ვუთხრათ უარი დასავლეთს, ისევ ჩავეხუტოთ რუსეთს!

წინასაარჩევნო კამპანიამ, ბევრი ისეთი საკითხი, პრობლემა, თავსატკივარი წამოსწია წინა პლანზე, ადრეც რომ იყო და ყურადღებას არ ვაქცევდით. 30 წელია საქართველო დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანაა და ამას ქილიკით არ ვამბობ. საერთაშორისო საკითხებში, საგარეო პოლიტიკასა და ევროატლანტიკურ ვექტორში საქართველოს რომ არვინ ეკითხება და მის მიერ არჩეული კურსიც შორს არის სუვერენულობისგან — ცოტას თუ ეპარება ეჭვი.

30 წლის წინათ გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯი მძიმე უღლად აწევს ქვეყანას და საშუალებას არ აძლევს თავის ნებაზე იმოქმედოს. ნამდვილი დამოუკიდებელი ცხოვრების თაობაზე საზოგადოების, მედიის ზოგიერთი წარმომადგენელი უკვე ალაპარაკდა, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც სულ ახლახანს კოლექტიურ დასავლეთს სიყვარულს ეფიცებოდნენ, ნატოსა და ევროკავშირის გარეშე სიცოცხლე ფუჭად მიაჩნდათ.

რა შეიძლება დავარქვათ ესოდენ კარდინალურ ცვლილებას? — იმედგაცრუება? დასავლელთა მიერ საქართველოს არასათანადოდ შეფასება და აქედან გამომდინარე განაწყენება?

ალბათ ყველაფერი ერთად. გეწყინება, როდესაც „ღმერთის წილხვედრ“ ქვეყანას, როგორსაც ბევრი ჩვენგანი უწოდებს საქართველოს, ვიღაც „ცისფერი“ ევროპელი აუგად მოიხსენიებს. გეწყინება, განსაკუთრებით მაშინ, ნაკლოვანებებზე რომ მიგვითითებენ მორიდებით, დიპლომატიური ტერმინების გამოყენებით. მაგიდაზე მუშტის ბრაგუნზე გაზრდილნი, ვერადავერ მივეჩვიეთ დასავლელთა ღიმილიანი სახით ნათქვამ კრიტიკას.

ქართული პოლიტიკა, ისე, როგორც საზოგადოება თვლის, რომ ჩვენი სახით დასავლეთმა  ბაჯაღლო ოქრო შეიძინა, რომელსაც 24-საათიან რეჟიმში სულს უნდა უბერავდეს, თავს ევლებოდეს, ყველაფრის კადრების უფლებას აძლევდეს — მიუღებლისა და ცივილიზებული საზოგადოებისთვის შეუფერებლის. ქართველობას წყინს რატომ არ გვიღებენ ნატოსა და ევროკავშირში და ჯიქურ ვაწვებით ამ ორგანიზაციების კარს.

ქართული პოლიტიკის მთავარი მიზანი ამ ორგანიზაციებში შესვლაა. ამ ორგანიზაციების მიზანი კი ისაა, იქ შესვლამდე საქართველომ პირნათლად შეასრულოს საშინაო დავალება და როდესაც ამას მოვახერხებთ, ისინი თვითონ გაგვიღებენ კარს.

საშინაო დავალებებს შორის უმთავრესი სოციალური, ადამიანის ყოფითი საკითხების მოგვარებაა, ისე, როგორც სასამართლო სისტემის, სახელმწიფო მართვის და ა.შ. ერთი ძველი ანეკდოტისა არ იყოს, ჩვენ პირდაპირ მოვითხოვთ კომუნიზმზე მსჯელობას და არა ნალიის აშენებას. ანეკდოტი ასეთია: კოლმეურნეობის თავმჯდომარე კრებას ეკითხება — რაზე ვიმსჯელოთ, ნალიის აშენებაზე თუ კომუნიზმზეო. და კრებაც ერთხმად გადაწყვეტს — კომუნიზმზე მსჯელობას, ვინაიდან ნალიის აშენება კონკრეტული საქმეა და მას მუშაობა სჭირდება. აი, რაც შეეხება მუშაობას — მიზანმიმართულს, ქვეყნის საკეთილდღეოს, გვიჭირს. საკუთარი თავისა და ოჯახისთვის არაფერს ვზოგავთ, ქვეყნისთვის კი გვენანება.

ქვეყნისთვის გამოყოფილ უცხოურ დახმარებებს, გრანტებს, სესხებს ჯიბეში ვიდებთ, საქმეს არ ვაკეთებთ, რის შესახებაც ვისმენთ ზოგიერთი ელექტრონული მედიით. მაგალითად, გულშეღონებული ლაგოდეხელები, ქუთაისლები, ბათუმლები, ოზურგეთლები, სხვები ყვებიან ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა სასმელი წყლის დეფიციტი, კანალიზაციის არქონა, წვიმების დროს ქუჩების, სახლების სარდაფების, პირველი სართულების დატბორვა; დასახლებულ პუნქტებში აფთიაქის და პოლიკლინიკის არ არსებობა, რაიონულ ცენტრსა და სოფლებს შორის უგზოობა, საზოგადო ტრანსპორტის არ არსებობა და სხვა.

მოსახლეობის განცხადებით, თურმე ეს საკითხები მოგვარებული ყოფილა „ავადსახსენებელ“ საბჭოთა საქართველოში, ანუ მაშინ, როდესაც საქართველო რუსეთის „მონობაში“ იხრჩობოდა.

უსმენ გულწრფელ კრიტიკას — არა მოსყიდულს, არა ფალსიფიცირებულს და სვამ ასეთ კითხვას — რაში სჭირდებოდა ქუთაისს — უწყლოს და გამართული საკანალიზაციო სისტემის არმქონეს, საუნივერსიტეტო ქალაქი — ივანიშვილის მიერ აშენებული და მის მიერვე მიჩნეული მსოფლიოს მოწინავე უმაღლეს სასწავლებლად? ქუთაისს — ახალგაზრდებისგან დაცლილს? ან ვის სჭირდება შეკვეთილში აშენებული 10000-მაყურებლიანი საკონცერტო დარბაზი, როდესაც გურიას სასმელი წყლის და კანალიზაციის პრობლემები აქვს?!

„ოცნების“ ხელისუფლების 9-წლიანმა მმართველობამ რომ წინსვლის ნაცვლად, უკუსვლა მოუტანა ქვეყანას, განა უცხოა ნებისმიერი ჩვენგანისთვის?! განა, იმ უცხო ქვეყანამ არ იცის, რომ მის მიერ ლაგოდეხის წყალმომარაგებისთვის გამოყოფილი 13 მილიონი ლარი ადგილობრივმა ბობოლებმა ჩაიჯიბეს და საქმე არ გააკეთეს?

განა, მან არ იცის, რომ ანალოგიურ ხელმრუდობას ჰქონდა ადგილი სხვაგანაც?

იცის! თქვენ წარმოიდგინეთ იმაზე მეტი იცის, ვიდრე ნებისმიერმა ჩვენგანმა. ამიტომაც გვეუბნება ხან სესტანოვიჩის — აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილის, ხან ესტონეთის პრეზიდენტის კალილუაიდის პირით, რომ ჩვენ გავაკეთოთ ჩვენი საქმე, ჩვენ დავგავოთ ჩვენივე ქუჩები, ჩვენ გავიყვანოთ სასმელი წყალი, ჩვენ შევქმნათ საკანალიზაციო სისტემა და ა.შ. ცხადია, მათ მიერ მოცემული ფულით და როდესაც ისინი დაინახავენ ჩვენს მიერ ამ და სხვა შესრულებულ საქმეს, თვითონ მიგვიწვევენ იმ „სანატრელ“ ორგანიზაციებში, ნატო და ევროკავშირი რომ ჰქვიათ.

ნაცვლად ამისა, ისინი ხედავენ ჩვენს ვირეშმაკობას — პრობლემების მოგვარების გარეშე ნატოსა და ევროკავშირში შეძრომის და ამ ორგანიზაციებზე ჩვენი პრობლემების აკიდების სურვილს.

დასავლელებს მუდამ აქვთ სახეზე ღიმილი გადაკრული, მაშინაც კი, როდესაც წყინთ და მაშინაც, როდესაც შეუსრულებელ საქმეზე მიგვითითებენ, რასაც ჩვენი პოლიტიკა მათ გულუბრყვილობად აღიქვამს. ცდებით, პატივცემულებო! ცდებით!

დასავლეთისადმი გულაცრუება ახალი არ არის, მაგრამ ახალია ხელისუფლების ანტიდასავლური გამოხდომა, მოურიდებელი კრიტიკა; ევროპოლიტიკოსების, ამერიკელი კონგრესმენების გაღიზიანებით მოხსენიება. საზოგადოების გარკვეული ნაწილი, ანტიდასავლურად განწყობილი, თვლის, რომ ლგბტ-დან დაწყებული ყველა სიბინძურე დასავლეთიდან მოდის და მხარს უჭერს ხელისუფალთა ანტიდასავლურ განცხადებებს.

„ამაზე უარესი გადაგვიტანია, ამაზე უარესად ვყოფილვართ და ამასაც გადავიტანთ. ადრე თუ გვიან, ქართველი ხალხი ყოველთვის ახერხებდა მონობის უღლის გადაგდებას და ახლა სწორედ ეს დრო დადგა. … ჩვენ უნდა გავხდეთ რეალურად დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელიც დამოუკიდებლად მიიღებს გადაწყვეტილებას, რომლის პირველ პირებს რომელიმე ქვეყნის ელჩი კი არ შეუდგენს დღის წესრიგს, არამედ თავად შეარჩევენ და დანიშნავენ მოსამართლეებს. ჩვენ დამოუკიდებლობა გვინდა, დამოუკიდებლობა ყველასგან და ყველაფრისგან. … “  — გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“, 2021 წ. N31, ავტორი ბესო ბარბაქაძე.

მერედა, ვინ გვიშლიდა ხელს დამოუკიდებლობაში? ვიყოთ გულწრფელნი და ვაღიაროთ ჩვენივე ქარაფშუტული გადაწყვეტილება. თუმცა, გვქონდა სხვა გზა?

სრული დამოუკიდებლობის მოპოვება ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველო იყო და არის შეუძლებელია. 30 წლის წინ, როდესაც კრემლმა დამოუკიდებლობა გვიბოძა ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტვით ვიყავით დაკავებული. პური, რომ პურია, ისიც არ გვქონდა. აღარაფერს ვამბობ სხვა სიკეთეებზე, რაც საბჭოთა სისტემის დროს გვქონდა.

მას შემდეგ 30 წელი გავიდა და რა შევქმენით? — არც არაფერი! პირიქით, რაც გვქონდა, ჯართად გავყიდეთ! და რატომ? ხელისუფალთ, პოლიტიკას ცხოვრება უნდოდა, ჭამა უნდოდა — დღეს და ახლა! საკუთარი კუჭის ამოყორვა უნდოდა და ქვეყანა არ აწუხებდა.

მარტივი რამ არის — თუ ვერ აწარმოებ — უნდა იყიდო. და რა?

30 წელია სპეკულაციით ვართ დაკავებული — იქ ვყიდულობთ, აქ ვყიდით. ჩვენსას ცოტას ვქმნით. მაგალითად, ღვინოს და ბუნების მიერ მოცემულ მინერალურ წყალს ბოთლებში ვასხამთ და ვყიდით. ბიუჯეტის შესავსებად იძულებული ვართ ხელში ვუყუროთ დასავლეთს. ვალი ავიღოთ და ისე ვიცხოვროთ.

30 წლის განმავლობაში ქვეყანაში არ გამოჩნდნენ პოლიტიკოსები — საღი აზროვნების და პრაქტიკული საქმის გამკეთებლები, ქვეყნის ეკონომიკას რომ დატყობოდა. ვინც გამოჩნდა, ბიძინას და სხვათა სახით — ქვეყანას წველის, საკუთარი სახლების მშენებლობით არის დაკავებული.

იმას, რასაც ბოლო 9 წლის განმავლობაში ვხედავთ, მმართველი პარტიის და მისი რეალური ლიდერის მიერ ქვეყნის სათავისოდ გამოყენებაა და არა ქვეყნისთვის შრომა.

ახლაც, როდესაც ხელისუფლება უარს ამბობს დასავლეთის მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე ისაა, ხელისუფლება აიძულოს გადადგას საზოგადოებისთვის საჭირო ნაბიჯები, რაც თვით ხელისუფლების ქვეყნის სათავეში ყოფნას საეჭვოს გახდის. ხელისუფლებას, რომელსაც სამარადისოდ უნდა ხელისუფლებაში ყოფნა, უარს ამობს დასავლურ პროგრამაზე და იმისთვის რომ არჩევნებზე ხალხის მხარდაჭერა მოიპოვოს, რიხით აცხადებს — არ გვინდა მათი მოცემული სესხი, ვინაიდან არ გვინდა საგარეო ვალის გაზრდაო.

ხელისუფლება ცრუობს და დახმარებას, სესხს უწოდებს. 75 მილიონი ევროს დახმარებას ზურგს აქცევს იმიტომ, რომ არ შეასრულოს ევროკავშირის დავალება, რომელმაც საქართველოსთვის გამოყოფილი ფულის მეორე ნახევარი აღარ ჩაგვირიცხა, ვინაიდან საქართველომ ნაკისრი დავალება არ შეასრულა, რითაც ევროპარლამენტართა კრიტიკა დაიმსახურა.

„ევროპარლამენტარი არ არის ჩვენი უფროსი. ჩვენი უფროსი არის ქართველი ხალხი“, — თქვა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა. რას ერჩით, ნამდვილი პატრიოტი და ერის შვილია. ეს ერთის შეხედვით, მაგრამ ამ სიტყვების უკან ის იმალება, რაც ზემოთ ვახსენე, ანუ ხელისუფლების გახანგრძლივება!

ხელისუფლების გახანგრძლივება არა ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ, არამედ საკუთარი თავის, საკუთარი ოჯახის, საკუთარი ახლობლების საკეთილდღეოდ. აი, ამ „კეთილშობილურ“ მტვერს, რომელსაც ის ხალხს აყრის თვალში, თავისას უმატებს გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“. საილუსტრაციოდ მოვიყვან ისევ ბარბაქაძის ნაწერს: „ეს სწორედ ის არის (ღარიბაშვილის ნათქვამი), რასაც ამდენი ხანი ვითხოვთ და ვამტკიცებთ — საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაატაროს ის ხაზი, რომელიც სურს ქართველ ერს და არა ის, რომელიც სურს ევროპას თუ აშშ-ს“.

რას იტყვით, პატივცემულო მკითხველო — განა ეს ნათქვამი პატრიოტული არ არის. არის და მერე როგორი?! ქვას რომ გახეთქავს, მთას რომ ბარად აქცევს, ოღონდ ერთია — ამ მოწოდებას სხვა სუნი ასდის, ისე, როგორც გაზეთს — ივანიშვილის და მისი დასმული ხელისუფლების მხარდაჭერისთვის რომ იწვის და იდაგება. ასეთი „თავდადება“ რით არის გამოწვეული, ალბათ იცით. მარტო ბიძინას ხიბლით არა, სხვა მარიფათით.

ბარბაქაძის მოწოდება, იმ გენერლის მოწოდებას ჰგავს, 2 კინკილა ჯარისკაცს რომ უბრძანებს შეტევაზე გადასვლას, თვითონ კი თავს სამალავს აფარებს. მკითხველის მოტყუებაში გართულ ბარბაქაძეს წმინდა ილია მართლის ჩამნაცვლელებლობა მონდომებია, რისთვისაც ერის სახელით გველაპარაკება, ერის სახელით გვმოძღვრავს, ბრძოლისკენ მოგვიწოდებს და რისთვის?

ხელისუფლების კეთილდღეობისთვის, ხელისუფლებაში მისი ვადის გახანგრძლივებისთვის, იმისთვის, რათა ხელისუფლებამ გააგრძელოს ქვეყნის ბოლომდე ჭამა,  იქნებ სუფრიდან გადმოცვენილი ნამცეცები მასაც შეხვდეს.

ბარბაქაძეზე არანაკლები „პატრიოტიზმია“ დემონსტრირებული კაკაბაძის ინტერვიუში. აი, რას ამბობს ის ჩვენს მიერ სესხად მონათლულ დახმარებაზე: „სესხი და დახმარება ნებაყოფლობითია — ერთი მხარე სთხოვს, მეორე — ეხმარება. შენ როდესაც მოდიხარ და მეუბნები, რომ გინდა—არ გინდა, აიღე ვალი. და თუ უარს ამბობ, ე.ი. ანტიდასავლურ კურსს ატარებო, ეს უკვე ყოველგვარი შეფარვისა და ქვეტექსტების გარეშე გამოხატული პოლიტიკური ექსპანსიაა. … რატომ უნდათ მათ ვალებში ჩამხრჩვალი საქართველო? რატომ უნდათ, რომ ჩვენი საგარეო ვალი, კატასტროფულ ნიშნულამდე ასული, კიდევ უფრო გაიზარდოს? მათ არ სურთ ისეთი საქართველო, რომლის პოლიტიკური, ეკონომიკური და საერთოდ რამენაირი დამოუკიდებლობის ხარისხი ცოტათი მაინც მაღალი იქნება. … თუ საქართველო ვალებში არ იქნება ჩამხრჩვალი და წელში გაიმართება, ვერ გვიბრძანებენ, როგორი სასამართლო გვქონდეს …“ და ა.შ.

გენიალური, პატრიოტული აზრებია, რომელიც სულ მცირე, რევოლუციური ბარიკადებისკენ მოგვიწოდებს — ამჯერად ევროატლანტიკური ექსპანსიისგან თავის დასაცავად, მისგან თავისუფლების მოსაპოვებლად.

კაკაბაძის სიტყვებმა ნანი ბრეგვაძის ერთი სიმღერა გამახსენა: „სად იყავი, სად იყავი მაშინ, როცა გულში გაზაფხული მენთო?“ ვითარება კარდინალურად შეიცვალა, როცა თავი დასავლეთის, კერძოდ აშშ-ს უკანალში ვდურთეთ. ძველ „პატრონ“ რუსეთს, ლამის დაშლის პირას მისულს, თავისი პრობლემებიც უხვად ჰქონდა და ჩვენ რას მოგვცემდა?

უსუსურ, დამოუკიდებელ ცხოვრებას მიუჩვეველ, მშიერ, მწყურვალე ქვეყანას ერთადერთი გზა ჰქონდა — დასავლეთი. ამ გზამ და მისგან წამოსულმა სიკეთეებმა ისე გაგვიტაცა, საკუთრის შექმნაზე ფიქრიც არ ვისურვეთ. რაღა დაგიმალოთდა, არც დღეს, 30 წლის გავლის შემდეგაც არ გვსურს. ისევ დასავლეთს ვთხოვთ დახმარებას. სწორედ ამ თხოვნის პასუხად გამოგვიყო მან 150 მილიონი ევროს დახმარება — „კოვიდ-19“-თან ბრძოლისთვის, რომელსაც ვაქცინებიც მოაყოლა, თან ისიც გვითხრა — თუ კორუმპირებულ სასამართლო სისტემის რეფორმებს ჩავატარებთ, ერთ იმდენს კიდევ გაჩუქებთო.

ფული იმიტომ გვაჩუქეს, რომ ჩვენი დამონება უნდათ? იქნებ იმიტომ, სასოწარკვეთილი ჩვენი ხელისუფლება რომ მუხლებში ჩაუვარდა ბრიუსელს — გვიშველეთო?!

დავუშვათ, ზურგი შევაქციეთ დასავლეთს, როგორღა მოხერხდება 30 წლის განმავლობაში შექმნილი კავშირების გაწყვეტა? რა ვუყოთ სავალუტო ფონდს, მსოფლიო ბანკს, ევროპის განვითარების ბანკს, ნატოსთან კავშირს, ევროკავშირთან დადებულ ასოცირების ხელშეკრულებას, მრავალ სხვა კავშირს, რომლის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს?

ემოციური პათოსით ფსევდოპატრიოტული ლოზუნგების ფრქვევა ვაიპატრიოტი ქართველობის სულს ახარებს, მაგრამ არა ქვეყნის. ქვეყანა სხვაა, რთული მექანიზმია. მის მართვას ემოცია არ უხდება. მის მართვას ცივი გონება, ცოდნა, გამოცდილება, პროფესიონალიზმი, პატიოსნება და არა მჩატე მოწოდებების მუდმივი ძახილი სჭირდება.

ყავს, ქვეყანას ჩამოთვლილი თვისებების მატარებელი პოლიტიკოსები?

დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში ყველა დარგი დაზიანდა, განსაკუთრებით სწავლა-განათლების. რუსეთთან კავშირების გაწყვეტამ თუ რომელიმე სფეროს დამარცხება აგემა — განათლებაა. მართალია, რუსეთში დღესაც მიდის ახალგაზრდა სასწავლოდ, თუმცა ძალიან ცოტა. ანტირუსული პროპაგანდა ისეა გამჯდარი ნებისმიერ ჩვენგანში, რუსეთისკენ გახედვაც გვეშინია, არათუ რუსეთში დიპლომმიღებული ადამიანისთვის სამსახურის მიცემა.

საქართველოს ხელისუფალთა წყალობით ქვეყნის მეორე ენად ინგლისურია გამოცხადებული, რუსულზე კი ლაპარაკი გვეშინია — აგრესორის ენააო, გავიძახით.

გაივლის წლები, დიდ მეზობელთან აღდგება ურთიერთობა, დაიწყება თანამშრომლობა. აი, მაშინ კი სანანებლად გაგვიხდება რუსული ენის არცოდნა. დსთ-ს სივრცეში რუსული ენის ცოდნა გაცილებით ხელსაყრელია, ვიდრე ინგლისურის. და რახან მეზობელ ქვეყანას შევეხეთ, მინდა იმათ გასაგონად ვთქვა, ვინც დიდ იმედებს ამყარებს ამ ქვეყანაზე და დარწმუნებულია საქართველოს მხრიდან დასავლეთისთვის ზურგის შექცევა, უმალ გამოიწვევს რუსეთის მიერ ჩვენს ჩახუტებას, რასაც ტერიტორიების დაბრუნებაც მოჰყვება და სხვა მრავალიც.

ვეჭვობ, რომ რუსეთი იოლად გვაპატიებს 30-წლიან ლანძღვა-გინებას, შეურაცხყოფას საერთაშორისო არენაზე, ხელგაშლილად ფულს დაგვაყრის და ჩვენს გასაკეთებელს, გააკეთებს.

დღევანდელი რუსი, გუშინდელი არ არის. საბაზრო ეკონომიკამ მას ბევრი რამ ასწავლა. ის, სწორედ იმ დასავლეთში მიღებული ცოდნის მატარებელია, ჩვენ რომ ხატად გვყავს მიჩნეული. ის, დასავლური მენტალიტეტის მატარებელია, რუსულში შეზავებულის. მაგრამ მიუხედავად ამისა, მასთან ურთიერთობა გაცილებით მომგებიანი იქნება საქართველოსთვის, ვიდრე დასავლეთთან.

ქართული პოლიტიკა მაშინ იქნება გონებაგამჭრიახი, როდესაც დასავლეთთან და რუსეთთან ურთიერთობებს შეახამებს. მაგრამ შეძლებს ამას ცალმხრივად აღზრდილი ქართული პოლიტიკა?!

ახალი კადრების აღზრდა—ჩამოყალიბებას დრო სჭირდება. მოდით გულწრფელად ვთქვათ, იმ 200-ზე მეტი პარტიიდან, რომელიც ამ პატარა ქვეყანაშია, რომელია ევროპული პარტიების დონეზე მდგომი? რომელს აქვს პროგრამა, იდეოლოგია, ხიბლი, ქვეყნის აწმყოსა და მომავლის შენების უნარი?

სამწუხაროდ, არც ერთს!

 დღევანდელებს იმის თავიც არ გვაქვს უცხოელი პოლიტიკოსის, მაღალი რანგის მოხელის მიერ ნათქვამი გავიგოთ და შევაფასოდ. რა მაქვს მხედველობაში. სექტემბრის დასაწყისში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის ნათქვამი: „თუ საქართველო რუსეთთან, როგორც თავის მეზობელთან, ნორმალურად ცხოვრებისთვის მზადაა, მოსკოვი ურთიერთობების აღსადგენად მზადაა“.

ეს ნათქვამი ჩვენ ისე მოვნათლეთ, როგორც გვსურდა — ლავროვმა გააკეთა განცხადება. თუ რამ გამოიწვია ლავროვის განცხადება არვის უთქვამს და არც იტყოდნენ, ვინაიდან აწყობთ ლავროვის არა პასუხი კითხვაზე, არამედ გამომწვევი მიზეზების გარეშე, ლავროვის განცხადება.

არადა, განცხადებასა და დასმულ კითხვაზე გაცემულ პასუხს შორის დიდი განსხვავებაა. განცხადება არის არა ერთის, არამედ რამდენიმე ადამიანის ნააზრევის ოფიციალური გამომზეურება, ხოლო კითხვაზე პასუხი — სპონტანური, წამიერად მოფიქრებულის გაჟღერება. ლავროვი იტყოდა არ ვაპირებთ საქართველოსთან რაიმე სახის ურთიერთობის ქონასო?

მშვიდობისმოყვარე ქვეყნის, და ასეთად თვლის რუსეთი თავის თავს, ნეგატიური პასუხი მიუღებელი იქნებოდა ფართო საზოგადოებისთვის. ამდენად ლავროვმა თქვა ის, რაც თქვა, თუმცა ხაზი გაუსვა შემდეგს: „თუ საქართველოს ნამდვილად სურს არ გაითამაშოს რუსეთის კარტი დასავლეთის მფარველობის შესანარჩუნებლად და ჩვენთან, როგორც მეზობელთან, ნორმალური ურთიერთობა სურს. …“

დიახ! რუსეთთან უნდა აღდგეს ურთიერთობები, მაგრამ არა იმიტომ, რომ დასავლეთი აღარ გვინდა. საქართველოს ორივესთან უნდა ჰქონდეს პრაგმატული დამოკიდებულება. რომელთან მეტი — საქართველოს პოლიტიკოსთა, ხელისუფალთა გადასაწყვეტია და არა ქარაფშუტა მყვირალების.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

26/09/2021