ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს (06.02.2021)

ქვემოთ მოთხრობილი ამბავი ფსიქიატრიის თემაა, მაგრამ ვინაიდან საქართველოს მოსახლეობა ბოლო 30 წლის განმავლობაში ამ დაავადების ზეგავლენის ქვეშ იმყოფება, ჩემს ნათქვამსაც (მერამდენედ) იოლად აიტანს. უფრო მეტიც — ისე ჩაუვლის გვერდს, თითქოს არაფერი სმენია ან თუ სმენია, ყურადღების გამახვილების საგნად არ ჩაუთვლია. საბაბი ამისა მარტივია — ქართველთა სულიდან წამოსული აი ასეთი — „რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ!“

იშვიათად მომეპოვება ადამიანი, რომელიც ქართული სუფრის შეზარხოშებულ წევრთა სიმღერაში გადასულ შემოძახილს ერთხელ მაინც არ შესწრებია ანდა თუნდაც ამას „ჩვენ ყველაფერში მართლები ვართ“. ისტორიული გამარჯვებების ჩამონათვალს ხომ დღეებიც არ ჰყოფნის?! ან რა დალევს იმ შესანიშნავი ქართველების სახელებს — შოთას, ილიას, ვაჟას, გალაქტიონის, სხვათა, საქართველოს რომ „უჩუქებია“ (ერთ-ერთი ქართველი პოლიტიკოსის ლექსიკონიდან) მსოფლიოს სულიერების საგანძურისთვის?!

ბოდიშს მოგიხდით გრძელი შესავლისთვის, ვინაიდან საკითხი რომელიც ჩვენს წინაშე დგას მარტივი და იოლად გასაგებია — ერთის შეხედვით, მაგრამ რთული და გაუგებარი, მეორის. საქმე 2008 წლის აგვისტოს ომს ეხება, რომელმაც ისედაც მცირემიწიან საქართველოს, ტერიტორიების 20% დააკარგვინა; ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა; გამოიწვია ქართული მოსახლეობის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიის დატოვება და საქართველოს სხვა ტერიტორიაზე, რთულ სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებასთან შეგუება; ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის დაუძლურება; პოლიტიკური ცხოვრების ზედმიწენით დაძაბვა; ერისთვის ფსიქოლოგიური დარტყმის მიყენება და ა.შ.

ომით გამოწვეული მძიმე შედეგების გამო ხალხს გულის გამაგრება, ომახიანი შეძახილი სჭირდება, რაც მთავარია, სიმართლის, სინამდვილის თქმა, რამეთუ ტყუილზე შებული „სიმართლე“ ხუხულასავით იშლება. ისტორიაში ბევრი მაგალითია ომში დამარცხებული ქვეყნის მიერ, ომის გაჩაღებისთვის, ჩადენილი დანაშაულებისთვის ბოდიშის მოხდის ფაქტები. განა გერმანიის საქციელი ამას არ ღაღადებს?!

გერმანიამ მოინანია, ბოდიში მოიხადა მსოფლიოს წინაშე და ახალი ცხოვრების შენება დაიწყო. დაიწყო და მერე როგორ?! ომის დამთავრებიდან თითზე ჩამოსათვლელ წლებში, სამრეწველო-ეკონომიკური პარამეტრებით, ევროპის მოწინავე ქვეყნად იქცა, ხოლო მოგვიანებით — მსოფლიოს. მეორე მსოფლიო ომში დამარცხებული ფაშისტური გერმანია, თანამედროვეობის უდიდესი ეკონომიკური კავშირის, ამჟამინდელი ევროკავშირის შემქმნელად (საფრანგეთთან ერთად) და სულისჩამდგმელად მოგვევლინა.

რა დააკლო გერმანიას აგრესორის სახელის აღიარებამ და ჩადენილი დანაშაულის მონანიებამ? არათუ დააკლო, არამედ მოუმატა და რაც მთავარია მსუყე წერტილი დაუსვა კითხვას — ვინ დაიწყო ომი?

მიუხედავად გერმანელთა აღიარებისა — „ჩვენ დავიწყეთ ომი!“, დასავლეთში მოიძებნა ძალები, რომლებიც დაბეჯითებით ამტკიცებენ საწინააღმდეგოს, მაგრამ გერმანელთა მტკიცე განცხადებების და ნიურნბერგის სასამართლო პროცესის დაძლევა შეუძლებელი გამოდგა.

ცხადია, მეორე მსოფლიო ომის და ცხინვალის ომის ერთმანეთთან შედარება პროპორციულობით და სხვა ათასით, შეუძლებელია, მაგრამ ხალხის აღიარებას რა უდგას წინ?! მითუმეტეს მაშინ, როდესაც საერთაშორისო კომისიამ, დიპლომატ ტალიავინის მეთაურობით, 2008 წელსვე, საფუძვლიანი გამოძიების შემდეგ, დადო დოკუმენტი, სადაც გარკვევით წერია ომის გამჩაღებლის (საქართველოს) ვინაობა. მოგვიანებით გაეროს დოკუმენტში ჩამოთვლილია აგრესორის მიერ გამოყენებული იარაღის თაობაზე, რომელიც კარგა ხანია აკრძალულთა ჩამონათვალშია („კასეტური“ ბომბები) შესული.

იქ სხვაზეც არის ლაპარაკი, რის გახსენებაც არასასიამოვნო შეგრძნებას იწვევს, ისე, როგორც აგვისტოს ომის, პარლამენტის შენობის წინ აღმართულ სცენაზე მტერზე „გამარჯვების“ „კონცერტის“ მასში მონაწილე მთავარი „მსახიობებით“ ბოკერია-უგულავათი — აჩაჩული პერანგებით, შეკრებილი საზოგადოების მისამართით ნაბღავლი „პატრიოტული“ სიტყვებით, შეკრებილი ხალხის და სცენაზე მყოფი დამნაშავე პოლიტიკოსების, ქვეყნის ცნობილი ხელოვნების მუშაკების ერთსულოვანი შეძახილი „მიშა-სარკო“. არასასიამოვნო ჟრუანტელს მგვრის ხელისუფალთა მიერ ორგანიზებული ე.წ. ცოცხალი ჯაჭვის გახსენებაც, ისეთი, როგორიც ბალტიისპირა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში ეწყობოდა.

აქვე მინდა აღვნიშნო ტალიავინთან დაკავშირებით დასავლეთის პრესაში „გაპარული“ ინფორმაცია, რომ მასზე აშშ-ს ადმინისტრაციის მხრიდან ძლიერი პრესი იყო, რათა დოკუმენტში ჩაეწერა ტყუილი — „ომი რუსეთმა დაიწყო“. გამოძიების ფაქტები იმდენ საწინააღმდეგოს ამზეურებდა, შეუძლებელი გახდა ამერიკელთა მოთხოვნის დაკმაყოფილება.

აშშ, ცხინვალის ომთან დაკავშირება შემთხვევითი არ არის. ამ ქვეყნის გარკვეული ძალების წაქეზებით გადადგა სააკაშვილმა უგუნური, მოღალატური ნაბიჯი, ცხადია საკუთარი თავის და არა ქვეყნის სასიკეთოდ (გამარჯვების შემთხვევაში). ხშირად ვამბობთ, რომ ომი სააკაშვილმა და არა საქართველომ დაიწყო, რაც თავის მართლებას ნიშნავს და მეტს არაფერს. ოფიციალურ დოკუმენტებში ქვეყანაა ჩაწერილი და არა შემსრულებელი. ასე რომ, თავის მართლება — „ქვეყანა არაფერს შუაშია“, იქ და ყველგან მიუღებელია. ქვეყნის მოსახლეობამ თავის ლიდერად სააკაშვილი აირჩია, თან ჩადენილი უამრავი დანაშაულის  შემდეგ — თითოეული რომ მისთვის ციხის კარს ფართოდ აღებდა.

სააკაშვილის, გამეფებაში გადამწყვეტი სიტყვა აშშ-ს ადმინისტრაციამ თქვა, იმ ქვეყანამ, რომელსაც ყოველდღე ქებას-ქებაზე ვასხამთ და ხბოს აღტყინებით შევციცინებთ თვალებში — დიდი ისტორიის მატარებელი ერისთვის შეუფერებლად.

საქართველოს „დამოუკიდებლობის“ 30-წლიან პერიოდში არასდროს ჰყოლია თუნდაც საშუალო განათლების, მაგრამ პატიოსანი, ქვეყნის სასიკეთოდ მომართული მესაჭე. მათ შორის ყველაზე უგუნური, მოღალატური თვისებებით შემკული, სააკაშვილი იყო. ასეთს რომ ერს თავზე დაასვამ და ისიც შეეგუება ცხრა წლის განმავლობაში მის მეფობას, არც იმ ქვეყნის ჩვენდამი კეთილ დამოკიდებულებაზე მეტყველებს და არც საქართველოს მოსახლეობის მრავალსაუკუნოვან ისტორიულ გამოცდილებაზე.

თუმცა „სათაყვანებელ“ ამერიკას რას ვერჩით, მან მარტივად დაიძვრინა თავი ომის წამქეზებლის სტატუსისგან სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის საჯაროდ გამოთქმული სიტყვებით — სააკაშვილს ვაფრთხილებდი ომი არ დაეწყოო. ეს საჯაროდ, მაგრამ კულისებში პირიქით! იყო წაქეზება და იყო დაპირება კონფლიქტში ჩარევისა. ანუ სააკაშვილის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწყებულ ომში აშშ-ს სამხედრო აქტიურობისა — ერთ ციდა ტერიტორიაზე, საქართველო რომ ჰქვია.

დიდმა ქვეყანამ ბირთვული ომის გაჩაღების შიშით უკან დაიხია, მაგრამ ქართველობას, ბაქრაძის პირით მოგვიწოდა — „დანებით, ჩანგლებით  გვებრძოლა“ მეორე ბირთვული სახელმწიფოს, რუსეთის წინააღმდეგ. შედეგი ე.წ. პარტიზანული ომისა იქნებოდა არანაკლებ გამანადგურებელი, თანაც დროში გაწელილი მცირემოსახლიანი საქართველოსთვის.

ჩვენდა საბედნიეროდ, ამ სიტყვას შეგნებულად ვხმარობ, რუსეთმა უმალ გამოიცნო ამერიკელთა ჩანაფიქრი და ომი სასწრაფოდ მოამთავრა. ვაშინგტონმა, რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან ვერ ააგიზგიზა მუდმივი „ცხელი წერტილი“. მის ნაცვლად სიტყვიერი „ომი“ გაგვაჩაღებინა მეზობელი ქვეყნის მიმართ, რომელსაც დღესაც წარმატებით ვეწევით. წარმატებით ხელისუფალთათვის, პოლიტიკური პარტიებისთვის, არასამთავრობო ამერიკული ორგანიზაციებისთვის, ამერიკელთა მიერ გამოწვრთნილი ჟურნალისტიკისთვის, მაგრამ არა ქვეყნისთვის.

ჩამოთვლილნი ამერიკული დავალების შესრულებისთვის მსუყე ფინანსურ დახმარებას ირებენ. მარტო მიმდინარე წელს აშშ-ს სახელმწიფო ბიუჯეტი 700 მილიარდ დოლარს დახარჯავს რუსეთში დემოკრატიის დასამყარებლად, რუსული ჰიბრიდული ომის მოსაგერიებლად. ამ ფულის საგრძნობი ნაწილი პოლონეთზე, ბალტიისპირა ქვეყნებზე, მოლდოვაზე, უკრაინაზე, საქართველოზე, რუს ლიბერალებზე მოდის. რუსეთში, წლევანდელი პირველი შედეგი სახეზეა — დასავლეთისა და ნავალნის ერთობლივი ძალისხმევით აგორებული მასობრივი ანტისამთავრობო გამოსვლებით.

ანტირუსული ვირუსი იმდენად არის გამჯდარი ნებისმიერ აქ მცხოვრებში, დღეს თუ არა ხვალ ცხინვალის ომის არმცოდნე ახალგაზრდას (მაშინ პატარები იყვნენ) ხელში იარაღს ააღებინებს — „ჟანგიანი“, ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ.

2008 წლის ომში დავმარცხდით. სხვა შედეგის მიღება შეუძლებელი იყო, მაგრამ გავიმარჯვეთ დასავლური, კერძოდ ამერიკული სტატუსის მიღებაში — ცელქი უმცროსკლასელისა, რომელიც უფროსკლასელის დავალებით პანღურს ამოარტყამს მეორე მაღალკლასელს, ამ შემთხვევაში რუსეთს.

30-წლიანი „დამოუკიდებლობით“ თუ რას მივაღწიეთ — ვერბალური პროვოკატორობაა. და არა მარტო. გახსოვთ ალბათ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებთან, 2008 წლის აგვისტოს ომამდე მოწყობილი პროვოკაციები, თვითდაბომბვები და ხელის რუსეთისკენ გაშვერა. მსგავსი პროვოკაციები  გველოდა წინ, რომ არა რუსეთის გადაწყვეტილება — აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისა.

სცდება ის, ვინც ამბობს, რომ რუსეთს არ უნდა ეცნო საქართველოს ავტონომიების დამოუკიდებლობა. ვთხოვ მათ გაიხსენონ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომი პერიოდი — სააკაშვილის გიჟური განცხადებები — წაგებულის, ომით დაბრუნების თაობაზე. გაიხსენოს ისიც, ვინ გადახაზა მედვედევ-სარკოზის ხელშეკრულებაში პუნქტი, რომელიც ავალდებულებდა საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის შემადგენლობაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სტატუსის განსასაზღვრავად მოლაპარაკების დაწყებას.

საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით, ქვეყნებს შორის, თვით ქვეყნებს შიგნითაც ამგვარი საკითხების მოსაგვარებელი მოლაპარაკებები ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს. სააკაშვილის თანხმობის შემთხვევაში ყოფილი ავტონომიები, ფორმალურად დღესაც საქართველოს შემადგენლობაში იქნებოდნენ. მაგრამ მან სხვა გზა აირჩია, თუ რატომ, „ომისა და მშვიდობის პრობლემების საკითხების გაშუქების ინსტიტუტის“ (IWPR) თანამშრომლის ვაჟა თავბერიძეს განუცხადა 2019 წლის 10 აგვისტოს ვრცელ ინტერვიუში.

კითხვა:

ვაჟა თავბერიძე: „Считаете ли Вы, что вынесение вопроса о статусе Абхазии и Южной Осетии на обсуждение международного сообщества — по Вашим словам, такие дискуссии могли продлиться 20-30 лет — было приемлемым вариантом по сравнению с тем, что Россия сразу же признала их независимость?“

პასუხი:

მიხეილ სააკაშვილი: „Они хотели, чтобы я согласился сделать территориальную целостность Грузии предметом дебатов, на которые мы никак не можем повлиять, чтобы кто-то другой решал, каким должен быть наш статус, не принимая во внимание наше мнение“.

რით იყო გამოწვეული ვირტუალურ „მოსალოდნელ“ შავ ვარაუდებზე აწყობილი პასუხი? უვიცობით, სახელმწიფოს მეთაურის მიერ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის არაადექვატური აღქმით, ამერიკის მოიმედებით და იმით, რომ რუსეთი, აშშ-ს შიშით ვერ გაბედავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებას.

რუსეთმა იცადა, იცადა და ნაცვლად იმისა, რომ პასუხად სააკაშვილის მზაობა მიეღო ავტონომიებთან მოლაპარაკების დაწყების თაობაზე, მიიღო დუჟმორეული ბღავილი, რომ ომით წაგებულს, ომით დაიბრუნებს. და 26 აგვისტოს ერთადერთ გამოსავლად ჩათვალა ავტონომიების დამოუკიდებლობის აღიარება.

ზემომოყვანილ ინტერვიუში სააკაშვილი დაბეჯითებით ცდილობს თავი გაიმართლოს, რომ ომი მან გააჩაღა. არადა ფაქტები სხვაზე ღაღადებენ. ამერიკელი ექსპერტი ჯორჯ ფრიდმანი (2008 წლის 14 აგვისტო): „7 აგვისტოს, ღამით, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა გადალახეს სამხრეთ ოსეთის საზღვარი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ფუნქციონირებდა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. საქართველოს ჯარი მიადგა ცხინვალს. მიუხედავად მძიმე ბრძოლებისა, მან ვერ შეძლო მთლიანად ვერც ქალაქის და ვერც სამხრეთ ოსეთის დაკავება. 8 აგვისტოს, დილით, რუსეთის ჯარი შევიდა სამხრეთ ოსეთში. ქართულ არმიას სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ჰყავდა საკმაოდ მნიშვნელოვანი ძალები, რომელთა განსალაგებლად, როგორც მინიმუმ საჭირო იყო რამდენიმე დღე. საქართველომ ეს ნაბიჯი მიზანმიმართულად გადადგა.

 აშშ-ი იყო საქართველოს უახლოესი მოკავშირე. საქართველოში იმყოფებოდა 130 ამერიკელი სამხედრო მრჩეველი, გარდა ამისა სამოქალაქო მრჩევლებიც, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ხელისუფლების და ბიზნესის მუშაობის ყველა ასპექტში.

დაუჯერებელია მათ არ სცოდნოდათ ქართული არმიის მობილიზაციისა და გეგმების შესახებ. ძალიან ძნელია იმის წარმოდგენა, რომ ქართველებმა დაიწყეს სამხრეთ ოსეთზე თავდასხმა, აშშ-ს სურვილის გათვალისწინების გარეშე. ქართველები ეყრდნობოდნენ აშშ-ს. ეს, იყო აშშ-ს სპეცსამსახურების გრანდიოზული ჩავარდნა“.

2008 წლის 8 აგვისტოს ვიდეომასალაზე აღბეჭდილია სააკაშვილის გახარებული და ამაყი სახე, რომელიც ატყობინებს საქართველოს მოსახლეობას, რომ საქართველოს არმია უკვე აკონტროლებს სამხრეთ ოსეთს. ყველა დასახლებულ პუნქტს, ყველა სოფელს და ქ.ცხინვალს. სოფლების ჩამოთვლის შემდეგ ის ამბობს: „ჩვენ მთლიანად ვაკონტროლებთ ქ.ცხინვალს, თუმცა ორმხრივი სროლების შედეგად ცხინვალი ძლიერ დაზარალდა“.

რა გვაქვს დღეს?! ზალკალიანისა და საქართველოს მაღალი რანგის ხელისუფალთა განცხადებები. მაგალითად ასეთი, ზალკალიანი: „ევროპის ადამიანთა უფლებების სასამართლოს გადაწყვეტილება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საქმეზე არის საქართველოს სახელმწიფოს უპრეცედენტო საერთაშორისო გამარჯვება, რომელმაც ცალსახად, სამართლიანად დაამტკიცა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროსა და შემდგომ პერიოდში“.

და გვაქვს „ომის გმირის“ სააკაშვილის განცხადება: „მიუხედავად ივანიშვილისა და მისი მოსკოველი პატრონების მცდელობებისა, რომ საქართველო გამოეყვანათ ომის დამწყებად, ოკუპანტად, დამნაშავედ, ეს ჩაუფლავდათ“.

განცხადებების მიხედვით ჩანს არც ერთმა არ იცის რა განიხილა სასამართლომ, თუმცა ეს სხვა თემაა და სხვა დროს შევეხებით, მაგრამ ამჯერად გავამახვილებ ყურადღებას იმაზე, რაზეც სააკაშვილი ამახვილებს ყურადღებას — ომის დაწყებაზე. მას უპირველესად ეს აინტერესებს აგრესორის სახელის ჩამოსარეცხად. არადა, ინტერვიუებში, რომელსაც ის უხვად არიგებს, არაერთხელ არის აღნიშნული, რომ სამხედრო მოქმედებების დაწყების განკარგულება მან გასცა გაცილებით ადრე, ვიდრე სამხრეთ ოსეთში რუსეთის ჯარი შევიდოდა.

ადამიანი, რომელიც ერთიდაიგივე საკითხზე სისტემატურად ცვლის მოსაზრებებს ფსიქიატრიის  და არა პოლიტიკის სფეროს მიეკუთვნება, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ჩვენ გაგვიმარჯვია, მაშ გავწიოთ სოხუმისა და ცხინვალისკენ!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი