რა მოგვიტანა 30-წლიანმა „დამოუკიდებლობამ“?

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი სისტემატურად რომ გვაწვდის საკუთარ თუ ივანიშვილის მიერ ჩაწოდებულ იდეებს, გასაკვირი არაფერია, მაგრამ სატირალი უდავოდ არის და აი რატომ. უპირველესად იმიტომ, რომ უცოდინრობის, ელემენტარული განათლების უქონლობის, უვიცობის, თავხედობის, თავდაჯერებულობის აშკარა დემონსტრირებაა. გარდა ამ ჩამოთვლილი „საშური“ თვისებებისა, სახეზეა ტყუილი, რომელსაც ის ისეა შეჩვეული, როგორც წყლის სმას ან საკვების მიღებას.

მეორე, რაც პირველის საჯარო სარბიელზე თავხედური დემონსტრაციის შემდეგ ხდება ისაა, რომ უვიც და რაც მთავარია მატყუარა პრემიერს ყველა უვიცი ჰგონია, თანაც ისეთი დონის, როგორიც თვითონ არის, ნებისმიერი ტყუილი რომ უპრობლემოდ მიაღწევს მიზანს.

ამ არცთუ სახარბიელო (ცხადია ღარიბაშვილისთვის) დახასიათების შემდეგ შევეხები პრემიერის მიერ სულ ახლახანს მთავრობის სხდომებზე გამოთქმული მოსაზრების, უფრო სწორად გადაწყვეტილების შინარსს, რომელიც ეხება მერებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციებში მომუშავეთა ხელფასების მომატებას.

მარტო ამ საკითხთან დაკავშირებული განცხადება რომ შემაძრწუნებელია, როგორც ფინანსურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, ისე მორალურით — მტკიცება არ სჭირდება.

თავი დავანებოთ ფულს, რომელიც პრემიერმა საკუთარ თავს და ხალხს აკადრა განცხადებით — მერების ხელფასი თურმე 1800-2000 ლარია და ამ ხელფასით ცხოვრება, მითუმეტეს მერის ფუნქციის შესრულება შეუძლებელია. მან სრული უცოდინარობა გამოავლინა, რითაც ჩემში გამოიწვია მარტივი კითხვა — პრემიერმა, რომელმაც არ იცის მერის ან მისი მოადგილის ხელფასი, უნდა იყოს თუ არა პრემიერ-მინისტრი?!

ჩემი ღრმა რწმენით, არათუ პრემიერ-მინისტრმა, არამედ ნებისმიერმა მინისტრმა უნდა იცოდეს რა ხელფასები აქვთ კოლეგა მინისტრებს, მათ მოადგილეებს, მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს და ა.შ. ღარიბაშვილის ცრუ განცხადებამ, თითქოს მერებს 1800-2000 ლარი აქვთ თვეში — ეჭვი გამიჩინა, რომ პრემიერმა არათუ ჩამოთვლილი კატეგორიის მოხელეთა ხელფასები არ იცის, არამედ პრემიერის ანუ თავისი. იყო თუ არა ღარიბაშვილის ნათქვამი ტყუილი?

არა! მან გულწრფელად თქვა რაც იცის, რომელიც სინამდვილეს არ შეეფერება.

მთავრობის სხდომა განსახილველი საკითხების, წინასწარ გაცნობას, გაანალიზებას რომ მოითხოვს, ახალი ამაში არაფერია. ისიც არახალია, რომ მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით პრემიერი (სხდომამდე) ეთათბირება განსახილველი საკითხის (პროექტის) ავტორს, თანაშემწეებს. დარწმუნებული ვარ, ვიდრე სხდომა გაიმართებოდა ასეთი კონსულტაცია მან გაიარა და გაიარა ისეთ თემაზეც, როგორიც მერებისთვის ხელფასების მომატებაა.

რა გამოდის?

არათუ მან არ იცის ეს საკითხი, არამედ მისმა თანაშემწეებმაც არაფერი იციან. შედეგი — ღარიბაშვილის განცხადება ღია ეთერში, რომელიც ეჭვის ქვეშ აყენებს მის მიერ შესასრულებელი საქმის ცოდნას. მარტივად რომ ვთქვათ — პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც არ იცის უახლოესი „თანამებრძოლების“ ხელფასების შესახებ, არც თავისი ხელფასის რაოდენობა ეცოდინება და არც ქვეყნის წინაშე არსებული საფინანსო-ეკონომიკური მდგომარეობის, სადაც თითოეულ ლარს, მის ყაირათიანად ხარჯვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი ქვეყნისთვის, მდიდრის თუ ღარიბის, მითუმეტეს ამ უკანასკნელისთვის.

პრემიერის განცხადებას უმალ მოჰყვა ოპოზიციური ტელეკომპანიების დამცინავი, მაგრამ ნამდვილი ახსნა-განმარტებები, რომელთა მიხედვით მერების ხელფასები რახანია 3500 ლარს არ ჩამოუვარდება და ხშირ შემთხვევაში 6000-საც კი აღწევს. ეს მარტო ხელფასები, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, მაგალითად დანამატებზე, ყოველთვიურად რომ უვსებს ჯიბეებს ამ კატეგორიის მოხელეებს.

ღარიბაშვილმა ბრძანა, რომ ხელფასები დაბალი აქვთ მერებს და უნდა გავუორმაგოთო. გაორმაგებული კი ლამის 10 000 ლარი, ზოგ შემთხვევაში მეტიც კი იქნება. ღარიბაშვილმა არა მარტო მერების ხელფასების გაორმაგება, არამედ მერიაში მომუშავეთა ხელფასების მომატებაზეც თქვა. და ეს მაშინ, როდესაც პენსიონერთა 800000-იან არმიას ისეთი პებსიები აქვს, მძიმე არჩევანის წინაშე რომ ყოველდღიურად აყენებს მათ, მაგალითად ასეთის — ან პური, ან კომუნალური გადასახადი, ან წამლის შეძენა, ან შიმშილი.

არჩევანის გაკეთება ნებისმიერი პენსიონერისთვის შეუძლებელი რამ არის, ვინაიდან არსებობას, მარტივ არსებობას უკავშირდება. გახსოვთ ალბათ, როგორ გვიმტკიცებდა ხელისუფლება პენსიების 20 ლარით გაზრდას ვერ შევძლებთ, ბიუჯეტში ფული არ გვაქვსო. პენსიონერებისთვის პენსიის მომატება ეძვირებათ, მაგრამ მერებისთვის ხელფასების გაორმაგება, არა!

ღარიბაშვილმა რომ საკუთარი ხელფასის რაოდენობა არ იცოდეს, ამაში გასაკვირი არაფერია, ვინაიდან ის ან ნებისმიერი მაღალი რანგის მოხელე ხომ ხელფასით არ ცხოვრობს? ხელფასით, თუნდაც გაორმაგებულით, სასახლეებს ხომ ვერ ააშენებენ? ძვირფას ავტომანქანებს ხომ ვერ შეიძენენ? და ა.შ.

მათ სხვა შემოსავალი აქვთ, თანაც ისეთი, ხელფასის რაოდენობას რომ არაფრად მიიჩნევენ. ამ „შავი“ შემოსავლების თაობაზე ხალხმა არ იცის და ვერც ვერასდროს გაიგებს, ვინაიდან არ აინტერესებს. ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების კონტროლი რომ იმავე ხალხის პრეროგატივაა და მისი გასაკეთებელია, ხალხმა არ იცის. არც სურვილი აქვს აკონტროლოს ხელისუფლება. ურჩევნია მაქინაციებით გამონახოს ხელისუფლებასთან მისასვლელი გზები. შედეგი?

სავალალო, უფრო სწორად კატასტროფული — დამონებული ხალხისა და მის მიერ „არჩეული“ ხელისუფლების ანუ ბატონის უსიტყვო გარიგება.

აი, ეს „ბედნიერება“ მოგვიტანა დამოუკიდებლობამ. მკითხველი მკითხავს — ნუთუ ამას ვერ ხედავენ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები, ისინი არ გვაძლევენ გრანტებს, სესხებს და სხვა დახმარებებსო?

ისინი ზედმიწევნით კარგად ხედავენ ამ საშინელებას, რაშიც საქართველოა ჩაფლული, მაგრამ სიტყვასაც არ ძრავენ, ვინაიდან მიზანი მათი მარტივია — ქვეყნის სულიერ-ეკონომიკური დაცემა, მსოფლიო რუკიდან ამოშლა ან ისე გადაკეთება, საქართველოსთან შეხებაც რომ არ ექნება. რაც შეეხება ქვეყნის სახელს —„საქართველოს“ ქართულად, ხოლო „ჯორჯია“ ინგლისურად, ამ უკანასკნელს აირჩევენ.

30 წლის განმავლობაში, როდესაც ფულის მომცემი ერთხელაც არ გკითხავს — სად წაიღე ფული, რაში დახარჯეო, იმას ნიშნავს, რომ მას აწყობს ჩვენი კორუმპირებულობა, ჩვენი ღორობა მარტივი მიზეზის გამო — ასეთი იოლი სამართავია! განა ამას არ ქადაგებდა ამერიკელი დალესი?!

ღარიბაშვილმა, რომელმაც თითოეული ლარის ხარჯვას უნდა მიაქციოს ყურადღება და არ დაუშვას არამიზნობრივი ფლანგვა, ისეთი ხელგაშლილობა დაგვანახა, ქვეყანას რომ დააქცევს. პრემიერმა უნდა იცოდეს, რომ არამწარმოებლურ სფეროში და ასეთია საჯარო სამსახური, მოჭარბებული ხელგაშლილობა   დიდი ინფლაციის გამომწვევია. საქართველო, ის ქვეყანაა, სადაც „მჭამელები“ აღემატებიან პროდუქციის შემქმნელებს. საქართველო, რომ ბოსტნეულსაც ვერ ამზადებს დასანანი (რბილად ნათქვამი სიტყვაა) სინამდვილეა. განა ამაზე არ მიგვანიშნებს შუაგულ სეზონზე პომიდვრის და კიტრის, მწვანილის, ხილის, ბოსტნეულის, საზამთროს, ნესვის — რომელი ერთი ჩამოვთვალო, ფასების კატასტროფული ზრდა?

საქართველოს მოსახლეობის ლამის 90%-ს ზაფხული კიტრზე და პომიდორზე გადააქვს. ხორცზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი, ისე, როგორც ყველზე, რძის სხვა პროდუქტებზე?!

ახლა წარმოვიდგინოთ რა გვექნება მოხელეთა ხელფასების გაორმაგების შემთხვევაში?

„მჭამელთა“ მხრიდან იმპორტული კვების და სხვა საქონლის შეძენა — ადგილობრივის არ არსებობის პირობებში და მათზე ფასების მატება. „მჭამელი“ იოლად მოაგვარებს ამ საკითხს, გაზრდილი ხელფასით, მაგრამ რა ქნას გაყინული პენსიის მქონე 800000-მა? ან სხვა დაბალხელფასიანმა მონამ?

ნუთუ, არვინაა ხელისუფლებაში ისეთი, ვინც ამ პრიმიტიულ საკითხს, ჩვეულებრივი ენით აუხსნის გონებაშერყეულ პრემიერს?

დავუშვათ ასეთნი არ არიან, მაგრამ ოპოზიცია ხომ არის, თანაც რა რაოდენობის? რატომ არ ისმის მისი ხმა? იქნებ, ისინიც ისეთივე გონებაჩლუნგებია, როგორიც ღარიბაშვილი?

არც ეს არის გამორიცხული. ოპოზიცია, არათუ ღარიბაშვილის ამ ხელგაშლილობას ეწინააღმდეგება, არამედ სხვასაც. ის ხმას არ იღებს ხელოვნების მუზეუმის შენობასთან დაკავშირებულ ხელისუფალთა მზაკვრულ გეგმებზე, არც ქართული საგანძურის ბედზე, არც თურქთათვის რიონის ხეობის ლამის 100 წლით გაჩუქებაზე და სხვა. ოპოზიციას მარტო შარლ მიშელის დოკუმენტი აინტერესებს და მეტი არაფერი. ასეთს რა უნდა ხელისუფლებაში?!

და ბოლოს მივდივართ სავალალო დასკვნამდე — ქვეყანაში, რომელშიც 200-ზე მეტი პოლიტიკური პარტიაა, არჩევანი ჭირს. ეს სიტყვა უდავოდ არ გამოხატავს იმ რეალობას, რაც საქართველოს თავს ტრიალებს. საქმე გაცილებით რთული და ძნელად ამოსახსნელია. 30-წლიანმა „დამოუკიდებლობამ“ მოგვიტანა ეს „ბედნიერება“. „ბედნიერება“, რომელსაც მომავალი არ აქვს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

12/08/2021