პროვინციული ნაციონალიზმი (გაგრძელება)

პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე პროცესები — დამაფიქრებელი, ხშირ შემთხვევაში შემაშფოთებელი, აშკარა მაჩვენებელია პროვინციული ნაციონალიზმის აღზევების — შესაბამისი შედეგებით. წინა სტატიაში გვქონდა ამ საკითხზე საუბარი, მაგრამ თემის სერიოზულობიდან გამომდინარე, საჭიროდ ჩავთვალეთ კვლავ გაგვემახვილებინა მასზე ყურადღება, რამეთუ რომელიმე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში გაჩენილი „დაავადება“, ლამობს საზღვრების გადალახვას და ჯერაც იდეოლოგიურად ჩამოუყალიბებელ ყოფილ „ძმებში“ შესაბამისი ადგილის დაკავებას. ამ შემთხვევაში რუსული გამოთქმა — „ცუდი მაგალითი გადამდებია“ წარმატებით მოქმედებს, რაც შემთხვევითი არ არის. მას ხელშემწყობებიც ჰყავას არასამთავრობო ორგანიზაციების, მეტადრე დასავლეთიდან მართულების სახით.

ამერიკული ინსტიტუტების ფილიალები, სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციები, რადიო „თავისუფლება“, მისი მსგავსი პროპაგანდისტული საშუალებები, ამ ქვეყნის მთავარი პარტიების, „დემოკრატიულის“ და „რესპუბლიკურის“ წარმომადგენლობები „ენ-დი-აი“ და „აი-რა-ი“, მუხლჩაუხრელად იღვწიან საკუთარი იდეოლოგიის სხვა ქვეყნებისთვის თავსმოსახვევად, ამერიკული ცხოვრების იქ დასასადგურებლად.

მიზანი მარტივი და გასაგები — ამერიკულად გადაკეთებული სხვები, იოლად სამართავი და ვაშინგტონის დირექტივების უყოყმანო შემსრულებლები, მუდამ თვალებში შემციცინენი, გაცილებით უკეთესია, ვიდრე ჯიუტი, საკუთარი შეხედულებების მატარებლები.

ჯიუტთა რაოდენობა არცთუ დიდია, მაგრამ ხარისხობრივად საკმაოდ მძლავრი. მარტო მილიარდნახევრიანი ჩინეთი რად ღირს, რუსეთზე, ირანსა და ჩრდილო კორეაზე ან სხვებზე რომ არაფერი ვთქვათ.

აღნიშნულთაგან დარტყმის საგანი რუსეთია, თავისი მძლავრი შეიარაღებით, რომელიც არათუ უტოლდება მსოფლიოს ჰეგემონს, არამედ ზოგ დარგში უსწრებს კიდევაც მას. რუსეთის შეიარაღებამ ბოლო წლების განმავლობაში უდიდესი წინსვლა განიცადა, რაც მას პრიორიტეტულობას ანიჭებს, თანაც ისეთს, რამდენიმე წლის განმავლობაში რომ უკონკურენტო იქნება. ახალი შეიარაღება, ძველის მოდერნიზება დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. რუსეთმა შეძლო ამ თანხების შეგროვება და სამხედრო მშენებლობაში გადასროლა.

პრეზიდენტ ტრამპის განმარტებით, რუსეთმა ეს თანხები ენერგომატარებლების ექსპორტით მოახერხა, განსაკუთრებით ევროპასთან ბუნებრივი აირის ვაჭრობით. ტრამპის გათვლით, რუსეთი გააორმაგებს საკუთარ ბიუჯეტს „ჩრდილოეთის ნაკადის“ დასრულების შემთხვევაში. და რომ ამას ადგილი არ ჰქონოდა, მან სანქციების დაწესების მუქარით აიძულა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სამშენებლო კომპანიები, რომლებიც გაზსადენის მშენებლობაში იყვნენ ჩართულნი, შეეწყვიტათ მუშაობა.

ტრამპმა უკმაყოფილება გამოთქვა გერმანიის კანცლერის მერკელის მიმართაც რუსული გაზის მიღებასთან დაკავშირებით — აქაოდა ჩვენს მტერს გაზის ფულს უხდით, ის კი იარაღს ამზადებსო. და ნაცვლად რუსული გაზისა, ამერიკული დაჭირხლული გაზი შესთავაზა — რუსულზე გაცილებით მაღალ ფასად.

რუსეთი, რომელიც ბოლო წლებში ეკონომიკური მშენებლობის დარგშიც აღმავლობას განიცდის, საგონებელში აგდებს აშშ-ს და მის მოკავშირეებს. გარდა ამისა, რუსეთი არ იზიარებს დასავლურ იდეოლოგიას მთელ რიგ საკითხებში და კონსტიტუციითაც ამტკიცებს საკუთარი კანონმდებლობის უცხოურზე მაღლა დგომას და არა შებრუნებით, რასაც ადრე ჰქონდა ადგილი.

რუსეთი კონსტიტუციურად აცხადებს, რომ ოჯახი არის ქალის და მამაკაცის ქორწინების ნაყოფი  და არა ქალის და ქალის ან კაცის და კაცის, რაც განუზომელ აღშფოთებას იწვევს დასავლეთში.

რუსეთი კარდინალურად განსხვავებულია მეორე მსოფლიო ომისა და მისი შედეგების მიმართ, თეირანის, იალტისა და პოტსდამის კონფერენციების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გათვალისწინებით. რუსეთის დისკრედიტაციისთვის დასავლეთმა რახანია მოიგონა საბჭოეთისა და ფაშისტური გერმანიის ერთ სიბრტყეზე დაყენება — ორივეს შავი საღებავით შეღებვა.

ამერიკული დავალებების შესრულების თვალნათელი მაგალითია ევროპარლამენტის მიერ ფაშიზმის და კომუნიზმის გაიგივება, ფაშიზმის დამმარცხებლის, საბჭოთა კავშირის, დამარცხებული ფაშისტური გერმანიის გვერდიგვერდ დაყენება.

სულ ახლახანს, გაეროს მორიგმა სხდომამ, რომელმაც რუსეთის ინიციატივით მსოფლიოში ფაშიზმის აღორძინების საფრთხეებზე იმსჯელა, უკრაინის წარმომადგენელმა ილაპარაკა მეორე მსოფლიო ომში არა ფაშიზმის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე, არამედ წითელი არმიის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე მოწყობილ ხოცვა-ჟლეტვაზე, რასაც ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან საბჭოთა უკრაინა, როგორც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკა, თვით იბრძოდა გერმანული ფაშიზმის წინააღმდეგ.

საბედნიეროდ, უკრაინის წარმომადგენლის ნაბოდვარს მხარდაჭერა არ ჰქონია, ჯერ-ჯერობით. გაივლის წლები და ვინ იცის აქტიური დასავლური ანტისაბჭოურ-ანტირუსული პროპაგანდა როგორ შეცვლის ისტორიას?

უკრაინა სწორედ ის სავალალო მაგალითია, სადაც დასავლურმა, კერძოდ ამერიკულმა ანტირუსულმა პროპაგანდამ ისე გაიდგა ფესვები, რომ ერთი სისხლი და ხორცი სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაჰკიდა ერთმანეთს.

წინა სტატიაში მოკლედ შევეხეთ საბჭოთა უკრაინის ეკონომიკურ მიღწევებს — სანიმუშოს არა მარტო საბჭოთა სივრცეში, არამედ ევროპასა და მსოფლიოში. მას შემდეგ 30 წელმა ჩაიარა — ძველი სიმდიდრის უცხოეთში გაყიდვის, ქვეყნის ეკონომიკური დეგრადაციის, მოსახლეობის გაღატაკების წლებმა.

დღევანდელი უკრაინა მხოლოდ საკუთარი მოსახლეობის ევროპაში ექსპორტით იწონებს თავს და არა წარმოებული პროდუქციით. არადა, რა წარმოებაზეა ლაპარაკი, როდესაც ერთ დროს მოწინავე აგრარულ-სამრეწველო ქვეყანა ნულზეა დასული. რასაც უკრაინა წარმატებით აკეთებს ანტირუსული გამოხდომებია — განუწყვეტელი, შემაღონებელი, სიცრუეზე დამყარებული.

უკრაინამ ახალი ცხოვრება ანტირუსულ იდეოლოგიაზე ააწყო. საყრდენად, ყველასდა სავალალოდ ფაშისტები — ბანდერა და შუხევიჩი გამოიყენა. ჩვეულებად იქცა ფაშისტური დროშებითა და სვასტიკიანი სამკლაურებით დამშვენებული ფაშისტი ახალგაზრდების აღლუმები. თანამედროვე უკრაინა რითიც ცხოვრობს — რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაა.

არადა, 2014 წლის სახელმწიფო გადატრიალების შედეგად ხელისუფლებაში მისულ ბანდერელებს რუსული ენის წინააღმდეგ ომი რომ არ გაეჩაღებინათ რუსულენოვანი მოსახლეობით გაჯერებულ დონბასში და ყირიმის ნახევარკუნძულზე აშშ-ს სამხედრო ბაზის გახსნის „საამური“ გეგმები არ გამოემზეურებინათ, არც ყირიმს დაკარგავდნენ და არც დონეცკ-ლუგანსკს.

ვერ მოზომეს, ვერც მათ და ვერც ამერიკელებმა — უკრაინელთა ე.წ. სტრატეგიულმა პარტნიორებმა. თუმცა, როგორც ჩანს, ამერიკელებს სულაც არ ანაღვლებთ უკრაინელთა დანაკარგი, ვინაიდან რაც მათ აინტერესებთ — მართული ქაოსი და რუსეთის საზღვრებთან მუდმივი თავსატკივარის გაჩენაა.

უკრაინამ, ერთ დროს რუსეთის მრეწველობასთან მჭიდროდ ჩაბმულმა, თავიც დაკარგა და ხალხიც გააღატაკა. პროვინციული ნაციონალიზმი რომ წარმატების მომტანი არ არის, ყველამ დაინახა, გარდა უკრაინელებისა და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების თავგახურებული პროვინციული ნაციონალებისა, მაგალითად ყაზახების.

2021 წლის 10 იანვარს ყაზახეთში გაიმართება პარლამენტის არჩევნები. წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს რუსებისა და რუსულადმოლაპარაკეთა წინააღმდეგ ყაზახი ნაციონალების მკვეთრი განცხადებების ფონზე. გაზეთებში გახშირდა რუსული ენის წინააღმდეგ სტატიების ბეჭდვა, რომლებშიც დაგმობილია რუსული ენის ყაზახურთან ერთ დონეზე დაყენება. 20 ოქტომბერს პავლოდარში, ჩრდილო ყაზახეთის მსხვილ ქალაქში, გაიმართა ნაციონალთა სანქცირებული მიტინგი, რომელმაც მოითხოვა რუსული ენისთვის ოფიციალური სტატუსის ჩამორთმევა. გაისმა მოწოდებები, რომ აიძულონ ახლობლები და ნათესავები ილაპარაკონ არა რუსულად, არამედ ყაზახურად. კამპანიაში აქტიურად არის ჩართული რადიო „თავისუფლება“.

ერთ-ერთმა გაზეთმა მოწონებით გამოაქვეყნა 2019 წლის სტატისტიკა, რომლის მიხედვით, 45000 კაცმა დატოვა ყაზახეთი. წასულთა შორის 31000 რუსია, დანარჩენი უკრაინელი და ბელარუსი.

25 ოქტომბერს ცნობილი ეკოლოგ-აქტივისტი ტაშიმოვა, რომელმაც ალმა-ატაში ავტობუსით მგზავრობისას რუსულად იკითხა, ფიზიკურად შეურაცხყვეს.

ერთ-ერთი საფეხბურთო კლუბის მწვრთნელი მლადენოვი აიძულეს დაეტოვებინა კლუბი, იმიტომ, რომ ფეხბურთელს უთხრა რუსულად ელაპარაკა, რათა ლეგიონერებს გაეგოთ. ფეხბურთელმა გააპროტესტა და თქვა, რომ ყაზახურად ილაპარაკებდა.

რუსულ ენაზე შეტევა წლებია მიმდინარეობს. 2020 წლიდან რუსულის წინააღმდეგ გამოვიდნენ ქვეყნის ინტელიგენციის წარმომადგენლები. რუსულ ენაზე ლაპარაკი შემთხვევით ან მოსკოვის ბრძანებით არ განხორციელებულა. ვითარებამ მოიტანა. დღიდან ყაზახეთის საბჭოთა რესპუბლიკის შექმნისას, 1970 წლამდე ყაზახეთში ადგილობრივი მოსახლეობა გაცილებით ნაკლები იყო, ვიდრე რუსები, უკრაინელები და ბელარუსები.

2020 წლის მონაცემების მიხედვით, ყაზახთა რაოდენობამ 75%-ს მიაღწია. დემოგრაფიული სურათი ყაზახთა მატების ამსახველია — წლიურად 330000. თუ 2009 წელს ყაზახეთში რუსული დიასპორა 19% შეადგენდა, დღეს 12-15%-ია. მცირდება რუსული მოსახლეობა, რაც უპირველეს ყოვლისა პროვინციული ნაციონალიზმის აგრესიული ანტირუსული გამოსვლების შედეგია.

ყაზახეთიდან რუსი მოსახლეობის ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება მძიმედ აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე, ვინაიდან რუსულ ენასთან ერთად ქვეყანა კარგავს ინჟინერ-ტექნიკურ პერსონალს, კვალიფიციურ სპეციალისტებს. გარდა ამისა, მარტო ყაზახური ენის ცოდნით ქვეყანას გაუჭირდება მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობა, საქმიანი კავშირების დამყარება-განვითარება.

ყოფილ საბჭოთა სივრცეში საქმიან კავშირში მყოფ ყოფილებისთვის რუსული ენა საკომუნიკაციო თვისებების მატარებელია. სამწუხაროდ პროვინციული ნაციონალიზმის გააქტიურებამ, რუსული ენის განდევნამ სკოლებიდან, რუსულის ინგლისურით ჩანაცვლებამ სავალალო შედეგი გამოიღო. ახალგაზრდა თაობამ არ იცის რუსული ენა, ხოლო ინგლისურის საყველპურო ცოდნა ფრთების გაშლის საშუალებას არ იძლევა. გარდა ამისა, ყოფილ საბჭოთა სივრცეში ინგლისურის ისე გამოყენება, როგორც რუსულის ძალიან შორეული, ჩემის აზრით უტოპიური პერსპექტივაა.

რუსეთთან კავშირი სასიცოცხლო მნიშვნელობის მატარებელია ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, სადაც მიუხედავად პროვინციული ნაციზმის, ანტირუსული კამპანიისა, რუსეთთან ყველა დონეზე კავშირების გაწყვეტის მოწოდებისა, შენარჩუნებულია ეკონომიკური კავშირები, ბიზნეს ურთიერთობები, სავაჭრო კონტაქტები. და რომ არა ეს კავშირები, ვინ იცის რა მძიმე სოციალური ყოფა შეიძლება ყოფილიყო საქართველოში.

პროვინციული ნაციონალიზმის გამოვლინება იგრძნობა ბელორუსიაშიც, სადაც ხელისუფლება და პრეზიდენტი ბელორუსული ენის პოპულარიზაციასთან ერთად ავიწროებენ რუსულ ენას, მასთან ერთად რუსულ ბიზნესს. პრეზიდენტი ლუკაშენკო, ფარული ანტირუსული გამოხდომებით, კეკლუცობს მეზობელ ბალტიისპირა ქვეყნების, პოლონეთის, ევროკავშიში შემავალი სხვა ქვეყნების წინაშე. ამ პოლიტიკას ის მრავალვექტორიანობით ხსნის.

ორ სკამზე ჯდომამ გამოიწვია ის მძიმე ვითარება, რასაც ბელორუსიაში აქვს ადგილი.

ევროკავშირი ოფიციალური მინსკიდან, მოსკოვთან კავშირების გაწყვეტას ითხოვს. ანალოგიურს ითხოვს სომხეთისგანაც. ორივე ქვეყნის ლიდერი, გაუგებარ პროვინციულ ნაციონალიზმს აყოლილნი, მაქსიმალურად ცდილობდნენ პროდასავლური პოლიტიკის განხორციელებას. შედეგი — პერმანენტული ანტისახელისუფლებო მასობრივი გამოსვლები ბელორუსიაში, სომხეთ-აზერბაიჯანის ომი.

დასავლეთის მიერ ბელორუსიის ხელმძღვანელობისა და პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამ თითქოს გამოაფხიზლა ტკბილ დასავლურ სიზმრებში მყოფი ლუკაშენკო და ისევ რუსეთს მიმართა დახმარებისთვის. რუსეთმაც, როგორც ყოველთვის, არ დააყოვნა. სულმოთქმულმა ლუკაშენკომ კი ისევ მრავალვექტორულობაზე წამოიწყო საუბარი, თან მოსკოვისგან დისტანცირებაზე.

მოსკოვ-მინსკს შორის ურთიერთობების გასარკვევად მინსკში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი ჩავიდა. რუსეთის პრესაში გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, ლავროვ-ლუკაშენკოს მოლაპარაკებამ შემდეგი შედეგი გამოიღო: „მოსკოვი ვერ ხედავს მინსკთან ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას, ვიდრე ბელორუსიის მხარე არ შეასრულებს წინა შეხვედრებზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. მოსკოვი დაინტერესებულია ბელორუსიაში ხელისუფლების კონტროლირებულ ტრანზიტში, ისე, როგორც ამას ყაზახეთში ჰქონდა ადგილი“.

რაც შეეხება პირდაპირ ადრესატ ლუკაშენკოს, ის არ არის მზად სხვისთვის ძალაუფლების გადასაცემად, მიუხედავად დასავლური და რუსული პრესისა. საკითხავია, გაუძლებს ლუკაშენკო ყოველკვირეულ მრავალათასიან დემონსტრაციებს, რომელსაც ხალხი არათუ აკლდება, არამედ ემატება, ცივი ამინდის მიუხედავად?

მრავალმხრივმა პოლიტიკამ, ლუკაშენკოს მიერ წაქეზებულმა ანტირუსულმა განწყობამ, მოსკოვთან გაუთავებელმა პოლიტიკურ-ეკონომიკურმა კინკლავმა, ფუნდამენტურად შეურყია საფუძველი ლუკაშენკოს მმართველობას.

პროვინციული ნაციონალიზმის აშკარა გამოვლინებას აქვს ადგილი მოლდოვაში, უზბეკეთში. ყველა ისინი საკუთარ ისტორიას რუსეთისა და საბჭოთა კავშირის ლანძღვა-გინებაზე აგებენ. ავიწროებენ რუსულ ენას. სკოლებიდან დევნიან რუსულს. არადა ენის განდევნა გეოგრაფიულ მეზობლობას ვერ განდევნის, ვერც რუსეთის სუპერსახელმწიფოებას, ვერც რუსეთის წიაღისეულ სიმდიდრეებს და სხვა მომხიბლველობას, რაც მაგნიტივით იზიდავს მსოფლიოს ბიზნესს.

ანტირუსული პროპაგანდა, რომელიც აშშ-ს და მისი ევროპელი მოკავშირეების ძალისხმევით არის შექმნილ-წარმოებული, ობობას ქსელში ხვევს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს. შესაბამისი დაფინანსებით ანტირუსულად აყვირებს მათ და ისინიც, დღევანდელ კვერცხზე დახარბებულნი, ხვალინდელ ქათამზე აღარ ფიქრობენ.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი