ რეკორდებს ხსნის. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რუსეთმა რომ უკრაინა დაიპყრო და პოლონეთ—ბალტიისპირა ქვეყნებიც ზედ მიაყოლა.

გასაკვირი ამ ისტორიიდან ისაა,  რომ „აგრესორი“, თავისი აგრესიის შესახებ, დასავლური მედიიდან იგებს.

ამერიკულ-ბრიტანული პროპაგანდა რომ მიზანს აღწევს, ფაქტია. მამალი ტყუილი ზეიმობს. შედეგიც სახეზეა — გამოთაყვანებული ხალხით. სხვას რომ თავი დავანებოთ, ჩვენს თავს შევხედოთ, განა ასეთები არ ვართ — რუსეთის გინებაში ჩაძირულები?

მთელმა მსოფლიომ ზედმიწევნით კარგად გაიგო, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებს. დასავლური მედიის მიხედვით, რუსეთი 2021 წლის დეკემბერში უნდა ყოფილიყო იქ, მაგრამ … დეკემბერი, იანვარმა ჩაანაცვლა. ახლა იანვარს, თებერვალი ჩაანაცვლებს. …

თუ ეს სინამდვილეს არ შეეფერება, რატომ ჰყავს რუსეთს 100000-იანი არმია უკრაინის საზღვრების „სიახლოვეს“ (200 კმ დაშორებით) დაბანაკებული? — სვამს კითხვას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი, თეთრი სახლის „უპოპულარესი“ პრეს-მდივანი ფსაკი.

უკრაინას უნდა დავეხმაროთო — ბობოქრობს აშშ-ს კონგრესი და სანქციას-სანქციაზე აცხობს — წინასწარ, აგრესიის განხორციელებამდე. რუსეთის მომავალ მსხვერპლს, უკრაინას იარაღს, იარაღზე ატენიან, ხან ვაშინგტონი, ხან ლონდონი. კანადელებმა ივაჟკაცეს — სპეცდანიშნულების რაზმის უკრაინაში გადასხმით, უკრაინელი სამხედროების გასაწვრთნელად.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნიდან, ბლინკენიდან დაწყებული, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვინ არ ჩავიდა კიევში — აშშ ცსს უფროსი ბერნსი, გერმანიის ვიცე-კანცლერი, საგარეო საქმეთა მინისტრი ბერბოკი, ამერიკელი სენატორები, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი, სხვები. ყველანი აგულიანებენ უკრაინას — ნუ გეშინია, თქვენთან ვართო. აბა გაბედოს რუსეთმა და თავს დაესხას უკრაინას, ეკონომკას გავუნადგურებთო და ა.შ.

რუსეთი კი დინჯად იგერიებს მედიურ შეტევებს და თავისას გაიძახის — ველოდებით თქვენს პასუხს, ჩვენს წინადადებებზე — წერილობით, პუნქტობრივად.

როგორც ჩანს, ის, ვინც რუსეთის აგრესიაზე გაჰყვირის, საგონებელშია ჩავარდნილი. მან არ იცის რით უპასუხოს რუსეთს. რუსეთის მოთხოვნა — ნატოს აღმოსავლეთით არგაფართოებასთან დაკავშირებით, მისი პრესტიჟის შემლახველია, ისე, როგორც უკრაინა-საქართველოსთვის ნატოში შესვლაზე უარის თქმა.

ინაუგურაციის წლისთავის აღსანიშნავ პრეს-კონფერენციაზე ამერიკის პრეზიდენტის, ბაიდენის გამოსვლის დიდი ნაწილი რუსეთთან ურთიერთობებს მიეძღვნა, რომლის დროსაც მან თქვა, რომ რუსეთის წინადადებებიდან ზოგიერთზე შეიძლება თანხმობის მიღწევა, მაგრამ უკრაინის ნატოში შესვლაზე უარის თქმა, მისი აზრით, არ არის აუცილებელი, ვინაიდან უკრაინა უახლოესი წლების განმავლობაში ნატოს ვერ ეღირსება ობიექტურ მიზეზთა გამო, თვით ნატოს წესდებიდან გამომდინარე.

დააკმაყოფილებს რუსეთს სიტყვიერი განმარტება? ცხადია, არა. ის წერილობითს მოითხოვს. რაც შეეხება ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას, აქაც დასავლეთის მოსაზრება მოსკოვისთვის მიუღებელია.

ნატო ხომ, ბრიუსელის თქმით, აგრესიის შემაკავებელი ორგანიზაციაა. მოსკოვი სვამს კითხვას — ვისი აგრესიის? მოსკოვი არ აპირებს ნატოზე თავდასხმას, არც არაწევრ უკრაინაზე, რომელსაც დასავლეთი აქეზებს თავს დაესხას დონბასს, რუსეთის ომში ჩასათრევად.

აშშ-ი, გერმანია, საფრანგეთი, ისე, როგორც დიდი ბრიტანეთი მოითხოვენ მინსკის ხელშეკრულების შესრულებას. მაგრამ, ვინც უნდა შეასრულოს, იარაღს აწვდიან. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში დიდმა ბრიტანეთმა 7 თვითმფრინავი იარაღი ჩაუტანა კიევის ხელისუფლებას.

სიტყვით, მშვიდობაზე ლაპარაკი, საქმით — უკრაინელთა შეიარაღება და რუსეთთან საომრად წაქეზება, ანუ ომი ბოლო უკრაინელამდე ან რუსამდე. ორივე სლავია, დასავლეთისთვის მიუღებელი; ორივე მართლმადიდებელი, დასავლეთისთვის ასევე მიუღებელი. ერთი ომით, ორივეს მოშორება, დარჩენილთა მორჯულება — არის მათი მიზანი.

ნატოს აღმოსავლეთით არგაფართოებაზე კოლექტიური დასავლეთი აცხადებს, რომ ამ ორგანიზაციას არ შეუძლია კარი მიუხუროს ქვეყნებს — სუვერენულებს, დამოუკიდებლებს, თუკი მათ სურთ ნატოში შესვლა. კეთილი, მაგრამ თუ მათი შესვლა აღმოსავლეთის მიმართულებით ზრდის ნატოს საზღვრებს და სხვის, ამ შემთხვევაში რუსეთის უსაფრთხოების საქმეს აზიანებს, მაშინ როგორ უნდა აღიქვას მოსკოვმა ბრიუსელის გეგმა?

ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებამდე მოსკოვი 1000-ზე მეტი კილომეტრით იყო დაშორებული ნატოს საზღვრებიდან. დღეს, 600 კილომეტრით და თუ ფინეთს შეიყვანენ ნატოში, მაშინ პეტერბურგამდე სულ რაღაც 150 კილომეტრი დააშორებს ნატოს.

ჩემს მიერ მოყვანილი კილომეტრები, გამეორებაა იმისა, რასაც რუსი პოლიტიკოსები და სამხედროები სისტემატურად აცხადებენ, რათა კოლექტიური დასავლეთის ტვინამდე მიიტანონ რუსეთის შეშფოთების ძირითადი საბაბი.

დაახლოება კარგია, როდესაც მეგობარი ცდილობს ამას, მაგრამ მტრული ამბიციებით შეპყრობილის დაახლოება — სახიფათოა და ომის საფრთხის შემცველი. დაახლოება ნიშნავს ნატოს მიერ ნასროლი რაკეტის მიზნამდე მიღწევის დროის შემცირებას.

რუსეთს აქვს ანტისარაკეტო სისტემები, მაგრამ ნატოს მიახლოების შემთხვევაში რუსულ რაკეტებს, ნატოს რაკეტების გასანეიტრალებლად დრო არ ეყოფა, ანუ სწრაფი რეაგირების შესაძლებლობას დაკარგავს.

იბადება კითხვა — რას მოუტანს ნატოს ასეთი მანევრირება? პოლიტიკურ დივიდენდებს, ანუ სარაკეტო თავდასხმის შიშით რუსეთის იძულებას აკეთოს ის, რასაც დასავლეთი უბრძანებს.

პოლიტიკური მორჩილების მიღწევა დევს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების გეგმაში და მას არავითარი კავშირი არ აქვს ნატოს დიდსულოვნებასთან — თავის რიგებში მიიღოს დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყნები.

პარლამენტში, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ რუსეთი ძლიერი, ბირთვული სახელმწიფოა, გაწვრთნილი, ბრძოლისუნარიანი არმიით და მას არ უნდა ეშინოდეს სუსტი უკრაინის ნატოში შესვლის.

რუსეთს არც უკრაინის ეშინია და არც სხვა მისი მსგავსი ქვეყნის, მაგალითად საქართველოს, მაგრამ რუსეთი ფრთხილობს უკრაინაში განლაგებული ამერიკული სარაკეტო სისტემების წინაშე, თუკი უკრაინას შეიყვანენ ნატოში.

ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბრძანა, რომ ძლიერ რუსეთს, პატარა უკრაინის არ უნდა ეშინოდეს. კეთილი, მაგრამ ძლიერ ამერიკას რატომ ეშინია ჩრდილო კორეის, რომლის რაკეტები ისეთია, მრავალი წლის შრომას რომ მოითხოვს სრულ კონდიციამდე მისაყვანად?

რატომ შეხვდა, არაერთხელ აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი ჩრდილო კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინს? რატომ თხოვდა მას ბირთვულ პროგრამაზე მუშაობის შეწყვეტას?

რუსეთის წინადადებებზე ამერიკელთა პასუხის მოლოდინში არა მარტო კრემლია, არამედ ყველა, ვისაც დასავლეთ-აღმოსავლეთის დაპირისპირება აწუხებს, ვინაიდან მუდამ საბრძოლო მოლოდინში ყოფნა საბედისწერო შეცდომის დაშვების შანსს ზრდის, რაც ბირთვული ომია.

პრეზიდენტმა ბაიდენმა პრეს-კონფერენციაზე ისიც თქვა, რომ რუსეთისგან არ მოელის უკრაინაში ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიის განხორციელებას. პატარის მოელის.

რა იგულისხმა მან, ძნელი გამოსაცნობია. ვარაუდით, ალბათ დონბასს გულისხმობდა. რუსეთი არც იქ აპირებს შეჭრას, თუკი უკრაინის ჯარი თავს შეიკავებს და დონეცკ-ლუგანსკის მოსახლეობის ამოსაჟლეტად იქ არ შევარდება.

ბაიდენის განცხადებით, ასეთ ვითარებაში აშშ-ი არ ჩაერევა სამხედრო კონფლიქტში.

რას ნიშნავს ეს საქართველოსთვის?

უპირველესად იმას, რომ დროა უკიდეგანო უდაბნოში 30-წლიანი უკომპასო ხეტიალის შემდეგ გონს მოსვლა და პოლიტიკის კარდინალური ცვლა.

დავსვათ კითხვა — რა მოგვიტანა განვლილმა 30 წელმა? ის, რასაც ხალხის გადაგვარება ჰქვია და კიდევ მოსახლეობის უკიდურესი გაღატაკება და კიდევ ელიტის გამდიდრება — უზომოდ, დაუმსახურებლად, უშრომველად — „რუსეთი აგრესორია“-ს ყვირილი შრომა არ არის.

ამერიკას ყური არ აუწევია გაზულუქებული, გათავხედებული ხელისუფლებისთვის, პირიქით ახალისებს  მეტი ანტირუსული ბღავილისთვის. ამერიკის ხელშეწყობით კორუფციამ, ელიტარულმა, სამთავრობომ ლამის გადაჭამა ქვეყანა. კორუფცია დაკანონდა ქვეყანაში. ასეთს კი მომავალი არ აქვს. საქართველომ თუ არ გამოიღვიძა, არ შეცვალა 30 წლის განმავლობაში გატკეპნილ გზაზე სიარული, რომელიც არსაით მიდის, ერთ წრეზე ტრიალებს, ქვეყანა აღარ იქნება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

22/01/2022