ჩიტის მიერ მოტანილი ამბავი ცვლის მსოფლიოს

პატივცემულო მკითხველო, ჩიტმა ამბავი მოგვიტანა, ერთობ არასასიამოვნო, ჩვენი პოლიტიკოსებისა და ხელისუფლებისთვის, რომ ნატო აუსრულებელ ოცნებად დარჩება, ისე, როგორც „ოცნების“ ხელისუფლების უამრავი დაპირება, საამურ ცხოვრებასთან დაკავშირებით.

ნოკდაუნში ჩავარდნილი უკრაინა-საქართველო-მოლდოვა, სულ ახლახანს აღმოსავლეთის პარტნიორობის ფორმატში, თავზე ხელგადასმული, უდავოდ არ მოელოდნენ ვითარების ესოდენ მკვეთრ ცვლას, როცა მუყაითი მოსწავლის მსგავსად ანგარიშს აბარებდნენ ნატოს გენერალურ მდივან სტოლტენბერგს.

აი რა თქვა ღარიბაშვილმა: „ჩვენ გვაქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გაწევრებისთვის, ამიტომაც თბილისი აწარმოებს აქტიურ დიალოგს მოკავშირეებთან საქართველოს ნატოში შესასვლელი პოლიტიკის გადაწყვეტილების შემუშავებისთვის“.

„ნატოს წევრობა არის უმთავრესი საკითხი საქართველოს საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების, რომელსაც მხარს უჭერს ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა. საქართველოს ნატოში გაწევრება კარგი მაგალითი იქნება უკრაინა-მოლდოვისთვის, რომლებიც ოცნებობენ იმავეზე, რომ მათთვისაც ნატოში შესვლა ოდესმე შესაძლებელი იქნება“.

ღარიბაშვილის ნათქვამმა ვერ გაალღვო სტოლტენბერგის გული. ვერადავერ ათქმევინა სანატრელი სიტყვები, ღარიბაშვილი და მთელი ქართული პოლიტიკა, ასერიგად რომ ელოდება.

სტოლტენბერგმა ასჯერ ნათქვამი გაიმეორა — „რეფორმების გაგრძელება“: „მოგიწოდებთ იმუშაოთ ოპოზიციასთან, რათა გადაჭრათ პოლიტიკური უთანხმოება და შეამციროთ პოლარიზებული რიტორიკა და ქმედება. აგრეთვე იმუშაოთ სასამართლო რეფორმებზე, მედიის თავისუფლებაზე და უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულებაზე“ .

სტოლტენბერგთან შეხვედრა სწორედ იმ დროს გაიმართა, როდესაც პუტინ-ბაიდენის ვიდეო-სამიტის შინაარსი ცნობილი იყო; როდესაც დასავლეთმა, მათ შორის ჩვენც, ვიცოდით პუტინის ნეგატიური პოზიცია ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებაზე; როდესაც პრეზიდენტმა ბაიდენმა ბრძანა, რომ პუტინის წინადადებების განსახილველად, „წითელ ხაზებთან“ დაკავშირებით აუცილებელია ერთობლივი კომისიის შექმნა; როდესაც ბაიდენმა, პირდაპირ ბრძანა, რომ 2030 წლამდე უკრაინას ნატოში არ მიიღებენ; როდესაც ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტში, უკრაინის მხარეზე აშშ-ი არ ჩაერთვება.

მაშ, რას გვიყვება პრემიერი ღარიბაშვილი?! საიდან აიღო ღარიბაშვილმა, რომ ნატოში გაწევრებას მხარს უჭერს ქართველი ხალხის „უდიდესი უმრავლესობა“? პრემიერი სასურველს სინამდვილედ წარმოაჩენს, რითაც შეცდომაში შეჰყავს, როგორც შინ მცხოვრებნი, ისე დასავლეთი. თუმცა დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთს აწყობს ასეთი ტყუილი, ვინაიდან რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული.

პრემიერის გასაგონად — 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან, რომელზეც ნატოში შესვლის საკითხი ხელოვნურად იყო მიწეპებული, საკმაო დრო გავიდა. მკითხველს შევახსენებ,  რომ მაშინ ამომრჩევლის ყურადღება სააკაშვილის ჩაძირვისკენ იყო მიმართული და არა ნატოში შესვლისკენ. ამ საკითხს ამომრჩევლის მხოლოდ ნაწილმა და არა უდიდესმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, მაგრამ მეტი დამაჯერებლობისთვის სააკაშვილის ამერიკელმა მეგობარმა, სახელმწიფო დეპარტამენტის მუშაკმა ბრაისამ ყველაფერი იღონა არცთუ მაღალი პროცენტის გასაზრდელად.

