ავღანურ-კოვიდური თავსატკივარი

ვიდრე წინამდებარე სტატიის მთავარ თემას შევეხები, მოკლედ ვიტყვი იმ პრობლემების შესახებ, რომლებიც ავღანეთში აშშ-ს და მისი მოკავშირეების (საქართველოს ჩათვლით) აგრესიამ მოუტანა მსოფლიოს. წინა სტატიაში აღვნიშნე იმ კოლოსალური ხარჯის თაობაზე, აშშ-ა რომ გასწია ავღანეთში. ვთქვი მოკავშირეთა ომში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებზეც, თვით ავღანელთა მსხვერპლზეც, მაგრამ ფაქტების ჩამოთვლით საერთო ვითარება უკეთესობისკენ არ იცვლება, მეტიც უარესდება, მოსალოდნელი პრობლემების სიუხვის გამო.

მათ შორის აღსანიშნავია ლტოლვილების პრობლემა, ისე, როგორც „თალიბებსა“ და მათ მოწინააღმდეგე დაჯგუფებებს შორის წამოჭრილი სადავო საკითხების იარაღით გადაჭრის საშიშროებაც. იარაღით საკითხების მოგვარება სამოქალაქო ომია, რაც თავისთავად გააჩენს ამ ისედაც ბობოქარ ქვეყანასა და რეგიონში მორიგ ცხელ წერტილს, რომლის ხანძარში გადაზრდას ისევ ისინი შეუწყობენ ხელს, ვინც 20 წლის განმავლობაში ავღანეთის „მორჯულებით“ იყვნენ დაკავებულნი.

აშშ-ა დატოვა ავღანეთი, მაგრამ ასობით კოლაბორანტი და მოკავშირე ავღანელი დატოვა იქ, რომლებსაც ნებისმიერ დროს, „პატრონის“ დაძახებაზე შეეძლება ცხელ წერტილს სული შეუბეროს და ხანძრად აქციოს.

„თალიბანი“ ყველას ვერ გასწვდება, ყველას ვერ გააკონტროლებს. აშშ-ა და მისმა მოკავშირეებმა ავღანეთი მრავალი წლის განმავლობაში მსოფლიოს განუკურნებელ ავადმყოფობად აქციეს, რომლის შესახებ უნდა ილაპარაკოს მსოფლიომ და არა მარტო ილაპარაკოს, მხარში ამოუდგეს ჩინეთს, რომელმაც ოფიციალურად მოითხოვა აშშ-ს აგრესიის გამოძიება და დამნაშავის დასჯა.

ჩინეთს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია. ეს ქვეყანა ერიდება სხვა ქვეყნების ლანძღვას, მითუმეტეს დადანაშაულებას, მაგრამ აწონ-დაწონა რა ამერიკისა და მისი მოკავშირეების 20-წლიანი ამაზრზენი საქციელი, ჩადენილი ავღანეთში, გადადგა ასეთი ნაბიჯი.

ავღანეთით შეშფოთებული არიან აშშ-ს ევროპელი მოკავშირეებიც. უპირველესად იმით, რომ გაუცრუვდათ იმედი მათი „ღმერთის“, აშშ-ს ყოვლისშემძლეობაში, ძლევამოსილებაში, მსოფლიო ჟანდარმობაში. უმალ ჩაიხედეს სარკეში და დაინახეს საკუთარი შეშინებული სახეები. დაინახეს საკუთარი უსუსურობა და დასვეს კითხვა — დაჩუტული ჰერაკლე შეძლებს მათ დაცვას?

ვისგანო? — იკითხავს მკითხველი. როგორ ვისგან? — აგრესიული რუსეთისგან!

არადა, ეს ზღაპარიც ხომ აშშ-ა შეთხზა მთელი მსოფლიოს გასაგონად?! — რუსეთი აგრესორი ქვეყანაა. მზადაა დაიპყროს ევროპა, მეზობელი ქვეყნები.

აშშ-ს მიერ შეთხზული მითი, თავსმოხვეული მოკავშირე ქვეყნებზე, სხვებზეც, აღწევს მიზანს რიგით ადამიანებში. რაც შეეხება ბობოლა ზემდგომებს, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან, თაღლითობა შეისწავლეს ზედმიწევნით, რომელიც ისტერიულ წივილში გადადის — გვიშველეთ, რუსი მოდის, დაგვახმარეთ ჯარი, იარაღი, ფული.

„რუსი მოდის“ მუდმივმა ძახილმა, ისიც კი დაარწმუნა ამ აბსურდში, ვინც  კარგად იცოდა და იცის მიზანი ამ ტყუილისა — რუსეთის დისკრედიტაცია. ანალოგიური ტყუილების ბურუსში ახვევს საქართველოს ხელისუფლება ხალხს და ისეთ ზღაპრებს ასმენინებს —„კრემლის ჰაკერებმა“ რომ ზემოქმედება მოახდინეს ბრიტანულ მედიაზე. ეს ზღაპარი ბრიტანულმა სპეცსამსახურებმა „გამოავლინეს“ და აცნობეს მსოფლიოს — საგარეო საქმეთა მინისტრის რააბის მკაცრი განმარტებით.

ზედიზედ, სამი დღის განმავლობაში ქართული მედიის „ტოპ პირველი“ სენსაციური „ნიუსი“ სწორედ ეს იყო, საქართველოსი, რომელსაც უამრავი საყოფაცხოვრებო პროპლემა აქვს დაგროვილი უნიათო, უთავო პოლიტიკოსების, ხელისუფლების მიერ შექმნილი, მათ შორის გამოკვეთილია „კოვიდ-19“ თემა, რომლის თაობაზეც ქვემოთ მოგახსენებთ.

ევროპას არა მარტო რუსეთის აგრესიის შიში აქვს, არამედ ავღანელი ლტოლვილების. ევროკავშირს, რომელმაც ჩრდილო აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ლტოლვილობას თავი ვერ დაადგა, ახალი ლტოლვილების წინაშე დგას, ამჯერად ავღანეთის. თუ პირველ ლტოლვილობაში აშშ-ს წვლილი განუზომელია, მეორეშიც — განუზომელზე განუზომელია.

„თალიბების“ შიშით, მათი პოლიტიკის მოწინააღმდეგე ავღანელებს საკუთარ ქვეყანაში აღარ დაედგომებათ და თავის გადარჩენის მიზნით მეზობელი ქვეყნების საზღვრებს აწყდებიან. სულ მალე ისინი ევროპას შტურმით აიღებენ, გაცილებით მეტნი, ვიდრე ევროპის ქვეყნებმა გამოთქვეს მათთვის თავშესაფრის მიცემის სურვილი.

ეს სურვილი, ათეულებს მოიცავს, მაგრამ არა ასეულებს და ათასეულებს. მილიონობით ლტოლვილს ასი ან ათასი, თუნდაც რამდენიმე ათასისთვის თავშესაფრის მიცემა დააკმაყოფილებს?!

ავღანეთში 2001 წლის აგრესიის დაწყებისას არვინ იფიქრა რა  მოჰყვებოდა უმცროსი ბუშის ავანტიურას. ვინც იფიქრა, იმან დიდი ფული ჩაიჯიბა, რის შესახებაც წინა სტატიაში ვწერდი. იმათი წაქეზებით ამოიყარა ჯავრი აშშ-ა „ალ-ქაიდას“ მიერ ამერიკაზე განხორციელებულ ტერაქტზე. შურისძიება ხანმოკლე გამოდგა. „ალ-ქაიდა“, „თალიბანი“ ისევ ცოცხლები არიან, მომძლავრებულნი, მორალურად წელში გამართულნი. ხუმრობა საქმე ხომ არ არის მსოფლიოს პირველი ქვეყნის — კბილებამდე შეიარაღებულის, ბირთვული იარაღის მქონის და მისი მოკავშირე ქვეყნების, ასევე ბირთვული იარაღის მქონეთა დამარცხება?!

ევროპას, ისე, როგორც აშშ-ს სხვა მოკავშირე ქვეყნებს მაშინ არ უფიქრიათ რა მოჰყვებოდა ავღანეთში მათ აგრესიას. არ უფიქრიათ და ვერც იფიქრებდნენ — გამარჯვებაში დარწმუნებულები. გამარჯვებულს კი არვინ ასამართლებს. და რახან გამარჯვებაზე იყვნენ ორიენტირებულნი, თავისთავად გამორიცხავდნენ ლტოლვილობასაც.

