27.12.2024

ჩინური სასწაული და არშემდგარი ქართული თავისუფალი-ეკონომიკური ზონა (05.03.2021)

2021 წლის თებერვლის, და არა მარტო ამ წლისა და თვის, სენსაციად შეიძლება ჩაითვალოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის სი ძინპინის განცხადება: „კომპარტიისა და ჩინელი ხალხის ძალისხმევით ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია გამარჯვებას სიღარიბესთან ბრძოლაში“.

მონაცემებისდა მიხედვით, 98,99 მილიონმა სოფლელმა გადალახა სიღარიბის ზღვარი. უღარიბესი რაიონების რიცხვიდან გამოყვანილ იქნა 832 რაიონი და 128000 სოფელი. 8 წლის განმავლობაში ჩინეთმა აღნიშნული პროექტის განხორციელებას 246 მილიარდი დოლარი მოახმარა.

საერთოდ, რეფორმებისა და ღია კარის პოლიტიკის დაწყებიდან (1979 წ.) დღემდე სიღარიბიდან 770 მილიონი ადამიანი გათავისუფლდა.

ჩინეთის სოფლად უკიდურეს სიღარიბედ ითვლება, როდესაც გლეხის წლიური შემოსავალი 4000 იუანზე (620 აშშ დოლარზე) ნაკლებია, რაც იმას ნიშნვს, რომ ის დღიურად დოლარნახევარზე ცხოვრობს.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, სიღარიბედ ითვლება, როცა ადამიანი დღიურად 1,9 დოლარზე ცხოვრობს.

სოფლის აღორძინების პროექტი 2012 წელს დაიწყო, როდესაც ჩინეთის თავმჯდომარე სი ძინპინი ორ სოფელს ეწვია და სოფლელებს აღუთქვა დახმარება. პანდემიის პერიოდში სიღარიბესთან ბრძოლის პროგრამა წამითაც არ შეჩერებულა.

სოფლად სიღარიბის დაძლევასთან ბრძოლაში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ქალაქელებიც. 3 მილიონი ქალაქელი იყო მივლინებული სოფლად. ისინი ეხმარებოდნენ სოფლელებს საქონლის მოვლაში, მოსავლის აღებაში, სოფლებისა და პატარა ქალაქების მშენებლობაში. ამ კეთილ საქმეს 1500 ქალაქელი შეეწირა — ავადმყოფობის, ავარიების, გადაღლის შედეგად.

სტატისტიკის მიხედვით, თუ 2015 წელს ღარიბთა წლიური შემოსავალი 2982 იუანს ანუ 461 დოლარს შეადგენდა, 2020 წელს გაიზარდა 10740 იუანამდე. საერთო ჯამში, ბოლო 40 წლის განმავლობაში ჩინეთმა მიაღწია უდიდეს წარმატებას სიღარიბესთან ბრძოლაში.

თუ ჩვენს რეალობას შევხედავთ, დასამშვიდებელს ვერაფერს ვპოვებთ. ცხადია, უდიდეს სახელმწიფო ჩინეთსა და მიკრო საქართველოს შედარება შეუძლებელია, მაგრამ იმის თქმა მაინც შეიძლება, რომ ჩინეთმა სოფლად სიღარიბესთან ბრძოლა გაცილებით მძიმე სასტარტო პირობებში დაიწყო და ამას ათი წლით მეტი, 40 წელი მოანდომა. ჩვენ კი 30 წლის განმავლობაში რაც მოვახერხეთ ისაა, წარმატებული სოფელი რომ დავშალეთ და გავანადგურეთ, კოლმეურნეობები და საბჭოთა მეურნეობები მიწასთან გავასწორეთ, გლეხობა გავაღარიბეთ.

ჩინეთის სოფლის სიღარიბის დაძლევას ხელი შეუწყო ამ ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) თავბრუდამხევმა ზრდამ. მარტო ბოლო 10 წლის მონაცემებით, ის 2000 წლის 1,2 ტრილიონი დოლარიდან, 2020 წლის 15 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა. 10 წლის განმავლობაში ერთ სულ მოსახლეზე მშპ 10-ჯერ გაიზარდა ანუ 4000 დოლარამდე. 10 წლის განმავლობაში ღარიბთა რაოდენობა 10-ჯერ შემცირდა.

უდიდესი როლი ითამაშა ქვეყნის ურბანიზაციის პროგრამამ. გასული საუკუნის 80-იან წლებში, მაშინ, როდესაც დენ სიაოპინი იწყებდა რეფორმებს, ჩინეთის მოსახლეობის 20% ქალაქებში ცხოვრობდა, 80% სოფლებში. დღეს, 60% ცხოვრობს ქალაქებში, 40% — სოფლად. ქალაქმა მისცა სოფლელებს უფრო მეტის გამომუშავების შესაძლებლობა, ჩამოაყალიბა საშუალო ფენა — 400 მილიონი ადამიანი. ისინი მოიხმარენ მეტ საქონელს და მომსახურებას, ამან კი გააჩინა მეტი სამუშაო ადგილები ღარიბთათვის.

ჩინეთის კომპარტიის მიერ შემუშავებული პროგრამის მიხედვით, პარტიის გენერალური მდივნისა და ქვეყნის თავმჯდომარის სი ძინპინის ხელმძღვანელობით მიღწეული წარმატებებიდან გამომდინარე, ჩინეთმა შექმნა ცხოვრების საშუალო დონე 2021 წლის თებერვალში, და გააგრძელა გაფართოებული სოციალისტური საზოგადოების მშენებლობა, რომელმაც 2049 წელს ქვეყანა უფრო მაღალ საფეხურზე უნდა აიყვანოს:  „მდიდარ, მძლვრ, დემოკრატიულ, ცივილიზებულ, ჰარმონიულ, სოციალისტურ სახელმწიფომდე“.

ამ თარიღებს შორის არის შუალედური თარიღი — 2035 წელი, რომელმაც უნდა შეაჯამოს მიღწეული სოციალისტური მოდერნიზაცია — მატერიალურ-ტექნიკური და ტექნოლოგიური ბაზის მშენებლობაში, რომელიც საჭირო იქნება 2049 წლის მიზნის სარეალიზაციოდ.

სსრკ-სა და ჩინეთს ხშირად ადარებენ ერთმანეთს, განსაკუთრებით სოციალიზმის მშენებლობაში. საბჭოთა კავშირი იყო ის, ვინც მნიშვნელოვანი  დახმარება გაუწია ახალგაზრდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. ჩინეთის კომპარტიის ლიდერი მაო ძედუნი სტალინს მიიჩნევდა მასწავლებლად, მსოფლიო სოციალიზმისა და კომუნიზმის ბელადად.

ჩინეთის კომპარტია ქვეყნის აღმშენებლობის გეგმებში უხვად იყენებდა საბჭოთა გამოცდილებას. სტალინის გარდაცვალების შემდეგ, მჭიდრო თანამშრომლობის წლები დაღმასვლამ შეცვალა. მაო ძედუნმა ვერ იგუა სსრკ-ს კომპარტიის ახალი ლიდერის ხრუშჩოვის ლიდერობა — პოლიტიკური სიმჩატისა და ავანტიურისტული ბუნების გამო. ქვეყნებს შორის ურთიერთობა უაღრესად დაიძაბა.

ჩინეთის სოციალისტური მშენებლობის 2021-2049 წლები შეიძლება შევადაროთ სსრკ-ს გასული საუკუნის 30-იანი წლების მოდერნიზაციის წლებს, რომელიც 1936 წელს დასრულდა სტალინური კონსტიტუციის მიღებით (1936) და უნდა გაგრძელებულიყო მომდევნო წლებში პარტიის მიერ ახალი პროგრამის მიღებით (1961 წ.). სამწუხაროდ, ჩანაფიქრი არ განხორციელდა  და სრულიად მოუფიქრებელად გაკეთდა განცხადება — 1980 წლისთვის კომუნიზმის მშენებლობასთან დაკავშირებით.

ხრუშჩოვის ვოლუნტარისტულმა, არაკვალიფიციურმა გადაწყვეტილებამ უარყოფითი წვლილი შეიტანა სოციალიზმის მშენებლობაში — ნაადრევი ლღვობის და მოგვიანებით გარდაქმნის სახით, დასასრული ხრუშჩოვ-გორბაჩოვისეული გარდაქმნებისა იყო კაპიტალიზმის რესტავრაცია.

ჩინეთმა, შეისწავლა რა სსრკ-ს შეცდომები, მივიდა დასკვნამდე, რომ საჭიროა სიღრმისეული სოციალისტური განვითარება, თუნდაც დროში გაჭიმული, ვიდრე ვოლუნტარისტული, სწრაფი, მაგრამ ქვეყნისთვის და სოციალიზმისთვის მიუღებელი პროგრამები.

ჩინეთის თავმჯდომარეს სი ძინპინს თვით ჩინელი კომუნისტები მოიაზრებენ ჩინელ სტალინად. მან ქვეყნის სათავეში მისვლისთანავე განაცხადა: „მე არასდროს გავხდები ჩინელი გორბაჩოვი“.

სსრკ კპ ბოლო გენერალურ მდივანსა და პირველ და უკანასკნელ პრეზიდენტს 90 წელი შეუსრულდა, რომელიც აღინიშნა რუსეთის ტელეარხებზე. ამ საიუბილეო თარიღს დიდი ჟივილ-ხივილი არ გამოუწვევია რუსეთში. იზეიმეს ლიბერალებმა. თვით გორბაჩოვს, რომელიც სიბერიდან გამოწვეული პრობლემების გამო, ნახევარ წელს საავადმყოფოში ატარებს, ამის თავი არ ჰქონდა.

გორბაჩოვი უდიდეს პიროვნებად, პროგრესულ პოლიტიკოსად არის შეფასებული სრულიად დასავლეთში, საკუთარ ქვეყანაში — პირიქით, თუ არ ჩავთვლით რუს ლიბერალებს.

გორბაჩოვმა დაშალა საბჭოთა კავშირი და გზა გაუხსნა დასავლეთის შეტევას საბჭოეთის მემკვიდრის რუსეთის დასაშლელად, რასაც მშვენივრად ახერხებდა რუსეთის პრეზიდენტი ელცინი.

გორბაჩოვმა უღალატა სოციალისტურ მოძრაობას, მსოფლიო სოციალისტური ქვეყნების ლიდერებს და მათ წინააღმდეგ კაპიტალისტურ სამყაროს გემრიელი ლუკმა მიართვა, ისეთი დაუღეჭავადაც რომ იოლად გადავიდოდა ყელში. სსრკ-ს დაშლით გახარებულმა დასავლეთმა გორბაჩოვს ნობელის პრემიაც მიაკუთვნა.

სამმა გადაგვარებულმა კომუნისტმა (ხრუშჩოვმა, გორბაჩოვმა, ელცინმა) მოუღო ბოლო მსოფლიო ისტორიაში მართლაცდა სახალხო სისტემას. იმჟამინდელმა „კომუნისტებმა“, საბჭოეთის დაშლით ხელმოთბობილებმა, ენერგია არ დაიშურეს წინამორბედთა შრომით, ოფლით, სისხლით აშენებული ქვეყნის გასანადგურებლად. ასეთ ბანდიტიზმს კომუნისტურ ჩინეთში არ ჰქონია ადგილი. იქ გარდაქმნა განხორციელდა არა ისეთი, როგორიც „პერესტროიკა“, არამედ ნამდვილი, სიღრმისეული გარდაქმნა, რომელმაც ქვეყანა მიიყვანა ზემომოყვანილ წარმატებამდე. მარტო ის რად ღირს — 2029 წლისთვის ჩინეთი რომ ეკონომიკური წინსვლის პოტენციალითა და პარამეტრებით გაუსწრებს აშშ-ს და მსოფლიოში პირველ ადგილზე გავა?!

ჩინეთის წარმატებაში უდიდესი წვლილი შეიტანა თავისუფალმა და სპეციალურმა ეკონომიკურმა ზონებმა. გასული  საუკუნის 80—90-იან წლებში არაერთი ასეთი შექმნეს ჩინეთში. წარმატება სწრაფი და თვალსაჩინო გამოდგა. ჯერ კიდევ დიდი ბრიტანეთის მბრძანებლობაში მყოფ ჰონგ-კონგში ვიზიტის დროს, ეჭვის თვალით ვუყურებდი ამ ქალაქის სიახლოვეს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ყოფილ მეთევზეთა დასახლებაში მშენებარე ქალაქის შენჩჟენის პერსპექტივას — ყველა პარამეტრით დაპირისპირებოდა ჰონგ-კონგს.

ორიოდე წლის შემდეგ, ჰონგ-კონგი ჩინეთს დაუბრუნდა, ხოლო გუანდუნის პროვინციის ქალაქი შენჩჟენი, ჩინეთის მარგალიტად იქცა — არაფრით ნაკლები, ვიდრე ჰონგ-კონგი.

გუანდუნის პროვინცია ცნობილია როგორც თავისუფალი ეკონომიკური ზონის საუკეთესო ნიმუში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორად მუშაობის პერიოდში მჭიდრო კავშირი მქონდა საქართველოში აკრედიტებულ ჩინელ დიპლომატებთან და ელჩთან. ეს ურთიერთობები პარლამენტში ჩემი ყოფნის დროსაც გაგრძელდა. პარალელურად ვიყავი აჭარის წარმომადგენელი ცენტრალურ ხელისუფლებასთან, რაც აჭარის ლიდერ ასლან აბაშიძესთან სისტემატური შეხვედრების შესაძლებლობას მაძლევდა.

არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ჩინური თავისუფალი ეკონომიკური ზონებით საქართველოში თუ ვინ იყო დაინტერესებული — ბატონი ასლანი იყო. პარტია „აღორძინების“ პარლამენტში შესვლის დღიდან, ბატონმა ასლანმა ოფიციალური თბილისის წინაშე დასვა საკითხი აჭარაში, ბათუმის საზღვაო პორტის ნაწილში, თავისუფალი ეკონომიკური ზონის გახსნის თაობაზე.

არასერიოზულად მოაზროვნე ცენტრმა აბაშიძის წინადადება ბანზე ააგდო — „რა თავისუფალი ზონა, რის ჩინეთი, ასლანს ფულის გაკეთება მოუნდაო“ — დაახლოებით ასეთი იყო საქართველოს ხელმძღვანელობის რეაქცია.

აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით და საფუძვლიანი წინადადების მომზადების მიზნით, მოველაპარაკე ჩინეთის ელჩს, ჩინეთში აჭარის მეთაურისა და დელეგაციის ვიზიტის თაობაზე. მიზანი? — თავისუფალი ეკონომიკური ზონის შესწავლა.

ვიზიტმა ნაყოფიერად ჩაიარა, რომლის დროსაც გავეცანით გუანდუნის პროვინციის ქალაქებს გუანჯოუს, შენჩჟენს, ჯუხაის, გარდა ამისა, უკვე ჩინეთში დაბრუნებულ მაკაოს და ჰონგ კონგს. ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. გუანჯოუს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის დროს მოვილაპარაკეთ უნივერსიტეტის სპეციალისტების აჭარაში მოწვევის თაობაზე. ჩინეთის სპეციალისტთა 2 დელეგაცია იმყოფებოდა აჭარაში. პირველი — გაცნობის თვალსაზრისით, მეორე — სამუშაოდ.

ჩინელ სპეციალისტებთან ერთად შევიმუშავეთ პროექტი საქართველოში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნის თაობაზე, რომელიც პარლამენტს წარვუდგინეთ დასამტკიცებლად. გაიმართა ცხარე დებატები, შემდეგ კენჭისყრა. პროექტმა ერთი ხმით წააგო  ეს შერკინება და მასთან ერთად გეგმა, რომელსაც უდავოდ შეეძლო წარმატების მოტანა საქართელოსთვის.

არ გამოვიდა, ვინაიდან საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას, პრეზიდენტ შევარდნაძეს არ აღმოაჩენდა ნოვატორული, მასშტაბური აზროვნება. მათი გონება პროვინციალიზმმა დაბინდა, ცენტრის მიერ აგორებულმა კინკლავმა შევარდნაძე-აბაშიძეს შორის.

დღევანდელი გადასახედიდან როდესაც ვუყურებ წარსულს, არასასიამოვნო ჟრუანტელი მივლის ტანში. პრეზიდენტი შევარდნაძე კარგა ხანია დაემშვიდობა ამ წუთისოფელს, აბაშიძე აიძულეს მოსკოვს წაეყვანათ. აჭარის მეთაურის ნოვატორული აზროვნება, თუნდაც ისეთ საკითხში, როგორიც თავისუფალი სავაჭრო-ეკონომიკური ზონაა, დავიწყებას მიეცა.

