საბედისწერო შეწყალება

ITAR-TASS: MOSCOW, RUSSIA. JULY 4, 2012. During a protest in support of Pussy Riot members detained by police at Tagansky district court. Members of the punk band Pussy Riot were accused of hooliganism following their anti-Putin protest at Moscow's Christ the Savior Cathedral on February 21, 2012. (Photo ITAR-TASS / Sergei Karpov) Ðîññèÿ. Ìîñêâà. 4 èþëÿ. Âî âðåìÿ àêöèè â ïîääåðæêó ãðóïïû "Pussy Riot" ó çäàíèÿ Òàãàíñêîãî ñóäà. Ôîòî ÈÒÀÐ-ÒÀÑÑ/ Ñåðãåé Êàðïîâ

„ოცნების“ გადაწყვეტილებამ, რომ საზოგადოება შოკში ჩააგდო რბილად ნათქვამია, მაგრამ ფაქტია და მას ვერსად გავექცევით. საზოგადოებისთვის ე.წ. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება არ იქნებოდა გასაოცარი პოლიტიკური საოცრებებით აღსავსე ქვეყანაში, მაგრამ უცაბედმა, მოულოდნელმა ნაბიჯმა დააბნია ხალხი, მათ შორის შეწყალებული „პოლიტპატიმრებიც“. 

პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ „ოცნების“ ლიდერებმა რომ არ იცოდნენ, ნათლად იყო ასახული მათ სახეებზე ტელეეკრანებზე გამოჩენისას. ეჭვს აჩენდა პრეზიდენტის განცხადებაც, რომ გადაწყვეტილება ზეწოლის გარეშე მიიღო.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი, მართალია გამოირჩევა სპონტანური განცხადებებით, რაც უხერხულებას უქმნის მმართველ პარტიას, მაგრამ „პოლიტპატიმრების“ ციხიდან გაშვება რომ მმართველი პარტიის პრესტიჟის საქმე იყო, არაერთხელ ითქვა პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის, „ოცნების“ სხვა ლიდერების მიერ. ისინი დაბეჯითებით აუწყებდნენ საზოგადოებას, რომ აშშ-ს საელჩოში ხელმოწერილ ორპუნქტიან შეთანხმებაში არსად იყო ნახსენები „პოლიტპატიმრების“ ციხიდან გამოშვების თაობაზე, ვინაიდან ასეთები საქართველოში არ არიან, ხოლო, ვინც სასჯელს იხდიან, კრიმინალები არიან. მაშ რასთან გვაქვს საქმე? უფრო სწორად ვისთან?

ამ კითხვებს ხალხმა შეწყალებისთანავე გასცა პასუხი — პარტიის თავმჯდომარე ივანიშვილთან, რომელმაც პრეზიდენტს მიმართა სასწრაფო შეწყალებისთვის. ზურაბიშვილის მოგვიანებით გაკეთებული განცხადება, რომ მან ჩააყენა საქმის კურსში ივანიშვილი, გახარია, თალაკვაძე, საზოგადოებამ არ მიიღო.

თუ რამ აიძულა ივანიშვილი ასე მოქცეულიყო, ამის თაობაზეც ითქვა მედიაში — აშშ-ს სენატორების მიმართვა სახელმწიფო მდივნის პომპეოსადმი ივანიშვილის ფინანსური „მაქინაციების“ შესწავლის მიზნით. წყარო, ივანიშვილის „ბნელი“ ფინანსური ოპერაციებისა, „ნაციონალური მოძრაობაა“, რომელიც 8 წელიწადია საქვეყნოდ გაჰყვირის ივანიშვილის რუსულ ფინანსურ „მაფიასთან“, ახლა კი ირანულთან კავშირების თაობაზე, ივანიშვილის რუს ოლიგარქობაზე და ა.შ.

ნაცებმა და მათმა „ბელადმა“ სააკაშვილმა ივანიშვილის „შავბნელ“ ფინანსურ მაქინაციებზე მაშინ დაიწყეს ლაპარაკი, როდესაც ივანიშვილის ძალისხმევით დაკარგეს ხელისუფლება. არადა, ივანიშვილი მანამდეც არსებობდა და „ვარდების რევოლუციიდან“ მოყოლებული 2011 წლამდე უხვად აფინანსებდა ჯარს, პოლიციას, სახელმწიფო აპარატს, სააკაშვილის ოჯახს, … და ჩვენ, რომ სოროსი გვეგონა, ივანიშვილი ყოფილა, რის შესახებაც თვითონ გვითხრა ტელევიზორიდან.

ივანიშვილი მაშინ გახდა რუსი ოლიგარქი, როდესაც სააკაშვილს განუდგა, თორემ მანამდე ის სააკაშვილისთვის მისაღები ქველმოქმედი იყო და ასეთად დარჩებოდა, რომ მათ შორის შავ კატას არ გაევლო.

