აქაურთა მიერ სახელმწიფო მიწების მითვისება ისეთივე ოკუპაციაა, როგორიც უცხო ქვეყნების

„ხალხს ის უკვირდა, ეს ცოდვის შვილები, მათთვის განგების მიერ თავსდატეხილი უბედურების გამო შეწუხებულნი რომ არ ჩანდნენ, პირიქით ამაყობდნენ კიდეც, რადგან სასაცილოდ და სამარცხვინოდ ისინი მიაჩნდათ, ვინც ღმერთით დაწესებულს, ტრადიციად ქცეულსა და ეკლესიის მიერ ნაქადაგებ წესებს მისდევდა. მათ ჰომოსექსუალთა ამერიკული და ევროპული ორგანიზაციებიდან მაღალი სტიპენდიები დაუნიშნეს და თავს (უკაცრავად, უკანალს) ბედნიერად გრძნობდნენ. დანარჩენი თბილისელები კი დადიოდნენ ზოგი უმუშევრად და უხელფასოდ, ზოგი შეურაცხმყოფელად მწირი პენსიის ამარა დარჩენილი, მაგრამ თავს იმით ინუგეშებდნენ, რომ უზარმაზარი, შიშველი, ვარდისფერი უკანალი აღარ ეკიდა თბილისის თავზე.“ — ვალერი კვარაცხელია (გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“).

ამონარიდი სტატიიდან, რომელსაც სტატიასაც ვერ უწოდებ, ის უფრო ღრმაა, იუმორისტული, ვიდრე რიგითი სტატია. ის, პირდაპირ, წერტილოვანი დარტყმით ცდილობს ქართველთა გაყინულ ტვინებში რევოლუციის მოხდენას. მოახდენს თუ არა, ძნელი სათქმელია, ვინაიდან დარტყმის ობიექტი  — ტვინი, ისეა გაყინული, მრავალწლიანი ლღვობა თუ მისცემს შესაძლებლობას საღ აზრს იქ შესაღწევად.

როგორ არ ჰგავს ჩვენი გაყინული ტვინები ჩრდილოეთის ყინულოვაბ ოკეანეში დაწყებულ ლღვობას?!

იქაურმა ყინულმაც კი ვერ გაუძლო ადამიანთა ძალისხმევით გამოწვეული კლიმატის დათბობას, ჩვენი გაყინული ტვინები კი უძლებს. მასზე არაფერი მოქმედებს — არც პატრიოტული შეძახილი, არც სამშობლოს გადარჩენის მოწოდება, არც ტერიტორიების გასხვისება, არც მრავალი რამ, რაც „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა ამ პარტიის მოღალატედ გამოცხადების პასუხად, განაცხადა.

სიტყვა „მოღალატეს“ ისე შეეჩვია ქართველი, თითქოს იავნანას უმღეროდნენ. სიტყვა „მოღალატემ“ სისტემატური, უმიზნო გამოყენების გამო ფასი დაკარგა და ისეთ სიტყვებს შეუერთდა, როგორებიცაა „დემოკრატია“, „სუვერენიტეტი“, „თავისუფლება“. სიტყვა „მოღალატემ“ მაშინ დაკარგა მნიშვნელობა, როდესაც მართლა ერისა და ქვეყნის მოღალატე პარტიებმა  — „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ სისტემატურად იხმარეს ერთმანეთისა და სხვა პარტიების, ფიზიკური თუ იურიდიული პირების დასადანაშაულებლად.

სიტყვა „მოღალატემ“ სხვა თვისება შეიძინა — მოღალატის პატრიოტად წარმოჩენისას, ანუ როდესაც მართლაც მოღალატე ნაცები და ქოცები სხვას უწოდებენ მოღალატეს, იმ „მოღალატისთვის“ ასეთი, საქებარი სიტყვაა. ინაშვილმა თავის საფუძვლიან პასუხში კონკრეტულად, პუნქტებით ჩამოთვალა ყველა ის „სიკეთე“, რაც ნაც-ქოცების მოღალატური ბუნების დამახასიათებელია.

რამ გამოიწვია „პატრიოტთა ალიანსზე“ მორიგი შეტევა, რატომ გაიხსენეს სიტყვა „მოღალატე“?

მარტივი მიზეზის გამო — „პატრიოტთა ალიანსმა“ წერილით (კოლექტიური) მიმართა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს იმ დიალოგის აღსადგენად, რომელიც ამ ორგანიზაციას ჰქონდა რუსეთის დუმასთან, რუსეთის სამთავრობო სტრუქტურებთან და რომელიც „ოცნების“ ძალისხმევით შეჩერდა. რა არის აქ სავიშვიშო, შიშის  მომგვრელი, მოღალატური?

წერილში არსად წერია — მობრძანდით და მართეთ საქართველოო. წერილში ლაკონურად არის აღწერილი ქართველი და რუსი ხალხის ისტორიულ კავშირებზე, ორი ქვეყნის ურთიერთობებზე. არ მითხრათ მსგავსს ადგილი არ ჰქოდაო!

არ მითხრათ, რომ საქართველო მრავალი საუკუნის განმავლობაში იბრძოდა მტარვალი რუსეთის წინააღმდეგ. არ მითხრათ, რუსეთთან კავშირების კატეგორიული მოწინააღმდეგე, მეფე ერეკლე II, რუსეთმა გაკოჭილი ჩაიყვანა გეორგიევსკში და ხელი ძალით მოაწერინა ჩვენთვის ცნობილ გეორგიევსკის ტრაქტატზე.

არ მითხრათ, მაშინდელი ქართლ-კახეთის მოსახლეობა 5 მილიონს აჭარბებდა და არავითარი პრობლემა არ ჰქონდა სპარს-თურქთა აგრესიული პოლიტიკით! არ მითხრათ, რომ არცკი ნახევარმილიონიანმა ქვეყანამ სული არ მოითქვა სისტემატური შემოტევებისგან და მშვიდობიან ცხოვრებას მოჰყო ხელი. არ მითხრათ, რომ ერი, რუსეთთან კავშირმა არ გადაარჩინა ფიზიკური განადგურებისგან, ხოლო საბჭოთა პერიოდმა, ხუთნახევარ მილიონამდე არ აიყვანა.

არ მითხრათ, რომ რუსეთის „მარწუხებიდან“ გათავისუფლებული საქართველოს სადარდებელი, როგორც კვარაცხელია წერს, „ვარდისფერი დიდი უკანალია თბილისის თავზე ჩამოკიდებული“.

ქოცები, ნაცები, მათზე მიბმული მედია, დასავლური არასამთავრობოები, საზოგადოების ნაწილი მოღალატედ მოიხსენიებენ ყველას, ვინც რუსეთზე ოდნავ დადებითს იტყვის, წერილის მიმწერს კი ჯოჯოხეთში ამწესებენ, მაშინ, როდესაც მართლაცდა ჯოჯოხეთის შემომტან გაერთიანებულ დასავლეთს აქებენ და ადიდებენ.

როგორ გაბედა „პატრიოტთა ალიანსმა“ და ოკუპანტს წერილი მისწერაო — გაჰკიოდა მედია და წამითაც არ ფიქრობდა, რატომ არის რუსეთი ოკუპანტი. წამითაც არ ფიქრობდა და ფიქრობს, რომ რუსეთის ოკუპანტობას ადგილი არ ექნებოდა, რომ არა სააკაშვილის აგრესია განხორციელებული შუაღამის ცხინვალზე — იქ ტანკებით შევარდნა და ცხინვალის ქუჩებში ჯირითი — შესაბამისი შედეგით — ხოცვით.

ომს ახლავს ადამიანთა მსხვერპლი, მეტადრე სამხედროების, მაგრამ მოხუცების, ბავშვების და ქალების — სერიოზული დანაშაულია, თანმხლები აგრესიის. აგრესია კი თბილისმა განახორციელა — ევროკავშირის სპეცკომისიის გამოძიებით დადასტურებული და კიდევ გაეროს ოფიციალური რეზოლუციით დამტკიცებული.

იქნებ ეს დოკუმენტები ჩვენთვის უცნობია? იქნებ ამ დოკუმენტების სინამდვილე სააკაშვილის ხელქვეითთა მიერ ხელმოწერილი არ არის?!

არის! და რახან ასეა, რატომ ვარქმევთ სააკაშვილსა და მის ნაცებს პატრიოტებს, ხოლო „პატრიოტთა ალიანსს“  —  მოღალატეს?!

„ოკუპანტიაო რუსეთი“ — გაჰყვირიან მავანნი. რა გაეწყობა, რომ იტყვიან, ენას ძვალი არ აქვს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ტვინი —  ენისას არ ვგულისხმობ, თავისას. ვისაც ახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომის პერიპეტიები, ემახსოვრება საფრანგეთის პრეზიდენტის სარკოზის თბილის-მოსკოვს შორის მიმოსვლაც, რომლის შედეგად გაჩნდა შეთანხმება — მედვედევ-სარკოზის შეთანხმებად ცნობილი.

მაშინ სარკოზი ევროკავშირს წარმოადგენდა, ანუ როტაციით საფრანგეთი იყო იმჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე. ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტი მოუწოდებდა საქართველოს სასწრაფოდ დაეწყო მოლაპარაკება სოხუმთან და ცხინვალთან, მათი სტატუსის განსასაზღვრად, ცხადია საქართველოს შემადგენლობაში, რაზეც სააკაშვილმა უარი განაცხადა და ეს პუნქტი გადაშალა. რუსეთმა აგვისტოს ბოლომდე იცადა და როდესაც სააკაშვილის მხრიდან მუქარის მეტი ვერაფერი მიიღო, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლად ცნო.

დავუშვათ, რომ რუსეთს არ გადაედგა ასეთი ნაბიჯი, რა გვექნებოდა?

გამუდმებული სასაზღვრო პროვოკაციები, ცხადია სააკაშვილის ხელისუფლების მხრიდან გამოწვეული, ისეთი თუ არა, უარესი, რასაც ომამდე ჰქონდა ადგილი. არც ისაა გამორიცხული, რომ გამუდმებული პროვოკაციებით გაღიზიანებულ რუსეთს თბილისი  აეღოთ. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მან თავი შეიკავა და თბილისში არ შემოვიდა, მაგრამ განმეორებითი აგრესიის შემთხვევაში ის აღარ შეჩერდებოდა.

არ ყოფილიყო 2008 წლის აგვისტოს აგრესია და არ იქნებოდა აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. დღეს, ისინი სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყნებია — თუ რამდენად, სხვა საკითხია და ამ დამოუკიდებლებმა ხელშეკრულება გააფორმეს რუსეთთან. ჩვენ რომ ოკუპაციას ვეძახით ამ ტერიტორიემზე მცხოვრები აფხაზები და ოსები რუსებს ოკუპანტად არ თვლიან, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს და ჩვენი წამქეზებელი კოლექტიური დასავლეთის მოსაზრებას, რომლის მიზანი მარტივია — რუსეთის ფუმფულა დუმებისთვის საქართველოს სადგისად გამოყენება.

ახლა, რაც შეეხება ინაშვილის მიერ ჩამოწერილ პუნქტებს — ვეთანხმები, თუმცა ორით გავამდიდრებდი. პირველი — ისტორიის, ეროვნული განძის განიავების სურვილით, რითაც შეპყრობილია ივანიშვილის ხელისუფლება და მეორით — ტერიტორიების გასხვისებით.

სააკაშვილმა თუ ომით დაკარგა საქართველოს ტერიტორიები და ამისთვის მას პასუხი არ უგია, უფრო მეტიც მოღალატეც არ უწოდებიათ მისთვის, ივანიშვილმა საქართველოს ხალხის მალულად მთელი რიონის ხეობა ერთი საუკუნით აჩუქა თურქებს.

ორივე დანაშაულია. პირველს, აღარაფერი ეშველება, როგორც ჩანს აღარც მეორეს, ვინაიდან თურქეთი ჩვენი „მეგობარია“ და მისი განაწყენება მიუღებელია. ერთი საუკუნის შემდეგ თურქთა მიერ შემოღობილი საქართველოს ტერიტორია რომ სრულიად თურქული იქნება, ამაში ვგონებ ეჭვი არავის ეპარება. ჯერ-ჯერობით შემოუღობავი პლეხანოვის გამზირი და აჭარა განა ამის მაგალითად არ გამოდგება?

თურქეთს ოკუპანტს არ ვუწოდებთ, არადა საქართველოს ძირძველი მიწები აქვს ოკუპირებული. რომ არა „მტარვალი“ რუსეთი  —  აჭარაც ამ ბედს გაიზიარებდა.

დაგვიჩემებია, რუსეთმა დაგვიბრუნოს ტერიტორიებიო. კეთილი, მაგრამ მასთან შეხვედრისა და ლაპარაკის გარეშე? აი, ასეთ ლაპარაკს ითხოვს „პატრიოტთა ალიანსი“ თავის წერილში და არა სხვას. ჩვენ გვინდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება, მაგრამ რისთვის?

დღევანდელ ხელისუფლებას, ისე, როგორც გუშინდელს ამის თავი რომ არ აქვს, ცნობილი არ არის? არც დაბრუნების თავი აქვს და არც მართვის. განა ამის მაგალითი არ არის აჭარის ავტონომია — თავიდან-ფეხებამდე თურქეთის გავლენის ქვეშ მყოფი?!

ოკუპანტიო — ვამბობთ რუსეთზე, მაგრამ არ ვამბობთ თურქეთზე. ამ სიტყვას არც ადამიანებთან მიმართებაში ვხმარობთ. არადა, არაფრით განსხვავდება სახელმწიფო მიწის მომტაცებელი ქვეყანა და პიროვნება ერთმანეთისგან. ორივენი მტაცებლები არიან — ოკუპანტები. გამტაცებელ ადამიანთა შორის პირველი ივანიშვილია. მის მიერ მიტაცებული ტერიტორიების ნუსხვა, გარდა მცირე ნაწილისა, ჩვენთვის უცნობია, ანუ საქართველოს მოსახლეობისთვის, ამ მიწების ნამდვილი პატრონისთვის.

ივანიშვილმა არა მარტო საკუთარი ოჯახისთვის მიიტაცა საქართველოს მიწა, არამედ მისი მორჩილი მოჯამაგირეებისთვის. კერძო საკუთრებაში გადასული უძრავი ქონების ისევ სახელმწიფოსთვის დაბრუნებას თუ რამე უშველის — სოციალისტური რევოლუციაა, რომლის თავი ამ საქართველოს არ აქვს. არათუ რევოლუციის, თავის განძრევის, უკაცრავად და ტრაკიც არ აქვს — კვარაცხელიასი არ იყოს: „თბილისელები კი დადიოდნენ, ზოგი უმუშევრად და უხელფასოდ, ზოგი შეურაცხყოფილად მწირი პენსიის ამარა დარჩენილი, მაგრამ თავს იმით ინუგეშებდნენ, რომ უზარმაზარი, შიშველი, ვარდისფერი უკანალი აღარ ეკიდა თბილისის თავზე“.

წინა სტატიაში გულდაწყვეტილი ვწერდი, რომ ქართულ საზოგადოებას, უფრო სწორად მის ნაწილს, მხოლოდ ლგბტ აწუხებს, ჩვენებურად პედერასტობა და სხვა არაფერი. მხოლოდ ამაზე ახდენს რეაქციას და არა იმაზე, რაც კვარაცხელიას აქვს ჩამოთვლილი. ეს, რომ ასე არ იყოს, 5 აგვისტოს ხელოვნების მუზეუმის გადამრჩენი აქციის მონაწილენი არათუ პუშკინის პატარა სკვერს, თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირსაც არ იკმარებდნენ. ვითომ მარტო სიცხეს უნდა მიეწეროს თბილისელთა გულგრილობა?

მეგობრებო, ხან სიცხე იქნება, ხან სიცივე, ხან თოვლი და წვიმა, მაგრამ საშვილიშვილო, საქვეყნო საქმე არ წაიშლება, უფრო სწორად არ უნდა წაიშალოს. კლიმატმა მასზე გავლენა არ უნდა იქონიოს — როგორც პოლიტიკურმა, ისე ბუნებრივმა. მაგრამ აქ სხვასთან გვაქვს საქმე  —  ქართველის გადარჯულებასთან, სხვას ვერაფერს დავარქმევთ საზოგადოებას, რომელიც უტყვი და ბრმაა თურქთათვის რიონის ხეობის ჩუქებასთან, ივანიშვილის და მისთანების მიერ მიწების მითვისებასთან, საქართველოს საგანძურის და უნიკალური ისტორიული შენობის „გაუპატიურებასთან“ დაკავშირებით.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

08/08/2021