აჭარის მეთაურის აზროვნება გაცილებით პროგრესიული გამოდგა, ვიდრე სსრკ-ს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, შემდგომში საქართველოს პრეზიდენტის, რომელმაც, ნაცვლად აბაშიძისეული წამოწყებისთვის მხარის დაჭერისა, პროვონციული ომი გამოუცხადა მას. შევარდნაძეს აყოლილმა ინტელიგენციამ, რომელსაც ასლან აბაშიძემ მადლიანი ხელი გაუწოდა და ქვეყნის მძიმე პერიოდში სული მოათქმევინა, შეურაცხყოფების კორიანტელი დაახვია მას — პროვინციელი, მშიშარა, სეპარატისტი, მექრთამე, გამომძალველი, გაუნათლებელი — აშკარად მიუღებელი და შეუფერებელი პატრიოტი, პროფესიონალი, განათლებული პიროვნებისთვის.

ე.წ. დამოუკიდებელი ქვეყნის პოლიტელიტამ და მასზე მიტმასნილმა ე.წ. ინტელიგენციამ უსერიოზულესი დარტყმა მიაყენა საქართველოს ეკონომიკას, შეაფერხა მისი განვითარება, ჩაკლა ავტონომიიდან წამოსული ნათელი ინიციატივა, იმიტომ, რომ ავტონომიიდან იყო, თითქოს ავტონომიაში უჭკუო, უტვინო ადამიანები ცხოვრობდნენ.

აქვე გავიხსენებ კიდევ ერთ ინიციატივას, რომელიც აფხაზეთიდან იყო და აფხაზთა ლიდერს არძინბას ეკუთვნოდა. 1992 წლის მარტში მან წერილით მომართა, მოსკოვიდან დაბრუნებულ შევარდნაძეს თხოვნით — დაეწყოთ მოლაპარაკება საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიის სტატუსის განსასაზღვრად. ეს წერილი პირადად გადავეცი შევარდნაძეს. როგორც ჩანს, მან ყურადღება არ მიაქცია არძინბას წერილს. ამ უკანასკნელმა ერთი თვის შემდეგ განმეორებით მომართა შევარდნაძეს. შედეგი იყო ანალოგიური პირველი წერილისა.

არძინბას წერილებს შევარდნაძემ მოგვიანებით, იმავე წლის აგვისტოში გასცა პასუხი — აფხაზეთში ჯარის შეყვანით, რომელმაც მიწასთან გაასწორა ქვეყანა და მისი მომავალი.

დღეს, ხშირად ვიხსენებთ სააკაშვილის მიერ 2008 წელს წამოწყებულ ომს ცხინვალის წინააღმდეგ და ამ საზარელი ავანტიურის ფონზე ვივიწყებთ 1992 წლის პირველ საზარელ ავანტიურას.

ეს „ლირიული“ გადახვევა მხოლოდ ერთის მანიშნებელია, „დამოუკიდებლობის“ წლებში, ეროვნულ გმირად შერაცხულ პირველ პრეზიდენტ გამსახურდიადან დაწყებული, ივანიშვილით დამთავრებული, ბედკრულ საქართველოს პატრიოტი, სამშობლოს მოყვარული, პოლიტიკაში გარკვეული საშუალო დონის მმართველიც არ ჰყოლია. ყველა მათგანს პროვინციალიზმი, ავანტიურიზმი, უვიცობა, ფულის მოხვეჭა ძალავდა.

დღევანდელ ე.წ. პოლიტიკოსებს შორის არ ჩანს მთავარი — საქვეყნო საქმის, საკუთარ კუჭზე მაღლა დაყენება. არ ჩანს სადღეისო და სამომავლო გეგმები და მათი განვითარების სურვილი. რაც ჩანს ჩამორჩენილი, პროვინციული აზროვნებაა, ძლიერ დაშორებული თანამედროვეობასთან.

როდესაც მსოფლიოში ხელოვნურ ინტელექტზე სამეცნიერო კვლევებს ატარებენ და წარმატებასაც აღწევენ, კომენდანტის საათის დროს ქართველი ბობოლა პარლამენტარები ღამის ჭამით არიან დაკავებულნი, მათთვის შეუფერებელია ხელოვნურ ინტელექტზე ან საერთოდ ინტელექტზე ფიქრი. „დამოუკიდებლად“ ცხოვრებამ თუ რა გვარგუნა — ესაა და კიდევ ღრმა ფეოდალიზმი, ცუდი გაგებით.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი