30 წელი ბელოვეჟიდან

დეკემბერი ერთობ დატვირთულია თარიღებით, თანაც ისეთით, ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრებას რომ კარდინალურად ცვლის და არა მარტო ჩვენს, არამედ ქვეყნის, ქვეყნების.

მათგან გამოვყოფ 8 დეკემბერს, დღეს, რომელმაც გზა გაუხსნა საბჭოთა კავშირის დაშლას და მის ნაცვლად რაღაც გაურკვეველი კავშირის შექმნას — დსთ-ს სახით.

8 დეკემბერს ბელარუსის ბელოვეჟის ტევრში შეიკრიბნენ რუსეთის, უკრაინის და ბელორუსის პრეზიდენტები ელცინი, კრავჩუკი და შუშკევიჩი, ვითომდაც სანადიროდ და დასასვენებლად. რეალურად, სამთა შორის ხელშეკრულების დასადებად საბჭოთა კავშირის დაშლისა და მის ნაცვლად დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შექმნის თაობაზე.

შეხვედრაში მონაწილეთა მიხედვით, სსრკ-ს პრეზიდენტი გორბაჩოვი საქმის კურსში იყო. მას ბელარუსში გამგზავრებამდე ელცინმა უთხრა, რომ აპირებდა რუსეთ-ბელორუსის ორმხრივ თანამშრომლობაზე მოლაპარაკების გამართვას. ელცინმა იცრუა.

ტრიო და მათი თანაშემწეები მთელი ღამის განმავლობაში მსჯელობდნენ, კამათობდნენ მომავალი თანამეგობრობის შესახებ, მაგრამ მათ ეს საკითხი ნაკლებად აინტერესებდათ. მათი უმთავრესი მიზანი დამოუკიდებლობა იყო. ელცინისთვის — სსრკ-ს პირველი პრეზიდენტისთვის (გორბაჩოვისთვის) ძალაუფლების ჩამორთმევა; საბჭოთა კავშირის დაშლა; კომპარტიის, როგორც ხელმძღვანელისა და წარმმართველი ძალის გაბათილება; სსრკ-ს მემკვიდრედ რუსეთის გამოცხადება და რუსეთის პრეზიდენტის სავარძელში საკუთარი თავის ხილვა.

უკრაინა-ბელარუსის ლიდერებისთვის უმთავრესი მოსკოვისგან დაშორება და დამოუკიდებლობის მიღება იყო. სამივემ ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც ვერავითარი ლეგიტიმურობით თავს ვერ მოიწონებდა, არაკანონიერებით, უდავოდ!

ბელოვეჟის შეკრებას, მითუმეტეს მიღებულ „დოკუმენტს“ თავისუფლად შეიძლებოდა დარქმეოდა უკანონო სახელმწიფო გადატრიალება, მაგრამ ეს არ მოხდა, მრავალ მიზეზთა გამო, მათ შორის გამოვყოფდი პრეზიდენტ გორბაჩოვის ფაქტორს — პიროვნების, რომელიც ხანდაზმულ პოლიტბიუროს წევრებს შორის არა მარტო ახალგაზრდული ასაკით გამოირჩეოდა, არამედ მტკიცე ჯანმრთელობით, ორატორული ნიჭით, სხვა ისეთი ადამიანური თვისებებით, რომლებიც ასაკოვან პარტიულ ელიტაში კარგა ხნის დავიწყებული იყო.

გორბაჩოვისთვის სსრ კპ ცკ გენერალურ მდივნად არჩევას, ანუ საბჭოეთის პირველ პირად, დიდი ქვეყნის სრულიად ყველა მოქალაქე იმედითა და სიხარულით შეხვდა, მაგრამ მის მიერ გადადგმულმა არასტანდარტულმა ნაბიჯებმა, ე.წ „პერესტროიკამ“, „უსკორენიემ“ და  „გლასტნოსტმა“, ეკონომიკურმა სტაგნაციამ, წარსულის გაუთავებელმა ლანძღვამ, ეროვნულ ნიადაგზე მრავალეროვანი საბჭოთა კავშირის ერთმანეთთან დაპირისპირებამ, პირველი პირის მიმართ ხალხის ეიფორიული განწყობა, გაღიზიანებამ ჩაანაცვლა, რამაც განაპირობა ბელოვეჟელთა გადაწყვეტილების  ურეაგიროდ დატოვება.

ბელოვეჟის დოკუმენტში ჩაიწერა, რომ დსთ-ს შექმნით საბჭოთა კავშირი წყვეტს არსებობას. ხელმოწერის შემდეგ, ელცინი დაუკავშირდა აშშ-ს პრეზიდენტს, ბუშს (უფროსს) და ჩააყენა ის საქმის კურსში. ბუშმა იკითხა — იცის თუ არა გორბაჩოვმა ამის შესახებ და რას უპირებენ მას. ელცინმა მიუგო, რომ  შუშკევიჩი უკვე ელაპარაკება გორბაჩოვს.

გაბრაზებულმა გორბაჩოვმა თავისი წყენა გაანდო მოსკოვში ჩასულ ნაზარბაევს — ყაზახეთის პირველ პირს, 9 დეკემბერს კრემლში შეხვედრის დროს. გორბაჩოვი ტელეფონით ელაპარაკა მოსკოვში დაბრუნებულ ელცინს და უბრძანა მასთან მისვლა.

ნაზარბაევის თანდასწრებით შედგა გორბაჩოვ-ელცინის საუბარი — ერთობ დაძაბული. გორბაჩოვმა კრავჩუკ-შუშკევიჩსაც უხმო, მაგრამ ორივემ უარი თქვეს — შიდა საკითხების მოგვარების მიზეზით. შიდა საკითხები კი, როგორც გამოირკვა საკანონმდებლო ორგანოების შეკრება იყო, რომლებმაც 10 დეკემბერს რატიფიკაცია გაუკეთეს ბელოვეჟის დოკუმენტს.

12 დეკემბერს კი სახალხო დეპუტატთა საკავშირო ყრილობამ დაჩქარებულ ფორმატში განიხილა და დაამტკიცა ბელოვეჟის ხელშეკრულება.

შეეძლო თუ არა გორბაჩოვს სამეულის ქმედების „პუჩად“ გამოცხადება და დაკავება? შეეძლო, მაგრამ ვერ გარისკა, შეეშინდა.

საბჭოთა ხალხმა, რომელმაც ბელოვეჟამდე ჩატარებულ საყოველთავო რეფერენდუმში მხარი დაუჭირა საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას, ჩათვალა, რომ დსთ ისეთივე კავშირია, როგორც საბჭოთა კავშირი, თუმცა ოდნავი ცვლილებებით.

21 დეკემბერს, ნაზარბაევის თაოსნობით, ალმა-ატაში ჩატარდა დსთ-ს პირველი შეკრება, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ყველა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ, ბალტიისპირა 3 რესპუბლიკისა და საქართველოს გარდა.

ასედაამრიგად, მოხდა ის, რაც მოხდა. დაინგრა მსოფლიოს პირველი სოციალისტური სახელმწიფო — ხალხის თანაფარდობაზე, სოციალურ კეთილდღეობაზე ორიენტირებული, ფაშიზმის გამანადგურებელი, კოსმოსში პირველი კოსმონავტის გამშვები, უფასო სწავლა-განათლების, ჯამრთელობის დაცვის სისტემების დამფუძნებელი.

ქვეყანა, სადაც უმუშევრად ყოფნა მიუღებელი იყო.

ქვეყანა — სადაც უმუშევრობა არ არსებობდა, ხოლო სამუშაო ადგილები ამოსარჩევი იყო. რომელი ერთი ჩამოვთვალო? წარმატებული მრეწველობა, თუ სოფლის მეურნეობა? მეცნიერება, სპორტი, განათლების სისტემა, ხელოვნება თუ კულტურა? თუ უამრავი დასახელების სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია უცხოეთში საექსპერტოდ გატანილი?

მკითხველი მკითხავს — თუ ასეთი წარმატებული იყო, რატომ დაიშალაო?

რატომ და, ქვეყნის სათავეში შემთხვევით მისული პარტიული მუშაკების უვიცობით, დასავლური ცხოვრებისადმი ტრფიალით, საკუთარი მოთხოვნების სახელმწიფოებრივზე მაღლა დაყენებით, გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან პარტიულ ელიტაში დასავლური ბაცილის ჩაბუდებით, კაპიტალისტური სამყაროს თავდავიწყებული ომით პირველი სოციალისტური ქვეყნის წინააღმდეგ.

ზემომოყვანილი საკუთარი მოსაზრება მხოლოდ ნაწილია იმ უამრავისა, რაც მაშინ იყო და არ ვაფასებდით. დღეს, როდესაც არც ერთი არ შემოგვრჩა, მხოლოდ ლიტონი სიტყვებით ვიმშვიდებთ თავს.

დემოკრატია, თავისუფლება, სუვერენიტეტი, სიტყვის თავისუფლება ის სიტყვებია, ყოველდღე, ყოველ წუთსა და საათს რომ ვისმენთ, მაგრამ მათგან გამომდინარე სიკეთეებს ვერ გრძნობთ. და ვერც ვიგრძნობთ, არა იმიტომ, რომ თვით ეს სიტყვები ნამდვილი შინაარსისგანაა დაცლილი. არა, ამ სიტყვების მთქმელია დაცლილი ადამიანური კეთილშობილებისგან, სიმართლისგან, პატიოსნებისგან, სხვა ისეთი თვისებებისგან, რომელიც აკეთილშობილებს ადამიანს.

 ფულის გამოდევნებამ, ფულის ღმერთად გადაქცევამ, მომხვეჭელობამ, მილიარდების დაგროვებამ იცის ზემომოყვანილი სიტყვების გაწყალება, მათთვის მნიშვნელობის დაკარგვა, გახუნება.

ამ მოჩვენებითობის, მილიარდების დევნის და ამ დევნაში ადამიანის მიერ ადამიანის არაადამიანური ექსპლუატაციის გზით მოპოვებული სიმდიდრის წინააღმდეგ იყო მომართული ლენინურ-სტალინური სოციალიზმი — თავისი უდიდესი მონაპოვარით ცნობილი, უამრავი მიმდევარით მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე.

70 წელი იარსება უნიკალურმა სისტემამ და კიდევ მრავალ ათეულ წელს იარსებებდა, დაწყებულ საქმეს გონიერი გამგრძელებლები რომ ჰყოლოდა.

სოციალიზმით დამფრთხალმა კაპიტალიზმმა, რა არ იღონა ახალი სისტემის მოსახრჩობად — სამოქალაქო ომი, მეორე მსოფლიო ომი, გაუთავებელი პროვოკაციები, ეკონომიკური სანქციები, მაგრამ ვერაფერს გახდა, ვიდრე თვით სისტემას არ შეეყარა კაპიტალიზმის ბაცილა.

ბელოვეჟის ტევრი მომაკვდინებელი დარტყმა იყო — მძიმე, აუტანელი, რომლის სიმძიმეს დღესაც ვგრძნობთ და მომავალშიც ვიგრძნობთ — ყველა ჩვენგანი, ვინც იმჟამინდელ ცხოვრებას შევესწარით და ამჟამინდელთან შედარების უნარი გვაქვს.

რა მოგვიტანა დემოკრატიამ? ყოველივე ზემოჩამოთვლილი სოციალისტური სიკეთეების გაქრობა, დავიწყება, თანაც ისე, თითქოს არასდროს ყოფილა, თითქოს ის ცხოვრება ზღაპარი იყო — ენით აუწერელი ზღაპარი.

დღევანდელი მავანი, რომელიც ვერ შეესწრო იმ სამოთხეში ცხოვრებას, დაიჯერებს თუნდაც ასეთ მაგალითს, ქვემოთ რომ მოვიყვან. სასტუმრო „ინტურისტის“ პირველი კლასის რესტორნის ანგარიში მაქვს მხედველობაში, რომელსაც ინტერნეტში გადავეყარე. აი, ისიც: „1977 წელი. ანგარიში 10440. 5 ბოთლი ღვინო — 5 მანეთი და 25 კაპიკი (1 ბოთლი 1,05); 1 ბოთლი ლიმონათი — 0,12; 1 ბოთლი ბორჯომი — 0,10; მწვანილი —0,54; 1 კგ პური — 0,45; ხიზილალა — 4,74; წიწაკა —0,29; ჯონჯოლი — 1,98; წყალი — 1,08; წიწილა — 9-18,02. სულ 32 მანეთი და 57 კაპიკი. მომსახურება 1 მანეთი და 65 კაპიკი“.

მავანი იტყვის — რა შუაშია მენიუ და დემოკრატიაო?

მშიერი კუჭის დემოკრატია ისაა, დღეს რომ გვაქვს და თავიდაბოლო რომ ვერ გაგვირკვევია. მშიერი კაცის აშენებული სისტემა თუ მას ხვალინდელი დღის იმედი არ გააჩნია — უტოპიაა.

მშიერმა კაცმა ააშენა სოციალიზმი, მაგრამ ის ამ სისტემის უპირატესობას ყოველდღე ხედავდა, ხელისუფალთა მოწოდებები საქმეებით იყო გამყარებული.

ახალი წყობით რა მივიღეთ? ერთი მუჭა მილიონერები და გაღატაკებული, მშიერი უმრავლესობა; მრავალპარტიული სისტემა და მრავალპარტიული უსაგნო ყბედობა; უმუშევრობა, ინფლაცია, კატასტროფული ფასები — განსაკუთრებით კვების პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, საწვავზე და ა.შ.

რა მივიღეთ? იმედდაკარგული, სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ხალხი; დასუსტებული ქვეყანა; ხალხისგან დაცლილი; გაპარტახებული, მათხოვრად ქცეული — ერთ დროს ექსპორტზე აწყობილი, დღეს თითქმის ყველაფრის იმპორტიორად ქცეული. ტერიტორიებდაკარგული, დარჩენილი ტერიტორიების დაკარგვის შიშით შეპყრობილი; სხვაზე ჩამოკიდებული და სხვისი ბრძანებების შემსრულებელი; საკუთარი თავისდამი პატივისცემადაკარგული; გუშინდელ მეგობართან დაპირისპირებული, გადამთიელთან ჩახუტებული; გაუნათლებელი, ფუჭად მოლაქლაქე, უმადური ხალხი, ქვეყანა.

ბელოვეჟმა გაიმარჯვა და მასთან ერთად სრულიად დასავლეთმა. დამარცხდა სოციალისტური სისტემა და მასთან ერთად ხალხი — ბელოვეჟით მოტყუებული. ბელოვეჟის საქმე დღესაც ხარობს და მომავალშიც იხარებს, ვინაიდან ასეთია მისი არსი — ნგრევაზე დაფუძნებული. ნგრევა, ნგრევაა. მას არაფერი აქვს საერთო შენებასთან.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

15/12/2021