ჟენევის კეთილი ნება, ჯერ-ჯერობით ქაღალდზეა (26.06.2021)

რუსეთ-ამერიკის პრეზიდენტების, პუტინისა და ბაიდენის, ჟენევის მოლაპარაკებას მივუძღვენი წინა სტატია, მაგრამ ყურადღება არ გამიმახვილებია რას მიიღებს საქართველო ამ მოლაპარაკებიდან, უფრო სწორად რას ელოდა საქართველოს პოლიტიკა, არასამთავრობო სექტორი, საზოგადოება და რა მიიღო მან. თავიდანვე ვიტყვი, რომ მოლოდინი არ გამართლდა და არ გამართლდა იმიტომ, რომ ორთა ლაპარაკმა პოზიტიური შედეგი არ მოუტანა საქართველოს, არამედ იმიტომ, რომ საქართველოზე ლაპარაკი არ ყოფილა.

მაინც რა აიმედებდათ ქართველ ექსპერტებს შეხვედრამდე, თავდაჯერებით რომ აცხადებდნენ — საქართველო განხილვის თემა იქნებოდა, ძნელი სათქმელია. მათთვის, ვინც ყურადღებით აკვირდებოდა ჟენევამდე განვითარებულ მოვლენებს, მხარეთა მიერ განსახილველი საკითხების გამომზეურებას, ნათელი იყო, რომ საქართველო და არა მარტო ის, არამედ უკრაინაც კი განხილვის საგნად არ ჩაითვლებოდა.

მოლაპარაკების დასასრულს მხარეები გაკვრით შეეხნენ უკრაინას, რომლის დროსაც ორივე მხრიდან დაფიქსირდა ჩვენთვის ცნობილი პოზიციები, სადაც მინსკის შეთანხმების შესრულება, ისე, როგორც სხვა შეხვედრებზე, აუცილებლად დასახელდა.

საქართველოს პოლიტიკურმა ელიტამ, მათ შორის ოპოზიციამ დაუფარავი სინანული გამოხატა საქართველოს არ ხსენებასთან დაკავშირებით და ტრადიციულად ამაში ბრალი დასდო საქართველოს ხელისუფლებას ინერტულობაში. ოპოზიციის განმარტებით, ივანიშვილის მიერ დასმული ხელისუფლება — რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილი, თითქმის 9 წლის განმავლობაში კოჭს უგორებს რუსეთის ხელისუფლებას და თავს იკავებს დასავლეთის წინაშე საქართველოს სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხების დაყენებაში, რომლებიც რუსეთის აგრესიასა და ოკუპაციას ეფუძნება. მათი აზრით, „ოცნებას“ რომ ეაქტიურა, ჟენევის შედეგი საქართველოსთან მიმართებაში უდავოდ იქნებოდა, თანაც ჩვენს სასარგებლოდ.

გულუბრყვილობაა და მეტი არაფერი. საქართველოს ხელისუფლება მინიმალურ შანსს არ უშვებდა ხელიდან რუსეთის, როგორც შინ, ისე გარეთ სალანძღავად, რაც დასავლეთის ნორმალური წრეებისთვისაც კი მიუღებელია. დასავლეთისთვის მიუღებელია, როდესაც იქ ჩასული დაბალ-მაღალი რანგის მოხელე, უწყვეტ რეჟიმში, იმეორებს დაზეპირებულ ფრაზებს ნატოში და ევროკავშირში მიღებასთან დაკავშირებით. და ამას არა მარტო „ოცნების“ ხელისუფლება აკეთებს, ამას აკეთებდა ნაცების ხელისუფლება, მანამდე შევარდნაძის.

რა პასუხი გაგვცა დასავლეთმა?

მარტივი და გასაგები — იშრომეთ საკუთარი ქვეყნის და მისი ხალხის კეთილდღეობისთვის, ეკონომიკის ამოქმედებისთვის, ნამდვილი მართლმსაჯულების ჩამოყალიბებისთვის, სხვა აუცილებელი საკითხების მოგვარებისთვის და როდესაც დავინახავთ, რომ თქვენ პროგრესს მიაღწიეთ, უმალ კარს გაგიღებთ ნატოში და ევროკავშირში შემოსასვლელად.

მსგავს განცხადებას აკეთებდნენ, როგორც ამერიკელი, ისე ევროპელი პოლიტიკოსები, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც სხვა გზას ირჩევდნენ — წაქეზების, დაპირისპირების, ჩვენი მხრიდან უსაფუძვლო მოთხოვნის კატეგორიული ფორმით დაყენების. თქვენ დააყენეთ — ჩვენ მხარს დაგიჭერთ — იყო ასეთი ნათქვამიც. და ჩვენც, იოლ გზას დაჩვეულნი, მარტო იმათ აზრს ვიზიარებთ, ვინც დაპირისპირებისკენ მოგვიწოდებს და არა იმათ, ვინც ჯერ საკუთარი პრობლემების მოგვარებას გვკარნახობს, ხოლო შემდეგ დიდ მატერიებზე ოცნებას — ნატოსა და ევროკავშირში შესვლის სახით.

მეორეთა რჩევის გაზიარება საქართელოს პოლიტიკისთვის შეუძლებელია, ვინაიდან საფუძვლიან შრომას მოითხოვს ქვეყნის ყველა ფრონტზე — განსაკუთრებით ეკონომიკის, მართლმსაჯულების, მოქალაქეთა თვითშეგნების ამაღლების დარგში, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ.

აი, მათი წინადადება, ვინც ნატოში და ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით მუდმივ თხოვნას გვაიძულებს, ქართული პოლიტიკისთვის გაცილებით ხელსაყრელია, ვინაიდან გამორიცხავს საკუთარი პრობლემების, საკუთარი ძალებით მოგვარებას. ნაცვლად ამისა ეფუძნება ვირეშმაკულ პოლიტიკას, რაც გულისხმობს ცალსახა პრიმიტივიზმს — პრობლემებიანი საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში შესვლას და ამ პრობლემების მათთვის დაკისრებას.

ქართველ „პოლიტიკოსთა“ ჩანაფიქრი იმდენად პრიმიტიული და იოლად გამოსაცნობია, რომ ავანტიურიზმში დახელოვნებულ დასავლეთს ვერ მოხიბლავს, მითუმეტეს აზრს ვერ შეაცვლებინებს განუვითარებელ, არშემდგარ ქვეყანასთან, როგორიც ჩვენია, მიმართებაში.

ლამის 25 წელია გრძელდება ამ ორის — დასავლეთის და ჩვენი გაუთავებელი „ფლირტი“ და ალბათ ასეც გაგრძელდება, ვიდრე  საქართველო არ შეიცვლის პოლიტიკურ ორიენტაციას. ორიენტაციის შეცვლას კი სხვა საზოგადოება, სხვა პოლიტიკოსები, სხვა მედია, სხვა ხალხი სჭირდება. ასეთის, დღეს ან ხვალ დაბადება შეუძლებელია მრავალ მიზეზთა გამო. დღევანდელებმა, ის მაინც უნდა მოვახერხოთ, რომ თავიდან ავიცილოთ სხვათა აგრესია, შევეცადოთ ისეთი ნაბიჯები არ გადავდგათ, ცხოვრებას რომ გაგვირთულებს, სიცოცხლეს მოგვისწრაფებს.

ქართულ პოლიტიკას უნდა ახსოვდეს, რომ მის უკან ქვეყანაა, მართალია მათ მიერ დაბეჩავებული და დამონებული, მაგრამ ჯერ-ჯერობით ქვეყანა — გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი, მსოფლიო რუქაზე დაფიქსირებული. ახერხებს კი ამას დღევანდელი ქართული პოლიტიკა? პასუხი ნეგატიურია.

მაშ, რას ახერხებს საქართველოს პლიტიკა? იმას, რამაც მეზობელი რუსეთის გავლენიან პოლიტოლოგებს ათქმევინა, რომ საქართველო არის ანტირუსული ქვეყანა, რომელიც ყველგან და ყოველთვის იქცევა რუსეთის მიმართ გამომწვევად, აგრესიულად, ავანტიურისტულად. რომ რუსეთის ხელისუფლებამ, ნაცვლად წაყრუებისა, მკაცრი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს საქართველოს წინააღმდეგ.

დიახ! საქართველოს და არა ვიღაც ვაი პოლიტიკოსების მიმართ. საბოლოო ჯამში, ქართველ პოლიტიკოსთა ავანტიურისტული ქმედების წყალობით, სერიოზული დარტყმის ქვეშ მთელი ქვეყანა მოექცა. მავანი იტყვის — ქვეყანა და მისი ხალხი რა შუაშიაო? უდავოდ, არის! ვინაიდან ამ ხალხმა მისცა მათ პოლიტიკოსის  მანდატი. ამ ხალხმა აირჩია ისინი საკანონმდებლო ორგანოში. ეს ხალხი აირჩევს მათ ადგილობრივ არჩევნებში — აირჩევს დაუფიქრებლად — 20/30/50 ლარის ფასად.

ჟენევის შემრიგებლური ტონი ბევრს არ მოეწონა, უპირველესად უკრაინას. უკმაყოფილოთა შორის საქართველოცაა. როგორც უკრაინელები, ისე ქართველები ჟენევის მოლაპარაკებას მიიჩნევდნენ რუსეთის დასჯის დასაწყისად. უკრაინა-საქართველოსთვის მთავარია, რომ რუსეთი იყოს ცუდათ, დასავლეთის მიერ კუთხეში მომწყვდეულ მხეცად.

უკრაინელები ხარობენ, როდესაც რუსეთის ნაკრები ფეხბურთში აგებს თამაშს. ქართველებიც ხარობენ — „ახია, აგრესორზეო“ ძახილით. ამ სიხარულს ორივე საჯაროდ გამოხატავს — რუსთა ლანძღვა-გინებით. უკრაინელებს უხარიათ, როდესაც სტიქია, ამ შემთხვევაში წყალდიდობა ანგრევს და ანადგურებს ყირიმის ნახევარკუნძულის დასახლებულ პუნქტებს. და ეს მაშინ, როდესაც გამუდმებით გაიძახიან — ყირიმი უკრაინააო. თუ ყირიმი უკრაინაა, მაშ რატომ უნდა ხარობდე მისი გასაჭირით?

საქართველო-უკრაინის „ძმობა“ არაერთხელ აღინიშნა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის უკრაინაში ვიზიტის დროს. რუსულმა „აგრესიამ“ აიძულა ეს ორი ქვეყანა დაახლოებოდა ერთმანეთს, რაშიც ცუდი არაფერია, მაგრამ ფაშისტურ უკრაინასთან ჩახუტება დიდი ვერაფერი არჩევანია, მაშინაც კი, როდესაც ამ ტანდემის მოქმედება სხვის წინააღმდეგ არ არის მიმართული. მაგრამ, როდესაც ასეთთან გვაქვს საქმე და მიზანში ორივეს რუსეთი ჰყავს ამოღებული, საკითხი სერიოზულობის სახეს იღებს და საქართველოს ხელისუფალთაგან წამიერ დაფიქრებას მაინც მოითხოვს.

უკრაინის ხელისუფლება, რომ თავზე ხელს უსვამს ბანდერელებს და მათ სახელებს არქმევს დედაქალაქისა და სხვა ქალაქების ქუჩებს, ქართველ პოლიტიკოსთაგან დაფიქრებას მიაიც მოითხოვს.

დასაფიქრებელია ჟენევამდე და ჟენევის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტის პუტინის მკაცრი განცხადებებიც, რომ რუსეთი არ დაუშვებს უკრაინა-საქართველოში ნატოს სამხედრო ბაზების განთავსებას.

საქართველოს ხელისუფლება ისეთი ქარაფშუტაა, რომ პუტინის გაფრთხილებას არაფრად აგდებს — რუსეთს არავინ ეკითხება ჩვენ გაგვაწევრებენ თუ არა ნატოშიო. აქვე მოგახსენებთ, რომ ეკითხება! საქართველოსთვის ბრიუსელის მიერ მიცემულ ყველა დავალების შესრულებაც კი არ იქნება ნატოში შესვლის საბაბი.

ნატო უდავოდ გაითვალისწინებს კრემლის აზრს და არ გადალახავს წითელ ხაზს, წინააღმდეგ შემთხვევაში ბრიუსელი დარტყმის წინაშე დადგება, ანუ რუსეთის მხრიდან მკაცრი რეაქციის.

უკრაინა-საქართველო, საკუთარი გამოუცდელობიდან გამომდინარე, ისეთ დასკვნებს აკეთებენ, როგორსაც პირველკლასელი მოსწავლეც არ გააკეთებდა. საქართველოს ხელისუფლება რომ ერთ-ერთ ოკეანეში, კუნძულზე ცხოვრობდეს თავში ქვა უხლია — აკეთოს რეაქციული განცხადებები, მაგრამ როდესაც ის საქართველოს ტერიტორიაზეა — ანგარიში უნდა გაუწიოს ხალხს.

ავანტიურისტ უკრაინასთან და არანაკლებ ავანტიურისტ დასავლეთთან ჩახუტებას თუ არ დაესმება წერტილი, კარგს არაფერს უნდა ველოდეთ ჩრდილოელი მეზობლისგან.

პუტინ-ბაიდენის პოზიტიურმა მოლაპარაკებამ უკმაყოფილება არა მარტო საქართველო-უკრაინაში გამოიწვია, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში, დიდ ბრიტანეთში. გერმანია-საფრანგეთის მეთაურებმა მერკელმა და მაკრონმა ერთობლივად განაცხადეს, რომ მზად არიან ბრიუსელს წარუდგინონ წინადადება — ევროკავშირ-რუსეთის შეხვედრის ორგანიზების თაობაზე.

წარუდგინეს, მაგრამ პოლონეთმა, ბალტიისპირა ქვეყნებმა უარი თქვეს ასეთი მოლაპარაკების გასამართად. ბრიტანეთმა კი ბრიუსელის სხდომამდე, რუსეთის ტერიტორიულ წყლებში, ყირიმთან, სამხედრო გემი შეაცურა, რაზეც უმალ მიიღო რუსეთის მკაცრი სამხედრო პასუხი — გამაფრთხილებელი სროლით, ავიაგამანადგურებლების გემის თავზე ტრიალით. რა იყო ეს, თუ არა პროვოკაცია?

ამ პროვოკაციით ორი რამ სურდა ლონდონს — რუსეთის მზადყოფნის გამოცდა და ევროკავშირისთვის იმის ჩვენება, რომ რუსეთი აგრესორია. იმ ევროკავშირის, რომელიც პუტინთან მოლაპარაკების გამართვაზე მსჯელობდა. ოფიციალური მოსკოვის განცხადება იყო მკაცრი — გაიმეორებთ, დაგბობმავთ!

ბრიტანეთის სამხედრო გემის ჩაძირვა რომ ნატო-რუსეთის სამხედრო დაპირისპირებას გამოიწვევს, მარჩიელობა არ სჭირდება. და რას მიიღებს მსოფლიო? მესამე მსოფლიო ომს ხომ არა? ნუთუ ღირს კაცობრიობის სიცოცხლის სასწორზე შემოდება ორი გაუწონასწორებული, არ შემდგარი ქვეყნის გულისთვის?

ნამდვილად არ ღირს და ეს იცის დასავლეთმა, თუმცა არსებობს ადამიანის ფაქტორი, შეცდომა, წითელ ღილაკზე შემთხვევით თითის დაჭერა. არის ვინმე შემთხვევითობისგან დაზღვეული?

ჟენევაში მოხდა მთავარი — მსოფლიო მშვიდობისთვის მზადყოფნა. აი, ეს არის მთავარი ყველასთვის, მათ შორის საქართველო-უკრაინისთვის და არა პროვინციული ზღაპრები, უმეტესად ავანტიურისტული, სახიფათო დასასრულით.

ამ კეთილშობილურ იდეას ბევრი დასავლელი პოლიტიკოსი ეწინააღმდეგება, მათ შორისაა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.

ბირთვული სახელმწიფოს ლიდერს იმის პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს, რომ მეორე ბირთვული სახელმწიფოს მიმართ სახიფათო პროვოკაცია არ მოაწყოს. ბრიტანელი პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მტკიცებით, პირადად ჯონსონმა მოუწოდა სამხედრო ხომალდს რუსეთის ტერიტორიული წყლების დარღვევა, ვინაიდან თურმე ყირიმი უკრაინაა და მიმდებარე წყლებიც მას ეკუთვნის.

პოლიტიკოსი, რომელიც რეალობას ვერ აღიქვამს — კოჭლი პოლიტიკოსია. მისგან და მათგანებისგან მსოფლიო, მშვიდობას არ უნდა ელოდეს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი