საქართველოს პრობლემები და ავღანეთი

როდესაც ქვეყანაში უმძიმესი სოციალური ვითარებაა; როდესაც ქვეყნის ეკონომიკა ჭაობში ბუყბუყებს და საცაა სულს დალევს;

როდესაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს პრემიერ-მინისტრი, წინამორბედ პრემიერს უშვერი სიტყვებით ლანძღავს და მმართველი პარტიის მიერ დაშვებულ ყველა შეცდომას მას ჰკიდებს;

როდესაც მოსახლეობით მცირე საქართველოში „კოვიდ-19“-ით დაავადებულთა რაოდენობა სარეკორდოა, ისე, როგორც გარდაცვლილთა;

როდესაც ოპოზიციური მედია სისტემატურ რეჟიმში მოუთხრობს ხალხს სუსის მიერ განხორციელებულ საყოველთაო მოსმენა-მიყურადების ფაქტებზე;

როდესაც ქალაქის და რაიონების, განსაკუთრებით დედაქალაქის სარეკლამო დაფებიდან მხოლოდ მმართველი პარტიის ყოჩები გვიღიმიან და ეს ღიმილი მოსახლეობას ძვირი უჯდება (ერთი ბილბორდი 3000-5000 დოლარი დღეში);

როდესაც, მიუხედავად პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის დაპირებისა, წამლებზე ფასების შემცირებასთან დაკავშირებით, არათუ მცირდება, პირიქით იზრდება; როდესაც საწვავზე ფასები ყოველ მეორე დღეს მატულობს და აქედან გამომდინარე კვების პროდუქტებზე, პირველადი მოხმარების საგნებზე, სამედიცინო მომსახურებაზე, ტრანსპორტზე და ა.შ.;

როდესაც ეკონომიკის მინისტრი თურნავა უნამუსოდ ატყუებს ხალხს და ეუბნება, რომ საქართველო ეკონომიკური განვითარების კუნძულს ჰგავს, მსოფლიოს დაცემულ ეკონომიკასთან შედარებით, რომ საქართველოში თურმე საშუალო ხელფასი 1500 ლარია;

როდესაც პრემიერ-მინისტრი ლუქსემბურგობას და წარმატებულ ცხოვრებას გვპირდება;

როდესაც დამშეული მოსახლეობის ხარჯზე ჯიბეს ისქელებენ მომრავლებული ე.წ. ბიზნესმენები, საკუთარი სასახლეების მშენებლობით დაკავებულნი, ერთმანეთის ჯიბრზე უზომო ფუფუნების დემონსტრირებით გატაცებულნი;

როდესაც ჩვენს თვალწინ იკარგება ქვეყანა, რომელსაც ჯერ-ჯერობით საქართველო ჰქვია. ჯერ-ჯერობით, ვინაიდან ხვალინდელი უკეთესი დღის იმედი მბჟუტავ სანთელს ემსგავსება;

როდესაც გაუსაძლისმა ცხოვრებამ ათასობით აქაური შორეული თუ ახლობელი ქვეყნების კარს მიაყენა მუდმივი ცხოვრების სურვილით — გაუსაძლისის, შეურაცხმყოფელის, მაგრამ აქაურთან შედარებით ედემის;

როდესაც … . გავაგრძელო? სადამდის?

როდესაც ესოდენ არასახარბიელო ფაქტის წინაშე ვართ, ყოველდღიური ამ და სხვა პრობლემებით ტვინდამძიმებულებს საერთაშორისო პოლიტიკა გვაინტერესებს?! ვის უნდა ნატო, ევროკავშირი, სხვა უამრავი კავშირი ან რაღაც უხილავი რეიტინგები, საქართველო რომ მუდამ მოწინავეთა რიგებშია?

ქვეყნის მოსახლეობა დაემსგავსა, უფრო სწორად დაამსგავსეს ნახირს, ბალახის ძებნაში რომ ათენებს და აღამებს, ასეთს, სხვაგან მიმდინარე პროცსები აინტერესებს?

ეს, ზოგიერთ პოლიტოლოგს ჰგონია, რომ ასეა — უცხოურ გრანტებზე წამოსკუპებულს, საკუთარი პროფესიის გასამართლებლად რომ უწევს ლაპარაკი იმაზე, რაც საზოგადოებას ვითომ აინტერესებს და ქაქანებს გვატემალის, ჰონდურასის, ჩრდილოეთ აფრიკისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების პრობლემებზე.

ქვეყნის წინსვლის სადემონსტრაციოდ მედია გვიყვება იაპონიაში საქართველოს ელჩის „უდიდეს მიღწევაზე“ — სუშის კომპანიის მენეჯერთან შეხვედრაზე, რომელიც დაგვპირდა ქართული ღვინის თავის რესტორნებში შეტანას.

მსმენელმა, უნდა დავიჯეროთ, რომ ელჩის ნაბიჯი უდიდესი დიპლომატიური მიღწევაა. რა გაეწყობა, როდესაც იაპონიაში საქართველოს საელჩოს, პოლიტიკური დატვირთვის მატარებელი სხვა თემები არ აქვს, ქართული ღვინის თითო-ოროლა ბოთლის გასაღებაც დიდი პოლიტიკაა. სხვა ქვეყანაში აკრედიტებულ საქართველოს საელჩოს ამის დაკვეხნის თავიც არ აქვს და უსაქმურობით ძილსაა მიცემული, არადა დედამიწაზე ქვეყანა არ არის, სადაც ჩვენი საელჩო არ იყოს.

ხელისუფლების ნათესავების ნაკრძალად ჩამოყალიბებული საელჩოები მშვენივრად გრძნობენ თავს — მაღალი ანაზღაურებით, მრავალი წლის განმავლობაში იქაური საამური ცხოვრებით უზრუნველყოფილნი. არვინ სვამს კითხვას — რა დიპლომატიურ საქმიანობას ეწევიან ეკზოტიკურ ქვეყნებში არსებული საქართველოს საელჩოები? რა მოაქვს ამ „მოღვაწეობას“ ქვეყნისთვის?

უღირს თუ არა ქვეყნის ისედაც მწირ ბიუჯეტს უმაქნისი საელჩოების შენახვა? დიპლომატიური სამსახური ტაბუდადებული თემაა და რატომ? — იმიტომ რომ ხელისუფლებაში არვინ იცის მისი მუშაობის არსი. არვინ იცის რას უნდა აკეთებდეს ის. არვინ სვამს კითხვას — არის თუ არა აუცილებელი საქართველოსთვის მივარდნილ ქვეყნებში საელჩოების გახსნა?

როდესაც ქვეყანაში თუნდაც ერთი მოგვარებული დარგი არ არის, დიპლომატიის ავკარგიანობაზე მსჯელობამდე ვინ მივა?!

30 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობას ცხვრის ფარასავით მიერეკებიან ევროატლანტიკური სივრცისკენ შემდეგი დაპირებით — გავწევრდებით ნატოსა და ევროკავშირში და დავიწყებთ საამურ ცხოვრებას. დაპირება მუდმივია — ყველა ხელისუფლების მიერ გაჟღერებული. ეს, ის თემაა ყველა რომ ქადაგებდა და ქადაგებს, თუმცა არც ერთს არ სჯეროდა და სჯერა. საქართველოს შემხედვარეს, შეიძლება სჯეროდეს ამ აბსტრაქციის?

აქაურს შეიძლება სჯეროდეს, მაგრამ იქაურს რომ არ სჯერა, დაგვარწმუნა ესტონეთის პრეზიდენტმა, რომელმაც მოურიდებლად განაცხადა, რომ უკრაინა-საქართველოს, უახლოესი 20 წლის განმავლობაში არც ნატოში მიიღებენ და არც ევროკავშირში.

ესტონეთის პრეზიდენტმა თქვა არა მარტო თავისი, არამედ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების აზრი. დავფიქრდეთ წუთით, გარედან შევხედოთ ჩვენს თავს. იმ ევროპელის თვალით ავწონ-დავწონოთ ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკა და გულწრფელად ვთქვათ  —ვართ კი ღირსნი ამ ორგანიზაციებში გაწევრების?

უდავოდ არ ვართ! ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ერთი „უმნიშვნელო“ საკითხის გამო, რასაც პოლიტიკური სისტემა ჰქვია. ევროკავშირის რომელი ქვეყანა მოინდომებს იმ ქვეყნის გვერდით ყოფნას, სადაც მდიდარი ოლიგარქი, არც ერთი თანამდებობის და პასუხისმგებლობის მქონე, მართავს ქვეყანას?!

როგორ უნდა გამოძებნოს ევროკავშირის წევრმა ქვეყანამ საერთო ენა ხელისუფლებასთან, რომელსაც ხელისუფლება არ აქვს?!

მართალია, ქვეყანას ჰყავს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტი, მაგრამ უფუნქციო, იმ ოლიგარქს მიჩერებული. მარტო ეს საკითხი რად ღირს, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ?! და ვიდრე ეს არ მოგვარდება — არაფერი გვეშველება. ფუჭია იმის მტკიცება, რომ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები ჰყავს ამერიკა-ევროკავშირ-ნატოს სახით. იციან მათ, რომ ჩვენ მათ სტრატეგიულ პარტნიორებად ვთვლით? ან თვლიან ისინი თავიანთ თავს ასეთად? და რომც ჩათვალონ, რამდენად სანდონი არიან ისინი?

ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ბრმებსაც კი აუხილეს თვალი და დაანახეს რას ნიშნავს აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა, ჩვენ ისევ ბრმის როლში ვართ, როდესაც ცხვირწინ გვაქვს ავღანეთის მაგალითი — 20-წლიანი სავალალო გამოცდილებით, სადაც ჩვენც ვიყავით გაჩხერილი. ანდა რად ღირს სულით-ხორცამდე მოკავშირე ქვეყნის გაცურება?

აშშ-ა აიძულა ავსტრალია ამერიკაში შეუკვეთოს წყალქვეშა ნავები, უარი ათქმევინა რა მას საფრანგეთთან გაფორმებულ კონტრაქტზე. ვაშინგტონმა პრეზიდენტ ბაიდენის პირით გამოაცხადა ამ კონტრაქტის თაობაზე, რამაც დიდი აღშფოთება გამოიწვია საფრანგეთში, თანაც ისეთი, საფრანგეთის ელჩები რომ გამოაწვევინა ამერიკა-ავსტრალიიდან. ამერიკამ იკადრა უკადრებელი, ისე, როგორც ავსტრალიამ და ორივემ მიაფურთხეს „ძმას და მეგობარს“. ჩვენ რაღას გვიზამს — არა ძმას და მეგობარს?! ვინმემ ხელისუფლებიდან დასვა ეს შეკითხვა?

ავღანეთიდან ქაოსური გამოქცევის შემდეგ დასვა შეკითხვა — მიგვატოვებს თუ არა აშშ-ი ისე, როგორც ავღანეთი მიატოვა? ან რატომ არ უზრუნველყოფს აშშ-ი ევროკავშირის გაზით მომარაგებას? დაჭირხლული გაზის მიწოდების შეფერხებით გამოწვეულმა დეფიციტმა კატასტროფულად გაზარდა გაზის ფასები — 350-400 დოლარიდან ლამის 1000 დოლარამდე — ათას კუბ.მეტრზე. ამ სახის გაზის ფასი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 1000-დან 1500 დოლარამდეა და რატომ იზარალებს ამერიკა?

მან თავისი გაზი აღმოსავლეთისკენ, ძვირი ბაზრისკენ მიმართა, ფეხზე დაიკიდა რა ევროპელთა მიმართ დაპირება.

დავუბრუნდეთ ავღანეთს, რომლიც მეტნაკლებად ჩვენთვის ნაცნობი თემაა. საბჭოთა საქართველოს პერიოდში ჩვენც მოგვიწია ომი ავღანეთში და საბჭოთა შეზღუდულ სამხედრო კონტინგენტთან ერთად თავაწეული გამოვედით ამ ქვეყნიდან. დამოუკიდებლობის დროსაც ვომობდით იქ, მაგრამ ამჯერად თავაწეული გამოსვლისა რა მოგახსენოთ. როდესაც ჩვენი ე.წ. სტრატეგიული პარტნიორი, მოკავშირეებთან შეუთანხმებლად, ღამით, ქურდულად, სტოვებს ავღანეთს, ჩვენ როგორღა გამოვიდოდით თავაწეული?!

ავღანეთიდან გამოქცევა ისეთი თემაა, მრავალი წლის განმავლობაში რომ ანტიამერიკულად იტრიალებს, მაგრამ არა ჩვენთვის — ამერიკაზე უზომოდ შეყვარებულისთვის. ამერიკის მარცხმა და არაორგანიზებულმა გამოსვლამ მთელ მსოფლიოს დაანახა ვინ და რა არის ეს ქვეყანა, მაგრამ არა ჩვენ. ჩვენი პოზიცია ძველებურად ურყევია.

დაინტერესებული მკითხველისთვის მსურს მოკლე ინფორმაციის, მეტადრე ისტორიულის მიწოდება ქვეყანაზე, სადაც საბჭოთა პერიოდშიც ვიბრძოდით და დამოუკიდებლობის დროსაც. იმჟამად საბჭოთა არმიის შემადგენლობაში, ამჟამად აშშ-ს.

ავღანეთთან ძველ, ისტორიულ ურთიერთობებს სხვა დროისთვის შემოვინახავ. გეტყვით უახლოესზე და იმაზე, რამ  გამოიწვია ავღანეთში საბჭოთა ჯარის შეყვანა. ავღანეთის ისტორიის ამ მონაკვეთს ყურადღებით უნდა შევხედოთ, რამეთუ დღეს შექმნილი მძიმე ვითარება არა მარტო უცხო სახელმწიფოთა პოლიტიკური ზრახვების განხორციელების სურვილით არის გამოწვეული, არამედ ავღანელთა შიდა გათიშულობით, ერთმანეთთან დაპირისპირებით, ყველა იმ „სიკეთით“, რასაც აქ აქვს ადგილი.

ავღანეთსა და რუსეთს, შემდეგ საბჭოთა კავშირს შორის ურთიერთობები XIX-XX საუკუნეებში არ იყო მტრული, პირიქით ავღანეთი ასრულებდა ბრიტანელთა მიერ მიცემულ დავალებას — ბუფერული სახელმწიფოს როლს ორ დიდ ქვეყანას შორის.

ვითარება შეიცვალა ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, როდესაც  ცენტრალური აზიის ქვეყნებს ბოლშევიკებმა შესთავაზეს კოლონიალიზმის უღლისგან განთავისუფლება. 1919 წელს ავღანეთის ამირა ხაბიბულა, რომელიც ბრიტანელებთან ურთიერთობების მიმდევარი იყო, ნადირობის დროს მოულოდნელად გარდაიცვალა და მისი ადგილი დაიკავა ანტიბრიტანულად განწყობილმა ვაჟიშვილმა ამანულამ. ამ ბრძოლაში მან მოკავშირედ საბჭოთა რუსეთი ჩათვალა, რომლისგან სამხედრო დახმარება მოითხოვა.

1921 წელს ხელი მოეწერა მეგობრობის ხელშეკრულებას. რუსეთი ეხმარებოდა ამანულას სამხედრო იარაღით, ფულით. 1928 წელს რეფორმების გამტარებელ ამანულას აჯანყება მოუწყვეს. ხალხს არ მოსწონდა ქალთა ემანსიპაცია. არატრადიციულ სამოსელში გამოწყობა. თვით ამანულას მეუღლე კაბას ატარებდა და არა ჩადრს. აჯანყების ჩასახშობად ამანულამ რუსეთს სთხოვა ჯარის გაგზავნა. რუსეთმაც თავის მხრივ თხოვნა შეუსრულა — გაგზავნა რა კაზაკთა სამხედრო ბრიგადა. თუმცა ამანულამ მოულოდნელად დატოვა ქვეყანა.

ავღანეთის შემდეგი მმართველები ნადირ შაჰი და ზაქირ შაჰი ცდილობდნენ ეწარმოებინათ ბალანსირებული პოლიტიკა დიდ სახელმწიფოებს შორის. ნეიტრალიტეტის მტკიცე მიმდევარი გამოდგა ზაქირ შაჰი, რომელმაც 1948 წელს უარი უთხრა აშშ-ს ყანდაგარში სამხედრო ბაზის გახსნაზე, ხოლო 1955 წელს ამერიკელთა მიერ შექმნილ ორგანიზაცია ბაღდადის პაქტში მონაწილეობაზე (დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, პაკისტანი, ირანი, ერაყი).

გაბრაზებულმა ამერიკამ ყველა სახის დახმარება შეუწყვიტა ავღანეთს. ზაქირ შაჰმა მოსკოვს მიმართა, რომელმაც არ დააყოვნა და 100 მილიონი დოლარის დახმარება გამოუყო მას. ამ დახმარებამდე, 1955 წელს ქაბულს სტუმრობდნენ ხრუშჩოვი და ბულგანინი.

მჭიდრო, მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა სსრკ—ავღანეთს შორის. ათასობით ავღანელმა ახალგაზრდამ მიიღო განათლება საბჭოთა კავშირში და სამშობლოში დაბრუნებულმა შექმნა ავღანეთის სახალხო დემოკრატიული პარტია, რომელსაც სათავეში ჩაუდგნენ თარაქი და ქარმალი. ერთმანეთთან პაექრობაში ისინი გაითიშნენ და შექმნეს ორი ფრაქცია — „ხალკი“, თარაქის, „პარჩამი“ — ქარმალის.

სიტყვა „ხალკი“ ნიშნავს ხალხს, „პარჩამი“ — დროშას.

ერთმანეთთან დაპირისპირებულებს გამოეპარათ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები. 1978 წლის 17 ივლისს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და მეფის ბიძაშვილმა მუჰამედ დაუდმა მოახერხა სამხედრო გადატრიალება და გამოაცხადა სრული ნეიტრალიტეტი. მან შექმნა თავისი ეროვნულ-რევოლუციური პარტია და დაამყარა დიქტატურა. მან ისიც თქვა, რომ ავღანეთი არ მისცემს მოსკოვს მასზე ბატონობის შესაძლებლობას.

დაუდმა დააპატიმრა და ციხეში გაისტუმრა სახალხო-დემოკრატიული პარტიის წევრები, მათ შორის თარაქი და ქარმალი. საპასუხოდ მიიღო სამხედრო გადატრიალება, რომლის დროს მოკლეს დაუდი და მისი ოჯახი. ციხიდან გამოსულმა თარაქიმ, ქარმალმა და ამინმა გამოაცხადეს ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა.

ავღანეთმა დაიწყო კომუნიზმის მშენებლობა. პირველი, რაც მთავრობამ გააკეთა წვერი გააპარსვინა მამაკაცებს; აკრძალა იძულებითი ქორწინება; ქალებს დართო ნება არ ეტარებინათ ფარანჯა; გლეხებს დაურიგა მიწები; დაიწყო წერა-კითხვის უცოდინარობასთან ბრძოლა.

ხისტმა რეფორმებმა უკმაყოფილება გამოიწვია კონსერვატულად განწყობილ გლეხებში, რითაც ისარგებლა პაკისტანში გახიზნულმა ოპოზიციამ.

ქვეყნის მეთაურმა თარაქიმ მასობრივი ამბოხების ჩასაქრობად რეპრესიებს მიმართა, ვიცე-პრემიერი ქარმალი და პარტიის საქალაქო კომიტეტის მდივანი ნაჯიბულა თავიდან მოიშორა, გაგზავნა რა ისინი უცხოეთში დიპლომატიურ სამსახურში.

ავღანეთში მიმდინარე პროცესებს ყურადღებით ადევნებდა თვალს სკკპ ცენტრალური კომიტეტი. მისთვის ლოიალური თარაქი მისაღები იყო. ცნობილია სკკპ ცკ-ს მდივნის სუსლოვის ნათქვამი — ავღანეთი უნდა ვაქციოთ მეორე მონღოლეთად.

1978 წელს, თარაქის მოსკოვში ვიზიტის დროს ხელი მოეწერა მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებას, სადაც ერთ-ერთი მუხლი ითვალისწინებდა ავღანეთში საბჭოთა ჯარის შეყვანას, თუკი აპრილის რევოლუციას რაიმე დაემუქრებოდა.

ქვეყანაში იზრდებოდა უკმაყოფილეთა რიცხვი. ადგილი ჰქონდა დემონსტრაციებს, სამთავრობო ძალოვან სტრუქტურებთან შეტაკებებს. გახშირდა საბჭოთა სამხედრო სპეციალისტებზე თავდასხმები, მკვლელობა. მოულოდნელად ავღანურმა საინფორმაციო სააგენტო „ბახტარმა“ გამოაცხადა, რომ ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა ქვეყნის მეთაური თარაქი. სინამდვილეში, ის ბალიშით დაახრჩვეს უახლოესი თანამებრძოლის ამინის დაცვამ. ამინმა დაასწრო თარაქის, რომელმაც იგრძნო რა თანამებრძოლის გამყიდველობა, გადაწყვიტა მისი ხელისუფლებიდან ჩამოშორება.

ავღანეთს ახალი ლიდერი, ამინი ჩაუდგა სათავეში, რომელსაც არ წყალობდნენ მოსკოვში, მიიჩნევდნენ რა მას საბჭოეთისადმი არცთუ ლოიალურად განწყობილად. საბჭოთა ხელმძღვანელების ნეგატიურ დამოკიდებულებას ამინის მიმართ ისიც აღვივებდა, რომ ბრეჟნევი მეგობრულად იყო განწყობილი ამინის მიერ მოკლული თარაქისადმი.

არადა დიპლომატიური წყაროების მიხედვით, ამინი საბჭოთა კავშირს მეგობრად თვლიდა და ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარების გამო ითხოვდა საბჭოთა ჯარის შეყვანას. 12 დეკემბერს პოლიტბიურომ იმსჯელა ამინის თხოვნაზე. 25 დეკემბერს საბჭოთა არმიის მე-40-ე ბრიგადამ გადალახა საზღვარი. საბჭოთა კავშირი ჩაერთო ავღანეთის ომში.

ამინი გახარებული იყო მოსკოვის გადაწყვეტილებით. სიხარული ნაადრევი გამოდგა. ის მოკლეს სასახლეში. ავღანეთის მეთაურად დაინიშნა ბაბრაქ ქარმალი, რომელიც მალე მოსკოვს ეწვია, ხოლო შემდეგ თბილისს.

როგორც წინა სტატიაში მოგახსენეთ, ქარმალის საქართველოში სტუმრობის პროგრამა უშუალოდ ჩემი შედგენილია.

ავღანეთიდან საბჭოთა ჯარის გამოყვანის შემდეგ ყველა საბჭოთა რესპუბლიკას დაევალა ავღანეთის პროვინციებთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარება — კონსერვებით, არამალფუჭი პროდუქტებით, ტანსაცმლით, პირველადი მოხმარების საგნებით მომარაგება. საქართველოს კაპისის პროვინციის მომარაგება ხვდა წილად.

საბჭოთა ჯარის გამოყვანის შემდეგ ხანმოკლე გამოდგა ავღანეთ—სსრკ-ს ურთიერთობები. კრემლმა დახმარება შეუწყვიტა ავღანეთის ხელისუფალთ, როგორც სამხედრო, ისე ეკონომიკირი. მიუხედავად ამისა ავღანეთის ხელისუფლებამ სამი წლის განმავლობაში აწარმოა ბრძოლა „მოჯახედებთან“, მაგრამ ტყვია-წამლისა და ტანკებისთვის საწვავის გარეშე დარჩენილმა ნაჯიბულამ თავი ქაბულში გაეროს წარმომადგენლობას შეაფარა, თუმცა სიკვდილს ვერ გადაურჩა. „მოჯახედებმა“ არაფრად ჩააგდეს დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელშეუხებლობის სტატუსი — დამტკიცებული ვენის 1961 წლის კონვენციით, შევარდნენ შენობაში და ხანჯლებით აკუწეს ნაჯიბულა, შემდეგ ჩამოჰკიდეს ქალაქის მთავარ ქუჩაზე.

სსრკ-ს მემკვიდრე რუსეთმა და მისმა პრეზიდენტმა ელცინმა არაფრად ჩათვალა ნაჯიბულას და ავღანეთის დაკარგვა, ისე, როგორც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების.

ძნელია გაიზიარო საზოგადოებაში გავრცელებული აზრი, რომ საბჭოთა კავშირმა ომი წააგო ავღანეთში, მაშინ როდესაც სინამდვილე სხვას გვკარნახობს,  ასეთს — საბჭოთა კავშირმა და მისმა მემკვიდრე რუსეთმა თავიანთ თავთან წააგეს ომი და არა „მოჯახედებთან“. მართალია კოლექტიური დასავლეთი, უპირველესად აშშ-ი მილიარდებს ხარჯავდა „მოჯახედების“, „თალიბების“, სხვა ტერორისტული ორგანიზაციების ანტისაბჭოურად, ანტირუსულად დასარაზმად, მაგრამ ვერაფერს მიაღწევდა, კრემლს რომ მოღალატურად არ შეეცვალა პოლიტიკა.

დღეს, ხშირად ლაპარაკობენ, თუ როგორ გაყიდა აშშ-ა ყველა ის ავღანელი, რომელიც მასთან 20 წლის განმავლობაში თანამშრომლობდა და როგორ მიატოვა ისინი, მაგრამ არ იხსენებენ ელცინის რუსეთის ანალოგიურ ქმედებას, ჩადენილს ავღანელთა, აღმოსავლეთ ევროპელ მოკავშირეებთან მიმართებაში. მარტო გდრ-ს ლიდერის ერიხ ჰონეკერის ისტორია რად ღირს — მოსკოვში ჩამოსულს, ელცინმა რომ რუსეთში ცხოვრებაზე უარი უთხრა და ისიც იძულებული შეიქმნა ჩილეში მცხოვრებ ქალიშვილთან წასულიყო.

ვიმეორებ, ავღანეთის ისტორია საქართველოს პოლიტიკოსებისთვის ყურადღებამისაქცევია, განსაკუთრებით აშშ-ნ ურთიერთობის დარგში. ავღანეთთან მიმართებაში ამერიკელთა მიერ ჩადენილი ქმედება ხაზგასმით მიგვანიშნებს მარტივ ჭეშმარიტებაზე — პოლიტიკაში, ქვეყნებს შორის მეგობრობა არ არსებობს. პოლიტიკაში, მთავარი ინტერესია.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

22/09/2021