„ისტორიული შეთანხმება“ (24.04.2021)

ა.წ. აპრილის მეორე დეკადა, როგორც უმნიშვნელოვანესი, შეიძლება ისტორიაში არ შევიდეს, მაგრამ იმათთვის, ვინც საქართველოს დამოუკიდებელ, სუვერენულ, თავისუფალ ქვეყნად მიიჩნევს და პირაქაფებული სხვებს უმტკიცებს ამას, თვალის ფართოდ გახელვას, ყურების გამოწმენდას ვურჩევ სინამდვილის კარგად დასანახად და აღსაქმელად. ჩვენ კი, ურწმუნო თომებს, ისღა დაგვრჩენია კიდევ ერთხელ შევახსენოთ ხელისუფლებას, საზოგადოების ნაწილს, რომ ევროატლანტიკური კურსი, დამოუკიდებლობის საჩუქრად მიღების შემდეგ, მცდარია და ქვეყანას სრული დამოკიდებულების, უფრო ზუსტად მონობის, ჭაობში ძირავს.

პირადად მე, პესიმიზმი მიპყრობს არა მარტო იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, ჩემი და ჩემნაირად მოაზროვნე (ასეთებიც არიან) ადამიანების ნათქვამი მიზანს ვერ მიაღწევს, არამედ იმიტომ, რომ ევრო-ატლანტიკურ კურსზე დაგეშილი ქართული პოლიტიკა ძალას არ დაიშურებს ამ კურსის მუდმივი დეკლარირებისა და მოსახლეობის მოტყუებისთვის.

ამ „საშურ“ საქმეში ის გვერდში ამოიყენებს დასავლეთში ნატრენინგალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს — აშშ-ს ბიუჯეტის ფულით „განაყოფიერებულს“ და ისეთ სპექტაკლს დადგამს — ასჯერ აუტანელს და საყურებლად საზარელს, 30 წლის განმავლობაში რომ დგამს.

სცენარიც შერჩეულია და დამდგმელი რეჟისორებიც — ვაშინგტონ-ბრიუსელის სახით, წამყვანი ანუ მთავარი მოქმედი გმირების შემსრულებელი მსახიობებიც და თქვენ წარმოიდგინეთ მაყურებელიც — დაბეჩავებული, დამშეული, თავისუფლებააყრილი ხალხის სახით.

აპრილის მეორე დეკადამ რაც გვაუწყა, ისაა, საფუძვლიანად რომ ჩაგვინერგა ევრო-ატლანტიკურმა სივრცემ — უხმაუროდ, უსიტყვოდ, მაგრამ საქმიანად, თანმიმდევრულად, 30 წლის განმავლობაში. ვიმეორებ — უხმაუროდ, რომელიც უცბათ ახმაურდა, ნიღაბი მოიხსნა, ეშვები გამოაჩინა — მტაცებლის, მიმთვისებლის, ზედგომის, მათრახმომარჯვებული დამსჯელის, მათრახის ტყლაშუნით რომ ახტუნავებს მოთვინიერებულ ცხოველს და კანფეტსაც აღარ იმეტებს კარგად შესრულებული ნომრისთვის.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტიდან დაფინანსებულმა რადიო „თავისუფლებამ“ სიხარულით გვაუწყა საქართველოს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლა. სტუდიაში შეყრილი ევრო-ატლანტიკურწყალდალეულები“, ყალბი პათოსით გაჟღენთილნი, ერთმანეთს ეცილებოდნენ დასავლეთის ქება-დიდებაში, განსაკუთრებით ევროკავშირის, მისი საბჭოს თავმჯდომარის შარლ მიშელის.

„ხალხმა შვებით ამოისუნთქაო“, — თქვეს მათ. „კრიზისის ამოწურვამ დაამშვიდა ისინიო“.

რაო? მართლა გგონიათ, რომ ხალხი ამ პოლიტიკური სპექტაკლით იყო დაკავებული და სულ იმას ოცნებობდა, როდის დამთავრდებოდა? ნაადრევად გაევროპელებულებო, ნუთუ მართალი გგონიათ, რომ რურუა-მელიას ციხიდან გამოშვება ან ოპოზიციის პარლამენტში შესვლა აწუხებს ხალხს?

დასავლურ ჭკუაზე მოხტუნავე მედიავ, „პოლიტიკოსებო“, არასამთავრობო „კორიფეებო“, დარწმუნებული ხართ მშიერი ხალხის საკვები მხოლოდ პოლიტიკაა და არა პური?! ვაი, თქვენს თავს!!! არ დაიღალეთ ამდენი ტყუილით. იქნებ ფაშისტი ფიურერის, გებელსის არ იყოს — ბევრჯერ ნათქვამი ტყუილი სინამდვილე გგონიათ?!

სინამდვილე კი ასეთია — შიმშილის ზღვარზე მისული ხალხი, რომლის შევიწროებული შემოსავალი ვერადავერ წვდება კომუნალურ გადასახადებს, ფასგაზრდილ მედიკამენტებს, კვების პროდუქტებს, საწვავს, პირველადი მოთხოვნის ნივთებს, სამედიცინო და მასთან ერთად ყველა სახის მომსახურებას.

ხალხს, თავის გადარჩენის მწვავე პრობლემა უდგას და არა პარლამენტის სრულყოფილი ამუშავება, პარლამენტისა, რომლისგანაც, ისე, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლებისგან, სიკეთე არასდროს უგრძნია.

თუ ვის ახარებს ოპოზიციის პარლამენტში შესვლა, მხოლოდ პარლამენტარები და მათი ოჯახის წევრებია. მათ ხომ ყველაფერი იღონეს საკუთარი საარაკო აწმყოსა და მომავლისთვის?! განა ეს შრომა დასაფასებელი არ არის?! დასაფასებელია და მერე როგორ?! და აფასებენ კიდეც — ოჯახის წევრები, ახლობლები, მაგრამ არა ხალხი, რომელსაც სალაპარაკო თემად თუ გაიხსენებენ ან არჩევნების წინ.

პრეზიდენტის საბრძანებელში, რომელსაც ხშირად სასახლესაც უწოდებენ, რასაც ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანების სახლი ნამდვილად არ იმსახურებს, გამართული „გამარჯვების“ ბანკეტის შემდეგ ევროკავშირელმა, ფიზიკურად და თანამდებობრივად მაღალმა სტუმარმა შარლ მიშელმა დაგვტოვა.

მისი წასვლისთანავე მედიამ ჩვეულებისამებრ გაახურა და რა გაახურა — ვინ გაიმარჯვა ამ პაექრობაშიო? ვინ მოიგო ეს შერკინებაო, „ქოცებმა“ თუ „ნაცებმაო“? ატყდა ერთი აყალმაყალი. ვინ?

ნაკლებად პატივცემულებო და შარლ მიშელმა და მისი სახით ევრო-ატლანტიკურმა სივრცემ, რომელმაც ოპოზიციისთვის ხელის გრეხით და ხელისუფლებისთვის სახესთან მუშტის ტრიალით, აიძულეს ისინი შეეწყვიტათ კურტუმოს ამორალური ქნევა და სხვის დაკრულზე ანუ ევროკავშირის დაწერილზე დაეწყოთ ცეკვა. თუ არ აცეკვდებოდნენ, აღარ მიიღებდნენ ცირკის მსახიობი ცხოველებივით, კანფეტს.

შევთანხვდით! გაიმარჯვა შარლ იშელმა, მაგრამ „ოცნებაც“ გაიმარჯვა, ვინაიდან თავიდან აირიდა ვადამდელი არჩევნები — დღეს და ახლა. რა იქნება ხვალ, ადგილობრივის შემდეგ, როდესაც ის 43%-ზე ნაკლებს დააგროვებს, მომავლის საკითხია, შემოდგომის და არა დღეის.

შემოდგომით გაიმართება ადგილობრივი არჩევნები და თუ მასში „ქოცები“ 43%-ზე ნაკლებს დააგროვებენ, მაშინ 2022 წელს გაიმართება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

„ქოცებს“ და მათ უხილავ ლიდერ ივანიშვილს ადგილობრივი არჩევნების სათავისოდ ჩატარების დიდი შანსი მიეცათ. არც ერთს — ვაშინგტონი და ბრიუსელი მყავს მხედველობაში, ქართული ხელისუფლება—ოპოზიციის მიერ შესასრულებელ ჩამონათვალში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების „დღეს და ახლა“ ჩატარება არ ჩაუწერიათ. იმ 43%-ს თაობაზეც მხოლოდ დიდი ჭმუნვის შედეგად ჩაიწერა.

მაინც რას შვება ფული?! მხედველობაში მაქვს ამერიკელი ლობისტებისთვის გადახდილი მსუყე თანხები, რომელმაც გარკვეული ზეწოლა მოახდინა კონგრესმენებზე. დავუმატოთ ამას ივანიშვილის „ქველმოქმედებაც“ და მივიღებთ დემოკრატიული „სავანის“ ჭეშმარიტ სახეს — წმიდას და უმანკოს.

ქვეყანა, სადაც ლობიზმი დაკანონებულია, სხვისკენ იშვერს ხელს — კორუმპირებულიაო. ამან წაშალა სიტყვების „დემოკრატია“, „სამართლიანობა“, „პატიოსნობა“-ს რეალური მნიშვნელობა. ივანიშვილის „ქველმოქმედებით“, უფრო ზუსტად „სპონსორობით“ მოხიბლულმა კონგრესმენებმა, თავს უფლება ვერ მისცეს „ქოცთათვის“ ებრძანებინათ ვადამდელი არჩევნების დანიშვნა.

გარდა „ქველმოქმედებისა“, აქ სხვა ფაქტორმაც აფიქრებინა მათ, რომ ასეთი, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, კარგს არაფერს მოიტანდა. მხედველობაში 2020 წლის საპრეზიდენტო არევნები მაქვს, რომელმაც ფალსიფიკაციით, აღვირახსნილი დარღვევებით, ყველას და ყველაფერს გადააჭარბა და ფაქტიურად დამარცხებულ დემოკრატთა რჩეულს, გამარჯვება მოუტანა. ამ არჩევნებთან შედარებით, „ქოცთა“ ჩატარებული არჩევნები უმწიკვლოდ გამოიყურება.

ასეა თუ ისე, უხილავ ივანიშვილსა და მის გუნდს საკმაო დრო აქვთ ადგილობრივი არჩევნების 43%-ზე ზევით მოგებისთვის საჭირო ახალი გეგმების ჩამოსაყალიბებლად.

ჭრელი ოპოზიცია, რომელიც პარლამენტში შედის, ამ ორგანოს 5 კომიტეტს უხელმძღვანელებს, რითაც საკმაოდ მნიშვნელოვან პლაცდარმს შექმნის „ქოცთა“ ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლად. თუმცა ეს ყველაფერი არა ამჟამად, არამედ სამომავლოდ.

შეთანხმების მიღწევის შემდეგ ომახიანად გაისმა — საქართველო 2024 წელს ოფიციალურად მიმართავს ევროკავშირს გაწევრების თაობაზე, ანუ დავიწყებთ ბრიუსელის კარზე კაკუნს, ისე, როგორც ვაკაკუნებთ ნატოს კარზე.

კაკუნთან დაკავშირებით აუცილებელია ამ ტერმინის გამომგონებლის გახსენებაც. ის შევარდნაძე გახლდათ — ბედკრული საქართველოს მეორე პრეზიდენტი. მის სიტყვებს — ნატოს კარზე დავაკაკუნებთ, მოჰყვა მაშინდელთა და შემდგომ პოლიტიკოსთა კაკუნი, თქვენ წარმოიდგინეთ ბრახუნიც კი, მაგრამ მყარად ჩარაზულ კარს რა გახსნიდა?

კარგა ხანია შევარდნაძემ სააქაოდან, საიქიოში გადაინაცვლა, მაგრამ ვითარება ძველებურია. ბრიუსელის თქმით — ჩვენთვის კარი ღიაა, მაგრამ სიტყვით, საქმით — ჩაკეტილია. ანალოგიური იქნება 2024 წლის შემდეგაც — ოღონდ ევროკავშირის კართან.

ქართველი პოლიტიკოსები რომ არც სხვის და არც საკუთარ შეცდომებზე სწავლობენ, ფაქტია, თორემ ჩვენი მოძმე უკრაინის მაგალითს მაინც იქონიებდნენ მხედველობაში. ამ ქვეყნის პრეზიდენტი ზელენსკი, არათუ თხოვნით, არამედ ჯიქურ აწვება ბრიუსელს, პარიზს, ბერლინს — რამდენი ხანი უნდა ვიყოთ თქვენს კარებთან ატუზული ნატოსა და ევროკავშირში შესვლის სურვილითო?!

და როგორც იქნა პარიზმა და ბერლინმა ამოღერღეს, თუმცა უკრაინელებისთვის, შესაძლოა ჩვენთვისაც, ჯობდა არ ამოეღერღათ — აბსტრაქტულ მოთხოვნებს თავი დაანებეთ. ახლო პერსპექტივაში, შესაძლოა შორეულშიც, მსგავსს ადგილი არ ჰქონდესო.

უკრაინა-საქართველოს ნატო-ევროკავშირში გაწევრება ერთად განიხილება და რახან ასეა, თუ უკრაინას ჭიტლაყი ამოჰკრეს, ჩვენთვის დაენანებათ?!

ქართული პოლიტიკის წყალობით სხვა არაფრის ღირსია საქართველო.

გასული საუკუნის 90-იან წლებში ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან მრავალჯერადი საუბრისას მათი მხრიდან ხაზგასმით იყო ნათქვამი — ჩვენს მიერ არჩევნებში დაფიქსირებული შენიშვნები რეკომენდაციის სახეს ატარებს და შორს არის ბრძანებისგანო. ანალოგიური პასუხი მესმოდა დასავლელი პოლიტიკოსებისა და დიპლომატების მხრიდან.

ისინი, რომ საქართველოს მბრძანებლები იყვნენ, მათთვისაც და ჩვენთვისაც ცნობილი იყო, მაგრამ თავი ისე მოჰქონდათ, თითქოს ჩვენს საშინაო საქმეებში არ ერეოდნენ. თუ როგორ არ ერეოდნენ ქვეყნის პრეზიდენტ შევარდნაძეს უნებლიედ წამოსცდა — უამათოდ ნაბიჯი ვერ გადამიდგამსო. შეფარული იყო ის ბატონობა მაშინ, რასაც ვერ ვიტყვით დღევანდელზე. რაშია საქმე?

საქმე არა მარტო იმაშია, რომ იქაური პოლიტიკოსები შეიცვალნენ, შევიცვალეთ ჩვენც — უარესობისკენ, მათხოვრობისკენ, უსუსურობისკენ, რაც იქაურებს ზემოდან ყურებისა და დაცინვის, დამცირების შეგრძნებას უღვივებს. ასეთს, ისინი ვერც ერთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას ვერ აკადრებენ, თავმოყვარეობადაკარგულ საქართველოს კი აკადრებენ.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი