გლადიატორთა შერკინება

2 ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნების თემა, მეორე ტურის გამართვის შემდეგაც აქტუალური იქნება. არჩევნებში მონაწილე პარტიები, 30 ოქტომბრის განმეორებით არჩევნებში რომის კოლიზეუმის გლადიატორთა სანახაობის შესაფერის სამკვდრო-სასიცოცხლო შერკინებას წარმოგვიდგენენ. რა გადაწყვეტილებას მიიღებს იმპერატორი, დამარცხებული გლადიატორის მიმართ — სიკვდილს თუ სიცოცხლის შენარჩუნებას, 30 ოქტომბერი იტყვის.

2 ოქტომბერს მოპაექრე მრავალი გლადიატორიდან, 30 ოქტომბრის ბოლო ბრძოლას მხოლოდ ორი შემორჩა — საზოგადოებისთვის ცხრა წლის განმავლობაში კარგად ცნობილი „ოცნება“ და გაცილებით მეტი ხნის განმავლობაში არანაკლები ცნობადობის მქონე „ნაციონალური მოძრაობა“. ამ ორიდან ვინ მოიგებს იმპერატორის გულს დამოკიდებულია სპექტაკლზე დამსწრე მაყურებელზე და რაც მთავარია იმპერატორზე.

მაყურებელი — ამომრჩეველია, იმპერატორი — აშშ.

საქართველოს თანამედროვე პოლიტიკური ცხოვრებიდან გამომდინარე ამომრჩეველს ნაკლები მნიშვნელობა აქვს მინიჭებული ამ პოლიტიკურ თამაშში — არჩევნებად მონათლულში, ვიდრე იმპერატორს — 12000 კილომეტრით დაშორებულს, რომლის ძალაუფლებას ადგილზე მისი დიპლომატიური მისია წარმოადგენს. სუვერენული, დამოუკიდებელი და თავისუფალი საქართველოს შემთხვევაში, მაყურებლის ნება იქნებოდა მთავარი და არა იმპერატორის, რომლის ხსენებაც არ იქნებოდა.

იმპერატორი, ხალხი იქნებოდა. მაგრამ ხალხი იქნებოდა თუ არა იმპერატორი, საკითხავია და ამ კითხვაზე პასუხის გაცემა არცთუ იოლია. მაინც რით არის გამოწვეული ხალხის იმპერატორობის ეჭვი?

განვლილი ცხოვრებით და თვით ამ ხალხის უპასუხისმგებლო, ინდიფერენტული, ზერელე, ზედაპირული დამოკიდებულებით საკუთარი ცხოვრებისადმი. უპასუხისმგებლობა იწვევს ქვეყნის მართვისთვის შეუფერებელი მუშაკების შერჩევას. მათი პირადი და საქმიანი თვისებებიდან, სიტყვა „შეუფერებელი“, „სიყვარულით“ ნათქვამს უფრო ჰგავს, ვიდრე შესაფერის, ისეთს, როგორიცაა უცოდინრობა, სიხარბე, ხელმრუდობა, თვალთმაქცობა, ცრუობა, ბოროტება და ა.შ.

უპასუხისმგებლოდ შერჩეულ-არჩეული, ხალხის სამსახურში ჩადგომის ნაცვლად, საკუთარი კეთილდღეობის საქმეშია ჩამდგარი და არაფრად აგდებს შემრჩევ-ამომრჩევს.

ვაი პოლიტიკოსების, ვაი ექსპერტების,  ვაი საზოგადოების მხრიდან სისტემატურად გვესმის — ხელისუფლება ხალხის მიერ არის დაქირავებული. ესა თუ ის საკითხი ხალხის დაკვეთააო და ა.შ. მსგავსი გამონათქვამები თავის მოტყუებაა და მეტი არაფერი.

30 წლის განმავლობაში ერთ დღესაც ვერ გაიხსენებთ, ხელისუფლებას რჩევისთვის ხალხისთვის რომ მიემართა. საბურთალოს რაიონის მოსახლეობა, განსაკუთრებით ის, ვინც პეკინისა და შარტავას ქუჩებზე ცხოვრობს, მერიის მიერ წამოწყებული მშენებლობით შეწუხებული (ქუჩების დავიწროება, ავტომანქანების სავალის ცალმხრივად გადაკეთება), მერიას რომ აწყდებოდა, რა მიიღო?

ანდა ჭავჭავაძის პროსპექტის გადაგვარებით თბილისელების გულისწყრომას ვინმემ მიაქცია ყურადღება?

ვინმე აქცევს ყურადღებას, როდესაც კვირაში ერთხელ შუქს ან წყალს გვითიშავენ გაუთავებელი ავარიების გამო?

ხელისუფალთა მხრიდან ფეხებზე დაკიდების უამრავ მაგალითს აქვს ადგილი და როგორც ჩანს მომავალშიც ექნება, ვინაიდან ხალხის მიერ ვითომ დაქირავებული დიდი თუ პატარა მოხელე იმპერატორად თვლის თავს.

ზემოჩამოთვლილ „წვრილმანებს“, რომ ხელისუფლება არ მიაქცევს ყურადღბას, მისგან ვინმე მოელის ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გამჟღერებელი ხალხისთვის მინიმალური ყურადღების მიქცევას?

30-წლიანმა „დამოუკიდებლად“ ცხოვრებამ მოგვიტანა ხელისუფალთა წარმოუდგენელი თავაშვებულობა, ქედმაღლობა, ხალხის მიმართ დამცინავი დამოკიდებულება, რასაც „ავადსახსენებელ“ საბჭოთა საქართველოში არ ჰქონია ადგილი და არც ექნებოდა — პასუხისმგებლობაზე აწყობილი სახელმწიფო მართვის სისტემის გამო.

30 წლის განმავლობაში ყველა უკუღმართობასთან ერთად, რაც შევიძინეთ — უმადურობა და სხვაზე გადაბრალებაა. ჩვენ, ქართველები არაფერ შუაში ვართ, ისაა დამნაშავეო — ყელის ჩახლეჩამდე გავყვირივართ და ხელს ვიშვერთ უმეტესად რუსეთისკენ. ამ გეოგრაფიას ახალიც მივუმატეთ და ახლა რუსეთთან ერთად ევროპა-ამერიკისკენ ვიშვერთ ხელს — შესაბამისი ლექსიკით, ერთობ მიუღებლით და ცივილიზებული ერისთვის შეუფერებლით.

საქართველოს მოსახლეობის მიერ „შერჩეულ-არჩეული“ მოხელეების წყალობით, ქვეყნისადმი დამოკიდებულება ისეა შელახული, მის გამოსწორებას მრავალი წელი დასჭირდება, გამრუდებული მენტალიტეტის, სიკეთისკენ გარდაქმნის მსურველი ხელისუფლების ძალისხმევით. მაგრამ ეღირსება საქართველოს ასეთი ხელისუფლება?!

ასეთის, ხელისუფლებაში მოყვანისთვის, მომყვანი, ანუ შემრჩევ-ამომრჩევი უნდა იყოს დიდი პასუხისმგებლობის მატარებელი, საქვეყნო, საზოგადო საქმისთვის თავდადებული, კარტოფილზე, ხახვზე, ნიორზე, კვების სხვა პროდუქტებზე, ფულზე დაუხარბებელი, მოუსყიდავი. ასეთი ამომრჩევლის დეფიციტმა გამოიწვია უსერიოზულესი დარღვევების დაფიქსირება საქართველოში აკრედიტებული ამერიკული დიპლომატიური მისიის მიერ.

2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით აშშ-ს საელჩომ გააკეთა განცხადება — ეუთო-ოდირის მოსაზრების გაზიარებით: „საარჩევნო გარემო დაზიანებული იყო ფართოდ გავრცელებული და განმეორებითი საჩივრებით დაშინების, ხმების მოსყიდვის, კანდიდატებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლის … .

პოლარიზებული მედიაგარემო, რესურსების მნიშვნელოვანი დისბალანსი, კამპანიის ფინანსებზე არასაკმარისი ზედამხედველობა, ცნობები ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენებისა და ჟურნალისტებზე ზეწოლის შესახებ. სახელმწიფოსა და პარტიულ რესურსებს შორის წაშლილი ზღვარი ღრმად შემაშფოთებელია.

ადმინისტრაციული რესურსების არასათანადოდ გამოყენების შესახებ მნიშვნელოვანმა ცნობებმა წარმოშვა ეჭვი არჩევნების ზოგადი სამართლიანობის შესახებ. ბევრ ქალაქსა და სოფელში მასწავლებლების, სამართალდამცველების და საჯარო სექტორის თანამშრომლების მიმართ ზეწოლამ, ხელი შეუშალა მათ თავისუფალი არჩევნების გამოხატვაში.

ასეთი ტიპის დარღვევებს ხშირად ჰქონდა ადგილი საქართველოს არჩევნებში, რაც სრულიად შეუთავსებელია საქართველოს ევროატლანტიკურ იდეალებთან. საქართველოში ამომრჩევლები იმსახურებენ საარჩევნო პროცესის სამართლიანობის უფრო მაღალ სტანდარტს“.

ჩემი პოლიტიკური მოღვაწეობის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არაერთხელ მქონია საერთაშორისო დამკვირვებლებთან, მეტადრე ეუთოს, საქმიანი საუბარი, მათ მიერ დაწერილ დასკვნებსაც გავცნობივარ, მაგრამ ისეთ კრიტიკულს არ შევხვედრივარ, აშშ-ა რომ გამოაქვეყნა. ძნელი სათქმელია, რამდენად იმოქმედებს განცხადებაში აღნიშნული ნაკლოვანებები ხელისუფლებაზე, ალბათ ისე, როგორც გამოთქმა — „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“.

პირადად მე სხვას არ მოველი, ვინაიდან „საოცნებო“ ხელისუფლების გაუკუღმართებულ აზროვნებას ვარ მიჩვეული და მასთან ერთად დიპლომატიური ტექსტის სათანადო შეუფასებლობას. „პატრიოტი“ საზოგადოება კი რიხით და რისხვით შეხვდება ამერიკის მისიის ნათქვამს, სიტყვებით — მას არვინ ჰკითხავს ჩვენს საშინაო საქმეში ჩარევასო, რასაც მხარში უმალ ამოუდგება ივანიშვილის მიერ დაგეშილი მედია. და ატყდება ერთი დავიდარაბა აშშ-ს და ევროპის ლანძღვით გაჯერებული, რაც ერთი ძველი ანეკდოტის შესაფერია — ქუთაისის სტადიონზე მაყურებელი რომ უყვირის ფეხბურთელს — ხაჟალია დაარტყი პენალიო და ხაჟალია რომ პასუხობს — რაფერ დავარტყა სუდია არ მაძლევსო. მაყურებელი — სუდიას ვინ კითხავს, დადე ბურთი და დაარტყიო. „სუდია“ ამ შემთხვევაში აშშ-ა, რომლის საელჩო, აქაური „პოლიტიკოსების“ თხოვნით იყო ჩართული ხელისუფლება-ოპოზიციის შერიგების პროცესში.

ეს შეხვედრები სწორედ აშშ-ს საელჩოს შენობაში იმართებოდა და მათ (შეხვედრების) დადებითად დამთავრებაში დიდი წვლილი შეიტანეს ამერიკელმა დიპლომატებმა, განსაკუთრებით ელჩმა კელი დეგნანმა, ქართული საზოგადოების არცთუ უმნიშვნელო ნაწილისთვის ერთობ მიუღებელმა ადამიანმა. ასე, რომ აშშ-ს საელჩოს აქვს უფლება, თანაც იმაზე მეტი, ვიდრე ბედოვლათ ქართველობას ჰგონია, კრიტიკული აზრიც გამოთქვას და კორექტულად შეგვახსენოს არჩევნებში ხელისუფლების მიერ ჭარბი ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების დაუშვებლობაზე, მითუმეტეს, როდესაც საელჩოს დაკვირვებით „ეს და სხვა განმეორებადი ხასიათის საარჩევნო დარღვევები გარდაუვალი შეიძლება გახდეს“.

საელჩომ დელიკატურად მიგვანიშნა შემაშფოთებელ მომავალზე, თუმცა მსგავსი დარღვევები სისტემატურად ფიქსირდებოდა ნებისმიერი სახის არჩევნებში, რაც საქართველოში ჩატარებულა. გარდა ამისა, ვინ მიმართა დახმარებისთვის აშშ-ს საელჩოს?

ქართულმა პოლიტიკამ, ხელისუფლების ჩათვლით.

მაინც რა არ მოსწონს ქართული საზოგადოების ნაწილს ამერიკელთა ან ევროპელთა ჩვენდამი დამოკიდებულებაში?

უპირველესად ის, რომ შიგადაშიგ გვახსენებენ — ცივილიზებული საზოგადოება ასე არ უნდა იქცეოდესო. არცთუ იშვიათად გვიწუნებენ ტოლერანტობას, პოლიტიკური პარტიების მიერ ერთმანეთის დასახასიათებლად გამოყენებულ ქუჩურ ლექსიკას, შეურაცხყოფას.

როგორ გვიბედავს ვიღაც დეგნანი შენიშვნის მოცემასო, ქალს მაინც ჰგავდესო — ვამბობთ ჩვენ, თან იმასაც ვამატებთ, რომ ისტორიულად ტოლერანტები ვართ. მოგვყავს რა მაგალითები თბილისის ძველი უბნისა, სადაც გვერდიგვერდაა მეჩეთი, სინაგოგა, ქართული ეკლესია, … .

ქართულ საზოგადოებას აღიზიანებს, როდესაც ჩვენს გასაკეთებელ საქმეს ამერიკის საელჩო აკეთებს, თუნდაც დოკუმენტის შედგენის სახით და მერე ხელს გვაწერინებს. აშშ-ს ვადანაშაულებთ გლობალურ ჭრილშიც და მსოფლიოს დამანგრევლად წარმოვაჩენთ ჩვენი საზოგადოების თვალში.

დიახ! აშშ-ი მსოფლიოს პირველი ქვეყანაა —  შეიარაღებით, ეკონომიკით, მსოფლიოს  მთელი საფინანსო სისტემა ამ ქვეყნის ხელშია, ისე, როგორც ბევრი სხვა რამ და რა გასაკვირია, რომ საქართველოსთან მიმართებაში მან მენტორული ტონი გამოიყენოს? მითუმეტეს მაშინ, როდესაც ჩვენი ქცევით როზგს ვიმსახურებთ?!

ქვეყანა, რომელიც ფინანსურად, ეკონომიკურად, მენტალურად გვეხმარება, ვალდებულიც არის გაგვაკონტროლოს — რაში ვხარჯავთ ფულს, მაგრამ სამწუხაროდ ამას არ აკეთებს, იმის იმედით, რომ ყაირათიანად გამოვიყენებთ. ჩვენ კი?

ძველ „ბატონთან“ შედარებით, რუსეთი მყავს მხედველობაში, არ გვაკონტროლებს. რუსეთი, ამერიკამდე შევიძულეთ. რა არ ვაკადრეთ მას. მის ლანძღვა-გინებას დღესაც ვაგრძელებთ და სამწუხაროდ ხვალაც გავაგრძელებთ. ამერიკა-ევროპის გინება ახლახანს დავიწყეთ, თან ისეთივე ლექსიკით, როგორსაც რუსეთის მიმართ ვიყენებთ და წამითაც არ ვფიქრობთ რა შეიძლება მოჰყვეს ყოველივე ამას.

„პატრიოტი“ ქართველობა მოუწოდებს ხალხს მხარში დაუდგეს ივანიშვილის ხელისუფლებას, ვინაიდან ის და მხოლოდ ის გადაარჩენს ქვეყანას. მხოლოდ მას შესწევს ძალა დაამარცხოს „ნაცები“, ლგბტ და ევროატლანტიკური კურსი შეცვლაოს. და ამას ამბობენ იმ ქვეყნის შვილები, რომლებიც ტუალეტის ქაღალდსაც უცხოეთში ყიდულობენ, აღარაფერს ვამბობ ვადაგასულ კვების პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, პირველადი მომხმარების საგნებზე.

ამერიკული გრანტების, სესხების, დახმარების გარეშე საქართველოს ბიუჯეტი არ შედგება. ამერიკის ან თუნდაც რუსეთის გავლენის გარეშე დამოუკიდებლად მცხოვრები საქართველო ვერც ერთ პრობლემას თავს ვერ გაართმევს. ერთმანეთის პირისპირ დარჩენილი ქართველობა, მკაცრი შიდა თუ გარე ხელის გარეშე ისეთივე ძმათამკვლელი იქნება, როგორებიც თამარ მეფის შემდეგ, გეორგიევსკის ტრაქტატამდე — „წარმატებით“ რომ გავიმეორეთ მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში — აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ომის გაჩაღებით, არჩეული პრეზიდენტისა და უზენაესი საბჭოს დამხობით.

დიახ! აშშ-ი გვთხოვს მისი დირექტივების შესრულებას, განსაკუთრებით რუსეთთან მიმართებაში, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან მსოფლიო ჰეგემონს, რომელსაც კავკასიაზეც უჭირავს თვალი, არ სურს ამ რეგიონში რუსეთთან მეტოქეობა. მას სურს საქართველო იყოს რუსეთისთვის ისეთი ეკალი, რომელიც მოსვენებას დაუკარგავს რუსეთს, პრობლემებს შეუქმნის სამხრეთ საზღვრებთან, უფრო მნიშვნელოვანი და გლობალური საკითხებიდან კრემლის ყურადღებას, ნაწილობრივ მაინც ჩამოაშორებს და სამხრეთისკენ გაახედებს.

ასეთია დიდი სახელმწიფოს ინტერესი, მაგრამ ჩვენი ინტერესი რა არის?

თავის გადარჩენა, აწმყო და მომავალი ცხოვრებისთვის მყარი ნიადაგის შექმნა, დიდთა ჭიდილში ბალანსის დაცვა, საგარეო პოლიტიკის მრავალფეროვნება და არა ერთი მიმართულებით სვლა, რასაც 30 წლის განმავლობაში ვაკეთებთ. ძნელია ასეთი პოლიტიკის გატარება?

ძნელია, მაგრამ შესაძლებელი, როდესაც ქვეყანას ნამდვილი და არა თვითმარქვია პოლიტიკოსები ჰყავს. ძნელია, როდესაც იატაკქვეშეთიდან იმართება ქვეყანა მდიდარი კაცის მიერ; როდესაც მდიდარი კაცი, თავისი გემოვნებით, ნიშნავს ნებისმიერი მაღალი თანამდებობის პირს.

ხშირად გვესმის აშშ-ს საქართველოში ქაოსის შექმნა სურს და ამისთვის ებრძვის „ოცნების“ ხელისუფლებასო. გულუბრყვილო მოსაზრებაა, ვინაიდან შორსაა რეალობისგან. აშშ-ს ნაცებიც, ქოცებიც და ყველა სხვა პარტა — ერთ პარტიად აღიქმება, ვინაიდან ყველა მათგანს ევროატლანტიკური კურსი აქვს აღებული. ყველა მათგანი აშშ-ს ემონება და მზაობას გამოთქვამს მისი ნებისმიერი დავალების შესრულებისთვის. ამდენად აშშ-ს მნიშვნელობა არ აქვს რომელი პარტია იქნება ქვეყნის სათავეში. მისთვის მთავარი, ქვეყნის სტაბილურობაა, ამასთანავე იმ საშინაო პრობლემების მოგვარება, რომლისთვისაც იძლევა ფულს — არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება, სასამართლო რეფორმების გატარება, ეკონომიკური ჩავარდნების გამოსწორება, მძიმე სოციალური ვითარების აღმოფხვრა და სხვა მრავალი.

რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება?

შეტევაზე გადადის და ჩამოთვლილი პრობლემების აღმოფხვრის ნაცვლად, პირიქით უტევს ამერიკა-ევროპას ეუბნება რა მათ — ჩვენ რომ არ ვიყოთ, რუსეთი წაგლეკავდათო. ჩვენ სალ კლდესავით ვდგავართ თქვენი მშვიდობის სადარაჯოზე. დამადლებასთან ერთად, შიგადაშიგ, დაჩაგრულის პოზიციიდანაც მოუწოდებს მათ — გვიშველეთ, მგელი (რუსეთი) მოდის, ფული და იარაღი მოგვაშველეთ თქვენი და ჩვენი გადარჩენისთვისო.

გაეროს 76-ე ასამბლეაზე გამოსვლის დროს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა თქვა: „ვერ დავისვენებთ, სანამ ევროკავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობას არ მივაღწევთ. …“, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მყარი დასავლური კურსი. „რუსეთს არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტი აქვს ოკუპირებული, არამედ აქტიურად ცდილობს ძირი გამოუთხაროს ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში ჩვენს გაწევრებას“.

ამჯერად მან თავი შეიკავა და არ თქვა, ისე, როგორც სხვა დროს, რომ რუსეთი ძირს უთხრის ევროპულ ოჯახს, მაგრამ თავი შეაცოდა მსოფლიოს — დაგვეხმარეთ და გაგვათავისუფლეთ რუსეთის ოკუპაციისგანო.

ტერიტორიების დაბრუნებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მიდგომა რომ კონკრეტულობით არ გამოირჩევა, ფაქტია. მას აწყობს შექმნილი ვითარება, ვინაიდან მსოფლიოს მუდმივ ყურადღებას იპყრობს და აქედან გამომდინარე ფინანსურ დახმარებასაც. დავუშვათ, ტერიტორიული საკითხი მოგვარდა და არც რუსული აგრესიაა მოსალოდნელი, ვის გაახსენდება საქართველო?

არც არავის. დღეს, მას იმიტომ იხსენებენ, რომ რუსეთს ექიშპებიან და ამ ქიშპობაში „საწყალი“ საქართველოს მაგალითი მოჰყავთ.

ტერიტორიული მთლიანობის გამუდმებული ტრიალი მაგნიტივით იზიდავს მსოფლიოს რუსოფობებს და საქართველოს წინა პლანზე აყენებს. პროჟექტორებით გაკაშკაშებულ სცენაზე პოზირებას ისე მიეჩვია საქართველოს ხელისუფლება, საქმის დადებითად მოგვარების შემდეგ სხვა სა-PR-ოს გამოიგონებს.  მანამდე კი 30 ოქტომბრის განმეორებით არჩევნებს ჩაატარებს — ვნებათა ღელვით, გლადიატორთა შერკინებით.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

08/10/2021