გამოფულტონებული საქართველო (08.03.2021)

აშშ-ს პატარა ქალაქ ფულტონში, 1946 წლის მარტში, დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის უინსტონ ჩერჩილის მიერ წარმოთქმული სიტყვა, იმ დღიდან მოყოლებული, დღემდე აზანზარებს მსოფლიოს და გათიშულობის, დაშორიშორების მარცვლებს თესავს. ომგამოვლილი მსოფლიო ნანგრევებში, გაჭირვებაში, სიდუხჭირეში მოქცეული ვერაფრით იფიქრებდა ახალი მსოფლიო ომის პერსპექტივაზე, ახალ ხოცვა-ჯლეტასა და ნგრევაზე. არადა, საკუთარი ქვეყნის არჩევნებში დამარცხებული ჩერჩილი, აშშ-ს ახალი პრეზიდენტის ტრუმენის თანხლებით, ისე წარსდგა ამერიკელი საზოგადოების წინაშე, როგორც დიდი ბრიტანეთის მმართველი და მსოფლიოს გადამრჩენელი.

დიდი იყო ავტორიტეტი მისი, როგორც ფაშიზმის გამანადგურებლის. დიდი იყო გაკვირვებაც, რომელიც მისმა სიტყვამ გამოიწვია არა მარტო ამერიკელებსა და ევროპელებში, არამედ სხვებშიც, მაგრამ ნაკლები საბჭოთა ხალხებში, განსაკუთრებით ქვეყნის ხელმძღვანელობასა და მის ბელად სტალინში.

„დიდი სამეულის“ პოტსდამის კონფერენციაზე გახდა ცნობილი (შესძლოა ადრეც), რომ პოტსდამის შემდეგ ოთხწლიან თანამშრომლობას, წერტილი დაესმებოდა და დაპირისპირება, ყოფილ მოკავშირეებს შორის ცხელში თუ არა, ცივ ომში გადაიზრდებოდა. ამერიკა-დიდი ბრიტანეთი ვერ შეეგუებოდა დიპლომატიური და სამხედრო მოლაპარაკებების, განსაკუთრებით ქმედების შედეგად, საბჭოთა არეალში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მოქცევას, ხოლო შუაგულ ევროპაში და თვით აშშ-ი კომუნისტური პარტიების პოპულარობის ზრდას.

ომში გამარჯვებული საბჭოთა კავშირი და წითელი არმია, რომელმაც ფაშისტური ჭირისგან გაათავისუფლა ევროპისა და მსოფლიოს ხალხები — ყოველმხრივ სამაგალითო იყო, რაც თავისთავად დიდ საფრთხეს უქმნიდა კაპიტალიზმს, მის ამბიციურ გეგმებს მსოფლიო-ბატონობასთან მიმართებაში.

ფულტონის 15-წუთიან სიტყვაში თითქოს პირდაპირი აგრესია არ ჩანდა, მაგრამ იყო დასავლეთის შეფარული შიში და აქედან გამომდინარე მსოფლიო ისტორიაში მანამდე არნახული სეგრეგაცია, სეპარატიზმი, გაყოფა, ერთი სიტყვით ყოველივე ის, რაც ქვეყნებს და ადამიანებს აშორებს ერთმანეთისგან. იყო ხაზგასმული მინიშნებაც გათიშვის — ავტორის დასახელებით.

თითქოს საბჭოთა კავშირმა, აღმოსავლეთ ევროპაში საკუთარი გავლენის დასამყარებლად, ჩამოუშვა რკინის ფარდა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. ჩერჩილმა დაასახელა რკინის ფარდის შექმნის ინიციატორი — საბჭოთა ხელისულება, რითაც „დიდი სამეულიდან“ ორის — დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს, მესამე წევრთან, სსრკ-სთან დიპლომატიური მოლაპარაკებების დროს გამოწვეული მარცხი აღიარა.

არადა თეირანის, იალტის, პოტსდამის კონფერენციები ხომ კონსენსუსით დასრულდა, მიუხედავად კონსტრუქციული კამათისა? არ ყოფილა არც ერთი მსხვილმანი თუ წვრილმანი საკითხი, მხარეებს რომ არ განეხილათ. შედეგიც იყო — მსოფლიოს ახალი წესრიგი.

