ნეტავ, რამდენი ხნით იარსებებს ერთი კაცის ჯიბეში მოქცეული საქართველო?

სიტყვა „Checkmate“ ანუ „შახ-მატი“ ბრიტანულმა მედიამ გამოიყენა რუსეთის მიერ შექმნილი მრავალფუნქციური სამხედრო თვითმფრინავის დასახასიათებლად. თვითმფრინავი წარმოდგენილი იყო მოსკოვის „მაქს-2021“ (МАКС-2021) საჰაერო გამოფენა-გაყიდვაზე. გამოფენას ესწრებოდნენ საჰაერო დარგში ცნობილი რუსი და უცხოელი სპეციალისტები, ბიზნესის წარმომადგენლები.

გამოფენაზე არა მარტო რუსული სამხედრო ავიაციის ახალი ექსპონატები იყო წარმოდგენილი, არამედ სამოქალაქო ლაინერებიც, მათ შორის „МС-21“ და ცნობილი „იაკ-40“-ის თანამედროვე ვარიანტი — ელექტრონული ძრავით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ახალი რუსული საჰაერო მანქანები, რუსული ძრავებით, რუსეთში დამზადებული კომპონენტებით არის დამზადებული. გარდა თვითმფრინავებისა, მნახველთა ყურადღება მიიპყრო სხვადასსხვა მოდიფიკაციის შვეულმფრენებმა. სამხედრო შვეულმფრენებში რუსეთს არ ჰყავს მეტოქე.

დავუბრუნდეთ მეხუთე თაობის სამხედრო თვითმფრინავს, რომელსაც ერთი პილოტი მართავს. ამ თვითმფრინავს შეუძლია ბომბდამშენობაც, ისე, როგორც სხვადასხვა სახის საბრძოლო დავალებების შესრულება. მას პილოტის გარეშე ფრენაც შეუძლია. მისი სიჩქარე 1800 კმ/სთ აღემატება. 3000 კილომეტრის დაფარვა თვითმფრინავისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.

ამ და სხვა მახასიათებლების მქონე თვითმფრინავი ახალი სიტყვაა სამხედრო ავიაციაში. სწორედ ამიტომაც ბრიტანელმა სპეციალისტებმა და ჟურნალისტებმა გაოცების გამოსახატავად შეარქვეს მას „შახ-მატი“ ანუ რუსეთის მიერ კონკურენტი დასავლეთისთვის ჯერ „შახის“ გამოცხადება, შემდეგ „მატის“.

„მაქს-2021“-ს ორგანიზატორების ვარაუდს საჰაერო მანქანების გაყიდვის თვალსაზრისით, გადააჭარბა რეალობამ, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო თვითმფრინავების გაყიდვის დარგში, რამაც რამდენიმე მილიარდი დოლარი შეადგინა.

რუსეთის პირველი მეტოქე აშშ-ი არა მარტო დააფიქრა, არამედ შეაშფოთა კიდეც მეხუთე თაობის რუსული სამხედრო თვითმფრინავის გამოჩენამ. ეს შეშფოთება იმ შეშფოთებას ჰგავდა, სულ ახლახანს რომ ჰქონდა რუსული, ბგერაზე 20-ჯერ უსწრაფესი რაკეტების გამოცდების დროს.

რა შეიძლება ითქვას ქვეყანაზე, რომელიც ესოდენ ახალ, დახვეწილ საჰაერო ტექნიკას ქმნის?

ყველაფერი, გარდა სიტყვა „ჩამორჩენილისა“, მაგრამ ითქვა. ითქვა აშშ-ს პრეზიდენტის მიერ — სხვაგვარი სიტყვებით, „ჩამორჩენილის“ შესატყვისის; ითქვა არა ისე პირდაპირ, როგორც ცხონებულმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტეტჩერმა ბრძანა საბჭოთა კავშირის შეფასებისას — ბირთვულიარაღიანი ზემო ვოლტა (მივარდნილი აფრიკული სახელმწიფო).

მაღალი ხარისხის, თანამედროვე იარაღი, თანაც ერთ ქვეყანაში დამზადებული დეტალების ბაზაზე, რომ მაღალი კვალიფიკაციის ინჟინერ-ტექნიკური, სამეცნიერო კადრები და უმაღლესი დონით აღჭურვილი ქარხნები სჭირდება, საიდუმლოებას არ წარმოადგენს. და რახან ასეთი აქვს რუსეთს, მას არ შეიძლება ჩამორჩენილი ეწოდოს.

დავანებოთ თავი სამხედრო მშენებლობას. რუსეთმა, პირველმა მსოფლიოში დაამზადა „კოვიდ-19“-ს სამკურნალო ვაქცინა, რომელიც მსოფლიოს თითქმის 70 ქვეყანამ შეიძინა, მაგრამ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჯერაც ვერ დაარეგისტრირა. არადა „სპუტნიკ-V“ ერთადერთია მსოფლიოში, რომელიც სერიოზულ გართულებებს ან ლეთალურ შედეგებს არ იწვევს.

„ვადა“ — თავის დროზე აშშ-ს ინიციატივით შექმნილი ორგანიზაცია, ყველაფერს აკეთებს შემქმნელის საამებლად, მისი კონკურენტებისთვის, ამ შემთხვევაში „სპუტნიკ-V”-თვის ხელის შესაშლელად.  ხუმრობა საქმე ხომ არ არის „ფაიზერის“ დასახული მიზნების განხორციელებაში თუნდაც უმნიშვნელო პრობლემების შექმნა?

სულ ახლახანს „ფაიზერმა“ განაცხადა, რომ 2021 წელს ამ ვაქცინის გაყიდვით შემოსული მოგება 33,5 მილიარდი დოლარი იქნება, ანუ იმდენი, რამდენიც რუსეთის ბიუჯეტს შესდის იარაღითა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების (ერთად აღებულის) უცხოეთში გაყიდვით.

გრძელი შესავალი რუსული სამხედრო თვითმფრინავის დასახასიათებლად ნახმარმა სიტყვამ „შახ-მატ“-მა გამოიწვია და არა თქვენი ინფორმირებისთვის ჩემს მიერ წარმოდგენილმა მასალამ — რუსეთის სამხედრო მშენებლობის წარმატებულობაზე. მხოლოდ სიტყვა „შახ-მატი“ და არა მასზე მიბმული სტატიის ნაწილი შეესატყვისება იმ პოლიტიკურ ვითარებას, მმართველი პარტიის ეკვილიბრისტიკას, რასაც ამ უბადრუკ ქვეყანაში აქვს ადგილი.

მეხის გავარდნის ხმას ჰგავდა ქართული „ოცნების“ განცხადება შარლ მიშელის ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე. განცხადება ქართული საზოგადოებისა და ოპოზიციისთვის იმ „შახ-მატ“-ზე მეტი იყო, რაც ინგლისელი ექსპერტების აზრით რუსეთმა დასავლეთს გაუკეთა. რომ იტყვიან „შახ-მატის“ ღირსი ხარ გულუბრყვილო ოპოზიციავ და არანაკლებ გულუბრყვილო საზოგადოებავ.

სიტყვა „გულუბრყვილობას“ სხვა სიტყვა აჯობებდა, მაგრამ ამჯერად დავინდობ. „ოცნებამ“ თანდათან, მიზანმიმართულად ატყუა ოპოზიცია და ხალხი, და საბოლოოდ, მოულოდნელად, როგორც ქარიშხალი მთვარიან ღამეს, მეხივით დაეცა მათ. და არა მარტო მათ, არამედ  დასავლელ ე.წ. სტრატეგიულ პარტნიორებსაც, რომლებმაც ბევრი იშრომეს ხელისუფლება-ოპოზიციის ერთ მაგიდასთან დასასმელად, გაჯიქებული ოპოზიციის პარლამენტში შესაყვანად, ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად, ადგილობრივი არჩევნებისთვის ლამის რეფერენდუმის მსგავსი სტატუსის მისანიჭებლად. თუ „ოცნება“ მომავალ ადგილობრივ არჩევნებში 43%-ზე ნაკლებს დააგროვებდა, ის დანიშნავდა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ანუ რასაც ოპოზიცია ითხოვდა.

ხელშეკრულება, რომელიც ევროკავშირის უმაღლესმა ხელისუფალმა და მისმა გუნდმა შეიმუშავეს, აშშ-ს ადმინისტრაციასთან შეთანხმებით, დიდი ზარ-ზეიმით გაფორმდა, თუმცა ცოტა ხნით იმოქმედა და ქართული „ოცნების“ მიერ ფეხით აზელილ ტალახსა და სიბინძურეში დალია სული.

მკითხველს შევახსენებ, 2019 წლის ივლისიდან დაწყებულ პოლიტიკურ ვნებათა ღელვას — აქაურთა მიერ გავრილოვის სახელთან დაკავშირებულს. მაშინ „ოცნების“ დამფუძნებელი ივანიშვილი მომიტინგეთა რაოდენობამ და კატეგორიულობამ ისე შეაშინა, კიდევ ერთხელ მოიშველია მისთვის ჩვეული ფანდი — ტყუილი და საქართველოს დაპირდა საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას, თანაც ნულოვანი ბარიერით, სხვა „სიკეთეებით“, რომელიც უყოყმანოდ აიტაცა ოპოზიციამ და შეწყვიტა ქუჩის აქციები.

2020 წლის არჩევნებში „ოცნებამ“ გამოიყენა მის ხელთ არსებული სახელისუფლებო ბერკეტი, დააშინა საბიუჯეტო ორგანიზაციებში მომუშავე ხალხი, ისე, როგორც ბიზნესში და მაქინაციების სხვა მეთოდების გამოყენებით მიაღწია გამარჯვებას. ისევ აჟივჟივდა ოპოზიცია — გააყალბესო და პროტესტის გამოხატვის მიზნით უარი თქვა პარლამენტში შესვლაზე.

თითქოს ერთ მუშტად შეკრული ოპოზიცია ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა ხალხში, რომ პარლამენტში არ შევიდოდა. მისი მოთხოვნა იყო კატეგორიული — ვადამდელი არჩევნები. პროცესში ჩაერივნენ ჩვენი „სტრატეგიული პარტნიორები“ და ხანგრძლივი მოლაპარაკებებით დაითანხმეს ოპოზიცია პარლამენტში შესვლაზე.

ყველა, გარდა ლეიბორისტებისა, შევიდნენ პარლამენტში განცხადებით — პარლამენტში ყოფნით გაგვიადვილდება მტერთან ანუ „ოცნებასთან“ ბრძოლა.

ოპოზიციის პარლამენტში შესვლამ გაყალბებული არჩევნები ლეგიტიმურად აქცია. სიტყვა „გაყალბებამ“ დაკარგა აზრი მარტივი მიზეზის გამო — თუ გაყალბდა, მაშინ რა ესაქმება ოპოზიციას გაყალბებულ პარლამენტში?

ქართული პოლიტიკური ცხოვრება ისეთი კაზუსებით არის ცნობილი, რომ ზემომოყვანილი მაგალითი უმნიშვნელოა სხვასთან შედარებით. ქვეყნის ძუძუდან დაშორებულმა ოპოზიციამ, პარლამენტში შესვლისთანავე ჩვეულ საპარლამენტო ცხოვრებას მიჰყო ხელი და ნაცვლად მკაცრი რეაგირებისა, ქოცთა ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე, თვალი დახუჭა. მან არათუ საპროტესტო განცხადება გააკეთა რიონის ხეობის თურქთათვის ერთი საუკუნით გაჩუქებაზე, პირიქით დაგმო „რიონის დამცველთა“ ქცევა.

ოპოზიცია გულგრილი იყო ხელოვნების მუზეუმის ისტორიული შენობის დანგრევის პროექტთან დაკავშირებით. ოპოზიციამ თავი შეიკავა მკვეთრი განცხადებებისგან, როდესაც „ქოცთა“ ინიციატივით გერმანიაში შავ სამუშაოზე მივლინებულ ქართველ მონებს ადგილობრივმა ფერმერებმა პრობლემები შეუქმნეს. ოპოზიციამ თვალი დახუჭა ივანიშვილის მიერ აბასთუმანის მითვისებაზე; ივანიშვილის მაამებლებზე სახელმწიფო მიწების გაჩუქებაზე და ა.შ.

ოპოზიციამ რაც მოახერხა ის იყო, თანხმობა განეცხადებინა ქოცებისთვის არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. და აი შედეგიც. საპარლამენტო ოპოზიციამ ალოკა თავისი ფურთხი და გასული წლის საპარლამენტო არჩევნები ლეგიტიმურად ცნო. მან თქვა, რომ მცირედ შეცდომებს არჩევნების შედეგებზე არ უმოქმედია.

ქოცურმა უმრავლესობამ მიაღწია მთავარ მიზანს — ოპოზიციას ათქმევინა, რომ ქოცებს არჩევნები არ გაუყალბებიათ. ამ განცხადებიდან, შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამოსვლამდე ერთი ნაბიჯიღა იყო დარჩენილი და ისიც გადადგა. გაუქმნდა შარლ მიშელის დოკუმენტი, რამაც „ოცნებას“ ათქმევინა შემდეგი — ახლა ჩვენს კეთილ ნებაზეა დამოკიდებული დავნიშნავთ თუ არა ვადამდელ  საპარლამენტო არჩევნებსო.

„ოცნებამ“ არა მარტო ლგბტ-ს შეუტია, არამედ მის დამცველ ევროპა-ამერიკას. პრემიერ-მინისტრი ლამის გმირად, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ რაინდად მოინათლა იმათ მხრიდან, ვინც იმედის თვალით შეჰყურებს რუსეთს და ატყდა „პატრიოტული“ ჟივილ-ხივილი რუსეთის მიმართ პოზიტიურად განწყობილ ბეჭდვით მედიაში, სადაც გაისმის ისეთი მოწოდებები, როგორებიცაა — „ქართველო, ხელი ხმალს იკარ“, „ჩვენი ბედი, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ“ და ა.შ.

ვისგან ვთავისუფლდებით? — „პედერასტი“ დასავლეთისგან. „პატრიოტულ“ ტალღაზე წამოსკუპებულ ღარიბაშვილს და დანარჩენ ქოცებს ცა ქუდად აღარ მიაჩნიათ და დედამიწა ქალამნად. უკრაინელთა მსგავსად უშვერი სიტყვებით ლანძღავენ დასავლეთს. არ ასრულებენ მის მოწოდებებს.

მკითხველი იკითხავს — რა მოხდა ისეთი, რამაც კარდინალურად შეცვალა ქოცთა პროდასავლური რიტორიკა, ანტიდასავლურზე? ჩემის აზრით, „ოცნებელთა“ ტვინებზე მძიმედ იმოქმედა საზოგადოებაში შექმნილმა ანტიოცნებურმა განწყობამ. „ოცნებამ“ და მისმა რეალურმა ლიდერმა ივანიშვილმა ჩათვალეს, რომ ადგილობრივ არჩევნებში ისინი 43%-ს ვერ მიიღებენ, რაც თავისთავად ნიშნავს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, რომლის უმრავლესობით მოგების ნიშანწყალი არ ჩანს. წაგება კი ივანიშვილისთვის სიკვდილის ტოლფასია. ნაცთა ხელისუფლებაში დაბრუნების შემთხვევაში, ის იძულებული იქნება დატოვოს ქვეყანა, გარდა ამისა დაკარგოს ყველაფერი (უძრავ-მოძრავი ქონება), მოხვეჭილი 9-წლიანი მმართველობის შედეგად.

ივანიშვილისთვის მხოლოდ ერთი გზაა დარჩენილი — არჩევნების ნებისმიერი ხერხით მოგება და ძალაუფლების კიდევ 4 წლით გახანგრძლივება. ამ გზაზე მას არაპირდაპირ, ირიბულად დასავლეთი ეღობება. რა ჰქნას, რა იღონოს? აი, ეს კითხვები უფრთხობს ძილს და დგამს ნაბიჯს, რომელსაც უდავოდ მოჰყვება დასავლეთის რისხვა — სანქციების, სხვა სადამსჯელო ღონისძიებების გატარების სახით.

მერე რა? პირადად ის და მისი ქოცები ხომ არ დაისჯებიან? დაისჯება ქვეყანა, ხალხი.

მერე რა? ივანიშვილს და მის ქოცებს ეს ქვეყანაც და ეს ხალხიც ფეხებზე ჰკიდიათ. რაც დაამტკიცა 9-წლიანმა მმართველობამ.

გამარჯვება ყველა გზით, მათ შორის მიუღებლით — არის ერთადერთი გამოსავალი, მაგრამ რა უნდა უყონ დასავლეთს? როგორ უნდა გაუმკლავდნენ მის შემოტევებს?

საქართველო, რომ ისეთი ქვეყანა იყოს, რომელსაც საკუთარი თავის რჩენა შეეძლოს, თუნდაც ერთი კვირით, სადარდებელი ნაკლები იქნებოდა, მაგრამ საქართველო თავიდან-ბოლომბე დასავლეთზე ჩამოკიდებული ქვეყანაა. რომ არა ამერიკულ-ევროპული ფინანსური დახმარება, საქართველოს ბიუჯეტი არ შეივსებოდა; არ იმუშავებდა საბიუჯეტო ორგანიზაციები; ვერ გასცემდნენ ხელფასებსა და პენსიებს; მოკლედ და კონკრეტულად ქვეყანაში იქნებოდა ჰაიტის მსგავსი, თუ უარესი არა, ქაოსი, შიმშილი, შიდა დაპირისპიება — გასული საუკუნის 90-იანი წლების დამახასიათებელი. მაშ, რა გზას უნდა დაადგეს ქვეყანა?

ახალი მარჩენალის მოპოვებაა საჭირო — ვინ არის ასეთი? „მამობის“ გაწევა მხოლოდ დიდ, სუპერსახელმწიფოებს შეუძლიათ და არ თუნდაც თურქეთს ან მის მსგავს ქვეყნებს. სუპერები კი, აშშ-ს გამოკლებით, რუსეთი და ჩინეთია.

ივანიშვილი და მისი ქოცები ჩინეთს არ აირჩევენ. ასედაამრიგად ივანიშვილის გაუხმაურებელი გადაწყვეტილებით, დღის წესრიგში რუსეთთან ჩახუტება დადგა. ივანიშვილი 9 წლის განმავლობაში ატყუებს რუსეთს ლოიალურობაში, მის მიმართ კეთილ განწყობაში, თუმცა საჯაროდ მისი ქოცები გულწრფელი ლანძღვა-გინებით იკლებენ რუსეთს, რითაც ისინი ასრულებენ დასავლელი პარტნიორების დავალებას. აქვს თუ არა რუსეთს, ივანიშვილის წყალობით, საქართველოს შემობრუნების იმედი?

ძალიან საეჭვოა, რომ ჰქონდეს! დასტურად ამისა რუსეთთან მიმართებაში ქოცთა ანტირუსული მმართველობაც კმარა. მაშ, რა იძლევა ივანიშვილის დამშვიდების საფუძველს?

ოფიციალური მოსკოვის აშკარა ანტისააკაშვილური, ანტინაცური განწყობა — ოღონდ სააკაშვილი არა და რუსეთი მხარს დაუჭერს ნებისმიერს. მნიშვნელობა არ აქვს ივანიშვილი იქნება თუ სხვა. დაიგულა რა რუსეთი, როგორც მხარდამჭერი, ივანიშვილმა ქოცები დასავლეთის წინააღმდეგ საბრძოლველად დარაზმა, ყვინჩილა პრემიერ-მინისტრის ღარიბაშვილის მეთაურობით.

მოსკოვიდან წამოსულმა დადებითმა იმპულსებმა აფიქრებინებს პრორუსულად განწყობილ მედიას „პატრიოტული“ სახის სტატიების ბეჭვდა, ხელისუფლებისა და მისი ფიქტიური ხელმძღვანელის ღარიბასვილისთვის ხოტბის შესხმა.

საქართველოს ხელისუფლების მიმართ პოზიტიური განწყობის დასაფიქსირებლად გაკეთდა კარასინის განცხადება — საჰაერო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით. სხვა მოსკოვური შეღავათების მიღებისთვის ქოცთა ლოიალურობა საკმარისი არ იქნება. საქართველოს ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას ნატოსა და ევროკავშირზე, გარდა ამისა ყველაფერ იმაზე, რასაც პროდასავლური კურსი ჰქვია.

აგონიაში მყოფი, შეშინებული ივანიშვილი, საკუთარი თავის გადარჩენისთვის, თანახმა იქნება ყველაფერზე, მაგრამ რა მოყვება ამას, ის არ ფიქრობს. არც იმაზე ფიქრობს, დასავლეთი სილას გააწვნის თუ არა საქართველოს.

ქოცთა 9-წლიანი მმართველობის გახანგრძლივების შავი ღრუბლები შეიკრა საქართველოს თავზე. მართალია, ამით იხარებს ივანიშვილის მიერ მოსყიდული ინტელიგენცია, საბიუჯეტო ორგანიზაციების მუშაკები, მაგრამ არა რიგითი მოქალაქე, ანუ ქვეყნის მოსახლეობის 95%. იცის თუ არა ამის შესახებ რუსეთის ხელისუფლებამ?

ვეჭვობ რომ იცოდეს. ინფორმაცია, რომლითაც ის სარგებლობს, მცდარია. რუსეთს არ აქვს ინფორმაციის პირდაპირი მოპოვების შესაძლებლობა, ვინაიდან ვისაც ინფორმაციის მოპოვება, გაანალიზება და ცენტრისთვის მიწოდება ევალება არ არსებობს. საქართველოში მას არ ჰყავს დიპლომატები. დიპლომატიური ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდეგ შეწყდა. ამასაც რომ არ ჰქონდეს ადგილი და რუსეთის საელჩო ფუნქციონირებდეს საქართველოში, ვეჭვობ ისე იმუშაოს, როგორც მეტოქე ამერიკის საელჩომ ან დასავლეთის ქვეყნების საელჩოებმა.

დიდი ტრადიციების მატარებელი რუსეთის საგარეო უწყების უსერიოზულეს პრობლემად რჩება ურთიერთობა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან. რუსეთმა უბოძა ყველა საბჭოთა რესპუბლიკას დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, მაგრამ შემდეგ ვერაფერი პოზიტიური — მისთვის და ყოფილთათვის ვეღარ გააკეთა. თუ რატომ, ძნელი გამოსაცნობი არ არის — თვით რუსეთში ელცინის პრეზიდენტობით გამოწვეული ქაოსი, ე.წ. რუსი ლიბერალების აღზევება, მათ მიერ რუსეთის სიმდიდრეების, მათ შორის ქარხნების, ფაბრიკების, უმსხვილესი საწარმოების, სხვა ობიექტების ხელში ჩაგდება. ვიღას ცხელოდა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის?

ლიბერალთა დევიზი იყო დამაქცეველი ყოფილი საბჭოთა იმპერიისთვის — ეყოფათ, რაც ვაჭამეთ 70 წლის განმავლობაში, ახლა თვით მიხედონ თავიანთ თავსო. ამ „ფილოსოფიით“ აზროვნებდა რუსეთის პოლიტელიტა, რომელზეც დიპლომატია იყო ჩამოკიდებული.

დსთ-ს ქვეყნებში მივლინებული დიპლომატები, განსაკუთრებით ელჩები, თავიანთი დიპლომატიური კარიერის დასრულების ეტაპზე იყვნენ და მათი პერსპექტივა პენსიაზე გასვლა იყო. ამდენად ისინი ნაკლებად იტკივებდნენ თავს მასპინძელი ქვეყნების შიდა ცხოვრებაში ჩახედვით, ინფორმაციის მოპოვებით, მასპინძლებთან საქმიანი კონტაქტების დამყარებით. საკუთარ ნაჭუჭში (საელჩოში) ჩაკეტილები კომფორტულად გრძნობდნენ თავს. შედეგი?

სავალალო. რუსეთის დიპლომატიამ ვერ დაინახა ის შიდა ძვრები, რასაც დსთ-ს ქვეყნებში ჰქონდა ადგილი; ვერ მიაწოდა საგანგაშო ინფორმაცია ცენტრს ან თუ მიაწოდა, ცენტრმა ჯეროვნად ვერ შეაფასა და შედეგად მიიღო ფაშიზმის გზაზე დამდგარი უკრაინა, ანტირუსულად განწყობილი, რუსეთთან იარაღით დაპირისპირების იდეის მატარებელი. და ეს იმ ქვეყანაში, რომელიც ფაქტიურად რუსულენოვანია და რომელშიც 25 მილიონი რუსი ცხოვრობს.

ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ჰქონდა და აქვს ადგილი იქ მცხოვრები რუსების შევიწროვებას, იძულებით რუსეთში გადასახლებას. მარტო ყაზახეთის მაგალითი რად ღირს? იქაც რუსული დიასპორა ხომ ადგილობრივს არ ჩამოუვარდება?

დსთ-ს სივრცეში მყარად გაიდგა ფესვი აშშ-ა. რუსეთი ხშირად აკრიტიკებს ამ ქვეყანას ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების რუსეთის წინააღმდეგ დარაზმვაში. დსთ-დან 10-12 ათასი კილომეტრით დაშორებული ამერიკა დიდი გავლენით სარგებლობს აქ, რუსეთის ცხვირწინ. ვისი ბრალია? ცხადია, რუსეთის. თვით ისინი რომ იტყვიან, ისეა საქმე — „სვიატო მესტო პუსტო ნე ბივაეტ“ (Свято место пусто не бывает) — წმინდა ადგილი ცარიელი არ იქნება. ელცინის შემდეგ ვითარება შეიცვალა, მაგრამ ამ დარგში თვალშისაცემი ძვრები არ ჩანს.

მოდით დავსვათ კითხვა — მოახერხებს რუსეთი საქართველოს მისკენ შებრუნებას ამერიკაში ნაწრთობი ახალგაზრდებით? საშუალო და მაღალი ასაკის თაობაც ხომ ლამის მოდასავლეთედ გადააკეთა 30-წლიანმა ანტირუსულმა პროპაგანდამ? შეძლებს ის საქართველოს საშინაო ცხოვრებაში ჩაწვდომას და იმის დადგენას — ქოცთა ხელისუფლება რამდენად პოპულარულია საქართველოში?

რამდენად შეიძლება ივანიშვილის ნდობა, კაცის, რომელსაც 9-წლიანი მმართველობის დროს არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს მოსკოვის მიმართულებით? და თუ ივანიშვილსა და მის ქოცებს დროებითის სტატუსს არგუნებს, ვის იგულებს საქართველოს ხელისუფლებაში?

თუ ამ კითხვებზე პასუხი არ გაიცემა, თანაც სწრაფად და საჯაროდ, საქართველოს მოსახლეობამ, ვეჭვობ მხარი დაუჭიროს რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას.

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური ეკვილიბრისტიკა უდავოდ შედეგია იმ მრუდე კურსის, ქვეყანამ რომ დამოუკიდებლობის მიღებისთანავე განახორციელა. აღარ ვამბობ მუდმივად გაყალბებულ ყველა დონის არჩევნებზე, პოლიტიკური პარტიების უსუსურობასა და არაპროფესიონალიზმზე, რამაც შესაძლებლობა მისცა ერთ მდიდარ კაცს ქვეყნისთვის თავს მოეხვია სისტემა ისეთი, ვერსად რომ ვერ იხილავს ადამიანი. მას ფეოდალურ ამბიციებზე დამყნობილი ველური კაპიტალიზმი ჰქვია.

ნეტავ, რამდენი ტყუილი უნდა ავიტანოთ? ნეტავ, რამდენი ხნით იარსებებს ერთი კაცის ჯიბეში მოქცეული საქართველო?

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

01/08/2021