განგებამ სხვაგვარად ინება, რისთვისაც ვიღაცამ, ამ შემთხვევაში აშშ-ა პასუხი უნდა აგოს. აი, ამას ითხოვს ჩინეთი — გამოძიებას, პასუხისგებას.

არანაკლებ მნიშვნელოვანია კომპენსაცია. დაზარალებულისთვის ფულის გადახდა, მატერიალური დახმარების უზრუნველყოფა. ომში დახოცილებს აღარაფერი ეშველებათ, მაგრამ მათი ოჯახის წევრებს წყალივით, ჰაერივით ესაჭიროებათ კომპენსაცია. მხედველობაში ავღანეთის მშვიდობიანი მოსახლეობა მყავს და არა ტერორისტები.

მაძღარმა ევროპამ კეთილი უნდა ინებოს და უზრუნველყოს მისგან გაუბედურებული ქვეყნის ლტოლვილების შეფარება. ავღანეთში დარჩენილი დაზარალებული ოჯახებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევა და სხვა.

არათუ დახმარებას, ავღანეთის კუთვნილ ფულს, აშშ-ს ბანკებში განთავსებულს, არ იძლევა ყოფილი მამა-მარჩენალი.

ავღანეთის ხელისუფლებას დახმარებასაც გავუწევთ და ოფიციალურადაც ვაღიარებთ, თუკი ის ჩვენს მიმართ კეთილად იქნება განწყობილი — განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა გერმანიაში სახელდახელოდ გამართულ G7 საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტზე, რომელმაც ავღანეთის საკითხი განიხილა. სამიტში რუსეთიც იყო მიწვეული, მაგრამ მან მონაწილეობაზე უარი თქვა.

ავღანეთმა გამოაცხადა დროებითი მთავრობა, რომელთა შორის 4 მინისტრი ტერორიზმის ბრალდებით გუანტანამოს ციხეგამოვლილია. მინისტრებისთვის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის სტატუსის მინიჭება სხვა არაფერია, თუ არა ტერორისტთა მინისტრებად გამწესებით გაღიზიანებულ დასავლეთს აფიქრებინონ, რომ გადაწყვეტილება დროებითია და მალე შეიცვლება.

ავღანეთში შექმნილი ვითარება პროგნოზირებული თუ ნაკლებად პროგნოზირებული, მსოფლიოს თავსატკივარი რომ იქნება, ისეთივე რეალობაა, როგორც „კოვიდ-19“. იტალიაში G20-ს მედიკოსთა შეხვედრაზე, ლამის თითოეული ჩვენგანის ოჯახის წევრად აღქმულმა ამერიკელმა ვირუსოლოგმა ფაუჩიმ „დაგვამშვიდა“, ეს დაავადება 2 წლის განმავლობაში იქნებაო. ისეთი პირი უჩანს „კოვიდობას“, 2 წლის გავლის შემდეგ კიდევ 2 წლით „გაუხანგრძლივებენ სიცოცხლეს“.

განვლილმა 2 წელმა გვაჩვენა, რომ 2-ჯერადი აცრაც კი დიდ ეფექტს არ იძლევა და ახლა 3-ჯერადზე ლაპარაკობენ. საზოგადოებაც შეეჩვია ვირუსოლოგთა ვარაუდებით ლაყბობას, ყურადღებასაც არ აქცევს დაღუპულთა რაოდენობას, რომელმაც პატარა საქართველოში 24-საათში 70 შეადგინა, არც სხვა დღეებში იყო ნაკლები — 60/65 და ა.შ., მსოფლიოში კი 72000.

ხშირად ვისმენთ მეცნიერთა განცხადებებს ვირუსის ხელოვნურობასთან დაკავშირებით. ისტორიას ჩაბარდა ვერსია ღამურიდან ადამიანზე გადასული დაავადების თაობაზე. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ გაბედა და არ გამორიცხა ვირუსის, ლაბორატორიაში ხელოვნურად გამოყვანაც.

ჯერ კიდევ ტრამპის პრეზიდენტობის დროს ვირუსის შექმნისთვის ჩინეთი დაადანაშაულეს და მოითხოვეს ქ.უხანის ლაბორატორიის შემოწმება, რაც განხორციელდა კიდევაც. თუმცა უშედეგოდ. ექიმებმა ვერ მიაგნეს ვირუსის ხელოვნურად შექმნის კვალს.

ტრამპის ვერსია ახლანდელმა პრეზიდენტმა ბაიდენმაც აიტაცა და დაავალა ამერიკელ ვირუსოლოგებს იმის შესწავლა — არის თუ არა ჩინეთი დამნაშავე „კოვიდ-19“-ს შექმნაში. კვლევის შემდეგ მეცნიერებმა გამორიცხეს ჩინეთის „წვლილი“ ამ საქმეში. აშშ-ს ადმინისტრაციის მოქმედებამ აღაშფოთა ჩინეთის ხელისუფლება და მანაც თავის მხრივ აშშ-ი მიიჩნია „კოვიდ-19“ შემქმნელად.

ჩინელთა ვერსია გვეუბნება, რომ ვირუსი ფორტ-დედრიკის ლაბორატორიაში გამოიყვანეს და ვირუსოლოგთა ზერელე დამოკიდებულების შედეგად ვირუსმა ლაბორატორიის კედლებიდან ღია სივრცეში იწყო ნავარდი.

ჩინელებმა არაერთი მაგალითი მოიყვანეს მუშაობის პერიოდში მეცნიერ-მუშაკთა უპასუხისმგებლო ქცევისა, რამაც გამოიწვია ფორტ-დედრიკის შემოგარენის მაცხოვრებლებში დაავადების გავრცელება, თანაც გაცილებით ადრე, ვიდრე ამას ადგილი ჰქონდა ქ.უხანში.

ჩინელები უფრო შორს მიდიან და მოითხოვენ საკითხის სერიოზულ შესწავლას, დამნაშავეთა დასჯას, რასაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს ადგილი, ვინაიდან „კოვიდ-19“ არა მარტო მასობრივი მსხვერპლი გამოიწვია, არამედ რამდენიმე წლით უკან დასწია მსოფლიოს ეკონომიკა, ხალხი დააშორა ერთმანეთს, დააავადა ის.

დღესაც არ იცის მსოფლიომ დაავადებისგან თავის დაძვრენის გზები. დღესაც არ არის დარწმუნებული იმ ვაქცინების ეფექტიანობაში, რომლებითაც ცრიან ხალხს. დღესაც უძლურია კაცობრიობა მიახლოებით თქვას როდის შეძლებს დაავადების განეიტრალებას. ჩიხში მოქცეული კაცობრიობისთვის ორი გამოსავალია — მასობრივი ვაქცინაცია და „კოვიდ-19“-თან ერთად ცხოვრება.

„კოვიდთან“ ერთად ცხოვრების იდეა გერმანიის კანცლერმა მერკელმა გააჟღერა, რაც უდავოდ გასაზიარებელია. საზოგადოება უნდა შეეგუოს დისტანციურ არსებობას, ერთმანეთის დანდობას, კოვიდამდე არსებულ თავაშებულობისგან, თავშეკავებაზე გადასვლას, მარტივი ჰიგიენური პროცედურების დაცვას, სხვა მრავალი მსუბუქი ქცევის დავიწყებას, რასაც „კოვიდამდე“ არვინ აქცევდა ყურადღებას.

„კოვიდური“ ცხოვრების წესის გაზიარება არცთუ იოლია, მაგრამ როდესაც სხვა გზა არ არსებობს, ისეთს უნდა დაადგე, ნაკლები ზიანის  მომტანი რომ იყოს. ვინ უნდა გადადგას პირველი ნაბიჯი?

ხელისუფლებამ. მხოლოდ მას ევალება ხალხისთვის ოპტიმალური გზების გამოძებნა. მან უნდა შეახამოს ერთმანეთს ვირუსით გამოწვეული საფრთხეები და ცხოვრების მოთხოვნები, ეკონომიკური პრობლემები და ვირუსის გავრცელების შიშით გამოწვეული შეზღუდვების დაწესება. შეზღუდვებით გამოწვეული ეკონომიკური ჩავარდნების და დაავადების გავრცელების რისკის ერთმანეთთან „დაპირისპირება“ და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება.

ამ რთულ პროცესში მედიკოსთა სიტყვას ყურადღება უნდა ექცეოდეს, მაგრამ თვით მედიკოსთა სიტყვა აწონ-დაწონილი, რეალობასთან ახლოს მყოფი უნდა იყოს და არა ისეთი, რასაც დღეს ვისმენთ. მედიკოსთა თქმით, ხელისუფლება არ იზიარებს ან იზიარებს, მაგრამ არ ასრულებს მათ რეკომენდაციებს.

არათუ ხელისუფლებას, ჩვეულებრივ მოქალაქეებსაც უჩნდებათ ეჭვი იმ სახელების ქართულ მედიაში ტრიალით, როგორებიცაა გამყრელიძე, ცერცვაძე, იმნაძე, კულუმბეგოვი, სხვები. ლამის მედია-ვარსკვლავებად ქცეულნი ყველაფერზე მსჯელობენ, გარდა მოსახლეობისთვის მარტივი ახსნა-განმარტების მიცემისა. მათ ვერადავერ მოახერხეს საზოგადოების დარწმუნება ვაქცინის გაკეთების აუცილებლობაში.

ტელევარსკვლავობის ამპლუაში ყოფნის ნაცვლად მათ რომ კარდაკარ ევლოთ და მოსახლეობისთვის აეხსნათ ვაქცინირების სიკეთეები, სავალალო სურათი რაც დღეს გვაქვს, არ იქნებოდა. ნუთუ, ძნელი იყო საპატრიარქოს დარწმუნება ვაქცინაციის გარდაუვალობაში?! ნუთუ, ძნელი იყო მოსახლეობისთვის იმის ახსნა, რომ ნემსის გაკეთებას პაციენტი ვერც კი იგრძნობდა?

ყველაფერთან ერთად მას ხომ ნემსის გაკეთებისაც ეშინია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც  ტელეეკრანზე, ტელეკამერის მიერ ახლო მანძილზე გადაღებულ გადიდებულ ნემსს ხედავს?

ნუთუ ძნელი იყო იმ მოარული მითების განეიტრალება, რომლის მიხედვით, აცრის შემდეგ, ერთი კვირა ტანი არ უნდა დაიბანო, ფიზიკურად არ უნდა დაიტვირთო და ა.შ.

ნაცვლად ამისა, ჩვენი „გმირი ტელევარსკვლავები“ ვაქცინებს გვირჩევენ, რომელი, რომელს სჯობს ცხადია ამერიკული „ფაიზერის“ სასარგებლოდ. როდესაც „ტელევარსკვლავი“ ექიმები გვეტყვიან არავითარ შემთხვევაში რუსული „სპუტნიკ-V“ არ გამოიყენოთ, ვინაიდან ოკუპანტი ქვეყნის  პროდუქციააო. უნებლიედ იბადება კითხვა — ვინ არიან ისინი, ექიმები თუ პოლიტაგიტატორები?

ძნელია დაიჯერო ასეთთა რჩევა-დარიგება, სადაც რჩევაც არ არის. სადაც რჩევა ძალისმიერი ღონისძიების დაწესებით არის შეცვლილი. გამყრელიძემ განაცხადა, რომ 13 სექტემბერს საზოგადო ტრანსპორტის მუშაობა აღდგება, მაგრამ სხვა შეზღუდვები უნდა მოვიფიქროთო. ისევ „ლოკდაუნი“ ხომ არ გამოგვეცხადებინა? ისევ, ხომ არ ჩაგვეკეტა მოსახლეობა სახლებში, ჩაგვეკეტა საზკვების ობიექტები, მაღაზიები, თეატრები, სასაფლაოებიც კი?!

ხომ ჩავკეტეთ და შედეგად რა მივიღეთ? ჩაკეტვიდან ორ, სამ თვეში გარდაცვლილთა ასტრონომიული რაოდენობა! დაქცეული ეკონომიკა! შიმშილის ზღვრამდე მისული მოსახლეობა! გაკოტრებული წვრილი და საშუალო ბიზნესი! ჯიბეგაფხეკილი მოსახლეობა!

ჩაკეტვა, ჩარაზვა, ტრანსპორტის მუშაობის აკრძალვა, სხვა ადმინისტრაციული, სადამსჯელო ოპერაციების გატარებას ჭკუა და განსჯა არ სჭირდება. ხელისუფლება ბრძანებს და აღსრულდება, მაგრამ არა ხელისუფალთათვის. კარგად გვახსოვს „ლოკდაუნის“ ჟამს ხელისუფალთა ქეიფი და დროსტარება გვიან ღამიდან, დილამდე და ეს მაშინ, როდესაც ქუჩაში გადაადგილებაც აკრძალული იყო.

გვახსოვს პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის ნათქვამიც ქორწილებისა და ქელეხების არდაშვებასთან დაკავშირებით. ისიც გვახსოვს, როგორ იქეიფა მან ოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებულის პატივსაცემ სუფრაზე. იმასაც ვხედავთ, როგორ დაარბენინებს ქალაქიდან, ქალაქში „ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატებს. ამ რიტუალს თავისთავად ახლავს სუფრა რაიონში ან ქალაქში, რომელ ხელმძღვანელს მოუვა თავში პრემიერ-მინისტრის მსუყე გამასპინძლების გარეშე დატოვება?

დევიზი — რაც ეპატიება ხელისუფლებას, არ ეპატიება ხალხს, ყოველგვარ საზღვრებს სცდება.

აქვე უნდა აღვნიშნო ვაქცინაციის დაწყების ვადების არაერთხელ გადაწევა, რაც ვაქცინების არაორგანიზებულ შემოტანას უკავშირდებოდა. ხელისუფლებამ თავიდანვე უარი თქვა რუსული „სპუტნიკ-V“ შემოტანაზე — პოლიტიკური მოსაზრების გამო. წლის პირველ თვეებში იყო შესაძლებელი ამის გაკეთება, მაგრამ ხალხის სიცოცხლეს ამჯობინეს „სპუტნიკ-V“-ის შემოტანის უარი, რითაც აშშ-ს გული მოიგეს საკუთარი მოსახლეობის სიცოცხლის სანაცვლოდ. რა იყო ეს, შიში „სტრტატეგიული პარტნიორისა“ თუ ამერიკული ვაქცინა „ფაიზერის“ ყოვლისშემძლეობის ფანატიკური ტრფიალი?

ის, რომ ხელისუფლებას დასავლეთის ეშინია, სიმართლეს შეეფერება, მაგრამ ეს შიში მაშინვე უქრება, როდესაც საქმე მის პირად ბედნიერებას ეხება. ხელისუფლებისთვის ბედნიერება კი ქვეყნის სათავეში ხანგრძლივი ყოფნაა. სწორედ ხანგრძლივი ყოფნის გულისთვის უშიშრად მიაფურთხა მან შარლ მიშელის დოკუმენტს, რომელზეც ხელი ჰქონდა მოწერილი, რითაც უარი სტკიცა დასავლეთს, უზენაეს სასამართლოში ცვლილებების განხორციელებაზე და ადგილობრივი არჩევნების ისე ჩატარებაზე, როგორც დასავლეთი ითხოვდა. ხელისუფლებამ არა მარტო ამაზე თქვა უარი, არამედ ევროკავშირის 75-მილიონიან (ევრო) დახმარებაზეც.

„სპუტნიკ-V”-ზე და დახმარებაზეც უარის თქმა სულაც არ ნიშნავს საქართველოს ხელისუფლების სუვერენულობას, საკუთარი პოლიტიკისა და პოზიციის ქონას. ორივე, მისი თაღლითობის ამსახველია. პირველი, ვითომ შიშის, დასავლეთის წინაშე, სინამდვილეში დასავლეთის არგაღიზიანება „სპუტნიკ-V”-ით. ხალხს, არა უშავს, დაიცდის!

მეორეც, ამ „ოპერიდანაა“ — არა უშავს, ხალხი დახმარების გარეშეც გადაიტანს გაძაღლებულ ცხოვრებას. რა დროს ხალხია, როდესაც „ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნას წყალს შეუყენებს შარლ მიშელის დოკუმენტი?

„კოვიდ-19“ ამაყად დააბიჯებს დედამიწაზე, მაგრამ არანაკლებად — შიმშილი. ყოველ წუთს მსოფლიოში შიმშილით 11 ადამიანი კვდება, რაც გაცილებით აჭარბებს „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილებს — 7, ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ შიმშილის ვირუსი უფრო სახიფათოა, ვიდრე „კოვიდ-19“-ის.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით, გასულ წელს ვირუსით 1,8 მილიონი ადამიანი დაიღუპა, შიმშილით დაღუპულები კი 5,5-ჯერ აჭარაბებდნენ „კოვიდით“ გარდაცვლილებს.

გაეროს მიხედვით, 2021 წლის აპრილში შიმშილმა მოიცვა მსოფლიო მოსახლეობის 296 მილიონი ადამიანი, ანუ 1.11 მილიონით მეტი, ვიდრე 2020 წელს. „ფაო“-ს (FAO) მონაცემებით, ბოლო წლებში მსოფლიოში მოშიმშილეთა რაოდენობის ზრდა თვალშისაცემია. მიზეზი ამისა მრავალია, მაგრამ ბოლო 2 წლის განმავლობაში „კოვიდ-19“ გავრცელების შიშით გამოწვეული „ლოკდაუნები“, მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაცემა, სამუშაოს და შემოსავლის დაკარგვა. გაეროს მიხედვით, გასულ წელს მსოფლიოს 55 ქვეყნის 155 მილიონი ადამიანი აღმოჩნდა შიმშილის „ვირუსით“ დაავადებული.

ზემოთ მოვიყვანე გერმანიის კანცლერის მერკელის ნათქვამი, რომ კაცობრიობამ უნდა ისწავლოს „კოვიდ-19“-თან ერთად ცხოვრება. შევდივართ თუ არა ჩვენ კაცობრიობის შემადგენლობაში?

შევდივართო — გავიძახით, მაშინ „ლოკდაუნებით“, შეზღუდვების დაწესებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებით კი არ უნდა ვებრძოლოთ ვირუსს, არამედ ხალხის შეგონებით, ახსნა-განმარტების მიცემით, მისი დარწმუნებით, რომ პირბადის ტარება აუცილებელია მისივე უსაფრთხოებისთვის; უაზრო მტლაშა-მტლუშზე უარის თქმა აუცილებელია მისი გადარჩენისთვის. ქორწილებსა და ქელეხებში სიარული ტრადიციის მიმდევრობა კი არ არის, არამედ საკუთარი თავისთვის სასიკვდილო განაჩენის გამოტანაა და მეტი არაფერი. ერთი სასმისიდან სუფრაზე მყოფთა მიერ ღვინის მირთმევა —სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვის დემონსტრირება კი არ არის, ვირუსის გარდა სხვა მრავალი დაავადების გავრცელებაცაა.

ხელით ცხვირის მოწმენდა და შარვალზე გასმა, შემდეგ ამ ჭუჭყიანი ხელით, ხელის ჩამორთმევა არაჰიგიენურობა, უკულტურობა და ვირუსის სწრაფი გავრცელებაა. ქუჩაში გადაფურთხება — სხვადასხვა დაავადებათა გავრცელების წყაროა. ოჯახში ერთმანეთის ნაჭამის ჭამა ან თუნდაც ერთმანეთის დანა-ჩანგლით საჭმლის მირთმევა დაავადებათა გავრცელების „უებარი“ საშუალებაა. რომელი ერთი ჩამოვთვალო. ამ ერთის შეხედვით პრიმიტიულ ყოფით საკითხებზე უნდა ამახვილებდეს ტელევიზიები ყურადღებას, ისე, როგორც ხელისუფლება, მეტადრე ექიმები. ამ საკითხებზე უნდა მსჯელობდნენ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში.

არ მითხრათ — რა საჭიროა, ყველამ, ყველაფერი კარგად იცისო. თუ იცის (ხელისუფლება მყავს მხედველობაში), უცხოეთში ვიზიტების დროს, სუფრაზე მსხდომნი, რატომ არიან გამოცანით შეპყრობილნი სხვადასხვა ზომის დანა-ჩანგლის დანახვისას?

ყოფითი კულტურა, რაც სამწუხაროდ არ გვაქვს, ყურადღების მიქცევას საჭიროებს, ისე, როგორც ჰიგიეა. ადრე უმაღლეს სასწავლებლებში ასეთ საგანს ასწავლიდნენ. რა, დღეს, ამ სფეროში ისეთი განსწავლულები ვართ, ეს საგანი აღარ არის საჭირო?

ის ყოველთვის, ყველა თაობისთვის არათუ საჭირო, აუცილებელიც არის. როგორც დიდმა სტანისლავსკიმ თქვა — თეატრი „ვეშილკიდან“ იწყება. მართალია, ჩვენი ცხოვრება ქუჩის მომთაბარე ცირკს უფრო ჰგავს, ვიდრე აკადემიურ თეატრს, მაგრამ მასაც სჭირდება წესრიგი, რომელიც ყოფითი კულტურიდან იწყება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

11/09/2021