შეწყალების აქტით გახარებულმა და წელგამართულმა ოპოზიციამ, რომელმაც თავისი გაიტანა, კატეგორიული ტონით იწყო ლაპარაკი, რაც არჩევნებამდე გაგრძელდება. ხელისუფლებაზე ზეწოლა ფართო მასშტაბებს მიიღებს, ხოლო დაბნეულ „ოცნებაში“, ქართული ტრადიციული პოლიტიკიდან გამომდინარე დაიწყება ერთმანეთში უნდობლობის გაღვივება, პარტიის რიგების დატოვება და ა.შ.

„ოცნების“ ხელისუფლება ვეღარ იქნება კატეგორიული თავის გადაწყვეტილებებში, მათ შორის არჩევნების დროსაც. დასავლეთის მიერ კონტროლირებულ ხელისუფლებას გაუჭირდება უწინდებურად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. გათამამებული ოპოზიცია არ მისცემს ამის საშუალებას.

რაც მთავარია, გადადებს თავს ამომრჩეველი „ოცნებისთვის“? როდესაც მან (ამომრჩეველმა) უგულავა, რურუა, ოქრუაშვილის დაპატიმრებით იფიქრა, რომ „ოცნება“ გონს მოეგო და დაიწყო „სამართლიანობის აღდგენა“, იქ იწვნია უდიდესი იმედგაცრუება.

საქართველოს თანამედროვე ისტორიაში არაეთხელ ჰქონია ადგილი ვითარების კარდინალურ ცვლას. გავიხსენოთ 1990 წლის პოლიტიკური ცხოვრება, ეროვული მოძრაობის გააქტიურება, კომპარტიის წინააღმდეგ გაშლილი ბრძოლა ხელესუფლებისთვის. მაშინ, ისე, როგორც დღეს, მთავარი ყურადღება საარჩევნო კანონზე იყო მიპყრობილი. კომუნისტების მიერ წარმოდგენილ საარჩევნო კანონპროექტის ორ ვარიანტს „მრგვალმა მაგიდამ“ ერთი დაუპირისპირა. აღნიშნული სამივე ვარიანტი განიხილა კომუნისტური უზენაესი საბჭოს 440 დეპუტატმა, რომელმაც, იძულებით, გამსახურდიას კანონპროექტს დაუჭირა მხარი.

ვინმე იფიქრებდა, რომ კომუნისტური უზენაესი საბჭო, თავის სასიცოცხლო 2 კანონპროექტიდან არც ერთს მხარს არ დაუჭერდა და მათ ნაცვლად ხმას გამსახურდიას  კანონპროექტს მისცემდა?

მაგრამ, როდესაც ოპოზიციის მომხრე საზოგადოებამ, უზენაესი საბჭოს შენობას ალყა შემოარტყა და სხდომის მონაწილე დეპუტატებს ლანძღვა-გინების და სიცოცხლის საფრთხის შემცველი შეძახილები უგზავნა, ისიც დააფრთხა და საკუთარი თავის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო.

ფაქტიურად იმ სხდომაზე გადაწყდა არჩევნების და საქართველოს ბედიც.

არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში ქვეყანას ისევ კომუნისტური ხელისუფლება მართავდა, მაგრამ ნომინალურად. არჩევნები წარიმართა საბჭოთა კავშირისთვის სრულიად განსხვავებული წესით — მრავალპარტიულით და მასში გამარჯვება მოიპოვა ოპოზიციამ, „მრგვალი მაგიდის“ სახით. უზენაეს საბჭოში კომინისტებიც შევიდნენ, ოღონდ უმცირესობით.

რით იყო გამოწვეული კომუნისტების მარცხი? საბჭოური 70-წლინი მმართველობის უნიათობით, 1989 წლის ტრაგიკული 9 აპრილით თუ ცენტრისა და ავტონომიების კინკლავით?

ყოველივე აღნიშნულით და იმ ექსპერიმენტით, რომელიც მოსკოვში დაიგეგმა. საბჭოთა კავშირის კპ ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის გორბაჩოვის მიერ დაწყებულმა „პერესტროიკის“ ტალღებმა საბჭოთა საქართველო საცდელ პოლიგონად გადააქცია. კრემლს დასავლეთისთვის, კერძოდ აშშ-ს ადმინისტრაციისთვის უნდა დაემტკიცებინა, რომ ქვეყანაში ადგილი აქვს დემოკრატიულ ძვრებს, მაგალითად საქართველოში, სადაც არათუ მრავალპარტიული არჩევნები ტარდება, არამედ არჩევნებში ოპოზიცია იმარჯვებს.

კომპარტიის მაშინდელი ლიდერები, რომლებიც მოსკოვში ხვდებოდნენ შევარდნაძეს, გაოცებულები იყვნენ შევარდნაძის თხოვნით — ხელი შეეწყოთ გამსახურდიას ხელისუფლებისთვის.

ეს, არ იყო გამოწვეული გამსახურდიას ან ოპოზიციის სიყვარულით. მას პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა კრემლისთვის — ამერიკელთა მაამებლობა.  თვით გამსახურდიამ, ისე, როგორც „მრგვალმა მაგიდამ“ თავი ისეთ გამარჯვებულად ჩათვალეს, რომლებმაც გარედან მხარდაჭერის გარეშე მოიპოვეს ხელისუფლება. მათ ერთი წუთითაც არ დაუშვეს, რომ საბჭოთა კავშირს იმის ძალა მაინც შესწევდა, არჩევნები კომუნისტების სასარგებლოდ დაემთავრებინა.

რაც შეეხება „მრგვალ მაგიდას“ და გამსახურდიას — გამოუცდელობამ, მოჭარბებულმა ამბიციურობამ, ოპოზიციური და გარე ძალების ძალისხმევით აგორებულმა ანტისახელისუფლებო გამოსვლებმა, სისხლიანმა დაპირისპირებამ, მოუსწრაფა დაცემა.

აქაც, ისე, როგორც წინა შემთხვევაში, იგრძნობოდა ვაშინგტონის ხელი, რომელსაც არ მოსწონდა გამსახურდიას — „დინების საწინააღმდეგო ცურვა“. კომუნისტებმა, უკვე სხვაგვარად შეფერილებმა, მალე აიღეს რევანში, თუმცა შევარდნაძის ხელისუფლებასაც ისეთივე ბედი ეწია, როგორიც წინამორბედს, ოდნავ განსხვავებული ნიუანსებით.

მაშინაც, როგორც ადრე, ვაშინგტონმა იაქტიურა, ოღონდ ამჟამად არა კულისებიდან, არამედ პოლიტიკური სცენიდან და „პერესტროიკის“ ერთ-ერთი ორგანიზატორი, ბერლინის კედლის დამანგრეველი შევარდნაძე — ახალგაზრდა, აშშ-ს სპეცსამსახურების მიერ გამოწვრთნილი სააკაშვილით ჩაანაცვლა. ეს უკანასკნელი კი გაუწონასწორებელი ხასიათისა და აშკარა დანაშაულებების გამო 2012 წელს, ივანიშვილით შეცვალა. სააკაშვილს, რომელმაც 9 წლის განმავლობაში მრავალი საშინელება არგუნა ქვეყანას, უკრაინაში უკრა თავი — ხან ოდესის მხარის გუბერნატორად, ამჯერად მთავარ რეფორმატორად.

აშშ-ს გავლენიანი ძალები არ ივიწყებენ სააკაშვილის მონურ მორჩილებას და შეძლებისდაგვარად ფიქრობენ საქართველოში მის დაბრუნებაზე. შესაძლებლობას კი თვით გააჩენენ. ამის ნათელი მაგალითი ხელისუფლების ხელში ვითომდა ჩასაგდებად ე.წ. „გავრილოვის რევოლუცია“ იყო, რომელსაც წინ აღუდგა ოპოზიცია. სანიკიძისა და სხვა ოპოზიციონერების განცხადებებით — ოპოზიციამ გადაარჩინა საქართველო რუსული გადატრიალებისგან.

იმ დღიდან მოყოლებული ოპოზიცია და მისი „სტრატეგიული“, ოკეანისგადაღმელი მასწავლებლები ყოველგვარი მორიდების გარეშე, ერევიან ქვეყნის საშინაო საქმეებში და ცდილობენ პოლიტიკური პროცესების ისე წარმართვას, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვოს მომავალ არჩევნებში. ნუთუ ძნელია ამის გაგება ანდა თუნდაც იმისა, რომ ივანიშვილზე განხორციელდებოდა მუქარანარევი შეტევა?

ქვეყანა, უკვე მერამდენედ, პრობლემების წინაშეა. ასეთ დროს ხელისუფლება ხალხთან კავშირზე უნდა ფიქრობდეს და არა კაბინეტებისთვის სავარძლების შეძენაზე. ხალხის მოთხოვნებს არა ფორმალურად, არამედ პრაქტიკულად უნდა გასცეს პასუხი და შეძლებისდაგვარად დააკმაყოფილოს. ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ ძველი ლოზუნგი — თუ ჩვენ არ აგვირჩევთ, ისევ „ბუა“ სააკაშვილი მოვა — აღარ მოქმედებს, ვინაიდან ელექტორატის ახალმა ნაწილმა ნაკლებად იცის სააკაშვილის შავბნელ საქმეებზე. 2016 წლის არჩევნებში მათ, ასაკის გამო, მონაწილეობა არ მიუღიათ. ნაციონალების და სხვა ოპოზიციური ძალების პროპაგანდის ატმოსფეროში მოქცეულები ისინი ხელისუფლების საწინააღმდეგო მხარეს გადაიხრებიან.

პრეზიდენტის შეწყალების აქტი გაცილებით მეტი მნიშვნელობის მატარებელია, ვიდრე კრიმინალების ციხიდან გამოშვება. მას პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, თანაც ისეთი, ქვეყანას და ხალხს რომ სერიოზული ამოცანის წინაშე აყენებს, რაც დაფიქრებას და შესაბამისი დასკვნების გაკეთებას მოითხოვს საქართველოს თითოეული მოქალაქისგან.

ვერც ერთ ხელისუფლებას ვერაფერს დააკლებს შიდა და გარე მტრები, თუკი ხელისუფლება ხალხის სამსახურში იქნება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი