ნამდვილი ისტორიის ცოდნის გარეშე ქვეყანა არ აშენდება (27.02.21)

ყოველი წლის 25 თებერვალს თანამედროვე საქართველოს საზოგადოება წყევლა-კრულვას უგზავნის იმათ, ვინც სართველოს ტერიტორიის ოკუპაცია და ანექსია განახორციელა. 1921 წლის 25 თებერვალი შავი ასოებით არის ჩაწერილი ქვეყნის ისტორიაში და ამ წლიდან დაწყებული, 1991 წლის დეკემბრით დამთავრებული ავად მოიხსენიება ყველა იმათ მიერ, ვინც ისტორიას ზედაპირულად იხილავს, ვინც იმათი შთამომავალია, ვინც 1918-21 წლებში „მართავდა“ საქართველოს, ვინც შეგნებულად, ხშირად შეუგნებლად, მაშინდელი გეოპოლიტიკური ვითარების გაუთვალისწინებლად თვლის, რომ ბოლშევიკებმა, მეტადრე რუსეთმა არაფრად ჩააგდო საქართველოსთან დადებული ხელშეკრულება, შემოიჭრა ქვეყანაში და ძალისმიერი გზით წაგვართვა დამოუკიდებლობა, მასთან ერთად ევროპული მომავალი.

დღევანდელები ხშირად ამბობენ, რომ 1991 წელს საქართველო დაუბრუნდა თავის ისტორიულ ოჯახს — ევროპა რომ ჰქვია — 70-წლიანი კომუნისტური პაუზის შემდეგ. ხელისუფალთა და მათ ირგვლივ შემოკრებილი საზოგადოების ამ მტკიცე მოსაზრებას მოწინააღმდეგეებიც ჰყავს, რომელთა მიხედვით, 1918-21 წლები სულაც არ ყოფილა მშვიდი აღმშენებლობის წლები, რომ ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრება მწვავე დაპირისპირების ასპარეზი იყო, ხოლო რუსი ბოლშევიკების არმიის შემოსვლა სულაც არ იყო ოკუპაცია-ანექსია, არამედ ქვეყნის შიგნით მომძლავრებული ბოლშევიზმის და მისი მხარდამჭერი საზოგადოების საგრძნობი ნაწილის გადაწყვეტილება.

ხალხის მიერ გასული საუკუნის 20-იან წლებში გაკეთებული არჩევანი — ნებაყოფლობითი თუ ძალისმიერი, როგორადაც დღევანდელები აფასებენ შორეულ წარსულს, ისეთ კამათს იწვევს ორად გაყოფილ საზოგადოებაში, რომლის დასასრული არ ჩანს. 30 წელი მიმდინარეობს ეს კამათი ე.წ. დამოუკიდებლობის ჟამს, მაშინ, როდესაც ნანატრი დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ საკამათოც არაფერი უნდა ყოფილიყო. თუ მაინდამაინც — მხოლოდ ისტორიკოსების და არა ფართო საზოგადოების დონეზე, რაც ბუნებრივად ბადებს კითხვას  — გასული საუკუნის 20-30-იანი წლები მართლაც ისეთი სავალალო იყო ქვეყნისთვის, რომ ერის ცხოვრება, მისი ფიზიკური არსებობა, სულიერება მიწასთან გასწორდა და 70-წლიან კომუნისტურ-„ყაზარმულ“ ცხოვრებას ძალით შეაჩვია?

70 წელი მსოფლიოს ისტორიისთვის ერთი გაელვებაა, მაგრამ ერისთვის ხანგრძლივი პერიოდი და თუ ამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში პატარა საბჭოთა საქართველოში, ისე, როგორც დიდ საბჭოთა კავშირში მასობრივ ანტისაბჭოთა მიტინგებს, გამოსვლებს, დემონსტრაციებს ადგილი არ ჰქონია, არცთუ არაადამიანურ საბჭოურ ცხოვრებასთან გვქონია საქმე. ასეთ დასკვნებს აკეთებენ ისინი, ვინც საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა, ახსოვთ მისი ავიც და კარგიც.

პათოსით გაჟღენთილი განცხადებებიდან ჩანს, რომ მათ გონებას პოზიტიური უფრო შემორჩა, ვიდრე ნეგატიური. საბჭოური ცხოვრების მოტრფიალენი ყოფილ საბჭოთა სივრცეში მხოლობით რიცხვში არ არიან  —  პირიქით და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ასაკი მათი არა მარტო საშუალო და მაღალია, არამედ ახალგაზრდა.

რუსეთში „ლევადა ცენტრის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მოსახლეობის 75%, მათ შორის ახალგაზრდები, დადებითად აფასებენ საბჭოთა პერიოდს და თვლიან, რომ კომუნისტური საბჭოთა კავშირის დროს ბევრი რამ გაკეთდა ქვეყნის სიძლიერისთვის, ხალხის კეთილდღეობისთვის. საბჭოთა კავშირი გახდა სუპერ სახელმწიფო, ბირთვული და წყალბადის იარაღის მფლობელი, კოსმოსის პირველი ამთვისებელი, ფაშიზმის დამმარცხებელი, ხალხთა სოციალური ცხოვრების გამაუმჯობესებელი და სხვა მრავალი, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

მავანნი უმალ გასული საუკუნის 30-იანი წლების მასობრივ რეპრესიებს გვახსენებენ, რაზეც მარტივი და ცალსახა პასუხი არასერიოზულობის გამომხატველია. საფუძვლიანი კი, დიდ დროს და სტატიის მრავალ ფურცელს მოითხოვს, რაც ამ შემთხვევაში შეუძლებელია. მოკლედ კი ასეთ პასუხს იძლევიან საბჭოთა პერიოდის მკვლევარი რუსი თუ უცხოელი, მათ შორის ამერიკელი ისტორიკოსები  —  ეპოქალური მოვლენა, რომელმაც შეცვალა სამყარო.

ამათუიმ ქვეყნის შიდა ცხოვრება, მათ შორის რეპრესიები ფართო ანალიზს მოითხოვს და რაც მთავარია არა დღევანდელი თვალით შეფასებას, არამედ იმ ეპოქის, იმ პერიოდის მსოფლიო პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ცხოვრების გათვალისწინებით.

ამ თვალსაზრისით საბჭოთა კავშირი უფრო უკეთესად გამოიყურებოდა, ვიდრე მაშინდელი გერმანია, ესპანეთი, პორტუგალია, პოლონეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, ჩინეთი, აშშ-ი, სხვებს რომ თავი დავანებოთ. ვისაც წაუკითხავს ავტობიოგრაფიული წიგნი გენერალ ფრონკოზე, უმალ მიმიხვდება რისი თქმა მსურს. წიგნში აღწერილია ესპანეთის სამოქალაქო ომი და დაპირისპირებული პარტიების დაუნდობელი ბრძოლა ერთმანეთის წინააღმდეგ. დატყვევებული მოწინააღმდეგების უმოწყალო ხოცვა, ყოველგვარი სასამართლო განაჩენის გარეშე.

დაახლოებით იგივეა აღწერილი იტალიის მმართველის ბენიტო მუსოლინისადმი მიძღვნილ ავტობიოგრაფიულ წიგნშიც. ხოლო ნობელის პრემიის ლაურეატმა ჩინელმა მო იენმა დაწვრილებით აღწერა იაპონია-ჩინეთის სისხლიანი დაპირისპირება, თვით ჩინელთა შორის გაჩაღებული პარტიულ-კლასობრივი ბრძოლა — უდიდესი მსხვერპლითა და რეპრესიებით, თავის წიგნში „დიდი ძუძუ-მკერდი, განიერი გავა“.

სხვა წიგნებსაც დაგისახელბთ, სადაც ის ეპოქაა აღწერილი, ისეთივე, თუ არა უარესი რეპრესიებით, რასაც მე-20 საუკუნის 30-წლებში საბჭოთა კავშირში ჰქონდა ადგილი. გადახედეთ იმავე პერიოდის ან მოგვიანებითის აშშ-ს ისტორიას. გაიხსენეთ იაპონიის ავიაციის მიერ ამერიკულ სამხედრო ბაზა „პერლ ჰარბორზე“ თავდასხმა და მას მოყოლებული გადასახლება. აშშ-ს ადმინისტრაციამ თავი მოუყარა ამერიკაში მაცხოვრებელ, სრულიად უდანაშაულო იაპონელებს და ამერიკის დაუსახლებელ ტერიტორიაზე ე.წ. რეზერვაციებში გადაასახლა. მიზეზი? — ქვეყნის უსაფრთხოება, ასეთი იყო აშშ-ს ადმინისტრაციის განმარტება.

საბჭოთა კავშირში დაწყებული ბრძოლა ბოლშევიკებსა და ტროცკისტებს შორის იყო დაუნდობელი, ქვეყნის გადარჩენისთვის გამიზნული. ბოლშევიკთა ნაცვლად ქვეყნის სათავეში რომ ტროცკისტები ყოფილიყვნენ, თავზე ხელს გადაუსვამდნენ მოწინააღმდეგეებს და ცივ ნიავს არ მიაკარებდნენ?

მსოფლიო რევოლუციით დაავადებული ტროცკიზმი სახიფათო იყო საბჭოთა კავშირისთვის. ასე თვლიდნენ კომუნისტური ბელადები. ამ ბრძოლას ბევრი უდანაშაულო ადამიანიც შეეწირა, რუსული გამოთქმისა არ იყოს  —  „ხის ჭრისას, ნაფოტები ცვივა“, მაგრამ ამ „ნაფოტების“ (ბოდიში შედარებისთვის) რაოდენობა გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ამაზე ღაღადებს დასავლური პროპაგანდა.

ერთ-ერთ წინა სტატიაში მოვიყვანე ციფრი 700000, რომელიც მარტო ციფრი არ არის. ის დოლარის გამომხატველია ანუ შვიდასი ათასი დოლარის, რომელიც აშშ-ს ადმინისტრაციამ გამოჰყო რუსეთის „ანტიდემოკრატიული“ სისტემის წინააღმდეგ საბრძოლველად — რუსეთში მცხოვრები ანტისამთავრობო, ოპოზიციური ძალების დასაფინასებლად, ისეთის, როგორიც ნავალნი და მისი მსგავსები არიან.

ათეულ-ათასობით დოლარია გამოყოფული ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, რათა წარმატებით „გაართვან“ თავი რუსულ „პროპაგანდას“, ე.წ. მსუბუქ ძალას.

საქართველოს პოლიტიკა — აშშ-ს ორბიტაზე მოფარფატე, თითქმის 30 წელია პირნათლად ასრულებს ამერიკელთა დავალებას — მუდამ და ყოველთვის იყოს რუსეთის მლანძღველი. ვაშინგტონმა, მსოფლიოს ისეთ ქვეყნებს, როგორიც ჩვენია, მათ შორის ყოფილ საბჭოელებს, სხვადასხვა სახის დავალება მისცა — ზოგს ხილის მოყვანა; ზოგს ბოსტნეულის; ზოგი მრეწველობას მისდევს; იშვიათი გამონაკლისი, მეცნიერებითაა დაკავებულუი, მაგრამ ყველა მათგანმა ძირითად საქმეს — რუსეთის ლანძღვაც უნდა დაუმატოს.

საქართველო გამონაკლისია. მას ერთადერთი დავალება აქვს — რუსეთის ლანძღვა. არა რაღაცის შექმნა, წარმოება, დამზადება, არამედ რუსეთის ლანძღვა.

თანამედროვე რუსეთის ლანძღვასთან ერთად ძველიც, ისტორიაც არ უნდა იყოს დავიწყებული, რაც აშკარად გვკარნახობს შორს მიმავალ ამერიკულ გეგმებზე. აი, თუნდაც ასეთზე — საბჭოთა ისტორიის განქიქებით, მისი წარმატებების განავალში არევით, მისი ბელადების, განსაკუთრებით სტალინის ურჩხულად, არაადამიანად, სისხლის მსმელად წარმოჩინებით; ძველი თაობის ადამიანთათვის სალოცავი სისტემის შეძულებით საბჭოთა კავშირის მემკვიდრის, რუსეთის პოლიტიკური ფუნდამენტისთვის წყლის შეყენებით, ცდილობს რუსეთის დაშლას, მართლმადიდებლობის გაწყალებას, მთავარი მეტოქის გზიდან ჩამოშორებას, მისი წიაღისეული სიმდიდრეების ხელში ჩაგდებას.

ამ მიზნის განხორციელებას ემსახურება საქართველოს ე.წ. ინტელიგენციის, ე.წ. ისტორიკოსების, ძველის და ახლის მიერ საქართველოს ისტორიის ახლებური ინტერპრეტაცია; რუსეთის იმპერიის და საბჭოთა პერიოდის გაშიშვლებული ლანძღვა; რეალობისთვის გვერდის ავლა და უმადურობის გამოვლინება.

ძველის ანუ საბჭოური ცხოვრების ძალისმიერი დავიწყების შესანიშნავი მაგალითია სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე გადაწყვეტილება. 40 წელზე მეტი ასაკის ადამიანების სამსახურიდან დათხოვნა. ამერიკელთა დავალების პირნათლად შემსრულებელი სააკაშვილი არა მარტო სამსახურებიდან დაითხოვდა ხალხს, არამედ ცხოვრებიდანაც — ახალი რეპრესიების ჩატარების გზით, მაგრამ სრულიად ვერ გაბედა. მხოლოდ ნაწილობრივ. თუ ჩემი არ გჯერად, მისდროინდელ ციხეში გამომწყვდეულთა სტატისტიკას შეავლეთ თვალი!

რისთვის იყო ეს საჭირო? — საბჭოური ცხოვრების სიკეთეების შემსწრე ადამიანთა განადგურებისთვის.

კომუნისტების, ყოფილი სახელმწიფო სისტემის შეძულებას ემსახურება სააკაშვილის მიერ გახსნილი „რეპრესიების მუზეუმი“. საქართველოს „სანაქებო“ ისტორიკოსთა ხმამაღალი განცხადებები, რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობისა.

უფასო სწავლა-განათლება მიღებული ინტელიგენცია თავდავიწყებით ლანძღავს მეფის რუსეთს, საბჭოთა პერიოდს. ეს, ის ადამიანები არიან, რომლებმაც ყოველგვარი საფასურის გარეშე, საჩუქრად მიიღეს საცხოვრებელი ბინები, სამედიცინო მომსახურება, მიზერული კომუნალური გადასახადები, სოციალური სიკეთეები და არა მარტო მათ! სრულიად საქართველომ!

რა გააკეთა ერმა 30-წლიანი „თავისუფლად“ ცხოვრების პერიოდში? ხელოვნების, ლიტერატურის, მეცნიერების, სპორტის, სხვა დარგების რა ისეთი ნიმუშები შექმნა, ახლოს რომ დაუდგეს საბჭოეთის პერიოდის მართლაცდა ბრწყინვალე ნიმუშებს. „რეპრესიების მუზეუმის“ შემქმნელთ რა უშლიდათ თავისუფლებისდროინდელი შედევრების შექმნაში? იქნებ დეისაძე, ბუღაძე, ყუბანეიშვილი, ლევან ბერძენიშვილი, მათი მსგავსნი არიან ერის სულიერი კულტურის გამომხატველნი?

რა გამოდის — რეპრესიების დროს შექმნილი შედევრები აჭარბებს თავისუფლებისდროინდელს? და თუ ასეა, იქნებ ის რეპრესიები არ ყოფილა ყოვლისმომცველი, ისეთი, როგორსაც დღევანდელები ხატავენ?

თვალსაჩინოებისთვის ჩავყვეთ რუსთაველის პროსოპექტს და თვალი შევავლოთ სახლებს, მას რომ ამშვენებს. რომელი ერთია ბოლო 30 წლის განმავლობაში აშენებული? ახალგაზრდობის სასახლე თუ პარლამენტის შენობა; პირველი საჯარო სკოლა თუ ისტორიის მუზეუმის და კინოთეატრ „რუსთაველის“ შენობები; საგამოფენო დარბაზი თუ სასტუმრო „თბილისი“; რუსთაველის თუ ოპერისა და ბალეტის თეატრები; იქნებ „იმელის“ შენობა, დღეს რომ სასტუმრო „ბილტმორი“ ჰქვია ან სასტუმრი „ივერია“ და მეცნიერებათა აკადემიის შენობები; იქნებ მელიქ აზარიანცის შენობა ან მეტრო და ა.შ.

იქნებ ქალაქი რუსთავი თავისი მეტალურგიული ქარხნით თქვენ ააშენეთ; იქნებ სხვა ქალაქები და სოფლები თქვენი ნახელავია? იქნებ საქართველოს მოსახლეობის 5,5 მილიონამდე გაზრდა თქვენი შრომის შედეგია? იქნებ კომუნისტურმა რეპრესიებმა აიძულა ქვეყნის მოსახლეობა უცხოეთში გადახვეწილიყო? იქნებ რეპრესიებმა დაშალა მოგუგუნე ფაბრიკა-ქარხნები, წარმატებული სოფლის მეურნეობა?

იქნებ მენშევიკების მიერ საქართველოდან გატანილი განძი, რომლის გაყიდვით ირჩენდა თავს თქვენი საყვარელი მენშევიკური მთავრობა საფრანგეთში, იმავე მენშევიკებმა ან თქვენ დაუბრუნეთ ქვეყანას?

ცნობისთვის, იმასაც შეგახსენებთ, საქართველოდან გატანილი განძით სავსე უამრავი ყუთიდან, გაყიდვას გადარჩენილი მხოლოდ 40 ყუთი დაუბრუნდა ქვეყანას და ისიც თქვენს მიერ ნაგინები სტალინის მეცადინეობით.

მაინც რა ისეთი მიზიდულობა აქვს ვითომ დამოუკიდებლობის 1918-21 წლებს, დღესაც რომ ხოტბას ასხამთ? იქნებ სხვა თვალით შეგეხედათ იმჟამინდელი ისტორიისთვის და ისე წაგეკითხათ, როგორც ბათუმელმა ადვოკატმა კახაბერ როდინაძემ წაიკითხა?

მაინც რა წაიკითხაო — იკითხავთ. რა და აი, ეს:

„1918 წლის 26 მაისს საქართველო გამოვიდა „ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკების შემადგენლობიდან“ და თავი გამოაცხადა დამოუკიდებელ დემოკრატიულ რესპუბლიკად. ორი დღის შემდეგ, ანუ 28 მაისს ფოთში დაიდო ხელშეკრულება გერმანიასა და საქართველოს შორის, ე.წ. პროტექტორატის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით საქართველომ აღიარა ბრესტ-ლიტოვსკის 1918 წ. 3 მარტის სამშვიდობო ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ოსმალეთის იმპერიას გადაეცა ბათუმის, ყარსის, არდაგანის ოლქები, ხოლო გერმანიას მიეცა უფლება საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის.

ფოთის ხელშეკრულებით, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ აღიარა მისი ისტორიული ტერიტორიების ბათუმის, ყარსის და არდაგანის ოლქების ოსმალეთის კუთვნილება. გარდა ამისა, გერმანიის უფლება ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის თაობაზე. 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებულმა დამოუკიდებლობამ მხოლოდ ერთი დღე იარსება.

1918 წლის 3 ივნისს ანუ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 10 დღის შემდეგ ოსმალეთის იმპერიამ, მსოფლიოში პირველმა, იურიდიულად აღიარა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა. 4 ივნისს კი გააფორმა მასთან ბათუმის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ოსმალეთის იმპერიას გადაეცა ბათუმისა და ყარსის ოლქები — ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. გარდა ამისა, დამატებით ახალქალაქისა და ახალციხის რაიონები.

ოსმალეთის იმპერიამ იურიდიულად აღიარა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა იმიტომ, რომ მეორე დღესვე, მისსავე საკუთრებაში დაემტკიცებინა ზემოთნახსენები ტერიტორიები.

მიუხედავად აღნიშნული ფაქტებისა, ისტორიის ფალსიფიკატორები ფანატიკურად ცდილობენ შთააგონონ ქართველ და სომეხ ხალხებს, რომ არა გერმანიამ და მისმა მოკავშირეებმა წაართვეს საქართველოს 1918 წელს ისტორიული მიწა-წყლის ერთი მესამედი, არამედ რუსეთმა, რომელმაც უბრალოდ აჩუქა გერმანიას და მის მოკავშირე ოსმალეთის იმჟამინდელ იმპერიას საქართველო-სომხეთის ტერიტორიები. თითქოს არ ყოფილიყო ფოთისა და ბათუმის ხელშეკრულებები საქართველო-გერმანიასა და საქართველო-ოსმალეთის იმპერიას შორის დადებული“.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ ოსმალეთის იმპერიასთან 1918 წლის 4 ივნისს დადებულმა გამყიდველურმა ხელშეკრულებამ მოქმედება შეწყვიდა 1921 წლის 13 ოქტომბერს ყარსში თურქეთის უზეანესი ეროვნული კრების და სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს სსრ-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, რუსეთის საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკის წარმომადგენლის თანდასწრებით.

როდესაც 1921 წლის 25 თებერვალს ტრაურით აღვნიშნავთ, წყევლა-კრულვას ვუგზავნით არარსებულ საბჭოთა კავშირს და მის მემკვიდრე რუსეთს, კარგი იქნებოდა წამით მაინც თვალი გადაგვევლო ნამდვილი ისტორიისთვის, ჩვენს მიერ ხელოვნურად მივიწყებულისთვის და იქიდან გამომდინარე გაგვეკეთებინა მიუკერძოებელი, ობიექტური დასკვნები.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი