მკურნალი ვინ არის?!

თემაზე, რომელსაც შემოგთავაზებთ, არ ვაპირებდი ყურადღების გამახვილებას მრავალ მიზეზთა გამო. მთავარი ის იყო და არის, მოჭარბებული ყურადღება რომ ჰქვია მედიისაგან და მისი ხელშეწყობით მაყურებელ-მკითხველისგან.

რომ არა მედიის აქტიურობა, ვეჭვობ ამ სტატიის „გმირს“ — ესოდენ თვალშისაცემი, ყოვლისმომცველი პოპულარობა მოეპოვებინა, როგორც შინ, ისე გარეთ.

ხალხის ყურადღების მოპოვება არც ისეთი იოლია, ზოგს რომ ჰგონია. ცოტას თუ ხელეწიფება საზოგადოების არათუ დაინტერესება საკუთარი პერსონის მიმართ, არამედ გადაბირება, პერსონის ფანატიკოსად გადაქცევა.

მსოფლიო ხალხთა ისტორიაში არცთუ იშვიათად შეხვდებით ხალხის მიერ გმირად, კერპად ქცეულ ადამიანებს, თვით ამ ხალხის ზურგზე აბობღებულებს და წაღმა-უკუღმა მატრიალებელს. კერპთა შორის იშვიათობასაც შეხვდებით — დადებითის სახით, თუმცა ასეთი გამონაკლისია.

სამწუხაროდ, მათ რიცხვში ამ წერილის „გმირი“, უამრავ ნეგატიურ თვისებათა გამო, ვერადავერ მოხვდება, რაც არ უნდა ძალა და ღონე დაახარჯოს ამ საქმეს, მან და მისმა წრემ, რომელსაც ბუნებამ ლიდერობა არდააბერტყა.

წრეს! ისღა დარჩენია კერპის ჩრდილში შეიყუჟოს და კერპის მარადიულობაზე იზრუნოს, რამეთუ კერპის მრავალწლიანი „ღმერთობა“, წყნარი, მშვიდი, სარფიანი ცხოვრების გარანტიაა.

კერპად ჩამოყალიბების პროცესი მრავალი წლის განმავლობაში მიმდინარეობს, რომელსაც ხელს უწყობს კერპის წრე, ზემომოყვანილი „მეორეხარისხოვანი“, ოღონდ თავდადებული ადამიანები, მათთან ერთად საინფორმაციო წყაროები, ბეჭდური თუ ელექტრონული მედია. ხოლო ყოველივე აღნიშნულის განსახორციელებლად — ფული.

კერპობის მსურველი ვერაფრით მიაღწევს კერპობას, თუ მას კერპად გადასაქცევი სამუშაოების ჩასატარებელი ფული არ ექნება. ფული უმნიშვნელოვანესი რამაა ამ პროცესის წარმართვისთვის, მომავალი კერპის ქარიზმატულობასთან ერთად. ამ ორი კომპონენტის ჰარმონიზაციის გარეშე კერპად გახდომის მიზანი აუსრულებელ ოცნებად დარჩება.

კერპად უნდოდა გადაქცევა, ამჯერად თაღლითობაში მხილებულ პეტერბურგელ უმდიდრესს, გვარად ებრალიძეს, რომელმაც ბევრი ფულიც დახარჯა ქართული საზოგადოების გარკვეული ნაწილის ყურადღების მისაპყრობად, მაგრამ, ქარიზმატულობაზე მწირი პრეტენზიის მქონეს, არ გაუმართლა. „ არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი“ — ამ ქართული ანდაზის მსგავსად დაასრულა მან კერპობისთვის ბრძოლა.

საქართველოს თანამედროვე ისტორიაში კერპობას, კერპთაყვანისმცემლობას ღრმად აქვს ფესვები გადგმული. გავიხსენოთ პირველი პრეზიდენტის გამსახურდიას ხანმოკლე მეფობის დრო და ხანგრძლივი კერპთაყვანისმცემლობა, დღემდე შემორჩენილი და დიდი ალბათობით მომავალშიც გაგრძელებული.

გამსახურდიას ბავშვობიდან ზრდიდნენ კერპად, რაც არ იყო გასაკვირი, შესანიშნავი ქართველი კლასიკოსის კონსტანტინე გამსახურდიას, თავადაც არანაკლები ამბიციების მატარებლის მხრიდან. უმცროსი გამსახურდია, ანტისაბჭოთა მოღვაწეობაში დაოსტატებული, რევოლუციურმა ტალღამ აიყვანა პიკზე და იმავე ტალღამ გარიყა შორს ქვეყნიდან, სამშობლოდ წოდებულისგან.

მიზეზი ანტირევოლუციური ტალღის აზვირთებისა, არასაკმარისი სახელმწფოებრივი აზროვნება იყო. გამსახურდიას ფანატიკოს მიმდევართა შორის — ზვიადისტებად მონათლულებში, დღესაც გამჯდარია კერპის მეორედ მოსვლის მითი, რასაც ხელს უწყობს ბეჭდური პრესაც, მათ შორის გაზეთი „ასავალ-დასავალი“, კვირაში ერთხელ გამომავალი, წამებული პრეზიდენტის პორტრეტით დამშვენებული.

ქვეყნის მეორე პრეზიდენტი შევარდნაძე დიდი ქარიზმატულობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ პარტიული ავტორიტეტით — უდავოდ, რისი წყალობითაც შეძლო 1992-დან 2003 წლამდე შეენარჩუნებინა ხელისუფლება. შევარდნაძე არ ყოფილა კერპი. მას ჰყავდა მომხრეები, რომლებმაც, როცა მისი ჩაძირვა იყნოსეს, ვირთხებივით გაეცალნენ გემს, თანაც კრიტიკით მამა-მარჩენალის მიმართ.

მესამე პრეზიდენტი სხვაა. მას მოჭარბებული გიჟური მომენტები ჰქონდა და აქვს, რომელსაც ხალხი ქარიზმატულობას არქმევს. მისი მმართველობა რომ სრულიად საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის უბედურების მომტანი გამოდგა, დღეს ბევრი ლაპარაკობს. მაშინ კი, მისი პრეზიდენტობის პერიოდში, თითო-ოროლა თუ ბედავდა, მათ შორის მეც, მასზე და მისი მართვის მეთოდებზე აუგის თქმას.

და ვერ ბედავდა იმ „დემოკრატიის შუქურობის“ ჟამს — სიტყვის თავისუფლება ჩვეულებრივი რამ რომ უნდა ყოფილიყო. ქვეყნის აწმყოს და მომავალს სვასტიკა გადაეფარა და რომ არა ციხის ვიდეო-კადრები და სააკაშვილის ბატონობის აღვირახსნილობა, ხალხის მოთმინების ფიალა არ აივსებოდა.

მომთმენია, ამტანია თანაც ზომაზე მეტად საქართველოში მცხოვრები ხალხი.

სააკაშვილის შემდეგ კერპობა უხილავმა ფულიანმა ითავა. „არა, სააკაშვილსო!“ — იღრიალა ხალმა, რომლისთვისაც მნიშვნელობა აღარ ჰქონდა ვინ იქნებოდა თავში, მთავარი სააკაშვილის მოშორება იყო.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებმა წერტილი დაუსვა სააკაშვილისა და მისი ნაცების ბატონობას — ასე ეგონა საქართველოს, მათ შორის ნაცებსაც, მაგრამ არ გამართლდა.

უჩინმაჩინმა, უკვე კერპად ქცეულმა ახალმა, მეტადრე ახალი ქართველებისთვის ისეთი სანუკვარი სახელის მატარებელმა, როგორიც მილიარდერია, სწრაფად აუღო ალღო შექმნილ ვითარებას და გუშინდელ მტერთან თანაცხოვრების ფორმულა შესთავაზა ქვეყანას.

ნაცები არ „გადაშენდნენ“, ბუჩქებიდან გამოძვრნენ და ომახიანად ამოიღეს ხმა. ახალ კერპსაც ეს უნდოდა. ძველი მტრები სპარინგ პარტნიორებად გამოაცხადა და „ქართული ოცნების“ დაუძინებელ მეტოქეებად, ქართველთა სახიფათო „ბუებად“.

საფრთხობელას თემა თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში გამსახურდიას დროს ჩამოყალიბდა — კრემლის და მისი აგენტების სიგუას, კიტოვანის, იოსელიანის, სხვათა სახით. „ბუობას“ არც შევარდნაძემ უღალატა. მისთვის „ბუა“ გამსახურდია და ზვიადისტები იყვნენ, შემდეგ ასლან აბაშიძე, რომელსაც „შავი ძალა“ შეარქვა.

1999 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, ტელევიზიით გამოსვლის დროს მან ხალხს მოუწოდა ხმა არ მიეცათ „აღორძინებისთვის“ (აბაშიძის პარტია), ვინაიდან „შავი ძალააო“. მისი დავალებით კი პირველი არხის ჟურნალისტმა ყანდიაშვილმა, ტელეეკრანიდან ხალხს „აუხსნა“, რომ პენსიების დარიგებაში შეფერხებას იმიტომ აქვს ადგილი, რომ აბაშიძეს ფული არ შემოაქვს ბიუჯეტშიო.

ივანიშვილის „გამოგონებამ“ გაჭრა და ლამის 10 წელია მუდმივად ვისმენთ — თუ ჩვენ არ დაგვიჭერთ მხარს, ნაცები მოვლენ.

ივანიშვილმა 10-წლიანი ციებ-ცხელების განცდა მიანიჭა საქართველოს მაცხოვრებელს, მაგრამ ნაკლებად თავის ახლობლებს, პარტიას. და როდესაც ხალხი სააკაშვილის მეორედ მოსვლის შიშით კანკალებს, ის და მისი პარტია, მადიან ჭამას მიშვებული, უძრავ-მოძრავი ქონების დაგროვებაში ათენებს და აღამებს.

 არც ერთ ხელისუფლებას ისე არ გაუძარცვავს ქვეყანა, ისე არ გაუღარიბებია ხალხი, როგორც „ოცნებამ“. იმედგაცრუებულმა, მოტყუებულმა, თავსლაფდასხმულმა ხალხმა, რაც შეძლო ისაა, რომ საძულველი ნაცებისკენ გაიხედა და არა მარტო გაიხედა, არამედ ბევრმა შეუნდო კიდევაც ჩადენილი უმძიმესი დანაშაულები.

ივანიშვილის ეპოქა სულ სხვაა, სააკაშვილის ეპოქისგან განსხვავებული, ისე, როგორც სააკაშვილის შევარდნაძისგან, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან ერთმანეთს, მრავალი წელი აშორებს და მასთან ერთად ქვეყნის გარეთ მიმდინარე სწრაფი პოლიტიკურ-ეკონომიკური ძვრები, მენტალური გარდაქმნები და ა.შ.

ჩვენს ირგვლივ მკვეთრად იცვლება სამყარო. ის, რაც გუშინ მიუღებელი იყო, დღეს არა მარტო მისაღებია, სათაყვანებელიცაა. გუშინ ვერვინ წარმოიდგენდა, რომ 2024 წელს აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან ტრანსპორტის მინისტრი, გათხოვილი კაცი იქნებოდა!

ან აშშ-ს პრეზიდენტი ბაიდენი, მსოფლიო კლიმატის სამიტის დროს, უფლისწულ ჩარლზს და მის მეუღლეს, სტუმართა პატივსაცემ ბანკეტზე, მაპატიეთდა კუილით ყურებს გაუხვრეტდა, ერთნაირსქესიანთა ქორწინება ჩვეულებრივი რამ იქნებოდა და ა.შ.

დიახ! საქართველოს ირგვლივ იცვლება სამყარო და ისე იცვლება, შესაბამის დასკვნებს ვერ ვაკეთებთ და რახან ვერ, შესატყვის აწმყოსა და მითუმეტეს მომავალს ვერ ვქმნით. ან რას შევქმნით „ბუა“ მოდის შიშით შეპყრობილნი?

მინდა ივანიშვილის კერპთაყვანისმცემლებს ვუთხრა, რომ მან ნაცთა „გაფეტიშებით“ და მათზე ხალხის ყურადღების გადატანით, ხალხს წაართვა სხვაზე ფიქრის საშუალება — პროგრესულზე, აუცილებელზე ქვეყნის წინსვლასა და ბედნიერებაზე.

მესამე პრეზიდენტს აქვს ამ თემაზე ლაპარაკის უფლება, ისე, როგორც ნებისმიერ ჩვენგანს, მაგრამ მხოლოდ ამ უფლების მოპოვების შემდეგ. ანუ მას შემდეგ, რაც ის გაისტუმრებს ვალებს, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომში დააგროვა.

ვალი — სამშობლოს ღალატია. სხვისი საქმის, სხვისი წარმატებისთვის (ამერიკელი სენატორის მაკკეინის) გადადგმული ავანტიურისტული, აგრესიული ნაბიჯის შედეგად აკიდებული ვალის შეფასება შეუძლებელია, ისე, როგორც ვალის დაფარვა, რაც თავისთავად მიგვანიშნებს იმაზე, რომ ასეთი მოვალისთვის პირდაპირ ეთერში მოხსენების გაკეთების შანსის მიცემა-არმიცემის თემას მარტო სიტყვის თავისუფლება ან დემოკრატიის ჩარჩოები არ უნდა ზომავდეს.

მთავარი საზომი მორალი უნდა იყოს, თუმცა ამორალურ ხელისუფალთ, მორალს ვერ მოვთხოვთ. ასეთს (ხელისუფლებას), ხალხი სხვა ქვეყანაში, არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში არ გააჭაჭანებდა, მაგრამ სხვა ქვეყანაში და არა აქ — ჯერ ნაცთა გაუპატიურებულში, შემდეგ ქოცთა მიერ კორუფციულ გაუსაძლისობაში მომწყვდეულში.

საზოგადოების მძიმე სოციალური პრობლემებიდან ყურადღების გადასატანად, დამნაშავე მესამისთვის პირდაპირი სატელევიზიო ეთერის დათმობა, ზოგმა სიტყვის თავისუფლებად აღიქვა, ზოგმა შეურაცხყოფად, მაგრამ ამით ვითარება არ შეიცვალა, ვინაიდან შემცვლელი, ანუ ხალხი ივანიშვილის სოციალურ ნოკდაუნშია და გონსმოსვლას დრო სჭირდება. არც ისაა გამორიცხული გონიერება არ დაუბრუნდეს და თუ ამას ექნა ადგილი, ცხოვრების რინგიდან საკაცით გაიტანენ.

უყურებ სასამართლო პროცესს, 50-დღიანი დიეტის შემდეგ შეთხელებული სააკაშვილის ხანგრძლივ მოხსენებას ისმენ და ფიქრობ: პირველი, რა კარგი დიეტის რეცეპტი ჰქონია მიხეილს; მეორე, მიხეილიც იმას ამბობს, რასაც ბიძინა ამბობდა პოლიტიკაში შემოსვლისას 2011 წელს. შეგახსენებთ — დავინახე, რომ სამშობლოს ვკარგავთ და გადავწყვიტე პოლიტიკაში შემოსვლა (ივანიშვილი).

განვმარტავ. ნაცთა მმართველობამ ისე გააპარტახა ქვეყანა, ისე ააოხრა და მიწასთან გაასწორა, რომ ივანიშვილმა, შორიდან  მაყურებელმა, ვეღარ გაუძლო საშინელებას და გადაწყვიტა დიქტატორის საწინააღმდეგო ნაბიჯის გადადგმა. ხალხმა მაშინ არ იცოდა, რომ ბიძინა შორი მაყურებელი კი არა, სააკაშვილის მრჩეველი, დონორი და მხარდამჭერი იყო. ის აფინანსებდა ჯარს, პოლიციას, საჯარო სამსახურის მოხელეებს და ა.შ. და რომ არა მისი ფინანსური მხარდაჭერა, სააკაშვილის ხელისუფლება, ერთი წლისთავზე სულს დალევდა.

„ბევრი შეხვედრა მქონდა თანამემამულეებთან, რომლებიც მიყვებოდნენ საქართველოში არსებულ გაუსაძლის ცხოვრებაზე, ხალხის მასობრივ გადინებაზე საზღვარგარეთ მუდმივ საცხოვრებლად და გადავწყვიტე დაბრუნება“ (სააკაშვილი).

ივანიშვილის 2011 წლის გადაწყვეტილებას თუ ხალხის უმრავლესობა აღტაცებით შეხვდა, ვინაიდან სააკაშვილის სახელის გაგონებაც ზარავდა, სააკაშვილის მიერ სასამართლოში ნათქვამი „დაბრუნება“, მხოლოდ მისმა პარტიამ და ახლობლებმა მიიღეს დადებითად. დანარჩენმა — არა!

აქვე ვიტყვი — ივანიშვილს რომ დღეს გაემეორებინა, ის, რაც 2011-ში თქვა — წყევლა-კრულვით აავსებდა ხალხი.

არადა, ერთმაც და მეორემაც ხალხის ცხოვრების თითქმის 20 წელი წაიღეს. ხალხის! და არა საკუთარის, ახლობლების, პარტნიორების, ხალხის ხარჯზე გამდიდრებულების. ხალხი დატოვეს ისე, როგორც იყო, უფრო სწორად იმაზე უარესად.

30 წელი გავიდა ე.წ. დამოუკიდებლობის მიღებიდან, არც დამოუკიდებლობა ჩანს და არც საშუალოზე დაბალი ცხოვრება. კარგზე ზედმეტია ლაპარაკი. ხალხი ყველაფერს ხელისუფლებას აბრალებს, რაც არ არის გასაკვირი. თუ მართველობის მანდატი მიიღე — დაპირება შეასრულე! არც ერთ ხელისუფლებას დაპირება არ შეუსრულებია, მცირედი მაინც. ხალხს კი ეგონა, რომ შეასრულებდა. ჯამში მიიღო ხელისუფალთა ცვლა — ცუდის, ცუდით, უარესის, უარესით.

ამ მახინჯ როტაციაში ვეძებთ შვებას, ისე, როგორც მეთევზე ოქროს თევზს, რომელიც ანკესს არასდროს წამოეგება.

იქნებ ხალხშია საქმე, მის ცუდ, დაუფიქრებელ, ნაჩქარევ არჩევანში? იქნებ ჩვენ ვაძლევთ უფლებას სააკაშვილებს, ივანიშვილებს შეგვასხდნენ და გვაჭენონ?

როდესაც საზოგადოება საკუთარ სამშობლოში „რეფრეჟერატორით“ შემოპარულ პრეზიდენტს ზურგს არ შეაქცევს — საზოგადოებაა სამკურნალო, აღარაფერს ვამბობ პრეზიდენტზე.

როდესაც ასეთს, ხელისუფლება ერთსაათიან სატელევიზიო გამოსვლის ნებას დართავს — ხელისუფლებაა სამკურნალო, მაგრამ მკურნალი ვინ არის?!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

02/12/2021