აი, სწორედ იმ არჩევნებიდან იღებს სათავეს ქართველი ხალხის „უმრავლესობის მხარდაჭერა“ ნატოში შესვლაზე. დავუშვათ, მართლაც უმრავლესობამ დაუჭირა მხარი ამ თემას, მას შემდეგ საკმაო დრო გავიდა. მოვიდა ახალი თაობა, შეიცვალა ნატოსადმი დამოკიდებულება და ქვეყნისა და მისი ხალხისთვის უმჯობესი იქნებოდა ახალი რეფერენდუმის (პლებისციტის) ჩატარება, რომელიც, თუკი გამჭვირვალედ ჩატარდება, რაშიც ეჭვი მეპარება, გაირკვევა მოსახლეობის დამოკიდებულება ნატოსადმი.

ღარიბაშვილის ნათქვამიდან ყურადღება მიიპყრო შემდეგმა: „საქართველოს ნატოში გაწევრება კარგი მაგალითი იქნება უკრაინა-მოლდოვისთვის, რომლებიც ოცნებობენ იმავეს, რომ ნატოში შესვლა ოდესმე მათთვისაც შესაძლებელი იქნება“.

ღარიბაშვილის აზრით, საქართველოს ნატოში შესვლა გადაწყვეტილია, ცოტა რამ თუ აკლია, მაგრამ უკრაინა-მოლდოვას, არა! ვგონებ, ღარიბაშვილი შორს არის რეალობისგან. ამ ტრიოდან უკრაინას რომ იქ შესვლის უფრო მეტი შანსი აქვს, მტკიცება არ სჭირდება. ასეა თუ ისე ვინ, როდის შევა ან საერთოდ შევლენ თუ არა — ოდესმე, არც სტოლტენბერგმა იცის და არც ნატოს სხვა წევრებმაც.

საკითხი სერიოზული განხილვის თემაა აშშ-ს ადმინისტრაციისთვის, განსაკუთრებით პრეზიდენტი ბაიდენისთვს, რომელმაც 18 დეკემბერს მიიღო რუსეთის წინადადებები ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. თეთრი სახლის პრეს-მდივნის განცხადებით, პრეზიდენტი და მისი მრჩევლები განიხილავენ რუსეთის წინადადებებს, სადაც პირდაპირ არის მოთხოვნილი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ნატოში არ მიღება, ნატოს ბუქარესტის სამიტის 2008 წლის გადაწყვეტილების გაუქმება, უკრაინა-საქართველოს ნატოში გაწევრებასთან დაკავშირებით და სხვა.

შეთანმხდებიან თუ არა მოსკოვ-ვაშინგტონი, მომავალი წლის 14 იანვრამდე გამოჩნდება. სწორედ ეს ვადა მოითხოვა მოსკოვმა პასუხისთვის. თუმცა აქვე ვიტყვი, უკრაინა-საქართველოს ნატოში გაწევრებას წერტილი დაესმება, ვინაიდან რუსეთის მოთხოვნებიდან ყველაზე იოლი შესასრულებელი ესაა, ვინაიდან ვერც უკრაინა და ვერც საქართველო ვერ ასრულებს ნატოს დავალებებს.

რუსეთის მოთხოვნა, რომელიც ულტიმატუმს უფრო ჰგავს, ბევრ კითხვას აჩენს, მათ შორის ასეთს — რამ უბიძგა კრემლს კატეგორიულობისკენ? ჩემის აზრით, სამხედრო მშენებლობაში მოპოვებულმა წარმატებებმა, აშშ-რუსეთს შორის არსებული თანაფარდობის, რუსეთის სასარგებლოდ გადახრამ. და როდესაც მან იგრძნო არა მინიმალური, არამედ მაქსიმალური, მრავალწლიანი უპირატესობა, უმალ წინა პლანზე წამოსწია საფრთხეები, რომლებიც მას უქადის ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება.

ნატომ და მასზე მიტმასნილმა ქვეყნებმა, მათ შორის საქართელომ, რაც არ უნდა იძახოს ნატოში ჩვენი შესვლა რუსეთს საფრთხეს არ უქმნისო, კრემლისთვის დაუჯერებელია, უპირველესად ნატოს რუსეთის საზღვრებთან მიბჯენით; მეორე, ნატოს დამკვრელური სარაკეტო სისტემების უკრაინა-საქართველოში განლაგებით, რითაც 10-დან 5 წუთამდე შემცირდება რუსეთის სტრატეგიულ ობიექტებზე თავდასხმის დრო, რაც რუსეთის ანტისარაკეტო სისტემებს, არ მისცემს ეფექტური მანევრირების საშუალებას.

მედიაში გამოქვეყნებულმა რუსეთის მოთხოვნებმა მწვავე კრიტიკა გამოიწვია ნატოს წევრ სახელმწიფოებში, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის და ბალტიისპირა ქვეყნებში. ეს კრიტიკა კი არა, განწირულის წივილ-კივილია, მაგრამ მთავარი ადრესატი — აშშ-ს ადმინისტრაცია, ჩემთვის გასაკვირი აკადემიური სიმშვიდით შეხვდა ამ ამბავს, განმარტებით — გულდასმით შევისწავლით და პასუხსაც დროულად გავაჟღერებთო.

პოლიტიკაში ოდნავ ჩახედულმა უნდა იკითხოს — რა ხდება? 30 წლის განმავლობაში, რაც აშშ-ი მსოფლიოს ჰეგემონია, ასეთი მოქცევა მისი მხრიდან არასდროს ყოფილა. ხდება ალბათ ის, რასაც მრავალპოლუსიანი მსოფლიოს დაბადება ჰქვია. 30 წლის წინანდელი 2-პოლუსიანი მსოფლიო, ერთპოლუსიანმა შეცვალა — აშშ-ს პირველობით. ახლა კი, როგორც ჩანს სამპოლუსიანი ხდება — აშშ-ჩინეთი-რუსეთის სახით.

აშშ-ი ხედავს, რომ უჭირს მეტოქეებთან გამკლავება, მითუმეტეს ომის გზით პირველობის შენარჩუნება და იძულებულია დათმობაზე წავიდეს.

ხედავს ამას საკუთარ ჭაობში ჩაფლული საქართველოს ხელისუფლება? ვერ ხედავს! დასტურად ამისა ზემომოყვანილი სიტყვაა, ნათქვამი პრემიერ ღარიბაშვილის მიერ ბრიუსელში.

ასე რომ, ქართველო გოგო-ბიჭებო, შემთხვევით გაპოლიტიკოსებულებო, დროა გამოფხიზლდეთ ამერიკული ტკბილი სიზმრებიდან და ნაცვლად ამერიკული-ინგლისურით თავის მოწონებისა, დაიწყოთ რუსული და ჩინური ენების შესწავლა. მათთან ურთიერთობისთვის ინგლისური არ გამოგადგებათ. ურთიერთობა კი უპირველესად რუსეთთან არის აღსადგენი, ვინაიდან ამ ქვეყანასთან ეკონომიკური კავშირების გარეშე საქართველოს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გამოსწორება შეუძლებელია.

საქართველო ცხრა მთას იქით კი არ უნდა იყურებოდეს, არამედ ირგვლივ უნდა მიმოიხედოს, მეზობლებს უნდა შეხედოს. თუ ქვეყნის წამოდგომაზე ფიქრობს, ამ შემთხვევაშიც რუსული ენა დაგვჭირდება და არა ინგლისური. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, როდესაც რუს პოლიტიკოსს, ქართველი ჟურნალისტი ინგლისურად ეკითხება; სასაცილოა, როდესაც სომეხს, აზერბაიჯანელს, უკრაინელს, უზბეკს და ა.შ. ინგლისურად ელაპარაკები, თითქოს ეს ენა 30 წლის განმავლობაში ისე შეისწავლე, რომ მშობლიურსაც უტოლებ.

საქართველოს მოსახლეობის რუსული ენის ცოდნის დონე, რომ ინგლისური ენის ცოდნამდე დავიდეს, მინიმუმ 2 საუკუნეა საჭირო, თან ისეთივე მჭიდრო, ნათესაური კავშირები, რუს და ქართველს შორის რომ იყო.

აშშ-ი ვერასდროს გახდება ისეთივე დომინანტი საქართველოში, როგორც რუსეთი იყო. ამ დომინანტობას ისტორიული, პრაგმატული, პრაქტიკული საფუძვლები ჰქონდა, გაცილებით ძლიერი, ვიდრე საღეჭ რეზინაზე და დახეულ ჯინსებზე აღმოცენებულ ურთიერთობას.

ჩვენ რას ვაკეთებთ? საკუთარივე დანით ვიჭრით ყელს, უფრო სწორად ხელისუფლება გვიჭრის ყელს, თორემ საკუთარი ყელი რომ გამოიჭრას, ჩვენს ბედს ძაღლი არ დაყეფდა.

ამიერკავკასიის ეკონომიკური, საკომუნიკაციო, პოლიტიკური ურთიერთობების ფორმატი 3х3 სწორედ ის შანსია, საქართველოს რომ გაუჩნდა საკუთარი პოლიტიკურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარების კუთხით, მაგრამ ჩვენმა ხელისუფლებამ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა არავითარ შემთხვევაში ამ ფორმატში არ მივიღებ მონაწილეობას რუსეთის გამოო. კეთილი, მაგრამ ჟენევაშიც რუსეთია და იქ რატომღა ხარ? გაეროშიც რუსეთია, ევროსაბჭოშიც, ეუთოშიც და ა.შ., მაგრამ ხარ. 3х3-მმა რა დააშავა?

ააა! ზემოჩამოთვლილ ფორმატებში დასავლელი პარტნიორებია და იმიტომ? საქართველოს ხელისუფალთა „გონივრული“ წინადადებით, რომელსაც გონიერებასთან არაფერი აქვს საერთო ის მაშინ მიიღებს ამ ფორმატში მონაწილეობას, თუ მის გვერდით აშშ და ევროკავშირიც იქნებიან. გამოგრჩათ ბატონებო! იქნებ „აუკუსი“, ნატო, გარდაცვლილი სამხედრო კავშირებიც სეატო, სენტოც მოგეწვიათ?  

წარმოიდგინეთ, რა გაოცების ტალღა გადაუვლიდათ სახეზე ირანს, რუსეთს, თუნდაც თურქეთს, აზერბაიჯანს, სომხეთს, აშშ, ევროკავშირის ხსენებისას? ეს „გენიალური“ იდეა საგარეო საქმეთა მინისტრმა ზალკალიანმა გააჟღერა. როგორც ჩანს გააშაყირა ფორმატი, თორემ ჭკუათმყოფელი, თანაც დიპლომატი ამას იტყოდა?!

საგარეო უწყებას რომ პერსპექტიული აზროვნების უნარი ჰქონოდა, 3х3 ფორმატს თვითონ მოიფიქრებდა და არა თურქეთ-აზერბაიჯანი, მაგრამ მოფიქრებულზეც და ამოქმედებულზეც ტლინკებს ყრის და აპროტესტებს — მოსკოვში გამართულ პირველ შეხვედრაზე საქართველოს დროშა მაგიდაზე რატომ იდოო. იმიტომ მეგობრებო, რომ წესია ასეთი — ფორმატში მონაწილეთა (ესწრება თუ არა) დროშა უნდა იყოს.

რაც შეეხება საქართველოს უარს ფორმატში მონაწილეობაზე, ისეთივე უტოპიაა, როგორც აშშ-ს მონაწილეობა. 3х3 ფორმატში განხილული ნებისმიერი საკითხი საქართველოს დაუკავშირდება, რაც იძულებულს გახდის ჩაერთოს პროცესში, ოღონდ შეღავათების გარეშე, რაც ფორმატში უდავოდ დაწესდება.

30 წლის განმავლობაში რეგიონული ურთიერთობების გაუმჯობესების რეალური შესაძლებლობები ჩნდება, ოღონდ უჩვენოდ. ჩვენ რუსეთი გვაშინებს უფრო სწორად დასავლეთი გვეუბნება — იქ არ შეხვიდეთ, რუსეთი შეგჭამთო.

თითქმის ერთი საუკუნეა ისმის რუსეთის ლანძღვა-გინება, რა არ უკადრებიათ მისთვის, მაგრამ კანიბალიზმი ჯერ არ დაუბრალებიათ.

ასე რომ, დასავლეთის მიერ შეშინებულო საქართველოს ხელისუფლებავ, სანამ დროა მოიშორეთ შიშის განცდა და დაიკავეთ თქვენი კუთვნილი ადგილი 3х3 ფორმატში. ქვეყნისთვის არის ეს საჭირო და არა ხელისუფლებისთვის, რომელიც ცვალებადია, თუნდაც ისეთი, დღეს რომ ღამე ცვლის, და ღამეს — დღე.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

20/12/2021