პრემიერ-მინისტრის „ხუმრობასთან“ დაკავშირებით (14.01.2021)

სულ ახლახანს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახარიამ ქვეყანას ახალი რამ ახარა —2024 წელს საქართველოს მთავრობა ოფიციალურად მიმართავს ევროკავშირს გაწევრების თაობაზე. ერთის შეხედვით პრემიერის განცხადება სააპრილო ხუმრობას ჰგავს, მაგრამ სააპრილო ხუმრობა იანვრის პირველ დეკადაში, სრულიად უკბილოდ მოსჩანს.

იყო სერიოზულობის რაღაც მარცვალი ამ განცხადებაში, თუნდაც ტკბილი სურვილის დონეზე, მაგრამ აუსრულებლის. სიზმრის მოყოლას ჰგავდა ყოველივე, მეტადრე ისეთის, თავსადაბოლოს რომ ვერ გაუგებ. დარწმუნებული ვარ პრემიერმა ამ სასიამოვნოდ მოსასმენი სიახლის ხალხისთვის განდობამდე, თავის კოლეგებს მოახსენა და ისინიც, პრემიერის აღმოჩენით გახარებულები, უმალ დაეთანმხნენ მას. მთავრობამ საერთო ძალისხმევით მიაგნო იმას, რასაც არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ არ ჰქონია ადგილი.

პოლიტიკაში ჩახედულნი დამეთანხმებიან, რომ 2020 წლის არჩევნები, „ოცნების“ მხრიდან დაპირებების თვალსაზრისით, მწირი იყო და არაფრით ჰგავდა წინა არჩევნების წინ გაკეთებულ დაპირებებს, განსაკუთრებით 2012 წლისას. მაშინ, პოლიტიკაში ახალფეხშედგმულ „ოცნებას“ და მის დამაარსებელ ივანიშვილს არაფერი დაუშურებია დაპირებების გრძელი სიის ჩამოწერისთვის, თუმცა ამაოდ. არც ერთი მათგანი არ შეუსრულებია. დაპირებების გარკვეულმა ნაწილმა 2016 წლის არჩევნების ახალ დაპირებათა სიაში ამოჰყო თავი, თუმცა საბოლოოდ უშედეგოდ.

ორჯერადი ცრუ დაპირებებით გამოკვებული ხალხის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად, „ოცნებამ“ 2020 წლის არჩევნებისთვის თავი შეიკავა ცხელ-ცხელი დაპირებებისგან, მაგრამ სულ არაფერმა დისკომფორტი შეუქმნა საარჩევნო მარათონისას.

იყო პარტია, თანაც მმართველი და ხალხს არაფერს ჰპირდებოდე, რა წესიაო, იფიქრეს პარტიაში, მაგრამ გვიან იყო. საარჩევნო მატარებელმა ჩაიარა — დაპირების გარეშე. პოლიტიკური ჩარხის „საოცნებოდ“ შემოსაბრუნებლად, რაღაც იყო გასაკეთებელი, თუნდაც აბსტრაქტული, ისეთი, როგორიც წინა. და აი, ისიც — ევროკავშირის კარზე არა მოკრძალებული დაკაკუნება, არამედ ომახიანი ბრახუნი — მოვედი და კარი გამიღეო!

რაღაც ასეთს ჰგავდა გახარიას განცხადება. ხუმრობ პრემიერო?

ქართული გამოთქმაა ასეთი — ხუმრობას კაცი არ მოუკლავს, მაგრამ გააჩნია ხუმრობას, თუ ის პოლიტიკურია და არა ერთს, არამედ მრავალს ანუ ხალხს ეხება, სიცოცხლის დასასრულის გამომწვევია. და რატომ?!

წინა ორმა დაპირებამ 8 წელიწადი მოიცვა — ქვეყნის, ხალხის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი წლები. ისტორიისთვის 8 წელიწადი ნახევარი გაელვებაც არ არის, მაგრამ ნებისმიერი ჩვენგანისთვის დიდი დროა, რომელიც დაუსრულებლად მოსჩანს, როდესაც დანაპირებს ელოდები. არადა არ გადის დრო მოლოდინში, თან იმის ფიქრში, თუ დანაპირებიდან ყველა არ შესრლდება, იქნებ ერთი მაინც შესრულდესო.

ასე ფიქრობდა ხალხი და 2020 წლის არჩევნებიც მიილია, თუმცა ბედის ანაბარად მიტოვებულს, ღმერთი არ გაწირავს. და აი, ისიც — გახარიას დაპირება — ერთობ ვირტუალური, არარეალური, მაგრამ ისეთი, რომელიც ხალხის გრძნობებზე არ მოქმედებს, არ ააღელვებს, შეუსრულებლობის შემთხვევაში არ გააბრაზებს.

ეს არ არის ენერგომატარებლებზე ფასების შემცირება, ან სხვა ისეთი დანაპირები, ქაღალდს რომ გლეჯდა 2012, 2016 წლებში. ეს, ისეთია, ხალხი რომ იტყვის გინდ ყოფილა და გინდ არაო. მოდით გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ — ვინმეს აღელვებს ევროკავშირში შესვლა?

არც არავის, რაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან საზოგადოების უდიდესმა უმრავლესობამ არ იცის რა არის ევროკავშირი. გაგებით, გაუგია, მაგრამ რას წარმოადგენს არ იცის. რომ იცოდეს ქვებით ჩაქოლავდნენ ხელისუფლებას. ხელისუფლებაც, ხალხის უცოდინრობით სარგებლობს და ისე უხატავს მას ამ ორგანიზაციას, თითქოს უდარდელი, ბედნიერი ცხოვრების სავანე იყოს. მეეჭვება, რომ თვით ხელისუფლებამ იცოდეს ამ ორგანიზაციის შუქჩრდილები. არადა რახანია ელაპარაკება ის ხალხს ამ ორგანიზაციაში შესვლის თაობაზე. ერთხელ მაინც აეხსნა ხალხისთვის საით მიაქანებს ის, მას?!

თუ მკითხველი შეშინდა, გულწრფელად ვიტყვი, რომ იქ შესვლა არ გვემუქრება. პრემიერის ნათქვამი ერთ ყურშია შესაშვები და მეორედან გამოსაშვები, ვინაიდან 2024 წელს არც გახარია იქნება და არც მისი პარტია „ოცნება“. არათუ 2024 წელს, თითზე ჩამოსათვლელ თვეებს თუ გაძლებს „ოცნება“ პარლამენტში და აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ამ პარტიას სიცოცხლე მისი დამაარსებლის ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლამ მოუსწრაფა. ის აღარ ჩაერევა პარტიის და ხელისუფლების საქმეებში. უთავოდ დარჩენილ ძუძუმწოვარ, უხერხემლო პარტიას ე.წ. „ოცნებას“ დიდი დრო არ დარჩენია. ის ვერ გაუძლებს ოპოზიციას, დასავლეთის ზეწოლას და იძულებული იქნება დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, რომელსაც წააგებს, შემგედ კი ჩამოშორდება პოლიტიკურ არენას.

გასული 30-წლიანი გამოცდილება ქადაგებს ამას. საქართველოში ვერადავერ მოხერხდა იდეოლოგიური ფესვების მქონე პარტიის გამოჩენა. ყველა პარტია არის ერთი პირის მიერ შექმნილი, ემსახურება ერთ კაცს და არა ქვეყანას. მიდის კაცი, მიდის პარტიაც. ასე იყო გამსახურდიას, შევარდნაძის, აჭარაში აბაშიძის წასვლის შემდეგ. ტრადიცია, არც ამჯერად დაირღვევა, ვინაიდან რაც „ოცნებას“ აერთიანებს, ხელისუფლების უზურპაცია და პირადი ბედნიერების მოწყობაა. ამით მან ყოველგვარ ფანტაზიას გადააჭარბა. პარლამენტი გაივსო მილიონერებით, გონებისგან, განათლებისგან დაცლილი და პოლიტიკური ცხოვრებისგან შორს მყოფი ადამიანებით. მათ ვერც პატრიოტობას დასწამებთ და ვერც სამშობლოს სიყვარულს. აი, ეს არის ივანიშვილის მონაპოვარი. ეს დაუტოვა გაპარტახებულ საქართველოს ივანიშვილმა.

გამოსათხოვარი წერილი, რომელიც ივანიშვილმა ხალხს მიუძღვნა თავიდან-ბოლომდე ისეთივე ტყუილებითაა გაჯერებული, როგორიც 2012, 2016 წლების არჩევნების დაპირებები. ივანიშვილი იყო ადამიანი, რომელიც ქურდული გარჩევით მართავდა ქვეყანას 8 წლის განმავლობაში და ეს იცოდა ყველამ ე.წ. დემოკრატიულმა ამერიკამ და ევროკავშირმა. საქართველოში აკრედიტებული ამ ქვეყნების ელჩები ხშირი სტუმრები იყვნენ ივანიშვილის. შეკითხვა — რატომ? ის, ხომ ქვეყნის არც ერთ თანამდებობას არ ფლობდა? გარდა ხანმოკლე პრემიერ-მინისტრობისა?

არა! მაშ რა იზიდავდა ელჩებს ივანიშვილთან? საქართველოს უგვირგვინო პრეზიდენტობა?!

კონსტიტუციით ქვეყანას ჰყავდა პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მაგრამ ფიქტიურად. ფაქტიურად მათი ფუნქციები ივანიშვილის ხელში იყო. იქნება თუ არა ასე მომავალში?

ამ კითხვას ვსვამ და ვპასუხობ. არავითარი საფუძველი იმისა, რომ ივანიშვილის მხრიდან ასე არ იქნება, არ ჩანს. ასეთი, გაჩნდება მას შემდეგ, რაც „ოცნება“ დამარცხდება ვადამდელ არჩევნებში.

განვლილი 8 წელიწადი ქვეყნისთვის უკანსვლის პერიოდი იყო, უფრო სწორად ერთი ადგილის ტკეპნის, ცუდი საკადრო პოლიტიკის, ეკონომიკისა და სოციალური ვითარების უკიდურესი გაუარესების წლები; ხელისუფალთა ზერელეობის, უცოდინრობის, არაპროფესიონალიზმის, მოსახლეობის კიდევ უფრო გაღატაკების წლები.

ბევრი რამ შეიძლება დაიწეროს ივანიშვილსა და მის მმართველობაზე, მაგრამ თუ ობიექტურად მივუდგებით ამ საქმეს, დადებითი — ნული, უარყოფითი — აურაცხელი. რა გაეწყობა, ხელისუფლება მოდის და მიდის. რჩება დაქცეული ქვეყანა. და ეს გაგრძელდება, თუ არ გამოვფხიზლდებით. არ ვიგრძნობთ ქვეყნის შენების პასუხისმგებლობას. არ შევეშვებით კერპთაყვანისმცემლობას და მლიქვნელობას, სხვა უამრავ ნეგატიურ თვისებას, რითიც ვართ დაავადებულნი.

ახლა კი რითიც დავიწყე, იმით დავამთავრებ. ევროკავშირი — ის ორგანიზაციაა, რომელსაც სულს უხუთავს შიდა პრობლემები, შიდა დაპირისპირება, ნაციონალურისა და ზენაციონალურის ერთმანეთთან შეტაკება. ბრიუსელი ვერ იტანს ნაციონალურ გამოვლინებას. მისთვის საერთოა მთავარი. საერთო კი, რომელიც ნაციონალურთან ვერ პოულობს საერთოს, ამ კავშირის არსებობას ემუქრება.

დიდი ბრიტანეთის გასვლამ ევროკავშირიდან მძიმე დარტყმა აგემა ბრიუსელს, ბრიტანეთს კი დაკარგული თავისუფლება და სუვერენიტეტი დაუბრუნა. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ბრიუსელმა გაიგო, რომ პოლიტიკური თვალსაზრისით რუსეთის ჯიბრზე ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ევროპულ ოჯახში შეშვება, თვით ამ ოჯახის დანგრევის მომასწავებელია. ეკონომიკური პოტენციალი კი ყოფილ საბჭოელებს ისეთი აქვთ, უარესს რომ ვერ იფიქრებს კაცი. ამ მხრივ საქართველო ლიდერია — დაქცეული ეკონომიკით, სოციალური ვითარებით, ფისკალური სისტემით, გაუმაძღარი ადმინისტრაციით, კორუფციით, გაუმართავი სასამართლო სისტემით და ა.შ.

ასეთს ვინ მიიღებს ევროკავშირში?!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი