ამერიკული კორპორაციები, რომლებმაც ხელი მოითბეს ავღანეთის ომით

აშშ-ს მიერ ავღანეთიდან ჯარის გამოყვანის შემდეგ დასავლეთის პრესაში, განსაკუთრებით აშშ-ს, გახშირდა სტატიები იმ ხარჯის შესახებ, რასაც ადგილი ჰქონდა ავღანეთში 20-წლიანი ომის დროს. გამოქვეყნებული მასალების სიმწვავეს აღვივებს ხანგრძლივი ომის შედეგი და ფინალი, განსაკუთრებით ფინალი, რომელმაც წერტილი დაუსვა ამერიკელ და მათი მოკავშირეთა სავალალო მრავალწლიან აგრესიას.

მსოფლიოს ჰეგემონი, მისი მოკავშირე ნატო, მათთან მიტმასნილი ე.წ. პარტნიორი ქვეყნები, რომელთა შორის საქართველოც არის, ჩიხში არიან მოქცეულნი და არიციან რა სიტყვები იხმარონ დასავლეთისთვის შეურაცხმყოფელი ისტორიული მონაკვეთის დასახასიათებლად.

ის, რომ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა არაორგანიზებულად, ქაოტურად მიმდინარეობდა ამაზე ყველა თანხმდება, გარდა აშშ-ს პრეზიდენტის ბაიდენის და მისი ადამიანისტრაციის. პრეზიდენტმა ერთ-ერთ პრეს-კონფერენციაზე ლამის სიამაყით განაცხადა, რომ ავღანეთიდან ევაკუაცია სწრაფად, ორგანიზებულად გაკეთდა, რასაც ვერც ერთი ქვეყანა ვერ შეძლებდა.

არადა, მთელმა მსოფლიომ იხილა ქაბულის აეროპორტიდან ამერიკული თვითმფრინავების გამოფრენის სცენები, ავღანელთა შტურმი — თვითმფრინავებში შესაღწევად და ა.შ. იხილა აეროპორტში განხორციელებული ტერაქტი თვითმკვლელი ტერორისტის მიერ და ქაბულის სასტუმრო „ბარონთან“ აფეთქებული ავტომანქანა, რომელმაც 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე შეიწირა. რაც შეეხება აეროპორტის ტერაქტს —მსხვერპლთა რაოდენობა უამრავი იყო — ჯამურად 200-ზე მეტი ორივე ადგილზე.

თვით ავღანელ თვითმხილველთა განცხადებით შახიდის მიერ ჩადენილ ტერაქტს ისეთი მსხვერპლი არ გამოუწვევია, როგორიც ამერიკელი ჯარისკაცების ნასროლ ტყვიებს. დახოცილთა დიდ ნაწილს ტყვია აქვს მოხვედრილი თავში. და აი, ასეთ დროს პრეზიდენტის განცხადება — ორგანიზებულ გამოსვლასთან დაკავშირებით, შემაშფოთებელია. შემაშფოთებელია იმიტომ, რომ 20-წლიან ომში დამარცხებული ჰეგემონი სახელმწიფო და მისი პრეზიდენტი, მსოფლიოს ნაცარს აყრის თვალში, უმტკიცებს, რომ 20-წლიანი წარუმატებლობა, წარმატებული იყო.

აშშ-ა შეასრულა თავისი მისია ავღანეთში, გაანადგურა მსოფლიოს N1 ტერორისტი ბენ-ლადენი და მისი ტერორისტული ორგანიზაცია „ალ-ქაიდა“. ასეთი იყო აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ბლინკენის განცხადება. ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებიც ტოლს არ უდებენ პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს ცრუ პატრიოტიზმში. რა გაეწყობა ასეთია ბუნება ჰეგემონი სახელმწიფოს — სიცრუესა და PR-ზე დაფუძნებულის. ტყუილის, სიმართლედ მოჩვენების ხელოვნებას ისე ოსტატურად ფლობს აშშ-ი, ხალხთა უმრავლესობას სჯერა მისი, თუმცა რაოდენობა, ამ უკანასკნელთა კლებულობს.

ავღანეთიდან თავქუდმოგლეჯილმა გამოქცევამ თვით აშშ-ს მოკავშირეებს გაუჩინა კითხვა — არის თუ არა აშშ-ი ჰეგემონი? და არა მარტო გაუჩინა, არამედ თვით გააცემინა ნეგატიური პასუხი თავისსავე დასმულ კითხვას. საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი უოლისი, დასავლეთის სხვა ქვეყნების მეთაურები და მაღალი რანგის მოხელეები ვაშინგტონის მოურიდებლად აცხადებენ, რომ სხვა ქვეყანაში შენი წეს-ჩვეულების დასამყარებლად შესვლა მიუღებელია.

დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ლოზუნგით სხვისი დამორჩილება ისტორიის მხოლოდ მოკლე პერიოდში არის შესაძლებელი და არა ხანგრძლივში, რაც ავღანეთმა დაადასტურა. ავღანეთმა დაადასტურა ისიც, რასაც დადასტურება არ სჭირდებოდა. მაგალითად ის, რომ ლგბტ მისთვის მიუღებელია. რამდენად ბრიყვი უნდა ყოფილიყო აშშ-ს პოლიტიკა, რომ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ლგბტ-ს კვირეული ჩაეტარებინა. მაგრამ არის ასეთი ქცევა სიბრიყვე?

ალბათ ნაკლებად. აქ ძალისმიერ ქვეყანასთან გვაქვს საქმე. ძალით დემოკრატიასთან, ძალით ადამიანის უფლებებთან.

11 სექტემბერს აშშ-ი გაიხსენებს ტერორისტულ თავდასხმას, რომელმაც 2000-ზე მეტი ადამიანი დახოცა და რომლის საპასუხოდ პრეზიდენტმა ბუშმა (უმცროსმა) გადაწყვიტა ავღანეთის დასჯა. „ალ-ქაიდა“ და „თალიბანი“ იყვნენ ტერორისტული თავდასხმის მთავარი შემოქმედნი.

20 წლის შემდეგ, ორივე ტერორისტული ძალა არსებობს და არა მარტო. „თალიბანი“ ავღანეთის მმართველია. 20 წელი იბრძოლა, იომა მის წინააღმდეგ მსოფლიოს სუპერ სახელმწიფომ, აბრძოლა თავისი მოკავშირეებიც. შედეგი?

თავისმომჭრელი მარცხი. ავღანეთიდან კუდამოძუებული გამოქცევა. აშშ-ა არა მარტო მორალური მარცხი იგემა, არამედ ფინანსური. ქვეყანამ 3 ტრილიონამდე დოლარი ჩააყარა ავღანეთის აგრესიას; იზარალა რიგითმა ამერიკელმა — გადასახადის გადამხდელმა, მაგრამ არა სამხედრო-სამრეწველო კორპორაციებმა. პირიქით, მათი შემოსავალი საგრძნობლად გაიზარდა, რის შესახებაც წერს თვით აშშ-ს პრესა.

Security Policy Reform Institute—მ დაასახელა სამხედრო კორპორაციების ხუთეული, რომელბმაც ზღაპრული ფული ჩაიჯიბეს — Lockheed Martin, Raytheon, General Dynamics, Boeing, Northrop Grumman. Watson Institute—ს მონაცემებით 2001-2021 წლებში აშშ-ა ავღანეთის ომში 2,313 ტრილიონი დოლარი დახარჯა. ინსტიტუტი თვლის, რომ ეს ციფრი, რომელიც მან სამთავრობო საიტებიდან ამოიღო, დაწეულია.

მოხსენების ავტორებს მოჰყავთ ჯულიან ასანჟის მიერ 2011 წელს ნათქვამი: „ავღანეთში ამერიკის ომის მიზანი არის ამერიკელი და ევროპელი გადასახადის გადამხდელთა ჯიბეებიდან ფულის ამოღება და სპეცსამსახურების, ასევე ტრანსნაციონალური კორპორაციებისთვის გადაცემა. მიზანი არის მუდმივი ომი და არა წარმატებული ომი“.

შვეიცარული გაზეთი „ნიუ ზურიხ ცაიტუნგი“ (Neue Zürcher Zeitung) ავღნიშნავს: „ავღანეთის აღდგენა არასდროს შედიოდა აშშ-ს ინტერესში. ტრილიონობით დოლარი დაიხარჯა ომისთვის. მხოლოდ უმნიშვნელო თანხა მოხმარდა ავღანეთის აღდგენას. არამიზნობრივმა ხარჯვამ და ფულის ფლანგვამ გამოიწვია ის, რომ ვაშინგტონმა ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწია“.

აშშ-ს კონგრესთან არსებული ავღანეთის აღდგენის სპეციალური გენერალური სამმართველოს ინსპექციის მონაცემებით, მხოლოდ 133 მილიარდი დოლარი (7% ავღანეთის ომში დახარჯული 2 ტრილიონი დოლარიდან) დაიხარჯა ქვეყნის აღდგენისთვის და აქედანაც უდიდესი თანხა მოხმარდა უსაფრთხოებას. მაგალითად, 90 მილიარდი — ავღანელი ჯარისკაცების წვრთნას, ნარკოტიკებით ვაჭრობასთან ბრძოლას; 37 მილიარდი დოლარი წარიმართა ინფრასტრუქტურული პროექტების, სოციალური პროგრამების, ჯანდაცვისთვის.

ავღანეთი, უწინდებურად არის მსოფლიო ოპიუმის უმსხვილესი მწარმოებელი. ყაყაჩოს წვენი, რომლისგანაც ჰეროინს ამზადებენ, ავღანეთის უმნიშვნელოვანესი დარგია. თუ ადრე „თალიბანი“ ჰეროინის წარმოების 60%-ს აკონტროლებდა, ამჯერად 100% აკონტროლებს.

660 მილიონი დოლარი დაიხარჯა ავღანეთის არმიისთვის ჯავშანმანქანების შესაძენად, თუმცა მათი წარმატებული გამოყენება ვერ მოხერხდა ავღანელი ჯარისკაცების რთულ სამხედრო ტექნიკაში გაუთვითცნობიერებლობის გამო.

ავღანეთის ყველაზე წარუმატებელ პროექტად იქცა გიგანტური გემების „ზამვოლტის“ მშენებლობა. მათი შექმნის იდეა გაჩნდა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ. ამ გემებით უნდა მომხდარიყო „ბოევიკების“ სამხედრო ბაზებსა და სასწავლო ბანაკებზე თავდასხმა. გემები უნდა აღეჭურვათ 80 რაკეტა „ტომაჰავკით“.

32 ასეთი გემი უნდა აეშენებინათ, თუმცა ააშენეს მხოლოდ 3. შემცირება მოხდა არა მარტო იმ მიზეზით, რომ თითოეულის ფასი ავიამზიდის ფასს უტოლდებოდა, არამედ წყალში ჩაშვების შემდეგ გაარკვიეს, რომ გემის მიერ სახმელეთო ოპერაციის განხორციელებამ დაკარგა აქტუალურობა. გარდა ამისა, ძრავში აღმოჩნდა გამოუსწორებელი წუნი, რომლის გამოც გემი კარგავს სიჩქარეს.

არც სამხედრო მშენებლობის სხვა სფეროშია წარმატებები. მაგალითად „რელსოტრონის“ 16-წლიანი კვლევითი სამუშაოები დაიხურა. მას უნდა დაემზადებინა ელექტრომაგნიტური ზარბაზანი, რომლის გასროლა ბგერაზე 6-ჯერ სწრაფი უნდა ყოფილიყო.

ამერიკულ კორპორაციებს უჭირთ ჰიპერბგერითი იარაღის დამზადება. კორპორაცია „ლოკჰიდმა“ მეორედ გამოსცადა ასეთი რაკეტა, თუმცა წარუმატებლად, რამაც მხოლოდ დაცინვა გამოიწვია ამერიკულ მედიაში.

აშშ-ს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარუმატებელმა მცდელობამ ათქმევინა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს, რომ რუსეთის მიერ დამზადებული ჰიპერზებგერით იარაღს არ ჰყავს მეტოქე მსოფლიოში და რომ რუსეთს ამ დარგში კარგა ხანს ვერვინ დაეწევა.

ასტრონომიული შემოსავალი ავღანეთის ომიდან მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რაც ამერიკულმა სამხედრო-სამრეწველო კორპორაციებმა მიიღეს ბოლო 20 წლის განმავლობაში. ბრაუნის ამერიკული უნივერსიტეტის შეფასებით, ყველა სამხედრო ოპერაცია, რომელიც აშშ-ა 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ განახორციელა ერაყში, სხვა ქვეყნებში ანტიტერორისტული ოპერაციების ჩათვლით, ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს 6,4 ტრილიონი დოლარი დაუჯდათ. ეს მსუყე თანხა ზემომოყვანილი 5 მსხვილი კორპორაციის ჯიბეებში დაილექა.

ავღანეთის ომში დახარჯული ფული განუზომელი რაოდენობისაა, მაგრამ კიდევ უფრო განუზომელია იმ სამხედრო მოსამსახურეთა სიცოცხლე, რომლებმაც ავღანეთის ავანტიურას შესწირეს თავი.

2021 წლის მაისის მონაცემებით 40 ქვეყანამ, რომელმაც ვერ გაუძლო აშშ-ს პრესს და ავღანეთს სამხედროები აფრინა, 1,1 ათასი ჯარისკაცი დაკარგა. დიდმა ბრიტანეთმა — 456, კანადამ — 157, გერმანიამ — 57, იტალიამ — 53, პოლონეთმა — 44, დანიამ — 43, ავსტრალიამ — 41, ესპანეთმა — 35, ნიდერლანდებმა — 25, რუმინეთმა — 27, თურქეთმა — 15, ჩეხეთმა — 14, აშშ-ა — 2,3 ათასი, მათ შორის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს 18 თანამშრომელი. გარდა ამისა, 26 აგვისტოს — 13 სამხედრო მოსამსახურე ქაბულში განხორციელებული ტერაქტის შედეგად.

ახლა, რაც შეეხება ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს: ლიტვა — ერთი სამხედრო დაიღუპა, 14 დაიჭრა; ლატვია — 4 დაიღუპა, 12 დაიჭრა; ესტონეთი — 9 დაიღუპა, 130 დაიჭრა. ბალტიისპირა რესპუბლიკების წვლილი — 14 დაღუპული, 156 დაჭრილი. აღნიშნული სულაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან სამივე ქვეყანა ნატოსა და ევროკავშირის წევრია.

7 წლის განმავლობაში ავღანეთში განაღმვით სამუშაოებს ატარებდა 30 უკრაინელი სამხედრო — დაღუპულისა და დაჭრილის გარეშე.

აზერბაიჯანმა 2002 წლის შემოდგომით გააგზავნა სამხედროები ავღანეთში. 16 წლის განმავლობაში აზერბაიჯანის კონტინგენტმა იქ 120 სამხედრო შეადგინა. ცნობა დაღუპულთა და დაჭრილთა თაობაზე არ არის. მათ თურქეთთან ერთად დატოვეს ავღანეთი.

სომხეთის კონტინგენტი ა.წ. მარტში გამოვიდა ავღანეთიდან. მათი რაოდენობა თებერვალში იყო 121. დანაკარგების თაობაზე ინფორმაცია არ არის.

და ბოლოს საქართველო. 2001 წლის 7 ოქტომბერს დაიწყეს აშშ-ა და მისმა მოკავშირეებმა სამხედრო ოპერაცია „თალიბანის“ წინააღმდეგ. 2011 წლის თებერვალში ჰელმანდის პროვინციაში დაიღუპა კაპრალი ავალიანი. ამ ამბავს პათოსით გამოეხმაურა საქართველოში ნატოს საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი გოგოტიშვილი: „საქართველოს ისტორიის მანძილზე ჩვენი ჯარისკაცები, ამერიკელი საზღვაო ქვეითების გვერდიგვერდ, პირველად, მათთან თანაბრად იღებენ მონაწილეობას ომში“.

ტელეკომპანია „პიკი“ ასე ხსნიდა ავღანეთში მიმდინარე ბრძოლებს: „იქ, ჩვენი კონტრაქტორები იბრძვიან — გამოცდილი საშუალო ასაკის ჯარისკაცები. ისინი იბრძოდნენ  სამხრეთ ოსეთში, ერაყში, კოსოვოში და იცოდნენ სად მიდიოდნენ. მათ არ უხარიათ, როდესაც ვიღაც კვდება, მაგრამ მორალურად არ ტყდებიან. ისინი ეხმარებიან ერთმანეთს“.

32 საქართველოს ჯარისკაცი შეიწირა ავღანეთმა, 435 დაჭრილ-დასახიჩრებული დაბრუნდა სამშობლოში.

ავღანეთიდან გამოქცევამდე 3 თვით ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამაყად განაცხადა: „საქართველო იყო ავღანეთში ნატოს მისიის უმსხვილესი კონტრიბიუტორი. ჩვენმა მეომრებმა დაამტკიცეს, რომ ქვეყანას შეუძლია წარმატებით ატაროს საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის კოლექტიური პასუხისმგებლობის ტვირთი. საქართველოს წარმატებული მონაწილეობა ნატოს მისიაში მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება სტრატეგიული მიზნის მისაღწევად — ნატოში გასაწევრებლად“.

საგარეო საქმეთა მინისტრი ზალკალიანი სიხარულს ვერ ფარავდა ბლინკენის სატელეფონო ზარის შემდეგ: „გაიგეთ, ხალხნო! მან აუცილებლად ჩათვალა პირადად დაერეკა და მადლობა გადაეხადა საქართველოს სამხედრო მოსამსახურეებისთვის მისიაში მონაწილეობის დროს განცდილი დანაკარგის გამო“.

არც საქართველოს პრეზიდენტი ჩამორჩა საერთო ეიფორიულ განწყობას: „საქართველოს არმიამ დაამტკიცა, რომ ნატოს გზაზე მას შეუძლია წარმატებით გადაჭრას კოლექტიური თავდაცვისა და უსაფრთხოების ამოცანები“.

ავღანეთის მისიაში მონაწილეობა მიიღო 20000-ზე მეტმა სამხედრომ. დაუფასებენ საქართველოს ავღანეთის ავანტიურაში მონაწილეობას ნატოში მიღებით?

ძალიან საეჭვოა. თუ ესტონეთის პრეზიდენტ კალიულაიდს დავუჯერებთ, 20 წლის განმავლობაში ამაზე ლაპარაკი ზედმეტია, არც ნატოზე, არც ევროკავშირზე, ვინაიდან ამ ორგანიზაციების მიერ მოცემულ საშინაო დავალებებს არ ვასრულებთ და რომც შევასრულოთ შიდა კონფლიქტებს (აბხაზეთ—სამხედრო-ოსეთს) თავს ვერ დავადგამთ, რაც არ იძლევა ნატოში შესვლის საშუალებას.

ავღანეთის მისია ძვირი არა მარტო ჯარისკაცთა სიცოცხლის ფასად დაჯდა, არამედ ბიუჯეტიდან დახარჯული მსუყე თანხებითაც, რაზეც სამწუხაროდ არვინ აკეთებს აქცენტს.

ავღანეთის ომის წარმატებით დასრულების შემთხვევაშიც კი უნდა გაემახვილებინათ ამ საკითხზე ყურადღება ჩვენს ე.წ. ექსპერტობას, მაგრამ ვინ გაბედავს ამას — აშშ-ს შიშით?!

და არა მარტო შიშით, არამედ გაუგებარ—გამოუცნობი კერპთაყვანისმცემლობით ყოვლისშემძლე აშშ-ს მიმართ. დაუფიქრებელმა, ლამის ღმერთის დონეზე ჩვენს მიერ აყვანილმა ამერიკამ ისე აგვიბნია თავგზა, იოლად გვაფიქრებინა დაღუპული ჯარისკაცების მშობლების პრიმიტიული ახსნა-განმარტებით, რომ მათი შვილი ნათელ დემოკრატიულ მომავალს შეეწირა, დამშვიდება.

კითხვა — რისთვის შესწირა ქართულმა პოლიტიკამ, ქართველი მეომრები მრავალი წლის განმავლობაში დაისმება, მაგრამ პასუხი — გონივრული, საზოგადოებისთვის მისაღები, მას არასდროს გაეცემა. გაეცემა იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიოს დღევანდელი ჰეგემონი ზეციდან დაბლა დაეშვება და რიგით ქვეყნებს გაუთანაბრდება. აი, მაშინ ანტიამერიკულად ის პოლიტიკოსები იყვირებენ, ვინც საკუთარი დივიდენდების მოსაპოვებლად წირავდა საქართველოს ცოცხალ ძალას.

რეალობა გვიკარნახებს ვთქვათ, რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების წვლილი ავღანეთის მისიაში მიზერულია აშშ-ს ან ნატოს სხვა წევრ ქვეყნებთან შედარებით, მაგრამ მარტო დაღუპულ მეომართა რაოდენობით განისაზღვრება ვითარება?

არამცდაარამც. ამერიკისადმი მონური სამსახურით განისაზღვრება და მზადყოფნით დაუყოვნებლივ ჩავერთოთ ნებისმიერ ავანტიურაში, რომელსაც ეს ქვეყანა ახორციელებს. დარწმუნებული ვარ დღეს, რომ სხვაგან წამოიწყოს ახალი აგრესია, კისრისტეხვით გამოვეკიდებით.

ქვეყანა, რომელიც ამერიკას მხარს უბამს მტკიცებაში, რომ მისია ავღანეთში წარმატებული იყო, უმალ დაივიწყებს ავღანეთიდან ა.წ. აგვისტოს სამარცხვინო გამოქცევას და ძველებურად მხარში დაუდგება მთავარ ავანტიურისტს, რომელმაც ავღანელ ხალხს ასეულ-ათასობით მშვიდობიანი ქალის, ბავშვის, მოხუცის, ახალგაზრდის სიცოცხლე გამოაკლო, მიწასთან გაასწორა ქვეყანა, გაზარდა ნარკოტიკების წარმოება, ათასობით მისი კოლაბორანტი ავღანელის სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. გააძლიერა, კბილებამდე შეიარაღა ის ტერორისტული ორგანიზაცია „თალიბანი“, რომლის წინააღმდეგაც 20 წლის განმავლობაში აწარმოებდა ომს. მილიონზე მეტი ლტოლვილი მიაყენა სხვადასხვა ქვეყნის კარს.

განა ასეთი ამერიკა „დასაფასებელი“ არ არის?!

უდავოდ არის და არა მარტო ის, არამედ ყველა მისი მოკავშირე, ვინც ავღანეთში იბრძოდა, მათ შორის ჩვენც — „გულადი“ საქართველო.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

07/09/2021