ცეცილიენჰოფის გამოფენის თაობაზე

კაცობრიობისთვის განუზომელი მნიშვნელობა ჰქონდა სამ კონფერენციას — თეირანის, იალტის, პოტსდამის, რომელთა ინიციატორი იყო სსრკ და მისი ხელმძღვანელი იოსებ სტალინი. სამივე კონფერენცია მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება იდეოლოგიურად და გეოპოლიტიკურად ურთერთის საწინააღმდეგოდ მომართული ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობა მსოფლიო და საკუთარი ხალხების საკეთილდღეოდ.

პოტსდამის კონფერენცია, რომელიც 1945 წლის ივლისში გაიმართა, ფაშიზმზე გამარჯვების, ანტიჰუმანური იდეოლოგიის დასამარების დამაგვირგვინებელი აქტი იყო. 75 წელი გავიდა ამ ისტორიული კონფერენციიდან, რომელმაც მსოფლიოში მშვიდობა, ახალი წესრიგი დაამყარა. პოტსდამმა დაიხსნა მსოფლიო მომავალში, მეორე მსოფლიო ომის მსგავსი დიდი ომისგან, ათეული მილიონობით მსხვერპლისგან.

მიუხედავად ლოკალური, რეგიონული ომებისა, რასაც არაერთხელ ჰქონდა ადგილი პოტსდამის კონფერენციიდან დღემდე, მსოფლიოს წინაშე არ დამდგარა მესამე ომის — გლობალურის და გამანადგურებლის გაჩაღების აუცილებლობა. თუმცა ზოგიერთი ქვეყნის თავგახურებული ლიდერის ავადმყოფურმა ამბიციებმა ლამის მესამე მსოფლიო ომის ზღურბლამდე მიიყვანა კაცობრიობა, მაგრამ საბოლოოდ საღი, პრაგმატული აზროვნების შედეგმა, მსუყე წერტილი დაუსვა დაავადებულ ტვინთა შემოქმედებას.

ისტორიისთვის 75 მნიშვნელოვანი წელი არც ხანგრძლივია და არც მოკლე, მაგრამ 1945 წლის შემდეგ განვითარებული მოვლენებისთვის 75 მშვიდობიანი წელი საუკუნეებს უდრის. 1945-ნ მოყოლებული კაცობრიობამ შეძლო მასობრივი განადგურების ისეთი სახის იარაღების შექმნა, როგორებიცაა ატომური, წყალბადის, ნეიტრონის; გაიჭრა კოსმოსში, მთვარეზე დასვა ასტრონავტი; კოსმოსიდან დედამიწას დაემუქრა სამხედრო ძალის გამოყენებით; არაბირთვული იარაღი იმ დონემდე დახვეწა, თავისი დამანგრეველი ძალით რომ ბირთვულს უტოლდება.

ყოველივე აღნიშნული ომის გაჩაღებისა და მისი გამჩაღებლის სასარგებლოდ დამთავრების ცდუნებას აჩენდა, მაგრამ აქაც პოტსდამმა იძალა, უფრო ზუსტად იქ შექმნილმა მსოფლიო წესრიგმა, იალტა-პოტსდამმა გადაწყვიტა მსოფლიო ორგანიზაციის შექმნაც გაეროსა და მისი უშიშროების საბჭოს სახით.

ის, რომ ამ კონფერენციების, განსაკუთრებით იალტისა და პოტსდამის მნიშვნელობა მაშინდელი, დღევანდელი, ხვალინდელი მსოფლიოსთვის ფასდაუდებელია, მტკიცება არ სჭირდება. მტკიცება არ სჭირდება იმასაც, რომ იქ შემუშავებული გადაწყვეტილებების სულისჩამდგმელი იოსებ სტალინი იყო.

გავიდა ხანი. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებმა, ისე, როგორც იმჟამინდელებმა სააქაო ცხოვრებიდან საიქიოში გადაინაცვლეს. გახშირდა ლაპარაკი აღნიშნულ კონფერენციათა „ვარგისიანობის“ თაობაზე. დასავლელ მეცნიერთა ნაწილს, ისე, როგორც პოლიტიკოსებს იალტა-პოტსდამის კონფერენციების შედეგები არ ასვენებთ. არადა ამის შემსწრე იმჟამინდელები რომ ცოცხლები ყოფილიყვნენ, დღევანდელთა ნათქვამი ასეთი ძალით არ მოეხვეოდა ხალხის თავს.

ანტიპოტსდამურმა რიტორიკამ გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყო გაფურჩქვნა, რასაც არცთუ უმნიშვნელო დახმარება გაუწია გორბაჩოვის მიერ წამოწყებულმა „პერესტროიკამ“.

სსრკ-ს კომპარტიის მაღალ ეშელონებში დაწყებულმა ანტისაბჭოურმა დუღილმა, ძველის თავაღებულმა ლანძღვა-გინებამ, დაპირისპირებამ, არა მარტო პარტიაში, არამედ კომპარტიასა და მოძმე სოციალისტური ბანაკის პარტიებს შორის, წყალი შეუყენა, საბოლოო ჯამში დაანგრია კაცობრიობის ისტორიაში არნახული სიდიდის იმპერია — სოციალისტურად წოდებული, ხალხთა სოციალური ყოფის მოგვარებისკენ მიმართული.

ციხე შიგნიდან გატყდა, ცხადია გარე ძალთა აქტიური, თანმიმდევრული, დივერსიული მეცადინეობის წყალობით. დამანგრეველმა, ნობელის პრემია დაისაკუთრა. მსოფლიო მშვიდობის მომტანმა, ფაშიზმის გამანადგურებელმა — დიქტატორის და ტირანის ტიტული. ასეთ შეფასებას აძლევენ მას გერმანელი ისტორიკოსები. მაგრამ რას ველით მათგან, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი პუტინი საჯაროდ აცხადებს მისი ტირანობის შესახებ?

„ის ხომ ტირანი იყო“, — უპასუხა მან ჟურნალისტის შეკითხვას. ასე, რომ რუსეთის ხელისუფალთ არ უნდა გაუკვირდეთ დასავლელთა მიერ განვლილი 75 წლის ახლებური ინტერპრეტაცია, განსაკუთრებით იალტა-პოტსდამის შედეგების.

ეს შეფასებები, ცხადია ისტორიის დამახინჯებით, კიდევ ერთხელ გაისმა პოტსდამის ისტორიული კონფერენციის აღსანიშნავ გამოფენაზე, რომელიც პოტსდამის ცეცილიენჰოფის სასახლეში გაიხსნა და მნახველის ინტერესებს ა.წ. დეკემბრის ბოლომდე დააკმაყოფილებს.

დიახ! დააკმაყოფილებს ისე, როგორც ეს სურს გერმანელ ისტორიკოსებს და არა ისტორიულ ჭეშმარიტებას.

აღნიშნულ გამოფენაში რუსეთსაც უნდა მიეღო მონაწილეობა და გამოფენისთვის  სტალინის კიტელი, სხვადასხვა დასახელების 40-ზე მეტი ნივთი, მათ შორის დოკუმენტები გაეგზავნა, მაგრამ როდესაც რუსი ისტორიკოსები და ექსპერტები გაეცნენ აუდიო-გიდის ტექსტებს, გერმანელ მეცნიერთა დამოკიდებულებას — ცალმხრივს და არასწორს, 75 წლის წინანდელ ისტორიასთან დაკავშირებით, პოტსდამში გასაგზავნ ნივთებზე უარი განაცხადეს.

უთანხმოება გამოიწვია სტალინის პიროვნებამ. გერმანელი მკვლევარები მას ცალსახად მიიჩნევენ ტირანად და ჰიტლერთან ერთად ერთ სიბრტყეზე აყენებან. მათი განცხადებით, მეორე მსოფლიო ომში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ორი საშინელი და აუტანელი ტოტალიტარული ქვეყანა, რომელთაგან ერთი 1945 წელს გასრისეს, მეორე — გასული საუკუნის 90-იან წლებში.

გერმანელი, ისე, როგორც ევროპელი და ამერიკელი ისტორიკოსები უარყოფენ სსრკ-ს გადამჭრელ როლს გერმანულ ფაშიზმზე გამარჯვებაში. მართალია, ისინი არ ივიწყებენ წითელი არმიის მნიშვნელობას, მაგრამ, მას კოალიციის არმიასთან ერთად მოიხსენიებენ, იმ კოალიციის, რომელიც ომში მხოლოდ 1944 წლის ზაფხულს ჩაერთო.

ცეცილიენჰოფის გამოფენა ასახავს იმ განწყობას, რასაც ადგილი აქვს ევროპაში — ანტისაბჭოურს, ანტისტალინურს. დასავლურ და აღმოსავლურ შეფასებათა შორის უფსკრულია. დასავლელთა აზრით, სტალინ-ჰიტლერის და არა მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტმა ხელი ჰკრა მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებას. ასეთი ინტერპრეტაცია საქმეში ჩახედული ნებისმიერი, ნორმალურად მოაზროვნე ისტორიკოსისთვის აბსურდია, მაგრამ არა ევროპელი და ამერიკელი ისტორიკოსებისთვის. მათთვის მთავარი, ფაქტების დამახინჯება და ისტორიის გადაწერაა, რის შესახებაც წერდა პუტინი თავის სტატიაში: „დიდი გამარჯვების 75 წლისთავი — ისტორიისა და მომავლის წინაშე საერთო პასუხისმგებლობა“, რომელმაც დასავლეთში დიდი აღშფოთება გამოიწვია.

პუტინი, მეორე მსოფლიო ომის გაჩაღების ევროპეიზაციას ახდენს და სტალინ-ჰიტლერის პაქტს, როგორც ომის დაწყების მთავარ მასტიმულირებელს, ჩრდილში აქცევსო. სხვას რას იტყოდნენ ისინი, ვინც გასულ წელს, ევროპელ პოლიტიკოსებთან ერთად ქმნიდნენ ევროპარლამენტის რეზოლუციას: „მომავალი ევროპისთვის ისტორიული აზროვნების შენარჩუნების მნიშვნელობის აუცილებლობის თაობაზე“, სადაც ნაციონალ-სოციალისტებისა და სტალინის სსრკ-ს პოლიტიკას, როგორც დანაშაულებრივს, ერთ სიბრტყეზე მიუჩენდნენ ადგილს.

ბრიუსელის რეზოლუცია უკანა პლანზე წევს საბჭოეთის გამარჯვებას გერმანულ ფაშიზმზე. ასედაამგვარად, ნელ-ნელა, თანმიმდევრულად სსრკ-ს როლი ფაშიზმის დამარცხებაში ფერმკრთალდება. 10 წლის შემდეგ თაობას, რომელიც მოდის, სინამდვილის ისეთი ცოდნა ექნება, როგორც ცეცილიენჰოფის გამოფენის დამთვალიერებლებს. მათ ეცოდინებათ, რომ ომი ორმა ტირანმა — სტალინმა და ჰიტლერმა გააჩაღა, ხოლო აშშ-ა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა იხსნა ევროპა და მსოფლიო ყავისფერი ჭირისგან.

შეგახსენებთ, კოალიციურმა ჯარებმა ფართომასშტაბიანი შეტევა 1944 წლის 6 ივნისს დაიწყეს და ისე „წარმატებით“ იომეს, რომ 20000 მათგანი ალყაში მოექცა და ტყვედ ჩაბარდა. ფაშისტებმა დატყვევებული ამერიკელი, კანადელი და ინგლისელი ჯარისკაცები, 17 ივნისს პარიზის ქუჩებში, შერცხვენილები ჩაატარეს, სხვათა შორის პარიზელთა ლანძღვა-გინების ფონზე.

სწორედ პარიზის „დემონსტრაციამ“ და თავისი მოკავშირეებისთვის საბჭოთა ძლიერების დამტკიცების სურვილმა უკარნახა სტალინს ფაშიზმზე გამარჯვების პარადის ჩატარების დროს, პარიზული „დემონსტრაციის“ გამეორების აუცილებლობა — უფრო დიდი, ზომისა და მნიშვნელობის გამოვლინებით. ამ ოპერაციას „დიდი ვალსი“ დაერქვა და მისი შესრულება ბერიას დაევალა. ღონისძიება სრულიად საიდუმლოდ მზადდებოდა ერთი წლის განმავლობაში. სახელწოდება მას სტალინის საამებლად ბერიამ შეურჩია.

ბელადს უყვარდა ამერიკული ფილმი „დიდი ვალსი“, მიძღვნილი შტრაუსისადმი, რომელსაც ის ხშირად ნახულობდა.

ისტორიული მასალების მიხედვით, სტალინი საოპერო, საბალეტო, თეატრალური ხელოვნების დიდი თავყვანისმცემელი და ქომაგი იყო. ის, ხშირად სტუმრობდა დიდი თეატრის სპექტაკლებს, ყოველგვარი ხმაურისა და წინასწარი გაფრთხილების გარეშე, იკავებდა ადგილს ლოჟაში, ისე, რომ მაყურებელმა და სპექტაკლის მონაწილეებმა არც კი იცოდნენ მისი იქ ყოფნა.

„დიდ ვალსში“ მონაწილეობისთვის 60000 გერმანელი ტყვე შეირჩა. ყველა მათგანი ჯანმრთელი უნდა ყოფილიყო, კარგად გამოკვებილი და ჩაცმული. დაჩაჩანაკებული, ხეიბარი ტყვე უდავოდ გამოიწვევდა გორკის პროსპექტზე და წითელ მოედანზე შეკრებილი ხალხის სიბრალულს.

პროსპექტზე მოდიოდა 60000-იანი ფაშისტური არმია, რომელიც 4 წლის წინათ სსრკ-ს განადგურებით, სამარადისო გადაშენებით ემუქრებოდა. მათ მოჰყვებოდა წყლით სავსე ავზებიანი სარწყავი ავტომობილები, რომლებიც ფაშისტური ჭირის მატარებელი ტყვეების ჩავლილ პროსპექტს საგულდაგულოდ რეცხდა.

„დიდ ვალსს“ შეეძლო ორი არასასიამოვნო ექცესის გამოწვევაც. პირველი — ტყვეთა ამბოხი წითელ მოედანზე, მაუზოლეუმის წინ და მეორე, აღშფოთებული მოსკოველების მიერ ტყვეების ცემა-ტყეპა გორკის პროსპექტზე. ხუმრობა საქმე ხომ არ იყო 60000, თუნდაც შეუიარაღებული გერმანელი ფაშისტის ამბოხი ანდა მილიონობით მოსკოველის მიერ გერმანელებზე შურისძიება?

 მაგრამ ბერიას მიერ ისე ოსტატურად და პროფესიონალურად იყო ყველაფერი ორგანიზებული, რომ მსგავსს ადგილი არ ჰქონია.

„დიდმა ვალსმა“, ისე, როგორც სამხედრო პარადმა მთელს მსოფლიოს დაანახა საბჭოეთის ძლევამოსილება, მისი გამარჯვება ფაშიზმზე, რაც სამწუხაროდ დასავლელმა ისტორიკოსებმა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს. არადა სინამდვილე ისაა, რაც „დიდმა ვალსმა“ ასახა.

 სინამდვილე ისაა, რომ საბჭოთა კავშირმა უმძიმეს ომში, მილიონობით ადამიანის მსხვერპლით შეძლო შეუძლებელი. ამ საქმეში პატარა საქართველომაც შეიტანა თავისი წვლილი — 650000 საქართველოს მცხოვრები იღებდა მონაწილეობას დიდ სამამულო ომში. მათგან მხოლოდ ნახევარი დაუბრუნდა საკუთარ ბუდეს — ორდენებითა და მედლებით მკერდდამშვენებულები.

საბჭოთა საქართველოდან, დიდ სამამულო ომში მონაწილეთა რაოდენობა ოდნავ ჩამოუვარდება ფაშიზმის „დამმარცხებელი“ აშშ-ს არმიის რაოდენობას. საქართველოსთვის მეორე მსოფლიო ომი სამამულო ომი იყო, რომელშიც ყოველგვარი ძალდატანების გარეშე იღებდნენ მონაწილეობას ამ ქვეყნის შვილები და რაოდენ შეურაცხმყოფელია მათთვის, მათი შვილებისა და შვილიშვილებისთვის ზოგიერთი ქართველი „პოლიტიკოსის“ სრულიად აბსურდული განცხადება — ქართველები სხვის ომში ძალით გარეკესო.

რა გაეწყობა, დასავლურ პროპაგანდას აყოლილი ქართული პოლიტიკა, მითუმეტეს დასავლელთა მიერ გამოზრდილი არასამთავრობო სექტორი და მედია ანტისაბჭოთა, ანტირუსული, ანტიქართული პროპაგანდის გავრცელებაში ითბობენ ხელს. მათი მიზანიც ისეთია, როგორიც დასავლეთის — სინამდვილის დისკრედიტაცია, ახალი ისტორიის დაწერა, რაშიც დიდი წვლილი შეაქვს რუს ლიბერალებს, განსაკუთრებით ლიბერალურად მოაზროვნე ისტორიკოსებს.

ომის გამჩაღებელი თუ არა, ხელის შემწყობი და პაციფისტის პოზაში ჩამდგარი ინგლისი, საფრანგეთი, სხვა ქვეყნები, ივიწყებენ სინამდვილეს და თითს სტალინისკენ იშვერენ, მაშინ, როდესაც სინამდვილე ასეთია: „ჩვენ, რომ 1939 წელს დამარცხება ვერ ვიგემეთ, იმით აიხსნება, რომ საფრანგეთ-ინგლისის 100-მა დივიზიამ, პოლონეთის კამპანიის დროს არაფერი იღონა 25 გერმანული დივიზიის წინააღმდეგ“.

„დასავლეთის სახელმწიფოებს რომ გადაეკვეთათ გერმანიის საზღვარი, მეორე მსოფლიო ომს ადგილი არ ექნებოდა.“ — ეს სიტყვები გერმანელ გენერალს ალფრედ იოდლს ეკუთვნის, რომელიც მან 1946 წლის ნიურნბერგის პროცესზე განაცხადა. ვგონებ, კომენტარი ზედმეტია.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი