ჩიხში მომწყვდეული ქვეყანა

საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებას მეზობლის თვალით რომ აკვირდებოდე და მისი ყოველდღიურობა შენზე არ მოქმედებდეს, არც გული შეგიღონდებოდა არსებული მდგომარეობის გამო და არც თავსატეხად გექცეოდა ხალხში მოარული „პოპულარული“ შეკითხვა — „გვეშველება რამე“?

შორიდან მაყურებელი და არა გულშემატკივარი, ხარხარით თუ არა, ღიმილით შეხედავდა იმ „საოცრებას“, რასაც აქ აქვს ადგილი — სუვერენულ, დამოუკიდებელ, თავისუფალ ქვეყანაში, რამეთუ 30 წლის წინათ ნაბოძები სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა და თავისუფლება ისე შორსაა ამ სიტყვების მნიშვნელობისა და შინაარსისგან, როგორც საქართველო რუსეთისგან — ცხადია პოლიტიკა მაქვს მხედველობაში, თორემ სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები სხვაზე მეტყველებს და კიდევ კარგი ასეა, წინააღმდეგ შემთხვევაში შავ დღეში ვიქნებოდით.

ზემონახსენები ის სამი სიტყვაც მეეჭვება გვქონოდა, „ავადსახსენებელ“ რუსეთს რომ არ მოეცა 1991 წლის დეკემბერში. რუსეთი, ესოდენ „გულკეთილად“ არა მარტო ჩვენს მიმართ მოიქცა, არამედ საბჭოთა კავშირში შემავალი რესპუბლიკების მიმართაც, რომლებმაც „დიდი ძმის“ ხელგაშლილობა მადლიერებით არ შეაფასეს და ნაცვლად ამისა საკუთარ თავს მიაწერეს სხვის მიერ ნაბოძები დამოუკიდებლობა.

უმადურობა კარგა ხანს გაჰყვა ყოფილ საბჭოელებს, მაგრამ დამოუკიდებლად არსებობის სიძნელეებმა, ცხოვრებისეულმა ვითარებამ, რეალობის ობიექტურმა განსჯამ აიძულა ისინი სიზმრებიდან გამოფხიზლებულიყვნენ და პრაგმატული კავშირები დაემყარებინათ რუსეთთან. საქართველომ, იმჟამინდელი პოლიტიკოსების წყალობით, ანტირუსული პოზიცია დაიჭირა, რასაც დაბეჯითებით აგრძელებს დღესაც.

დიდი ზრუნვა ყოფილი „უმცროსი ძმების“ მიმართ, არც „დიდ ძმას“ გამოუჩენია — მის ქვეყანაში შექმნილი, ნაკლებად სახარბიელო პროცესების გამო, რომელთა უმრავლესობა დასავლელი პოლიტიკოს-ექსპერტობის მოხერხებული ხელისფათურით შეიქმნა და ერთ დროს კაპიტალიზმის საწინააღმდეგო  ძალის მქონე საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთი ლამის ჩამოწერილი, მსოფლიო პოლიტიკური რუქიდან გამქრალ სახელმწიფოდ გადაიქცა.

გიგანტური ფაბრიკა-ქარხნები, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსები, უმდიდრესი წიაღისეული საბადოები, ენერგეტიკის სფერო და სხვა მრავალი კოლექტიური დასავლეთის ბიზნესის გავლენის ქვეშ მოექცა.

გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების ბაქჰანალია, სრული გამოძახილი იყო აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მადლენ ოლბრაიტის ტვინში ჩაბეჭდილი მოსაზრებისა — რუსეთის სიმდიდრეები, მარტო რუსეთის კი არა, მთელი ცივილიზებული სამყაროს კუთვნილება უნდა იყოსო.

პოლიტიკურ-ეკონომიკური დახმარების „სურვილით“ შეპყრობილი არაერთი ამერიკული სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, პოლიტიკოსები თუ ექსპერტები ძალას არ იშურებდნენ რუსეთის დასაქუცმაცებლად. მათი მიზანი არ ყოფილა კრემლის მიერ ძველი კავშირების აღდგენა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან. პირიქით, მიზანი იყო მარტივი — რაც შეიძლება ღრმა უფსკრულის გაჩენა. მოგვიანებით, უკვე პუტინის მმართველობის დასაწყისში, როდესაც მოსკოვში გაჩნდა ძველი კავშირების აღდგენის სურვილი, აშშ სახელმწიფო მდივნის, კლინტონის პირით განაცხადა, რომ ამერიკა წინააღმდეგია ყოფილ საბჭოელებზე, რუსეთის გავლენის გავრცელების.

და ეს იყო ნათქვამი არა იმიტომ, რომ რუსული გავლენისგან გათავისუფლებულებს თვით აერჩიათ თავიანთი განვითარების გზა, არამედ იმიტომ, რომ ამერიკას ისინი გამოეცხადებინა საკუთარი ინტერესების ზონად.

ყოფილთათვის, დასაწყისში, ერთი „ბატონის“ მეორით ჩანაცვლება იოლი გამოდგა, მაგრამ დროთა ვითარებამ ნოსტალგია გაუჩინა მათ ძველისადმი, რასაც ხელი შეუწყო ახლის ქედმაღლობამ, თავაშვებულობამ, ბატონ-ყმურმა დამოკიდებულებამ, მდიდარი ისტორიის, კულტურის, ადათ-წესების უგულებელყოფამ. ყოფილი საბჭოელები მიხვდნენ, რომ წამიერი ბედნიერების, საღეჭ რეზინებზე გაცვლა სავალალო შედეგით დამთავრდება და ამერიკულ სურვილებს საკუთარი, ტრადიციული შეაგებეს, რასაც ამერიკული გავლენის შენელება, მოგვიანებით კი დამუხრუჭება მოჰყვა. მხოლოდ თითო-ოროლამ, მათ შორის საქართველომ ვერ გაუძლო ცდუნებას და თავფეხიანად გადაეშვა ამერიკულ „ლავ სტორიში“ („სიყვარულის ისტორიაში“).

აშშ-ს თუ სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში არ გაუვიდა, გაუვიდა საქართველოში, ცხადია ქართველების ხელით, იმ ახალგაზრდა გოგო-ბიჭების, რომლებიც ყოველივე ამერიკულს წარმატებით დაეუფლნენ, „დემოკრატიის“ და ადამიანის უფლებების დამცველ ამერიკაში.

აშშ-ის პოლიტიკა ხანმოკლე მანძილზეც არის გათვლილი და გრძელზეც. ის, გულს არ იცრუებს დღევანდელი წარუმატებლობით, პირიქით შესაბამისი დასკვნები გამოაქვს ხვალინდელი წარმატებისთვის და ამ ხანგრძლივ პროცესს მილიონობით დოლარს ახმარს. ქართველ ახალგაზრდებთან ერთად ამერიკულ „ტრენინგში“ სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ახალგაზრდებიც მონაწილეობდნენ, თუმცა სამშობლოში დაბრუნებულებს გაუჭირდათ არსებული ვითარების გარდაქმნა — „ფერად-ყვავილოვანი“ რევოლუციების ორგანიზება, რასაც ქართველ ახალგაზრდებზე ვერ ვიტყვით.

ქართველები, საკუთარი ისტორიის, ტრადიციებისა და ცხოვრების წესების ამერიკულით შეცვლა-გადაფარვაში ნიჭიერი მოსწავლეები აღმოჩნდნენ. სხვას ვერაფერს იტყვი განვლილი პერიოდის შემხედვარე, რასაც ბედკრულ საქართველოში ჰქონდა და აქვს ადგილი. როდესაც ილიას უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი თევზაძე, მისი რექტორობის ჟამს, ერს ეტყვის, რომ მშობლიური ენა ინგლისური უნდა იყოსო, უმალ დარწმუნდები ამერიკული იდეოლოგიური „ვარჯიშის“ ძალაში.

ამერიკული იდეოლოგიური სკოლებისა და კურსების დამთავრებულები ისე შეესივნენ ქართულ პოლიტიკას, ეკონომიკას, სახელმწიფო დაწესებულებებს, კერძო სექტორს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, როგორც ფაროსანა დასავლეთ საქართველოს ხილის ბაღებს. დაიწყო საზოგადოების ძალისმიერი ამერიკანიზაცია. შედეგი? დასავლეთისადმი მონური მორჩილება.

საქართველოს ყველა ხელისუფლება, შევარდნაძიდან დაწყებული, დღევანდელით დამთავრებული, მხოლოდ იმას აკეთებს, რაც ვაშინგტონს ან ბრიუსელს სურს. საკუთარი პოლიტიკის გატარების არც სურვილი და არც შესაძლებლობა აქვს. დაჩვეულია მხოლოდ სახელმწიფო სავარძლების დაკავებას, საკუთარი კეთილდღეობის მოწყობას, დასავლური ინტერესების გატარებას.

არც ერთ ხელისუფლებას არ ჰქონია სახელმწიფოებრივი აზროვნება, სამოქალაქო პასუხისმგებლობა. არც დასავლეთს გასჩენია იმის სურვილი, რომ საქართველოს პოლიტიკურ ელიტას, საზოგადოებას ნაწილობრივ მაინც მოეხდინა კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებების შესრულება, მათ შორის სუვერენიტეტის, ვინაიდან სუვერენულობა დამოუკიდებელ აზროვნებას ნიშნავს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოსადმი ამერიკული მიზნების განხორციელებას.

ქვეყნის ყველა ხელისუფლების სურვილი იყო და არის ნატოში და ევროკავშირში შესვლა და რატომ? იმიტომ, რომ არც ერთს სურვილი არ გასჩენია ემართა საკუთარი ქვეყანა. ყველა მათგანის სურვილი იყო და არის სხვისი, ანუ ნატოს მიერ ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა, ხოლო ევროკავშირის მიერ ეკონომიკის მართვა.

ერთის შეხედვით ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ერთის შეხედვით. სინამდვილეში იქმნება ისეთი ვითარება, რასაც ბედოვლათობა, ზედაპირულობა, ზერელეობა, კორუფციონერობა, ნეპოტიზმი, არასახელმწიფოებრივი აზროვნება ჰქვია. ასეთი საქართველო არის აშშ-სთვის მისაღები და არა პატრიოტი, საკუთარი ქვეყნის ინტერესების დამცველი და გამტარებელი.

რა მოგვცა მონურმა მორჩილებამ? ქვეყნის პოლიტიკური სისტემის სრული პარალიზება. როდესაც ვაშინგტონი ე.წ. დამოუკიდებელ  ქვეყანას მინისტრებს უნიშნავს და ხელისუფლება, აშშ-ს ელჩის გარეშე ვერც ერთ საკითხს ვერ წყვეტს — პარალიზებაა და მეტი არაფერი; როდესაც ამერიკული ორგანიზაციები „ენ-დი-აი“ და „აი-რაი“ წინასწარ გათვლილი „გამოკითხვის“ შედეგებს თახვედურად ახვევს თავს საქართველოს საზოგადოებას — სხვა არაფერია, თუ არა ამერიკული ინტერესების გატარება.

აღნიშნულ ორგანიზაციებს არასდროს ჩაუტარებიათ ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით კვლევა, ხალხს რომ აინტერესებს და არ გამოუმზეურებიათ მათი შეუსრულებლობის მიზეზები.

„ენ-დი-აის“ ბოლო გამოკითხვის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის ლამის 80% ნატოსა და ევროკავშირში შესვლის მსურველია, რაც აშკარად ეწინააღმდეგება მოსახლეობის ნამდვილ დამოკიდებულებას ამ ორგანიზაციების მიმართ. განსაკუთრებით დღეს, როდესაც ერთსაც და მეორესაც ისეთი პრობლემები აქვთ, უარესს რომ მათი მტრებიც ვერ ინატრებდნენ.

პარტიებისა და პოლიტიკოსების რეიტინგები ხომ ზნეობის ყოველგვარ ზღვარს სცდება?! მათი მიხედვით, მმართველი „ოცნება“, ვითომ ყველაზე მეტპროცენტიანია, გაერთიანებულ ოპოზიციასთან შედარებით, სინამდვილეში კი ის აგებს არჩევნებს. გაერთიანებული ოპოზიცია — „ნაცები“, „ევროპული საქართველო“, „გირჩი“ და არა სხვა რომელიმე პარტია, ქმნის პროცენტულ უმრავლესობას, რაც დასაფიქრებელი უნდა იყოს იმ „პატრიოტული“ ძალებისთვის, ვინც „ოცნება“ გაყიდა და კოლექტიურ „ნაცებს“ მიეკედლა. ახლა მაინც მიხვდნენ — ვის საქმეს  აკეთებენ ისინი!

გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ნაცებს“ მიჰგვარა დაკარგული რეიტინგი. და იძახოს ახლა საზოგადოებამ — „ნაცების“ ხელისუფლებაში დაბრუნდება გამორიცხულია, ხალხი მათ ხმას არ მისცემსო. მაშ ვის მისცემს ხმას ხალხი? „ოცნებას“? ანუ „ნაცთა“ შიშით უნიათო „ოცნებას“ — კიდევ რამდენიმე წლით, ვინაიდან სხვა მეტი პარტია არსად ჩანს და ვერც გამოჩნდება, ვინაიდან პოლიტიკური არენა მათ აქვთ დაპყრობილი. სწორედ ამერიკელთა წყალობით ფაქტიურად შეიქმნა ორპარტიული სისტემა. ხალხის არჩევანი ცუდსა და უარესს შორის ხდება, რაც თავისთავად იწვევს ქვეყნის პოლიტიკური სისტემის დეგრადაციას.

ვის აწყობს შექმნილი ვითარება? ცხადია, კოლექტიურ დასავლეთს, ვინაიდან მღვრიე წყალში ადვილია ანტირუსული ღლავების დაჭერა. ასედაამრიგად შეიკრა მოჯადოებული წრე, რომელიც ქვეყანას, ხალხს კარგს არაფერს უქადის, რასაც უქადის — გაუსაძლისობაა, ყველა ჩვენგანმა საკუთარ თავზე რომ ვიწვნიეთ.

გამოსავალი ერთშია, მას პოლიტიკური ვექტორის შეცვლა ჰქვია, რაც პროდასავლური ორიენტაციის მქონე პოლიტიკური ელიტის და მასზე მიტმასნილი საზოგადოების პირობებში თითქმის შეუძლებელია.

„ენ-დი-აის“ კვლევებს ემატება ჩვენთვის ნაცნობი ამერიკული გვარები — ერთობ დაახლოებულები „ნაცებთან“ და მის განშტოებებთან. მათი ლობირებით ამერიკელი კონგრესმენები ეპისტოლარულ შეტევას ახორციელებენ ხელისუფლებაზე; უწუნებენ მას შიდა და გარე პოლიტიკას; მოითხოვენ არჩევნების იმ სისტემით ჩატარებას, ოპოზიციას რომ სურს; ხელისუფლებას აბრალებენ რუსეთთან ჩახუტებას, ევროატლანტიკური ვექტორის, ჩრდილოურზე შეცვლას. მოკლედ, ყოველივე იმას, რასაც ოპოზიცია სწამებს მმართველ „ოცნებას“.

აშშ-ს კონგრესმენთა წერილებში, ევროკავშირის პარლამენტართა გამოსვლებში ისეთი ნაცნობი ჰანგებია, ძნელია არ დაიჯერო, რომ ტექსტები თბილისშია დაწერილი. ევროატლანტიკურ შემოტევას აქაური ტელეკომპანიები, განსაკუთრებით „TV-პირველი“, ისეთი „ანტიოცნებური“ გულმოდგინებით აშუქებს, თითქოს საყოველთაო კატასტროფაა და თუ ივანიშვილმა ყურადღება არ მიაქცია ამერიკელი „პარტნიორების“ მოწოდებებს, ვაშინგტონი დაგვაობლებს.

რას ნიშნავს ყურადღების მიქცევა?  ოპოზიციის და „TV-პირველის“ აზრით ივანიშვილის პოლიტიკური თამაშიდან გასვლას, „ოცნების“ მიერ პოზიციების დათმობას და ოპოზიციის — „ნაცურის“, ბოროტის, დამნაშავის და საზოგადოებისთვის მიუღებლის ხელისუფლებაში დაბრუნებას.

ახდება თუ არა „ოპოზიციური ოცნება“? — ძნელი გამოსაცნობია, მაგრამ ხელისუფლების უნიათო მოქმედებამ, ოპოზიციის გულის ნადები, რეალობად შეიძლება აქციოს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი