ნათელაშვილის ოინები და 1978 წლის 14 აპრილის დემონსტრაცია (16.04.2021)

მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების სისწრაფე ღრმა ანალიზის, თუნდაც დაფიქრების საშუალებასაც არ იძლევა, მაგრამ შეძლებისდამიხედვით მკითხველს ვთავაზობთ მოსაზრებას, დაფუძნებულს უმთავრესად მსოფლიოს ცნობილი ანალიტიკოსების განცხადებებსა და საკუთარ გამოცდილებაზე, და რაც მთავარია სიმართლეზე, რომლის მწვავე დეფიციტსაც განიცდის დღევანდელი ქართული მედია.

უსმენ და უყურებ საკუთარი ქვეყნის ტელე თუ საგაზეთო ჟურნალისტების ნაცოდვილარს — დაშორებულს სინამდვილისგან და გებადება კითხვა — სრულიად ობიექტური, უცოდინრობით არის ეს გამოწვეული თუ შეგნებულად, საზოგადოების აზროვნების ისე ჩამოსაყალიბებლად, როგორც ქართულ პოლიტიკას სურს და მის ზემდგომს ევრო-ატლანტიკური სივრციდან?!

ალბათ ერთითაც და მეორითაც. ქართული მედიის მუშაკებს, ცხადია თითო-ოროლას გამოკლებით, რომ ღრმა ცოდნას ვერ დასწამებთ, ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ მათი უმრავლესობა ზედმიწევნით კარგად ასრულებს დასავლურ დავალებას, რომლის მიზანი საზოგადოების დეზინფორმაცია, ამასთანავე რუსოფობიურად მოქცევაა. ამ ორი კომპონენტის წყალობითაა, რომ საზოგადოება ძალაუნებურად გონგამოცლილი და საღ აზრს მოკლებული, ვერადავერ ახერხებს შესაბამისი დასკვნების გაკეთების, როგორც ქვეყნის საშინაო, ისე საგარეო საკითხებთან დაკავშირებით.

გლობალიზაციამ უპირველესად, რაც მოიტანა ინფორმაციის სწრაფი მიღების მრავალფეროვნებაა. არ მოგწონს ერთი საინფორმაციო წყარო, მიაკითხე მეორეს, რისთვისაც მეტრებისა და კილომეტრების გავლა არ გჭირდება. დიდი-დიდი თითის გამოძრავებაა საჭირო, მაგრამ გაზარმაცებულს ამის გაკეთებაც უჭირს და ნაცვლად საინფორმაციო წყაროს ძებნისა, რომელსაც მინიმალური მოთმინება სჭირდება, უფრო მინიმალურს ირჩევს და ქართული ელექტრონული თუ ბეჭდური მედიის მომხმარებელი ხდება ანუ საბოლოო ჯამში ძალაუნებური მძევალი იმისა, ვისაც საზოგადოების აზროვნების შეცვლა აქვს დაგეგმილი და ვინც ამ „კეთილშობილურ“ პროექტს წარმატებით ახორციელებს.

ქართული მედიის მიზანი ისაა, რაც დასავლელი დამრიგებლების — საზოგადოების ანტირუსულ ტალღაზე მომართვა. 30 წელია მიმდინარეობს აზროვნების შეცვლის პროცესი და შედეგიც არ აყოვნებს. ანტირუსული განწყობა არა მარტო ახალგაზრდა თაობას დაეუფლა, არამედ საშუალო და მაღალი ასაკის ადამიანებსაც. საშუალო ასაკისაა ლეიბორისტთა ლიდერი ნათელაშვილი, რომელიც სისტემატურად ლანძღავს რუსეთს და ცხელ-ცხელი ინიციატივებითაც გამოდის ამ ქვეყნის საწინააღმდეგოდ, საზოგადოების აზროვნების შესაცვლელად.

ბოლო წლებია მისი აჩემების საგანი საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზების განლაგებაა, ცხადია ქვეყნის დასაცავად, მაგრამ რამდენად შესაძლებელია აშშ-ს მიერ საქართველოს დაცვა, უკვე ვიწვნიეთ 2008 წლის ცხინვალის ომის დროს. ნათელაშვილი სასურველს, რეალურად მიიჩნევს, თუმცა მას მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდის მსოფლიო გამოცდილობა არაფერს ეუბნება, ისე, როგორც აშშ-ს ჰეგემონისტური პოლიტიკა და აქედან გამომდინარე ლოკალური ომები. ამ ქვეყნის მუდამ მტრული განწყობა ჯერ საბჭოთა კავშირის, შემდეგ რუსეთის მიმართ.

