გვეშველება რამე?! (28/06/2021)

უკვე ტრადიციაში გადასული შეკითხვა — გვეშველება რამე? ბოლო 30 წელია გვესმის — ინტენსიურად. წინასწარმეტყველის ალღო მკარნახობს, რომ კითხვა მრავალი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ამის საფუძველს ქართული პოლიტიკის უნიათობა, სიხარბე და მომხვეჭელობა მიმტკიცებს — ერთის მხრივ, ხოლო მეორის, საზოგადოების ინდიფერენტულობა. ხალხის ინდიფერენტიზმს ზოგი გადაღლილობას მიაწერს, ზოგიც რას — გამართლების თვალსაზრისით, რამეთუ საკუთარი თავის აუგად ხსენება არ სურს — ქართველი ხალხის სისხლსა და ხორცს.

დიახ! ნებისმიერ ჩვენგანს გვერიდება სინამდვილე ვთქვათ საკუთარ თავზეც და ხალხზეც, რაღაცის და ვიღაცის შიშით, იმ აბსტრაქტული ვიღაცის, ღმერთს რომ ვითომ უტოლდება. თავს ვიკავებთ თვითკრიტიკისგან, ქვეყნისა და ხალხის კრიტიკაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. მხედველობაში, საჯარო კრიტიკა მაქვს — პრესაში, ტელევიზიასა და რადიოში, თორემ საკუთარ სამზარეულოში ისეთ კრიტიკის ალყაში ვაქცევთ ქვეყანასა და ხალხს (არა საკუთარ თავს), ქართველთმოძულე უცხოელსაც რომ შეშურდება.

საჯარო კრიტიკის შემაფერხებელი ბევრი ფაქტორი არსებობს, მათ შორისაა მასმედიის მიუწვდომლობა. ვისაც ხელი მიუწვდება ელექტრონულ და ბეჭდურ მედიაზე, ვიღაცის წინაშე, თავს დავალებულად თვლის, რაც არ აძლევს მას თქვას სინამდვილე — ყოველგვარი შელამაზების გარეშე. ვაითუ ეწყინოსო — ფიქრობს და ნაცვლად სიმართლისა, სიცრუით, მოჩვენებითი კეთილდღეობით ბერავს ხალხს.

მედიის სტუმართა შემადგენლობა სტაბილურად უცვლელია და რადგან მათი ნათქვამი მისაღებია ყველა დროის პოლიტიკური ელიტისთვის. ამდენად ხელისუფალთა ნდობა მათდამი დიდია.

30 წელია ასეთი ექსპერტები, პოლიტოლოგები ავსებენ ტელე-რადიო ეთერს, გაზეთების ფურცლებს — ცრუ განცხადებებით, საეჭვო დასკვნებით, გაუანალიზებელი „მოთხრობებით“ და ამას აკეთებენ ყველა ხელისუფლების დროს — ისინიც კი, ვინც ნეიტრალურს უწოდებენ საკუთარ თავს.

ტელევიზია, რადიო, ჟურნალ-გაზეთები არ შეიძლება იყოს მარტო შიშველი პროპაგანდის საშუალება. მედიას სხვა, უფრო ამაღლებული ფუნქცია უნდა ჰქონდეს — ხალხის აღზრდა, ხალხის გათვითცნობიერება, როგორც საშინაო, ისე საგარეო საკითხებში; ხელისუფალთა მიერ დაშვებული შეცდომების გამომზეურება, გაანალიზება და სიმართლის მიტანა ხალხამდე უნდა იყოს ის მთავარი მამოძრავებელი, რომელმაც უნდა გაზარდოს ხალხი. უთხრას მას — რა არის კარგი და ცუდი — მიუხედავად იმისა, მოსწონს თუ არა ეს ხელისუფლებას. ხელისუფლებაც მზად უნდა იყოს კრიტიკისთვის და ხელს უნდა უწყობდეს, ახალისებდეს მას.

მაპატიეთ! ბევრი მოვინდომე, თუმცა ნორმალური საზოგადოების აშენება სიმართლის, ჭეშმარიტების გარეშე შეუძლებელია. გამსახურდიადან დაწყებული, ივანიშვილამდე, ყველა ხელისუფლება ხმლითა და მახვილით ებრძოდა სიმართლეს, თუმცა ყველა ერთხმად გაიძახოდა „დემოკრატიას“, „სიტყვის თავისუფლებას“. აი, ამ ორი მცნების სრულ დეგრადაციასთან გვაქვს საქმე „საოცნებო“ ხელისუფლების მმართველობის პერიოდში. მოსყიდული ჟურნალისტებისა და ექსპერტების ძალისხმევით ისეთი ცრუ „საკვები“ მიეწოდება ხალხს, უარესს რომ არვინ იფიქრებდა. 9 წლის განმავლობაში ასმენინებენ მას, „ოცნების“ მიერ მოპოვებულ წარმატებებზე. მოწმედ მოჰყავთ საერთაშორისო გამოკითხვები, უცხოელი ექსპერტების გამონათქვამები.

ტყუილი, რომელიც ხელისუფალთა მხრიდან ითქმის, იბუქება და იზრდება ე.წ. ექსპერტებისა და დაქირავებული ჟურნალისტების მიერ — ერთი და იგივე ჟურნალისტების, ერთი და იგივე პოლიტოლოგების — სისტემატურ, უწყვეტ რეჟიმში. პროპაგანდისტული წნეხი მოქმედებს, მითუმეტეს იმათზე, ვინც დილიდან გვიან ღამემდე ლუკმა-პურის ძებნაშია და ასეთია საქართველოს მოსახლეობის 90%.

პურის ძებნაში გართულებს დრო არ რჩებათ ჭეშმარიტი ინფორმაციის მოპოვებისთვის. ყაბულდებიან იმათ ნათქვამს, ვისაც მათი მამა-პაპანი უყურებდნენ და უსმენდნენ, ქამელეონებს — პოლიტიკური ცხოვრების სადარად ფერშეცვლილებს.

ხალხის გადაგვარების საქმეში მედიას ლომის წილი ეკუთვნის. ის, რაც საქართველოში ხდება ნეგატიურობის თვალსაზრისით, უკუღმართი მედიის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შედეგია. შეიძლება თუ არა ხალხის სამსახურში ჩამდგარი, მართალი მედიის არსებობა?

დღევანდელ, ხვალინდელ, ზეგინდელ საქართველოში არა! ვინაიდან არც ამის სურვილი, მითუმეტეს რესურსი არ არსებობს.

რა რესურსზეა ლაპარაკი, როდესაც მავანი პოლიტოლოგი ტელეჟურნალისტს თხოვს —ერთი გადაცემა გერმანიის არჩევნებს დავუთმოთო? გერმანიაზე, მითუმეტეს მის არჩევნებზე საუბარი ამჟამინდელ ქართველ მაყურებელთან, მსმენელთან — მოუმზადებელთან და საერთაშორისო საკითხებში გაუთვითცნობიერებელთან რომ წყლის ნაყვა იქნება — ეს უნდა იცოდეს პოლიტოლოგმა.

საქართველოს მოსახლეობა მხოლოდ მაშინ მიაქცევს გერმანიის ან რომელიმე ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებს ყურადღებას, როდესაც საკუთარ არჩევნებს ჩათვლის ყურადღების ღირსად, რასაც ჯერ-ჯერობით ადგილი არ აქვს. პესიმისტობაში ნუ ჩამითვლით, მაგრამ ხალხს კარგა ხანს არ ექნება ინფორმაციისადმი ინტერესი. მშიერს რა გაუჩენს ინტერესს?!

პოლიტოლოგმა უნდა იცოდეს, რომ გერმანიის არჩევნებზე მოლაპარაკეს აუდიტორია არ ეყოლება, რომ ამ თემაზე ლაპარაკი ეთერის დაბინძურების ტოლფასი იქნება. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ჩვენი არჩევნების თემა ხუთიანზე ჩავაბულბულეთ და ახლა გერმანიას მივადეგით.

ჩემო პატივცემულო იმანო, რით არის ნაკლები მშობლიური არჩევნების თემა გერმანულზე? იმით ხომ არა, რომ 30 წლის განმავლობაში ვერც ერთი არჩევნები ვერ ჩავატარეთ გაუყალბებლად? იმით ხომ არა, გაყალბებული არჩევნებით ისეთი ხელისუფლება მივიღეთ, ქვეყნობას რომ კითხვის ნიშნის ქვეშ სვამს? იმით ხომ არა, რომ თანამედროვე საქართველოს პოლიტიკური სისტემა დღემდე გაურკვეველია?

იმით ხომ არა, რომ ვიღაც ფულიანი ლამის 10 წელია, როგორც ბატონი ისე მართავს მიტაცებულ ქვეყანას? იმით, ხომ არა, რომ ნაცვლად ამ საშინელებისა, თქვენ გერმანიის არჩევნების თემას აჟღერებთ?

იმით, ხომ არა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ანგარიშით გამოდის პარლამენტში და ამაზე არც თქვენ და არც სხვა რეაგირებას — მკაცრს, მტკიცეს არ ახდენთ? იმით ხომ არა, რომ ღარიბაშვილიც და პარლამენტიც ბიძინას „დანიშნულია“ და არა არჩეული და თქვენ ამაზე არაფერი გითქვამთ?!

ღარიბაშვილმა რომ ანგარიში წარუდგინა პარლამენტს, ვისთვის და რისთვის იყო გამიზნული? შთაბეჭდილება მრჩება — ჩათვლისთვის! მან ჩათვალა, თან პროპაგანდა გაუწია საკუთარ თავს და „ოცნებას“ მომავალი ადგილობრივი არჩევნების წინ. ვინმემ დასვა კითხვა — რა დროს გაწეული მუშაობის ანგარიშია, კარსმომდგარი არჩევნების წინ?

ვინმემ დასვა კითხვა — რა გააკეთა ხელისუფლებამ განვლილ პერიოდში ხალხის მდგომარეობის შესამსუბუქებლად?! პასუხი მოკლე და მარტივია — არაფერი!

ვიდრე პრემიერი თავს იქებდა გაკეთებულით და ოქროს გორების აშენებას გვპირდებოდა გრძელვადიან პერსპექტივაში, ბენზინის ფასი დამატებით 5 თეთრით გაიზარდა. იზრდება პურის ფასიც და ამ დროს პრემიერის ტყუილები — წარმატებულ მუშაობასთან და გრანდიოზულ გეგმებთან დაკავშირებით.

რა თავხედობაა პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რომლის ხვალინდელი ბედი, ისე, როგორც „ოცნების“, ჰაერშია გამოკიდებული.

პრემიერის გუშინდელ, დღევანდელ, ხვალინდელ ტყუილებს რომ თავი დავანებოთ, ბერა ივანიშვილთან გამართული სატელეფონო ლაპარაკი, რომელიც თვითონ აღიარა — იყოო, არ უნდა ყოფილიყო ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლის საბაბი? ან თუნდაც თქვენ, პატივცემულო პოლიტოლოგო, არ უნდა გეთქვათ სახელგატეხილი პრემიერის პარლამენტის წინაშე გამოსვლა მიუღებელიაო!!!

ასეთი, იმ დასავლეთში, საითკენაც ვითომ მიდის საქართველო, დიდი ხანია არც პრემიერი იქნებოდა და სასამართლოს წინაშე აგებდა პასუხს. მაგრამ არა! პოლიტოლოგების, მედიის, ივანიშვილ-ღარიბაშვილის მიერ მოსყიდული ხალხის წყალობით ღარიბაშვილი გვმოძღვრავს!

ოპოზიცია რასა იქმს? — ვაშინგტონში დარბის.

გასული საუკუნის 50-იან წლებში იყო ასეთი სიმღერა „თბილისი და წაღვერი“, რომელსაც ძაგნიძისა და ჩხიკვაძის დუეტი ასრულებდა — სიყვარულშეპყრობილი, სატრფოს სანახავად რომ ნატრობდა ახლოს მაინც ყოფილიყო თბილისი წაღვერთან. ზაფხულობით, თბილისელი დამსვენებლების ტევა არ იყო წაღვერში. მაშინ წაღვერი შორეულად ჩანდა. დღეს, ათასობით კილომეტრით დაშორებული ვაშინგტონი ახლო ჩანს, ისეთად, პოზიცია-ოპოზიცია რომ გამუდმებით დაჭენაობს საკუთარი მდგომარეობის გასამტკიცებლად.

ისე აცხადებენ ვაშინგტონს მივემგზავრებითო, თითქოს წაღვერი იყოს, თითქოს მოგზაურობა ათეულ-ათასობით დოლარი არ ჯდებოდეს , თითქოს ამ ფულს ქვეყნის ბიუჯეტი არ გასცემდეს, თითქოს ამომრჩეველი ამერიკელი იყოს და არა ქართველი.

ამომრჩეველი ამერიკელი პოლიტიკოსია და არა ქართველი ხალხი. ეს, რომ ასე არ იყოს ქართველი პოლიტიკოსები არ აატალახებდნენ ვაშინგტონის კარს. ბოლო კვირების განმავლობაში არც ერთ ოპოზოციურ პარტიას არ განუცხადებია ვაშინგტონში არ ვყოფილვარო. პირიქით, ყველა სიამაყით ამბობს ვიყავით და ჩვენ გვიჭერენ მხარსო.

და ამას აცხადებენ ქართველი ვაი პოლიტიკოსები. „მხარს ჩვენ გვიჭერენო!“ ყველამ ვიცით რა ხდება საქართველოში ბოლო 30 წლის განმავლობაში. ისიც ვიცით, რომ საქართველო არც დამოუკიდებელია და არც სუვერენული. ისიც ვიცით, რომ ვაშინგტონის გარეშე ტუალეტშიც ვერ შევდივართ, მაგრამ თუ აქამდე ყოველივე აღნიშნულს შიშველი ფორმები არ ჰქონდა, დღეს გაშიშვლებულია.

როდესაც ქართველი პოლიტიკოსი ვაშინგტონში მხარდასაჭერად მიდის, ამით ადასტურებს იმას, რაც ვიცოდით — საქართველოში არჩევნები არ ტარდება. რაც ტარდება — სიტყვა „დანიშვნებს“ შეესაბამება. როდესაც ქართველი ვაი პოლიტიკოსი აცხადებს — ის გვიჭერს მხარსო, იმასაც არ აქცევს ყურადღებას, რომ შეურაცხყოფას აყენებს საკუთარ ხალხს, ვინც სინამდვილეში უნდა დაუჭიროს მხარი. არის ეს დაუფიქრებელი, უნებლიე შეცდომა?

არამცდაარამც. ეს, ის რეალობაა, რომელიც აქამდე არ ითქმოდა, დღეს კი ითქმის დაუფარავად, როგორც ქართველის, ისე ამერიკელის მხრიდან. როდესაც კანონებს კოლექტიური დასავლეთი გითხზავს და მათ შესრულებაზე კონტროლს გიწევს — ძნელია თავს დამოუკიდებელი უწოდო. როდესაც პრემიერი ღარიბაშვილი პარლამენტის ტრიბუნიდან ქვეყანას ათწლიან პროგრამას ტყორცნის, გამოდის რომ ვაშინგტონში ჩაწყობილი აქვს ხელისუფლებაში ხანგრძლივი ყოფნა.

როდესაც ხალხი ხელისუფლების თავხედობასა და თავდაჯერებულობაზე რეაქციას არ აკეთებს, პულსი უნდა გაისინჯოს — ხომ არ გარდაიცვალა. რა დანაშაული უნდა ჩაიდინოს ხელისუფლებამ, რომ ხალხმა შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს?!

ხალხის ინერტულობა, საღათას ძილში ყოფნა ინტელიგენციის, პოლიტოლოგების, მედიის ბრალია — ვიღაცის შიშით, ანგარიშის გაწევით რომ არ ასრულებენ ფუნქციას, რომელიც მათ აკისრიათ.

ზემონახსენები ტრიო არც მაშინ შემოჰკრავს განგაშის ზარს, როდესაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას ექნება ადგილი. ამისი მაგალითებიც გვქონია, როდესაც ამერიკელთა კარნახით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ხოტბა შეასხეს წინადადებას — ნატოში აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის გარეშე შესვლასთან დაკავშირებით. სრული შესაძლებელია ამ პროცესის რეანიმაცია.

უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის ინტერვიუ მიღვივებს ამ აზრს. ზელენსკიმ თქვა, რომ დონბასის პრობლემა იმდენად მოუგვარებელია, სჯობს კედლით მისი გამოყოფა უკრაინისგან. რას ნიშნავს ეს, თუ არა ნებაყოფლობით დონბასზე უარის თქმას?

ინერტულ ხალხთან ურთიერთობა გაცილებით იოლია, ვიდრე ფხიზელთან. ეს კარგად იცის დასავლეთმა და შესაბამისი ნაბიჯებიც გადადგა ხალხისთვის საძინებელი წამლის მიცემის სახით. ასე რომ, კიდევ დიდხანს დავსვამთ კითხვას — გვეშველება რამე?!

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი