საარჩევნო დავიდარაბა

ადგილობრივ არჩევნებს არასდროს გამოუწვევია ისეთი ვნებათა ღელვა, როგორიც ა.წ. 2 ოქტომბრის. საზოგადოებამ, მითუმეტეს ამომრჩეველმა იცის, რით არის ეს გამოწვეული, მაგრამ შეგახსენებთ, დღეს უკვე იმ „ავადსახსენებელი“ ევროკავშირის და მისი მაღალჩინოსნის შარლ მიშელის დოკუმენტით, რომელსაც ყველა პარტიამ, გარდა ნაციონალებისა (მათ მოგვიანებით მოაწერეს ხელი), მათ შორის მმართველმა „ოცნებამ“ მოაწერა ხელი და რომელშიც ჩაწერილი იყო შემდეგი — თუ „ოცნება“ ვერ დააგროვებს 43%-ზე მეტ ხმას დაინიშნებოდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

ზაფხულის ცხელ დღეებში, დიდი ფიქრისა და განსჯის შემდეგ „ოცნებამ“ უკან წაიღო თავისი ხელმოწერა და უტუხად განაცხადა, რომ ერთი პროცენტის არ მიღების შემთხვევაშიც კი არ დანიშნავს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. ყველა „ოცნებელი“ დაბეჯითებით აცხადებს, რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართება დადგენილ ვადაში და არა ადრე, ვინაიდან „ოცნებისთვის“ შარლ მიშელის დოკუმენტი აღარ არსებობს, მაგრამ ოპოზიციისთვის დოკუმენტი არსებობს და თუ „ოცნება“ არ შეასრულებს დანაპირებს, 43%-ზე ნაკლები ხმების დაგროვების შემთხვევაში ოპოზიცია, პლიუს ევროკავშირი და აშშ-ს კონგრესი აიძულებენ „ოცნებას“ შეასრულოს დაპირება.

ამდენად ინტერესი 2 ოქტომბრის არჩევნების მიმართ დიდი იყო, თანაც ინტრიგის შემცველი. აიძულებენ თუ არა მმართველ „ოცნებას“ დაპირების შესრულებას — ძნელი სამარჩიელოა, თანაც ფუჭი — ქართული პოლიტიკის არაადეკვატურობის გამო.

დავუშვათ, „ოცნებამ“ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა — მათთვის წაგება ქვისთვის თავის შეშვერის ტოლფასია. რას უნდა ელოდოს საზოგადოება?

ალბათ იმაზე უარეს დაპირისპირებას, რასაც ადგილი ჰქონდა გასული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და რაც, რის ვაივაგლახით, გაანელა შარლ მიშელის დოკუმენტმა; დავუმატოთ ამას ყოფილი პრეზიდენტის ჩამოსვლა და ისეთ მძაფრსურნელოვანი  პოლიტიკური კოქტეილის ნაზავს მივიღებთ, ქვეყანას რომ ააყროლებს და არა მარტო მას, რეგიონსაც.

მოსალოდნელი დავიდარაბა დამოუკიდებლად ცხოვრების 30-წლიანი გამოცდილების შემდეგ არა მარტო გასაკვირი, არამედ სავალალოც არის, ვინაიდან საკმაო დროა არჩევნების ანბანის, როგორც შესასწავლად, ისე გასათავისებლად. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გამოცდილების გაზიარება „მოწინავე რეფორმატორების, მითუმეტეს დემოკრატიის შუქურებისთვის“ ცოტათი უხერხულია — საქართველო ხომ აშშ-ს პრეზიდენტის დონეზე, არა მარტო რეგიონში, სხვაგანაც ლამის უწარმატებულესად იყო აღქმული და რას მიქვია ყოფილი საბჭოთა „ძმების“ გამოცდილება?

არადა თუ ყველამ არა, ზოგმა წარმატებით გაართვა თავი სახელმწიფოებრივი სისტემის ჩამოყალიბებას, ყველა სახის არჩევნების მშვიდ ატმოსფეროში ჩატარებას.

წარმატებული არჩევნებისთვის უპირველესი მოთხოვნა ამომრჩეველთა ინფორმირებულობაა. როდესაც ამომრჩეველმა იცის რას და ვის ირჩევს, უმნიშვნელოვანესი რამაა, არა მარტო ამომრჩევლის, არამედ ქვეყნისთვის.

მოდით დავსვათ კითხვა — გულწრფელი, ხელოვნური პათოსით შეუზავებელი, განვლილი 30 წლის განმავლობაში მოსახლეობის რა პროცენტმა იცოდა რომელ პარტიას ან მაჟორიტარს აძლევდა ხმას?! უფრო მეტიც, არჩევნებში რამდენი ამომრჩეველი იყო დაფიქსირებული?

ყველა არჩევნებში, რაც დამოუკიდებელ საქართველოში ჩატარდა, ამომრჩევლის რაოდენობა ლამის მოსახლეობის რაოდენობას უტოლდებოდა. არჩევნებში მონაწილეობდნენ საქართველოდან მრავალი წლის წინათ წასული ადამიანები, რომლებსაც, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, არც ხმის მიცემის შესაძლებლობა ჰქონდათ და არც სურვილი; მონაწილეობდნენ საიქიოში წასულებიც, თუმცა საქართველოში მსგავსი მაგალითებით „თავმოწონება“ ახლოსაც ვერ მივა აშშ-ნ, რომელმაც ბოლო საპრეზიდენტო არჩევნების დროს მკვდარი სულებიც გამოიყენა, ყალბი ბიულეტენებიც, ე.წ. კარუსელებიც და ყველა ის ხერხი, დამახასიათებელი ყალბი არჩევნებისთვის.

ეჭვი მეპარება, რომ 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებში პოტენციურმა მონაწილემ იცოდა რა სახის არჩევნებია. არჩევნებამდე გამოკითხული ამომრჩევლის უდიდესი უმრავლესობა ამბობდა, რომ 2 ოქტომბერს ტარდებოდა საპრეზიდენტო არჩევნები, ნაწილი კი — საპარლამენტო და ამას ამბობდნენ გულწრფელად. არც ერთს არ უხსენებია ადგილობრივი არჩევნები.

ამომრჩევლის უცოდინრობა მარტო მისი ბრალი არ არის — ხელისუფლების, მათ შორის ადგილობრივის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის ბრალია. მსგავს უცოდინრობას არა მარტო ამჟამინდელ არჩევნებში ჰქონდა ადგილი, არამედ ყველა დონის არჩევნებში, რაც დამოუკიდებლობის დროს ჩატარებულა საქართველოში.

არის ასეთი მომენტიც, როდესაც ამომრჩეველი ხვდება, რომ ესა თუ ის არჩევნები, საპრეზიდენტოსთან ან საპარლამენტოსთან შედარებით ნაკლებად მნიშვნელოვანია და აქედან გამომდინარე არ იღებს მასში მონაწილეობას. ამომრჩევლის მოსაზრების „მსხვერპლი“ სისტემატურად ხდება ადგილობრივი არჩევნები. არადა, მისთვის უპირველესი მნიშვნელობისა უნდა იყოს სწორედ ადგილობრივი და არა საპარლამენტო, ვინაიდან მისი პირადი საკითხები თუ პრობლემები ადგილობრივი არჩევნების გზით შექმნილ ადგილობრივ ხელისუფლებას უკავშირდება და არა პარამენტს, მითუმეტეს პრეზიდენტს.

შედეგი ამ გაუთვითცნობიერებლობისა სავალალოა, ვინაიდან ერთის მხრივ, მან გამოიწვია ამომრჩევლის დაუკვალიანებლობა და მეორის მხრივ, არჩეული ადგილობრივი ხელისუფლების ინდიფერენტიზმი, ზერელეობა, უპასუხისმგებლობა. ნაცვლად იმისა, რომ ამომრჩეველმა ადგილობრივ ხელისუფლებას მიაკითხოს, პარლამენტს აწუხებს, პრეზიდენტსაც. სხვა საკითხია, იწუხებენ თუ არა ისინი თავს, ვგონებ ამ კითხვის დასმის საფუძველიც არ არსებობს, ვინაიდან ისინი ამომრჩევლისთვის მიუწვდომელნი არიან.

საბჭოთა კავშირის დანგრევასთან ერთად დაინგრა მოქალაქეთა მიღების სისტემაც, რომლის მიხედვით კვირაში ერთი დღე დათმობილი ჰქონდა ნებისმიერი ხელმძღვანელის მიერ მოქალაქეთა მიღებას. მოქალაქეთა მიღებას უპირველეს მოვალეობად უნდა თვლიდეს ადგილობრივი მმართველობა, რაც არ კეთდება დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში. თავისთავად ჩამოყალიბებულმა უმეცრებამ, თავისთავად გააჩინა კითხვა — თუ ამომრჩეველი თავის მიერ „არჩეულთან“ ვერ ახერხებს კონტაქტს, მაშინ რა საჭიროა ასეთი არჩევნები?

თუ არჩეული ხელისუფლება, ქვემოდან დაწყებული, ზემოს ჩათვლით ამომრჩეველს არ ხვდება, არ ინტერესდება თავისი საარჩევნო ოლქის ამომრჩევლის აზრით და აქედან გამომდინარე არ უსრულებს მას წინასაარჩევნო დაპირებას, რაღა საჭიროა არჩევნები? ასეთი არჩევნები ხომ ფორმალურია?

მაგრამ რა ვუყოთ დემოკრატიას? თუ არჩევნები არ ჩატარდება, თუნდაც ფორმალური, არაფრის მომტანი — არც ამომრჩევლის და არც ქვეყნისთვის, მაშინ რა ქვეყანა ვიქნებით? არადემოკრატიული?!

დამოუკიდებლობის 30 წელმა მოგვანიჭა ე.წ. დემოკრატია. აი, სწორედ ამ თუნდაც ფორმალური „დემოკრატიის“ გულისთვის ცდილობს დასავლეთი იქონიოს ჩვენთან კავშირი. მიუხედავად იმისა, აღიქვამს თუ არა ის ჩვენს დემოკრატიას, ნამდვილ დემოკრადიად. ის ცდილობს გვასწავლოს, შეგვაგნებინოს ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობა, წაგვახალისოს ხან ფინანსური დახმარებით, ხან მორალურით, ისე, როგორც აშშ-ს პრეზიდენტმა ბუშმა (უმცროსმა) გვიწოდა „დემოკრატიის შუქურა“. 

მასწავლებელ-მოსწავლის სწავლა-განათლების პროცესი მარტო კეთილ სურვილებს არ უკავშირდება. მას სხვა მიზანიც აქვს — საბოლოო ჯამში მასწავლებლისთვის სასურველი შედეგის მიღება, ანუ ისეთი დემოკრატი მოსწავლის, რომელიც მასწავლებლის მიმართ ლოიალურად განწყობილი, მისი დავალების უყოყმანო შემსრულებელი იქნება.

ზემოთ სიტყვა „დემოკრატიას“ ე.წ. წარვუმძღვარე, რათა ობიექტური შეფასება მიმეცა ჩვენი დემოკრატიისთვის. ჯერ-ჯერობით, რაც 30 წლის განმავლობაში მოვიპოვეთ ეგრეთ წოდებულია, მათ შორის დემოკრატიაც. როგორც ჩანს საქართველოში მცხოვრებ ერს და ბერს გვაწყობს ე.წ., ვინაიდან რეალურად ასახავს იმ ვითარებას, რაშიც ვართ, ანუ ჩვენს მიერ შექმნილში, მოჩვენებითში, ფასადურში, რომელსაც არაფერი აქვს საერთო ნამდვილთან.

ეგრედ წოდებულის ნამდვილად გადაქცევას ბევრი რამ სჭირდება. უპირველესად ერის და ბერის სურვილი, ჭეშმარიტი და არა მოჩვენებითი; ერის და ბერის განსწავლულობა, საკითხებისადმი სიღრმისეული მიდგომა, სწავლა, სწავლა და სწავლა; ურთიერთის პატვისცემა, შურისა და უმადურობის ჩვენს თავებში ჩაკვლა და მასთან ერთად ღორმუცელობის, კორუმპირებულობის, ხელმრუდობის, ქედმაღლობის დავიწყება, სხვა ისეთი ნეგატიური თვისებების მოთოკვა, რომლებიც არ გვაძლევს განვითარების შესაძლებლობას. გვაქვს კი ყოველივე ჩამოთვლილის შესრულების თავი?

ვიყოთ მართლები და ვთქვათ სიმართლე — არა!!!

დღეს, დიდი სურვილიც რომ გვქონდეს, ვერ შევძლებთ ვერც საშუალო დონის დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას და ვერც საშუალო დონის ცხოვრების შექმნას. დრო არის საჭირო და გარდაქმნის სურვილი. ამ ორის არსებობის შემთხვევაში, განვლილი 30 წლის განმავლობაშიც, რაღაცას მაინც მივაღწევდით!

იმას მაინც, მმართველ პარტიას არჩევნებში გასამარჯვებლად ზარბაზნები არ გაეტენა. წინასწარ, დაქადნებით არ ეთქვა ამომრჩევლისთვის — ერთი პროცენტიც რომ არ ავიღოთ, ვადამდელ არჩევნებს არ ჩავატარებთო.

ე.წ. დემოკრატიული საქართველოსთვის უცხოა არჩევნების ისეთი შედეგი, რასაც ადგილი ჰქონდა გერმანიაში. მრავალი წლის განმავლობაში ქვეყნის მმართველი პარტია უმალ შეეგუა დამარცხებას. ამიტომ ვუწოდებ მას დემოკრატიულს, აქაურს კი — ე.წ.

როგორ იღებს ევროპელი ამომრჩეველი გადაწყვეტილებას? — მარტივად, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე — არჩევნებში მონაწილე პარტიების პროგრამების გაცნობით.

როგორ იღებს გადაწყვეტილებას აქაური ამომრჩეველი? — ვერ ვიტყვით, რომ მარტივად. მმართველი პარტიის ზეწოლით, მუქარით, დაშინებით, მასზე შეგროვებული არასასურველი ცნობების გამომზეურების შიშით, თან კვების პროდუქტების მიღებით, ისე, როგორც მცირე რაოდენობის ფულით, სხვადასხვა სახის დაპირებებით და ა.შ.

რა მოსდევს ასეთ „არჩევნებს“? — გაუსაძლისი ცხოვრება, როგორიც გვაქვს.

მოსახლეობა არჩევნების ჩამთავრების შემდეგ გამოთქვამს საყვედურს ხელისუფლების მიმართ. არადა არჩევნების დღეს, რომ საარჩევნო ყუთთან მისვლისას გახსენებოდა ხელისუფალთა ცუდი საქციელი, შედეგიც არ დააყოვნებდა. მაგრამ ამომრჩევლის გაგებით, ამ „აბსტრაქტულ“ შედეგს ფული, კარტოფილი, ხახვი, …  ამჯობინა, რითაც გაუხანგრძლივა ხელისუფლებაში ყოფნა იმას, ვისიც არ სჯერა და დასანახადაც ვერ იტანს.

ამომრჩევლის მენტალიტეტის შეცვლის გარეშე ევროპული არჩევნების ჩატარება აქ წარმოუდგენელია. უნებლიედ იბადება კითხვა — იქ, რა, ტვინიანები და ჭკვიანები არიან და აქ — უტვინო და უჭკუოები?!

იქ, იმიტომ არიან ტვინიანები და ჭკვიანები, კარგა ხნის წინათ რომ აუღეს ალღო არჩევნების რაობას; სიღრმისეულად გაითავისეს, რომ არჩევნები მათი აწმყო და მომავალია, რომ საკუთარო ხმის გაყიდვა საკუთარი თავის და ქვეყნის ღალატია.

რა გვაიძულებს გავყიდოთ საკუთარი თავი, მომავალი?

უმუშევრობა, მძიმე სოციალური ვითარება, უფულობა და ა.შ. იქ, მოსახლეობის უმრავლესობას არ აქვს ისეთი პრობლემები, როგორიც აქ. ამდენად ის გროშებზე არ იყიდება. გარდა ამისა, იქაური, პარტიულ ცხოვრებას მაშინ ირჩევს, როდესაც ასეთი მოწოდება აქვს და არა იმისთვის, რომ ლუკმა-პური იშოვნოს. აქ რომ მოსახლეობის მნიშვნელოვანი  ნაწილი დასაქმებული იყოს, სამსახურით, რომელიც მას მოსწონს, არ დაიწყებს პარტიულ ცხოვრებას.

პარტიას ის შექმნის, ის მიაკითხავს, ვისაც ამის მოწოდება აქვს. ასეთს, რაღაც ახლის შექმნის სურვილი ამოძრავებს, არა ნგრევის, არამედ შენების. ასეთს პასუხისმგებლობის გრძნობაც აქვს საკუთარი ამომრჩევლის მიმართ. ცდილობს მეტი იშრომოს ამომრჩევლის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

საბჭოთა კავშირის არსებობის ხანმოკლე პერიოდში სისტემატურად ჰქონდა ადგილი წარმატებული მუშაკის თავისი პროფესიიდან, საქმიდან მოწყვეტას და პარტიის გადაწყვეტილებით საზოგადო საქმეში გამწესებას, მისი სურვილის გარეშე. ასე მოხვდნენ პარტიისა და ხელისუფლების უმაღლეს საფეხურებზე გრომიკო, უსტინოვი, სხვები.

ადამიანი, რომელიც საკუთარი კუჭის ამოსავსებად პარტიას მიადგება, გახდება ისეთივე ფუქსავატი, ცხოვრების ხორცმეტი, როგორებიც მრავლად ვიხილეთ 30 დამოუკიდებელი წლის განმავლობაში. ამ მანკიერების აღმოსაფხვრელად ერთადერთი გზაა — გარდაქმნა, დაწყებული საკუთარი თავიდან, ოჯახიდან, ფართო საზოგადოებიდან, საყოველთაომდე. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი დემოკრატიული არჩევნების ჩატარება — ისეთის, როგორიც ევროპაშია.

არის თუ არა დაჩქარებული გზა?! — იკითხავს მკითხველი. არის, მაგრამ ისიც მრავალ წელს მოითხოვს. მაგალითად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები. ავიღოთ 5,5—მილიონიანი სინგაპური, რომლის ხიბლი იმდენად ჰქონდა გამჯდარი სააკაშვილს, საქართველოს გასინგაპურება უნდოდა. მან ერთი რამ ვერ გათვალა — სინგაპურის მოსახლეობის 67% ჩინელია, დისციპლინირებული, სამუშაოსადმი თავდადებული, რომლისთვის უცხოა „პახმელია“, სამსახურის გაცდენა, რაც აქაურისთვის ჩვეულებრივი რამაა.

სინგაპურის რეფორმები პატრიოტმა, პატიოსანმა, პროფესიონალმა ლი კუან იუმ ითავა. პრემიერ-მინისტრად მან 30 წელი იმუშავა, იმდენი, რამდენიც საქართველოს 4 ხელისუფლებამ დამოუკიდებლობის დროს.

სინგაპურელი პოლიტიკოსის მიღწევებზე მთელი მსოფლიო ლაპარაკობს. მისი სავიზიტო ბარათი — აყვავებული ქალაქი-სახელმწიფოა.

4 ქართველი პოლიტიკოსის წარმატებებზე არც მსოფლიო ლაპარაკობს და არც აქაურობა. მათი სავიზიტო ბარათი — ერთ დროს (საბჭოთა პერიოდი) აყვავებული საქართველოს დაქცევაა.

მიზეზები დეგრადაციისა მრავალია, მათ შორის უპირველესი — ევროატლანტიკური გზაა და საპარლამენტო დემოკრატიის ჩამოყალიბება, ამ საქმეში გაუთვითცნობიერებელ საზოგადოებაში. ქვეყანა, რომელიც გეგმურ, ცენტრალიზებულ ეკონომიკაზე იყო აწყობილი, ერთის ხელის აქნევით ვერადავერ გახდებოდა საბაზრო ეკონომიკის თაყვანისმცემელი, ისეთის, როგორიც ევროპაშია.

საბაზრო ეკონომიკამ — გაუკუღმართებულმა, მიუღებელმა უმალ დაიპყრო ქართველთა გულები და 30 წლის განმავლობაში ისეთი შედეგი მივიღეთ, ავ თვალს რომ არ ენახვება. სტიქიურმა საბაზრო ეკონომიკამ ზეგავლენა იქონია პოლიტიკაზეც, სადაც სიყალბემ, მოსყიდვამ, ფარისიველობამ და სხვა ნეგატიურმა თვისებებმა სიტყვა „დემოკრატიასაც“ გაუტეხა სახელი და ქვეყანასაც.

მშიერი საქართველოს მრავალპარტიულობამ თუ რა შეასწავლა საკანონმდებლო ორგანოს — თვალთმაქცობა, თაღლითობა, ფუჭი ლაქლაქია. ვიღას ახსოვს საქმე — სწრაფად გასაკეთებელი, აუცილებელი, როცა ამ საქმის „გაკეთებისთვის“ დეპუტატები ლაქლაქში იხარჯებიან?!

სინგაპურშიც იყო პარლამენტი — ერთპარტიული, რომელიც განიხილავდა მთავრობის წინადადებებს კონკრეტული, საქმიანი დიალოგით და არა უსაგნო ლაქლაქით, რამაც გასაკეთებელი საქმის შეფერხება კი არა, დაჩქარება გამოიწვია. პრემიერ-მინისტრის თავდადებულმა მოღვაწეობამ მთლიანად გარდაქმნა სინგაპურელთა აზროვნება. თითოეული მათგანისთვის ქვეყანა საკუთარ კუჭზე მაღლა დადგა. შედეგი — 30 წლის განმავლობაში ჩამორჩენილი, ღატაკი, გამათხოვრებული სინგაპური ეროვნული პროდუქტის წარმოებით მოწინავეა მსოფლიოში.

სინგაპური მსოფლიოს ერთ-ერთი საფინანსო ცენტრია, უდიდესი გემთსარემონტო ქალაქი, თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე. ქვეყანა, სადაც ყველა მოქალაქე დაკმაყოფილებულია საცხოვრებელი ბინით; სადაც თვიური შემოსავალი უსწრებს მსოფლიოს სხვა ქვეყნების მოქალაქეთა თვიურ შემოსავალს.

სხვადასხვა დროს, 4-ჯერ ვიყავი სინგაპურში და გაოცებას ვერ ვმალავდი ახალ-ახალი წარმატებების ხილვისას. ამ ქალაქ-სახელმწიფოზე თავისუფლად შეიძლება ითქვას — 22-ე საუკუნეში ცხოვრობს. როდესაც სინგაპური ეკონომიკურ-სოციალური თვალსაზრისით საკუთარ ფეხებზე მყარად მდგომ სახელმწიფოდ გადაიქცა, შემოღებულ იქნა მრავალპარტიული სისტემა, დაფუძნებული კრიტიკასა და თვითკრიტიკაზე და რაც მთავარია საქმიან საპარლამენტო კამათზე, ცხადია არა ისეთზე, როგორც აქ.

დღევანდელ სინგაპურს უდავოდ ეწოდება დემოკრატიული ყოველგვარი ე.წ.-ს გარეშე.

მხოლოდ ძლიერი ეკონომიკური ფუნდამენტის მქონე ქვეყნებს შეიძლება ჰქონდეთ დემოკრატიული საპარლამენტო ცხოვრება და არა მშიერს, უბადრუკს, როგორიც ჩვენია. რაოდენ მართლები იყვნენ ამერიკელი კონგრესმენები, რომლებმაც პრეზიდენტ გამსახურდიას ურჩიეს სინგაპურის, ტაივანის, სამხრეთ კორეის პოლიტიკური მოდელის გაზიარება და არა ევროპულის.

ევროპული დემოკრატიის მიღწევას ვერ შეძლებს ერთი თაობა, მითუმეტეს საკუთარი ეკონომიკის არმქონე. სუსტი ქვეყნისთვის, ეკონომიკისა და დემოკრატიის პარალელური მშენებლობა წარუმატებელი რამაა, რაშიც თვალნათლივ დავრწმუნდით და ისეთ ჩიხში მოვექეცით, საიდანაც გამოსვლა მხოლოდ უკიდურესი ძალისხმევით თუ მიიღწევა. ასეთს რევოლუცია ჰქვია, თანაც სოციალური, მაგრამ შეძლებს ამას დაუძლურებული, დამშეული მოსახლეობა? დამშეული, უპირველესად მენტალური თვალსაზრისით?

P.S. ზემოთ გაკვრით აღვნიშნე სააკაშვილის ჩამოსვლა. საზოგადოებას აინტერესებს რა მოჰყვება ყოფილი პრეზიდენტის დაკავებას. პასუხი — კარგი არაფერი. სააკაშვილის ყოფნა-არყოფნას ცოტა თუ მიაქცევდა ყურადღებას, ნაცთა ჩამნაცვლებელ „ოცნებას“ მცირედიც, რომ გაეკეთებინა ხალხისა და ქვეყნისთვის. ნაცვლად ურიცხვი დაპირებისა, ხელისუფლებამ მხოლოდ საკუთარ კუჭს მიხედა; მილიონების დაგროვებას, ხალხის შეურაცხყოფას. ასეთისთვის მხარის დაჭერა იმ უკუსვლის გაგრძელებაა, რასაც 9 წლის განმავლობაში აქვს ადგილი.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

03/10/2021