დაბნეული ქვეყანა

საქსტატის მონაცემებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობამ მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში 7,022 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 16,7%-ით ნაკლებია 2019 წლის მონაცემებთან შედარებით. იანვარ-აგვისტოში საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2,880 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საერთო საგარეო ვაჭრობის 41%-ია.

ა.წ. აგვისტოში ქვეყნის ექსპორტის მოცულობა საფინანსო ეკვივალენტის თვალსაზრისით 292,4 მილიონი დოლარი იყო, ანუ 23,7 მილიონით ნაკლები წინა წელთან შედარებით. შემცირდა იმპორტიც, რომელმაც აგვისტოში 643,3 მილიონი დოლარი შეადგინა, ანუ 19,3%-ით — 153,8 მილიონი დოლარით ნაკლები 2019 წელთან შედარებით.

როგორც ამბობენ საქსტატის მონაცემები, გაცილებით ლოიალურია არსებულ ვითარებასთან შედარებით, მაგრამ საკმაოდ დასაფიქრებელი. საქსტატის მონაცემების გარეშე საქართველოს მოსახლეობამ კარგად იცის, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა მძიმეა და მას სერიოზული ქირურგიული ჩარევაც კი ვერ უშველის, მაგრამ საქართველოს მოსახლეობამ არ იცის როგორ დაიცვას თავისი უფლებები, როგორ გამოაფხიზლოს ხელისუფლება ეკონომიკური პრობლემების და აქედან გამომდინარე სოციალური ყოფის გასაუმჯობესებლად.

მან ვერაფრით ისწავლა, ვერ გადაიღო ევროპული გამოცდილება, რომელიც მუდამ გულისხმობს სოციალური პრობლემების მოსაგვარებელ სახალხო პროტესტს. აქ, ხალხი აპროტესტებს ყველაფერს, ოღონდ საკუთარ სამზარეულოში, ნაცვლად საყოველთაოდ მიღებული ქუჩის პროტესტებისა. ხელისუფლება, რომელიც დარწმუნებულია, სოციალური საკითხების მიმართ მოსახლეობის ინდიფერენტულ მიდგომაში, თავს არ იწუხებს არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.  

დასავლეთზე ორიენტირებულმა საქართველომ, დღიდან დამოუკიდებლობის მიღებისა, მტკიცე ნაბიჯები გადადგა ქვეყნის ეკონომიკის ძირფესვიანი განადგურებისკენ. განვლილი 30 წლის მანძილზე სისტემატურად გვესმოდა კაპიტალისტურ საბაზრო ეკონომიკაზე სოციალისტური ეკონომიკის მისადაგების თაობაზე. ისიც გვესმოდა, რომ საბაზრო ეკონომიკა თავისით დაარეგულირებდა სავაჭრო-ეკონომიკურ პროცესებს, რისთვისაც ერთადერთი, რაც ხელისუფლებას  მოეთხოვებოდა, ეკონომიკაში ჩაურევლობა უნდა ყოფილიყო.

ვინ მოთვლის, რა სახის და რაოდენობის ეკონომიკურ ექსპერიმენტებს ჰქონდა ადგილი ამ ბედკრულ ქვეყანაში. ვინ მოთვლის, რამდენი პოლონელი, სხვა ევროპელი ექსპერტი ან ამერიკელი სპეციალისტი გვაიმედებდა წარმატებული ეკონომიკური მომავლით. მოდიოდნენ და მიდიოდნენ, თან მიჰქონდათ „რჩევების“  შესაბამისი მსუყე ანაზღაურება. ქვეყანა?

ქვეყანა კი ცხოვრობდა და ცხოვრობს სტიქიურად, ყოველგვარი ეკონომიკური გათვლებისა და ამოცანების გარეშე. საქმეს ვერც ეკონომიკის სამინისტროს სახელის შეცვლამ უშველა და ვერც სააკაშვილის მმართველობის დროს სექსუალური გრძნობების მომგვრელი გოგონების გამინისტრებამ. სააკაშვილის ექსპერიმენტი მინისტრის ფიზიკური მონაცემებით მეტადრე სექსუალურით, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, უკუპროპორციული აღმოჩნდა, თუმცა არც მანამდე და არც შემდეგ კაცთა მინისტრობამაც ვერ უშველა საქმეს.

საბჭოთა კავშირის გეგმურ ეკონომიკურ ძუძუს მოშორებულმა საქართველომ რაც მოახერხა ფაბრიკა-ქარხნების, ჩარხებისა და დანადგარების ჯართად გაყიდვა იყო. ასედაამგვარად, საბჭოთა პერიოდის სამრეწველო საქართველო, ჩამორჩენილ ქვეყნად იქცა, რომელსაც არც მრეწველობა აქვს და არც სხვა რამ ისეთი, რაც ეკონომიკურ მანქანას აამუშავებს.

დამოუკიდებლობამიღებული ქვეყნისთვის 30 წელი არც ბევრია და არც ცოტა გარკვეული ეკონომიკური ნაბიჯების გადასადგმელად, მაგრამ არც ერთ ხელისუფლებას, არც ერთ დასავლელ, განსაკუთრებით ამერიკელ „პარტნიორს“ თავში აზრადაც არ მოსვლია ამ საკითხის მოგვარება, ანდა რატომ უნდა მოსვლოდათ? რატომ უნდა შეექმნათ მათი პროდუქციისთვის მოპაექრე ეკონომიკა?

მიზანი მათი იყო და არის მარტივი — საერთაშორისო ბაზარზე საქართველოს პროდუქციის დაბლოკვა, ისეთი ბარიერების შექმნა, რომლის გადალახვას არათუ საქართველო, მასზე ძლიერი ქვეყანაც ვერ მოახერხებს. დასავლეთის მიზანი მარტივია — თვით საქართველოს ბაზრის ათვისება, ჩაწოლილი პროდუქციის აქ გასაღება.

ტყუილი გამოდგა ევროკავშირის ყოფილი შეფის ბაროზუს განცხადება — ევროკავშირთან პარტნიორობის ხელშეკრულების ხელმოწერის დროს გაჟღერებული, რომ საქართველოს გზა ეხსნება ნახევარმილიარდიანი (ევროკავშირის მოსახლეობა) ევროპული ბაზრისკენ.

არა მარტო ჩვენ, უკრაინა და მოლდოვაც ბრიუსელის ტყუილმა იმსხვერპლა. მათაც ისე, როგორც ჩვენ, რაც ჰქონდათ გაყიდეს და დღეს ცარიელ-ტარიელნი, სულს ღაფავენ ეკონომიკამოშლილი ყოფით. არადა, საბჭოთა უკრაინა ევროპის ბევრ ქვეყანას ფორას აძლევდა წარმატებული მრეწველობით და სოფლის მეურნეობით.

პოსტსაბჭოთა ქვეყნები ყმაწვილ გოგო-ბიჭებს გვაგონებს, სიყვარულის ტკბილი გრძნობით შეპყრობილთ, რომელთა ერთადერთი მიზანი საკუთარი სექსუალური გრძნობების დაკმაყოფილებაა — უსწრაფესი შეუღლებით. ამ დროს ისინი არც რჩევას იღებენ და არც ბრძნულ დარიგებას. მათ სექსი უნდათ. ჩვენს შემთხვევაშიც იგივეა — ევროკავშირთან და ნატოსთან ჩახუტება.

რას მოუტანს ქვეყანას „ჩახუტება“— ამაზე დღეს არვინ ფიქრობს. ავიღოთ ბელარუსი — ქვეყანა, რომელმაც დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში არათუ ხელი ჰკრა და ჯართად გაყიდა საბჭოთა ბელარუსის მონაპოვარი, არამედ შეინარჩუნა, დახვეწა და ისეთი პროდუქციის წარმოება განახორციელა, რომელიც მეზობელ რუსეთში და სხვა ქვეყნებში, მათ შორის ჩინეთშიც წარმატებით საღდება.

წარმატებულმა ეკონომიკამ ბელარუსებს წარმატებული სოციალური შეღავათები, ყოფა არგუნა — მაღალი ხელფასებისა და პენსიების, სხვა სიკეთეების სახით. მაგრამ არა, დასავლეთის მიერ ბელარუსის ახალგაზრდებისთვის შეყრილმა ბაცილამ წარმატებებიც დაავიწყა მათ და მშვიდი, უდარდელი ცხოვრებაც. გადარეულები მარტო იმაზე ფიქრობენ, როგორ ჩაეხუტონ ევროკავშირსა და ნატოს, როგორ გააგდონ არჩევნებში გამარჯვებულ ლუკაშენკო და მის ნაცვლად ციხეში მყოფი ოპოზიციონერი ტიხანოვსკის მეუღლე, დიასახლისი გააპრეზიდენტონ.

ბელარუსელთა აღტყინებას მარტო მოჭარბებულ სექსუალურ ლტოლვას (დასავლეთისკენ) ვერ დავაბრალებთ, მას სტიმულს „ფერად რევოლუციებში“ გამოცდილი დასავლელი პროვოკატორები აძლევენ. ისინი ასწავლიან მათ პოლიციასთან ბრძოლას, ვითარების დასაძაბავად მათ წინააღმდეგ ქვებისა და ხელკეტების გამოყენებას, მაღაზიების რბევას, ავტომანქანებისთვის ცეცხლის წაკიდებას. მართალია, ჯერ-ჯერობით ესოდენ რადიკალურ ქმედებას ადგილი არ აქვს, მაგრამ სამშვიდობო მარშებით ხომ ვერ დაამხობენ  ხელისუფლებას? ასე რომ ბელარუსებს წინ ბევრი რამ ელოდებათ — ჩემის აზრით, არასახარბიელო და საზარელი.

ბელარუსის მაგალითი ერთობ საგულისხმო და დასაფიქრებელია ყოფილი საბჭოელებისთვის, მათ შორის ჩვენთვის. ის, ისეთ ანალიზს საჭიროებს, რომელიც საპარლამენტო არჩევნების წინ მყოფ ქვეყანას კატაკლიზმებისგან იხსნის. ხელისუფლებამ ზერელედ არ უნდა განიხილოს „დემოკრატი“ ამერიკელი პოლიტიკოსების წერილები და განცხადებები. ზოგ შემთხვევაში გაითვალისწინოს მათი ნათქვამი, ნუ იფიქრებს, რომ ისინი თავზე ხელს გადაუსვამენ.

დასავლელთა, კერძოდ ამერიკელთა განწყობიდან გამომდინარე, ჩანს ოპოზიციისადმი ლოიალური დამოკიდებულება. დასავლეთთან ნაცმოძრაობის აქტიურმა თანამშრომლობამ ნაყოფი გამოიღო, რამაც ისინი მთავარ ოპოზიციურ ძალად აქცია, როგორც შინაურის, ისე გარეულის თვალში. ხელისუფლებამ არ უნდა ჩათვალოს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში  ჩართული ამერიკის პოლიტიკა საქართველოსთვის ვერ მოიცლის.

აშშ-ი მომდინარე ამბოხმა, რომელიც ლამის სამოქალაქო ომად არის ქცეული, ნათლად გვაჩვენა, რომ მმართველობის მანქანა არ შეჩერებულა. ის ძველებურად მუშაობს — აწყობს „ფერად რევოლუციას“ ბელარუსში; უკრაინაში, რუსეთის საზღვრების სიახლოვეს ატარებს სამხედრო მანევრებს; წამლავს რუს ბლოგერ ნავალნის და ამაში რუსეთს ადანაშაულებს; ებრძვის ჩინეთს კორონავირუსის გავრცელებისთვის; სანქციებს უწესებს რუსეთსა და ირანს, მათი ეკონომიკის დასუსტებისთვის.

ამერიკა კარგავს მსოფლიოს ჰეგემონის პოზიციას, რაც მიუღებელია მისთვის. ასეთი ამერიკა — აგონიაში მყოფი და შიდა დაპირისპირებით გაჟღენთილი, სახიფათოა. მან შეიძლება ისეთი ნაბიჯი გადადგას, კაცობრიობას რომ ავნოს. უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო მანევრების ორგანიზატორი ვაშინგტონი, არაფრად აგდებს საკუთარი მძიმე ბომბდამშენი თვითმფრინავის „ბ-52“-ს რუსეთის საზღვრების სიახლოვეს ფრენას, არც იმას, რომ ასეთს შეიძლება მოჰყვეს სამხედრო ინციდენტი, რომელიც უმალ გახდება ფართომასშტაბიანი.  და სად მოხდება კონფლიქტი, თუ არა უკრაინის ტერიტორიაზე?!

გონებასუსტ უკრაინის ხელისუფლებას არაფრით ჩამოუვარდებით ჩვენც — საქართველოში აშშ-ს სამხედრო ბაზების განლაგების მსურველები. ქართული პოლიტიკა, განსაკუთრებით ნათელაშვილი, გამუდმებით თხოვს ვაშინგტონს ბირთვული იარაღის განლაგებას. რას ნიშნავს ეს, თუ არა რუსეთის მიერ საქართველოს ნიშანში ამოღებას და განლაგებისთანავე იმ ბაზის განადგურებას?

შეგახსენებთ, პრეზიდენტ პუტინის განცხადებას — ბაზის განლაგებას უმალ მოჰყვება მისი განადგურება. ვინც ტელეეკრანზე თვალი მოჰკრა ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს, რომელსაც რუსეთის სამხრეთში ჰქონდა ადგილი, დამეთანხმება რა სიძლიერის სარაკეტო იერიში მიიტანა ჯარმა პირობით მტერზე. დროის მოკლე მონაკვეთში აფეთქებულმა ჭურვებმა ერთმანეთში აზილა ცა და დედამიწა. ვეჭვობ, რომ ჩვენ აღნიშნულის შემაკავებელი იარაღი გვქონდეს.

ერთმანეთის საპირისპიროდ მოწყობილი 2 სამხედრო წვრთნა — ამერიკული უკრაინაში და რუსულ-უცხოური ჩრდილო კავკასიაში, რომელშიც 80000 სამხედრო იღებდა მონაწილეობას, მათ შორის უცხო ქვეყნების, გაფრთხილებაა ამერიკისთვის.

უკრაინის წვრთნები ამერიკელთათვის რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო საომარი კომფლიქრის რეპეტიცია იყო, რომელიც სულაც არ არის მიმართული უკრაინელთა დასაცავად. ომის შემთხვევაში არც საქართველოს დაიცავს ვინმე, რამეთუ ასეთი ძვირად დაუჯდება.

ამერიკას თავისი შიდა პრობლემებიც ჭამს — სამოქალაქო ბუნტისა და დაპირისპირების სახით. თვალსადახელსშუა იშლება სახელმწიფო მართვის სიტემა, დაახლოებით ისე, როგორც იშლებოდა საბჭოთა კავშირი. ერთმანეთს დაშორდა ვაშინგტონი და შტატები, და არა არათუ დაშორდა, კრიჭაში უდგანან ერთმანეთს. პრეზიდენტი ვეღარ პრეზიდენტობს. მის ნათქვამს ცოტა თუ აქცევს ყურადღებას. ორი პარტია, ერთმანეთზე სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული, მხოლოდ ფეხის გამოდებაზე ფიქრობს და გაიძახის, რომ მათი ლიდერი გაიმარჯვებს თუ არა, თავს დამარცხებულად არ ცნობს. რას ნიშნავს ეს, თუ არა საყოველთაო დაპირისპირებას?

„დემოკრატი“ დემოკრატი, „დემოკრატ“ რესპუბლიკელს დემოკრატობას უწუნებს. ორივენი კი თავიანთი „დემოკრატობით“ სხვის მმართველობას აკრიტიკებენ, მაგალითად ბელარუსის, რუსეთის, ჩინეთის. მათ კარგად იციან, რომ მხოლოდ გაღმით შედავებით გადაფარავენ იმ „დემოკრატიას“, რასაც სისტემატურად აქვს ადგილი ამერიკის ქალაქებში — პოლიცილთა მიერ ზანგების ხოცვის სახით.

ამგვარი „დემოკრატია“ ევროპასაც აქვს შეყრილი, ამიტომ ის ჩვეულებრივად, აუღელვებლად უყურებს ამერიკული ქალაქების „დემოკრატიას“ და სიტყვასაც არ ძრავს მის გასაკიცხად. თუმცა, როგორ უნდა გაკიცხოს საფრანგეთმა ამერიკა, როდესაც შინ „ყვითელი ჟილეტების“ რევოლუცია აქვს, რომელსაც თან ახლავს სისხლი, რბევა, მაღაზიებისა და ავტომანქანების დაწვა-დაბუგვა. ასეთი ქვეყნის პრეზიდენტს შეუძლია მოუწოდოს ლუკაშენკოს დემონსტრანტთა მიმართ ლმობიერი დამოკიდებულებისკენ? ღორმა, ღორს უთხრა შე დრუნჩიანოო — ამასთან გვაქვს საქმე.

დამოუკიდებლად ცხოვრების პირველსავე დღეებში ისეთი გზა ავირჩიეთ, სულაც რომ შეუფერებელი იყო ჩვენთვის. ამ გზამ მართალია საერთაშორისო არენაზე გამოგვაჭენა, მაგრამ უაზრო ჭენების მეტი არაფერი მოგვცა — არა ეკონომიკა, არა სოციალური ყოფა, არა განათლება, არა დემოკრატია, არა დამოუკიდებლობა, არა თავისუფლება. რაც მოგვცა — ორი ომი და ნგრევა, ტერიტორიების დაკარგვა, საბჭოური უდიდესი მონაპოვარის მიწასთან გასწორება, ტრადიციებისა და კეთილშობილების დაკარგვა, სიცრუის აღზევება, პატრიოტიზმის ფეხქვეშ გათელვა, უცხო ქვეყნების სერტიფიკატებით გამაგრებული უვიცობა მოგვცა.

ყველა ნეგატივის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუმცა უმადურობა გამოსაყოფია. ეს, შავი თვისება, მოჭარბებულად გამჯდარი თითქმის ყველა ჩვენგანში, გვავიწყებს ჩრდილოელი მეზობლისგან წამოსულ სიკეთეს, მტრად მოგვმართეს მის წინააღმდეგ, მაგრამ ნამდვილი მტრობის გაწევის თავიც არ გვაქვს და მხოლოდ ბილწსიტყვაობაში ვეძებთ გამოსავალს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი