ამერიკა დაგვიბრუნდა (03.03.2021)

აშშ-ს პრეზიდენტმა ბაიდენმა უკვე მერამდენედ განაცხადა — ჩვენ დავბრუნდით! პრეზიდენტი არა მარტო დემოკრატების თეთრ სახლში და საკანონმდებლო ორგანოში (უმრავლესობით) დაბრუნებას გულისხმობს, არამედ მსოფლიოში ამერიკის, როგორც ლიდერის დაბრუნებას.

მისი განცხადების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, წინამორბედი რესპუბლიკელი ტრამპის ადმინისტრაციის დროს ამერიკამ დაკარგა მსოფლიო ლიდერის პოზიციები, გამოვიდა საერთაშორისო ხელშეკრულებებიდან, შეზღუდა ევროპელ პარტნიორებთან, უფრო სწორად ევროკავშირთან ურთიერთობები, დაიჩოქა რუსეთისა და ჩინეთის წინაშე, რითაც აშშ-ს პრესტიჟს მსოფლიოში დიდი ზიანი მიაყენა.

პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებით, აშშ-ს უპირველესი სამომავლო მიზანი მსოფლიოში აშშ-ს ჟანდარმობის აღდგენა იქნება, ბრძოლა კორონავირუსის წინააღმდეგ, რუსეთის აგრესიის შეჩერება, ჩინეთთან ჭიდილში უპირატესობის მოპოვება, რისთვისაც საჭიროა მოკავშირეებთან ძველებური ანუ პრეზიდენტ ობამას დროინდელი ურთიერთობების აღდგენა, სამხედრო ბლოკ ნატოს გაძლიერება და სხვა მსხვილმან-წვრილმანი პრობლემების აღმოფხვრა, რომლებიც ხელს უშლის ჰეგემონ ქვეყანას მსოფლიო ლიდერობის შენარჩუნებაში.

ბაიდენმა გულისტკივილით აღნიშნა კორონავირუსთან ბრძოლის სისუსტე და სავალალო მაგალითიც მოიყვანა — ნახევარმილიონზე მეტი მსხვერპლი, იმდენი, რამდენიც ამერიკას არ ჰქონია მეორე მსოფლიო ომიდან დაწყებული, ყველა დანარჩენი ომების ჩათვლით. დაასახელა ციფრი 75 მილიონი, ე.ი. 75 მილიონი მშიერი ამერიკელი, რაც არა მარტო კორონავირუსის შეტევითაა გამოწვეული, არამედ ღრმა პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისით, რასაც ამ მდიდარ ქვეყანაში აქვს ადგილი.

აშშ-ს მიმდინარე პროცესები იმდენად აბურდულია, რომ არათუ გარედან მაყურებელი ექსპერტები, არამედ თვით ამერიკაში მცხოვრებნი თავსა და ბოლოს ვერ აგნებენ, საფუძვლიან დასკვნებს ვერ აკეთებენ — რა ხდება ამერიკაში. დასავლური ფასეულობების გადაფასება, დღემდე არსებული ისტორიის, კულტურის, ხელოვნების, მწერლობის საგანძურზე უარის თქმა, შეურაცხყოფა, დამცირება და ფეხქვეშ გათელვა ჩვეულებრივ, უფრო ზუსტად მოსაწონებელ, სანაქებო საქციელად იქცა.

როდესაც აშშ-ს დამაარსებელი მამების ვაშინგტონის, ლინკოლნის, ჯეფერსონის, სხვათა სახელებს შეურაცხყოფ, უილიამ შექსპირის უკვდავ შემოქმედებას უხამსი კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარებ, სხვა მწერლების წიგნებს ცეცხლს შეუკეთებ და სათაყვანებლად ყოფილ რეციდივისტს გაიხდი, თუნდაც ის უსამართლობისა და პოლიციის სისასტიკის მსხვერპლი ყოფილიყო, მთლად კარგად არ უნდა იყოს ამ დიდი ქვეყნის საქმე.

ქვეყანა ვეღარ უმკლავდება ისეთ გამოწვევასაც კი, როგორიცაა ყინვა ზამთარში. ტეხასისა და სხვა შტატების უსუსურობამ — 15-გრადუსიან ყინვასთან ბრძოლაში დაარწმუნა ამერიკელები, რომ ხელისუფლება მათ პრობლემებს ვერ გადაწყვეტს. უშუქობა, უწყლობა, გაყინული საცხოვრებელი სახლები, ავტომანქანებში გასათბობად შეყუჟული ოჯახები, მოყინული ქუჩები, სუპერმარკეტების ცარიელი დახლები და ეს ყველაფერი ენერგორესურსებით მდიდარ ტეხასის, მოსახლეობით, კალიფორნიის შემდეგ, მეორე შტატში.

პრობლემები, რომლებიც ამერიკას დაუგროვდა, ისთია, როგორსაც ის ხვა ქვეყნისთვის ისურვებდა და არა მარტო ისურვებდა, არამედ „საჩუქრად“ მიართმევდა კიდევაც — ე.წ. ფერად-ყვავილოვანი რევოლუციების სახით. ამგვარი რევოლუციების ავტორმა უდიდესი ზიანი მიაყენა მთელ რიგ ქვეყნებს, მათ შორის პოსტსაბჭოთა სივრცისას. საქართველოსაც ერგო ამერიკული რევოლუციის მსუყე ლუკმა, თანაც ისეთი, ქვეყანა რომ მიწასთან გაასწორა, მომავალი, საეჭვო გაუხადა.

ანალოგიური, შესაძლოა უარესიც მოახდინა უკრაინაში და დემოკრატიის ლოზუნგით უკრაინის მოსახლეობა 55-დან 30 მილიონამდე დაიყვანა, ეკონომიკა ნულამდე, ბანდერულ-ფაშისტური შემართება ააღორძინა და ისე შეახეთქა რუსეთს, როგორც კვერცხი კედელს. 2014 წლის მაიდნის რევოლუციას, ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობას, უკრაინაში მცხოვრები რუსების შეურაცხყოფას, მათი მშობლიური ენის ხელყოფას მოჰყვა სამოქალაქო ომი, რომელიც დღესაც ფეთქავს.

ამერიკელთა წყალობით უკრაინამ დაკარგა ყირიმი, ფაქტიურად დონბასი და ლუგანსკი; საქართველომ — აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი; მოლდოვამ — დნესტრისპირეთი; სომხეთმა — საბჭოთა კავშირის დროს ომით მოგებული აზერბაიჯანული ტერიტორიები.

ზემომოყვანილი ტერიტორიული დანაკარგები უდიდეს მსხვერპლს უკავშირდება, სრულიად უაზროდ გაღებულს — სხვისი კარნახითა და შეგონებით. გრძნობენ კი ეს ქვეყნები ამერიკელთა პოლიტიკას — მათ მიმართ გატარებულს?

სამწუხაროდ არა! ვაშინგტონით მონუსხნულნი შეცდომას-შეცდომაზე უშვებენ და ისეთი თავდავიწყებით ებრძვიან ამერიკელთა მიერ მინიშნებულ სამიზნეს, რუსეთის სახით, თითქოს ამ მეზობელი ქვეყნის ლანძღვა-გინებას მათთვის რაღაც სიკეთე მოჰქონდეს.

ბაიდენმა რუსეთი მტრად გამოაცხადა და თითიც დაუქნია, თუ დასავლური დემოკრატიის გზას არ დაადგება, ის შავ დღეს დააყრის. რა შეუძლია გაუკეთოს აშშ რუსეთს?! ან რა დემოკრატიას ითხოვს ის რუსეთისგან?

აშშ-ა ბევრი რამ ცუდი გაუკეთა რუსეთს! მარტო ურიცხვი რაოდენობის ეკონომიკური სანქციები რად ღირს?! რუსეთი უძლებს ამერიკულ შეტევებს და ამ ბრძოლაში ისე გამოიწრთო, რომ საკუთარი პროდუქცია შექმნა, რითაც იმპორტული საქონელი ჩაანაცვლა.

სანქციებმა დაანახა ვაშინგტონს, რომ არაეფექტურია და ისეთი შედეგი არ მოაქვს, როგორსაც ელოდა. ეკონომიკურ სანქციებთან ერთად მასშტაბურად ამოქმედდა რუსეთის სამხედრო რკალში მოქცევა. ბალტიის ზღვიდან დაწყებული, შავი ზღვის და საქართველოს ჩათვლით აშშ-ს სამხედრო რკალი მტკიცედ ეკვრის რუსეთს და მისთვის არასასიამოვნოდ იკუმშება.

რუსეთის პასუხი არის ხისტი და ისეთი, ამერიკას, თავის დასავლელ პარტნიორებთან ერთად დიდად რომ აშფოთებთ. ეს რუსეთის სუპერთანამედროვე იარაღია, ზებგერითი და უზუსტესი, რომელიც ამერიკელთა მიერ ევროპაში შექმნილ თავდაცვის სისტემას (ქოლგას) არარაობად აქცევს.

რომ იტყვიან აქაც ჩაისვარა ვაშინგტონმა, თუმცა არც რუსეთს ადგას სიკეთე, ვინაიდან სამხედრო საქმეში ჩადებული ფული რომ ეკონომიკურ განვითარებას მოხმარებოდა რუსეთის მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების პირობები გაცილებით უკეთესი იქნებოდა. აშშ-ს მიზანიც ისაა ჩაითრიოს რუსეთი შეიარაღებისთვის ფულის ხარჯვაში, რათა რუსეთის მოსახლეობას მძიმე სოციალური პირობები შეექმნეს და ხელ-კეტებით ეკვეთოს კრემლს, პუტინის დასამხობად.

აშშ-ს მტერი რუსეთი კი არა პირადად პუტინია. რუსეთთან ის გამონახავს საერთო ენას ე. წ. მეხუთე კოლონის დახმარებით. რუსეთის მე-5 კოლონა კი ხელწამოსაკრავი არ არის. ის ძლიერი და საზოგადოების, ხელისუფლების, ბიზნესის ნაწილია — ერთობ გავლენიანი. ე.წ. ლიბერალი რუსები, რომლებიც თითქმის ყველა ტელეკომპანიის ეკრანიდან ებრძვიან ხელისუფლებას, ლანძღავენ და აგინებენ საბჭოთა ისტორიას, მის ბელადებს, განსაკუთრებით სტალინს. ცდილობენ საბჭოეთის მემკვიდრეს, რუსეთს, გამოაცალონ საყრდენი. ჯერ-ჯერობით ისინი ამას წარმატებით ახერხებენ, რაც გამოჩნდა კიდევაც — ნავალნის დასაცავად ქუჩებში გამოსული ათეულ-ათასობით ადამიანის, განსაკუთრებით ახალგაზრდის სახით.

რუსულ ოპოზიციას რომ აშშ-ს ბიუჯეტიდან აფინანსებენ — ფაქტია. ა.წ. ბიუჯეტით რუსეთის „გადემოკრატებისთვის“ 700000 დოლარია გამოყოფილი.

მაინც რას  ნიშნავს გადემოკრატება? — უპირველესად ლგბტ-ს პატივისცემას, მის აღიარებას, გეი-პარადების ჩატარებას, სტალინის დაგმობას და მისი ჰიტლერთან გათანაბრებას, ფაშიზმისა და კომუნიზმის ერთ სიბრტყეზე დაყენებას, საბჭოეთის 70-წლიანი ისტორიის დაგმობას და ბოროტებად გამოცხადებას; ყველა იმ ე.წ. ღირებულების მიღებას, რაც არსებობს ამერიკა-ევროპაში, შეიარაღების შემცირებას, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის არავითარი საფრთხის არ შექმნას და ა.შ.

რუსეთმა სხვა გზა აირჩია და ბაიდენის მოწოდებას სალ კლდესავით დახვდა. არც ერთ საკითხში ის არ დაეთანხმა ვაშინგტონს. დავუშვათ, რომ დაეთანხმოს, რას მიიღებს? ისეთ გაპარტახებულ, მუხლებზე დაჩოქილ სახელმწიფოს, როგორიც ელცინის დროს იყო — დასავლელი და რუსი ლიბერალები რომ მდუღარე ცრემლებით მისტირიან. შეუძლია მსოფლიოში ერთ-ერთ უძლიერეს ქვეყანას უარი თქვას სიძლიერეზე და „ელგებტ“-ს კურტუმოს ქნევა აირჩიოს აწმყოდ და მომავლად?

კიდევ რას ნიშნავს გადემოკრატება? — უმთავრესად რუსეთის დაშლას, თუნდაც ისე, როგორც იუგოსლავიის — შიდა ომებით, არაერთწლიანი სისხლიანი დაპირისპირებით, რომლის იარები არც დღეს და არც მრავალი წლის განმავლობაში არ მოშუშდება.

დაშლა-გაპარტახების დიდოსტატი აშშ-ი, როგორც მშიერი აფთარი, ისე დაეწაფება დაშლილი რუსეთის სიმდიდრეებს, უკვე მეორედ. ერთს ჰქონდა ადგილი ელცინის პრეზიდენტობისას. აცნობიერებენ თუ არა რუსი ექსპერტები აღნიშნულ საფრთხეს?

როგორც იქნა, დაიწყეს გაცნობიერება, რასაც თან ახლავს ხისტი გამონათქვამები, როგორც დასავლეთის, ისე მისი თანამგზავრი ქვეყნების მიმართ, მაგალითად უკრაინის, მოლდოვის, საქართველოს. თითქმის ყველა ტელეარხზე მიმდინარე დებატებში გაისმის საღად მოაზროვნე ექსპერტების განცხადებები — მუქარის მატარებელი, ჩვენთვის დამაფიქრებელი. მაგალითად ასეთი, თუკი შავ ზღვაში ადგილი ექნება ნატოს ან აშშ-სა და რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემებს შორის მცირე ინციდენტსაც კი, რუსეთი განახორციელებს თავდასხმას უკრაინაზე, საქართველოზე.

არადა საქართველოს ხელისუფლება თავდავიწყებით იბრძვის იმისთვის, რომ როგორმე თავი ამოყოს შავი ზღვის „უსაფრთხოების“ ნატოსეულ პროგრამაში. სამწუხაროდ, ამგვარი თავდავიწყებით შესაძლოა მართლაც თავი დაგვავიწყდეს. გავიხსენოთ 2008 წლის ცხინვალის ომის წინა პერიოდი. მაშინ, აქაურებიც და იქაურებიც უსაფუძვლოდ ფიქრობდნენ, რომ ცხინვალში განხორციელებულ შეტევას, რუსეთი ჩაყლაპავდა და აშშ-ს შიშით ტორს არ მოიქნევდა.

მოიქნიადა ისე, ლამის მთლიანად ჩაგვყლაპა. უბრალოდ ძველი კავშირურთიერთობების პატივისცემამ არ გადაადგმევინა რუსეთს ბოლომდე ის ნაბიჯი, რასაც თბილისის აღება მოჰყვებოდა.

საქართველოს ხელისუფლებამ, ოპოზიციამ უნდა გაითავისოს აზრი, რომ დაშლილი რუსეთი უდავოდ დიდი საფრთხის შემცველი იქნება მეზობელი ქვეყნების, მათ შორის საქართველოსთვის. ძლიერი სახელმწიფოს როლი უპირველესად ისაა, თავისი ავტორიტეტით, ცხადია უპირველესად სამხედრო სიძლიერეზე დაფუძნებულით, არ დაუშვას მის საზღვრებთან, მეზობლებს შორის კინკლავი, აგრესიული დაპირისპირება. ამ ფაქტორის გაქრობას უმალ მოჰყვება სხვისი ტერიტორიების ხელში ჩაგდების სურვილი, განსაკუთრებით თუ ეს ტერიტორიები თვალწარმტაცია, როგორც გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ისე წიაღისეულით და ეკუთვნის სუსტ ქვეყანას.

საქართველოს, დღევანდელი პოლიტიკური-ეკონომიკური-სამხედრო ვითარებიდან გამომდინარე, ვერ დავარქმევთ ძლიერს. ჩვენ, აღნიშნული პარამეტრებით ჩამოუვარდებით მეზობლებს, თუნდაც ისეთს, როგორიც თურქეთია და რომელიც რახანია აჭარას და მთლიან საქართველოს თავის საკუთრებად მოიაზრებს. თურქეთში გამოცემული რუკები, სკოლის სახელმძღვანელოები ამის დასტურია.

ამიერკავკასიაზე თავისი პრეტენზია არ გაუნელებია ირანს, ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკებს.

ყოველივე აღნიშნული გასათვალისწინებელია — შესაბამისი დასკვნების გამოსატანად, მაგრამ დასკვნების გამომტანი ხელისუფლება არ ჩანს. არ ჩანს ხალხის, საზოგადოების, ინტელიგენციის სურვილი არსებული კატასტროფული ვითარების შესაცვლელად, ახალი პოლიტიკური მიმართულების შესამუშავებლად.

ხელისუფლება, ხალხი, რომ იტყვიან ერი და ბერი მობიბინე მწვანე ბალახს შესეული, მხოლოდ საკუთარი კუჭის, პრიმიტიული, ცხოველური, ინსტიქტური სურვილების დაკმაყოფილების პროცესშია, მარტივი დევიზით — „ჩემს შემდეგ ყველაფერი წყალს წაუღია“.

რუსეთთან ურთიერთობების ახლებურად ჩამოყალიბება არამცდაარამც ამ ქვეყნის სიყვარულით არ არის ნაკარნახევი, არამედ საკუთარი ინტერესებით, რომელთა შორის გამოკვეთილად მოსჩანს ფიზიკური გადარჩენის საფრთხე, ისეთი, როგორიც მეფე ერეკლე II-ს დროს გვქონდა.

გეორგიევსკის ტრაქტატიდან დაწყებული ბევრმა წყალმა ჩაიარა — ერისთვის სასიკეთომ და პირიქით. ამ ისტორიულ მდინარებათა შორის ყველაზე შავად ე.წ. თავისუფლების 30-წლიანი პერიოდი მოსჩანს. „გადავრჩებითო“, — გავიძახით, დემოგრაფიულად სავალალო მდგომარეობაში მყოფნი. „ღმერთი გადაგვარჩენსო“, — გავიძახით. უმოქმედოთ შეპყრობილთ ღმერთი რას გვიშველის. უფალი მხოლოს იმას უწევს დახმარებას, ვისაც გადარჩენის სურვილი აქვს და არა იმას, ვინც ნაქურდალი დოვლათის ჭამას არის მიცემული, ვისთვისაც საკუთარი კუჭის ამოყორვა ერისა და ქვეყნის სიკეთეს აჭარბებს.

გადავრჩებითო — გავიძახით და ვეღარც ვატყობთ, როგორ ვეშვებით წარსულის იმ კრიტიკულ ზღვრამდე, ერეკლეს ზღვარი რომ ჰქვია.

გადავრჩებითო — რიხით ვამბობთ — ჩვენს გვერდით დიდი ამერიკააო — ის ქვეყანა, რომლის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკა დაბრუნდა და დასადასტურებლად ამისა სუვერენული სირიის ტერიტორიას დასცხო — ინაუგურაციიდან ერთი თვის გავლის შემდეგ.

მაინც რისი თქმა სურდა დემენციით შეპყრობილ ამერიკის პრეზიდენტს მსოფლიო საზოგადოებისთვის? ამერიკა ძლიერიაო?

დიდი სიძლიერის ნაკლები გამომხატველი იყო სირიის ტერიტორიის დაბომბვა. ის, ვისაც უნდა შეშინებოდა — რუსეთს გული არ გასკდომია. უბრალოდ მხედველობაში მიიღო ასაკოვანი და ალცჰეიმერის დაავადების გზაზე შემდგარი პრეზიდენტის არაადეკვატური, მილიტარისტული გამოხდომა, რომელმაც სხვათაშორის 18 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

ჩავთვალოთ, ეს იყო გამაფრთხილებელი ზალპი, მაგრამ ვის მიმართ განხორციელებული — სირიის, ირანის, მთლიანობაში ახლო აღმოსავლეთის თუ რუსეთის მიმართ?

ამერიკელი ექსპერტობა შესაბამის პასუხებს არ იძლევა. დავუშვათ, შავ ზღვაში შემოსულმა სამხედრო გემმა, აშშ-ს მთავარსარდლის ბრძანებით რუსეთისკენ გაისროლა. რა მოჰყვება ამას?

მახსოვრობადაქვეითებულ პრეზიდენტს ეპატიება, შემთხვევით მოუვიდაო? პასუხი იქნება მყისიერი და გამანადგურებელი, ფართო დიაპაზონის, რომელიც საქართველოსაც მოიცავს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი