07.12.2024

რუსეთის პრეზიდენტის პუტინის მიერ გამოცხადებული „წითელი ხაზების“ თაობაზე

ძველი ანეკდოტი გამახსენდა — კახელი ძიუდოისტი მოწინააღმდეგეს რომ გუდავს ტატამზე და ისიც, დანებების ნიშნად, ხელს რომ ურტყამს ტატამს. კახელი ვერ ხვდება ამ მინიშნებას და უფრო მაგრად აწვება მეტოქეს სიტყვებით — შენ კიდევ ტოკავ! დაახლოებით ამას ჰგავს კოლექტიური დასავლეთისა და რუსეთის ურთიერთობა, უფრო სწორად ასეთი იყო, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტი ელცინი არ გაისტუმრეს პენსიაზე, ხოლო მის შემცვლელ პუტინს გზა არ დაულოცეს დიდ პოლიტიკაში.

პრეზიდენტის შეცვლამ არა მარტო რუსეთის ცხოვრება შეცვალა, არამედ მსოფლიოს. მაშინ ვერვინ იფიქრებდა, რომ სპეცსამსახურში ნამუშევარი პუტინი, ესოდენ მტკიცე ხასიათისა გამოდგებოდა და დღიდან გაპრზიდენტებისა თავის ცხოვრებას რუსეთის კეთილდღეობას, მისი პრესტიჟის აღდგენას მოახმარდა.

შედეგიც სახეზეა — გასული საუკუნის 90-იანი წლების მუხლებზე დაჩოქილი რუსეთი და დღევანდელი — მსოფლიოს პირველობისთვის მებრძოლი, წელგამართული ქვეყანა არა მარტო შიშს, რიდს იწვევს დასავლეთში, არამედ შურს — აგრესიულს, თავშეუკავებელს — იმედგაცრუებულის პოზიციიდან რევანშისთვის განწყობილს.

არ მოელოდნენ რუსეთის ფერიცვალებას. დაჭრილ-დანაწევრებული დიდი ტორტი — რუსეთის სახით, ედოთ წინ და ის-ის იყო თავიანთ თეფშზე გადაღებას იწყებდნენ, რომ პუტინის სახაზავის ძალა იგემეს ხელის ზურგზე, ისეთი რუსეთის, იმპერიის დროინდელ სკოლებში მოსწავლეთა აღზრდისა და დისციპლინის განმტკიცებისთვის რომ იყენებდნენ.

ერთი კი იფიქრეს — ეს ვისი ტიკიტომარაა, მთელი რუსეთი ჩვენს ხელშიაო. ამას ვინ ჰკითხავსო?! მაგრამ, როდესაც მისი სიტყვა მოისმინეს მიუნხენში, მთლად ვერ, მაგრამ ნაწილობრივ მიხვდნენ, ვისთან ჰქონდათ საქმე.

ეს, ახალი რუსეთი იყო. კარდინალურად განსხვავებული, ხრუშჩოვ-ბრეჟნევ-გორბაჩოვ-ელცინის რუსეთისგან. დაახლოებით ისეთი, როგორიც გასული საუკუნის 50-იანი წლების, ფაშიზმის დამმარცხებელი, აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტური ბანაკის შემქმნელი, მსოფლიოში დიდი პოპულარობისა და გავლენის მქონე რუსეთი.

გაეროს მაღალი ტრიბუნიდან პუტინის გამოსვლამ ხომ მთლად გადარია დასავლეთი. „ეს რა გააკეთეთ, რა ჩაიდინეთო“ — ლახვარივით ჩაესმათ მის მიერ ნათქვამი სიტყვები, დღესაც რომ მოსვენებას უკარგავთ.

რა ღონე არ იხმარეს მისი დისკრედიტაციისთვის, რა არ დასწამეს — მექრთამეობა, საკუთარი ფეშენებელური სასახლეების მშენებლობა, კორუმპირებული ძმაკაცებისთვის თანამდებობების ჩამორიგება, მილიარდობით ქონების დაგროვება, მექალთანეობა, ოფშორებში გადამალული დიდძალი ფული, მაგრამ ამაოდ, ვინაიდან პუტინის დაძაბული საქმიანობა, დღის წესრიგი, ცხოვრების წესი, ასკეტიზმი ვერადავერ შეეხამა დასავლურ ჭორს — ფუფუნებაზე, ფუქსავატურ ცხოვრებაზე, ფლეიბოობაზე გათვლილს.

და როდესაც ამ ზღაპრებმა მიზანს ვერ მიაღწიეს, მთელი ძალა გადაისროლეს ქვეყნის შიგნით ოპოზიციის გაძლიერებისთვის, მისი ანტისახელმწიფოებრივად, განსაკუთრებით ანტიპუტინურად დამუხტვისთვის. დოლარების წვიმამ ლამის წალეკა ლიბერალური არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დასავლეთის დავალების შესრულების მიზნით, ანტისახელისუფლებო პროპაგანდისტებად გადაქცეულნი, ტელეეთერის, ინტერნეტის, ბეჭდვითი მედიის გამოყენებით დღენიადაგ ცდილობენ მენტალური ზეგავლენა იქონიონ მოსახლეობაზე, განსაკუთრებით ახალგაზრდებზე.

არაფერი გამოსდით! ვითარება არ იცვლება და როგორც ჩანს არ შეიცვლება, თუ პუტინმა არ გადაწყვიტა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება.

თუ პუტინი დათანხმდება არჩევნებში მონაწილეობას, დასავლეთმა იცის შედეგი. და რომ ასეთს ადგილი არ ჰქონდეს, იმუქრება — არჩევნებს არალეგიტიმურად, სიყალბედ ჩავთვლით და არ ვაღიარებთ პუტინის გამარჯვებასო.

ასე აცხადებენ „დემოკრატიის აკვნად“ შერაცხულ აშშ-ი, უფრო სწორად კონგრესში. დავსვათ კითხვა — ვინ ჰკითხავს კონგრესმენს ან კონგრესმენებს ბათილად გამოაცხადონ ნებისმიერი ქვეყნის არჩევნები, თუნდაც უსუსტესი, არათუ მეტოქე სახელმწიფოს?!

არც არავინ, მაგრამ ამ ავადმყოფურ იდეას ჩამოკიდებული და ცხოვრებაში გამტარებელი, ცდილობს სხვათა მსგავსად ეს „ნოვაცია“ რუსეთს მოარგოს. მაინც რომელ სხვათა მსგავსად? ვენესუელას, ბელორუსის მსგავსად, თუმცა არც ერთში არ გაუვიდათ. ვენესუელაში ლეგიტიმური, არჩეული პრეზიდენტის მადუროს ნაცვლად, აშშ-ს მიერ გამოცხადებული გუაიდოს სახით, ხოლო ბელორუსში, ასევე საყოველთაო არჩევნებში გამარჯვებული ლუკაშენკოს ნაცვლად, არჩევნებში მონაწილე ტიხანოვსკაიას, რომელმაც ძლივ-ძლივობით ამომრჩეველთა მხოლოდ 10%-ის მხარდაჭერა მოიპოვა, ლეგიტიმურ პრეზიდენტად გამოცხადებით.

გუაიდო არა მარტო ტრამპის ადმინისტრაციამ ცნო, როგორც პრეზიდენტი, არამედ ევროკავშირმაც — ვაშინგტონის დაძალებით. მსგავსს აქვს ადგილი ტიხანოვსკაიასთან მიმართებაშიც. ევროკავშირი მას და მხოლოდ მას აღიარებს ბელორუსის პრეზიდენტად და არა „გამყალბებელ“, „ფალსიფიკატორ“ ლუკაშენკოს, თანაც იმ დონეზე, რომ ბაიდენის მიერ ვიდეო-სამიტზე, რომელიც დემოკრატიას მიუძღვნა აშშ-ს პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ, ტიხანოვსკაია იღებდა მონაწილეობას — ქვეყნის არმქონე „პრეზიდენტი“, რაც აშკარა მანიშნებელია სამიტის დემოკრატიის ხარისხზე.

ბელორუსი, მოთელვაა რუსეთის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, რომელიც მათივე გათვლით პუტინის გამარჯვებით დასრულდება.

უჭირს დასავლეთს პუტინთან ურთიერთობა, მითუმეტეს საკუთარი სუბიექტური გეგმების თავსმოხვევა. უჭირს მისი პოლიტიკიდან ჩამოშორებაც. რაც უფრო მეტი დრო გადის, ეს მიზანი მხოლოდ მიზნად რჩება, ვინაიდან პუტინი, თავისი საშინაო და საგარეო პოლიტიკით მხარდაჭერას აფართოებს საკუთარ ამომრჩეველში, ხალხში.

ხალხი ხედავს ძლიერ საკუთარ ქვეყანას, რომელიც თანაბარ დონეზე ეპაექრება დიდ სახელმწიფოებს, განსაკუთრებით აშშ-ს. ხედავს საკუთარი ქვეყნის შეიარაღებული ძალების აღმშენებლობას, უახლესი შეიარაღებით აღჭურვას.

ჟურნალისტ კონდრაშოვთან ინტერვიუს დროს რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ბირთვულ შეიარაღებაში რუსეთ-აშშ-ს შორის თანაფარდობაა, მაგრამ თანამედროვე ზებგერით იარაღში რუსეთი უსწრებს აშშ-ს, სხვა ქვეყნებს და ასე იქნება უახლოეს მომავალში, ვიდრე დასავლეთი შეძლებს მსგავსის გამოგონებას.

მაგრამ რუსეთი ხომ მიღწეულით არ დაკმაყოფილდება? ის ხომ გააგრძელებს ახლის შექმნას? ჯერ-ჯერობით ამ იარაღის გამანადგურებელი არაფერი არსებობს და თუ დასავლეთი, რომელიც რუსეთის მსგავსად მუშაობს ზებგერითი იარაღის შექმნაზე, ბოლოსდაბოლოს შეძლებს ამას, რუსეთის არმია უკვე აღჭურვილი იქნება ამ იარაღით და არა მარტო, მას უკვე ექნება ზებგერითი იარაღის გასანადგურებელი რაკეტაც.

პოლიტიკაში ჩახედულთ ემახსოვრებათ 2018 წელს პუტინის საჯარო განცხადება ზებგერითი იარაღის შექმნის თაობაზე. მაშინ დასავლეთმა სასაცილოდ აიგდო პუტინის ნათქვამი და გიგანტურ ეკრანზე იარაღის გამოცდის დემონსტრირება მულტიპლიკაციად მონათლა, ისე, როგორც მასზე აყოლილმა საქართველოს პოლიტიკამ. მათდა სამწუხაროდ მულტიპლიკაცია — რეალობა აღმოჩნდა.

სულ ახლახანს რუსეთის ტელეარხებმა მსოფლიოს უახლესი, უპილოტო, უხილავი, სტელსის სახის თვითმფრინავი (ბომბდამშენი) წარმოუდგინეს, რომელსაც ანალოგი არ ჰყავს. თანამედროვე იარაღია ის განუსაზღვრელი ძალა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს აძლევს დასავლეთთან წელგამართული ლაპარაკის საშუალებას. დასავლეთი და მისი საგონებელში ჩავარდნილი ლიდერი, აშშ-ს სახით, ხედავს რა მსოფლიოში ძალთა თანაფარდობის ცვლას, როგორც ხავსმოჭიდებული ცდილობს 30 წლის წინათ მოპოვებული მსოფლიო პირველობის შენარჩუნებას, თუმცა იმასაც გრძნობს, რომ გაუჭირდება, ვინაიდან უახლოესი მეტოქეები — რუსეთ-ჩინეთის სახით, მოძლიერდნენ და მათი შეკავება შეუძლებელია.

ერთადერთი იარაღი, რომელიც დასავლეთს შემორჩა, შიშველი პროპაგანდა და პუტინის ლანძღვა-გინებაა. რას არ უწოდებენ მას — ბანდიტს, მტარვალს, აგრესორს, … აშშ-ს კონგრესმენები, ევროპარლამენტარები, ამერიკულ-ევროპული მედია. ამ ლანძღვა-გინებაში ტონს უკრაინის პოლიტიკაც იძლევა — დასავლეთის მიერ გათამამებული, ფაშისტურად მომართული.

უკრაინის დემოკრატიაზე, სუვერენულობასა და დამოუკიდებლობაზე ისე ლაპარაკობენ, თითქოს ვინმე ემუქრებოდეს მას ამ ცნებების წართმევაში; თითქოს რუსეთს გადაწყვეტილი აქვს უკრაინაში შეჭრა, ხოლო შემდეგ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში; თითქოს უკრაინის დაპყრობით პუტინი დაიწყებს საბჭოთა კავშირის აღდგენას და ა.შ.

არგუმენტად მოჰყავთ ყირიმში შეჭრა და ამ ნახევარკუნძულის უკრაინისთვის წართმევა — ყირიმში შეჭრაზე ისე დამაჯერებლად ლაპარაკობენ, თითქოს იქ სისხლისმღვრელ ბრძოლებს ჰქონოდა ადგილი. და თუ ამ ტყუილს ვიწამებთ, ისიც ვთქვათ — რამდენი ადამიანი შეეწირა ყირიმის „ომს“?

კოლექტიური დასავლეთი დაბეჯითებით მიუთითებს რუსეთს შეასრულოს „მინსკის ხელშეკრულება“.  პოლიტიკაში „მოჭარბებულად ჩახედული“ დასავლეთელები, რომლებსაც თვალიც არ შეუვლიათ „მინსკის ხელშეკრულებისთვის“, რუსეთს მოუწოდებენ შეასრულოს ის, რისი შესრულებაც მას არ შეუძლია, ვინაიდან რუსეთი კონფლიქტის მხარე კი არა, ხელშეკრულების შესრულების გარანტორია საფრანგეთ-გერმანიასთან ერთად.

ხელშეკრულება ოფიციალურმა კიევმა უნდა შეასრულოს, დონეცკისა და ლუგანსკის ფაქტიურ ხელისუფლებასთან ერთად. მაგრამ, ვის აინტერესებს ხელშეკრულება ან უკრაინა? არც არავის. ის, რომ დასავლეთს არ აინტერესებს, ნათელია. რაც დასავლეთს აინტერესებს უკრაინის ანტირუსულად გამოყენებაა და მეტი არაფერი.

უკრაინა დასავლეთის პლაცდარმია რუსეთთან ჰიბრიდული თუ „ცხელი“ ომის საწარმოებლად, ანტირუსული პროპაგანდის მასალაა, რუსეთისთვის აშკარა საფრთხის შემცველი, თუ უკრაინაში განლაგდება ამერიკული რაკეტები, ისე, როგორც ამას ადგილი აქვს რუმინეთ-პოლონეთში.

ერთის შეხედვით, კრემლს სადარდებელი არაფერი აქვს, ვინაიდან იქ განლაგებული სისტემები ანტისარაკეტოა, ანუ თავდასაცავი. მაგრამ ეს ერთის შეხედვით, ვინაიდან რაკეტების გამშვებ სისტემას MK-41 თავდასაცავი რაკეტა SM-3 გასროლასთან ერთად, მოწინააღმდეგის მიერ ნასროლი რაკეტების განადგურების მიზნით, შეუძლია ფრთოსანი რაკეტა „ტომოგავკის“ გასროლაც, რომელიც დამკვრელური რაკეტაა — ფრენის რადიუსი 2500 კილომეტრი.

MK-41 სისტემის თავდაცვის ნაცვლად, თავდასასხმელად გამოყენებას რამდენიმე წუთი სჭირდება — კომპიუტერული პროგრამების შეცვლით.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კოლეგიის წინაშე პუტინის გამოსვლაში ითქვა: „უნდა დაისვას წინადადება, რუსეთისთვის გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიების მიცემის თაობაზე, ვინაიდან ჩვენ არ შეგვიძლია ვიცხოვროთ და მუდმივად ვიფიქროთ — რა მოუვათ მათ თავში“.

რას გულისხმობდა პუტინი? „წითელ ხაზებს“. რას ნიშნავს რუსეთისთვის „წითელი ხაზები“? ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას, ანუ უკრაინა-საქართველოს ნატოში შეყვანას. კრემლი თვლის, რომ შეყვანა მისცემს აშშ-ნატოს ამ ორ ქვეყანაში რაკეტების განლაგების შესაძლებლობას.

რას ითხოვს პუტინი? აშშ-ს მიერ ხელმოწერილ დოკუმენტს, ანუ იურიდიულ, წერილობით საბუთს — გარანტიას.

არის აშშ-ი და მისი მოკავშირეები რუსეთის მიერ შედგენილი „წითელი ხაზების“ გამზიარებელი, თანაც დოკუმენტურად?

ძალიან საეჭვოა, თუმცა დაინტერესება კრემლის წინადადების მიმართ არის. დასტურად ამისა ბაიდენის მიერ მოსკოვში გაგზავნილი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის 15 დეკემბრის ბლიც-ვიზიტი იყო, რომლის დროს მან შეხვედრები გამართა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ამ შეხვედრებიდან 5 საათის შემდეგ ბაიდენმა საჯაროდ მოითხოვა პუტინთან სატელევიზიო შეხვედრა. თუ რამ გამოიწვია აშშ-ს პრეზიდენტის სწრაფი და მოულოდნელი გადაწყვეტილება, ჩვენთვის ჯერ-ჯერობით უცნობია. სავარაუდოდ ამბობენ იმასაც, რომ პუტინ—სი ძინპინის (ჩინეთის ხელმძღვანელის) სატელევიზიო მოლაპარაკება გახდა ინიციატორი, უფრო სწორად ბაიდენის გადაწყვეტილების გამომწვევი, რომლის დროსაც სი ძინპინმა მხარი დაუჭირა რუსეთის წინადადებას „წითელ ხაზებთან“ დაკავშირებით.

დაითანხმებს პუტინი ბაიდენს ამაზე? ძნელი სათქმელია. თუ ვერ დაითანხმებს, მაშინ ძალაში შევა რუსი სამხედრო ექსპერტების წინადადება — აშშ-სთვის უშუალო პრობლემების შესაქმნელად, ანუ ისეთივეს, როგორსაც აშშ-ი მიმართავს რუსეთის წინააღმდეგ შავ ზღვაში.

ამერიკელები მაშინ შეშფოთდებიან, როდესაც საფრთხეს უშუალოდ მათ სიახლოვეს აღმოაჩენენ. მაგალითად, კარიბის ზღვაში. კარიბის კრიზისის განსამუხტად 1962 წელს ამერიკა—სსრკ-მ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით ორივე თავს იკავებდა ერთმანეთის სიახლოვეს სახმელეთო ბაზირების ბირთვული იარაღის განთავსებისგან.

ხელშეკრულებაში არაფერია ნათქვამი საჰაერო და საზღვაო ბაზირების იარაღზე. ასე, რომ სრულიად თავისუფლად შეიძლება მათი ამოქმედება, მითუმეტეს, როდესაც 5 აეროდრომია 4000 მეტრის სიგრძის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკით, რომელთაც შეუძლიათ რუსული სტრატეგიული, ბგერაზე უსწრაფესი რაკეტამატარებელი ბომბდამშენების Ту-160 და Ту-95 МС მიღება. გარდა ამისა მათ შეუძლიათ Ту-22М3 არასტრატეგიული ავიაციის თვითმფრინავის მიღება, რომელსაც ძალუძს ბირთვული იარაღის ტარება.

ეს საბრძოლო თვითმფრინავი 1,88 მახის სისწრაფით დაფრინავს, მაშინ, როდესაც ახალი ამერიკული თვითმფრინავი F-35 1,6 მახით. ბგერაზე უმსწრაფესი ბომბდამშენის Ту-22М3 ფრენის რადიუსი 1500-2410 კილომეტრია. მას შეუძლია ბირთვული ბომბების ტარება, აგრეთვე 3 ფრთოსანი რაკეტის X32, ასევე ბირთვული ქობინებით აღჭურვილის. მისი ფრენის რადიუსი 1000 კმ-ა, სიჩქარე 1,5-4,4 მახი, ანუ დაახლოებით ჰიპერზებგერითი სიჩქარის, რომელიც 5 მახიდან იწყება.

კუბიდან აშშ-ს ფლორიდის სანაპირომდე 180 კმ-ია. ჰავანიდან ვაშინგტონამდე — 1827 კმ. კუბის გარდა არის მეორე ვარიანტიც — ვენესუელის. ჯერ კიდევ ვენესუელის პრეზიდენტის უგო ჩავესის სიცოცხლეში მოსკოვს თავაზობდნენ კარიბის ზღვის კუნძულ ორჩილას ქირით, სამხედრო-საჰაერო ბაზისთვის, რომელსაც ვენესუელის სამხედრო-საჰაერო ძალები იყენებდნენ. კუნძულზე არის აეროდრომი, 3500 მეტრის სიგრზის საფრენი ბილიკით.

რუსი სამხედრო ექსპერტების გათვლით, კუბა-ვენესუელის გამოყენება, ისე, როგორც აშშ-ს მიერ უკრაინის, უდავოდ დააფიქრებს აშშ-ს და გადაადგმევინებს ნაბიჯს, ერთობ არასასიამოვნოს მისთვის.

რა გაეწყობა ასეთია პოლიტიკა და ამ პოლიტიკით შექმნილი პარიტეტი, თანაფარდობა, რომლის დარღვევა იწვევს ერთ-ერთის უპირატესობას. უპირატესობა კი დიდ ცდუნებას მოწინააღმდეგის დასაჩაგრად.

პრიორიტეტის შესანარჩუნებლად უწინ, ორ მეტოქეს შორის მიმდინარეობდა ჭიდილი. ამჯერად სამი მეტოქეა — აშშ-რუსეთი-ჩინეთი. ამ სამიდან, ორი რუსეთი და ჩინეთი, ერთმანეთის მიმართ მეგობრულად არიან განწყობილნი, რაც დადასტურდა კიდევაც ვირტუალური შეხვედრის დროს. პუტინმა და სი ძინპინმა ერთმანეთს მეგობრები, ძველი მეგობრები უწოდეს.

წარმოიდგინეთ რა მძიმე იყო ამ „ძმობის“ მოსმენა ვაშინგტონისთვის?! მითუმეტეს იმის გაგება, რომ პუტინი დაესწრება პეკინის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს და გამართავს მოლაპარაკებას ჩინეთის მეთაურთან.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

17/12/2021