ყბადაღებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა (20.04.2021)

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებთან დაკავშირებით, მოსახლეობის არცთუ უმნიშვნელო ნაწილს რომ სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს, არახალია. ნდობის გაღვივების თვალსაზრისით არც ერთი კვლევითი ცენტრი, რომ არ იწუხებს თავს, ესეც ფაქტია. ადგილობრივი ინსტიტუტები, რომლებიც კვლევის ჩატარების დამკვეთთა ინტერესებს გამოხატავენ და არაფრად აგდებენ რეალობას, არახალია. რომ იტყვიან — იგებს ის, ვინც მუსიკას უკვეთავს, რაც თვალშისაცემია. საკმარისია გამოკითხვის შედეგებისთვის თვალის ერთი გადავლებაც, რომ უმალ გამოიცნო დამკვეთის ვინაობა — „ქართული ოცნება“ ან „ნაცმოძრაობა“. სხვა პარტიებს ან ორგანიზაციებს, უსახსრობის გამო, ასეთი შეკვეთის შესაძლებლობა არ აქვთ.

უნებლიედ იბადება კითხვა — თუ თვალის ერთი გადავლებითაც საკმარისია დამკვეთის ვინაობის დადგენა და „გამოკითხვის“ შედეგებიც არათუ დამაჯერებელი, არამედ ძალიან დაშორებულია რეალობასთან, რა მნიშვნელობა აქვს ასეთ გამოკითხვას?

აქვს და მერე როგორი! გამოკითხვის შედეგები არა მარტო სკეპტიკურად განწყობილ მასაზეა გათვლილი, არამედ იმათზე, ვინც სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც იჯერებს ინფორმაციას. დავუმატოთ ამას ამა თუ იმ პარტიის ან პოლიტიკოსის გულშემატკივრები და მივიღებთ შედეგს, რომელიც აკმაყოფილებს შემკვეთს. გარდა ამისა მხედველობაშია მისაღები მოჭოჭმანე მოსახლეობის დამოკიდებულებაც, რომლისთვის რაც სკეპტიკოსთა მიერ ნეგატიურად აღიქმება, მისთვის საკმარისია სასწორის იქით გადასახრელად, შემკვეთი რომ ინატრებდა.

მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ ხალხი საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას არასერიოზულად ეკიდება. მიიჩნევს რა მას არაფრის მომტანად, როგორც საკუთარი თავის, ისე ქვეყნისთვის ან ეშინია რამე ისეთი არ თქვას, მას ზიანს რომ მოუტანს.

აზრის გამოკითხვა ტელეფონით ხდება — მოკლე შეკითხვით, რაც არა და ვერ გამოიცნობს რესპონდენტის დამოკიდებულებას დასმულ საკითხებთან დაკავშირებით. გამოკითხვა, რომ პირადი ურთიერთობით ხორციელდებოდეს, შედეგი სხვა იქნება.

სულ სხვა მნიშვნელობას ანიჭებს ამერიკული ორგანიზაციები NDI და IRI გამოკითხვებს. მათთვის მთავარია გამოკითხვის შედეგით გავლენა იქონიოს საზოგადოებაზე, განაწყოს ის პოზიტიურად მათთვის სასურველი პარტიისა და პოლიტიკოსის მიმართ, რომლითაც საბოლოო ჯამში მოგებული ის ქვეყანა დარჩება, რომელსაც ეს ორი ორგანიზაცია წარმოადგენს.

აღნიშნული ორგანიზაციები აშშ-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებიან და სახელმწიფო ინტერესებს ატარებენ. მათი მიზანი უპირველესად ისაა, დაანახონ ადგილობრივებს იმ პარტიის, პოლიტიკოსის, საკითხის პოზიტიურობა, რომელიც ვაშინგტონს სურს. და არა მარტო დაანახონ, არამედ დაარწმუნონ, რომ მაგალითად „ქართული ოცნება“, რომელსაც ჯერ-ჯერობით ვაშინგტონი მხარს უჭერს, პოპულარობით სხვა პარტიებს საგრძნობლად უსწრებს; რომ რუსეთის მიმართ ხალხს უარყოფითი განწყობა აქვს, ხოლო ნატოსა და ევროკავშირის მიმართ — გაათკეცებული დადებითი.

ვისაც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ აღნიშნული ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები ახსოვს, ემახსოვრება ახალშექმნილი „ქართული ოცნების“ რეიტინგი რამდენად ჩამორჩებოდა „ნაცმოძრაობისა“ და სხვა პარტიების რეიტინგს, ხოლო „ქართული ოცნების“ შემქმნელის ბიძინა ივანიშვილის, გიორგი თარგამაძის რეიტინგს.

მაშინ ამ ამერიკული ორგანიზაციების მიზანი ნაცთა ხელისუფლებაში შენარჩუნება იყო, ვინაიდან არ იცოდნენ რით სუნთქავდა ახალი პარტია და მისი ლიდერი, რამდენად სანდონი იქნებოდნენ ისინი ვაშინგტონისთვის. ამ მიზნის მისაღწევად ორივე ამერიკული ორგანიზცია ტყუილით კვებავდა ხალხს, არწმუნებდა რა მას ნაცთა უპირატესობაში. არადა მაშინ „ოცნებისა“ და მისი ლიდერის პოპულარობა უდავოდ აღემატებოდა ნაცების, სააკაშვილის, თუნდაც თარგამაძის პოპულარობას.

გამოკითხვის გაყალბებულ შედეგებს ის მნიშვნელობაც აქვს, რომ არჩევნების გაყალდების შემთხვევაში, რასაც სისტემატურად აქვს ადგილი, ნებისმიერი დონის არჩევნებში — საპრეზიდენტოდან დაწყებული, ადგილობრივით დამთავრებული, ხალხმა ნაკლებად ილაპარაკოს გაყალბებაზე და უმალ გაიხსენოს, რომ გამოკითხვის შედეგებიც ემთხვევა არჩვენებისას.

აქვე მინდა დავსვა კითხვა — ვისთან ტარდება გამოკითხვა, რა კატეგორიასთან? მას შემდეგ, რაც ეს ორგანიზაციები გაჩნდნენ საქართველოში, არც მე, არც ჩემი ოჯახის წევრები, მეზობლები, შორეული თუ ახლო ნაცნობები, არავის გამოკითხავს. ვინ არიან ის „ბედნიერები“, ვისაც ეკიხებიან?!

სხვისი რა მოგახსენოთდა, პირადად ჩემში მრავალ კითხვას აჩენს, როგორც ამერიკული ორგანიზაციების ეგიდით, ისე ადგილობრივთა მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები. ისე, როგორც ყოველთვის ბოლო გამოკითხვებშიც, თავი იჩინა ამერიკელთა სიმპათიებმა, როგორც პარტიების, ისე პოლიტიკოსების მიმართ. აი, ისიც — „ქართული ოცნება“ 35%-ით პირველობას ინარჩუნებს, „ნაცმოძრაობა“ 18%-ით მეორეა. „პატრიოტთა ალიანსი“ — მხოლოდ 2%-ს აგროვებს, ხოლო „დემოკრატიული მოძრაობა— ბურჯანაძე“ — სიაშიც ვერ მოხვდა.

რაც შეეხება ანტირეიტინგს, აქაც პირველზე „ქართული ოცნებაა“, რომელსაც ხმას არ  მისცემდა 27%, მეორეზე „ნაცმოძრაობა“ — 26%, „პატრიოტთა ალიანსი — 9%, „ერთიანი საქართველო—ბურჯანაძე“ — 8%.

პოლიტიკოსებს შორის „ლიდერობს“ გახარია — 65%, ხოლო არაპოლიტიკოსებს“ — კათოლიკოს-პატრიარქი ილია II — 89%. ექს-პრემიერის შემდეგ მოდის ქალაქის მერი კალაძე —54%, ბაქრაძე — 52%, მელია — 42%. აქაც ყველაზე მიუღებელია ბურჯანაძე — 69%, ინაშვილი — 65%, ჯაფარიძე — 65%.

გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ბურჯანაძე-ინაშვილის და მათი პარტიების მიმართ ამერიკელთა ნეგატიური დამოკიდებულება ისე, როგორც ყოველთვის სახეზეა, რითაც ისინი არწმუნებენ ხალხს, რომ ეს ორი პრორუსი პოლიტიკოსი ნაკლებად მისაღებია იმავე ხალხისთვის.

დავუშვათ ეს ასეა, მაგრამ ის, ვინც მხარს მართლა უჭერს კალაძეს, ბაქრაძეას — საკმაოდ მაღალი პროცენტებით, წამით არ ეკითხებიან საკუთარ თავს — რით მოიხიბლენ ისინი ან რა გააკეთეს ერთმა და მეორემ, ხალხის სასიკეთოდ? არც არაფერი, პირიქით.

ავიღოთ მაგალითად ბაქრაძე, რომელსაც ქვეყნის წინაშე (ეს უნდა იყოს შეფასების უმთავრესი კრიტერიუმი) თავი არაფრით გამოუჩენია — გარდა მონოტონური, უაზრო დუდღუნისა, მაგრამ ამერიკელებს აწყობთ სწორედ მონოტონურობით, უინიციატივობით, რუსული გამოთქმისა არ იყოს — „ნი რიბა, ნი მიასაო“-ობით გამორჩეული პოლიტიკოსი. აი, ასეთს ინატრებდნენ ისინი ქვეყნის სათავეში, რამეთუ ასეთი იოლი სამართავია —  დამყოლი, მუდამ თავის დამკვრელი.

რაც შეეხება კალაძეს — აქაც მის დასავლურობას იხსენებენ და მიიჩნევენ, რომ ისიც მათია. აი, რაც შეეხება იმათ, ქართველობა მყავს მხედველობაში, ვინც კალაძე მოწინავე პოლიტიკოსობის ღირსად ჩათვალა, არც ქვეყანა აინტერესებთ და არც თბილისი. მერის მიუღებელი, სიხარბით აღსავსე გადაწყვეტილებები, რომელიც ძვირად, ძალიან ძვირად უჯდება დედაქალაქს, თვალშისაცემია. მარტო დამახინჯებული, ვოლუნტარისტულად გადაწყვეტილი ჭავჭავაძის პროსპექტი რად ღირს?!

— მილიონობით გაფლანგული ფულით, უფუნქციოდ გაფართოებული ტროტუარებით, ავტომანქანების სავალო ნაწილის დავიწროებით, ავტობუსების გაჩერების ქუჩის შუაგულში გადატანით, ტრანსპორტის მოძრაობის შენელებით, გამონაბოლქვი მომწამვლელი აირების გაათკეცებით, სანაგვე სისტემების ვითომ ნოვაციური გადაწყვეტილებით, ქუჩის შუა ნაწილში მწვანე გაზონების მოწყობით — უცხოეთში ძვირად ნაყიდი „პლასტმასის“ ხეებისა და ბუჩქების დარგვით, გაზონებზე წითლად შეღებილი ბურბუშელის დაყრით და სხვა მრავალი, რომელიც პირდაპირ გვახსენებს, რომ მილიონები იფლანგება ამ ფერუმარილში, ფასადურში და გაუმართლებელში, როდესაც თვით სახლების ფასადები სავალალო დღეშია — ჩამოცვენილი ბათქაშით, დაზიანებული წყლის სადენი მილებით და ა.შ.

კალაძის დროს ფართო გასაქანი ჰპოვა ქალაქის გამწვანების სამსახურმა, რომელიც პერმანენტულად „შიგნავს“ ისედაც გავერანებულ ბაღებსა და პარკებს, და ნაცვლად ბუნებრივი ხეებისა და ბუჩქებისა, უცხოეთში მამასისხლად ნაყიდი, „პლასტმასით“ ანაცვლებს. ჯერაც გაურკვეველია რა შვება მისცა თბილისელებს დედა-ენის ბაღისა და ქუჩის მეორე მხარეს არსებულ ბაღს შორის გვირაბის გაჭრამ — ძვირადღირებულის და დაუტვირთავის.