კონფერენციის დასრულებიდან, ფულტონში გამოსვლამდე, საკმაო დრო იყო გასული პოტსდამში მიღწეული შედეგების გადასახარშად. ჩერჩილმაც გადახარშა და მივიდა დასკვნამდე, რომ ორმა მოკავშირემ, მესამესთან დიპლომატიური პაექრობა წააგო.

წააგო, თუ ამას წაგებას დავარქმევთ ობიექტურად, ვინაიდან ფაშიზმი ხერხემალში მესამემ გადატეხა, მესამემ აიღო ფაშიზმის დედაქალაქი ბერლინი, მესამემ აღმართა რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა. ასე რომ, ევროპისა და მსოფლიოს გადანაწილება გამარჯვების პროპორციული იყო, რაზეც სამივე შეთანხმდნენ, სამივე კონფერენციაზე.

სწორედ რომ კონფერენციების შედეგები არ აწყობდა ბრიტანეთის არჩევნებში დამარცხებულ ჩერჩილს, ისე, როგორც პრეზიდენტ რუზველტის შემცვლელ ტრუმენს. ისტორიკოსებს, პოლიტოლოგებს, პოლიტიკოსებს არაერთხელ უთქვამთ, რომ რუზველტის პრეზიდენტად ყოფნის შემთხვევაში ფულტონის სიტყვას ადგილი არ ექნებოდა.

რუზველტ-სტალინის დამოკიდებულება გასცდა ვიწრო პოლიტიკურ, კლასობრივ ჩარჩოებს და სხვადასხვა პოლიტიკური სისტემის მქონე ქვეყნებს შორის კონსტრუქციული ურთიერთობების განვითარების ფაზაში გადავიდა. რუზველტმა, იმ წერილების, პირადი საუბრების მიხედვით, რომელიც  მას სტალინთან ჰქონდა, დაგვანახა, რომ „სამეულში“ მისი კეთილგანწყობა სტალინისკენ იხრებოდა.

პიროვნებას უდიდესი გავლენა აქვს პოლიტიკურ ცხოვრებაზე, ქვეყნის აწმყოსა და მომავალზე. რუზველტი რომ ყოფილიყო თეთრ სახლში და მისი საპრეზიდენტო ვადა ნაადრევად სიკვდილს არ შეეწყვიტა, სხვა, გაცილებით უკეთესი ვითარება იქნებოდა მაშინ და ვინ იცის — იქნებ დღესაც.

აშშ-ს რეაქციულმა ძალებმა იგულეს რა თეთრ სახლში მათი მსგავსი პრეზიდენტი, გაააქტიურეს საბჭოთა კავშირის შეჩერების პროგრამა — მასზე ბირთვული თავდასხმის გეგმით და რომ არა იმავე ამერიკის საღ პოლიტიკურ წრეებში გაჩენილი წინააღმდეგობა, ვინ იცის, მექნებოდა თუ არა თქვენამდე აზრის მოტანის საშუალება.

ფულტონმა შეასრულა ჩერჩილის ჩანაფიქრი — გაყო მსოფლიო და ეს გაყოფილი, სამკვდრო-სასიცოცხლოდ დააპირისპირა ერთმანეთს.

საკმაო დრო გავიდა მას შემდეგ, მაგრამ ფულტონი ვერაფერმა შეცვალა — ვერც საბჭოთა კავშირის დაშლამ და ამ აქტით გამოწვეულმა სისტემათა დაპირისპირების გაქრობამ, ვერც ე.წ. გადატვირთვამ. მხარეები, პირობითად დასავლეთი და აღმოსავლეთი — ამჯერად ორივე კაპიტალისტური, ერთმანეთის ქიშპსა და მტრობაში ათენებს და აღამებს.

დასავლეთი, აშშ-ს მეთაურობით, ასეულ მილიონებს ხარჯავს არა სოციალისტური, არამედ კაპიტალისტური რუსეთის გასანადგურებლად. რუსეთის წინააღმდეგ აგორებულ იდეოლოგიურ ომში გადაბრალების ისეთივე მეთოდი გამოიყენება, როგორც ფულტონში ჩერჩილმა.

მოწინააღმდეგეზე საკუთარი ცოდვების გადაბრალება ისტორიისთვის ახალი არ არის, მაგრამ იმას, რასაც დღეს აქვს ადგილი უპრეცედენტოა. რუსეთის მიმართ შეტევას ფართო მასშტაბები აქვს და თითქმის ყველა დარგში შეინიშნება — პოლიტიკაში, მედიცინაში, ეკონომიკაში, სპორტში, მეცნიერებაში, ხელოვნებაში, რომელი ერთი ჩამოვთვალო.

რუსეთს აგინებენ ადამიანის უფლებების დარღვევაში, მაშინ, როდესაც აშშ-ს ქალაქების ქუჩებში პოლიციელები შეუიარაღებელ კაცს ან მუხლის კისერზე დაჭერით აღრჩობენ, ან ტყვიით კლავენ; ცნობილ ბლოგერ ჯულიან ასანჟს 10 წლის განმავლობაში დევნიან. ამერიკელთა შიშით მოკავშირეები ისეთ პირობებს უქმნიან მას, ადამიანის უფლებების დაცვასთან ახლოსაც რომ არ გაუვლია.

რუსეთი დასავლეთისთვის აგრესორი და სახიფათო მტერია, ამზადებს ახალ იარაღს და ჩაყლაპვით ემუქრება მას — აცხადებენ ამერიკელ-ევროპელი პოლიტიკოსები და აგრძელებენ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ნატოში შეყვანის პროექტის განხორციელებას.

არადემოკრატიული დასავლეთი ასეთად, რუსეთს ასახელებს და აინუნშიც არ აგდებს  თუ რამდენად ჩამორჩება მას არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების საქმეში. არც ერთ უცხოელ დამკვირვებელს არ უთქვამს, რომ რუსეთის ადგილობრივ, საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნებში გარდაცვლილებმა მიიღეს მონაწილეობა ანდა მოაწყვეს კარუსელები და სხვა ისეთი მანკიერი საარჩევნო ნოუ-ჰაუ, რასაც აშშ-ი გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჰქონდა ადგილი.

ფალსიფიცირებული არჩევნების ჩამტარებელმა აშშ-ა არც დღეს და არც უახლოეს მომავალში ხმა არ უნდა ამოიღოს სხვის მიერ ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობაზე. მაგრამ რა გაეწყობა, მსოფლიო იმდენად არის მიჩვეული ამერიკელთა ტყუილებს და სხვაზე გადაბრალების პოლიტიკას, არც კი ფიქრობს, რომ მსგავსი მეთოდი დამანგრეველია მსოფლიოსთვის.

არადემოკრატიულის მიერ სიტყვა „დემოკრატიულის“ საკუთარ თავზე მორგება საფრთხეს უქმნის არა მარტო სიტყვა „დემოკრატიას“, არამედ სიტყვა „სიმართლესაც“. ფულტონიდან წამოსული ტყუილი — ფართოდ გამჯდარი პოლიტიკოსებში და მათი ზეგავლენით ხალხში, ათაყვანებს ამ უკანასკნელს, და საკუთარი აზროვნების, ანალიზის უნარს ართმევს მას. ის დარწმუნებულია, რომ რუსი, აგრესორი და მზაკვარია, უღან ტაიგაში მაცხოვრებელი, დათვებთან ჩახუტებული, ტყიური, ყოველგვარი პროგრესულის მოწინააღმდეგე, ურჩხული, რომელსაც მსოფლიოს დაპყრობა აქვს გადაწყვეტილი და დაიპყრობს კიდეც, რომ არა აშშ-ი.

კოლექტიური დასავლელი ვეღარ აკავშირებს ერთმანეთთან რუსეთის ლიტერატურულ, კულტურულ, მეცნიერულ შედევრებს ყიამყრალ ანტირუსულ პროპაგანდასთან, რომელმაც გამოალაყა ის და აიძულა მორჩილად მიჰყვეს მას — ყოველგვარი ლოგიკისა და ანალიზის გარეშე.

დასავლური პროპაგანდა ყოვლისმომცველია. ის ვერ ხედავს ფაშიზმის აღორძინებას უკრაინასა და ბალტიისპირეთში, ვინაიდან რუსეთის წინააღმდეგ არის მომართული. ის ფიქრობს, რომ ფაშიზმი, ბანდერიზმი მას არ შეეხება. სცდებიან! ვერ ითვალისწინებენ გასული საუკუნის 30-იან წლებში დაშვებულ საბედისწერო შეცდომებს, რომლებმაც გერმანიის სათავეში ფაშისტი ჰიტლერი მიიყვანა — მსოფლიოსთვის ენით აუწერელი უბედურების მომტანი.

ფულტონმა დაუდო სათავე ყველა ანტისახალხო მოძრაობას — „ფერად-ყვავილოვანი“ რევოლუციებით დაწყებულს, კიევის მაიდნით დამთავრებულს. თუმცა სიტყვა „დამთავრებული“-ს გამოყენება ნაადრევად მიმაჩნია, რამეთუ ანტირუსული პლაცდარმის რუსეთის საზღვრებთან შექმნა კარგა ხანს გაგრძელდება და დასავლეთისთვის გარკვეულ დივიდენდებსაც მოიტანს  — ყოველ შემთხვევაში ამის იმედი აქვთ იქ, იმ „დემოკრატიულ“, „ცივილიზებულ“ დასავლეთში.

რა გასაკვირიადა, ჩვენც ამის იმედი გვაქვს — დასავლეთის სამსახურში ჩამდგართ. საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გამორჩეული პროდასავლური ჯილაა, ვისზეც დიდი იმედებს ამყარებენ. მაინც რა იმედებს — იკითხავთ თქვენ და ვიდრე პასუხს გასცემთ ამ კითხვას, გულში იფიქრებთ — წარმატებული ქვეყნისა, გამართული ეკონომიკითა და სოციალური პირობებით, დაპურებული, შენებისთვის შემართული ხალხით და ა.შ.

შეცდით, მეგობრებო, ასეთი რამ დასავლეთს თქვენს მიმართ წამითაც არ უფიქრია. რაც მან იფიქრა ისაა, ხმამაღლა გვაბღავლოს — რუსეთი ოკუპანტია. და ჩვენც ვბღავით ჯან-ღონის დაუშურებლად. ნეტავ ასეთი შემართებით ვიყოთ განწყობილი შრომისადმი, იმ საჭირბოროტო საკითხების მოგვარებისადმი, რომლებიც გზას გვიღობავენ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხელისუფალთა ხელმრუდობისადმი, უვიცობისა და ღორმუცელობისადმი, ზეცას აზიდული ელიტარული კორუფციისადმი, ხელისუფალთა და ბიზნესმენთა მხრიდან ხალხის შეხმატკბილებული ძარცვის საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმისადმი.

ამას წინათ ერთ-ერთი რადიოს რესპონდენტმა, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს, გაოცებულმა განაცხადა — „რომ მოთქვამთ, ცუდათ ვცოვრობთო, სად ჩანს თქვენი გასაჭირი? ერთხელ მაინც საჯაროდ გამოთქვით თქვენი საწინააღმდეგო აზრი დემონსტრაციით, მიტინგით, სხვა სახის საჯარო გამოსვლით? არა! და რახან ამას ადგილი არ აქვს, რატომ უნდა გადადგას ხელისუფლებამ თქვენთვის მისაღები ნაბიჯი? არც ერთი ხელისუფლება ევროპული თუ ქართული ამის გამკეთებელი არ არის. ის უნდა აიძულო, მას ყოველდღიურად უნდა შეახსენო, რომ გიჭირს, წინააღმდეგ შემთხვევაში წელზე შემოჭერილ ქამრებს, სულის ამოხდამდე შემოგიჭერს“.

რესპონდენტის ნათქვამი ისე გაქრა, როგორც გუშინდელი თოვლი, ვინაიდან მოდუნებულ, საღათას ძილს მიცემულ ერს არათუ თავის განძრევა, თვალის გახელვაც ეზარება. მას არავითარი რეაქცია არ აქვს ფასების მატებაზე, თუნდაც ბენზინზე, რომელიც ყოველდღიურად იზრდება და აქედან გამომდინარე იზრდება ყველაფრის ფასი — კვების პროდუქტებიდან, მედიკამენტებიდან, პირველადი მოთხოვნილების საგნებიდან დაწყებული, ნებისმიერი სახის მომსახურებით დამთავრებული.

სწორი იყო უცხოეთში ლუკმა-პურის საშოვნად გადახვეწილი ადამიანის მიერ გამოთქმული მოსაზრება, რომ სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გამოსასწორებლად მუდმივი ბრძოლაა საჭირო. ასეა ევროპის ქვეყნებში, ამერიკასა თუ სხვაგან. მოსახლეობა იბრძვის საკუთარი უფლებების დასაცავად, განსაკუთრებით სოციალურ სფეროში.

30-წლიანი „დამოუკიდებლობის“ პერიოდში აღნიშნულ თემაზე საქართველოში არც ერთ მიტინგს, საპროტესტო გამოსვლას არ ჰქონია ადგილი. ამან ათქმევინა მავან „პოლიტიკოსს“ სიამაყით, რომ ქართველები „გვშია“-ს ძახილით მიტინგს არ გამართავენო. მას დაავიწყდა მათხოვრებით გაჯერებული ქალაქი, კისერზე ჩამოკიდებული წარწერებით „მშია და დამეხმარეო“, ანდა ნაგვის ყუთებში გადაყუდებული მშიერი.

რა სჯობს, ნაგვის ყუთებში ქექვა თუ მიტინგის გამართვა?! რომელია უფრო შეურაცხმყოფელი?!

მკითხველი ალბათ იტყვის, რა შუაშია ფულტონი და საქართველოს გაუსაძლისი პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სოციალური ვითარებაო. პატივცემულო მკითხველო, პირდაპირ არის დაკავშირებული ეს ორი კომპონენტი ერთმანეთთან. საქართველო ფულტონის იდეას საბჭოეთის დანგრევის შემდეგ შეუერთდა — უკეთესი აწმყოსა და მომავლის იმედით, და ასე ვართ შეერთებული 30 წლის განმავლობაში, მონუსხული ბაჭიას პოზაში, რომელსაც ვეება მტაცებელი, კაპიტალიზმ-იმპერიალიზმის სახით, გადაყლაპვით ემუქრება და ალბათ ასე ვიქნებით კარგა ხანს, თუკი ადამიანური რესურსები შემოგვრჩება ხალხისგან დაცლილ ქვეყანას.

სრულიად ვიზიარებ მამა გიორგის (რაზმაძის) ნათქვამს: „საქართველო არის ღირსებაშელახული და დაჩოქილი ქვეყანა, რომელსაც მართავს პატივაყრილი, გაუპატიურებული ხელისუფლება“. უბრალოდ დავამატებდი — კრიმინალური.

მამა გიორგის გაზეთ „საქართველო და მსოფლიოში“ ზურგი „გაუმაგრა“ დავით მხეიძის ნათქვამმა: „პრემიერი ღარიბაშვილი დღევანდელი მოცემულობით მართლაც გმირია“. და რატომ თურმე, იმიტომ, რომ პირველი მოსვლის დროს მან ახალაია, მერაბიშვილი, უგულავა დაიჭირა, მეორე მოსვლისას მელია. კონსტიტუციაში ჩაწერა, რომ ოჯახი მხოლოდ ქალისა და კაცის ნებაყოფლობითი კავშირია და ა.შ.

ღარიბაშვილის „გმირობა“ თვალნათლივ დაგვანახა მელაძის საავტორო გადაცემამ „ტვ-I”-ზე. და არა მარტო მისი, არამედ ივანიშვილის ნათესავის მამაცაშვილის, ღარიბაშვილის ცოლის ძმის ხელმრუდე საქმიანობა. ასეთზე „გმირის“ სახელის მიკერება თვით ამ სიტყვის შეურაცხყოფაა და მასთან ერთად ხალხის. ბატონო დავით! „ტვ-I” ეთერში გახმოვანებული საზარელი დიალოგი ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის გმირობაა?!

იმავე გაზეთში ბესო ბარბაქაძე კრიტიკით მოიხსენიებს ღარიბაშვილის წინამორბედ გახარიას: „რა გააკეთა მან, მოსახლეობას ყოფა შეუმსუბუქა, შვება მისცა, ახალი ქარხნების აშენებისა და ხალხის დასაქმების ბრძანება გასცა? რუსეთთან ურთიერთობის რაღაც დონეზე მოგვარებას მაინც შეეცადა? …“. წასულების კრიტიკაში მაგრები ვართ, მოსულებში გვიჭირს.

ზუსტად იგივე უნდა ვთქვათ ღარიბაშვილის მისამართით — იქნებ ბარბაქაძის ნათქვამიდან ერთი მაინც შეასრულა პრემიერობის პირველი „რაუნდის“ დროს?!

არც არაფერი. პოლიტიკური ოპონენტების დაჭერა, დიდი საქმეა, მაგრამ მათთვის მისჯილი წლები, ჩადენილ დანაშაულებთან შედარებით, მიზერული. გარდა ამისა, ახალაია მალე გამოვა ციხიდან, უგულავა და მერაბიშვილი კი „საკურორტო“ პირობებიდან კარგა ხანია თავისუფალნი არიან და უწინდებურად უხვრიტავენ ხალხს ტვინს თავიანთი „იდეებით“. ყველა მათგანს შერჩა მოპარული მილიონები.

რაც შეეხება კონსტიტუციაში იმის ჩაწერას, რომ ოჯახი ქალის და კაცის ერთობაა — დიდი ვერაფერი გმირობაა, ვინაიდან რეალურ ცხოვრებაში შებრუნებითაა საქმე.

ფულტონის მოძღვრებაზე აშენებულმა დასავლეთმა პროპაგანდის, მოქრთამვის, გადაბირების, გახრწნის ისეთი მეთოდები შეიმუშავა პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებისთვის,  წინ ვერაფერი დაუდგება. ვის ახსოვს კონსტიტუციის ჩანაწერი, როდესაც უმრავლესობა ახალგაზრდებისა ხატად დასავლეთს ისახავს თავისი ლგბტ-საზოგადოებით და გეი-პარადებით.

ქვეყნის შიგნით მიდის ერის გაღრწნა-გადაგვარება, საქმიანად, მიზანმიმართულად, ყოველგვარი „გმირობის“ გამოვლინებით და ერთ მშვენიერ დღეს, ცხადია უახლოეს მომავალში, დასავლელი პარტნიორები, როდესაც საკითხს მომწიფებულად ჩათვლიან — თავზე გადაგვახევენ კონსტიტუციის ღარიბაშვილისეულ ჩანაწერს.

ქვეყანა უმძიმესი განსაცდელის წინაშეა. მას შიმშილი ჰქვია. შიმშილი ისეთი რამაა, ყველაფერზე რომ წაიყვანს მავანს, მათ შორის ლგბტ-თან შეგუებაზეც. და ნაცვლად იმისა ჟურნალისტიკამ ხმა აიმაღლოს შიმშილის გამომწვევი მიზეზების წინააღმდეგ ბრძოლაში, მელიას დაჭერა-არდაჭერით აბრუებს ხალხს.

ჟურნალისტიკას, გარდა „TB-I“-სა, არაფერი უთქვამს ივანიშვილის მიერ პარლამენტში შეყრილი ფულის ტომრების საწინააღმდეგოდ; ხმა არ დაუძრავს შუაღამის ღრეობების საწინააღმდეგოდ; ხმა არ ამოუღია ხელისუფალთა არაპროფესიონალიზმის, მუქთახორობის, კორუფციის საწინააღმდეგოდ. დარწმუნებული ვარ, ხმას არ ამოიღებს „TB-I“-ს ეთერში გასული აუდიო საშინელების შესახებ. არა მარტო ჟურნალისტიკა, არამედ ერის „მოყვარული“ „ინტელიგენციაც“ ჩაყლაპავს ამ ამბავს, უსიტყვოდ, უკომენტაროდ. არც ერთს არ გაუკრიტიკებია გამყრელიძე, იმნაძე, კულუმბეგოვი, სხვები, რომლებიც ქოქოლას აყრიან რუსულ ვაქცინას და ხალხს, ლამის ნახევარი წელიწადი ტყუილებით ბერავენ.

ფულტონში დაწყებული ახალი აზროვნება, რომელმაც ქვეყნები რკინის ფარდით დააშორა ერთმანეთს — ისევ აქტუალურია. მას, არც კლასობრივ ომში საბჭოეთის დამარცხებამ უშველა და არც დაჩოქილი ელცინის რუსეთის პოზიციამ. დასავლეთს რუსეთის გაქრობა სურს ან ისე გადაკეთება, როგორიც თვით არის.

ბრძოლა სამკვდრო-სასიცოცხლოა და მისგან ვერვინ იქნება დაზღვეული, მითუმეტეს ის, ვინც რუსეთის მეზობლად არის და რუსეთი მას მტრად მიიჩნევს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი