ნატოური ფარისიველობა (03/07/2021)

„ადამიანს აქვს შესაძლებლობა, არ გაამხილოს საკუთარი აზრები, ილაპარაკოს იმის საწინააღმდეგო, რასაც სინამდვილეში ფიქრობს, იცრუოს, არ გამოფინოს სახეზე ის, რაც მის სულში ხდება და ყოველივე ეს მხატვარს ან სკულპტორს არსებით სირთულეს უქმნის.“ — ლეონარდო და ვინჩი.

ადამიანის თვისებებს უდიდესი შემოქმედი საკუთარი ხელოვნებიდან უმზერდა — ამ ვიწრო შემთხვევაში, თუმცა არა ყოველთვის. მას, რომ თუნდაც ერთი თვალით შეეხედა დღევანდელი განვითარებული და როგორც ამბობენ „წინ წასული“ ადამიანისთვის, უამრავ  ნაკლოვანებებს შეამჩნევდა, უარესს რომ ვერც ის და ვერც სხვა ბუმბერზი ვერ იფიქრებდა. ახალმა ცხოვრებამ, „უზომოდ“ განვითარებული, მაგრამ ზნედაცემული ადამიანი შობა.

პროცესი გრძელდება. თვალი გადაავლეთ ჩვენს მისაბაძ ევროპას, აშშ-ს, ე.წ. დასავლურ სამყაროს — პროგრესისა და თავისუფლების გარანტორს, ლგბტ-ს დროშის ქვეშ გაერთიანებულს, ურჩ ქვეყნებზე — არადემოკრატიულსა და ადამიანის უფლებების შემლახავზე შეტევის მიმტანს. ურჩი ქვეყნები მათდა სამწუხაროდ ბევრია, რომელთა შორის გამოირჩევიან რუსეთი, ჩინეთი, ირანი, ჩრდილოეთ კორეა, კუბა, არაბული სახელმწიფოები, ლათინური ამერიკა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, აფრიკის 50 ქვეყანა და ა.შ.

საქართველო ამ ჩამონათვალში არ შედის, ვინაიდან გზაგასაყარზეა, ცხადია უფრო დასავლეთისკენ გადახრილი, ვიდრე ჭეშმარიტებისკენ, სიკეთისა და კეთილდღეობისკენ. 4-5 წლის წინ ლგბტ-ს აღლუმზე, მითუმეტეს განდიდებაზე არვინ გაბედავდა ლაპარაკს. დღეს, ყველა ელექტრონული მედია პრაიდზე ლაპარაკობს — „დღესასწაულზე“, რომელსაც 1-5 ივლისს ატარებენ — საჯაროდ, აღლუმით, მამაკაცთა კურტუმოს ქნევით.

მართლმადიდებლური ეკლესია თავის განცხადებაში გმობს ასეთს, მაგრამ არის ეს საკმარისი იმისთვის, ღონისძიება დასავლური და დასავლელთა სანატრებელი რომ არ ჩატარდეს?!

საყოველთაო ანტიპრაიდულობა არ ჩანს, რაც იმის მაუწყებელია, რომ დაიღალნენ, ფინანსები შემოაკლდათ და ა.შ. ფული ასეთ ვითარებაში უდიდესი მამოძრავებელი ძალაა და თუ ამ ძალას სულს აშშ-ი და მისი პარტნიორი ქვეყნები შთაბერავენ, წარმატებას რაღა უდგას წინ?

აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა აკი ბრძანა — დაიცავით თავისუფალი გამოხატვის უფლებაო, რასაც ხელისუფლებამ უპასუხა — ყველას უფლებას დავიცავთო.

ხელისუფლებას სათავეში უდგას პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, რომლის ინიციატივითაც კონსტიტუციაში ჩაიწერა — ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა და არა ქალის და ქალის ან კაცის და კაცის. თითქოს ამ ჩანაწერის შემდეგ სხვაგვარი მიდგომა უნდა ყოფილიყო ლგბტ-ს მიმართ, მაგრამ არა.

ჩაწერით, ჩაწერეს, მაგრამ მადლს მარილი არ მოაყარეს. პირიქით, ისეთი ფართო გასაქანი მიეცა ლგბტ-ს პროპაგანდას ქართულ მედიაში, ლამის ის დასავლელებიც სიხარულით გადაირივნენ.

რატომღაც ლგბტ-ს თემას რუსულ პროპაგანდას, რუსეთის „რბილ ძალას“ უკავშირებენ.

ანტი-ლგბტ-ური განწყობა იქიდან მოდისო — ამბობენ. „რბილი ძალის“, თანაც რუსულის წინ აღსადგომად აშშ-ა 88 მილიონი დოლარი გამოჰყო. ამ თანხის დიდი ნაწილი ლგბტ-ს პოპულარიზაციას ხმარდება — ლგბტ-ს სიკეთეებზე საუბარს მასმედიაში. რომელი ეკლესია, რომელი საზოგადოება, რომელი პრორუსული პარტია დაუპირისპირდება 88 მილიონ დოლარს?

დასაპირისპირებლად ხალხია საჭირო. ხალხს ძინავს და თუ რამე გააღვიძებს — ფულია. პროტესტი, ფულს უკავშირდება. მისცემს ვასაძე ფულს ხალხს პროტესტისთვის — ხალხი გამოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში არ შეიმჩნევს, არ დაინახავს გეი-აღლუმს. და რახან ასეა, ფულით გაყოყოჩებული პრაიდის ორგანიზატორები ჟურნალისტის შეკითხვას თავდაჯერებულები პასუხობენ — აუცილებლად ჩავატარებთ, ვინაიდან მხარს ბევრი გვიჭერს, მათ შორის პოლიტიკოსები და ბიზნესმენები, არასამთავრობო ორგანიზაციებიო.

ეს, არ არის დაუფიქრებლად ნასროლი საეთერო სიტყვები. სიმართლეა, მწარე სიმართლე. 10 წლის წინათ ლგბტ-ზე ლაპარაკი ლამის აკრძალული იყო, მანამდე ამ თემაზე ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. დღეს, დაუფარავად ისმის ტელეეკრანებიდან პრაიდის ორგანიზატორთა მოწოდებები — ღირსების აქციის ჩატარებასთან დაკავშირებით.

სიტყვა „ღირსებასაც“ შეუჩდნენ და მასაც ისე შეაძულებენ ხალხს, როგორც სიტყვები „დემოკრატია“ და „ადამიანის უფლებები“ შეაძულეს.

ფული, რომელიც დასავლეთიდან მიდის ლგბტ-ს ორგანიზაციის ჯიბეებში, არა ერთჯერადი აქტია, არამედ მუდმივი, თანმიმდევრული, ათასჯერ აწონილი. იმ დასავლეთმა იცის, რომ თუ დღეს არა, ხვალ მაინც მოახერხებს გულშემატკივართა რაოდენობის გაზრდას. მათ კარგად იციან, რომ ბუნებრივ პროცესს წინ ვერვინ და ვერაფერი დაუდგება. მოწინააღმდეგეთა არმია, მეტადრე საშუალო და მაღალი ასაკის ადამიანები ამ ქვეყნიური ცხოვრებიდან იმ ქვეყნიურში გადავლენ, ხოლო მათ ადგილს დასავლელთა ნავარჯიშევი ახალგაზრდობა დაიკავებს.

ახალგაზრდობა, რომელიც სულით-ხორცამდე დასავლეთს ემონება და მის დავალებებს მუყაითად ასრულებს. დავალებათა შესრულებაში მარტო ლგბტ-ს თემა არ დევს, სხვა თემებიცაა, მაგალითად რუსოფობიური. ეს საკითხი გაცილებით მნიშვნელოვანია კოლექტიური დასავლეთისთვის, ვიდრე სხვხა. თავისი მნიშვნელობით ის ლგბტ-ს დონეზეა. უფრო სწორად რუსოფობია და ლგბტ-ობა ერთი-მეორეს ავსებს და ერთმანეთს ისე უკავშირდება, რომ მათი დაშორება შეუძლებელია.

თავის მხრივ ლგბტ-ე რუსულ „ტირანიას“ უკავშირდება — დასავლური განმარტებით — რუსულ ტოტალიტარიზმს, რომელიც ებრძვის და გაქრობით ემუქრება რუსეთის მეზობელ სახელმწიფოებს, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, ვინაიდან ყოფილები, რომლებიც 30 წლის წინათ დაადგნენ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვის გზას ვერაფრით გამონახავენ ტოტალიტარულ რუსეთთან საერთო ენას.

ყოფილთა შორის ყველაზე ანტირუსულად საქართველო, უკრაინა, მოლდოვა გამოიყურება. რუსოფობიამ ბევრი განსაცდელი არგუნა ამ ტრიოს ე.წ. დამოუკიდებლობის წლებში — „ფერად-ყვავილოვანი რევოლუციები“, სამოქალაქო ომები, ტერიტორიების დაკარგვა, ეკონომიკური კოლაფსი, უმუშევრობა, მოსახლეობისგან დაცლა და ა.შ.

მაგრამ მისცა „თავისუფლება“, როგორც თვითონ განმარტავენ, დემოკრატია, ადამიანის უფლებების დაცვა. ახალგაზრდა თაობა — უსწავლელი, გამოუცდელი, ყალბ ამერიკულ სწავლა-განათლების ანკესზე წამოგებული, საკუთარი ისტორიისა და ტრადიციების აუგად მომხსენიებელი, დასავლურის მაღმერთებელი ზუსტად ისეთ უტვინო მასად არის ქცეული, როგორიც ამერიკელი ალენ დალესის პროგრამაშია ჩაბეჭდილი. ასეთთან — გონგამოცლილთან, რეაქციულთან, დასავლურის მადიდებელთან იოლია საერთო ენის გამოძებნა.

და გამოძებნეს კიდეც დროის მცირე მონაკვეთში — 25 წლის განმავლობაში. სამივე — მტრულად შემართული მეზობელი რუსეთის მიმართ, მზად არიან იარაღითაც კი ეკვეთონ მას, დაუფიქრებლად, გაუანალიზებლად. რას მოუტანს მათ და ქვეყანას რუსეთთან დაპირისპირება, ანდა რა ანალიზზე ვლაპარაკობთ, როდესაც სამივე ქვეყნის ხელისუფალთ ტვინიც არ დაუტოვეს თავში — დასაფიქრებლად, ანალიზის გასაკეთებლად. მათ შთააგონეს, რომ ისინი, მართალია ნატოსა და ევროკავშირში არ არიან, მაგრამ დასავლური დემოკრატიის სადარაჯოზე იმყოფებიან და იცავენ დასავლურ ცივილიზაციას, რუსული საშინელებისგან.

დასავლეთის „დამცველობის“, „გუშაგობის“ თემა იმდენად გააღვივეს აღნიშნულ ტრიოში, რომ ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვისმენთ მათგან ამ „კეთილშობილური“ მისიის პერმანენტულ შესრულებაზე. ტრიო განსაკუთრებით მაშინ ხარობს, როდესაც დასავლეთი, რუსეთის საწინააღმდეგოდ შემუშავებულ პროგრამაში რთავს, ისეთში, როგორიცაა სამხედრო წვრთნები, ე.წ. სამშვიდობო მისიები და სხვა. იქ, სადაც „ცოცხალი ხორცია“ საჭირო — პირველ პლანზე საქართველო-უკრაინის „საზარბაზნე ხორცია“ წამოწეული, რაც მათთვის დიდი „დაფასებაა“. ამის დასტურია თუნდაც ის დახვედრა, რომელიც ნატოს სამხედრო წვრთნებში „Sea Breeze-2021”-ში მონაწილე დიდი ბრიტანეთის სამხედრო გემს „Defender“-ს მოუწყვეს — გაფენილი წითელი ნოხებითა და აჭარული ცეკვებით.

შთამბეჭდავი სანახაობა იყო, რომლის მსგავსი ტელეეკრანებზე თუ გვინახავს, როდესაც დიდი ქვეყნის სამხედრო ხომალდი, სამშვიდობო მისიით რომელიმე აფრიკული სახელმწიფოს საზღვაო პორტში შედის. არც ევროპასა და არც აშშ-ი სხვა ქვეყნების სამხედრო გემებს ასე არ ხვდებიან.

ურიგო არ იქნებოდა მათი მაგალითის გაზიარება, მაგრამ მეტიჩრობას რა ვუყოთ? გული როგორ მოვუგოთ კოლექტიურ დასავლეთს, ამ შემთხვევაში ნატოს ავტორიტეტულ წევრს დიდ ბრიტანეთს?

თუმცა, არ მგონია ბრიტანული გემის ეკიპაჟის შიში — ყირიმის რუსული წყლებიდან გამოყოლილი, ბათუმის ცეკვა-თამაშს გაენელებინა. ინციდენტი, რასაც ადგილი ჰქონდა ყირიმთან, უმალ მოექცა მსოფლიო მედიის და პოლიტიკოსების ყურადღების ცენტრში. პროვოკაციას მაშინ ჰქონდა ადგილი, როდესაც ჟენევის პუტინ-ბაიდენის დამაიმედებელი შეხვედრიდან მხოლოდ ერთი კვირა იყო გასული.

მკითხველს დეტალებით არ გადავღლი, ვიტყვი მხოლოდ იმას, რა ვითარებაში აღმოჩნდა ბრიტანული სამხედრო გემი. აი რას წერს დასავლური პრესა: „მამაცმა ბრიტანელმა მეზღვაურებმა უმალ დაიხიეს უკან. მათ სახეზე, რომელიც ტელეჟურნალისტების კამერებმა დააფიქსირეს, სულაც არ აღინიშნებოდა ბრძოლაში ჩაბმის სურვილი. შიშის ელფერი გადაჰკრავდა მათ სახეებს.

ლონდონის კაბინეტებში გამოჯგიმულ ხელმძღვანელ ქალებთან და კაცებთან შედარებით „Defender“-ის კაპიტანს, რიგით მეზღვაურს კარგად მოეხსენებოდა, რა დავალების შესასრულებლად გაიმეტეს ისინი. გარდა იმისა, რომ ბრიტანული გემი რუსული სასაზღვრო კატარღებისა და მოიერიშე ავიაგამანადგურებლების მიზანში იყო ამოღებული, მას დაუმიზნეს შავი ზღვის სანაპიროს სარაკეტო კომპლექსის ისეთმა სისტემებმა, როგორებიცაა  „ბალი“, „ბასტიონი“, „რუბეჟი“, გარდა ამისა კრეისერ „მოსკვას“ სარაკეტო სისტემა, მცირე სარაკეტო „ბუიან-ი“, წყალქვეშა ხომალდები „ვარშავიანკა“.

ბრიტანულ სამხედრო გემზე იერიშის მისატანად მზად იყო სამხედრო თვითმრინავები „Су-24M”, აგრეთვე ბომბდამშენი „Су-34”, გამანადგურებელი „Су-30CM”, „Tу-95” და „Tу-22M3” თავიანთი საზღვაო რაკეტებით.

მთელი ეს არმია ყურადღებით ადევნებდა თვალს ბრიტანული გემის გადაადგილებას. ნატოს მზვერავი თვითმფრინავები, რომლებიც ნეხვის ბუზებივით დატრიალებდნენ ამ ოპერაციას, ვერ ასწრებდნენ დაფიქრებას იმისას, რომელი და რა რაოდენობის რუსული სამხედრო სისტემები მიიტანდნენ იერიშს „Defender“-ზე.

ლონდონის კაბინეტებში კარგად ესმოდათ, რომ მათ მიერ სასაკლაოზე გაშვებულ გემზე თავდამსხმელი რუსული სამხედრო ძალა მარტო ჩამოთვლილით არ შემოიფარგლებოდა.

მაინც რა იყო „Defender“-ის დავალება? მას უნდა გამოერკვია რუსეთის საჰაერო და საზღვაო სისტემების მზადყოფნის ხარისხი.

ბრიტანული სამხედრო გემი „Defender“-ი ძლიერი საბრძოლო გემია — სადღაც ფოლკლენდის კუნძულებთან არგენტინის წინააღმდეგ, მაგრამ არა შავ ზღვაში, სადაც რუსეთის საზღვაო-სამხედრო ძლიერება თვალსაჩინოა.

ნურვინ იფიქრებს, რომ „Sea Breeze-2021”-ში მონაწილე ქვეყნების რაოდენობა რუსეთისთვის რამეს ნიშნავს. რუსული რაკეტები ყველასთვის საკმარისი იქნება. ვინ არის იმის გარანტორი, რომ სამხედრო წვრთნების დროს არ გაითიშება ნავიგაციის საშუალებები ან რადიოკავშირი მოკავშირეთა გემებს შორის?

ამ შემთხვევაში სწავლებაში მონაწილე საზღვაო და საჰაერო ძალები უმართავ ფარას დაემსგავსება. სულაც არ არის გამორიცხული ერთმანეთთან შეჯახება. მაშინ ნატოს მოუწევს რუსეთს მიმართოს დახმარებისთვის.

საქართველოში Defender“-ს ცეკვით შეხვდნენ, მაგრამ რუსები ასეთ დახვედრას არ მოაწყობენ“ — ჯონ უილიამსი.

ვგონებ, კომენტარი ზედმეტია.

სტატიის დასაწყისში ლეონარდო და ვინჩის სიტყვები აშკარად ასახავს იმ ვითარებას — ფარისიველურს, ყალბს, ავანტიურისტულს, რასაც დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ მიმართავს და რაშიც, ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოც არის ჩართული. შავ ზღვაში მიმდინარე სამხედრო წვრთნებს რომ არავითარ დემოკრატიასთან შეხება არ აქვს, ფაქტია. წვრთნები რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული და რუსეთის დაშინებას ისახავს მიზნად.

არის თუ არა ასეთი მიზანი საფრთხის შემცველი? უდავოდ, არის! ვინაიდან ტექნიკას ადამიანი მართავს. საბოლოო გადაწყვეტილებას ის იღებს, ზოგჯერ ნეგატიურსაც. არ უნდა გამოირიცხოს შეცდომაც, ადამიანისთვის თანმდევი თვისება და რას მივიღებთ მაშინ? ალბათ იმას, რისი გაანალიზების უნარი არც ჩვენ, არც უკრაინელებს და არც ნატოს მანევრებში მონაწილეებს არ აქვთ.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი