ყველაფერში „დამნაშავე“ პუტინი და რუსეთი

დასავლეთ-აღმოსავლეთს შორის ზომაზე მეტად „გაციებულ“ ვითარებას შესაძლებელია „გაცხელებაც“ მოჰყვეს, შესაბამისი უმძიმესი შედეგებით და ამის შემოქმედი, ისე, როგორც ყოველთვის მსოფლიო ცივილიზაციის შემქმნელი, მსოფლიოს კანონიერი მმართველი, ჭკუის დამრიგებელი, მასწავლებელი და ა.შ. აშშ-ი და ევროკავშირი იქნებიან.

მოსაზრება, ერთობ საკამათო მსოფლიო ჰეგემონობასთან დაკავშირებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომისარმა ჟოზე ბორელმა გაგვანდო ტელევიზიის ეკრანიდან. ყოფილი ესპანელი დიპლომატისგან, ასაკოვანისა და ბევრის შემსწრისგან, განსაკუთრებით ესპანელი დიქტატორის, ფაშიზმთან ჩახუტებული ფრანცისკო ფრანკოს ქვეყნის წარმომადგენლისგან, არ უნდა იყოს გასაკვირი, მაგრამ ევროკავშირისგან, იმ ქვეყნების კავშირისგან, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს გერმანელი ერის სხვასთან მიმართებაში პრიორიტეტულობის მწარე ექსპერიმენტი, თავის საგარეო საქმეთა კომისარს არ უნდა აძლევდეს წარსულის მძიმე გამოცდილების რეანიმაციის მცდელობის მინიმალურ შანსს.

ასეთი, ყოველთვის მზად იქნება სხვა ერებს, ქვეყნებს თავს მოახვიოს ჰეგემონთა (ამ შემთხვევაში ბორელის მიხედვით) — აშშ-ევროკავშირის ამბიციური მიზნები, ამოცანები, „ცხელი ომის“ გამომწვევი სახიფათო, ავანტიურისტული გადაწყვეტილებები.

დასავლეთი, სერიოზულ ეკონომიკურ-ენერგეტიკულ კრიზისში მოქცეული, დაძაბუნებული „კოვიდ-19“-თან უთანასწორო ჭიდილში, გამოსავალს ეძებს და პოულობს კიდევაც, როგორც ყოველთვის რუსეთის სახით.

მთელი დასავლური მედია, პოლიტიკოსთა კარნახით, რუსეთის გამუდმებულ გინებაშია. ამ ქვეყანას და მის პრეზიდენტ პუტინს აგრესორად ნათლავენ, სამხედრო კონფლიქტის წამომწყებად. ნებისმიერი თემა, უარყოფით კონტექსტში განხილული, პუტინის სახელს უკავშირდება. თუ სადმე, მსოფლიოს რომელიმე კუთხე-კუნჭულში საშინელება ხდება პუტინის და რუსეთის ხელი ურევია.

გასაკვირი ისაა, როდესაც რაიმე ნეგატიურს ამ პიროვნებასთან არ აკავშირებენ.

დავიწყოთ ბელორუს-პოლონეთის საზღვართან გამოჩენილი ახლო აღმოსავლელი ლტოლვილებით. პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მოროვეცკის განცხადებით, მისი ქვეყნის საზღვართან გაჩენილი კრიზისის თავიდათავი პუტინია, ხოლო შემსრულებელი ბელორუსის პრეზიდენტი ლუკაშენკო. ორივეს სურვილია ევროკავშირის დასუსტება, დაშლა და ხელსაყრელ მომენტში ლიტვა-პოლონეთში შეჭრა.

„გამწარებული“ მოროვეცკი და პრეზიდენტი დუდა დუეტში თხოვენ ბრიუსელს დახმარებას, ვინაიდან პოლონეთი ევროკავშირის საზღვრის უპირველესი დამცველია და ასეთად დარჩება, თუკი ბრიუსელი გაუწევს შესაბამის დახმარებას. რა დევს ესოდენ არაკორექტული და მცდარი წიოკის უკან?

ბრიუსელთან არსებული დაძაბული ურთიერთობების გაუმჯობესება, რომლებიც მაშინ დაიძაბა, როდესაც ვარშავამ გადაწყვიტა საკუთარი კანონმდებლობის პრიორიტეტულობა ევროკავშირისაზე.

ბრიუსელმა თითი დაუქნია პოლონეთის ხელისუფლებას და მოსთხოვა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლა. ბრიუსელი და ვარშავა ვერადავერ თანხმდებიან პოლონეთში ლგბტ-ს საკითხზე. ვარშავა ნეგატიურად იხილავს ლგბტ-ს, ისე, როგორც გეი-პარადებს. და აი, ასეთ ჭიდილში პოლონეთ-ბრიუსელის საზღვართან ერაყელი ლტოლვილების გამოჩენა, სწორედ ის ხავსია, რომელსაც ვარშავა ეჭიდება.

რახან ლტოლვილები ვახსენე, აღვნიშნავ ერთ საყურადღებო საკითხსაც. აფრიკელი და ახლო აღმოსავლელი ლტოლვილობა იმ იმპერიალისტური პოლიტიკის შედეგია, კოლექტიურმა დასავლეთმა, აშშ-ს მეთაურობით, ამ რეგიონში რომ გამოიყენა — მასობრივი ხოცვით, ნგრევით, ცხოვრებისთვის გაუსაძლისი პირობების შექმნით.

მაშინ, ჰუმანიზმით აღტყინებულმა გერმანიის კანცლერმა, მერკელმა არაერთხელ მიმართა მათ — მობრძანდით, ჩვენთან იცხოვრეთ, ჩვენი კარი თქვენთვის ღიააო. და მილიონზე მეტი ლტოლვილი მიაწყდა ევროკავშირს, განსაკუთრებით გერმანიას, რომლის ინტერესი მარტო ჰუმანურობით არ იყო გამოწვეული. ამ „ჰუმაზნიზმს“ პრაქტიციზმიც ახლდა — იაფი მუშა-ხელი.

როგორც ჩანს, მერკელმა ვერ გათვალა მოსალოდნელი საფრთხეები, ფაქტის წინაშე დადგა და ე.წ. ჰუმანიზმი, ხისტი პოლიტიკით შეცვალა. ხელგაშლილი მასპინძელი, ძუნწ, მკაცრ მასპინძლად იქცა, მაგრამ მერკელისა და მისი პარტიის ხელგაშლილობით გაღიზიანებული გერმანელი ამომრჩევლის ნეგატიურ განწყობას ვეღარაფერი უშველა.

სულ ახლახანს ჩატარებულმა არჩევნებმა გააწბილა მერკელის პარტია, რომელმაც დამარცხება იგემა. მაშინ, როდესაც მერკელის პარტიას გერმანელი ამომრჩეველი ზურგს აქცევს — ცუდი მიგრაციული პოლიტიკის გამო, ევროკავშირის წევრი იტალია, ყოფილ შინაგან  საქმეთა მინისტრს სალვინის სასამართლო პროცესს უწყობს და იცით რისთვის? იმისთვის, რომ მინისტრად ყოფნის დროს სალვინი ლტოლვილებს არ უხსნიდა დერეფანს.

ეს, რა ჰუმანიზმია, როგორ შეიძლებოდა ლტოლვილების მსვლელობის შეფერხებაო — გაჰყვირის ბრიუსელი, მაშინ, როდესაც თვალს იბრმავებს პოლონეთის ხელისუფალთა ქცევაზე, რომლებიც არათუ არ უშვებენ ლტოლვილებს გერმანიისკენ, მომწამვლელი სითხის შხაპითაც „უმასპინძლდებიან“ ლტოლვილ ქალებს და ბავშვებს, ისე, როგორც ცივ ამინდში წყლის ჭავლით.

ზოგს ეს მაგალითები ორმაგ სტანდარტად შეიძლება მოეჩვენოს, თუმცა შეცდება, ვინაიდან აქ ერთმაგ და თანაც მყარ სტანდარტთან გვაქვს საქმე — რუსეთის სიძულვილთან.

სალვინი, ის იშვიათი პოლიტიკოსია, რომელიც სიმპათიით არის გამსჭვალული პუტინის მიმართ, ხოლო ერაყელი ლტოლვილები ბელორუს-პოლონეთის საზღვარზე არიან. ისინი, რომ ლიტვა-პოლონეთის ან ევროკავშირის ნებისმიერი სხვა ქვეყნის საზღვრებზე ყოფილიყვნენ, საკითხი უმალ გადაწყდებოდა, ისე, როგორც ადრე — მილიონნახევარი ლტოლვილის, დღეს რომ გერმანიაში ცხოვრობს.

პუტინი და რუსეთი დამნაშავეა, ისე, როგორც დიქტატორი ლუკაშენკო. პუტინის დანაშაულზე, წარსულსა და მოსალოდნელზე ერთხმად ღაღადებენ აშშ-ი, ევროკავშირი და ფაშისტური უკრაინა. დღე ისე არ ჩაივლის, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, კონგრესმა ცხელ-ცხელი ტყუილებით არ გაბეროს კაცობრიობა 100000-იანი არმია და რეზერვი მიუყენა უკრაინის საზღვარს პუტინმა და იანვარ-თებერვალში ამ ქვეყანაში შეიჭრებაო.

უკრაინის დასაცავად რა არის საჭირო?

უპირველესად, უკრაინისთვის იარაღის მიყიდვა, სამხედრო სპეციალისტების მიშველება, ეკონომიკური სანქციების დაწესება. სულ ახლახანს ახალი სანქციები დაუწესეს რუსეთს გაზსადენის მშენებლობისთვის. მკითხველი რომ არ დავაბნიო, მიღებული სანქციები, უკვე აშენებულზე ვრცელდება და ზეწოლაა გერმანიაზეც, რათა მან არ დაუშვას გაზსადენის ექსპლუატაციაში გაშვება.

ევროპას მწვავე ენერგეტიკული კრიზისი აქვს და ნაცვლად იმისა, რომ გაზსადენის გაშვება ყინვების დაწყებამდე მოხდეს, პირიქით აჭიანურებს. რას ნიშნავს ეს?

აი, რას ნიშნავს! CNN-ის ანალიტიკოსი ფარიდ ზაკარია აცხადებს, რომ ევროპას არ სჭირდება რუსული პოლიტიკური გაზი, რომელიც ევროკავშირზე რუსეთის ზეწოლის საწინდარია, მაშინ, როდესაც აშშ-ს შეუძლია დააკმაყოფილოს ევროკავშირის მოთხოვნილება დაჭირხული გაზით.

კითხვა — რა დაუჯდება ევროპას ამერიკული გაზი? ტრანსპორტირების ხარჯების გათვალისწინებით 2-ჯერ მეტი, ვიდრე რუსული მილის გაზი. არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ აშშ-ს პროპაგანდისტული მანქანა, რომელიც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას აანონსებს, თვით აპირებს ანალოგიურს დონბასში უკრაინელთა ხელით.

თვით დასავლური მედია გვატყობინებს, რომ ვითარება ემსგავსება 2008 წლის ცხინვალის ომის დაწყების წინა დღეებს, როდესაც ანალოგიურ ანტირუსულ განცხადებებს ჰქონდა ადგილი. მაშინ სააკაშვილს ააწყვეტინეს აშშ-ს გარკვეულმა წრეებმა, პრეზიდენტობის კანდიდატის მაკკეინისთვის ქულების მოსაპოვებლად, რაც მოხდა კიდეც. მაშინ, მაკკეინმა 10% გაიუმჯობესა პოზიცია, მაგრამ ცოტა ხნით.

მაშინაც თავდასხმა პეკინის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალს დაამთხვიეს, როდესაც პეკინისკენ იყო მიპყრობილი კაცობრიობის ყურადღება. ახლაც, პეკინის ოლიმპიური თამაშების, ოღონდ ზამთრის გახსნის ცერემონიალს დაამთხვევენ — თებერვალში.

ამჯერად, შემოქმედი ომისა, ზელენსკი იქნება, მაგრამ დამნაშავე პუტინი, რომელიც სავარაუდოდ ჩაერთვება კონფლიქტში დონეცკისა და ლუგანსკის დასაცავად. დონეცკსა და ლუგანსკს აქვთ უკრაინის ჯარის შემოტევისგან თავის დაცვის შესაძლებლობა, გაცილებით მეტად, ვიდრე სამხრეთ ოსეთს სააკაშვილის ჯარისგან, მაგრამ საბოლოო ჯამში აგრესორად რუსეთი და პუტინი გამოცხადდებიან. ომი არ დაწყებულადა უკვე აცხადებენ და ამ ტყუილს რაღა შეცვლის?!

ცნობისთვის, იმასაც ვიტყვი, რომ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვით დონეცკთან და ლუგანსკთან ისეთი ეკონომიკური ურთიერთკავშირები დამყარდება, რასაც ადგილი აქვს რუსეთის რეგიონებთან.

8 წლის განმავლობაში არსებული დისტანციური ურთიერთობები — აქტიური სავაჭრო-ეკონომიკურით იცვლება, რაც ხელს შეუწყობს დონბასის უმუშევრობის დაძლევას, წარმოებული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე შეტანას, საბოლოო ჯამში რუსეთის ეკონომიკაში ინტეგრაციას.

ასე იცის ოფიციალური კიევის უგუნურებამ, მინსკის ხელშეკრულების ფეხზე დაკიდებამ და იმის ლოდინმა, რომ დამშეული დონბასი, დაჩოქილი შეეხვეწებოდა კიევს — მიგვიღეთ, ყველაფერზე თანახმა ვართო.

ვინ არის ამაში დამნაშავე? ცხადია კიევი, მაგრამ დასავლეთის განმარტებით — პუტინი.

პუტინი იმაშიც არის დამნაშავე, რომ „გაზპრომმა“ გაზის მიწოდების შეუწყვეტის მუქარა აახლა მოლდოვას. და რატომ, იკითხავთ? იმიტომ, რომ მოლდოვა არ იხდის ვალს — მილიონობით დოლარს. თითქოს შეთანხმდნენ, რომ ნაწილს გადაიხდის, „გაზპრომი“ კი გააგრძელებს გაზის მიწოდებას. დამნაშავე ვინ იყო? ცხადია პუტინი.

რუსეთი და მისი პრეზიდენტი დაძაბულად შეჰყურებენ შავ ზღვაში მიმდინარე სამხედრო წვრთნებს, რომელშიც ამერიკელები აქტიურობენ. სამხედრო გემებთან ერთად ამოქმედებულია სტრატეგიული ავიაციაც, რომელიც რუსეთის საზღვრებიდან 20 კილომეტრის დაშორებით დაფრინავენ, ვარჯიშობენ რა ბირთვული მომბების გამოყენებაში.

სამიზნე რუსეთია. ვინ არის დამნაშავე? ცხადია პუტინი, რომელმაც ზურგი არ შეაქცია ყირიმელი რუსების (97%) თხოვნას რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე, რითაც კოვზი ნაცარში ჩაუგდო პენტაგონსა და უკრაინას.

უკრაინა მზად იყო ყირიმის სამხედრო ბაზები ამერიკისთვის გადაეცა. აი, ასეთი მიზნის განუხორციელებლობაში განა პუტინი არ არის დამნაშავე?

გასული წლის სომხეთ-აზერბაიჯანის ომის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ჯერაც დაულაგებელია, რისი თვალნათელი მაგალითი სულ ახლახანს ვიხილეთ სამხედრო შეტაკების სახით. ვინ წამოიწყო ეს შეტაკება? ზოგი სომხეთს აბრალებს, ზოგიც აზერბაიჯანს. და რომ არა პუტინის ძალისხმევა, ფართომასშტაბიან ომს ექნებოდა ადგილი.

როგორც ამბობენ, აზერბაიჯანმა გადადგა ნაბიჯი სომხეთის მოსარჯულებლად. ყარაბაღის ომის შემდეგ დამარცხებულმა სომხეთმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით, მან ნახიჩევანისა და აზერბაიჯანის შემაერთებელი გზის დებლოკირება უნდა მოახდინოს. მაგრამ ჯიუტობს და არ ასრულებს ხელშეკრულების მოთხოვნებს, რომლის მიხედვით, სომხეთის როლი და მნიშვნელობა თავისავე ტერიტორიაზე გამავალი გზის მიმართ კნინდება.

მთავარი მაკონტროლებელი ტვირთების მიმოსვლისა აზერბაიჯანი იქნება. ამ გზის გახსნით კარდინალურად შეიცვლება სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური ვითარება, ვინაიდან თურქეთს მოეცემა შანსი მოსაზღვრე ნახიჩევანის გავლით დაუკავშირდეს აზერბაიჯანს, კასპიის ზღვას, ცენტრალურ აზიას.

აზერბაიჯანის გადაწყვეტილება, კონფლიქტის წამოწყებაში, ისახავდა ერევანზე ზეწოლას, რათა მან შეასრულოს ხელშეკრულების მოთხოვნები, გზის დებლოკირებასთან დაკავშირებით.

ფაშინიანმა, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა უარი თქვა პუტინის შეთავაზებაზე — პუტინ-ალიევ-ფაშინიანის „ონ-ლაინ“ მოლაპარაკების გამართვასთან დაკავშირებით, მაგრამ 2-ჯერ ელაპარაკა პუტინს სამხედრო შეტაკების დროს. თუმცა ოფიციალურად, დოკუმენტის სახით არ მიუმართავს მისთვის სამხედრო დახმარებისთვის. არადა, რუსეთ-სომხეთს შორის 1997 წლის ხელშეკრულების მიხედვით, რუსეთი ვალდებულია დაეხმაროს სომხეთს.

მოსკოვში აცხადებენ, რომ ასეთი მომართვა ოფიციალური ერევნის მხრიდან მას არ მიუღია. რომ მიეღო, სომხეთის ტერიტორიაზე არსებული რუსული სამხედრო ბაზა საომარ მოქმედებაში უნდა ჩართულიყო.

როგორც აღვნიშნე, ფაშინიანმა უარი თქვა პუტინ-ალიევ-ფაშინიანის „ონ-ლაინ“ მოლაპარაკებაზე, შეთავაზებულის მოსკოვის მიერ, გაუგებარი განცხადებით: „მოლაპარაკება 9 ნოემბრის შეხვედრისთვის არ არსებობს“, რაზეც რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა პესკოვმა თქვა: „კონტაქტი რომ შედგეს, სამივე მხარის მზაობაა საჭირო“.

მიუხედავად ასეთი პოზიციისა ერევანმა და ბაქომ მიაღწიეს შეთანხმებას ქვეყნების მეთაურების შეხვედრაზე 15 დეკემბერს ბრიუსელში. ისინი ა.წ. 11 იანვრის მოსკოვის შეხვედრის შემდეგ ერთმანეთს არ შეხვედრიან. შეგახსენებთ, 11 იანვარს მათ ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას სატრანსპორტო დერეფნის დებლოკირებაზე, რომელიც არ შესრულებულა.

ერთი წლის თავზე, 9 ნოემბერს სამი ლიდერის შეხვედრა მოიაზრებოდა, თუმცა ჩაიშალა. პირისპირ შეხვედრა გაიმართება ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ჩარჩოებში.

სარწმუნო წყაროს მიხედვით, ინიციატივა შეხვედრისა ფაშინიანს ეკუთვნის.

როგორც ჩანს, სომხური მხარე ევროკავშირთან მიმართებაში ცდილობს გაიფართოვოს მანევრირების არე. ორივენი თვლიან, რომ ევროკავშირის ჩართვა ამ საკითხში ხელს შეუწყობს მათი პოზიციების განმტკიცებას. სომხეთს იმედი აქვს საფრანგეთის, აზერბაიჯანი იმედს მთლიანად ევროკავშირზე ამყარებს. ბაქოს აზრით, ის მის გვერდით დადგება, ვინაიდან გაზს აწვდის მას.

აშშ-ი, საფრანგეთი მიესალმებიან სომხეთის მიერ გზის გახსნას და რატომ? იმიტომ, რომ ამით გზა ეხსნება თურქეთს, ნატოს წევრს, კასპიის ზღვისა და ცენტრალური აზიისკენ. იკითხავთ, ალბათ, თურქეთი რომ ნატოს მიმართ არცთუ თვინიერად არის განწყობილი? ჯიუტი თურქეთი, მაინც ნატოს წევრია, თან რუსეთის მეტოქე, როგორც სამხრეთ კავკასიაში, ისე ცენტრალურ აზიაში, სადაც თურქული გავლენა ზომაზე მეტად საგრძნობია.

ამ გავლენის და ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაციების პროპაგანდის წყალობით მკვეთრი ანტირუსული ტენდენციების არსებობა ფიქსირდება რეგიონში, განსაკუთრებით ყაზახეთში, სადაც რუსული მოსახლეობის შევიწროებას, შეურაცხყოფას სისტემატურად აქვს ადგილი ე.წ. „ენობრივი პოლიციის“ — საზოგადოებრივი ორგანიზაციის მხრიდან.

ყაზახეთის ინტელიგენციის გარკვეული ნაწილი, ნაციონალური ბაცილით დაავადებული, სისტემატურ ანტირუსულ წერილებს აქვეყნებენ ბეჭვდურ მედიაში. ისტერიული რეაქცია გამოავლინა ყაზახმა ინტელიგენციამ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ლავროვის სტატიაზე, რომელიც დამახინჯებით გამოქვეყნდა ყაზახურ პრესაში. ლავროვის სტატია დაგმო ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნაზარბაევის ქალიშვილმაც დარიგა ნაზარბაევამ, ყაზახეთის პარლამენტარმა.

ასედაამრიგად, ამერიკული „რბილი ძალა“ და თურქული ენობრივი გავლენა დღითიდღე ძლიერდება ცენტრალურ აზიაში. თუ ამას დავუმატებთ ერდოღანის „ისტორიულ მადას“ რუსეთის ტერიტორიების მიმართ და ამიერკავკასიაშიც, ჩვენთვის არასახარბიელო სურათს ვიხილავთ — თურქეთის დომინირების სახით, რაც მშვიდი ძილის საშუალებას არ უნდა გვაძლევდეს.

შავი ზღვა და სამხრეთ კავკასია ცხელ წერტილებად მოიაზრება, რაც რუსეთის გაღიზიანებას იწვევს. რუსეთი არ შეეგუება დასავლელთა პროექტს — შავ ზღვაში პოზიციების დათმობას, ამიერკავკასიის თურქეთისთვის გადაბარებას. ამდენად წინ ერთობ დაძაბული მომავალია, რაც ხაზგასმით აღინიშნა რუსეთის თავდაცვის მინისტრის, შოიგუს 23 ნოემბრის სატელევიზიო განცხადების დროს. მან სახიფათოდ ჩათვალა, რუსეთის აღმოსავლეთში, ოხოტის ზღვაში აშშ-ს ავიაციის მიერ ბირთვული დაბომბვის იმიტაცია. 20 კილომეტრის დაშორებით რუსეთის საზღვრიდან მანევრირებდა ბირთვული ბომბის მატარებელი 10 ბომბდამშენი.

როგორც აღვნიშნე, დასავლეთის განცხადებით, ყველაფერში რუსეთია დამნაშავე და მისი პრეზიდენტი პუტინი. ჩემის აზრით, პუტინი არაფერ შუაშია, ვინაიდან აგრესია დასავლურია. რაც შეეხება რუს პოლიტიკოსებს, ისინი უდავოდ დამნაშავეები არიან. რომ არა გორბაჩოვის, შემდეგ ელცინის გამყიდველი პოლიტიკა არც ერთ ზემოჩამოთვლილ კრიზისულ მომენტს ადგილი არ ექნებოდა.

30 წელი გავიდა მას შემდეგ და რაღა დროს გორბაჩოვ-ელცინის დანაშაულებზეა ლაპარაკიო — იტყვით. ცდებით, მეგობრებო. ეს საუკუნის დანაშაულია, ისე, როგორც სააკაშვილის 2008 წლის ომი.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

26/11/2021