„საოცნებო“ პარლამენტი

გასული წლის ზაფხულის მოვლენებიდან დაწყებული დღემდე, საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება მძლავრ რყევებს განიცდის. 2019 წლის ზაფხულს, რომელსაც თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ რუსეთის დუმის წევრის გავრილოვის სახელი, ისეთ მიწისქვეშა ბიძგებს ჰქონდა ადგილი, რვა ბალს რომ აჭარბებდა, ცხადია პოლიტიკური ბიძგები მაქვს მხედველობაში, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური ნაბიჯები მოჰყვა — დადებითი თუ უარყოფითი გადაწყვეტილებებით.

„გავრილოვმა“ არა მარტო კონსტიტუციაში შეიტანა ცვლილებები, არამედ ქართველ პოლიტიკოსთა აზროვნებაშიც. გამართლდა „გავრილოვის“ სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორების ვარაუდი ქართული პოლიტიკური ცხოვრების აჯაფსანდალად გადაქცევასთან,  „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ფუნდამენტის შერყევასთან დაკავშირებით.

თითქმის მივიწყების გზაზე გასული ოპოზიცია, ისე გამოაფხიზლა „გავრილოვმა“, რომ წელიწადზე მეტია პოლიტიკური დუღილის თავში მოექცა და ადრინდელთან შედარებით გაერთიანებულად, მტკიცედ მოსჩანს. ოპოზიცია „გავრილოვს“ უნდა უმადლოდეს ფერიცვალებას და ნაცვლად ამ პიროვნების სისტემეტური გინებისა, მის სახელს უნდა ლოცულობდეს. რომ არა ის — მოკრძალებული, არაფრით გამორჩეული რუსი დუმელი, ოპოზიცია ვერც გაერთიანებას შეძლებდა და ვერც იმ შედეგს მიაღწევდა, რასაც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენო არჩევნების დროს მიაღწია.

რაც მართალია, ჩვენმა სტრატეგიულმა „პარტნიორმა“ ისე გაგვითვალა 2019 წლის „გავრილოვი“, რომ „მადლობის“ მეტი არაფერი გვეთქმის.

მაინც რა მოგვიტანა „გავრილოვმა“? უპირველეს ყოვლისა, ერთხელდასამუდამოდ დაგვარწმუნა, რომ საქართველო არც სუვერენულია და არც დამოუკიდებელი. საქართველო თავიდან-ბოლომდე „სტრატეგიული“ პარტნიორის საელჩოს მეშვეობით იმართება და რასაც ის იტყვის, უსიტყვოდ კეთდება, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მიერ.

აქვე გეტყვით — ზოგს რომ ჰგონია „გავრილოვი“ ოპოზიციამ, განსაკუთრებით ნაციონალურმა მოძრაობამ დაგეგმა და განახორციელა, ღრმად ცდება. ცხადია, „ნაცებმა“ აქტიურად მიიღეს მონაწილეობა ამ პოლიტიკურ სპექტაკლში, რომელიც, ყირგიზეთის მსგავსად,  ხელისუფლების დამხობით უნდა დამთავრებულიყო, მაგრამ მთავარი შემოქმედნი ვაშინგტონში ისხდნენ და დისტანციური მართვის აპარატით მართავდნენ „რევოლუციურ“ ნაპერწკალს, რომელიც ცეცხლად მხოლოდ იმიტომ არ გადაიქცა, რომ სამართალდამცავებმა უკიდურესი საშუალებები გამოიყენეს. რომ არა რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი, 2019 წლის ზაფხულშივე მოთავდებოდა „ქართული ოცნება“ და მისი ხელისუფლება.

„გავრილოვის“ დამსახურებაა კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებები, ანუ უპირველესად ქართული სახელმწიფოს სუვერენულობისთვის ფარდის ჩამოხსნა. რას ვგულისხმობ? პოლიტიკურ ცხოვრებაში გათვითცნობიერებული ადამიანებისთვის, რბილად რომ ვთქვათ უხერხულობას. რაში გამოიხატება ეს უხერხულობა?

ერთ, ვითომ მარტივ, მაგრამ ურთულეს გადაწყვეტილებაში — ერთი ადამიანის მიერ ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანაში — ხალხთან, საზოგადოებასთან შეუთანხმებლად. ეს „ერთი“ ადამიანი, რომ საქართველოს მოქალაქე ყოფილიყო, არც მაშინ იქნებოდა მისაღები მისი ვოლუნტარისტული დამოკიდებულება სუვერენული ქვეყნის კონსტიტუციის მიმართ, მაგრამ ეს „ერთი“ ადამიანი ამერიკის მოქალაქე გახლდათ — საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მოვლენილი საქართველოში.

აქვე განვმარტავ — „სრულუფლებიანობა“ არამცდაარამც არ ნიშნავს მასპინძელი ქვეყნის საშინაო საქმეებში, მითუმეტეს კონსტიტუციაში ხელის ფათურს. „გავრილოვმა“ დაგვანახა ის, რაც ვიცოდით და რისი მოწმენიც არაერთხელ ვყოფილვართ — ჩვენისთანა შეუმდგარ ქვეყნებში, აშშ-ს ელჩების მოუბოდიშებელი მოქმედება, მაგრამ ელჩის მიერ ხელისუფლება-ოპოზიციის საელჩოში დაბარებას და იქ შედგენილ „შერიგების“ ტექსტზე ხელის მოწერას —  პირველად შევესწარით.

„გავრილოვმა“, უფრო სწორად „გავრილოვიდან“ გამომდინარე ვითარებამ და აშშ-ს ელჩის მკაცრმა მითითებამ ჩაგვატარებინა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები. ამერიკის საელჩოში შემუშავებული პროგრამისა და მითითებების გათვალისწინებით, რომელმაც მთავარ დევიზად მრავალპარტიული პარლამენტი დაისახა. შესრულდა თუ არა აშშ-ს საელჩოში მიღებული გადაწყვეტილება?

ცხადია, შესრულდა, მაგრამ მძიმე ხარვეზებით, რაც იწვევს ოპოზიციის გაგულისებას და მტკიცე გადაწყვეტილებას — არ შევიდეს გაყალბების გზით არჩეულ პარლამენტში.

„გავრილოვმა“ „კეთილსინდისიერად“ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა ბუნტის, ოპოზიციის გამოღვიძების, ხელისუფლების ლანძღვა-გინების ახალი ტალღის, საარჩევნო კანონსა და კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის და ბოლოს არჩევნების ჩატარების სახით და პოლიტიკური სცენიდან, კულისებში გადაინაცვლა — არა სამუდამოდ, არამედ დროებით.

აბა, ვინ დაივიწყებს ვაშინგტონში დაგეგმილ და თბილისში განხორციელებულ „გავრილოვს“ ასე იოლად? ის, არაერთხელ შეგვახსენებს თავს, ისე, როგორც მისი სამშობლო, საქართველოს ყოფილი „დიდი ძმა“ რუსეთი.

დიდხანს ცდაც არ დაგვჭირდა და აი ისიც. ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დროს საქართველოს პრეზიდენტის მისასალმებელ სიტყვაში გაისმა არა მარტო „გავრილოვის“ გვარი, არამედ მისი სამშობლო რუსეთის სახელიც. „სახელმწიფო ძლიერი მაშინ არის, როდესაც პარლამენტი, წარმოადგენს ხელისუფლების მთავარ შტოს. მისი შეურაცხყოფა — იქნება ეს გავრილოვის სკამზე დასმით თუ … .“

„რუსეთთან მხოლოდ პარალელური გზა არ ამართლებს, რადგან მას აკლია ის ღიაობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულობა, რაც თან ახლავს ფორმალურ მოლაპარაკებებს“ — ამ ჩახლართული წინადადებიდან ძნელი გასაგებია პრეზიდენტის „ნააზრევი“, მაგრამ წინადადების მომდევნო შინაარსი, აქამდე არსებულთან შედარებით ახალია, თანაც დამაიმედებელი: „დიალოგი არ ნიშნავს რამის აღიარებას, მოლაპარაკება არ ნიშნავს დათმობას, ხოლო დიპლომატიაზე უარის თქმა ნიშნავს ყველა ბერკეტის ხელიდან გაშვებას და გაყინვას“.

ალბათ მიხვდით, ვისთან დიალოგზე არის ლაპარაკი — ქვეყანასთან, რომლის პრეზიდენტმა არაერთხელ გამოხატა დალაპარაკების სურვილი, რაზეც ყოფილმა პრეზიდენტმა, დიდი ფიქრის შემდეგ ამოღერღა, რომ რუსეთთან დასალაპარაკებლად დასავლელი პარტნიორების თანხმობაა საჭიროო.

დღევანდელი პრეზიდენტის წინამორბედი დააფრთხო ჩრდილოელი მეზობლის მზაობამ. ახლანდელმა პრეზიდენტმა კი შემოვლითი გზებით და იმის ახსნა-განმარტებით, რომ მოლაპარაკებით არაფერი დაშავდება და რუსეთი არ შეგვჭამს, საზოგადოებას, პოლიტიკურ სპექტრს, მათ შორის ოპოზიციას გაანდო თავისი მზადყოფნა მოლაპარაკების გამართვასთან დაკავშირებით.

ძნელი გამოსაცნობია გაიზიარებს თუ არა მმართველი პარტია ამ მოსაზრებას ან იყო თუ არა მასთან შეთანხმებული ამგვარი განცხადების გაჟღერება, ფაქტი-ფაქტად რჩება, რომ პრეზიდენტის წინადადება პირველია, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე და მას რეაგირება სჭირდება ანუ შესაბამისი გადაწყვეტილება — დიალოგის დასაწყებად.

სხვა ყველაფერი რაც ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა  ბრძანა, ძველის გამეორება და ტყუილი ოპტიმიზმის გამოხატვაა და მეტი არაფერი. მაგალითად: „საჭიროა საქართველომ დაიბრუნოს ისტორიული როლი, როგორც კავკასიის ძრავამ და გამაერთიანებელმა“.

პრეზიდენტს შევახსენებ, რომ „კავკასიის ძრავა“ — საქართველო, რუსეთის იმპერიის წყალობით შეიქმნა. ამიერკავკასიაში მეფის რუსეთის რეზიდენციაც თბილისში იყო. საბჭოთა პერიოდშიც კავკასიის ცენტრად მოსკოვი თბილისს მოიაზრებდა, თუმცა მისი დაშლის შემდეგ ეს პრიორიტეტულობა გუშინდელი თოვლივით დადნა და აორთქლდა. მიზეზი ამისა მრავალია, მათ შორის გამოვყოფდი ეკონომიკას, მდიდარ წიაღისეულს და მასზე დაფუძნებულ პრაგმატულ პოლიტიკას, რაც წარმატებით განახორციელა აზერბაიჯანმა.

ამ ქვეყანამ, ჩვენი ტერიტორიის გამოყენებით, ენერგომატარებლებიც გაიტანა ევროპაში და წარმატებული ქვეყნის სახელიც მოიხვეჭა. დღეს, ის ძლიერი და სამაგალითოა რეგიონში და მასთან შეჭიდება არაფერს, გარდა წარუმატებლობისა არ მოგვიტანს.

იქნებ შევეშვათ „ძრავის“ პოზიციის დაბრუნებას და ნაცვლად ამისა მივხედოთ საკუთარ ქვეყანას, ხალხს, რომლისთვისაც არაფერი, თუ არა ნეგატიურისა „ქართულ ოცნებას“ არ მოუტანია. არადა, 2012 წლიდან მართავს „ოცნება“ ქვეყანას — ერთპარტიულად, შეუფერხებლად. შეძლებს ამას ახალარჩეული პარლამენტი და მის მიერ დამტკიცებული ხელისუფლება?

ვგონებ კითხვას პატივცემული მკითხველი უმალ უარყოფითად უპასუხებს. მხედველობაში მყავს მოაზროვნე ადამიანი (ადამიანები) და არა ივანიშვილის მეხოტბეები, რომლებიც თავგადაკლულნი უმტკიცებენ დანარჩენებს ამ ადამიანის ხელგაშლილობას, ქვეყნისთვის მზრუნველობას და ა.შ. ამ ადამიანებს „ინტელიგენცია“ ჰქვია — ივანიშვილის მიერ დაპურებული ინტელიგენცია, რომელიც ქვეყნის კატასტროფულ უკანსვლას ვერ ხედავს ან არ ხედავს — ივანიშვილის მიერ მისთვის გადაგდებული თანხების დაკარგვის შიშით. რა გამოდის? ქვეყნის ინტელექტუალური ძალა, ივანიშვილის ფულს დახარბებული, საკუთარ სამშობლოს, მის მომავალს ყიდის? ამ კითხვაზე პასუხი თქვენთვის მომინდვია.

ის, რაც 2012 წლიდან ხდება „ქართული ოცნების“ წევრების გამილიონერებაა — სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე და არა საკუთარი შრომის და უნარის. როდესაც „ქართული ოცნების“ ძალისხმევით ახალ პარლამენტში შესულ „ოცნებელთა“ შორის 20-ზე მეტი გამომჟღავნებული მილიონერი (შესაძლოა მილიარდერიც) პარლამენტარია, ხოლო დანარჩენი (გამოუმჟღავნებელი) უძრავ-მოძრავი ქონებით მათ არ ჩამოუვარდება, თავისთავად ნათელს ფენს დღევანდელობასაც და ხვალინდელი დღის უპერსპექტივობას.

ე.წ. ბიზნესმენებს, რომლებსაც 2012 წლიდან მოყოლებული, რაღაც მაინც უნდა გაეკეთებინათ ქვეყნისთვის, მხოლოდ ის გააკეთეს, რასაც საკუთარი ჯიბის გასქელება ჰქვია. მათმა ქცევამ, მრავალწლიანმა ჩალიჩმა, მაქინაციებმა არა მარტო პარლამენტარობას შეუყენა წყალი, არამედ ქვეყანასაც.

ნეგატიური ქცევა გადამდებია. ის, ისე სწრაფად ვრცელდება, როგორც „კოვიდ-19“ — განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ინტელექტიდან დაცლილი უტყვი პარლამენტარი, საზარელი გარეგნობის და ბრიყვი სახის მატარებელი, როდესაც ტელეეთერში აცხადებს, რომ არ იცის რამდენი მილიონი დოლარის პატრონია (თვლა უჭირს) ან რამდენი სახლის მფლობელია; საათი, რომელიც უკეთია იაფფასიანია — რაღაც 20000 დოლარის ღირებულების, უმალ ხდება მიბაძვის ელემენტი. თუ ამ ბრიყვმა ამდენი ფული იშოვნა, თანაც ყოველგვარი განათლების გარეშე, მე რატომ ვერ ვიშოვნი ან რა საჭიროა სწავლაში დროის ხარჯვა, ტვინის ჭყლეტა, როცა მაქინაციებით შეიძლება ფულის კეთება?

გურიის დეპუტატი, რომელიც „TV-1“-ის გადაცემამ გამოამჟღავნა, რომ მარტო არ არის, მანვე („TV-1“) დაგვანახა. დაგვანახა მათი ბრიყვი, თავხედი, უინტელექტო სახეები, მათი ვილები და სასახლეები, ხალხის მზერის არეალიდან მაღალი ღობეებით გამოყოფილი. ასეთი პარლამენტარები უშველიან საქართველოს? მათ ხომ ამის სურვილი არ გასჩენიათ და რაღა ახალ პარლამენტში გაუჩნდებათ?!

ამათზე ამყარებს პრეზიდენტი იმედს, ამათ მიიჩნევს ქვეყნის ამშენებლად? ასეთები უნდა დაელაპარაკონ რუსეთს, ევროკავშირს, სხვებს?! ასეთების იქ გამოჩენა ხომ ქვეყნის სირცხვილია — მისი ძველი ისტორიისა და კულტურის ფეხქვეშ გათელვა?!

სულიერებაო — ეს სიტყვა ახსენა გაპარლამენტარებულმა პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ, რომელმაც პარლამენტის შენობაში პიანინოს დადგმა მოითხოვა. „პარლამენტართა სულიერების გასაღრმავებლად ხანდახან დავუკრავო“,— ბრძანა მან.

ელისოს, პარლამენტი საკონცერტო დარბაზი ჰგონია, სადაც კანონშემოქმედების ნაცვლად მუსიკა ჟღერს, ისე როგორც სუპერმარკეტებში — გამაყრუებელი და უგემოვნო, რაც მთავარია ვაჭრობის ობიექტებისთვის შეუფერებელი. ქალბატონო ელისო, თქვენი კოლეგების ბრიყვული სახეების შემყურემ, როგორ შეიძლება ილაპარაკოთ სულიერებაზე?

როგორც ჩანს, თქვენც ისეთივე ზერელე და ზედაპირული ხართ, როგორც თქვენი გუნდელები — მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე აწყობილი. ყველანი სიტყვას, სიტყვისთვის აფრქვევთ და არა საქმისთვის. ყველას, მათ შორის პრეზიდენტსაც თავი, ქვეყანაზე  მაღლა უჭირავს. ყველას, ისე გაწუხებთ ქვეყნის გასაჭირი, როგორც გუშინდელი თოვლი. ყველა, საკუთარზე ფიქრობთ და 24 საათიდან ერთ საათსაც არ ახმართ ქვეყანას, რომელმაც უდარდელი, საამური ცხოვრება შეგიქმნათ.

„დავიღალეთ“ ამ სიტყვით დაიწყო თავისი გამოსვლა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში. ნეტავ რამ დაღალა ქალბატონი სალომე — საკუთარი ქონების მწყემსვამ? ძველი დეკლარაციის მიხედვით ისიც ხომ მილიონერია?!

ქალბატონი სალომე თუ რამ დაღალა — უსაქმურობაა. „კოვიდ-19“-ს რა ვუთხარი, თორემ ვინ იხილავდა სალომეს საქართველოში? ის, ხომ ისე მოიქცეოდა, როგორც „კოვიდამდე“ და მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ „მოაკლებდა ყურადღებას“ საკუთარი ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯზე.

დავიღალეთ და თანაც როგორ, ასეთია ხალხის ხმა, რომელიც დაბეჯითებით გთხოვთ თქვენც და თქვენს „ოცნებელებს“ გაათავისუფლოთ დაღლისგან — წადით!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი