ზალკალიანის პოლიტიკური „ვექტორი“
სტატიაში, რომელიც თქვენს სამსჯავროზე გამომაქვს, შეძლებისდაგვარად აღვწერ ქართული „ოცნების“ პოლიტიკურ ვექტორს, რომელიც 180 გრადუსით გვაშორებს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ამ ახალშობილი პარტიისა და მისი ახალშობილი პოლიტიკოსის, იმჟამად ხალხისთვის ერთობ უცნობი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის დაპირებებისგან.
მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, ხალხისთვის, ქვეყნისთვის ერთობ მღვრიემ. ამ დინების ბოლო არადა არ ჩანს, ისე, როგორც საამური დაპირებების აღსრულების, რომელთაგან გამოვყოფ ერთს, ვინაიდან სხვა დაპირებების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს და რაც მთავარია, მწარედ მოტყუებულის როლში არსებობას შეგვახსენებს.
ეს ერთადერთი დაპირება, რომელიც „ოცნებამ“ მაშინ „გვაჩუქა“ და დღემდე საჯაროდ თუ შეფარულად შეგვახსენებს ხოლმე — რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაა. „დალაგება“, ის სიტყვაა, მანამდე უცნობი დიპლომატიური ტერმინოლოგიისთვის, „ოცნების“ ლიდერმა რომ გაახმოვანა.
რას ითვალისწინებდა დალაგება? ცხადია, საქართველო-რუსეთს შორის გაუარესებული ურთიერთობების მოწესრიგებას და არა დიასახლისის მიერ სახლის დალაგებას. თუ ამ უკანასკნელს (დალაგების პროცესს) ყველა ოჯახში სისტემატურად აქვს ადგილი, დიპლომატიურ დალაგებას საქართველო ვერადავერ ეღირსა. რას შეიძლება დავაბრალოთ ორ ქვეყანას შორის კავშირების დაულაგებლობა? — ისმის ასეთი კითხვა და რახან ისმის, პასუხიც უნდა გაეცეს — დალაგების სურვილით გამსჭვალული დიასახლისის მხრიდან.
მაგრამ ამ დიასახლისს, მაშინ რომ დალაგების სურვილი ჰქონდა, დღეს აქვს ასეთი განწყობა? განვლილი წლების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ამ სიტყვის თქმისთანავე შეწყდა დალადებაზე საგნობრივი ლაპარაკი და რატომ?
პოლიტიკაში ახალფეხადგმულმა ივანიშვილმა მიმოიხედა და მიხვდა, რომ დალაგება არც ქვეყნის შიგნით აწყობდა — გარკვეულ ძალებს და არც ქვეყნის გარეთ, განსაკუთრებით ე.წ. სტრატეგიულ პარტნიორებს, აშშ-ევროკავშირის სახით, რომელთა რეკომენდაცია დალაგების მისამართით ყურადსაღები გამოდგა მისთვის, თან ანგარიშგასაწევი.
ივანიშვილმა არა მარტო „დალაგება“ გადაგვივადა, არამედ პრემიერ-მინისტრობის პირველსავე დღეებში გაკეთებული კრიტიკული განცხადებებიც, თუნდაც ასეთი — ომი სააკაშვილმა დაიწყო, რასაც მტკიცება არ სჭირდებაო, შეცვალა. ამ განცხადებასა და დალაგების სურვილს შორის დაშორება, ანუ პოლიტიკური დისტანცია მცირეა და დიდი იმედების აღმძვრელი იყო, განსაკუთრებით „ოცნებისა“ და ივანიშვილის მხარდამჭერ ამომრჩევლებში, რომლებიც სამართლიანობის აღდგენაზე უფრო რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას ითხოვდნენ.
და ეს არ იყო გამოწვეული ამომრჩევლების სოლიდური ასაკით ან საბჭოური ცხოვრების გამოცდილებით. მათ იცოდნენ და იციან, რომ რუსეთის გარეშე საქართველოს ეკონომიკურ-პოლიტიკური არსებობა, ისეთივე ვირტუალური იქნებოდა და იქნება, როგორც ყბადაღებული ქართული თავისუფლება ან დემოკრატია.
ამომრჩევლის იმედს ისიც ამყარებდა, რომ ქვეყნის ახალი ლიდერი წლების განმავლობაში რუსეთში მოღვაწეობდა — იქ წამოიწყო ბიზნესი, იქ გამდიდრდა და იმ ქვეყანასთან მას ბევრი რამ აკავშირებდა. და რახან ასეთს ჰქონდა ადგილი ამომრჩეველი იმედოვნებდა, რომ მას და მხოლოდ მას ხელეწიფებოდა რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგება.
დღევანდელი გადასახედიდან მტკიცედ შეიძლება ვთქვათ — ამომრჩეველი შეცდა. შეცდა თუ მოატყუეს? როგორც გინდათ ისე აღიქვით, მაგრამ, როდესაც უამრავი დაპირებიდან არც ერთი არ აღასრულა, ამას სიტყვა მოტყუება უფრო შეეფერება, ვიდრე სიტყვა შეცდა.
ივანიშვილმა, რომ მისი ნათქვამი — ომი სააკაშვილმა დაიწყო, სხვა შინაარსის წინადადებით „ჩაასწორა“— რუსეთის აგრესიაზე პასუხის გაცემით, იმთავითვე უნდა დაერწმუნებინა ამომრჩეველი, რომ არც ის და არც მისი „ოცნება“ რუსეთთან ურთიერთობას არ დაალაგებდა, ვინაიდან ამის სურვილი არც ერთს არ ჰქონდა. რომ ჰქონოდა, ბურთიც და მოედანიც ცხვირწინ ედოთ. რუსეთი მზად იყო დიალოგისთვის, რაც არაერთხელ თქვა მისმა პრეზიდენტმა პუტინმა.
რუსეთთან ურთიერთობის დალაგების თემა გაცილებით სერიოზულია, თანაც ხელშესახები, ვიდრე ვირტუალური „უფასო ფული“ ან სხვა დაპირებები — ივანიშვილის მიერ გაჟღერებული.
„კარგ“, შესანიშნავ“ ცხოვრებას, რომ აბსტრაქტული ელფერი დაჰკრავდა, იმთავითვე ეტყობოდა, მაგრამ ამომრჩეველმა იოცნება, „ოცნებისგან“ განსხვავებით. რა მიიღო, მისთვის, ისე, როგორც სხვისთვის უკვე ნათელია.
ივანიშვილს, მოსატყუებლად რაღაც მაინც უნდა გაეკეთებინა და მანაც გააკეთა — აბაშიძე-კარასინის შეხვედრის სახით. რამდენი წელიც „ოცნება“ გვმართავს, იმდენი წელია ეს ფორმატი, თუმცა „დალაგებას“ არაფერი ეტყობა.
დიახ! ადგილი აქვს შეხვედრებს, როდესაც ორი მხარე, შინ ერთფეროვნებით გაბეზრებული, პრაღას აკითხავენ რამდენიმე დღით და მსჯელობენ საკითხებზე, რომელთა მოგვარება არცთუ დიდ პრობლემებს უკავშირდება — ტექნიკურობიდან გამომდინარე.
იკითხავთ, ნუთუ არ შეუძლიათ მაღალ თემებზე ლაპარაკი, „დალაგების“ პრელუდია რომ იქნებოდა? ორივეს პროფესიონალიზმიდან გამომდინარე — შეუძლიათ, მაგრამ … როგორც ჩანს აბაშიძეს სერიოზული მოლაპარაკების მანდატი არ აქვს, ვინაიდან ივანიშვილი არ იძლეოდა და იძლევა. რაც არის, ეს არის — ვირტუალური პრაღა — ერთის მხრივ. ივანიშვილის ამომრჩევლის დასამშვიდებელი და მასთან ერთად რუსეთისადმი დადებითად განწყობილი ქართველობის, მეორის მხრივ, რუსეთის სანუგეშოდ გადადგმული ნაბიჯი — ჩვენ, ნაცები არ ვართ, ჩვენ „ოცნება“ ვართ, თქვენთან დალაგების მსურველი.
„ოცნებას“ ჰგონია, რომ რუსეთს ატყუებს, რუსეთიც მოტყუებულის პოზაშია, თითქოს, მაგრამ, როდესაც „ოცნებას“ და ნაცებს ერთმანეთს ადარებს, თან ნაცთა ბატონობის პერიოდს იხსენებს, განსაკუთრებით ცხინვალის ომს, თვალს ხუჭავს — კომენტარის გარეშე.
მას „ოცნება“ ურჩევნია აგრესიულ „ნაცებს“ და რომ ეს ასეა, ბოლო არჩევნებმაც დაგვარწმუნა, როდესაც ყველა რუსულ ტელეარხს „ოცნების“ მიმართ სიმპათია ეტყობოდა. რუსეთი არ ჩქარობს. ჟირინოვსკისა არ იყოს — ხის ქვეშ ზის და მწიფე ვაშლის ჩამოვარდნას ელოდება. ასაჩქარებელი, საქართველოს აქვს — ევროატლანტიკური ვექტორით გაბრუებულს, დაბნეულს, სიღატაკის ჭაობში მობუყბუყეს.
10 წელია ქვეყანა და მისი მოსახლეობა სასწაულის მოლოდინშია და ვერაფრით მიმხვდარა, რომ სასწაული საკუთარი ხელით უნდა გამოჭედოს და არა სხვისი ზღაპრებით. ვერავითარი ბიძინა და ბიძინები სანატრელ ცხოვრებას, რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას არ გაღირსებენ, თუ ყელში არ წვდები, კატეგორიულად არ მოსთხოვ დანაპირების შესრულებას.
ის, არხეინად მყოფი, როგორც მგელი, ყოველთვის ტყისკენ გაიხედავს, ანუ ევროატლანტიკური სივრცისკენ და არა მარტო „ნაცთა“ შიშით ან იმ „სივრცის“ ბრძანებით, არამედ საკუთარი სურვილით. ეს სივრცე „ახალი ქართველებისთვის“, რომელთა შორის „ოცნება“, „ნაცები“, სხვა პარტიები, ლამის ნახევარი საქართველოა, მშობლიურია.
ტყუილად ხომ არ ამბობენ პარტიელი გოგო-ბიჭები — საქართველო თავის მშობლიურ კერას, ანუ ევროპას დაუბრუნდაო?!
გახსოვთ ალბათ, საქართველოს დელეგაციის უკიდეგანო სიხარული, შალახოსთან შეზავებული, როდესაც ბრიუსელში, ევროკავშირის ასოცირებულ წევრობაზე აწერდნენ ხელს. მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის ფანჯიკიძის სიხარულის ცრემლებიც გემახსოვრებათ. ეს ცრემლები სიხარულისა იყო, ნამდვილი და არა ყალბი სიხარულის. დოკუმენტს კი, რომელსაც ხელი მოეწერა, პარაფირება მისმა მოადგილემ ზალკალიანმა გაუკეთა. მან, ხელმოწერით, დოკუმენტის სანდომიანობა დაადასტურა, ანუ საქართველოსთვის როგორც საჭიროსა და აუცილებლის.
ზალკალიანი, ამჯერად საგარეო საქმეთა მინისტრის და ვიცე-პრემიერის ამპლუაში, საგარეო უწყების და მასთან ერთად ქვეყნის საგარეო კურსის ათწლიან გეგმას გვაცნობს — პარლამენტის სხდომაზე.
10 პრიორიტეტი 2030 წლამდე, რასაც ქვეყანას და საკუთარ უწყებას უსახავს ზალკალიანი ასე გამოიყურება: „მთავარი მიზანი და უპირველესი 2030 წლამდე — ქვეყნის დეოკუპაციის პროცესის დაწყებაა. მეორე — 2024 წელს ევროკავშირში გაწევრებისთვის განაცხადის შეტანა. მესამე — საქართველოს ნატოში გაწევრება, ალიანსთან თანამშრომლობით შემუშავებული სამოქალაქო გეგმის მიხედვით. მეოთხე — აშშ-ნ სტრატეგიული პარტნიორობის ხარისხის აწევა, უფრო მაღალ დონემდე და აშშ-ნ ყოვლისმომცველი მტკიცე კავშირის ფორმირება. მეხუთე — ევროპის ქვეყნებთან ერთად არსებული ფორმატების სტრატეგიულ ფორმატებად ტრანსფორმირება.
მეექვსე — ბალანსირებული, ურთიერთსასარგებლო რეგიონული პოლიტიკის გატარება. მეშვიდე — ტერიტორიული პრინციპების შესატყვისად დეოკუპაცია და მხოლოდ ამის შემდეგ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობის ნორმალიზება. მერვე — ევროკავშირთან ერთობლივი მოქმედების დიალოგის დაწყება. მეცხრე — აქტიური ეკონომიკური დიპლომატია, ინვესტიციები, ტრანსპორტი, ენერგეტიკული პრეფერენციები, ექსპორტის პირობების გაუმჯობესება, დივერსიფიცირებული საექსპორტო ბაზრის უზრუნველყოფა. მეათე — ძლიერი დიასპორა, ძლიერი კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრებით და ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა“.
აი, ის „მარგალიტები“, მეტადრე საოცნებო, „ოცნების“ პარტიისთვის შესაფერისი, ვიდრე რეალური. ამ სურვილებიდან რომ არც ერთი არ განხორციელდება, ეჭვი არ მეპარება, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი ისაა, რომ რუსეთი გაკვრითაა ნათქვამი, თითქოს მასზე სულაც არ არის დამოკიდებული აღნიშნული საოცნები „პრიორიტეტულო“ 10 სურვილის განხორციელება; თითქოს დეოკუპაცია მარტო ზალკალიანს, მის დასავლელ პარტნიორებს ხელეწიფებათ და არა რუსეთს.
რუსოფილ ამომრჩეველს, ღარიბაშვილის მიერ დაგებულ ხაფანგში მოქცეულს, დიდი იმედით აღვსილს პატრიოტი პრემიერის მიმართ, რომელიც ნიშნისმოგებით ელაპარაკება „საძულველ“ დასავლეთს, ისეთივე ევროატლანტიკური მიმარულება რომ აქვს, როგორც ნაცებს — ოღონდ ჩუმი, ვერ ხედავს. ზალკალიანის გაჟღერებული სტრატეგია — ქვეყნის მომავალი 10 წლის პროგრამაა და არა საგარეო უწყების.
პროგრამის გაჟღერებისთანავე ზალკალიანმა უარი თქვა ერდოღანის 3×3 ფორმატზე, რომელიც, თურქული მხარის მიხედვით, ხელს შეუწყობს საქართველო-სომხეთ-აზერბაიჯან, რუსეთ-თურქეთ-ირანს შორის მჭიდრო საკომუნიკაციო და ეკონომიკური კავშირების დამყარება-განვითარებას. „ჩვენ არ გვაქვს ამბიციები ჩვენი პლატფორმიდან გამომდინარე პოლიტიკური ხასიათის ან დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხების მსჯელობისა. ჩვენ ვიღვწით შევთავაზოთ ჩვენს მეზობლებს ეკონომიკური პროექტები, რომლებიც შეამცირებენ დაძაბულობას რეგიონში. სამხრეთ კავკასიის მომავალი ამ სამმა ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს“ — განაცხადა ზალკალიანმა.
ხუმრობთ, ბატონო დავით?! რომელ მომავალზე ლაპარაკობთ, საქართველო რომ სულ „გაფარჩაკებული“ (სააკაშვილის ტერმინოლოგია) იქნება? ამ სამეულიდან არც ერთს, რომ არც პოლიტიკური, არც ეკონომიკური, არც სამხედრო პოტენციალი არ გააჩნია საკუთარი პოზიციების დასაცავად, სხვა მეზობლების დახმარების გარეშე — უცხოა თქვენთვის? ან რას უპირებთ ამ რეგიონზე უზომოდ „შეყვარებულ“ ტრიოს — რუსეთ-თურქეთ-ირანს, რომლებიც საუკუნეთა განმავლობაში დიდი გავლენით სარგებლობენ რეგიონში?
3×3 ფორმატი ის აუცილებელი რამაა, საქართველომ რომ უნდა მიიღოს მონაწილეობა და ხელსაყრელ მომენტში საკუთარი პრობლემები წამოჭრას, თუნდაც საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციასთან დაკავშირებით. მათ შორის დავით გარეჯის და ა.შ.
სულ ახლახანს სოჭში გამართული მოლაპარაკების დროს პუტინმა განაცხადა, რომ დაეხმარება აზერბაიჯან-სომხეთს სახელმწიფო საზღვრების გავლებაში.
საქართველოს ხელისუფლება ისეა დაშინებული ნაცმოძრაობის მიერ და ამასთანავე აშშ-ევროკავშირის, რომ ზალკალიანი აუცილებლად მიიჩნევს დასავლელი პარტნიორების მონაწილეობას ზალკალიანისეულ სამეულის კავშირში. მერედა როგორ აღიქვამენ ამ იდეას დანარჩენი სამეული რუსეთ-თურქეთ-ირანი? არც ერთ მათგანს ხომ აშშ-ევროკავშირი გულზე არ ეხატებათ?!
ზალკალიანის იდეები რომ მზის სხივებს ვერ იხილავს, ფაქტია, მაგრამ მის სიტყვებს არცთუ კომფორტული პირობების მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის.
ადამიანს ენა იმისთვის არ აქვს, უაზროდ ატრიალოს პირში. ხანდახან, სათქმელად გამზადებულს, ტვინმა უნდა მისცეს ბრძანება შეჩერებისა, თუმცა როგორც ჩანს ბედკრულ საქართველოს დღევანდელ ხელისუფალთ შორის ტვინის დეფიციტი ჩვეულებრივი რამაა და რახან ასეა, ეს ენა ხან პირში იტრიალებს, ხანა პირს გარეთ, მხრებზე გადაკიდებული, უსაგნოდ, უმიზნოდ, ხშირ შემთხვევაში ქვეყნის საზიანოდ.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი
29/11/2021