შეკითხვებს იწვევს ყოველი ახალი წლის შესახვედრად იტალიაში ნაყიდი ძვირადღირებული საახალწლო განათებაც — ქუჩებში დადგმული ძვირადღირებული გრძელი სავარძლები, გადათხრილი ქუჩები და სხვა მრავალი, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. დავუმატოთ ამას მერის ერთობ უზრდელური საჯარო გამონათქვამები და მივიღებთ უმძიმეს შედეგს, არა ისეთს, როგორსაც IRI გვიხატავს.

გაუგებარია გამოკითხვის სხვა მონაცემებიც, მაგალითად საზოგადოების ნდობა სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი, სადაც პირველ ადგილზე — 82%-ით ქართული არმიაა. მაინც რა გააკეთა არასრულყოფილმა ქართულმა არმიამ ისეთი, პირველობა რომ მოიპოვა? მას ომი არ მოუგია. თუ რესპონდენტებს ჩვენი კონტიგენტის ავღანეთში ყოფნა აქვთ მხედველობაში — ცდებიან. იქნებ ამერიკელების ნათქვამს აქცევენ ყურადღებას — კარგი ბიჭები ხართ, ავღანეთში გვეხმარებითო? თუ ასეა, ესეც მცდარია, ვინაიდან იქ ხელჩართულ ომში ხომ არ არის ჩართული?  თუნდაც ასე იყოს, საქართველოს რას აძლევს ეს, გარდა სულელური განცხადებისა —ტერორიზმს ვაკავებთ?

ვკითხოთ ავღანელებს, როგორ აღიქვამენ ისინი აშშ-ს და მისი მოკავშირეების იქ ყოფნას? პასუხი მარტივია — ოკუპაციად, ოკუპანტებად.

აშშ-ს პრეზიდენტის მიხედვით, ა.წ. სექტემბრიდან დაიწყება აშშ-ს ჯარის გამოყვანა ამ ქვეყნიდან, რასაც ჩვენი ჯარის გამოყვანაც მოჰყვება და მერე როგორი იქნება საქართველოს საზოგადოების დამოკიდებულება მისადმი?

საეჭვოა რესპონდენტთა დადებითი დამოკიდებულება სახელმწიფო ინსტიტუტების და მედიის მიმართ. ეს უკანასკნელი 64%-ს აგროვებს, პოლიცია — 54%, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია — 52%, ადგილობრივი თვითმმართველობა — 50% და ა.შ., რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველობა კმაყოფილია მათი მუშაობით, არადა ნაყოფი მუშაობისა კატასტროფულია — ეკონომიკურ-ფინანსური დაცემა, ცხოვრების დონის წარმოუდგენელი გაუარესება, საზოგადოების ნიჰილიზმი და ხვალინდელი დღისადმი უიმედო დამოკიდებულება.

IRI რბილად მიგვანიშნებს უმძიმეს ეკონომიკურ-სოციალურ ვითარებაზე, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან მას სურს ამერიკის მოკავშირე საქართველოში ისეთი სურათის დახატვა, კატასტროფას რომ არ ჰგავდეს. არადა, სწორედ ასეთს აქვს ადგილი. მას რომ ეთქვა ის, რაც სინამდვილეშია, ხალხი ისე გაიგებდა, როგორც საჭიროა და ხელ-კეტებით გაყრიდა კორუმპირებულ, მყვლეფელ ხელისუფლებას, რაც სულაც არ არის გამორიცხული, თუკი ასე გაგრძელდება.

დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობა ისეთია, მთავრობას რომ გადადგომისკენ მიანიშნებს, ხოლო ის კი იგნორირებს. და რატომ? უპირველესად იმიტომ, რომ გადადგომის გადაწყვეტილება ვაშინგტონს ჯერ არ მიუღია. ხალხის აზრს კი ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს. ანდა რატომ უნდა მიაქციოს, როდესაც სტრატეგიულმა პარტნიორმა თავისი გამოკითხვით ხალხის ანტაგონისტური დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ გააწყალა და ლამის პოზიტიურად წარმოგვიდგინა?!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი