ღარიბაშვილის „დიდსულოვანი“ უარი

დღე ისე არ ჩაივლის, რაღაც ახალით არ „გაგვახაროს“ ხელისუფლებამ. ჯერ იყოდა ესტონეთის პრეზიდენტს კერსტი კალიულაიდს გასცა პასუხი ქალაქის მერმა კახი კალაძემ ისეთი, კუდით ქვა რომ ასროლინა ასე ჰგონია მერს და „ოცნებელებს“. ახლა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უთხრა ევროკავშირს — თქვენი ფული არაფერში გვჭირდება, იმდენი გვაქვს, ჩვენი არ ვიცით რაში დავხარჯოთო.

ხუმრობა იქით იყოსდა, პრემიერის განცხადება ამას გულისხმობს და სხვას არაფერს. მაპატიეთ, შევცდი. სწორედ სხვას გულისხმობს, თან ისეთს, კარგს რომ არაფერს მოუტანს ქვეყანას.

მაინც რით იყო გამოწვეული უღარიბესი ქვეყნის, უღარიბესი ბიუჯეტის მქონე მთავრობის მეთაურის „დიდსულოვანი“ განცხადება — ფული არ გვინდაო. ვისაც კინოფილმი „მიმინო“ აქვს ნანახი, გაახსენდება ასეთი სიუჟეტი: მოსკოვის აეროპორტში მყოფი ვალიკო, რომელსაც კინომსახიობი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე ასრულებდა და რომელსაც ჩაის დასალევი კაპიკებიღა ჰქონდა შემორჩენილი ჯიბეში, „დიდსულოვნად“ ეუბნება გამყიდველს — ხურდა არ მინდაო. ანდა რად ღირს ანეკდოტი — ქართველი რომ მოსკოვში ჟეტონს აწვდის „გარდერობშიცას“ სიტვებით — „პალტო ნე ნადაო“.

ძველი ანეკდოტია, მაგრამ ზედგამოჭრილი საჯდომზე შარვალგამოხეულ საქართველოს პრემიერზე. ერთი წელი არცაა, რაც ჩვენმა მამა-მარჩენალმა ბიძინა ივანიშვილმა დაგვიბრუნა „საყვარელი“ პრემიერი. ამ მოკლე პერიოდში იმდენმა ანტიოცნებურმა პრობლემამ იჩინა თავი, იმდენმა გამაღაზიანებელმა ფაქტორმა, რომ გონებააბნეული პრემიერი და მისი მთავრობა, მთლიანობაში მმართველი პარტია, პრობლემების მოგერიების პროცესში გადაიღალა და სრულ უვიცობას, უსუსურობას ავლენს მამა-მარჩენალის გულდასაწყვეტად.

მაგრამ აქვს კი ივანიშვილს პრობლემების სერიოზულად აღქმის უნარი?

რასაც ჩვენ, მომაკვდავი რიგითი მოქალაქეები ვხედავთ — არ აქვს! რომ ჰქონდეს, ამ მთავრობისგან — უცოდინარისა და ბრიყვისგან, უმალ გაათავისუფლებდა ქვეყანას. მაგრამ არა! ჩანს მასაც, ისე სტკივა საქართველო, როგორც ღარიბაშვილს, კობახიძეს, კალაძეს, სხვა „ოცნებელებს“.

ტკივილის რა ეტყობოდა პარტიის გენერალურ მდივანს, თბილისის მერს კალაძეს, როდესაც სხდომაზე ჯიქურ აცხადებდა „ელიავას ბაზრობის“ აღებაზე. „ელიავას ბაზრობა“, ის ადგილია, სადაც თბილისელები იაფ ფასებში ყიდულობენ სანტექნიკას, საშენ მასალას, ჭაღებს, სხვადასხვა სახის ნივთებს, ელექტრობოწყობილობებს, … .

„ელიავას ბაზრობაზე“ უამრავი ადამიანია დასაქმებული. ერთი იმდენი მათი ოჯახის წევრებია. და აი ამ ხალხს თეთრ კოსტიუმში გამოწყობილი მერი ჰპირდება უმუშევრად ყოფნას. ვიმეორებ, თეთრ კოსტიუმიანი „ფარშავანგი“, ანუ მერი. ტელეეკრანზე მისმა ხილვამ ძალაუნებურად დამაკავშირა იმჯამად სოჭში მიმდინარე სიმღერის ფესტივალ „ნოვაია ვოლნასთან“. დარბაზი სავსე იყო გადაპრანჭული, თეთრებში გამოწყობილი „პუბლიკით“. მერიც იმ „პუბლიკიდანაა“.

მერი, კაბინეტში შეფრენილ ფარშავანგს ჰგავდა. მერიის სხდომამ და კალაძის ნათქვამმა ერთი ძველი ანეკდოტი გამახსენა: ცირკის ჯამბაზი დირექციას ახალ ნომერს სთავაზობს. დარბაზის ჭერში დიდ ბუშტს გამოვკიდებ — განავლით სავსეს. მე, თეთრ კოსტიუმში გამოწყობილი, ვიღებ თოფს და ვესვრი ბუშტს. ბუშტი სკდება — პუბლიკა მძღნერშია (მაპატიეთ), მე კი თეთრში ვარ გამოწყობილი.

ანეკდოტი ზუსტად შეეფერება კალაძის ქცევას. მისმა ნათქვამმა მძღნერში ამოავლო ელიავას ბაზრობის მოვაჭრეები და არა მარტო ისინი, თბილისელებიც, რომლებიც იაფი საქონლის შეძენისთვის სტუმრობენ ბაზრობას.

ბაზრობა არ შეეფერებაო თბილისის იერსახეს. თბილისის იერსახეს ბევრი რამ არ შეეფერება, უპირველესად უვიცი, უზრდელი, თავხედი, უცოდინარი მერი, მაგრამ სად არის პატრონი? ამ შემთხვევაში ხალხი, ამომრჩეველი მყავს მხედველობაში. სად არის ოპოზიცია?  

ორივენი დუმან. პირველი არჩევნების ხმის გაყიდვის მოლოდინშია გარინდული, მეორე — უსუსურობაში, ისეთში, ხელისუფლებას რომ არ ჩამორჩება. ხელისუფლება იმდენ „სატოპკეს“ უწევს ოპოზიციას, დარტყმის მეტი რომ არაფერი უნდა. ვერ იყენებს და რომ ვერ იყენებს, უნებლიედ ფიქრობ — „შეკრულები“ ხომ არ არიან?! არის რამე გასაკვირი ამ ქვეყანაში? არც არაფერი!

პრემიერი, რომ ევროკავშირს ფულად დახმარებაზე ეტყვის უარს — „პალტო ნე ნადაო“ გაგიკვირდება რამე — დამშეული ქვეყნის, დაცარიელებული ბიუჯეტის მქონეს? „ჩვენ გადავწყვიტეთ, თავი შევიკავოთ ამ ტრანშისგან, რომელიც არც დახმარებაა და არც გრანტი. ჩვენი მიზანია საგარეო ვალის შემცირება“.

რა გამოდის, ღარიბაშვილმა უარი თქვა 75 მილიონ ევროს დახმარებაზე და არა სესხზე, თუმცა მან მოგვატყუა, რომ ეს არის სესხი.

არა მეგობრებო, ეს დახმარებაა და არა სესხი, მაგრამ იმისთვის, რომ ღარიბაშვილმა ჩვენს წინაშე თავი იმართლოს აცხადებს, რომ არ სურს საგარეო ვალის გაზრდა, რომელიც 7,5 მილიარდი დოლარია.

ღარიბაშვილის გარდა დემაგოგიური განცხადება გვაჯახა „ოცნების“ ლიდერმა კობახიძემ: „ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების 75 მილიონი ევროს მიღებას აღარ აქვს ფინანსური დატვირთვა, ვინაიდან ღმერთის წყალობით ეკონომიკური ვითარება სხვაგვარია. ბიუჯეტში მოხდა 1 მილიარდი ლარის აკუმულირება — მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად, ამდენად ეს დახმარება აღარ ატარებს საფინანსო დატვირთვას. რაც შეეხება ამ საკითხის პოლიტიკურ მხარეს ევროკავშირის გადასაწყვეტია, მაგრამ „ქართული ოცნება“ უპირველესად ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მეორე — ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს“.

რატომ გამოგვიყო ევროკავშირმა 150 მილიონი ევროს დახმარება?

„კოვიდ-19“-თან საბრძოლველად. გარდა ამისა, სასამართლო სისტემაში რეფორმების გასატარებლად, შარლ მიშელის მიერ შემუშავებული დოკუმენტის აღსასრულებლად.

აღნიშნულის თაობაზე არაერთხელ განაცხადა ბრიუსელმა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ ფეხებზე დაიკიდა. უმაღლესი სასამართლოს ახალი მოსამართლეების დანიშვნისას არ შეასრულა ევროკავშირის მოთხოვნა — კანონმდებლობის შეცვლა, არ  გაითვალისწინა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიც.

საქართველოს პარლამენტმა 9-დან 6 კანდიდატს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე თანხმობა მისცა. სხდომაში ოპოზიციას არ მიუღია მონაწილეობა, რასაც ევროკავშირი დარღვევად მიიჩნევს და უარს ამბობს მეორე ტრანშის, ანუ 75 მილიონი ევროს გამოგზავნაზე. პირველი საქართველომ უკვე მიიღო. რა გამოდის?

ღარიბაშვილმა, რომელმაც გაიგო, რომ დავალების შეუსრულებლობის გამო ევროკავშირი აღარ აპირებს 75 მილიონის გადმორიცხვას, განაცხადა — რომ ვითომ ის არის უარზე ამ ფულის მიღების, იმის შიშით, რომ არ გაზარდოს ქვეყნის ვალი. არადა, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 150 მილიონი ევრო დახმარებაა და არა სესხი.

ახლა დავსვათ მარტივი კითხვა — რა უფლება აქვს პრემიერ-მინისტრს უარი თქვას ხალხის დასახმარებლად გამოყოფილ ფულზე?

არც არაფერი. ღარიბაშვილო! ევროკავშირმა ეს ფული არა შენ ან შენს მთავრობას, არამედ ხალხს — მშიერსა და მწყურვალეს გამოუყო „კოვიდ-19“-ნ საბრძოლველად. მისი მოთხოვნა იყო იმ რეფორმების შესრულება, რომელსაც ხელი მოაწერე. შენ რა გააკეთე?! უარი თქვი რეფორმებზე, განსაკუთრებით იმაზე, რომ ადგილობრივ არჩევნებში 43% არმიღების შემთხვევაში, დანიშნავ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს.

არა მარტო შენ, ღარიბაშვილო, არამედ შენი პარტიის თავმჯდომარე კობახიძეც იმ აზრს ადგას, რომ არავითარ ვადამდელ არჩევნებს ადგილი არ ჰქონდეს. აი, მისი სიტყვები: „ქვეყანა კონსტიტუციურ სივრცეს დაუბრუნდა და არავითარ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ადგილი არ ექნება, თუნდაც მმართველმა პარტიამ ერთი პროცენტიც ვერ მიიღოს ადგილობრივ არჩევნებში“.

რა გამოდის?! ღარიბაშვილი უარს ამბობს ხალხისთვის გამოყოფილ ფულზე, იმიტომ, რომ არ უნდა ევროკავშირის დავალების შესრულება — 43% არმიღების შემთხვევაში, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა. ღარიბაშვილის, კალაძის, კობახიძის, სხვების მიზანი ერთია ადმინისტრაციული რესურსის, სხვა მავნე გზების გამოყენებით ადგილობრივი არჩევნების მოგება, თან დიდი ანგარიშით.

ასეთ დროს ვის აინტერესებს ხალხი — მშიერი, გაუბედურებული. მას 2 ოქტომბერს გაიხსენებენ, მანამდეც თეთრებს გადაუგდებენ და მორჩა. ისიც — ყვავს კაკალი გააგდებინეს ფილოსოფიას დაუფლებული, შეირგებს ამ თეთრებს და როდესაც არჩევნები ჩამთავრდება, მერე დაიწყებს უსაგნო ჟივჟივს.

რა გაეწყობა, ასეთია უპასიხისმგებლო ხალხის ბედი, რომელსაც მომავალი არ აქვს. იძახეთ ახლა — ივანიშვილმა სამება ააშენაო.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

03/09/2021