ნათელაშვილს არც რუსული სამხერო ბაზები — განლაგებული აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არაფერს ეუბნება, თუნდაც იმ კუთხით, გაადგამს თუ არა აშშ-ი ესოდენ სარისკო ნაბიჯს  ქვეყანაში, სადაც უკვე განლაგებულია მოწინააღმდეგის ანუ რუსეთის სამხედრო ბაზები.

პოლიტიკაში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მყოფ ნათელაშვილს სხვა რამ ამოძრავებს და მას ვაშინგტონელი პატრონების კეთილგანწყობა ჰქვია, რის გამოც ის მზად არის გააკეთოს ვითომ პატრიოტული განცხადება, რეალური მდგომარეობის გათვალისწინების გარეშე, ისე, როგორც დამწყებ პოლიტიკოსებს სჩვევიათ.

ნათელაშვილის განცხადების პატრიოტულობა ისეთივე გაცვეთილია, როგორც თანამედროვე საქართველოში სიტყვა „პატრიოტიზმი“. ნათელაშვილის განცხადება — დავალებაა, მიღებული ვაშინგტონიდან. მიზანი? რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან პრობლემების შექმნა, განსაკუთრებულ ვითარებაში რუსეთზე ორი მხრიდან, დასავლეთიდან და სამხრეთიდან შეტევა. ანუ უკრაინიდან და საქართველოდან. და რა მოჰყვება ამ შეტევას? რუსეთი დადუმდება და პასუხს არ გასცემს?!

პასუხის გაცემის შემთხვევაში ვინ გაიღებს მსხვერპლს აშშ-ი თუ საქართველო-უკრაინა?

ესოდენ მძიმე პერსპექტივის შემყურე ნებისმიერი ადამიანი, განსაკუთრებით პოლიტიკოსი (მას მეტი მოეკითხება), ხმას ამოიღებს საქართველოში აშშ-ს სამხედრო ბაზის განლაგებაზე?

„საქართველოს ამზადებენ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გასახსნელად“ — აი, ამ სათაურით გამოქვეყნდა ამერიკელი ჟურნალისტისა და ბლოგერის სტატია აპრილის პირველ დღეებში.

„ათ წელზე მეტია თეთრი სახლი, სახელმწიფო დეპარტამენტი, თავდაცვის სამინისტრო, ნატო ამზადებენ საქართველოსა და უკრაინას ნატოში გასაწევრებლად. ნატოში გაწევრებისთვის საჭიროა, რომ ამ ორ ქვეყანას არ ჰქონდეს ქვეყნებს შიგნით მოუგვარებელი ტერიტორიული საკითხები, ისევე, როგორც მეზობელ ქვეყნებთან. მათ ტერიტორიაზე არ უნდა იყოს სხვა ქვეყნის სამხედრო ბაზები.

ვიდრე მსოფლიო თვალს ადევნებს, როგორ უახლოვდება ვაშინგტონი რუსეთთან პირდაპირ სამხედრო კონფლიქტს, მას (მსოფლიოს) მხედველობიდან არ უნდა გამორჩეს „მეორე ფრონტის“ გახსნის შესაძლებლობაც.“, — წერს რიკ როზოფი.

შემდეგ მას მოჰყავს აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაციისა და პრეზიდენტ ბაიდენის ანტირუსული განცხადებები, ბაიდენის ვიზიტები საქართველოში და ა.შ.

„2008 წლის აგვისტოში საქართველო თავს დაესხა ყოფილ საბჭოთა ავტონომიას — სამხრეთ ოსეთს, რომელმაც პროვოცირება გაუკეთა რუსეთთან 5-დღიან ომს. ომის დამთავრებიდან რამდენიმე დღეში ჯოზეფ ბაიდენი — სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ეწვია თბილისს აგრესორის დასახმარებლად. მან უთხრა საქართველოს მთავრობას, რომ მხარს დაუჭერს მას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაპყრობაში, ანუ იმაში, რაც ვერ გააკეთა პრეზიდენტმა სააკაშვილმა“.

ვაშინგტონში დაბრუნებულმა ბაიდენმა თქვა: „მე დავტოვე ქვეყანა დარწმუნებულმა, რომ საქართველოში, რუსეთის შეჭრა, შესაძლებელია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენაა, რომელსაც ადგილი აქვს ევროპაში კომუნიზმის დაცემის შემდეგ. … საქართველოში დაწყებული ომი მარტო ამ ქვეყანას არ ეხება. ისმის კითხვა: დაიცავს თუ არა დასავლეთი თავისუფალი ადამიანების უფლებებს რეგიონში? და როგორ?

ახალი ჯვაროსნული ომი, ახალი ცივი ომი. ეს ისაა, რაც მან ააღორძინა 13 წლის წინათ“, — წერს ავტორი.

ძნელია არ დაეთანხმო მას, ვინაიდან საქმენი, რაც ბაიდენმა წინა პლანზე წამოსწია, პრეზიდენტად გახდომის შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაა. 30 წელია აღარ არსებობს  საბჭოთა კავშირი. ამ ხნის განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპის ყოფილი სოციალისტური ქვეყნები, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები ნატოს წევრები გახდნენ.

30 წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა მსოფლიოში, გარდა აშშ-ს პოლიტიკისა. ის, ისეთივე აგრესიული დარჩა, როგორიც საბჭოეთის არსებობის პერიოდში. აშშ-ს პოლიტიკის ანტირუსული განწყობა მტკიცე და ურყევია, ისე, როგორც დღევანდელი პრეზიდენტის ბაიდენის. ის, ისეთივე თანმიმდევრული და საომრად განწყობილი რუსოფობია, როგორებიც იყვნენ ბჟეზინსკი, მაკკეინი და როგორიც ჰილარი კლინტონია.

პრეზიდენტ ბაიდენის და მისი ადმინისტრაციის ანტირუსული პოლიტიკა რომ ძაბავს მსოფლიო პოლიტიკას და პრობლემებს უქმნის მშვიდობას — თვალნათელია. თუნდაც მისი 6-წუთიანი სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან ამის დასტური არ არის?

ბაიდენის სიტყვებით გამხნევებულმა ზელენსკიმ ტყუილების კორიანტელი დააყენა — რუსეთის უკრაინაში მოსალოდნელი შეჭრით. არადა ამ ყვირილის ფონზე უკრაინის ჯარი ბომბავს დონეცკსა და ლუგანსკს, რასაც თან ახლავს მსხვერპლი და ნგრევა.

ზელინსკის „სასოწარკვეთილ“ განცხადებებს ვაშინგტონი და ბრიუსელი ეხმიანება. ორივენი დახმარებას აღუთქვამენ მას, არა მარტო სამხედრო ტექნიკით, არამედ სამხედრო სპეციალისტებით. რუსეთ-უკრაინის საზღვართან და არა მარტო იქ, ომის მყრალი სურნელი ტრიალებს. ვაშინგტონ-ბრიუსელი აქეზებენ უკრაინას ქმედითი სამხედრო ნაბიჯების გადადგომისკენ, იმის სურვილით, რომ რუსეთმა მოახდინოს რეაგირება — გაისროლოს.

დასავლეთის მიერ ომის აგორების შანსია გაჩენილი, რაც მარტო რეგიონული კონფლიქტით არ შემოიფარგლება. და თუ ამას ექნა ადგილი, ნათელაშვილის თხოვნაც ამერიკისადმი — ბაზების განთავსების თაობაზე, იხარებს, ისევე, როგორც ანტირუსული „მეორე ფრონტის“ გახსნაც და … .

ვის მოვთხოვოთ პასუხი? ან დარჩება ვინმე სულიერი პასუხის მოსათხოვად? კითხვები დღეს უნდა დაისვას, ვიდრე ამის შესაძლებლობაა. დასავლელი და რუსი ექსპერტების მიხედვით, ომამდე საქმე არ მივა. რაც დღეს ხდება — სამხედრო კუნთების დემონსტრირებაა. შესაძლოა ასეც არის, მაგრამ შემთხვევითობაც ხომ არსებობს — გამოწვეული გადამეტებული სამხედრო დაძაბულობით?!

მეორე საკითხი, რასაც მკითხველს ვთავაზობ — საქართველოს სსრკ-ს კონსტიტუციაში ქართული ენის ანუ დედა-ენის შენარჩუნებაა. 14 აპრილი დედა-ენის დღეა. 1978 წლის 14 აპრილის შესახებ ნაკლებად თუ იცის საქართველოს ახალმა თაობამ, ანდა როგორ უნდა იცოდეს წარსულის მიმართ ინტერესმოკლებულმა? თუ ვინმეს ახსოვს — საშუალო და მაღალი ასაკის თაობაა და ახსოვს გმირულად.

მათი აზრით, ქართველმა სტუდენტებმა, ინტელიგენციამ და საზოგადოებამ გაიგორა  კრემლის ბოროტი ზრახვები საქართველოს კონსტიტუციიდან ქართული ენის ამოღების შესახებ, ალყაში მოაქცია მთავრობის სახლი (პარლამენტის დღევანდელი შენობა) და მტკიცედ მოსთხოვა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს, საქართველოს ახალ კონსტიტუციაში დაეტოვებინათ ქართული ენა, როგორც სახელმწიფო ენა.

იმჟამად მიმდინარეობდა უზენაესი საბჭოს სესია ახალი კონსტიტუციის მისაღებად. სხდომაში მონაწილე საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი, რომელიც ახალი კონსტიტუციის შემმუშავებელი დროებითი კომისიის თავმჯდომარე იყო, აღელვებული ხალხის დამშვიდების მიზნით ტელეფონით დაუკავშირდა სკკპ ცკ გენერალურ მდივანს ბრეჟნევს შექმნილი ვითარების მოსახსენებლად, რომელმაც იკითხა — რა სურდათ დემონსტრანტებს და როდესაც გაიგო, რომ კონსტიტუციაში სახელმწიფო ენად ქართულის ჩაწერას ითხოვდნენ — ჩაწერეთო, ბრძანა.

კრემლიდან მიღებული თანხმობის შემდეგ, შევარდნაძე გავიდა ხალხში და უთხრა ამის შესახებ. გახარებულმა დემონსტრანტებმა მადლობა გადაუხადეს შევარდნაძეს, როგორც გმირს და დაიშალნენ.

მაშინ საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის აპარატში ვმუშაობდი და კარგად მახსოვს სხდომაც და კონსტიტუციის ახალ რედაქციაზე მომუშავე დროებითი კომისიის სამუშაო ჯგუფის საქმიანობაც. კონსტიტუციის პროექტი, კონსტიტუციის მიღებამდე კარგა ხნით ადრე გამოქვეყნდა პრესაში, განხილულ იქნა ფაბრიკა-ქარხნების კოლექტივებში, უმაღლეს სასწავლებლებში, ქალაქებში, რაიონებში, სოფლებში. არ დარჩენილა არც ერთი სულიერი, ვისაც შეხება არ ჰქონოდა კონსტიტუციის პროექტთან.

უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის აპარატში შემოსული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინებით, საბოლოოდ შეჯერდა კონსტიტუციის პროექტის ტექსტი და გადაეცა ჯგუფს, რომელსაც საკავშირო უმაღლეს საბჭოსა და სკკპ ცკ-ს სპეციალისტებთან ერთად უნდა განეხილათ — საბოლოო დასკვნის ჩამოსაყალიბებლად.

მოსკოვში მივლინებულ ჯგუფს იქაურმა ექსპერტებმა ჰკითხეს — რით იყო გამოწვეული ახალი ტექსტიდან ქართული ენის ამოღება და გახდებოდა თუ არა ეს უკმაყოფილების საგანი. მათი თხოვნა იყო დაეტოვებინათ ტექსტი იმ სახით, რა სახითაც არსებობდა ძველ კონსტიტუციაში.

ძველში კი ქართული ენა, როგორც სახელმწიფო ენა — სტალინის გადაწყვეტილებით იყო ჩაწერილი. მსგავსი რამ არც ერთ საბჭოთა რესპუბლიკას არ ჰქონდა.

მოსკოვში მივლინებულმა ჯგუფმა თავის თავზე ვერ აიღო ესოდენ პასუხსაგები გადაწყვეტილება, მითმეტეს, როდესაც ეს საკითხი თვით შევარდნაძის ინიციატივით იყო განხორციელებული. საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის განმარტება იყო ასეთი — რა საჭიროა კონსტიტუციაში ქართული ენის ჩაწერა, როდესაც ის, ისედაც არის სახელმწიფო ენა.

ამ, ვითომდა მარტივი, მოსაზრების უკან იყო მნიშვნელოვანი რამ — საქართველოს ხელმძღვანელის მხრიდან კრემლის გულის მოგება. შევარდნაძეს დღესაც მიიჩნევენ საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის ჩამწერად და გმირად, ხოლო კრემლს და რუსეთს — ქართული ენის მტრად. არადა, ყოველივე შებრუნებით იყო.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი